ძებნის რეზულტატი:
ბრიტანული დაზვერვა მოლდოვას რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი მოლდოვაზე, საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის წინ, ჰიბრიდული თავდასხმების ტალღისთვის ემზადება. „ბრიტანეთი დაზვერვის მონაცემებს მოლდოვის ხელისუფლებას გაუზიარებს, რათა დაეხმაროს მათმოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში უახლოეს თვეებში,“ განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. დღეს ლონდონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰაი პოპშოი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრს ნუსრათ ღანს შეხვდება, რათა მოლდოვასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები განიხილონ. გასულ თვეში, მოლდოვის დაზვერვის უფროსმა ალექსანდრუ მუსტეატამ გააფრთხილა მოლდოველები, რომ მოსკოვი გეგმავს "უპრეცედენტო ინტენსივობის" კამპანიას. მისი თქმით, მის ქვეყანას აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აპირებს ჩაშალოს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირის რეფერენდუმი. ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლისას მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა იგორ გროსუმ კი, განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ჩაშალოს მომავალი საარჩევნო პროცესი მოლდოვაში, ამიტომ, ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა დაეხმარონ კიშინიოვს დემოკრატიისთვის ბრძოლის გაგრძელებაში. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე განაცხადა, რომ მოლდოვა რუსეთის ჩარევის სამიზნეა, რადგან მოსკოვს სურს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას.
კანადა უკრაინას ACSV 8x8-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის
კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ უკრაინა ზაფხულის დასაწყისში 50 ACSV 8x8-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს. ამ APC-ებისთვის თანხები ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში გამოიყო. ბლერის თქმით, ჯავშანტექნიკა ზაფხულის დასაწყისში გერმანიაში გაიგზავნება, სადაც მათ უკრაინელი სამხედროები გაეცნობიან. შემდგომში, ჯარისკაცები შესაბამის სწავლებას გაივლიან. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი გერმანიაში ზაფხულის დასაწყისში იქნება, ის უკრაინაში მიმდინარე წლის შემოდგომამდე ვერ მიაღწევს. ეს იქნება პირველი 10 APC - 50-დან, რისთვისაც კანადამ $650 მილიონი 2023 წლის სექტემბერში გამოყო. ამ APC-ების საბოლოო პარტიის გაგზავნა უკრაინაში 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. APC შექმნილია ჯარის/ტვირთის, სასწრაფო დახმარების მანქანების, სამეთაურო პუნქტების, ინჟინრების, ელექტრონული ომის, ტექნიკური აღდგენისა და მობილური სარემონტო ჯგუფების ტრანსპორტირებისთვის. მოდერნიზაციის შემდეგ მანქანის დაცვა გაძლიერდა და ახლა შეუძლია, 14,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევის ტყვიებს ყველა მხრიდან გაუძლოს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, კანადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარებას უწევს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, კანადის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ხუთწლიანი პაკეტისთვის 1,6 მილიარდი დოლარი გამოყო. გარდა ამისა, რამშტეინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინაში დრონებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდების დასაფინანსებლად, დამატებითი თანხები გამოყო.
პრემიერმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი წინა გამომსვლელი, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრეზიდენტმა ქართულ ჯარს მიმართა: დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას პრეზიდენტისადმი მიმართვის შემდეგ, პრემიერმა საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლისთავზე ისაუბრა. „ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. ჩვენი ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ქედს ვიხრი ყველა მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც გმირულად სამშობლოს დასაცავად დაეცა, თუ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. მათი სიმამაცე, პატრიოტიზმი და სიმტკიცე ის ღირებულებებია, რომლებსაც თავდაცვის ძალები ეფუძნება. მინდა ეს დღე მივულოცო ყველა ვეტერანს და მადლობა ვუთხრა მათ სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ვალია მაქსიმალურად დავუჭიროთ მათ მხარი და დავაფასოთ მათი თავგანწირვა. ჩვენს ჯარზე, სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი: საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე
პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ ჯარს მიმართა და განაცხადა, რომ „დღეს ამუშავდნენ შავ-ბნელი ძალები, დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას.“ სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“ „მივესალმები საქართველოს ჯარს, მის რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებს, ოფიცრებს, გენერლებს. მივესალმები პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების მეთაურს. მივესალმები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! მივმართავ ჯარს, რომლის მთავარსარდლობას ამაყად ვატარებ! მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს. დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკერები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე! მოგმართავთ თქვენ, რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს, დღეს კიდევ ერთხელცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას. მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს. 30 წელზე მეტია, რაც ეს ქვეყანა და მისი საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული, ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა. ამ 33 წლის განმავლობაში არაერთი კრიზისი, ვნებათაღელვა, განსხვავებული პოლიტიკური მოძრაობები იყო, თუმცა ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს - ტერორიზმთან ბრძოლას. დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა! ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას. იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა! ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის - ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენ გვერდში. სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს - იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალებ,ა მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართებოს და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს! მინდა, თქვენ მადლობა მოგახსენოთ წარსულისთვის და ხვალინდელი გამარჯვებისთვის. თქვენი და ჩვენი გამარჯვება არა ომზე, არამედ მშვიდობაზე გადის, მშვიდობიანი საქართველო მხოლოდ ევროპის წიაღში და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში მოიაზრება. თქვენ ამ მომავლის სადარაჯოზე დგახართ! გაუმარჯოს საქართველოს ჯარს, თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს!გაუმარჯოს იმ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენობას და თავისუფლებას შეეწირა! მათი ხსოვნა უკვდავია! გაუმარჯოს ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იქ იდგა, სადაც თქვენ დღეს დგახართ, ვისაც სწამდა ის, რაც თქვენ დღეს გწამთ და ვინც დაიცავს ხვალინდელ ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს!“ განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ძალების დღისამი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთვრობისთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.“ „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჯარი არის ის დიდი ოჯახი, რომელსაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის და აერთიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯარის მზადყოფნის გაძლიერება, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა. ამ გზაზე ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი ღირებული მხარდაჭერისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ასევე ქმნის მყარ საფუძველს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც რეგიონში არსებული გართულებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს და გისურვებთ გამარჯვებებს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს,“განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ედინბურგის ჰერცოგინია უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
ედინბურგის ჰერცოგინია სოფი უესექსელი 29 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. მისი მიზანია, „სოლიდარობა გამოუცხადოს ომის შედეგად დაზარალებულ ქალებს, კაცებს და ბავშვებს.“ ის გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც უკრაინას რუსეთის შემოჭრის შემდეგ ეწვია. ჰერცოგინია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და პატივი მიაგო მათ, ვინც სიცოცხლე კიევის გარეუბანში ქალაქ ბუჩაში 2022 წელს რუსული ოკუპაციის დროს დაკარგეს. პრეზიდენტ ზელენსკისთან და პირველ ლედის ოლენა ზელენსკასთან შეხვედრისას ჰერცოგინიამ მათ მეფე ჩარლზის პირადი შეტყობინება გადასცა და განიხილა კონფლიქტების განმავლობაში სექსუალურ ძალადობას გადარჩენილების მხარდაჭერა. ჰერცოგინია მხარს უჭერს სექსუალური ძალადობის პრევენციის ინიციატივას კონფლიქტებში, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას.
FT: Naftogaz-ის ხელმძღვანელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაიცვას გაზის საცავები რუსული თავდასხმებისგან
უკრაინის ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, დაეხმარონ უკრაინას ბუნებრივი აირის საწყობების დაცვაში რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმებისგან, რათა მათ განაგრძონ წვლილის შეტანა კონტინენტზე ფასების შემცირებაში. „ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს ბუნებრივი აირის შენახვის, ტრანსპორტირებისა და წარმოების [ნაგებობების] დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა „კარგად არის ინტეგრირებული“ ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან,“ განაცხადა „ნაფტოგაზ“ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლექსი ჩერნიშოვმა. გასულ წელს უკრაინის მიერ გაზის შენახვა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული რისკების მიუხედავად, უკრაინის საწყობები სიცოცხლისუნარიან ვარიანტად განიხილებოდა, ნაწილობრივ ისეთი წახალისების საფუძველზე, როგორიცაა შენახვის ეკონომიური ტარიფები და საბაჟო გადასახადის შეღავათები, რაც ხელს უწყობს გაზის ადვილად რეიმპორტს ევროკავშირში. ჩერნიშოვის თქმით, ევროპელი დაინტერესებული მხარეებს კვლავაც სურთ ამ წელს საწყობების ათვისება. კომპანიის მიზანია, რომ უკრაინაში შენახული ევროპული ბუნებრივი აირის მოცულობა, გასული წლის 2,5 მილიარდი კუბური მეტრიდან, ოთხ მილიარდამდე გაზარდოს.
NSA-ს ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს, რომელიც მოკლე დროით მუშაობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA), რუსეთისთვის ჯაშუშობის მცდელობის გამო, 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 32 წლის ჯარე სებასტიან დალკე NSA-ში ოთხ კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც, 2022 წლის ივნისში, სამსახურიდან მოულოდნელად წავიდა. „NSA-ში ყოფნისას დალკემ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტები ამობეჭდა და შემდეგ ისინი 85,000 დოლარად შესთავაზა პირს, რომელიც, მისი აზრით, რუსეთის აგენტი იყო,“ წერია სასამართლოს დოკუმენტებში. სინამდვილეში კი, დალკეს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომელთან ჰქონდა საქმე.
თავდაცვის ძალების მეთაური: ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად
თავდაცვის ძალების მეთაურის განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დაარსების დღიდან საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად და თანმიმდევრულად ვითარდება და აღწევს წარმატებას. სამ ათწლეულზე მეტია, რაც თავდაცვის ძალები ღირსეულად დგას ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენს წარმატებას განაპირობებს განხოციელებული რეფორმები, რომლებიც ფოკუსირებულია ჯარისკაცზე ზრუნვასა და მის ინსტიტუციურ განვითარებაზე. ძლიერი და მოტივირებული ჯარისკაცი თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედია," – განაცხადა გენერალ–მაიორმა მათიაშვილმა. თავდაცვის ძალებში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამან განაპირობა სრული ინდივიდუალური საბრძოლო აღჭურვილობის ქართული წარმოები დაწყება. „ამოიცვალა და დაინერგა თანამედროვე NATO–ს სტანდარტების საბრძოლო შეიარაღება, ეტაპობრივად მიმდინარეობს საბჭოთა ჯავშანტექნიკის ჩანაცვლება NATO–ს სტანდარტების შესაბამისად. საქართველომ დაიწყო ერთობლივი ქართულ–პოლონური დრონების წარმოება, მიმდინარე წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა,“ აღნიშნა მათიაშვილმა და საამაყო და ხაზგასასმელ ფაქტად მიიჩნია, რომ ქართველ ჯარისკაცს დამსახურებულად უჭირავს ღირსეული ადგილი საერთაშორისო პარტნიორებს შორის სამხედრო ოპერაციებსა და მრავალეროვნულ სწავლებებში. თავდაცვის ძალების მეთაურმა პარტნიორებს „თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.“ „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუახდო ჩვენს პარტნიორებს იმ გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის. საქართველოს თავდაცვის ძალების განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბრძოლო მომზადების პროცესის გაუმჯობესებას, ამოცანაზე ორიენტირებული წვრთნების ჩატარებასა და თვითშეფასების ეფექტიანი პროცესის დანერგვას, რათა თავდაცვის ძალებმა შეძლოს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება. მინდა, გამოვხატო მადლიერება საქართველოს მთავრობის, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მხარს უჭერს თავდაცვის ძალების პრიორიტეტების აღსრულებას. მადლიერი ვარ ყველა იმ ჯარისკაცის, ოფიცრის სამოქალაქო პირის, რომელთაც იმსახურეს და ახლაც მსახურობენ თავდაცვის ძალებში. მსურს, პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო სამხედრო ვეტერანების მიმართ, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენს რიგებში არიან საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. საამაყოა, რომ ისინი კვლავ მტკიცედ დგანან სამშობლოს სადარაჯოზე, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო მათ. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ქედს ვიხრით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სამშვიდობო ოპერაციებში შესრულებისას თავდადებული ჩვენი თანამებრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე. მარად გვემახსოვრება მათი სახელები. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დაარსების დღეს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, როგორც თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში, ასევე, პირად საქმეში, მადლობა,“ – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა. თავდაცვის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა კი, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და NATO-ს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებზე, რაც, მისი შეფასებით, პრაქტიკულად, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, თანამშრომლობა კონკრეტულად გამოხატულია საერთო წვრთნებსა და საერთო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაში. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. მანვე აღნიშნა, რომ თანამედროვე ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო პარტნიორებს. „თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება,“ - განაცხადა ჩიქოვანმა. ცნობისთვის, ქართული არმიის 33 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აღინიშნა. ქართულ ჯარს მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა. სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებამ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზეც იჩინა თავი. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ვიღაცებს სურთ, რომ „საქართველოს ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად.“ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!“ მანვე აღნიშნა, რომ ევროპულ პერსპექტივას, რომლის ირგვლივაც 30 წელზე მეტია, გაერთიანებულია საზოგადოება, „ამ ერთ მიზანს აქამდე, არავინ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.“ „ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე ჩემი წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ, გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტი არც შემდეგმა გამომსვლელებმა ახსენეს. გამონაკლისი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
ისლანდიის პარლამენტმა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ისლანდიის პარლამენტმა (Althing) უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის (2024-2028 წლებში) შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. „უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა არის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისლანდიისა და ევროპის წინაშე. საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოება და ცხოვრების დონეა დაფუძნებული, საფრთხე ემუქრება,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის გილფადოტირმა. რეზოლუცია მიზნად ისახავს უკრაინაში დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, საზღვრების, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული დახმარებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოს მხარდაჭერას.
ლონდონში ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს
ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული კაცი რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, ორ პოლიციელს თავს დაესხა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის კაცი, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, შემდეგ კი „საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიციის ორ თანამშრომელს“ თავს დაესხა. თავდამსხმელი დაკავებულია და პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.
ევროკომისის გენერალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
ევროკომისის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, 30 აპრილიდან 4 მაისამდე სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს ეწვევა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხების განხილვისა და ახალი ინიციატივების წარდგენის მიზნით. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 30 აპრილს, კოოპმანი სომხეთს ეწვევა. მისი ვიზიტი უშუალოდ მოსდევს ევროკავშირი–აშშ–სომხეთის 5 აპრილის მაღალი დონის შეხვედრას და სომხეთისთვის მედეგობის და ეკონომიკური ზრდის გეგმის გამოცხადებას. ვიზიტის დროს, გენერალური დირექტორი ისაუბრებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის, სექტორული თანამშრომლობის გაზრდასა და ევროკაშვირის ინვესტიციებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარებაზე რეფორმების განხორციელებასა და დევნილთა ინტეგრაციაში. კოოპმანი შეხვდება სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, მთავრობის წევრებს, მათ შორის ვიცე–პრემიერებს მჰერ გრიგორიანს და ტიგრან ხაჩატრიანს, ეროვნული ასამბლეის წევრებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს; ბატონი კოოპმანი, ასევე, გახსნის ევკროკაშირისა და გერმანიის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და მდგრადი ენერგოინიციატივების განხორციელებაა. პირველ და 2 მაისს, კოოპმანი საქართველოს ეწვევა და ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე–პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის, ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნული ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. 3 და 4 მაისს, ევროკომისის გენერალური დირექტორი ეწვევა აზერბაიჯანს, რომ განიხილოს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონულ კავშირებისა და განახლებადი ენერგიების სექტორებში, კლიმატის ცვლილების კონფერენციის COP29 კონტექსტში, რომელსაც ნოემბერში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გენერალური დირექტორი შეხვდება მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს მიქაელ ჯაბაროვს, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაევს და ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს. გენერალური დირექტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნის ,,ევროპის გუნდის“ ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანში ჭურვების გაუვნებელყოფაზე იქნება მიმართული და დაეხმარება შესაძლებლობების გაზრდას, ჭურვებთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცოდნის გაზრდას და მსხვერპლთა მეტ ხელშეწყობას. ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გენერალური დირექტორი, ასევე, გახსნის ევროკავშირის დახმარების პროექტს მიკრო, მცირე და საშუალო საწაროებისთვის საფინანსო ჩართულობის გასაუმჯობესებლად.
ამერიკის საელჩო: ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით, გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს
აშშ-ის საელჩო საქართველოს, თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს და გენერალ კვინიტაძის სიტყვებს ციტირებს: „ჩვენს ძვირფას და სასიქადულო სამშობლოს ხსოვნაში ყოველთვის იქნება თქვენი გმირობა და მამაცობა, ის ყოველთვის მადლობით მოიგონებს თავის სახელოვან შვილებს." „ამ დღეს მივესალმებით მათ თავდადებასა და პროფესიონალიზმს, ვინც ქვეყნის სამსახურში ყოფნა აირჩია. ასევე, ვფიქრდებით ჩვენს ღირებულ პარტნიორობაზე, რომელიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გაძლიერდა და გაიზარდა. ჩვენი ათასობით ჯარისკაცი გაიწვრთნა და განვითარდა ერთად, ერთობლივი გამოცდილებით. ჩვენი პარტნიორობის ყოველ ნაბიჯზე სიამაყით ვდგავართ თქვენ გვერდით,“ წერს დიპლომატიური წარმომადგენლობა.
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
პარლამენტმა 85 ხმით 16-ის წინააღმდეგ, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადით, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილ კანდიდატურებს “ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, პოლიტიკური ჯგუფების - “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“ მხარდაჭერაც ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ გასულ სასესიო კვირას რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში იყო, მათი 3/5-იანი კვორუმით არჩევა ვერ მოხერხდა. მმართველი გუნდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრობის კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, ხოლო კანდიდატურები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა, ნაცვლად პრეზიდენტისა, როგორც ეს საკანონმდებლო ცვლილებებამდე ხდებოდა. 2021 წლის აგვისტოსა და 2022 წლის თებერვალში გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ექვს-ექვს თვიანი ვადით აირჩიეს, რადგან თანამდებობის 5-წლიანი ვადით დასაკავებლად მას პარლამენტის ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობა მხარს არ უჭერდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მესამედ ასარჩევად აღარ წარუდგინა. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი შეცვალა.
რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, თურქეთი ამერიკულ თხევადი გაზის შესყიდვას გეგმავს
თურქეთი ამერიკულ ენერგოკომპანია ExxonMobil-თან თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე მრავალმილიარდ დოლარიან ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რადგან ანკარა ცდილობს, შეზღუდოს თავისი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. ამის შესახებ Financial Times იუწყება. „თურქეთი, რომელიც თითქმის ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს, ცდილობს შექმნას "ახალი მიწოდების პორტფელი", რომელიც მას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რომელიმე პარტნიორზე,“ განუცხადა Financial Times-ს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა. თურქეთი 2,5 მილიონ ტონამდე LNG-ს წელიწადში Exxon-თან გრძელვადიანი შეთანხმების განხილვის გზით მიიღებს,“ აღნიშნა ბაირაქტარმა და დასძინა, რომ პაქტი შეიძლება, გაგრძელდეს ათი წლის განმავლობაში. FT-ის გამოთვლებით, ეს მოცულობა საკმარისი იქნებოდა გასულ წელს თურქეთის ბუნებრივი აირის მოხმარების დაახლოებით 7%-ის დასაფარად. თურქული LNG-ის მოხმარების დაახლოებით 40% რუსეთს უკავია. მ ოსკოვი ასევე არის თურქეთის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი. Exxon-თან გარიგების კომერციული პირობები ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ საინფორმაციო სააგენტო Argus-ის შეფასებით, თურქეთისთვის მიწოდებული 2,5 მილიონი ტონა LNG ამ დროისთვის დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარი დაჯდება. ანკარა ასევე დაუკავშირდა აშშ-ის ბუნებრივი გაზის სხვა მწარმოებლებს, რათა უზრუნველყონ LNG-ის მიწოდების შეთანხმებები, რადგან ის ცდილობს "დივერსიფიცირებას", ვიდრე 2025 წელს რუსეთთან ზოგიერთი გრძელვადიანი კონტრაქტი დასრულდება, ხოლო ირანთან - შემდეგ წელს. შეგახსენებთ, თურქეთი, ინდოეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში რუსული ურალის ნავთობის იმპორტით.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: იარლიყზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისარს ვერა იუროვას შეხვდა. ამასთან დაკავშირებით, იუროვამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ უცხოური აგენტების კანონი საქართველოში. „უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით სწორი მიდგომაა - ფოკუსირება გამჭვირვალობაზე. საქართველოსთვის შთამაგონებელი უნდა იყოს ევროკავშირი. სანქციაზე/იარლიყზე/აქტორების შეზღუდვაზე ფოკუსირება არ შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას,” – წერს იუროვა. გარდა ამისა, ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ. ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება, ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ევროკომისარმა. მან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩია, გადახედოს ევროკავშირის დირექტივას. „მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზირება და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა, არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება,“ - განაცხადა იუროვამ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამაც. მისივ ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე, იყოს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. „ილია დარჩიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად. ასევე, მიმოიხილა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესი და მიღწეული შედეგები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის თაობაზე. მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის არგუმენტების შესახებ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა ის გამოწვევები, რამაც აქტუალური გახადა თავად ევროკავშირში მსგავს მექანიზმებზე საუბრის დაწყება. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე. ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ახლა მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევაა,“ წერს საგარეო უწყება. ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ბელგიელი მინისტრი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე: გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრმა ჰაჯა ლაბიბმა განაცხადა, რომ თუ საქართველოში კანონთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არ შეიცვლება, ევროკავშირის გზაზე წინსვლა არ იქნება. „მექნება ორმხრივი შეხვედრა. მათ მიიღეს კანონი, რომელიც არის გარკვეული უკუსვლა ინტეგრაციის გზაზე. ვწუხვართ ამის გამო და გვექნება ძალიან ღია დისკუსია, ნებისმიერი ტაბუს გარეშე. ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ მათ და როგორ შევცვალოთ ეს სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, წინსვლა არ ექნებათ,“ - განაცხადა ჰაჯა ლაბიბმა. ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენით პარლამენტი მას დღეს, 30 აპრილს განიხილავს. 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
ბრიტანული დაზვერვა: „კუშჩევსკაიას“ აეროდრომზე უკრაინელთა იერიში რუსეთს აიძულებს, შეცვალოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის განლაგება
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, 27 აპრილს კრასნოდარის მხარეში „კუშჩევსკაიას“ აეროდრომსა და ორ ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით განხორციელებული წარმატებული დარტყმები რუსეთის ავიაციის შესაძლებლობას შეამცირებს. ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს, რომ „კუშჩევსკაიაში“ განლაგებულია რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები Su-34-ები და Su-35-ები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს უკრაინის პოზიციებზე. „ის, რომ უკრაინას უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს რუსეთის ტაქტიკურ ავიაციას, საკვანძო მნიშვნელობისაა უფრო ფართო ფრონტის დასაცავად. ეს წარმატებული დარტყმა რუსეთს, სავარაუდოდ, აიძულებს, კიდევ უფრო მეტად გაფანტოს გამანადგურებლები, ასევე, გაანაწილოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რათა გამოასწოროს თავდაცვის პრობლემები,“ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა თავის ანგარიშში.
ლატვია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
ლატვიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდება დაამტკიცა. მასში შედის დრონები და თავდაცვის საშუალებები, იუწყება ლატვიის პრემიერ მინისტრი. მისი თქმით, ამჟამად რუსეთი არის უსაფრთხოების ყველაზე დიდი საფრთხე მთელ მსოფლიოში. ამრიგად, ლატვია ყოველწლიურად მშპ -ს 0.25% -ს გამოყოფს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის. ლატვია პირობას დებს, რომ განაგრძობს უკრაინის დახმარებას, როგორც ორმხრივ საფუძველზე, ასევე - მოკავშირეებთან ერთად. „მთავრობამ ახლახან დაამტკიცა NBS-ის საზენიტო იარაღის, ტაქტიკური უპილოტო სათვალთვალო სისტემების და სხვა აუცილებელი მასალების გადაცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ეს ხელს შეუწყობს როგორც უკრაინის საზენიტო თავდაცვის, ასევე, მისი სადაზვერვო შესაძლებლობების გაუმჯობესებას," წერია ლატვიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.