ძებნის რეზულტატი:

პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები „რაც შეიძლება მალე მოიხსნას“. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა. „უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს“. „მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. „გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, "რუსთავი 2"-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. ცნობისთვის, აშშ-მ 5 აპრილს დაუწესა სანქციები თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია მიმდინარეობს

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთშიც“ ევაკუაცია მიმდინარეობს და მიზეზი ისევ შეტყობინებაა. ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია.   „ისთ ფოინთის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სავაჭრო ცენტრი დანაღმულია. შეტყობინების დაფიქსირებისთანავე, უსაფრთხოების ინსტრუქციის თანხმად მივმართეთ 112-ს. ამ ეტაპზე 112-ის უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად მიმდინარეობს ევაკუაცია და მთელი ღამის განმავლობაში ჩატარდება სამუშაო. სავაჭრო ცენტრი მუშაობას ხვალ, 10:00 საათიდან განაგრძობს“.   დღის განმავლობაში შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასამართლოში და ასევე, სკოლაში შევიდა.  

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები პრემიერს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარკეტა პერაკოვა ადამოვას და სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბორის კოლარს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ „სლავკოვის ფორმატის” ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ, რაც მათი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ქვეყანა ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და უსაფრთხოების მოკავშირედ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც თავისთავად შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა მათი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების დელეგაციების წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.  

ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია

სომხეთმა უარი განაცხადა რუსეთის ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო გზების გაკონტროლებაზე იმ პირობით, რომ ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანთან ბლოკადა მოეხსნება და სრულ კონტროლს სომხეთი განახორციელებს. Haqqin.az-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. „განბლოკვის მხრივ, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც, ვფიქრობ, უკვე ნათელია ყველა პარტნიორისთვის. საზღვრებზე სრულ კონტროლს, სასაზღვრო სამსახურებზე კონტროლს სომხეთი განახორციელებს. სომხეთის კონტექსტში განბლოკვა ნიშნავს, რომ მხოლოდ სომხეთი განახორციელებს სასაზღვრო მომსახურებას“, - განაცხადა გრიგორიანმა. აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილ განცხადებაში წერია, რომ „რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება“. სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციის უსაფრთხოების გარანტიას იძლეოდა, რათა მომხდარიყო ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილების ორგანიზება. სატრანსპორტო კომუნიკაციებზე კონტროლს კი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახური ახორციელებდა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა 5 ივნისს აღნიშნა, რომ „სომხეთის პოზიცია ძალიან მკაფიოა“. „იმედი მაქვს აზერბაიჯანმა და რუსეთმა ჩვენი პოზიცია გაითვალისწინეს და ამ პრინციპის საფუძველზე წინ წაიწევენ“, - განაცხადა გრიგორიანმა. ცნობისათვის, 2 ივნისს მოსკოვში გაიმართა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით კოორდინაციაში. „კერძოდ, არსებობს ურთუერთგაგება ერასხი-ჯულფა-მეჰრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენისა და ორგანიზების მიზნით კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოვერჩუკმა. წყარო ასევე წაიკითხეთ: რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ყოფნა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, რომელსაც რეალურად რუსეთი ხელმძღვანელობს, მას „გარკვეულ პრობლემებს“ უქმნის.   ამიტომ, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.  გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სომხეთისთვის ორგანიზაციის დახმარების რაიმე მაგალითის დასახელება რთულია. „აზერბაიჯანის სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ორგანიზაციამ სომხეთს დახმარება არ გაუწია და როდესაც სომხეთმა საბოლოოდ მოძებნა და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ ორგანიზაციამ მისი დახმარება.   „სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია", - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.   ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი  

რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს. კულებამ აღნიშნა, რომ კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას NATO-ში გასაწევრიანებლად სჭირდება. როგორც მედია წერს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ უთქვამს, დაიწყო თუ არა მისმა ქვეყანამ კონტრშეტევა. დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ალბათ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. „NATO-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ NATO-ს წევრობა შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება NATO-ს წევრი“, - აღნიშნა კულებამ. ინფორმაციისთვის, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა, ამის მიუხედავად, „ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას".  

ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ჯეიმს კლევერლის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა და განვითარების სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ NATO-ს სამიტისთვის მზადების, სამშვიდობო ფორმულის განხორციელებისა და უკრაინის აღდგენის საკითხები განიხილეს.   „შეხვედრაზე განვიხილეთ აქტუალური საკითხები: უკრაინის მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის პოპულარიზაცია და გლობალური სამიტის მომზადება მის განსახორციელებლად, ასევე, ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა კლევერლის მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, რის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებისთვის, უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას დაიწყებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი უკრაინის დედაქალაქს ბოლოს ზამთარში ეწვია.  

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმირ კარა-მურზას სისხლისსამართლებრივ დევნასა და უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდაა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს, დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, არაკომერციული ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ექსპერტის" დირექტორს, დანილა მიხეევს. ასევე დასანქცირდნენ ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე, ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები, ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და მე-5 საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი დმიტრი კომნოვი. სიაში შეყვანილი პირების ქონება გაყინვას ექვემდებარება. ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ.  

საქართველომ და თურქმენეთმა ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, ტურიზმი და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მომდევნო სხდომაც თბილისში 6 ივნისს გაიმართება. ეკონომიკის სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის, აგრეთვე საქართველოში თურქმენეთიდან ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანში თურქმენეთიდან ტვირთების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში“.   

მტრის იერიშის შედეგად, კუპიანსკის რაიონში ამიაკის მილსადენი დაზიანდა - ოფიციალური პირი

კუპიანსკის რაიონში ამიაკის მილსადენი დაზიანდა, განაცხადა ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. მისი ინფორმაციით, მტრის დარტყმის შედეგად მოხდა მილსადენის დაზიანება. "რეგიონში შტაბი ფუნქციონირებს შეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს", - წერს სინეჰუბოვი სოციალურ ქსელში.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელგოროდის გვარდიის პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია

ბელგოროდის გვარდიის პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია  სოფელ ნოვაია ტავლოჟანკაში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული Unian-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.  "ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 4-5 ივნისის ღამეს სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში დაიღუპა ბელგოროდის ოპერატიული ჯგუფის უფროსი ანდრეი ვასილიევიჩ სტესევი, რომელიც მანამდე მსახურობდა 104-ე საჰაერო ხომალდის მეთაურად. რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების თავდასხმის პოლკში“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" იტყობინება, რომ სტესევის ლიკვიდაცია "რუს მოხალისეთა კორპუსთან" მუშაობის შედეგი იყო.

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის ძალებმა კახოვკის ჰესის კაშხალი ააფეთქეს

უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს. „ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა. ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.  

კახოვკის ჰესზე აფეთქების გამო, ზელენსკიმ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, კიევში ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, სხდომა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოიწვია.  ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.

ზელენსკი კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებაზე: ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ

რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს.  ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. "და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით. ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე.    

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით - 211 150; ტანკი - 3 860; ჯავშანტექნიკა - 7 543; საარტილერიო სისტემა - 3 603, სარაკეტო სისტემა - 590;საზენიტო საბრძოლო სისტემა - 351; თვითმფრინავები - 313; ვერტმფრენი - 299;", - ნათქვამია ინფორმაციაში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში

რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ, გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.   "რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.   ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

კახეთის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. „2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლაა - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიზანია უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, დარია ზარივნა წერს. „რუსების მიერ კახოვკის ჰოდროელექტროსადგურის აფეთქება მაქსიმალური არაადეკვატურობაა. ეს ქმედებები დასახლებული პუნქტებისა და ბიოსფეროს განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. დასახლებული პუნქტების ნაწილი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია. ასევე, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ნიშნავს, რომ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე. ეს ეკოლოგიური ტერორიზმია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი დარია ზარივნა. რუსეთმა გაანადგურა კახოვკას კაშხალი, რამაც გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში - კულება ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ცნობილია. 6 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ფოთშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +24 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +25 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +28 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.  

რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება

საბჭოთა ეპოქის მთავარი კაშხალი რუსეთის მიერ კონტროლირებად სამხრეთ უკრაინის ნაწილში სამშაბათს დაზიანდა, რამაც ომის ზონაში წყალდიდობა გამოიწვია. მომხდარს უკრაინამ უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევით უპასუხა. პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, რომ ახლა მხოლოდ გადამოწმებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებაა რელევანტური.  Reuters-ი წერს, რომ სოციალურ მედიაში სხვადასხვა გადაუმოწმებელი ვიდეო ვრცელდება, რომლის თანახმად, წყალი კაშხლის ნაშთებში ტრიალებს, წყლის დონე რამდენიმე საათში მეტრით გაიზარდა. კაშხალი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში, სადაც ჰესზე აფეთქებაში მოსკოვის მიერ „დანიშნული“ მერი უკრაინას ადანაშაულებს. ხერსონში რუსეთის მიერ „დანიშნული“ პირების მტკიცებით, „უკრაინამ რამდენჯერმე დაარტყა ხსენებულ ტერიტორიას, რის შედეგადაც გაანადგურა ჰიდროელექტროსადგურის ჰიდრავლიკური სარქველები“, მაგრამ აღნიშნეს, რომ „კაშხალი მთლიანად არ განადგურებულა“. უკრაინის სამხედროები მიუთითებენ, რომ რუსულმა ძალებმა ააფეთქეს კაშხალი. რუსი ტერორისტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი მონაკვეთიდან. მათ არცერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან თითოეულ მეტრს ტერორისთვის იყენებენ. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივნისს.  ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას. „და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებითა და სხვა რამით. ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე. კახოვკის კაშხალი 30 მეტრი სიმაღლისა და 3,2 კმ (2 მილი) სიგრძისაა; 1956 წელს მდინარე დნიპროზე, როგორც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილი აშენდა. ის აწვდის წყალს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული; ასევე ამარაგებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, რომელიც ასევე რუსეთის კონტროლის ქვეშაა და რომელიც წყალსაცავიდან იღებს წყალს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ის ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.  ვარაუდები მდინარე დნიპროში წყალი ადიდდება და, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს ხერსონისთვის კატასტროფული წყალდიდობის საშიშროებას წარმოადგენს. უკრაინის მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც სულ მცირე, 16 000 ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა. მომზადებულია Reuters-ის მიხედვით