ძებნის რეზულტატი:

მინისტრი: ომის მიუხედავად, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს გაიზარდა

ომის დროს მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, უკრაინის ეკონომიკამ წელს დადებითი ზრდა დააფიქსირა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა. უკრაინა ცდილობს, შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა, რადგან დასავლელი დონორების დაფინანსების შესახებ გაურკვევლობა გამოწვევად იქცა იმ ფონზე, რომ ქვეყანა რუსეთის ძირითად ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს იგერიებს. „მაჩვენებელი არის მშპ-ს თითქმის 5-პროცენტიანი ზრდა. ჩვენი ეკონომიკა არათუ არ დაეცა, არამედ, ისეთი ტემპით გაიზარდა, რასაც არავინ ელოდა,“ - აღნიშნა იულია სვირიდენკომ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში 19 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს, შეამციროს სამთავრობო ხარჯები, რადგან მნიშვნელოვანი დაფინანსება იქნება საჭირო ახალი მობილიზაციისთვის. „უკრაინას 2024 წელს სერიოზული ეკონომიკურ ვარდნა ემუქრება, თუ მისი დასავლელი მხარდამჭერები არ შეაგროვებენ საკმარის სახსრებს მის ბიუჯეტში დიდი ხვრელის შესავსებად, განუცხადა,“ ფინანსთა მინისტრმა სერჰი მარჩენკომ Politico-ს. პარტნიორების დახმარების დაგვიანების შემთხვევაში, გეგმა B გვაქვს - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი  

„მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ 15 უძრავ ქონებას“ - 9 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. შესაბამის ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები. „აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 19 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 2435,05 კვ.მ ფართის 15 უძრავ ქონებას, რამაც 3 248 375 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია. ქონების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულებმა მოტყუებით დაუფლებული უძრავი ქონებები ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე მათ ნაცნობ პირებზე გააფორმეს, შემდეგ კი მათი რეალიზაცია მოახდინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ 727 455 ლარის განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება გამოიწვია. 2 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო, 4 პირის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 6 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, საიდანაც 5 პირის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ხოლო 3 ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა გირაო. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით, “- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში  

რუსეთმა უკრაინაზე მასიური იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

რუსეთის იერიშების დროს კიევში, ლვოვში, დნიპროში, ხარკოვსა და ოდესაში მოქალაქეები დაშავდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, 29 დეკემბერს, ღამით, უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმის თვითმფრინავებითა და რაკეტებით იერიშები მიიტანეს. ლვოვში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, იტყობინება გუბერნატორი მაქსიმ კოზიცკი. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. კიევში, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მრავალი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო მეტროსადგურზე დარტყმა მოხდა დილის უპილოტო და სარაკეტო თავდასხმების დროს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ლვოვში საწყობი დაიწვა. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ რუსული თავდასხმები მოიცავდა ჰიპერბგერით, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ჩერნიგოვის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში თავდასხმის თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფი გაუშვა. ხანძარი ოდესაში მრავალსართულიან შენობაში დრონების გაშვების შემდეგ გაჩნდა.  

მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს. მისი თქმით, მგზავრობა დისკომფორტს არ უნდა ქმნიდეს. მაგალითად მან მოიყვანა საქართველოს საზღვარზე გაჩერება, აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შემდეგ. „ეს უნდა იყოს მშვიდი მგზავრობა, მიუხედავად ტრანსპორტის საშუალებისა, თითქოს, სწრაფ გზატკეცილზე მოძრაობ,“ - განმარტა პრაისმა. „ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ 2030 წლისთვის, სწორად მიმართული ინვესტიციებითა და რეფორმების პოლიტიკით, შუა დერეფანს ვაჭრობის მოცულობის გასამმაგების და ტრანსპორტირების დროის განახევრების პოტენციალი აქვს. წარსულში შუა დერეფანი არც ისე საინტერესო იყო ერთი დიდი ქვეყნის ჩრდილოეთით უწყვეტი მარშრუტის გამო. თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ის უფრო საინტერესო გახდა, მაგრამ სამუშაო უნდა ჩატარდეს ინვესტიციებისა და რეფორმების მიმართულებით, რათა ის მართლაც სიცოცხლისუნარიანი გახდეს,“ - განაცხადა პრაისმა.  

აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოსთან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაპროექტება მიმდინარეობს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ შაჰინ ბაღიროვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაპროექტება მიმდინარეობს. „ჩვენ ახლა ვაპროექტებთ ახალ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს საქართველოსთან და ასევე ვაუმჯობესებთ ძველ პუნქტებს. ეს ადამიანებს უფრო მეტ კომფორტს მოუტანს და გაზრდის ავტომობილების ნაკადსაც. ასევე ვაპირებთ, რომ გამტარ პუნქტებზე სამუშაო განახლდეს. ზოგადად, ჩვენი ყოფნა საკონტროლო-გამშვები პუნქტებზე იზრდება,“ - განაცხადა ახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანი სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლის განსახორციელებლად, საქართველოსთან ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტებს შექმნას გეგმავს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებულ „2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების პოტენციალის გაზრდა და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვის სტიმულირება იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს წინადადებები სახელმწიფო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების მშენებლობის შესახებ, განისაზღვროს ფინანსური და სავარაუდო ხარჯები, ჩატარდეს საპროექტო სამუშაო. შედეგად, შეიქმნება სატრანზიტო გადაზიდვის ალტერნატიული გადაკვეთის შესაძლებლობა. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად, არსებული სატრანსპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ამ დერეფნებში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. საჭიროა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხანგრძლივობის შემცირება და გამტარუნარიანობის გაზრდა.  

აფთიაქები ჯამში 53 მილიონამდე ლარით დაჯარიმდნენ

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებული 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა, რაც მოიცავს: 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით; 47 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით; 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობით; ავერსის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იდენტური ფასის 74 ფაქტს, გეფას (ჯი პი სი, ფარმადეპო) შემთხვევაში ასევე 74 ფაქტს, პსპ-ს შემთხვევაში 81 ფაქტს და მერმისის შემთხვევაში 29 ფაქტს. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ: ავერსი: 14 402 425 ლარი; გეფა: 20 349 336 ლარი; პსპ: 17 094 872 ლარი; მერმისი: 951 301 ლარი. „ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, კონკურენციის სააგენტომ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის და ზოგადად პორტალის ფუნქციონირება ნორმატიულ დონეზე დარეგულირდეს. სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 23 მარტს ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების ზრდის და ამავე მედიკამენტებზე იდენტური ფასწარმოქმნის შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაცია, წინა წელთან შედარებით, 40%-ით შემცირდა - საქსტატი

საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. გოგიტა თოდრაძის თქმით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. „ასევე მოგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოაქვს უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა თოდრაძემ.  

2023 წლის ნოემბერში, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი დაახლოებით 82%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2023 წლის ნოემბერში, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი. გოგიტა თოდრაძის თქმით, ვაჭრობის სექტორში ძირითადი ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. „რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, აქ ძირითადად ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. როგორც საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდანაა ცნობილი, 2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ  

საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა ნოემბერში 5.9 %-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, 11-თვის რეალური ზრდის საერთო მაჩვენებელი 6.9%-ია, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. გოგიტა თოდრაძის თქმით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. „დღეს წარმოგიდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა ნოემბრის თვეში 5.9 %-ით გაიზარდა. შესაბამისად, 11-თვის რეალური ზრდის საერთო მაჩვენებელი გახლავთ 6.9 %. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია. ეს გახლავთ: დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები. 2023 წლის 11 თვეში, საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,1 %-ით, ხოლო იმპორტი 16,1 %-ით. ასევე, 2023 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 5 727 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20-21%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის საწარმოთა რაოდენობის მაჩვენებელს. საწარმოთა შემცირება მოდის უცხოელი ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის ნაწილში, მათი რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დაახლოებით 2.6%-ით არის გაზრდილი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და აღნიშნულმა მაჩვენებელმა 12 მლრდ. 360 მლნ. ლარს გადააჭარბა“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ. გოგიტა თოდრაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მონაცემების გამომწვევ მიზეზებზე. „რაც შეეხება მიზეზებს, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, აქ ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე, სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიც არის, მაგალითად, ხიდების, გვირაბების, გზებისა და ავტობანების მშენებლობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი. რაც შეეხება პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სამუშაოებს, აქ ზრდა დაკავშირებულ იყო სარეკლამო საქმიანობების, ასევე არქიტექტურული საქმიანობების მომსახურების ზრდასთან. რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ზრდის მიმართულებით, აქ ძირითადად ზრდა დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან. 2023 წლის ნოემბერში დაახლოებით 82%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნებოდა ყირგიზეთის, ყაზახეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით. თუმცა, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მაჩვენებელი. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, უპირველეს ყოვლისა ეს გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში. აქ კლება ძირითადად, დაკავშირებულ იყო ქიმიურ მრეწველობასთან, ძირითადად, მინერალური სასუქების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 22%-ით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. შემცირებულია ასევე სასმელების წარმოების მოცულობა ნოემბერში, წინა წლის პერიოდთან შედარებით. ეს აისახა ექსპორტის მაჩვენებელზეც, დაახლოებით 53%-ით შემცირდა ყურძნის, ნატურალური ღვინის ექსპორტი და დაახლოებით 52%-ით შემცირდა, ასევე მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კლება, ძირითადად დაკავშირებულ იყო თბოსადგურების გამომუშავების შემცირებასთან. კერძოდ, დაახლოებით 27%-ით შემცირდა თბოსადგურების გამომუშავების მაჩვენებელი ნოემბერში. და ბოლო სექტორი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი, ამ მიმართულებით კლება ძირითადად დაკავშირებული იყო დასაწყობების და დამხმარე საქმიანობების მომსახურების მოცულების შემცირებასთან,“ - განაცხადა თოდრაძემ.

OSCE/ODIHR აზერბაიჯანში არჩევნებზე გრძელვადიან მისიას გზავნის

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლები 3 იანვარს აზერბაიჯანში ჩავლენ, განაცხადა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ეოგან მერფიმ. პრესკონფერენცია ბაქოში გაიმართა. მისი თქმით, ODIHR-ის გრძელვადიანი მისიის შემადგენლობა 26 ადამიანისგან შედგება. ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა  

უკრაინაზე რუსული სარაკეტო იერიშისა და დრონების მასიური თავდასხმისას 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა - BBC

უკრაინას რუსეთმა 158 რაკეტითა და უპილოტო თვითმფრინავით შეუტია. ამ ინფორმაციას BBC უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსეთმა უკრაინაზე „მასიური სამხედრო თავდასხმისას“ საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ რუსეთმა ჯერ ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავების განლაგების უფრო „ტრადიციული“ მეთოდი გამოიყენა. ამას მოჰყვა სულ მცირე 55 ფრთოსანი რაკეტის, 14 ბალისტიკური რაკეტის, ხუთი აერობალისტიკური რაკეტის და რამდენიმე სარადარო რაკეტის გამოყენება. ზალუჟნიის თქმით, უკრაინამ რუსეთიდან გაშვებული 36 დრონიდან - 27 ჩამოაგდო, ასევე, ჩამოგდებული 87 რაკეტა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს. „სამშობიარო, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრი, მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, კომერციული საწყობები, ავტოსადგომები, კიევი, ლვოვი, ოდესა, დნიპრო, ხარკოვი, ზაპოროჟიე და ჩვენი სხვა ქალაქები. რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველაფრით, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, სტრატეგიულმა ბომბდამშენებით გაშვებული Kh-101/X-505 რაკეტებით,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 110-მდე რაკეტა გაუშვეს, მაგრამ სამიზნეების უმეტესობა უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს. „სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყველა შესაბამისი სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს და ხალხს საჭირო დახმარებას უწევს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტებს მათი თავდასხმებისთვის და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს - და ზუსტად ასეც იქნება,” - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,“ - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს დიდი ბრიტანეთი უხელმძღანელებს

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს გაერთიანებული სამეფოს მე-7 მსუბუქი მექანიზებული ბრიგადა უხელმძღვანელებს.  NATO-ს მაღალი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF), რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, 2014 წელს შეიქმნა, პირველად ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვისთვის 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ხელმძღვანელობა ყოველწლიურად იცვლება NATO-ს წევრებს შორის და დიდი ბრიტანეთი ახლა მას გერმანიისგან გადაიბარებს. ბერლინი ძალებს 2023 წელს ხელმძღვანელობდა. გაერთიანებული სამეფო სამუშაო ჯგუფს 2017 წელს ხელმძღვანელობდა.  

უკრაინის დარტყმის შემდეგ, პუტინი იძულებული გახდა, ყირიმიდან შავი ზღვის ფლოტის გემები გაეყვანა - Bloomberg

წლებია, რუსეთი თავისი შავი ზღვის ფლოტით, ყირიმშია ბაზირებული. ახლა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ფლაგმანი საზღვაო ცენტრის დაკარგვის საფრთხე ექმუქრება, რადგან უკრაინა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავდასხმებს აძლიერებს. ამ შინაარსის სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს. მისივე თანახმად, თავდასხმებმა აიძულა რუსეთი, რომ თავისი გემები საფრთხეს განერიდებინა, რათა ფლოტის იქ ყოფნა შეენარჩუნებინა, იმ ფონზე, როდესაც კიევი აშშ-სა და ევროპას დაუახლოვდა. ფაქტი დაფიქსირდა თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა. უპილოტო და სარაკეტო შეტევები უკრაინას საშუალებას აძლევს, რომ შავ ზღვაზე რუსეთის საზღვაო დომინირება დაძლიოს. „რუსული ხომალდებისთვის ყირიმის არცერთი პორტი უსაფრთხო აღარ არის,“ - ციტირებს გამოცემა მოსკოვის სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის სიტყვებს. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის 20 პროცენტი განადგურებულია. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსული სადესანტო ხომალდის განადგურების ფაქტი იმის დასტურია, რომ ყირიმი უკრაინელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორია. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს. მაგრამ ამ პროცესის პარალელურად, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. რუსეთის ფედერაციის ფლოტის 20% აღარ არის. ჩვენს სამხედროებს ყირიმის საკითხი ესმით და ჩვენთვის ის ძალზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი ტერიტორიები,“ - აღნიშნა დანილოვმა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაფსის განცხადებით, ფეოდოსიის პორტში რუსული სადესანტო გემის განადგურება აჩვენებს, რომ მოსაზრება, თითქოს, უკრაინაში მიმდინარე ომი ჩიხშია, არასწორია. „პუტინის საზღვაო ფლოტის ეს უკანასკნელი განადგურება აჩვენებს, რომ ისინი, ვინც თვლიან, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩიხშია, ცდებიან! მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 20% განადგურდა. შავ ზღვაში რუსეთის დომინირება ახლა გამოწვევის წინაშე დგას და გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ხელმძღვანელობით ახალი საზღვაო შესაძლებლობების კოალიცია ხელს უწყობს ზღვაზე უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას,“ - ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი. უკრაინამ საზღვაო დრონების გამოყენებით, შავ ზღვაში უსაფრთხოების ზონა შექმნა - მედია პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას ახსენა რუსული ძალების დამარცხება შავ ზღვაში. ამასთან, აშშ-ის სახელლმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთთან ომში უკრაინის ოთხ მიღწევას შორის სწორედ შავ ზღვაზე კიევის წარმატება დაასახელა.

უკრაინაზე რუსეთის მასიური იერიშის დროს, პოლონეთმა საკუთარ საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტი დააფიქსირა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესსამსახურის ცნობით, დაუდგენელი ობიექტის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დაფიქსირდა. ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ინციდენტი შეიძლება, უკრაინაზე რუსეთის მასიურ საჰაერო თავდასხმას უკავშირდებოდეს. „ობიექტი უკრაინის საზღვრიდან შემოვიდა," - განუცხადა საინფორმაციო არხ TVN24-ს, პოლკოვნიკმა იაცეკ გორიშევსკიმ, შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა. მისივე თქმით, „ღამით უკრაინის ტერიტორია ინტენსიურად დაიბომბა. „ასე რომ, ეს ინციდენტი შეიძლება, სწორედ ამას უკავშირდებოდეს.“ „საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან მას აკვირდებოდნენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემები," - ნათქვამია თავის მხრივ, პრესსამსახურის განცხადებაში. შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა შტაბმა არსებული ძალებისა და რესურსების მობილიზება მოახდინა. პოლონური მედიის ცნობით, სამხედროები ეძებენ ჩამოვარდნილ ობიექტს ან ობიექტის ნამსხვრევებს უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ზამოსცის სამხრეთ-დასავლეთში. პოლონეთის არმია ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიასაც აანალიზებს. ჯერჯერობით ობიექტი ნაპოვნი არ არის, სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ ობიექტს ტრაექტორია შეეცვალა და კვლავ უკრაინაში დაბრუნებულიყო. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაუყოვნებლივ მოითხოვა ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება. უკრაინაზე რუსული სარაკეტო იერიშისა და დრონების მასიური თავდასხმისას 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა - BBC  

ახმეტაში, ანძის შეკეთებისას კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

35 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა შემთხვევას ახმეტაში. როგორც ადგილობრივევი ჟურნალისტებთან ამბობენ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული, სატელეფონო ანძის გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან გადავარდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი კაცი კომპანია ,,მაგთიკომის" თანამშრომელია და კახეთში სტიქიის გამო დაზიანებული ანძის შეკეთებას ცდილობდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, კომპანია “მაგთიკომში” დაადასტურეს, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელია, თუმცა ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.  

ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე

ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. „დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად. „ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა. ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული; გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები; გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.  

მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს ხელოვნური საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო,  ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული,“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება. „სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის  გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.   

თბილისში პლასტმასების საწყობი იწვის

თბილისში, ვაზისუბანში პლასტმასების საწარმო იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. დამატებითი ინფორმაცია ჯერ უცნობია.