სახალხო დამცველი: ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს

„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან, როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,“ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ


იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.

„ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.


ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,“ - განაცხადა ომბუდსმენმა.


მან პოლიციელებს მოუწოდა, დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.


მისი თქმით, სწორედ გამოძიების დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ წინა აქციების და წინა წელს გამართული აქციებისგან განსხვავებით სულ უფრო მეტი პირი მიუთითებს ფიზიკურ ძალადობაზე.


„ასეთი საქმეების გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან. ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში. ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი.


ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც რჩება გამოუძიებელი, რომელზეც სახელმწიფო არ რეაგირებს დროულად, ასეთი შემთხვევების გამეორების ალბათობა, რა თქმა უნდა, მეტია”, - განაცხადა იოსელიანმა.


ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები ყველა იზოლატორში არიან წარმოდგენილები და ფორმდება ოქმები. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის დაკავებულ ადვოკატს, ბექა ბასილაიასაც ესაუბრა.


„ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა იზოლატორში საქართველოს მასშტაბით, სადაც არიან დაკავებულები. შესაბამისად, ყველა მათგანზე ინფორმაციას ჩვენ გავასაჯაროებთ, როგორც გავაკეთეთ წუხანდელ შემთხვევაზე, როდესაც ვნახეთ ეს ადამიანები და ყველას შესახებ ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, ვის რა დაზიანებები აქვს, როგორ არის და ა.შ. ოქმები შედგა და გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.


ბექა ბასილაიას გავესაუბრე, ისიც მიუთითებს დაზიანებებზე. ადვოკატია, თავის უფლებებში კარგად ერკვევა, შესაბამისად აპირებს, რომ ამ ყველაფერზე სასამართლოზე ისაუბროს“,- განაცხადა ომბუდსმენმა.


იოსელიანის განმარტებით, იზოლატორში მონახულებულ პირებს უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

„აქ ვნახე ადამიანები, რომლებიც კლინიკაში იყვნენ და კლინიკიდან დაბრუნებულები არიან, აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება,“ - განაცხადა ომბუდსმენმა. მას ასევე ჰკითხეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა განცხადებაზეც. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, თანამშრომლები, რომლებიც პარლამენტის პირველ სხდომაზე მის დასწრებას არ ეთანხმებიან, ომბუდსმენის აპარატში მუშაობას აგრძელებენ და მათთან კომუნიკაცია „კორექტული პოლემიკის ფარგლებს“ არ გასცდენია.



ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.


პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“

მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“

„ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში.