ძებნის რეზულტატი:

საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 5 დრონი ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 5 დრონი ჩამოაგდეს. „ღამით რუსმა დამპყრობლებმა Shahed-136/131 ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით უკრაინას კიდევ ერთხელ შეუტიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 დრონი გაანადგურა“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 56 სამხედრო შეტაკებას ჰქონდა ადგილი. სულ, რუსეთმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 150 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელა.  

ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების საკითხზე განაცხადა, რომ რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში. „დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას არ ჰქონია ადგილი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს ჯანსაღი მოვლენაა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას,“ - აღნიშნა კობახიძემ. კობახიძის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მისცემს შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში. მადლობა უნდა გადავუხადოთ ივანიშვილს ასეთი გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი. ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი განიმარტა, რომ როდესაც ოპოზიცია არის აბსოლუტურად მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს, ბუნებრივად ჩნდება რისკები. არაფერი და არავინ კონკრეტული, საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ივანიშვილს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ცნობისთვის, საარჩევნო სია საბოლოო სახით ზაფხულისთვის ან შემოდგომის დასაწყისისთვის ჩამოყალიბდება. არჩევნებისთვის სამზადისი იანვრიდან დაიწყება. „წინასწარ აქტიურ საარჩევნო ფაზაზე გადავალთ უკვე ივლისიდან, თუმცა, იანვრიდან, რა თქმა უნდა, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება. სიის ფორმირებას რაც შეეხება, უფრო საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ზაფხულისთვის, ან შემოდგომის დასაწყისისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი: ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა.  „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, სადაც ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს, პრემიერმა აღბნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნული „უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგაც „ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი სწორედ მან შეასრულა.“ პრემიერმა აღნიშნა, „მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.“ „პირველ რიგში, მე მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ყველას კარგად მოეხსენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის უნიკალური როლი ზოგადად ჩვენი ქვეყნის, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის თქმას, გადარჩენის საქმეში. რომ არ მოსულიყო, დავიწყებ თავიდან, ბატონი ბიძინა პოლიტიკაში 2012 წელს, დღეს მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე აღარ რჩება, ვისაც არ სჯერა, რომ დღეს ქვეყანა შეიძლება, საერთოდ აღარ გვქონოდა. რა თქმა უნდა, ის წინა მჩაგვრელი, კრიმინალი ხელისუფლება რომ დარჩენილიყო 2012 წელს ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომში ჩაბმული, რაც ნიშნავს პრაქტიკულად განადგურებას ჩვენი ქვეყნის. შეიძლება, დაგვეკარგა სუვერენიტეტი და საერთოდ, ბოლომდე განადგურებულიყო ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მე მინდა შეფასება კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, რომ იტყვიან, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა. ახლა რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, რა თქმა უნდა, ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ მთელი დანარჩენი მსოფლიოსი და ბუნებრივია, ის რაც ხდება რეგიონში და დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს, რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის, მე ხაზს ვუსვამ და რაც მთავარია, პირველ რიგში ჩვენი ინტერესი უნდა იყოს ამას როგორი ასახვა ექნება ჩვენს ქვეყანაზე. ასეთ ურთულეს, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, შეიძლება, ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში, მინიმუმ მომდევნო 10 წელი. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, აღარ გავაგრძელებ იმას, თუ რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, “ქართულ ოცნებას”, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას, უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა საერთოდ ქვეყანაში,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“ „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.  მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მითუმეტეს პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში

თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 189 პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა 189 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. დაკავებამდე ერთი დღით ადრე ანკარამ განაცხადა, რომ ჩაშალა თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი თავდასხმები სინაგოგებსა და ეკლესიებზე. თურქეთში წარსულში ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული რამდენიმე სასიკვდილო ტერაქტი მოხდა. პოლიციამ რეიდები ჩაატარა სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, ასევე ზოგიერთ სხვა ქალაქში. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია იტყობინება. სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მან დაურთო სავარაუდო ექსტრემისტების ფოტოები. მათ ღამის რეიდების დროს ხელბორკილებს ადებენ. გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი 32 პირი. ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ერაყის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზებაში. როგორც სააგენტო dpa იტყობინება, დაკავებულთა მოქალაქეობა და სავარაუდო თავდასხმების გეგმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2017 წელს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმისთვის, რომელსაც 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა წინასაახალწლო პერიოდში. მას მერე ანკარა რეგულარულად ახორციელებს რეიდებს „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრების წინააღმდეგ.  

პოლონეთიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლონეთიდან საქართველოში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. "აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ხსენებული პირის წინასწარი დაკავების, შემდეგ კი ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. ვარშავის ინტერპოლიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული. დანაშაულის ჩამდენი პირის საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.  

პუტინის მიზანი უცვლელი რჩება, რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის განადგურება სურს, ის უნდა შეჩერდეს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მასირებული შეტევები, მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ გამანადგურებელი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. მას უკრაინის მოსპობა და უკრაინელი ხალხის დამორჩილება სურს. ის უნდა შეჩერდეს. „ამ სასტიკი თავდასხმის ფონზე, უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა გადასცეს მას გასულ წელს, რათა წარმატებულად შეაჩეროს და გაანადგუროს რაკეტები და დრონები. ამერიკელ ხალხს შეუძლია, იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რომლებისთვისაც ვიბრძოლეთ და იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მივეცით, რათა მას დაეცვა საკუთარი ხალხი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიდრე კონგრესი საგანგებო ნაბიჯს არ გადადგამს უკვე ახალ წელს, მანამდე ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა, რომელიც მას თავისი ხალხის დასაცავად სჭირდება. კონგრესი უნდა აჩქარდეს და შეყოვნების გარეშე იმოქმედოს. ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. ის გავლენას ახდენს სრულიად NATO-ზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინს მხოლოდ უკრაინის განადგურება არ უცდია; ის NATO-ს რამდენიმე წევრსაც დამუქრებია. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეში ქმედებებების საშუალება ეძლევათ, იზრდება რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ იქნება ჩართული. ეს კი მთელ მსოფლიოზე დიდ გავლენას მოახდენს (შედეგებს მთელი მსოფლიო აირეკლავს). სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმედებს ვერ გავუცრუებთ. ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლებისკენ მოწოდებას ვერ პასუხობს,“ აღნიშნა ბაიდენმა.“ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა  

ზელენსკის თქმით, 29 დეკემბერს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, 39 ადამიანი დაიღუპა, 159 დაშავდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. „რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. თითქმის 120 ქალაქი და სოფელი - ასობით სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა. ამ ტერაქტის შედეგად სულ 159 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ამ დროისთვის, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 39,“ - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ პირად არხზე. უკრაინის პრეზიდენტმა მაშველებს, კომუნალური მომსახურების მუშაკებსა და პოლიციელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა პირადად მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ყველა ლიდერს, პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლებმაც ეს თავდასხმა დაგმეს. მადლობა უამრავი ქვეყნის ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენს ხალხს უჭერენ მხარს და რუსული ბოროტებისა და ჩვენი თავდაცვის შესახებ სიმართლეს ამბობენ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციები პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოცხადდა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. მმართველი გუნდი ივანიშვილის დაბრუნების აუცილებლობაზე მიუთითებს, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადის უკან რამდენიმე ფაქტორს ხედავს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბრის გამოსვლაში, მოღალატე უწოდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განაცხადს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. „კარგია, როგორც იქნა, ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა. თავის მართლება სუსტი იყო, გამოწვევა მიღებულია. ყველას გილოცავთ ახალ წელს!“ - წერს გახარია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენა ხალხის შიშმა და „ქართული ოცნების“ მიმართ „მხარდაჭერის სწრაფად ვარდნის“ მიმდინარე პროცესმა გამოიწვია. ვაშაძის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში „პირადი კეთილდღეობისთვის“ და „პირადი უსაფრთხოებისთვის“ დაბრუნდა. „ამ შეშინებულმა ადამიანმა (ბიძინა ივანიშვილმა) გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა მას მოუგო ჭიდაობა, ბრძოლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თუ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო წავიდა,“ განაცხადა თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ. „ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. „არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა,“ - მიიჩნევს თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული. „დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო. ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი. ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება. ამიტომ, ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის როლი არის ქვეყნის გადარჩენა, მან ეს უნიკალური როლი შეასრულა 2012 წელს და მას შემდეგ ყველა გამარჯვება, რომელიც მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ამ ყველა გამარჯვებაში ლომის წვლილი, მთავარი როლი, უნიკალური როლი მან შეასრულა.“ მანვე აღნიშნა, მინიმუმ მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არამხოლოდ რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოში და შექმნილი ვითარების გამო, აუცილებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მას ჰქონდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს.“ ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ „რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ ყოფილა ქვეყანაში.“ ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში  

გერმანული KfW უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დამატებით, $27 მილიონს გამოყოფს

გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული KfW განვითარების ბანკი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 24,5 მილიონ ევროს (27,1 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. KfW-სა და უკრაინის ენერგოოპერატორ Ukrenergo-ს მიერ 29 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების საფუძველზე, გერმანული ბანკი 24 მილიონ ევროს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) სესხს და 500,000 ევროს (553,000 აშშ დოლარი) გრანტს გასცემს.   „გერმანია აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გაძლიერების მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებულ უკრაინის რეგიონებში,“ - წერია KfW-ის განცხადებაში.  

ლიეტუვამ ამერიკიდან 50 მსუბუქი ტაქტიკური მანქანა მიიღო

ლიეტუვაში ამერიკელი წარმოების 50 მსუბუქი ტაქტიკური მანქანა ჩავიდა, რომლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაახლოებით, 4 წლის წინ გაფორმდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის კონტრაქტით ერთობლივი მსუბუქი ტაქტიკური მანქანების (JLTV) შესყიდვის პირველი ეტაპი დასრულდა. „გუშინ 50 ახალი ერთეული ჩამოვიდა ლიეტუვაში, რათა შესრულდეს 2019 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი აშშ-ს მთავრობასთან, 200 JLTV-ის შესაძენად. 2022 წელს ხელმოწერილი მეორე კონტრაქტი მომავალი წლის დასაწყისში კიდევ 300 მანქანას უზრუნველყოფს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინამ მომავალი წლისთვის თავდაცვის ძალების სტრატეგია განსაზღვრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის წლის ბოლოს შეხვედრა გამართა. შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის ძალების 2024 წლის სტრატეგია განსაზღვრეს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ჩვენ შევაჯამეთ წლის სამხედრო შედეგები. გავაანალიზეთ საბრძოლო მოქმედებების შედეგები და ჩვენი გადაწყვეტილებები. რა გავაკეთეთ სწორად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად. ამ დასკვნების, პროგნოზებისა და ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ განვსაზღვრეთ თავდაცვის ძალების სტრატეგია მომავალი წლისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს უკრაინამ უკან არცერთ სექტორში არ დაიხია, აღადგინა კონტროლი ზღვაზე და ცა უფრო უსაფრთხო გახადა. „ჩვენ ვაგრძელებთ გუნდურად მუშაობას. მადლობა ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინის გამარჯვებისთვის,“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ირანსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნა

ირანსა და აზერბაიჯანს შორის საავტომობილო ხიდი და ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნ. ირანმა და აზერბაიჯანმა ასტარაჩაის ხიდის მშენებლობაზე შეთანხმებას გასული წლის იანვარში მოაწერეს ხელი. გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანულ-ირანული ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეები, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი და ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი  ესწრებოდნენ.  

ვინიკოვი: NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი და ალიანსსა და საქართველოს შორის 2024 წლის მიზნებზეც საუბრობს. ალექსანდრე ვინიკოვი ხაზს უსვამს, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამასთან, NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის. ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს. ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“

დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველომ მის მიერ არჩეულ გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს

Europetime-თან აჯამებს 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და ქვეყანას 2024 წლისთვის ევროპულ გზაზე წინსვლას უსურვებს. ის ხაზს უსვამს რომ ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველო მის მიერ არჩეულ გზაზე წინ წავიდეს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს. გარემოებები რთულია. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რთული გეოგრაფიული მდებარეობით - ევროპის ნაწილი რუსეთის მეზობლად. ეს პრობლემაა. და, კვლავ პრობლემად დარჩება, ვიდრე კრემლში, ხელისუფლებაშია პუტინი, შესაძლებელია - შემდგომშიც. თუმცა საქართველო მაინც დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას შეუძლია, თავის გზას გაჰყვეს. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა და იმედი მაქვს, წარმატებასაც მიაღწევს. ამის დანახვა სასიამოვნო, მათი დახმარება კი, დიდ პატივი იქნებოდა. ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა და ამერიკის მთავრობა ამ შეხედულებას იზიარებს, მაგრამ ბევრი რამ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ ეს იყო ჟესტი ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ახლა ამ გზის გავლა საქართველოზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა რთული გარემოებების მიუხედავად, წარმატებას მიაღწევს.  

ელჩი დანიგანი: მომავალ წელს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მომავალ წელსაც გააღრმავებს. „აშშ-ის საელჩოს თბილისის გუნდის სახელით, მინდა, ყველა ქართველს ვუსურვო ჯანსაღი, ბედნიერი დღესასწაულები, აშშ-ის საელჩოში ყველა ჩვენგანი ამაყია აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის მხარდაჭერით. საელჩოში თითოეული ამერიკელი ძალიან იღბლიანია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრებით. ჩვენ ყველა ძალიან ვაფასებთ საქართველოს მდიდარ კულტურას, მასპინძლობის ტრადიციას და ყველაზე მეტად შესანიშნავ და თბილ ხალხს. ახალი წელი დგება და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქართველს უზარმაზარი მიღწევა, რომელსაც წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით მიაღწიეთ. აშშ ძალიან ამაყია იმ სამუშაოთი, რომელიც ერთობლივად გავწიეთ, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ აბსოლუტურად ერთგულნი ვრჩებით მიზნის - განვაგრძოთ ჩვენი მხარდაჭერა და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და ახლობლებს სიყვარულითა და ჯანმრთელობით სავსე ბედნიერ ახალ წელს,“ – განაცხადა ამერიკის ელჩმა.  

ელჩი ფიშერი: 2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. „2024 წელს გერმანია და საქართველო გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და ბედნიერების საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ელჩის ვიდეომიმართვაში.  

ზელენსკი: ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს. „ხარკოვში ახლა კიდევ ერთი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა ასეთი იერიშისთვის ხარკოვის რეგიონში, ხერსონის რეგიონში, დონეცკის და ზაპოროჟიეს ქალაქებსა და სოფლებში, ყველა იერიშისთვის ოდესაში, სუმში, კიევში, ყველა ჩვენს ქალაქში, ყველა "შაჰიდისთვის," ყველა რუსული რაკეტისთვის ტერორისტული სახელმწიფო პასუხს აგებს პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს. დაშავდა სულ მცირე, 26 ადამიანი.  

რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპი შეიძლება, მიმართული იყოს არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგაც. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ასეთი აგრესიის მოგერიების ფასი კიდევ უფრო დიდი იქნება. ლანდსბერგისი ასევე აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზეა. „25 წელია, ვცდილობთ პუტინის იმპერიალიზმის შეკავებას დიალოგითა და დიპლომატიური გზით, ხოლო ის აგრძელებს საზღვრების იგნორირებას და ქალაქების მიწასთან გასწორებას. რუსეთის იმპერიალისტური რევანშისტული ამბიციები არ შეიცვლება. შემდეგი ეტაპი მიმართული იქნება არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ან მოლდოვის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, NATO-ს წინააღმდეგაც. ადამიანური და ეკონომიკური ფასი მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ისტორიული შეცდომების გამეორების ზღვარზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ახლა არ დავამარცხებთ რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი არჩეული გზა იქნება წარმოუდგენელი და არასაჭირო დანაკარგების გადატანა სანამ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ," - აღნიშნა ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში გათავსებული პოსტის საშუალებით.  

2024 წლის დადგომა რამდენიმე ქვეყანაში უკვე იზეიმეს

პირველი ქვეყანა, სადაც 2024 წელი იზეიმეს, კირიბატი, იგივე შობის კუნძულია. ახალი წელი უკვე დადგა ახალ ზელანდიაშიც. ათასობით ადამიანი ოკლენდის Sky Tower-თან შეიკრიბა, სადაც ახალ წელს ყოველწლიური მასშტაბური ფოიერვერკით შეხვდნენ. ახალი წელი უკვე დადგა ტონგასა და სამოაშიც. უამრავი ადამიანი შეიკრიბა სიდნეიში, ავსტრალიაში, სადაც ახალ წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ფოიერვერკით, თბილისის დროით 17:00 საათზე შეხვდნენ.  

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას მარტიდან ნაწილობრივ შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას საჰაერო და საზღვაო საზღვრებით შეუერთდებიან. ევროკომისიის ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება რუმინეთთან და ბულგარეთთან 2024 წლის მარტიდან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შესახებ. სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნულს ისტორიული მომენტი უწოდა. „დღეს ისტორიული მომენტია ბულგარეთისა და რუმინეთისთვის… და დიდი სიამაყის დღე რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებისთვის. მარტის მდგომარეობით ისინი შეძლებენ თავისუფლად გადაკვეთონ შიდა საზღვაო და საჰაერო საზღვრები სასაზღვრო კონტროლის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე ქვეყნისთვის და მთლიანად შენგენის ზონისთვის. ვულოცავ ბულგარეთს და რუმინეთს,“  - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები 2007 წლიდან არიან. ქვეყნების ინტეგრაცია შენგენის ზონაში წლების განმავლობაში იბლოკებოდა, ავსტრია და ნიდერლანდი ამის მიზეზად არალეგალური მიგრანტების ნაკადის ზრდას ასახელებდნენ. შენგენის ზონაში ბულგარეთის შეერთების წინააღმდეგი იყო ასევე უნგრეთი, თუმცა წლის ბოლოს პოზიცია შეცვალა.