ძებნის რეზულტატი:

„შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი: სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება ხდებოდა

სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა, დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.   „ერთ-ერთი სმენადაქვეითებული პირის „ინსტაგრამ“ გვერდზე, სმენადაქვეითებული პირები მსგავს ფაქტს განიხილავდნენ, რაც ორგანიზაციამ აღმოაჩინა. მტკიცებულებებს დღეს სამართალდამცავებს წარვუდგენთ. ვიდეოების ნაწილში დაზარალებულები კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობენ. ვიდეოებს „ჩატებშიც“ აზიარებდნენ. გოგონების შევიწროების გარდა, სავარაუდოდ, მათზე ძალადობის და გაუპატიურების შემთხვევებიც იყო“, - განაცხადეს ბრიფინგზე.  

ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს - შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, ნოვა კახოვკის კაშხლის განადგურებამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში "მსოფლიომ ამას უნდა უპასუხოს დაუყოვნებლივ. არა მხოლოდ სიტყვებით, ქმედებით", - თქვა შმიგალმა. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 32 კმ-ში სოფელი უკანაფშავი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.  

სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება

ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ukrhydroenergo იუწყება. „აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. სადგური რემონტს არ ექვემდებარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ კომპანიაში. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება  

საერთაშორისო საზოგადოებამ ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ნოვა კახოვკის კაშხალზე თავდასხმას ომის დანაშაული უწოდა. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკის კაშხალზე უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და ჩვენ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთსა და მის მარიონეტებს, - წერს მიშელი Twitter-ზე. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას გმობს. „მე ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში კაშხლის განადგურებას. ეს არის დანაშაული და უგუნურობა“, - წერს ბურიჩი. „ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ახლა წყალი აქცია იარაღად. ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც გავლენას ახდენს უამრავ მშვიდობიან მოსახლეობაზე და იწვევს ეკოციდსა და მასობრივ განადგურებას. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესიის ეს ციკლი უკრაინის გამარჯვებაში დახმარებითა და სრული პასუხისმგებლობის დაკისრებით“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. „ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება“, - წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი დანაშაულიდან, რომელიც უკრაინაში ნახეს და რომელიც ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა. „ომის ამ რეჟიმის ფარგლებში, სამოქალაქო ობიექტებს, ქალაქებს, სოფლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას ყოველთვის ესხმოდნენ თავს. გამოჩნდა ახალი განზომილება, მაგრამ ის შეესაბამება იმას, თუ როგორ აწარმოებს პუტინი ამ ომს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ლატვია მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ნოვა კახოვკის კაშხლის მიზანმიმართულ განადგურებას. შესაბამისი განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა გააკეთა.  რინკევიჩსის თქმით, ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, სიცოცხლე საფრთხეშია. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა და ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მივცეთ“, - წერს Twitter-ზე ლატვიის პრეზიდენტი. უკრაინაში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც გამოეხმაურა. „კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურება არის რუსეთის სისასტიკის ახალი განზომილება, რომელიც საფრთხეში აყენებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან დახმარების უზრუნველსაყოფად“, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა დღეს დილით ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.

ზურაბიშილი: კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსული ჯარების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დაბომბვას გამოეხმაურა. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს. „კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკის" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.    

თბილისში ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

პრემიერმა ისაუბრა, რა საკითხებს განიხილავს ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საინტერესო და შინაარსიან საუბარს ელის. „გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ; ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ, 2008 წელს გამოვიარეთ ეს უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“. „მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რადგან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. ოლაფ შოლცი ყველა გამოსვლაში უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ. შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ შედეგებზე“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება  

შსს-მ სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო. მათი ინფორმაციით, ინფორმაციის შესახებ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის საგამოძიებო ორგანოში რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა. ცნობისთვის, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა, - ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად ისაუბრა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე. მისი თქმით, არსებობს 27-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცავებს წარუდგენენ. დეა ერემაშვილის თქმით, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ხასიათის შევიწროებას, იმავე თემში სავარაუდოდ, „ავტორიტეტული პირები“ ახდენდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულ გოგონებს სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდნენ, თუმცა იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის გაუპატიურების ფაქტიც.  

ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით - ღარიბაშვილი

ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით - მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია. დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილისა და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით. ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს. „ბიბისის“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება ჩავატარეთ, რომ გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერია გაძარცვული თქვენი მფლობელის, კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა. რაც შეეხება კითხვას, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს ამერიკაში ყოფილი ელჩი იაკობაშვილი იყო ჩართული ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია და ოფიციალურად, მხოლოდ ერთ კომპანიაში, მილიონი დოლარი გადაიხადეს, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს, ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი... ეს არ სიამოვნებთ, მე რომ გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმაზე და ამაზე ვსაუბრობ ღიად. {ვრცელდებოდა ინფორმაცია} თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით... მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს ჩვენს კონტრშეტევას - უკრაინა

რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ვერ შეაჩერებს უკრაინის კონტრშეტევას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „უკრაინას მიეწოდება ყველა საჭირო რესურსი წყლის ბარიერების გასაძლიერებლად. მტრის მზაკვრული ქმედებები, რომლებიც ქმნის სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვერ შეაჩერებს თავდაცვის ძალებს,რომლებიც მზად არიან გაათავისუფლონ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები“, - წერენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის „ტელეგრამ“ არხზე. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

საქართველოში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ყველაზე გადამდები ვირუსია - ინფექციონისტი

ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სეზონზე ყველაზე საყურადღებო ინფექციები ჩუტყვავილა და ქუნთრუშაა. მოგეხსენებათ, ჩუტყვავილა ადამიანებს ბავშვთა ასაკში გადააქვთ, მაგრამ მოზრდილობაში ვისაც ემართება, ფორმა საკმაოდ მძიმეა და გართულებებით მიმდინარეობს. ასეთი გართულებებია ფილტვის ანთება, ნევროლოგიური გართულებები და ე.წ. მეორეული ინფექცია, როდესაც დაზიანებულ კანს ბაქტერიული ინფექცია დაერთვის. ჩუტყვავილას შემთხვევაში კანის ნაცხის პისიარ კვლევა ტარდება. შესაძლებელია სისხლის გამოკვლევაც და ამით დიაგნოზის დასმა. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის კალენდარში ჩუტყვავილას აცრა არ არის, რაც გამოსასწორებელია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ვირუსია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა და დანარჩენებს გადატანილი არ აქვთ, შანსი იმისა, რომ დაინფიცირდნენ, თითქმის 100%-მდეა. თუ გადატანილი აქვს ადამიანს ვირუსი და ორგანიზმში ანტისხეულები არსებობს, ჩუტყვავილათი განმეორებითი ინფიცირება არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩუტყვავილას ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება, თუმცა იმუნიტეტი მას მარტივად ძლევს. ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება სხვა დაავადების, ე.წ. ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა და აუტანელი ტკივილი ახასიათებს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახოვკის ჰესზე თავდასხმა რუსეთის მიერ წარმოებული „ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი“. მისი შეფასებით, დამანგრეველი ომის შედეგად განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება „ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად, დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე - ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაგალითად რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება, უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ, ყოველდღიურად რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. „მთავარი თემა - მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და ჩვენი კონტინენტი მთლიანად შეიძლება, დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩვენი ეს დესტრუქციული არარაოებები მოგვიწოდებენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რამაც შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. როცა ქვეყანა, მით უმეტეს, 20% არის ოკუპირებული და აქ რუსული ჯარი გვიდგას, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ზრდა, ეკონომიკის განვითარება. ძალიან ბევრი პროვოკაციული ქმედებაა - მაგალითად გეტყვით, ოპოზიცია მოითხოვდა როცა ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინაში, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მებრძოლების, მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, თქვენ გესმით ამის მნიშვნელობა?! და მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითი და სხვა უამრავი მაგალითები არსებობს ამის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, „ტორპედოს“ რეაბილიტირებული სტადიონის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარში.  

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით რუსეთი ღიად აცხადებს თავის ნამდვილ მიზანს. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „რუსების მიერ კახოვკის ჰესის განადგურება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია. მოხდა კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქციის საბოლოო დემონტაჟი: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები. რუსეთი მივიდა თავისი ჭეშმარიტი მიზნის ღიად გამოცხადების ეტაპამდე - უკრაინის განადგურება, უკრაინელების მკვლელობა, ეკონომიკის განადგურება და მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების განადგურება. რუსეთისა და პუტინის ისტორიიდან გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები აღარ არის საჭირო“, - დაწერა დანილოვმა „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

ღარიბაშვილი მოლდოვის სამიტზე: რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, ზელენსკი მაქსიმუმ 10-მა ლიდერმა ნახა

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომლის დროსაც, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვედრია. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: „თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება, 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ, რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“. პირველ ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა. ახალი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით.  

კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს - სტოლტენბერგი

კახოვკის ჰესის განადგურება საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს და სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, - ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში „ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ომის სისასტიკეს უკრაინაში“, - აცხადებს სტოლტენბერგი. ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.  

პროკურატურამ კაფე „რეტროს“ მეპატრონეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში კაფე „რეტროში“, მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.  

21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი განახლებულ სტადიონებზე ჩატარდება - ირაკლი ქარსელაძე

21 წლამდე ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უკვე უეფას სტანდარტებით განახლებულ სტადიონებზე მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის განახლებული სტადიონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით, რომლის პროექტირებაზე, მოწყობასა და ზედამხედველობაზე ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა იმუშავეს. „უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით, უმოკლეს ვადებში დასრულდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ობიექტზე. ფაქტობრივად კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიხეილ მესხისა და რამაზ შენგელიას სტადიონებს. მნიშვნელოვნად განახლდა დინამო არენაც, სადაც მოეწყო ახალი ბალახის საფარი, განათება, გახმოვანება, დამონტაჟდა ახალი ტაბლო და დღეს ამ ინფრასტრუქტურას უკვე აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობები გააჩნია. რეაბილიტაციებთან ერთად, ასევე, ოთხი ახალი ტექნიკური საწვრთნელი კომპლექსი აშენდა ქობულეთში, წყალტუბოში და ბათუმში,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა, რასაც, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 115 მილიონი ლარი მოხმარდა. ჩატარებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ახალი საფარი მოეწყო 11 მოედანზე, დამონტაჟდა 6 სტადიონის განათების სისტემა, გახმოვანების ახალი სისტემები და ახალი სკამები, ლედ სარეკლამო კედლები და სხვა. უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.  

ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

ჩინეთმა და რუსეთმა იაპონიის ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის თავზე 2019 წლის შემდეგ მეექვსედ, სამშაბათს, ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩაატარეს, რის გამოც მეზობელმა სამხრეთ კორეამ მოიერიშე თვითმფრინავების აფრენა გადაწყვიტა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, მას შემდეგ, რაც ოთხი რუსული და ოთხი ჩინური თვითმფრინავის კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით და აღმოსავლეთით სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, სეულმა თავისი გამანადგურებლების აფრენის გადაწყვეტილება მიიღო. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პატრულირება იყო წლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილი.  

საგანგებო სამსახური: კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ხერსონის ოლქიდან 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, რომ ხერსონის ოლქიდან დაახლოებით 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა 6 ივნისს, კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. უწყება ადგილობრივი დროით, პირველი საათის მონაცემებს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში ევაკუაციისთვის ხუთი დროებითი დახმარების ცენტრი შეიქმნა. ხერსონის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ავტობუსებითა და მატარებლებით გადაიყვანენ მიკოლაივში, ხმელნიცკიში, ოდესაში, კროპივნიცკში, კიევსა და სხვა ქალაქებში. „მოსალოდნელია, რომ წყლის დონე კიდევ 24 საათის განმავლობაში აიწევს, ამიტომ ხელისუფლება იმუშავებს მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იჰორ კლიმენკომ. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ასევე გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა და მოუწოდა მათ დაკვირვებისკენ, რადგან ნაღმები შესაძლოა, წყალდიდობის შედეგად გადაადგილდეს. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა 6 ივნისს გამთენიისას გაანადგურეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა სამხრეთ უკრაინაში.