ძებნის რეზულტატი:

ხვიჩა კვარაცხელია საჩემპიონო ზეიმზე, სკუდეტოსა და „ნაპოლის“ მომავალზე

„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა“, - ამბობს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოს ოფიციალურად მოპოვების შემდეგ. ქართველი ფეხბურთელი ამაყობს, რომ გულშემატკივრები ნეაპოლში საქართველოდან ჩადიან, რაც კვარაცხელიას აზრით, მხოლოდ მის გამო არ ხდება: „ნაპოლის გულშემატკივრობენ, ეს ხალხია ჩემი მოტივაცია“. „არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო“, - ამბობს „ნაპოლის“ გარემარბი, რომელიც „მომავალს ოპტიმიზმითა და იმედით უყურებს“. „შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ საჩემპიონო ზეიმის დღეს, იტალიურ მედიასთან.  

მცირეწლოვნის მშობლებმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მცირეწლოვნის მშობლებმა საბავშვო ბაღის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს. მშობლების მტკიცებით, 3 წლის ბავშვი ჯანმრთელობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. "გ.გ-ს აღენიშნება განვითარების ეტაპების დარღვევა, თუმცა სპეციალისტების შეფასებით, მისთვის შეზღუდვების დაწესება არ ყოფილა საჭირო. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე მას არ აძლევდა შესაძლებლობას სრულად ჩართულიყო საბავშვო აქტივობებში. გ.გ-ს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელები მზიან დღეს საბავშვო აუზში ერთობოდნენ, ის კი ოთახში იყო, თანატოლებისგან განცალკევებით", - წერია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კერძო ბაღის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი მოსარჩელის დისკრიმინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.  

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოდან ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მივიდა შეტყობინება, რომ სასამართლოს ტერიტორიაზე ბომბია. როგორც ცნობილია, დღეს ანალოგიური სახის შეტყობინება არაერთ დაწესებულებაში, მათ შორის, სკოლებშიც შევიდა.  

„პუტინის საგანგებო მიმართვას“ კრემლმა „ფეიკი“ უწოდა

რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა. რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და სპეციალისტები ვითარებას უკვე აკონტოლებენ. პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე. „რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებს Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს. რუსეთის რეგიონული ხელმზღვანელები მიიჩნევენ, რომ მიმართვა პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად. რუსეთის რეგიონებში გახშირდა დრონებით თავდასხმები, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი შეტევაში მონაწილეობას არ ადასტურებს.  

რას აცხადებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები საქართველოში ჩეჩნეთის მოქალაქეების შემოსვლის თაობაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ჩეჩნეთის მოქალაქეების შემოსვლის შესახებ დასმულის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რა შემთხვევაში აქვს მესაზღვრეს საზღვარზე პირის შეჩერების უფლება. ამასთან, განაცხადა, რომ ჩეჩნების საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან მიიღო. „ეს ამბავი სოციალურ ქსელებიდან გავიგე, როგორც ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ და მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ მითითება არ არის რაიმე პროვოკაციის შესახებ, თუ ინფორმაცია არ არის რაიმე პროვოკაციული მოქალაქეების შესახებ, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. სხვა შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, რომ შეაჩეროს ან სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ შემთხვევაში, რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს შემოუშვა. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ, ძალიან კარგად გახსოვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან. „ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, საზღვარზე შეჩერების, უარის თქმის და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. „მთავარი იცით, რა არის? რამდენი ათასი ტურისტი შემოდის საქართველოში, თქვენ და „ნაცმოძრაობა“ სათითაოდ დასდევთ. ის „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად არ ჰქონდა დაწესებული. ჯერ ჩეჩნეთის და საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის სხვა მოქალაქეებისთვის დააწესეს უვიზო რეჟიმი, ეს იყო 2010 წელს. ახლა, იგივე ხალხი დასდევს ამ მოქალაქეებს, რომელი, რა სტატუსით არის, "კადიროველია" თუ არა და ა.შ. საზღვარზე შეჩერების, უარის თქმის და ა.შ. ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. ვთქვათ, შეიძლება, პროვოკაცია ეწყობა ან მსგავსი რაღაც ქვეყნისა და მისი ეროვნული ინტერესებისთვის, არასასურველი სხვადასხვა ინფორმაცია და ეს მებაჟემ უნდა გადაწყვიტოს ან დარღვეული უნდა ჰქონდეს „ოკუპაციის შესახებ კანონი“. სხვა შემთხვევაში, მებაჟე არცერთ ადამიანს არ აჩერებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი კოლეგა, პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ უნდა ქვეყანა „კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს". თუმცა დავითულიანი აქვე აღნიშნავს, რომ „მათ ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული“. „არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე ვიღაც გაუგებარი ადამიანები (რომლებსაც თავის ქვეყანაში და არა - საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული). მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც სხვა რამ ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება... თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში... მეც მოვიკითხე. როგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ", - ამბობს დეპუტატი ქართულ სატელევიზიო მედიასთან. რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან არის გადაღებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ მაისში საქართველოში იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები. ოფიციალური უწყებების მხრიდან განცხადება არ გაკეთებულა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს ბერლინში მიიღებს. ამ ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ასევე წაიკითხეთ: ინტერვიუ გერმანიის ელჩთან აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება - ბრეგაძე

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ. სწორედ, ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, - განაცხადა ბრეგაძემ.  

უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას“, - წერია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.  

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6209 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6209 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0126 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0353 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკავშირის ელჩი: ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მაქსიმალური პროგრესის მიღწევისთვის დრო ჯერ კიდევ არის. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ახლა ევროკომისია მუშაობს გაფართოების ანგარიშის შემუშავებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ შორის იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება აწვდის. „რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია განვმარტო პროცესი - ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე. ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით. თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.  

საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში „დემოკრატიის ვორქშოპების“ დაფუძნების შესახებ. „დემოკრატიის ვორქშოპები“, რომელიც ავსტრიის პარლამენტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპების და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ხელმოწერილი დოკუმენტით, „დემოკრატიის ვორქშოპები“ დაფუძნდება და განხორციელდება ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით.  

უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ გზაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ბორის კოლარმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. კოლარის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ადვილი პროცესი, მაგრამ მთლიანი გზა, მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე. მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო. ჩვენ როგორც სლოვაკეთს, გვესმის ეს. სლოვაკეთს თავისი გზის დასაწყისში მოწვევა არ გვქონია 1998 წელს, რომ გავწევრიანებულიყავით ევროკავშირში, მაგრამ ბოლოს ჩვენ მივაღწიეთ და გავწევრიანდით 2004 წელს სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ პირველ პრიორიტეტად გავიხადეთ ევროინტეგრაცია და საქართველოშიც აუცილებელია, რომ ყველა - პოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, იყოს ერთიანი ევროკავშირისკენ მისწრაფებაში, მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. ნორმალურია ყველა პოლიტიკურ ქვეყანაში განსხვავებები, მაგრამ თუ პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, ამით საზოგადოებას, მათ მომავალ განვითარებას ვაყენებთ ზიანს და ხდება დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკოსმა შექმნას კონტაქტები, ხიდები ააშენოს ერთიანობის და ჩვენ იმისთვის ვართ აქ, რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და შეიძლება ხარვეზებზეც მიგითითოთ, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - განაცხადა ბორის კოლარმა. თარგმანს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, საქართველოში სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები იმყოფებიან. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება.  

საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „კაზინო აჭარაში“ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე, დანაშაული კი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში: გვინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი

ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას, – განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ თბილისში ვიზიტისას. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალიც ევროპაშია. უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ გზაზე - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე „მოხარული ვარ, რომ ვეწვიე საქართველოს სხვა სპიკერებთან ერთად სლავკოვის სამმხრივ ფორმატში. ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა შალვა პაპუაშვილთან და პროდუქტიული შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ქვეყნები არიან საქართველოს საუკეთესო მეგობრები. მხარს ვუჭერთ თქვენს პროგრესს, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას და ხაზს ვუსვამთ ამ მხარდაჭერას. საქართველო არის ევროპის ნაწილი და მისი მომავალიც ევროპაშია“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. ამასთან, ჩეხმა პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. მარკეტა პეკაროვა-ადამოვას შეფასებით, ის, რა ტენდენციასაც რუსეთი ატარებს როგორც საქართველოში, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. „გვინდა, ასევე მკვეთრი სიგნალი გავუგზავნოთ რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი და საქართველოს დიდი ტერიტორიების ჩამოკლება რუსეთის მხრიდან, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ის, რა ტენდენციასაც ატარებს რუსეთი, როგორც აქ, ასევე მოლდოვასა და უკრაინაში, არის კანონის დარღვევა. რუსეთის გამოწვევებს ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენი ქვეყნები ახლა კიდევ უფრო ერთიანნი არია ამ მიდგომასთან მიმართებით, ვიდრე ოდესმე და ვერასოდეს მოახერხებს პუტინი ჩვენს გათიშვას. ჩვენ გვჭირდება, რომ ისეთი მოთამაშეები, მაგალითად, როგორიცაა, საქართველო, იყვნენ მყარად ჩვენს რიგებში.  მხოლოდ ასეთმა გაერთიანებულმა ქვეყნებმა შეიძლება, მოახდინონ მასთან დაპირისპირება. ერთ-ერთი მაგალითი არის მდგრადი განვითარება. ჩვენი ერთობლივი კონტაქტები – ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და საქართველოზე, მის მოქალაქეებზე, ლიდერებზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება დიდი შრომა, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და ეს უნდა მოხდეს საერთო სულისკვეთებით. „ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი და ეს გზა უნდა გაიაროთ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა. საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც მოგცათ ევროკომისიამ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.  

მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა - ეროვნული ბანკი

2023 წლის მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს. „მაისში, წინა თვესთან შედარებით, სურსათის ჯგუფის ფასებმა 1.9%-ით მოიკლო, რამაც თვის ინფლაცია 0.6 პროცენტული პუნქტით შეამცირა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით სურსათის ჯგუფის ინფლაციის კლება მეტწილად, იმერული ყველის, პურის, კიტრის, კარტოფილის, სულგუნისა და ხახვის ფასების შემცირებამ განაპირობა. თვის ინფლაცია მცირედით შეამცირა დიზელის 5.5%-ით გაიაფებამაც. საპირისპიროდ, საბანკო მომსახურებისა და კომბოსტოს გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. მაისში წლიური ინფლაციის შემცირება მეტწილად საწვავის, მზესუმზირის ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ განაპირობა. სურსათის ინფლაცია ეტაპობრივად მცირდება და მისი წვლილი მთლიან ინფლაციაში კლებადია. ბოლო თვეებში საწვავის (ბენზინი და დიზელი) თანდათან გაიაფების ფონზე, საწვავის წვლილი ინფლაციაში უარყოფითი გახდა და მაისში ამ მაჩვენებელმა -1.9 პპ შეადგინა. ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფებამ წლიური ინფლაცია 0.8 პპ-ით შეამცირა. მაისში სურსათის ფასები, წინა წელთან შედარებით, 3.1%-ით არის გაზრდილი, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.9 პპ-იანი წვლილი შეიტანა. სურსათის ინფლაცია მეტწილად ხორცზე, კარტოფილზე და ყველზე გაზრდილ ფასებს უკავშირდება. მიუხედავად ბოლო პერიოდში პურის გაიაფებისა, წლიურ ინფლაციაში მისი კონტრიბუცია კვლავ დადებითია და 0.1 პპ-ს შეადგენს. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 3.9% შეადგინა“, – აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში. ამასთან, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. „ბოლო თვეებში იმპორტულ ინფლაციას მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. მაისში იმპორტირებული საქონლის წლიური 6.5%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აქვს შერეულად წარმოებული პროდუქტების ფასებს, რომელთა დეფლაცია მაისში 4.2%-ს გაუტოლდა. ადგილობივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია და მაისში 9.1% შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად სურსათის ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას უკავშირდება. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ზოგიერთი ადგილობრივად წარმოებული სურსათის (პირველ რიგში პური, ყველი, ხორცი) და მომსახურების წლიურ გაძვირებას (9.7%) უკავშირდება. თავის მხრივ, მომსახურების მაღალი ინფლაცია დიდწილად უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად მომსახურებაზე გაზრდილი ფასებით შეიძლება აიხსნას. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ბინის ქირაა, რომლის წვლილი მომსახურების ინფლაციაში 0.8პროცენტული პუნქტია“, – აღნიშნავენ ცენტრალურ ბანკში.  

ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. „საუბარი შეეხო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალს და განხილულ იქნა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას ენერგეტიკის სექტორში. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის. მთავრობის მეთაურმა ბეგენჩ გოჩმოლაიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი რეგულაციისა და ეკონომიკური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მირატ მურადოვი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.  

პრეზიდენტმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სლავკოვის სამეულს: სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ,,სლავკოვის სამეულის“ ვიზიტი ხაზს უსვამს ჩენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება. ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი, საერთაშორისო სოლიდარობაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების მთავარი გზავნილები თბილისში

სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა სლავკოვის სამეულისთვის პირველ ერთობლივ საგარეო ვიზიტს წარმოადგენს. ოფიციალურმა პირებმა კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს, ამ გზაზე საქართველოს დახმარების მზაობა გამოხატეს, თუმცა მიუთითეს აუცილებელი, კომპლექსური რეფორმების გატარებაზე, ევროკავშირისკენ სწრაფვის მიზნებში ყველა მხარის ერთიანობის მნიშვნელობაზე. სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ბორის კოლარმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. სლოვაკმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ აუციელებელია უარი ითქვას ისეთ ნაბიჯებზე, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. „ჩვენი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს გზას და მისწრაფებას ევროკავშირისკენ და ჩვენ ვართ მეგობრები საქართველოსი“, - აღნიშნა ბორის კოლარმა. თავის მხრივ, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თბილისიდან გაუგზავნა მკაფიო სიგნალი რუსეთს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის მიუღებელი.  „ჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია საქართველოს საუკეთესო მეგობრები არიან, მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და NATO-ში თქვენს გაწევრიანებას“, - აღნიშნა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. „საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ. ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მისწრაფებას, გაწევრიანდეს ევროკავშირში. „ჩვენ გვინდა, მოვისმინო თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია... ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ითანამშრომლონ, რათა მიჰყვნენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - აღნიშნა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ სობოტკამ. საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

„რეტროსა“ და „რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა, კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა. უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით. ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს. შეგახსენებთ, რესტორან `რეტროს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.