ძებნის რეზულტატი:
რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა - პოლონეთის საელჩო
პოლონეთის საელჩოს განცხადებით, რუსეთი ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებით საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ვარშავა გმობს რუსეთის ამ ქმედებას. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ მხარი დაუჭირა საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას ცნობისთვის, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტრო კაბელი ბრიტანეთსა და დანიას დააკავშირებს
764 კილომეტრიანი Viking Link წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი კაბელია, პარასკევს, 29 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ენერგეტიკულ სისტემებს დაუკავშირდა. Viking Link კაბელი პირველია, რომელიც ბრიტანეთს დანიასთან აკავშირებს. ის დანიის ქარის ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნვლყოფს 2,5 მილიონი ოჯახისთვის. 1,7 მილიარდი ფუნტის ღირებულების Viking Link ინტერკონექტორი დანიიდან 475 მილის (764 კმ) მანძილზე გადაიჭიმა და Bicker Fen-ის ქვესადგურს ქალაქ ბოსტონთან ახლოს, ლინკოლნშირში (ინგლისი) დაუკავშირდება. სიმძლავრე 800 მეგავატია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, მისი სიმძლავრე 1400 მეგავატამდეც გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, კაბელს შეუძლია, ელექტროენერგიის გადაცემა ორ ქვეყანას შორის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით უბერავს ქარი. კაბელზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და ის მეექვსეა, რომელიც დიდ ბრიტანეთს ევროპასთან აკავშირებს.
გემ Novocherkassk-ზე დარტყმისას 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა - მედია
სადესანტო გემზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად, 74 რუსი მეზღვაური დაიღუპა და 27 დაშავდა. ამის შესახებ იტყობინება Sevastopol News- შავი ზღვის ფლოტის საინფორმაციო დახმარების დეპარტამენტის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია სევასტოპოლის დამოუკიდებელმა ტელევიზიამაც გამოაქვეყნა, თუმცა ეს სიახლე შემდგომში გაქრა. პორტალ Sevastopol News-ის ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი ნიკოლაი ევმენოვი ქალაქში ორდღიანი გლოვის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქვა.
ბაიდენი კონგრესს: იმოქმედეთ, უკრაინისთვის დახმარება რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პარასკევს, 29 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის მასიურ თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს დამატებითი დახმარება კიევისთვის რაც შეიძლება სწრაფად. ბაიდენის განცხადება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული დაბომბვა არის "მკაცრი შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს, გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შეჩერდეს." აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, თუ კონგრესი არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ახალ წელს, აშშ ვერ გააგრძელებს იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რაც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად. ამიტომ, კონგრესმა უნდა იმოქმედოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არამხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, ის ასევე ემუქრება NATO-ს ზოგიერთ წევრს. და როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებების უფლებას აძლევენ, “იზრდება რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული.“ „გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამ მასიურ დაბომბვაში გამოყენებული იყო დრონები და რაკეტები, მათ შორის, ჰიპერბგერითი რაკეტები. როგორც ცნობილია, დარტყმები იყო სამშობიარო კლინიკებზე, სავაჭრო ცენტრებსა და დასახლებულ ტერიტორიებზე, რასაც უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა, ათობით კი, დაიჭრა. ეს მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ გამანადგურებელი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. მას უკრაინის მოსპობა და უკრაინელი ხალხის დამორჩილება სურს. ის უნდა შეჩერდეს. ამ სასტიკი თავდასხმის ფონზე, უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა გადასცეს მას გასულ წელს, რათა წარმატებულად შეაჩეროს და გაანადგუროს რაკეტები და დრონები. ამერიკელ ხალხს შეუძლია, იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რომლებისთვისაც ვიბრძოლეთ და იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მივეცით, რათა მას დაეცვა საკუთარი ხალხი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიდრე კონგრესი საგანგებო ნაბიჯს არ გადადგამს უკვე ახალ წელს, მანამდე ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა, რომელიც მას თავისი ხალხის დასაცავად სჭირდება. კონგრესი უნდა აჩქარდეს და შეყოვნების გარეშე იმოქმედოს. ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. ის გავლენას ახდენს სრულიად NATO-ზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინს მხოლოდ უკრაინის განადგურება არ უცდია; ის NATO-ს რამდენიმე წევრსაც დამუქრებია. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებებების საშუალება ეძლევათ, იზრდება რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ იქნება ჩართული. ეს კი მთელ მსოფლიოზე დიდ გავლენას მოახდენს (შედეგებს მთელი მსოფლიო აირეკლავს). სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმედებს ვერ გავუცრუებთ. ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლებისკენ მოწოდებას ვერ პასუხობს,“ აღნიშნა ბაიდენმა.
დანია წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანა წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს დანიის საზღვაო ძალების ფრეგატი ჩაერთვება საზღვაო უსაფრთხოების თავდაცვის ძალისხმევით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო
NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში - სტოლტენბერგი
NATO აკვირდება ვითარებას პოლონეთში მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტა, როგორც ჩანს, შეიჭრა ალიანსის წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, განაცხადა NATO გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სოციალურ პლატფორმა X-ის საშუალებით. „ვესაუბრე (პოლონეთის) პრეზიდენტს, ანდდეი დუდას სარაკეტო ინციდენტის შესახებ პოლონეთში. NATO სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს, აკვირდება ვითარებას და ვინარჩუნებთ ვრჩებით კონტაქტში, როცა ფაქტები დადგინდება. NATO ფხიზლად არის," განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს წევრი პოლონეთი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსული რაკეტა მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
ქრისტესაგან მომდინარე მშვიდობის დამყარება, ადამიანების მონაწილეობასა და თანამშრომლობას მოითხოვს - მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს
მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს. „ღრმად პატივცემულო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, წელს, ღმრთის მადლით, ჩვენ გალობით, ჰიმნითა და სულიერი სიმღერით კვლავ ვდღესასწაულობთ დაუსაბამო ძისა და ღმრთის სიტყვის ხორციელ შობას, სახელდობრ, საღმრთო და საკაცობრიო საიდუმლოს გაცხადებას. წმინდა ნიკოლოზ კაბასილას მიხედვით, საღმრთო ლიტურგიისას „ცხადდება ღმრთის განკაცების საიდუმლო“, იმ დროს, როდესაც ლიტურგიის დასაწყისი ასამაღლებელი „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ იმის მოწმობაა, „რომ ღმრთის განკაცებით ადამიანებმა ღმრთის სამპიროვნება პირველად შეიცნეს“.[1] იგივე წმინდა მამა ბრძანებს, რომ „მხოლოდ ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ პირველად განაცხადა ავთენტური და სრულყოფილი ადამიანი, მისი ზნის, ცხოვრებისა და ყოველივე დანარჩენის შესახებ“.[2] ღმრთის ძისა და სიტყვის პიროვნებაში ადამიანური ბუნების ამაღლება, მადლით ადამიანური განღმრთობის გახსნის გზასთან ერთად, კაცობრიობას დაუძლეველ მნიშვნელობას მატებს. ამ ჭეშმარიტების დავიწყება ადამიანის პიროვნების პატივისცემას ამცრობს. უზენაესი განგებულების უარყოფა არამხოლოდ ათავისუფლებს ადამიანებს, არამედ, მრავალფეროვნად ამცრობს და განჰყოფს. ღმრთაებრივი წარმომავლობისა და მარადიულობის იმედის გაცნობიერების გარეშე, ადამიანები ადამიანად დარჩენისთვის იბრძვიან და ვერ ახერხებენ „ადამიანური მდგომარეობის“ წინააღმდეგობების გამკლავებას. ადამიანის არსებობის ქრისტიანული აღქმა ჩვენ სამყაროში ძალადობის, ომისა და უსამართლობის შედეგად წარმოქმნილ პობლემებს გადაწყვეტს. ადამიანის პიროვნების, სიმშვიდისა და სამართლიანობის პატივისცემა ღმრთის საჩუქარია, თუმცა ქრისტესაგან მომდინარე მშვიდობის დამყარება, ადამიანების მონაწილეობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. მშვიდობისათვის ბრძოლის ქრისტიანული ხედვა ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის, სიტყვებში მდგომარეობს, რომელიც სიმშვიდეს თავის მოწაფეებისადმი მიმართვისას აცხადებს: „მშვიდობა თქვენდა“ და გვაგულიანებს, გვიყვარდეს ჩვენი მტრები,[3] ხოლო ქრისტეში გაცხადებას „მშვიბობის სახარებას“[4] უწოდებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის მშვიდობისაკენ მიმავალი გზა მშვიდობით მიიიღწევა; არაძალადობა, დიალოგი, სიყვარული, მიტევება და შერიგება კი, უპირატესობენ უთანხმოების გადაჭრის სხვა სახეებზე. მშვიდობის ღმრთისმეტყველება ნათლად არის გადმოცემული მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტში „მსოფლიოს სიცოცხლისათვის: მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ“ (2020): „მაგრამ ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ქმნილებებისადმი მიმართულ ღმრთის ნებას, იმაზე მეტად არაფერი ეწინააღმდეგება, ვიდრე მოყვასზე ძალადობა… პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალადობა უმთავრესი ცოდვაა. ეს, სწორედ რომ, ჩვენ ქმნილ ბუნებასა და ზებუნებრივ მოწოდებას უპირისპირდება, რომ ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულისმიერ გაერთიანებას ვესწრაფვოთ… მიძინებული შესაქმის უღრმესი სინამდვილის ნამდვილი გამოცხადებაა, როგორც იგი ღმერთმა თავის მარადიულ აზრებში განიზრახა და შექმნა“. [5] ნათელია, რომ მშვიდობა არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისთავადად. ეს არის ვალდებულება, მიღწევა და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტელი ბრძოლა. ავტომატური გადაწყვეტილებები ან მუდმივი რეცეპტები არ არსებობს. მშვიდობისადმი მუდმივი საფრთხის პირობებში, უნდა ვფხიზლობდეთ და მზად ვიყოთ პრობლემათა დიალოგით მოსაგვარებლად. პოლიტიკის დიდი გმირები მშვიდობის ჩემპიონები არიან. ჩვენ რაც შეგვეხება, ვაგრძელებთ რელიგიის სამშვიდობო დანიშნულების ხაზგასმას. ეს იმ დროს, როდესაც რელიგიებს აკრიტიკებენ „ღმრთის სახელით“ მზრდადი ფანატიზმისა და ძალადობის გამო, იმის ნაცვლად, რომ წარმოადგენდნენ მშვიდობის, სოლიდარობისა და შერიგების ძალებს. თუმცა ეს მიუთითებს რელიგიური რწმენის გაუცხოებაზე და არა მის განუყოფელ ნაწილზე. ღმრთის ნამდვილი რწმენა რელიგიური ფანატიზმის უმკაცრესი კრიტიკოსია. რელიგიები, მშვიდობის, სამართლიანობისა და შესაქმის ადამიანისმიერი განადგურებისგან დაცვისაკენ მომართული ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეები არიან. წელს მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წლის 10 დეკემბერი) 75-ე წლისთავს, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტური ადამიანური იდეალებისა და ღირებულებების შეჯამებას, „საერთო სტანდარტს, რომლისკენაც უნდა მიემართოს ყველა ხალხი და ყველა ერი“. ადამიანის უფლებები, რომლის მთავარი მიზანიც მოიცავს ადამიანის ღირსების დაცვას მისი ინდივიდუალური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობებით, მხოლოდ მათი თავდაპირველი დინამიკით არის გაგებული, თუ ისინი თავისუფლებითა და სამართლიანობით აღიარებულია გლობალური მშვიდობის საფუძვლად და კრიტერიუმად. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მომავალი ასევე დაკავშირებულია რელიგიების წვლილთან, მათი პატივისცემისა და სინამდვილედ ქცევის საქმეში. ამ ფიქრებითა და სადღესასწაულო განწყობებით, სრული რწმენით, რომ ეკლესიის ცხოვრება თავისთავად მომართულია არაადამიანურობის წინააღმდეგ, სადაც კი ასეთი არაადამიანობა წარმოიქმნება, ყველას გიწვევთ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურის აღშენებისათვის კეთილ ბრძოლაში, სადაც ხალხი ნებისმიერ ადამიანში და-ძმასა და მეგობარს დაინახავს, ვიდრე საფრთხესა და მტერს. უფრო მეტიც, ყველას შეგახსენებთ, ძვირფასო ძმანო იერარქნო და შვილნო, რომ ქრისტეშობა არის თვითშეგნებისა და მადლიერების, ღმერთკაცისა და „კაც-ღმერთის“ განსხვავების გაცხადების, ქრისტეში თავისუფლების „დიდი სასწაულის“ გააზრებისა და ღმრთისგან გაუცხოების „დიდი ჭრილობის“ განკურნების ჟამი. ბოლოს, მოკრძალებით დავიჩოქებთ ღმთისმშობელი მარიამის წინაშე, რომელსაც ხელთ უპყრია განკაცებული სიტყვა და გადმოგცემთ ქრისტეს წმინდა დიდი დედა ეკლესიის კურთხევას; გისურვებთ წარმატებულ, ჯანმრთელ, ნაყოფიერ, მშვიდობიან და სიხარულით აღსავსე უფლის ნაწყალობებ ახალი წელს,“ – წერია ეპისტოლეში.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. ბიძგები 08:58 საათზე დაფიქსირდა და მისმა სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
"ჩემი საახალწლო სურვილი ახდა" - ევროკავშირის ელჩი საქართველოს შობა-ახალ წელს ულოცავს
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაულსა და დამდეგ 2024 წელს ულოცავენ. შესაბამის ვიდეოს ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისალოცი ვიდეო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EU4Georgia-ს საკომუნიკაციო გუნდის სახელით ვრცელდება. „ჩემი საახალწლო სურვილი ახდა და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით ხვდება! ევროკავშირის ელჩად მუშაობის დროს, არ შემხვედრია საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი სურვილი არ ჰქონია. ამიტომ, მოდით, ახალი წელი და შობა საქართველოს ამ ისტორიული მიღწევით აღვნიშნოთ,“ - ამბობს პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის ვიდეომიმართვაში. საქართველოს მოქალაქეებს დღესასწაულებს, სხვადასხვა ენაზე, არაერთი წარმომადგენელი ულოცავს.
პოლონეთი რუსეთს აფრთხილებს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის გამო
პოლონეთის ხელისუფლება უფრო მკაცრი რეაგირების პირობას დებს, თუკი განმეორდება ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ რუსეთის ფედერაციის საქმეების დროებით რწმუნებულ ორდაშთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „გარწმუნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვიმოქმედოთ, თუკი ეს განმეორდება. ვუთხარი დროებით რწმუნებულს, რომ შეწყდეს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრების გამოცდა,“ - ბარტოშევსკიმ განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები რუსეთის მიერ პოლონეთის თავდაცვის შესაძლებლობების გამოცდას ემსახურება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგში, თუკი ფაქტი განმეორდება, რაკეტას აუცილებლად ჩამოაგდებენ. 29 დეკემბერს პოლონურმა მხარემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის საჰაერო სივრცეში 40 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა და იქ 3 წუთი დაჰყო; ხოლო შედეგ - დაბრუნდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ის უკრაინულმა ანტისაჰაერო სისტემამ გაანადგურა. არის ვარაუდი, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი რაკეტა - Х-22 ან Х-101. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი, 29 დეკემბერს, დროში დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ინტენსიურ დაბომბვას. 29 დეკემბერს, გამთენიისას, დაიბომბა კიევი, ხარკოვი, ოდესა, ლვოვი, დნეპრი, ზაპოროჟიე. უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ცნობები ათეულობით დაღუპულის შესახებ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ცნობას რუსეთის რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში დროებით შეჭრაზე. 29 დეკემბერს, საკითხზე იმსჯელეს თეთრი სახლის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა და პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იაცეკ სევერმა. აშშ NATO-ს წევრ პოლონეთს, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დახმარებას ჰპირდება.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. „მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა MiG-31K-ის აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში. 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.
ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს
ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს. აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ. ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში
„ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ ამ სიტყვებით დაბრუნდა პოლიტიკაში 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მან გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა. პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.“ მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კონტექსტში ისაუბრა „ოპოზიციის განადგურების პირობებში, მმართველ გუნდში რისკების ზრდაზე.“ ივანიშვილის თქმით, ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება, თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. „გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.“ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე, პრეზიდენტზე, ყოფილ პრემიერსა და 2024 წლის არჩევნებზე „ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებულად ვაფასებ და ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზები. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჩემს ხასიათში. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა, ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე, მივიღე მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში, საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი. ამით იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან კი ერთ წელიწადში იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ სისტემას იმაზე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. პირველად 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. ამ გადაწყვეტილების მიზეზების შეხსენებით თავს აღარ შეგაწყენთ. გავიხსენებ მხოლოდ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს. ელჩმა, რომელთანაც ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა: რომ არ დაბრუნებულიყავი, ერთი თვე და მმართველი პარტიიდან არაფერი დარჩებოდაო. ეს მართლაც ასე იყო და ძალიან კარგად ვიცოდი. თუმცა, ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, თურმე, გარედანაც კარგად ჩანდა. მაშინ ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მეორედ გავედი პოლიტიკიდან. თანაც, საპენსიო ასაკმაც მომიწია და შესაბამისად, ამისათვის კიდევ ერთი საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება. დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება. პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ – სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე. ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს ახალი წარმატებების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისთვის!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანა ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც დღეიდან პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება. „საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ – საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.“ „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბიძინა ივანიშვილი: მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით
„ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გაუჩერეს. „ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე, პრეზიდენტზე, ყოფილ პრემიერსა და 2024 წლის არჩევნებზე
„ზუსტად სამი წლის წინ, საზოგადოებას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილება აქტიური პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირების შესახებ. ახლა კი, სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები,“ ამ სიტყვებით დაბრუნდა პოლიტიკაში 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ყრილობაზე შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვითაც მიმართა. პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ „2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი“ და „ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება“ ახლა მისი მხრიდან „ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს.“ მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კონტექსტში ისაუბრა ოპოზიციაზეც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. „განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.“ მისი შეფასებით, ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში.“ „ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა. „ის დარწმუნებულია, რომ ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მმართველ გუნდი 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა.“ მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნება“ 2012 წლის ხაზს გაჰყვება და რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს. „ჩვენ გავყვებით იგივე ხაზს, რასაც 2012 წლიდან მოვყვებით – ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წლამდე, რაც ძალიან რეალურია, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად დავხვეწოთ კიდევ, რაც შემოვიტანეთ ჩვენ და გახსოვთ, რაც იყო მანამდე. ამ ხაზით და მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან. „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი დღეს 60 პროცენტამდეა და არა ის, რასაც ცრუ კვლევებით აქვეყნებს ოპოზიცია,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გახარიას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ერთადერთი, რისი გათვლაც ვერ შეძლო,“ სწორედ გიორგი გახარიას უკავშირდება. „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. პრეზიდენტთან დაკავშირებით ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა „სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკვეთილად გვევლინება ოპოზიციის მხარდამჭერად,“ – მიიჩნევს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ეს მისი არჩევანი იყო.“ „სხვა რა გითხრათ,“ – მიმართა მან მედიას. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში
ბიძინა ივანიშვილი: პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება
ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა. „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება,“ - განაცხადა ივანიშვილმა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება.“ ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ის, რომ თუნდაც მე მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი. „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მით უმეტეს, პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აწარმოებს
პოლონეთი რუსული რაკეტის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამოძიებას აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ცნობით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, ჩამოვარდა თუ არა რუსული რაკეტის რომელიმე ნაწილი პოლონეთის ტერიტორიაზე. „ძიების მიზანია საბოლოოდ დაადასტუროს ის, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტის არც ერთი ელემენტი არ რჩება. ჯარისკაცები მოქმედებებს ზამოსცის სამხრეთ-აღმოსავლეთით განახორციელებენ“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 29 დეკემბერს პოლონეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განიხილეს და მომავალში მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. „მდივანმა ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და 50 მოკავშირისგან შემდგარი კოალიციის ვალდებულება, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას მხარი დაუჭირონ, უცვლელი რჩება,“ - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში. ჯო ბაიდენმა, რუსეთის თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. ჯო ბაიდენის მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის თავდასხმები დაგმო და კონგრესს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა. 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.