ძებნის რეზულტატი:
განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა. ალექსანდრე წულაძე 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. „ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. 2019 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NATO-მ 2023 წელს 300-ზე მეტჯერ შეაკავა რუსული სამხედრო თვითმფრინავი
2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა. NATO მუდმივი საჰაერო-საპოლიციო მისიებს ახორციელებს და როცა რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდება, NATO-ს მოერიშეები აქტიურდებიან. ალიანსის ცნობით, NATO-ს და რუსეთის თვითმფრინავებს შორის საჰაერო წინააღმდეგობის დიდი უმრავლესობა უსაფრთხო და პროფესიონალური იყო. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა იშვიათი და ზოგადად, ხანმოკლე იყო. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე სახიფათო სიტუაცია შექმნა ათწლეულების განმავლობაში,“ - განაცხადა ალიანსის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა: „NATO-ს მოიერიშე თვითმფრინავები მთელი 24 საათის განმავლობაში ასრულებენ მორიგეობას, მზად არიან, გადალახონ ბარიერები ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად საეჭვო ან გამოუცხადებელი ფრენების შემთხვევაში. საჰაერო პოლიცია არის მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც NATO უზრუნველყოფს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას.“ უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით. რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. აშშ-ის სამხედრო სარდლობის ცნობით, თავდასხმის არეალში არცერთი გემი არ დაზიანებულა. მათივე განცხადებით, ეს ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის 22-ე მცდელობა იყო. „USS Mason-ის ტიპის ხომალდმა სამხრეთ წითელ ზღვაში ჩამოაგდო ერთი დრონი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი," - წერია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ასევე გაეცანით: აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო
უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას თვრამეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. საჰაერო ძალები აცხადებს, რომ "არასდროს უნახავთ, ამდენი ლოკაცია ერთდროულად ქცეულიყო სამიზნედ.“ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი "თითქმის ყველა ტიპის იარაღს იყენებდა თავის არსენალში." თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს. „სამშობიარო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომები, კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიულმა ბომბდამშენებით გაშვებული Kh-101/X-505 რაკეტებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს. „სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ზუსტად ასეც იქნება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში უკრაინამ რუსეთის სამხედრო ხომალდს ოკუპირებული ყირიმის პორტ ფეოდოსიაში დაარტყა. ზიანი აღიარა რუსულმა მხარემაც.
გაუფასურების ტენდენციის შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9753 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9960 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
კულება: რუსეთი უკრაინის სრული განადგურების გარდა, სხვა სცენარებს არ განიხილავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააერთიანოს ძალისხმევა იმ გენოციდის შესაჩერებლად, რასაც რუსეთი უკრაინელი ხალხის მიმართ სჩადის.“ „ვერანაირი საუბარი „ზავის“, „ტერიტორიების დროებით დათმობის“, „დაღლილობისა“, „მოლაპარაკებების“ და სხვა „დათმობების“ შესახებ ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას და რუსეთი არ განიხილავს სხვა სცენარებს, გარდა უკრაინის სრული განადგურებისა,“ - ნათქვამია კულებას განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მათ მიმართა, ვინც ომით „დაიღალა“ და რუსეთის ფედერაციასთან „მოლაპარაკებების“ დაწყების პროპაგანდას ეწევა. „დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამაღალმა ხმებმა გააღვიძა. ვისურვებდი, რომ ამ აფეთქებების ხმების გაგონება, რომლებიც უკრაინაში ისმის, მთელ მსოფლიოში იყოს შესაძლებელი. ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინასა და პარლამენტში, სადაც ახლა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილება და ყველა რედაქციაში, სადაც წერენ „დაღლილობაზე“ ან „მოლაპარაკებებისთვის“ რუსეთის სავარაუდო მზადყოფნაზე. ეს ხმები არის ის, რისი თქმაც ნამდვილად სურს რუსეთს,“ - აღნიშნა კულებამ. დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის აგრესიაზე კოლექტიური პასუხი შეიძლება და უნდა იყოს უკრაინისთვის მხოლოდ მუდმივი, ძლიერი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენა. უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა
ბრინკი რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევის შემდეგ: უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება დაფინანსება. რათა მომავალ წელს გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. აშშ-ის ელჩმა გამოაქვეყნა „სქრინშოტი“ შეტყობინებებით კიევში საჰაერო თავდასხმისა და დედაქალაქში რაკეტების გაშვების შესახებ. „ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს თავიანთ ტელეფონებზე (შეტყობინება საჰაერო განგაშის შესახებ) ხედავენ: შედეგად, მილიონობით კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფება ბომბის თავშესაფრებში, რადგან რუსეთი რაკეტებს ისვრის მთელ ქვეყანაში. უკრაინას ახლა სჭირდება დაფინანსება, რომ გააგრძელოს ბრძოლა ასეთი საშინელებისგან თავის დასაცავად 2024 წელს,“ - ამბობს ელჩი. უკრაინაში რუსეთის მასირებული იერიშისას 18 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთი „თალიბანს“ ტერორისტულ დაჯგუფებათა სიიდან ამოიღებს
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს „თალიბანს“, რომელიც ამჟამად ავღანეთს მართავს. როგორც სმადიაროვმა აღნიშნა, ასტანა კვლავაც გააგრძელებს გაეროს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების დაცვას ავღანეთის მიმართ. ყაზახეთმა „თალიბანი“ ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად 2005 წლის მარტში გამოაცხადა. ყაზახეთმა რამდენიმე ოფიციალური დელეგაცია გაგზავნა ქაბულში მას შემდეგ, რაც „თალიბანმა“ ხელისუფლება დაიბრუნა. სექტემბერში, დაახლოებით 300 ავღანელი ბიზნესმენი და „თალიბანის“ წარმომადგენელი ასევე დაესწრო ბიზნეს ფორუმს ასტანაში. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 2023 წელს $1,5 ტრილიონით გამდიდრდნენ
Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 500 უმდიდრესი ადამიანის ჯამური წმინდა ქონება 2023 წელს 1,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც სრულად აღემატება წინა წელს დაკარგულ $1,4 ტრილიონს. ილონ მასკმა ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო ($179 მილიარდი) ჩაანაცვლა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული დაიბრუნა. Tesla Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება $235 მილიარდს შეადგენს. Amazon.com Inc.-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა წელს 70 მილიარდ დოლარზე მეტი დაამატა თავის საფულეს. მისი ქონება $178 მილიარდს შეადგენს, ხოლო Meta Platforms Inc-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება 80 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა. მისი ქონება 130 მილიარდს $შეადგენს.
ცნობილი უკრაინელი კალათბურთელი რუსული სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა
ცნობილი უკრაინელი კალათბურთელი ვიქტორ კობზისტი 29 დეკემბერს ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხაილო ბროდსკი ავრცელებს. კობზისტი ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა 2001 და 2005 წლებში. ასევე ასპარეზობდა უკრაინის სხვადასხვა კლუბში. იყო კიევის დინამოს (ქალ კალათბურთელთა შემადგენლობის) მთავარი მწვრთნელი.
ოპერის გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ოპერის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 17 თანამშრომელი, რომლებიც 53 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები, სამსახურიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ოპერის ხელმძღვანელს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტის შესახებ და მიმართეს წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 26 დეკემბრიდან ისინი ჩვეულებრივად შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას. ბრძანების თანახმად, ოპერამ უკვე აიყვანა მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები, ვინაიდან თეატრში აქტიური სეზონი მიმდინარეობს, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლებოდა გაფიცვით თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. „ჩვენ მივაღწიეთ ხელფასების 40%-იან ზრდას და შრომის ინსპექციის შესვლას ოპერაში, რაც დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობის გამოსწორების საწინდრად მივიჩნიეთ, ამიტომ გაფიცულებმა ჩათვალეს, რომ გაფიცვის საფუძველი ამოიწურა და გადაწყვიტეს სამუშაო ადგილზე დაბრუნება. პროცედურის დაცვით, ჩვენ ოპერის ადმინისტრაციას ვაცნობეთ ამის შესახებ, თუმცა ოპერაში დასაქმებულებს ადმინისტრაცია კანონდარღვევით არ უშვებდა, დღეს კი გვაცნობეს, რომ ყველა გაფიცული თანამშრომელი გაფიცვის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის გაუგონარი, ანტიკონსტიტუციური უკანონობა" - წერს ფეისბუკზე პროფკავშირების დამფუძნებელი ნიკოლოზ წიქარიძე. მისი თქმით, გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას უკვე სასამართლოში გააგრძელებენ ოპერის წინააღმდეგ. ოპერის ადმინისტრაციას კომენტარი არ გაუკეთებია.
„პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ“ - ევროპელი ლიდერები რუსეთის მასიურ იერიშზე
რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმის შემდეგ, ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის გვერდით იქნებიან. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.“ „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ რუსეთის აგრესიის ომის პირველი დღიდან. თითქმის 85 მილიარდი ევრო (94 მილიარდი დოლარი) ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერით.“ „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს მას დასჭირდება. ახლა კი ჩვენ ვუხსნით ევროკავშირის კარს ჩვენს მეგობარსა და მეზობელს,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმები უკრაინაზე, აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაფერზე არ დაიხევს უკან, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - „თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსპობას.“ „ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა - იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება,“ აღნიშნა სუნაკმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გაიმეორა, რომ ევროკავშირი დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.“ „რუსეთმა დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს იყო სკოლების, მეტროსადგურების და საავადმყოფოების მისამართით მორიგი განურჩეველი დარტყმა.“ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის "ტერორის სტრატეგია“ დაგმო.„რუსეთი ახორციელებს ტერორის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის გამძლეობა კონფლიქტის მეორე ზამთრის განმავლობაში.” საფრანგეთი უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა უკრაინაზე, "ხაზს უსვამს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობას." რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე მასიური იერიში მიიტანა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერორისტული სახელმწიფო იყენებდა ყველაფერს, რაც მას არსენალში ჰქონდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ყოველ მწუთს იცვლება. ბოლო მონაცემებით, რომელსაც CNN ავრცელებს, 26 ადამიანი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.
შუა დერეფანში ტრანზიტის დრო 2024 წელს 14-18 დღემდე შემცირდება - ყაზახური მედია
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გასწვრივ ტრანზიტის დრო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, 38-53 დღიდან 18-23 დღემდე შემცირდა. 2024 წელს იგეგმება ამ პერიოდის 14-18 დღემდე შემცირება, მათ შორის, ყაზახეთის ტერიტორიაზე - 6-დან 5 დღემდე. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 88%-ით გაიზარდა და მან 2 მილიონ ტონას მიაღწია. 2022 წლის პირველ ცხრა თვეში ეს მაჩვენებელი 1,1 მილიონ ტონას შეადგენდა. მარშრუტის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელს 2,5-ჯერ გაიზარდა და მან 1,5 მლნ ტონა შეადგინა. მისი მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 5,8 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს.
NATO-ს წევრი პოლონეთი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსული რაკეტა მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა
„როგორც ჩანს, რუსული რაკეტა პარასკევს NATO_ს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, განაცხადა პოლონელმა გენერალმა მას შემდეგ, რაც გაურკვეველი საჰაერო ობიექტი დაფიქსირდა, უკრაინაზე რუსეთის მძიმე თავდასხმის ფონზე. რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს. „მანევრებთან, რომლებსაც ის ახორციელებდა, და პოლონური საჰაერო სივრციდან მის გაფრენასთან დაკავშირებით მე, როგორც ოპერატიულ მეთაურს, არანაირი გადაწყვეტილებები არ მიმიღია ამ ობიექტთან დაკავშირებით," - განაცხადა კლიშჩმა. მანვე აღნიშნა, რომ მოგვიანებით რაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.
გერმანია: უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით
“2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,“ - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს. „ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს კვლავ მოაქვს ტერორი მთელ უკრაინაში. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა, სხვა ყველაფერთან ერთად, სამშობიარო გაანადგურეს და ხალხს სიცოცხლე წაართვეს. 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,” - ნათქვამია განცხადებაში. „პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ“ - ევროპელი ლიდერები რუსეთის მასიურ იერიშზე
ბიჭვინთის მიწების რუსეთისთვის “გადაცემა“ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს - კანადის ელჩი
კანადის ელჩი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაფორმებას საერთაშორისო კანონმდებლობისა და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. „კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რუსეთისა და მისი მარიონეტების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე დარღვევების ფონზე. ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება ბიჭვინთაში არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომ, მიუღებელ დარღვევას," ნათქვამია კევინ ჰამილტონის განცხადებაში.
ზელენსკი ავდიივკაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ავდიივკაში ჩავიდა. ზელენსკი შეხვდა 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებს და გაეცნო ადგილზე არსებულ ვითარებას. ზელენსკიმ სამხედროები დააჯილდოვა. ავდიივკა, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს, ფრონტის ხაზის ერთ-ერთი ცხელ წერტილია „მადლობა ყველას, ვინც ფრონტის ხაზზე დგას, გაწეული სამსახურისთვის, ამ წლისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ გადაიტანა ასეთი ჯარისკაცების წყალობით. მათ, ვინც ყველაფრის მიუხედავად იცავს ჩვენს ქვეყანას. ვინც საბრძოლო შედეგს ყოველდღე იძლევა," აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ზე
არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა. BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების - ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს. BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც ის ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება.“ ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის პირველი იანვრიდან აპირებდა. შეგახსენებთ, BRICS-მა გაფართოების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა.
ელჩი გარეჯის საკითხზე: გვაქვს პოზიტივი
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით "გვაქვს პოზიტივი", თუმცა ელჩი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, მან თქვა, რომ საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობის შესაბამისად გადაწყდება. „გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას... შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომლის კომენტარსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.
SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი გასაიდუმლოებული მისიით ორბიტაზე გაუშვა
ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი X-37B გასაიდუმლოებულ მისიაზე კოსმოსში გაუშვა. როგორც Associated Press-ი წერს, ეს მისია სულ მცირე ორი წელი გაგრძელდება. ბორტზე ადამიანები არ იმყოფებიან. კოსმოსური თვითმფრინავი რაკეტა Falcon Heavy-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. ეს X-37B-ს კოსმოსური თვითმფრინავის რიგით მე-7 ფრენაა, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი 2010 წელს შედგა. მას კოსმოსში ფრენის 10-წლიანი ისტორია აქვს. მეექვსე უეკიპაჟო მისიიდან X-37B დედამიწაზე გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ორბიტაზე 900 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა.