ძებნის რეზულტატი:

მეუფე შიო: შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ გარეგნულად, არამხოლოდ ფორმალურად, არამედ, შინაგანი ქრისტიანული განწყობით

„შევეგებოთ ქრისტეს შობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არამხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ,“ - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, დღეს გახლავთ განსაკუთრებული დღე, რომელსაც ეწოდება ქრისტესშობის წინა კვირა. წმინდა ეკლესია ჩვენ გვამზადებს შობის დღესასწაულისთვის და ამიტომ დღეს წაკითხული იყო პირველი თავი მათეს სახარებიდან, სადაც უკვე მოთხრობილია იესო ქრისტეს შობის შესახებ. რა უნდა ყოფილიყო დედამიწაზე ამაზე აღმატებული, რომ უფალი ღმერთი მოევლინა კაცობრიობას, როგორც ადამიანი?! იესო ქრისტეს შობამ ყველაფერი შეცვალა ჩვენს სამყაროში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან მოიტანა სრულიად ახალი სწავლება, რომელიც ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი იყო, არამედ ასევე იმიტომ, რომ მან გვიბოძა ის ძალა და მადლი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მისი სწავლების ცხოვრებაში განხორციელება. ამიერიდან, ყველა ადამიანს შეუძლია, განახლდეს და ფერი იცვალოს, იმიტომ, რომ კაცობრიობას მოენიჭა ეს ძალა, რომელსაც შეუძლია, ჩვენი ცხოვრება სრულიად ახალი მიმართულებით წარმართოს. აი, რა არის ეს ახალი ცხოვრება? რა არის ის ძალა და მადლი, რომლებიც მოგვცა უფალმა იესო ქრისტემ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებით ვიცხოვროთ? ეს გახლავთ მშვიდობა, ეს გახლავთ სიმართლე, ეს არის ასევე სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი ცნება სრულიად განსაკუთრებულია ქრისტიანობაში. შეგახსენებთ, უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „იმ მშვიდობას კი არ გაძლევთ, რომელსაც იძლევა სოფელი ესე, არამედ ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გიტოვებთ.” ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სხვანაირს, განსაკუთრებულს. ეს გახლავთ ის მშვიდობა, რომელზეც შობის ღამეს წმინდა ანგელოზები გალობდნენ ზეცაში: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ეს არის მშვიდობა ღმერთთან, ეს არის მშვიდობა ადამიანებთან. აი, ეს მშვიდობა და სამართალი, სიმართლე, სრულიად განსაკუთრებულია, ის ამხელს და ვერ ეგუება ბოროტებას, ის ამჩნევს უსამართლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ სძულს ამ უსამართლობის ჩამდენი და ბოროტების ჩამდენი ადამიანი, არამედ, მეტიც, ინარჩუნებს მასთან მიმართებაში შინაგან მშვიდობას და შინაგან სიყვარულს მაშინაც კი, როცა უწევს ამ ბოროტების წინააღმდეგ გამოსვლა და ზოგჯერ მკაცრი ზომების მიღებაც კი. აი, მხოლოდ ასეთ მშვიდობას და ასეთ სიმართლეს მოაქვს სიხარული სულიწმიდაში; არა უბრალო სიხარული, რომელსაც სოფელი ესე იძლევა, არამედ სიხარული სულიწმიდაში. ჩვენ გვაშფოთებს ხოლმე ის ბოროტება, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, ვინაიდან ის მრავლად არის ამ ცხოვრებაში. ჩვენი მხილება, ჩვენი სიძულვილი გადაგვაქვს ხოლმე ბოროტებისა და უსამართლობის ჩამდენ ადამიანზე, მაგრამ ეს რომ ყოფილიყო სწორი გზა და სამართლიანი დამოკიდებულება, მაშინ უფალი იესო ქრისტე დედამიწაზე არ მოვიდოდა, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნად ადამიანი, ვინც მეტად თუ ნაკლებად არ არის ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მატარებელი და, შესაბამისად, ბოროტების მატარებელი. ჩვენ განა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფალი ვართ ბოროტებისა და ცოდვისგან? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, უფალმა შეიყვარა ყოველი ადამიანი, იგი განკაცდა და ჯვარზე ავიდა ყოველი ადამიანისთვის. იმდენად შეიყვანა მან სწორედ ცოდვილი, დაცემული ადამიანი, რომლისთვისაც მოვიდა და არა მართალი და უცოდველი, რომ თავად ამბობს უფალი იესო ქრისტე: მოვედი სნეულთათვის და არა მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჯანმრთელია და არ არის სნეული. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვამხელდა ჩვენი ცოდვებისთვის, მაგრამ არ განგვიკითხავდა. ვინაიდან მას განსაკუთრებული სიყვარულით ვუყვარდით ჩვენ. გაიხსენეთ წმინდა სახარება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ სიყვარულს მოაქვს ასევე ეს საოცარი მშვიდობა, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე, მშვიდობა ღმერთთან და მშვიდობა ადამიანთან; და მხოლოდ მაშინ მოდის ეს სიხარული სულიწმიდაში. აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ასე შევეგებოთ ქრისტესშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს არა მხოლოდ გარეგნულად, არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ შინაგანი ქრისტიანული განწყობით, იმ სიმართლით, იმ მშვიდობით და იმ სიხარულით სულიწმიდაში, რომელიც მოგვმადლა ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ - აღნიშნა მეუფე შიომ.

პატრიარქი: მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა თქვენდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოქალაქეებს 2024 წელი მიულოცა. პატრიარქმა საქართველო დალოცა და აღნიშნა, რომ სიტყვას აქვს უდიდესი ძალა. „მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ. სიტყვას აქვს ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი - ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, გიხაროდეს შინ და გარეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა თქვენდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ!“ - აღნიშნა პატრიარქმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. "ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი  და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა. და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით;  ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ  ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის,  განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და  განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!“  

სალომე ზურაბიშვილი: ახალ წელს გილოცავთ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ლამაზი ნაძვის ხე

„ახალ წელს გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ხიდის ორივე მხრიდან, რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა პრეზიდენტმა ახალი წელი მოსახლეობას ორ ადგილიდან - ენგურის ხიდზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაწერილი ვიდეომიმართვით მიულოცა, რითაც ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ისაუბრა 2023 წლის მიღწევაზე - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, „სიძნელეებისა და მტკივნეული მომენტების“ შესახებ.  "გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გილოცავთ იმ ადგილიდან საქართველოში, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან. რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს.გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას, როგორც სახელმწიფო სიმბოლო და როგორც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი, ყველას ერთიანობის სიმბოლო - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის მოქალაქეების. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველასი, თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა.ჩვენ როცა ვამბობთ: „ერთიანობა“, ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია. მინდა, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს - სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა.ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერ ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვავიწყდება ეს ყველაფერი და ამით ვცხოვრობთ, რომ ეს არ განმეორდეს.არც ის არ გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე, ჩვენი ერთიანობის. ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ სხვადასხვა აზრების ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლებასა და სამართლიანობასაც გავამარჯვებინოთ. მე ამას გისურვებთ და ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად.გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში, ბედნიერებას და ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ცოცხალია, უკრაინა იბრძვის, უკრაინა წინ მიიწევს

უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა: „ცოტას სჯეროდა, რომ 2022 წელს გადავიტანდით, რომ აღარაფერი ვთქვათ 2023 წელზე. და დღეს ჩვენ 2024 წლის წინაშე ვართ. უკრაინა ცოცხალია. უკრაინა ცხოვრობს. უკრაინა იბრძვის. უკრაინა წინ მიიწევს, უკრაინა გადალახავს გზას. უკრაინა აღწევს. უკრაინა მუშაობს. უკრაინა არსებობს. და ყველა ერთად, ეს არ არის საახალწლო სასწაული, არც ზღაპარი, არც ჯადოქრობა, არამედ, თითოეული თქვენგანის დამსახურება. ყოველი მილიონი უკრაინელი. ყველამ, მთელი ამ წლის განმავლობაში, დაამტკიცა: უკრაინელები უფრო ძლიერები არიან! „და ისევე, როგორც გასული 31 დეკემბერი, დღესაც ვამბობთ: "ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი წელი." მაგრამ წელს შეგვიძლია, დავამატოთ: „რაც არ უნდა მოიტანოს, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით.“ ახლა კი მინდა ვთქვა ის სიტყვები, რომლებიც ომამდე ბანალურად ითვლებოდა, მაგრამ ომის დროს ფასდაუდებელია. გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და თქვენს ყველა ახლობელს სითბოს და ჯანმრთელობას. საყვარელი ადამიანებისთვის რაც შეიძლება მეტ დროს. ბავშვებს - თქვენი სურვილების შესრულებას. ყველა ადამიანს - ადამიანურ ბედნიერებას. და ჩვენს უკრაინას - გამარჯვებასა და მშვიდობას. გილოცავთ ახალ წელს, უკრაინელებო! გილოცავ ახალ წელს, უკრაინა! დიდება უკრაინას!“  

ალექსანდრე ვინიკოვი: 2024 წელს ჩვენი გუნდი ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი 2024 წლის მიზნებზე საუბრობს. NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის. ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს. ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“  

უკრაინა: რუსებმა ახალი წლის ღამეს 90 დრონი გამოიყენეს - ჩვენმა დამცველებმა 87 გაანადგურეს

პირველი იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე დრონების რეკორდული რაოდენობა - 90 დრონი - გაუშვეს.  შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 90 დრონიდან 87 გაანადგურეს. „ყველას დიდი მადლობა შრომისთვის! ერთი წლის წინ, ახალი წლის ღამეს, ცის დამცველებმა 45 „შაჰედი“ გაანადგურეს, დღეს - 87! დავიცვათ ცა! ერთად - გამარჯვებამდე!"- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქს წუხელ С-300ტიპის ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს კი Х-31П ტიპის სამი რაკეტითა და ერთი Х-59 რაკეტით შეუტიეს.  

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავის, ნიიგატასა და ტოიამის პრეფექტურებში  ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს.  

რა ცვლილებები ამოქმედდა დღეიდან რიგ სფეროებში

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა.­ 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: - საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. ასევე ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ დადგენილებით ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი დაამტკიცა. ასევე დამტკიცდა იმ ადგილებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. შს სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით. ასევე დღეიდან ახალი პენიტენციური კოდექსი ძალაშია. 2024 წლის პირველი იანვრიდან “პენიტენციური კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება ენიჭება. მას აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა ექნება. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ვიდეოპაემნის უფლება ენიჭება. მსჯავრდებულს ენიჭება პაემნის გარე სამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით ჩანაცვლების შესაძლებლობა (ხანმოკლე პაემანი – ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი, საოჯახო პაემანი – ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი ან სატელეფონო საუბარი). ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო ხდება. ამჟამად დადგენილი სატელეფონო საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა გაზარდოს;განსაკუთრებული გარემოების არსებობისას (ოჯახის წევრის დაბადების დღე, შვილის დაბადება და სხვ.) ბრალდებულს და მსჯავრდებულს შესაძლებელია დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება მიენიჭოთ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრის უფლება. დასაშვები იქნება მათ შორის მიმოწერაც. ყველა მსჯავრდებულს ეძლევა უმაღლესი განათლების მიღების უფლება;თანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები;გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი ენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს ათანაბრებს და აუმჯობესებს. მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, ხოლო საამისო წინაპირობების არსებობისას – აგრეთვე სახელმწიფო კომპენსაციას.

NATO-მ გასული წელი შეაჯამა

2023 წელს NATO-ს საჰაერო ძალებმა ევროპის მასშტაბით, 300-ზე მეტჯერ შეაჩერეს რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა, მათი უმეტესობა ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა. NATO მუდმივი საჰაერო-საპოლიციო მისიებს ახორციელებს და როცა რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეს უახლოვდება, NATO-ს მოერიშეები აქტიურდებიან. ალიანსის ცნობით, NATO-ს და რუსეთის თვითმფრინავებს შორის საჰაერო წინააღმდეგობის დიდი უმრავლესობა უსაფრთხო და პროფესიონალური იყო. რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის დარღვევა იშვიათი და ზოგადად, ხანმოკლე იყო. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე სახიფათო სიტუაცია შექმნა ათწლეულების განმავლობაში,“ - განაცხადა ალიანსის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა: „NATO-ს მოიერიშე თვითმფრინავები მთელი 24 საათის განმავლობაში ასრულებენ მორიგეობას, მზად არიან, გადალახონ ბარიერები ჩვენი მოკავშირეების საჰაერო სივრცის მახლობლად საეჭვო ან გამოუცხადებელი ფრენების შემთხვევაში. საჰაერო პოლიცია არის მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც NATO უზრუნველყოფს ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას.“ უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ, NATO-მ არსებითად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა მის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავით, სათვალთვალო ფრენებითა და სახმელეთო საჰაერო თავდაცვით. რუსეთის განმეორებითი დარტყმების შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, NATO-ს ტერიტორიასთან ძალიან ახლოს, მოკავშირეებმა რუმინეთში დამატებითი მოიერიშე თვითმფრინავები განათავსეს. ოქტომბერში, ბალტიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენების დაზიანების შემდეგ, ალიანსმა რეგიონში დამატებითი შესაძლებლობები გაგზავნა. წელს ალიანსმა ასევე ჩაატარა თავისი ყველაზე დიდი საჰაერო წვრთნები - „დამცველი 23.“  

რომის პაპი: რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა - ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული ამ კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს

რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო დღესასწაულზე ტრადიციული საკვირაო კურთხევის დროს ლოცვა „ტანჯული უკრაინელი ხალხისთვის, პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობისთვის და სხვებისთვის“ აღავლინა. მისი თქმით, ვინც არ უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტებით, სინდისის ხმას უნდა მოუსმინოს. რომის პაპმა განაცხადა, რომ 2023 წელი ომიანობით განცდილი ტანჯვით გამოირჩა. „წლის ბოლოს, უნდა გამოვიჩინოთ გამბედაობა და ვკითხოთ საკუთარ თავს : რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, რამდენი დაიღუპა და რამდენი ნგრევა, რამდენი ტანჯვა, რამდენი სიღარიბე მოიტანა.“    

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორიდან 5 ბრიგადა გაიყვანა იმ მოტივით, რომ ისრაელი ადგილზე ვითარებას უკვე აკონტროლებს, თუმცა თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი, შეიძლება, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი "კიდევ მრავალი თვის განმავლობაში" გაგრძელდება და რომ ისრაელი ეგვიპტის საზღვრის ღაზის მხარეზე კონტროლს დაამყარებს. „ომის მიზნები მოითხოვს ხანგრძლივ ბრძოლას და ჩვენ შესაბამისად ვემზადებით. ვგეგმავთ ბრძოლის ველზე მოქმედი ძალების გონივრულ მართვას, განვიხილავთ სარეზერვო სისტემას, ეკონომიკას, ძალების განახლებას და საბრძოლო მომზადების პროცესების გაგრძელებას თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ძალებმა წინასწარ უნდა მოახდინოს დაგეგმარება, გვესმის რა, რომ დამატებითი ამოცანებისა და საომარი მოქმედებების განხორციელება მთელი წლის განმავლობაში დაგვჭირდება,“ - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.    

იტალია „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა

პირველი იანვრიდან უკრაინაში იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო უხელმძღვანელებს კიევში G7-ის ქვეყნების ელჩების ჯგუფს, რომლებიც რეფორმების განხორციელებას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ელჩებმა განაცხადეს. იტალიის საელჩომ აღნიშნა, რომ „სიამაყით იღებს 2024 წლისთვის უკრაინის მხარდასაჭერად G7 ჯგუფის თავმჯდომარეობას.“ „გულწრფელი მადლობა იაპონიის საელჩოს უკრაინაში, 2023 წელს ამ ჯგუფის შესანიშნავი თავმჯდომარეობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან რეფორმებისა და რუსული აგრესიის დაპირისპირების საქმეში,“ - აღნიშნეს დიპლომატებმა. 2022 წელს G7-ს გერმანია ხელმძღვანელობდა. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.  

ჩეხეთის პრეზიდენტი: დროა, ევროზე გადავიდეთ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საახალწლო მიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყნის ევროზე გადასვლის მომხრეა. პაველმა აღნიშნა, რომ დროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ჩეხეთის ევროზონაში შესვლას. „ევროს უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ გაუთავებელი დისკუსიების მიუხედავად, ევროპის ცენტრში მდებარე ღია და საექსპორტო ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საერთო ვალუტა ლოგიკური მომავალია,“ - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ჩეხეთი, ევროკავშირის შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც არ იყენებს ევროკავშირის საერთო ვალუტას. 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა ევროს მისი ამჟამინდელი მთავრობის პირობებში არ მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროზონას ოფიციალურად 2023 წლის პირველ იანვარს შეუერთდა და მისი მეოცე წევრი გახდა.  

იაპონიაში საქართველოს ელჩი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა, ტრანსპორტი ამ დრომდე გაჩერებულია

იაპონიაში საქართველოს ელჩი დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა. თეიმურაზ ლეჟავამ ფოტო სოციალურ პლატფორმა X-ით გაავრცელა. ტრანსპორტი ამ დრომდე გაჩერებულია. „ვისურვებდი, რომ უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე, ხოლო პრიორიტეტული იყოს ის რაიონები, რომლებიც დაზარალდა და საჭიროებენ დახმარებას,“ – წერს თეიმურაზ ლეჟავა. ცნობისთვის, დღეს იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაზიანებულია სულ მცირე, 30 შენობა. იშიკავის პროვინციაში ძლიერი ხანძარი იყო. საგზაო მოძრაობა ავტომაგისტრალებზე შეწყვეტილია. ასევე შეჩერდა იშიკავის პროვინციასა და ტოკიოს შორის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა  

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის არმიის 94-ე საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდმა IRIS Alborz-მა ბაბ ელ-მანდების სრუტე გაიარა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანული ხომალდები რეგიონში საზღვაო სავაჭრო გზებს იცავენ. ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან. აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.  

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ მიღებული სასამართლო რეფორმის კანონი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან იგი ისრაელის დემოკრატიას სერიოზულ და უპრეცედენტო ზიანს აყენებს. კანონი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ისრაელის მთავრობამ გასული წლის ივლისში მიიღო. კანონი უზენაეს სასამართლოს მთავრობის გადაწყვეტილებების ზედამხედველობის უფლებას ართმევდა. საბოლოოდ, სასამართლომ კანონი 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ გააუქმა. შეგახსენებთ, გასულ წელს, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა.

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

სამხრეთ კორეის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯე-მიუნგი ქალაქ პუსანში, პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ლი ჯე-მიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლი ჯე-მიუნგს ავტოგრაფის თხოვნით მიუახლოვდა და კისრის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 59 წლის ლი ჯე-მიუნგი „კორეის დემოკრატიულ პარტიას“ ხელმძღვანელობს. მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, იუნ სუკ-იოლთან ხმების მხოლოდ 0.73%-იანი სხვაობით წააგო. ვარაუდობენ, რომ ლი ჯე-მიუნგი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტოო არჩევნებში კენჭს იყრის.  

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიაში ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. პირველ იანვარს მომხდარი მიწისძვრის სიმძლარემ 6 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრამ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე, ჰონსიუზე დააზიანა გზები, დაანგრია შენობები და ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს. მიწისძვრამ ასევე ერთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში. სამაშველო სამუშაოში მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც მონაწილეობს.  

ნორვეგიამ უკრაინისთვის თავდაცვის პროდუქციის პირდაპირი მიყიდვა დაუშვა

ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ შემოღებული წესი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის და თავდაცვასთან დაკავშირებული პროდუქციის პირდაპირ მიყიდვას შესაძლებელს ხდის. „რუსეთის აგრესიის ომი საფრთხეს უქმნის უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და ერს. უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ნორვეგიის და ევროპის უსაფრთხოებისთვის," ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ ეიდე. მისივე თქმით, წესის ცვლილება ნორვეგიულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართონ საექსპორტო ლიცენზიებისთვის, საიმისოდ, რომ ამგვარი პროდუქცია უკრაინას მიყიდონ - და ყოველი ასეთი შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება განხილული.