ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმი და შავ ზღვაში ბრძოლა ომის სიმძიმის ცენტრი გახდება
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს ყირიმი და მასთან დაკავშირებული ბრძოლა შავ ზღვაზე ომის სიმძიმის ცენტრი გახდება. „2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის იზოლაცია და იქ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დეგრადაცია ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა ამ რეგიონიდან თავდასხმების რაოდენობის შესამცირებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ The Economist-თან ინტერვიუში. ის დარწმუნებულია, რომ წარმატებული ოპერაცია მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდება. ასევე, დიდ გავლენას მოახდენს რუსეთის შიგნით. „კრემლის პროპაგანდის ცენტრალური ობიექტის დაკარგვა გვიჩვენებს, რომ ათასი რუსი ოფიცერი დაიღუპა მხოლოდ პუტინის ამბიციების გამო,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, წარმატების მიღწევის სიჩქარე დამოკიდებული იქნება დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულიTaurus-ის რაკეტების მიწოდება ითხოვა. გამოცემა წერს, რომ ამან, შესაძლოა, უკრაინას ქერჩის ხიდის განადგურების საშუალება მისცეს, რაც, ფაქტობრივად, ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთისგან იზოლირებას მოახდენს. „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენთვის ეს სამხედრო ობიექტია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“ არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა
2024 წლის პირველ იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ფორმალურად შეწყვიტა არსებობა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა. 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს. ერევანმა ბაქო ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაულა. მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი გასული წლის 28 სექტემბერს მოაწერა. ევროპარლამენტი: მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება ეთნიკურ წმენდას უტოლდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელების უმეტესობა - მათ შორის სამი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, რუბენ ვარდანიანი - აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა და კვლავ ციხეში იმყოფებიან. ამ პირთა სასამართლო სხდომები ჯერ არ გამართულა. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ.
ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებენ
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი, სრეტა ტავისინი აცხადებს, რომ ჩინეთი და ტაილანდი ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს აუქმებენ. „ეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს,“ - განაცხადა სრეტა ტავისინმა. ორი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის მარტიდან შევა. ცნობისთვის, 2023 წელს ტაილანდმა 28 მილიონი უცხოელი ტურისტი მიიღო.
სი ძინპინმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ ტაივანი და ჩინეთი "აუცილებლად გაერთიანდებიან“
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში გაიმეორა თავისი განცხადება, რომ ტაივანი "აუცილებლად გაერთიანდება" ჩინეთთან. მისი გზავნილი მოდის ტაივანის გადამწყვეტი 13 იანვრის არჩევნების წინ, რომელიც კუნძულის სრუტეების პოლიტიკას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაზღვრავს. ჩინეთმა არჩევნების წინ სამხედრო ზეწოლა გააძლიერა ტაივანზე. სი ძინპინის თქმით, „ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ყველა ჩინელი უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, ჩინური ერის აღორძინებისათვის.“ „დემოკრატიისა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური კონფლიქტის წინაშე მდგარ ტაივანს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: გააგრძელოს მშვიდობის დაცვა და დაიცვას დემოკრატია,“ - განაცხადა სი ძინპინმა. გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე, პოლონეთმა F-16-ები და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი აამოქმედა
უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა. შესაბამის განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. პოლონეთმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ საზღვარზე ოთხი F-16 მოიერიშე თვითმფრინავი გაგზავნა, რათა დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე დარტყმები განახორციელა. „პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16 გამანადგურებელი და მოკავშირეთა საჰაერო ტანკერი ამოქმედდა,“ - ნათქვამია პოლონეთის არმიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინაში რუსეთის მასიური შეტევის პარალელურად, პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა. ვარშავა გამოძიებას აწარმოებს. მანამდე კი, ვარაუდობენ, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიის 40-კმ-ის სიღრმეში შეიჭრა. NATO-ს წევრი პოლონეთი კიევის მოკავშირეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. განახლება: პოლონეთმა რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო ამოქმედებული F-16-ები კვლავ ბაზაზე დააბრუნა.
ტოკიოს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ჰანედის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მაუწყებელ NHK-ის კადრებში ჩანს, რომ ცეცხლი თვითმფრინავის ფანჯრებზეც ჩანს და სატრანსპორტო საშუალების ქვეშაც არის მოდებული. NHK ხელისუფლებაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ თვითმფრინავი შესაძლოა, სხვა საფრენ აპარატს შეეჯახა ჰანედაში დაშვების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. თვითმფრინავი ჩრდილოეთ იაპონიაში, ჰოკაიდოდან აფრინდა. Japan Airlines-ის სპიკერმა განაცხადა, რომ თვითმფრინავში 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა. NHK იუწყება, რომ 367-ვე მგზავრმა გაქცევა მოახერხა. მასალა განახლდება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დღეს დილით, რაჭაში, ამბროლაურიდან 15 კმ-ში, სოფელ ბაჯში დაფიქსირდა.
ილჰამ ალიევი: 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში მილიარდი მანათის ინვესტიცია ჩაიდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით, 590 მილიონი აშშ დოლარი. ალიევის თქმით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.“ აერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან. საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში.“ „ჩვენ საგრძნობლად გავაძლიერეთ ჩვენი არმია, ავამაღლეთ პროფესიონალიზმის დონე და შევქმენით ახალი შეიარაღებული ნაწილები. ამ დანაყოფებმა შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად აჩვენეს განსაკუთრებული პროფესიონალიზმი ანტიტერორისტულ ოპერაციაში. ახალი იარაღი და სამხედრო ტექნიკა შეძენილია და მიეწოდა ქვეყანას არაერთი ახალი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ფაშინიანმა საახალწლო მიმართვისას „მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საახალწლო მიმართვაში ბოდიში მოუხადა მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილებსა და სომხეთის მოქალაქეებს და მეზობლებთან „ურთიერთობების ნორმალიზაციაზე“ ისაუბრა. „ჩვენ შევძელით და შეგვიძლია ჩვენი სახელმწიფოს, სომხეთის რესპუბლიკის გაძღოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების უკიდურესად რთულ გზაზე. ჩვენ ამ გზის უმეტესი ნაწილი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ვართ დაზღვეული ახალი განსაცდელებისა და სირთულეებისგან.“ „ასევე მსურს, ბოდიში მოვუხადო ყველა თქვენგანს სომხეთის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, მთიანი ყარაბაღიდან ჩვენს ყველა დასა და ძმას, რომლებიც ლტოლვილებად იქცნენ, იმ ტკივილისათვის, რაც ბოლო წლებში გამოიარეთ. ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე ისაუბრა „ბოდიშს გიხდით არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის თქვენ წინაშე, ან რაიმე ვალდებულება, ან პირობა დამავიწყდა ერთი წუთითაც კი, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, რას გრძნობთ - და მეც იმავეს ვგრძნობ. „მაგრამ ამ გრძნობამ არ შეიძლება, ხელი შემიშალოს ჩემი, როგორც ქვეყნის მეთაურის, მოვალეობების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ ყოველი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია, შევიმუშაოთ რეგიონში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ფორმულები და გავაგრძელებთ ამ გზით მუშაობას სახელმწიფოსთვის, მომავლისთვის, მომავალი თაობებისათვის,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შემდეგ, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა
ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახებით გამოწვეულ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC წერს, რომ სანაპირო დაცვის ეკიპაჟის ერთმა წევრმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მძიმე დაზიანებები მიიღო. ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა. BBC-ს ცნობით, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა. სანაპირო დაცვის თვითმფრინავს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონებისთვის დახმარება უნდა მიეწოდებინა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა. ტოკიო ჰანედაში ფრენები შეჩერებულია და ბევრი რეისი იაპონიის სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
რუსეთი აღიარებს, რომ შეცდომით თავისი სოფელი დაბობმა
რუსეთის განცხადებით, მისმა არმიამ უკრაინაზე მასშტაბური იერიშის დროს შეცდომით დაბომბა სამხრეთის ვორონეჟის რეგიონში მდებარე სოფელი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან 150-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ პეტროპავლოვკაში ექვსი შენობა დაზიანდა, მსხვერპლი არ არის. თავდასხმა განხორციელდა იმ დროს, როცა რუსეთის არმიამ რაკეტებით და დრონებით მიიტანა იერიში უკრაინაზე, რასაც კიევსა და ხარკოვში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 100-მდე პირი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
თურქეთის პოლიციამ ისრაელის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა
თურქეთში „მოსადის“ (ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტო) სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა. ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო. ისრაელის მხარეს დაკავებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
პირველ იანვარს კოსოვოს მოქალაქეებმა ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა დაიწყეს. ახალი წესები მათ ვიზის გარეშე ყოფნის უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერ პერიოდში, რომელიც შედგება 180 დღისგან. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კოსოვო ბოლოა, რომელსაც ეს წესი შეეხო. ახალი სავიზო რეჟიმი ტურიზმს და პირადი მიზნებით მოგზაურობას მოიცავს. ის არ ეხება მუშაობის უფლებას.
იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 55-ს მიაღწია
იაპონიაში პირველ იანვარს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 55-ს მიაღწია. დაზიანებულია ათასობით შენობა, ავტომობილი და ნავი. ზოგიერთ რეგიონში კვლავაც შეწყვეტილია წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება, გაწყვეტილია მობილური კავშირი. სამაშველო სამუშაოში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
შარლ მიშელი: უკრაინაზე თავდასხმები რუსეთის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებები აინტერესებს
უკრაინაზე თავდასხმები მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს მათ, ვისაც სჯერა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერს, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი გულწრფელადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებით დაინტერესებული, უკრაინისკენ ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა მოსკოვის ნამდვილ ზრახვებს აჩვენებს. თავდასხმები კიდევ უფრო ცინიკურია იმისდა გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსიურობა საახალწლო დღესასწაულებს ემთხვევა. უკრაინის სული ვერ გატყდება. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად დგას,” - წერს მიშელი. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ მასიურ შეტევებს გმობს. „ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია,“ - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
BRICS-ს ხუთი ახალი სახელმწიფო შეუერთდა
სანქტ-პეტერბურგის ფორუმზე დაარსებულ BRICS-ის სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას პირველ იანვარს ოფიციალურად შეუერთდა ხუთი სახელმწიფო: ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. ბლოკში გასაწევრიანებლად ეს ქვეყნები 2023 წლის ზაფხულში მიიწვიეს. BRICS-ის გაფართოების შემდეგ ორგანიზაცია აერთიანებს ქვეყნებს, რომლებზეც მსოფლიო მშპ-ს მესამედზე მეტი და მოსახლეობის 45 პროცენტი მოდის. წევრები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 პროცენტს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, მოსკოვი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლაციაში მოაქციოს. იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობს. აქამდე BRICS-ში შედიოდნენ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა.
ბლინკენმა და ქემერონმა იმსჯელეს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის შემდგომი დახმარება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე ღაზის სექტორში არსებული სიტუაცია და წითელ ზღვაში გემების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თანამოსაუბრეებმა განიხილეს "აშშ-დიდი ბრიტანეთის მცდელობები, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვან თავი რუსეთის აგრესიისგან." გარდა ამისა, ბლინკენმა და კამერონმა ხაზი გაუსვეს „კოლექტიური მრავალმხრივი მოქმედების მნიშვნელობას გლობალური ინტერესების წინააღმდეგ საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც გამოწვეულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებით წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე.“ სახელმწიფო მდივანმა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, მათ შორის სამოქალაქო დაცვის გაუმჯობესების აუცილებლობა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
რუსეთი პასუხს აგებს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის - ბორელი
რუსეთი, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მასიურად ბომბვას, პასუხს აგებს ამ ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმ X-ზე დაწერა. „რუსეთმა ახალი წელი დაიწყო ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის გასროლით კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში, მიზანში იღებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ანადგურებს საცხოვრებელ უბნებს და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ,“ - წერს ბორელი. 2 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 99 სამიზნედან 72, მათ შორის 10 Kh-47M2 Kh-47M2 Kinzhal ბალისტიკური რაკეტა. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 130, დაზიანდა 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.
თოვის გამო, გზებზე შეზღუდვებია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ამასთან, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.