ძებნის რეზულტატი:

მაკრონს საერთო ევროპულ თავდაცვაში ფრანგული ბირთვული იარაღის როლის შესახებ დებატების გახსნა სურს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არის, დაიწყოს დებატები საერთო ევროპულ თავდაცვაში ბირთვული იარაღის როლის შესახებ. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დებატები უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებსა და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ბირთვული იარაღი ან ამერიკული ბირთვული შეიარაღება თავიანთ ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული. „მზად ვარ გავხსნა ეს დებატები, რომელიც უნდა მოიცავდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ბირთვულ იარაღს მათთვის, ვისაც აქვს ის, ან ამერიკული ბირთვული შეიარაღების მასპინძელია. „მოდით, ეს ყველაფერი მაგიდაზე დავდოთ და ვნახოთ, რა გვიცავს რეალურად სანდო გზით. საფრანგეთი შეინარჩუნებს თავის სპეციფიკას, მაგრამ მზად არის, მეტი წვლილი შეიტანოს ევროპის დაცვაში,“ - აღნიშნა მაკრონმა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, საფრანგეთი ბლოკის ერთადერთი წევრია, რომელსაც საკუთარი ბირთვული იარაღი აქვს. ხუთშაბათს, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა რუსული აგრესიის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. მან მოუწოდა კონტინენტს, სანდო თავდაცვის სტრატეგია მიიღოს, რომელიც ნაკლებად დამოკიდებული იქნება შეერთებულ შტატებზე. „სანდოობა ასევე ნიშნავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ფლობას რუსების გადასარწმუნებლად. შემდეგ არის ბირთვული იარაღი: საფრანგეთის დოქტრინა არის ის, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მე უკვე ვთქვი, რომ ამ სასიცოცხლო ინტერესებს აქვს ევროპული განზომილება,“ - აღნიშნა მაკრონმა.  

აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს

აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით, პარლამენტს წრე შემოარტყეს და „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. პროტესტის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” "არა რუსულ კანონს!" აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ  

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ პარლამენტთან სცენის ინვენტარი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ წერს შსს. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მიმართეს, მისცენ უფლება, „ქართული ოცნების“ მოწყობილ სცენაზე, - რომელიც 29 აპრილს მმართველი პარტიის მხარდამჭერი დემონსტრაციისთვის არის გამზადებული, 10-მდე დემონსტრანტი აუშვან, რათა მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალონ. პოლიცია აქციის მონაწილეებს ამის საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს  

არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საია მოუწოდებს „შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით.“ „მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ამ დროისთვის (00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა. საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია დემონსტრაციის ადგილის სამ გასასვლელთან (ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და თავისუფლების მოედნის მხრიდან რუსთაველის გამზირზე). მათ შორის, აღჭურვილნი არიან სპეციალური აირწინაღებით. ეს ყოველივე აჩენს ვარაუდს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი. კადრებში, ასევე, ჩანს წყლის ჭავლის მანქანები. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით, როგორიცაა ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მისამართით, და, რამდენიმე აქტიური სპეციალური საშუალების გამოყენება ერთმანეთის პარალელურად,“ - ნათქვამია განცხადებაში. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს წრე შემოარტყეს თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება). პარალელურად პარლამენტის ორ გვერდითა მხარეს და თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. „შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული,“ - აცხადებს თბილისის მერია. პარლამენტთან ვითარება დაძაბულია.  

თბილისის მერია: დღევანდელი შეკრება არის არასანქცირებული

თბილისის მერია „არასანქცირებულს“ უწოდებს პარლამენტთან ამჟამად მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციას. თბილისის მერია პარლამენტის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, "თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა." „მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით. შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება. არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა. თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც. შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების, შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა,“ - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული და აქციის გამართვას სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.  

სახალხო დამცველი: მივმართავთ შსს-ს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ

სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცველთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია

ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მწვავე კამათის ფონზე განიხილავს

პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საკომიტეტო განხილვაზე ონლაინმედიას არ უშვებს. კანონპროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილება.  მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ოპოზიცია ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი კანონპროექტი დასავლეთის ქვეყნებშიც არის, რაზეც საპასუხოდაც ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შინაარსობრივი კითხვები უნდა დასვან.  „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა,“ - აცხადებს თავის მხრივ, პარლამენტის პრესსამსახური. „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები,“ - აცხადებს პარლამენტი. 29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

გერმანიის პოლიცია უკრაინის ორი მოქალაქის მკვლელობას იძიებს, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა

გერმანიის ადგილობრივმა პოლიციამ და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ რუსი მოქალაქე ეჭვმიტანილია ორი უკრაინელი ჯარისკაცის მკვლელობაში, უკრაინელები 27 აპრილს ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში დაჭრეს. შსს-ს ცნობით, 23 და 36 წლის ორი მამაკაცი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანი მძიმე დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი, საავადმყოფოში - იმავე საღამოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს, გვიან ღამით, გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მოკლული უკრაინელები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, მინისტრ დმიტრო კულებას გერმანიის სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მკვლელობის დეტალებსა და მოტივებს იძიებენ. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, რუსეთის 57 წლის მოქალაქე - საკუთარ სახლში დააკავეს.  

ბორელი: ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება ომის დასრულებამდე, რაც, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მალე არ დასრულდება. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას საომარი მოქმედებების დასრულებამდე, იტყობინება DW. 28 აპრილს ერ-რიადში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სესიაზე გამოსვლისას, ბორელმა გაიხსენა, რომ 2022 წლის იანვარში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ეწვია დონბასს და შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს. დიპლომატის თქმით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ ემზადებოდნენ რუსული ჯარების შეჭრისთვის და ჰკითხეს, რას აპირებს ევროკავშირი: მოუწოდებდა, უკრაინას ჩაბარებულიყო, თუ საჭირო იარაღის მიწოდებით დახმარებას გაუწევდა. ბორელის თქმით, იმ მომენტში კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ბრძოლა დაიწყო, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა კიევს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მალე არ მოხდება. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ევროპელები არ წავლენ იმისთვის, რომ დონბასისთვის დაიღუპონ, მაგრამ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინელებს, დონბასისთვის აღარ დაიღუპონ," - განაცხადა ბორელმა. თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 37%-ს სჯერა, რომ ომი 1-2 წელიწადში დასრულდება, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ ის ერთ წელზე ნაკლებ დროში დასრულდება.  

ISW-ს შეფასებით, დონეცკის ოლქში, გარკვეული პოზიციებიდან უკრაინელების უკან დახევა რუსეთს ოპერატიულად მნიშვნელოვან სწრაფ გარღვევას არ მოუტანს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა, მოწინააღმდეგე უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთი მიმართულებით ტაქტიკური წარმატება აქვს. მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს. კერძოდ, უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის 3 სოფლიდან უკან იხევენ. სოფლები ბერდიჩი, სემენივკა და ნოვომიხაილივკა მდებარეობს პოკროვსკის რაიონში, უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, რომელიც რჩება ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ სექტორად, რადგან რუსეთი აგრძელებს შეტევას. სირკის განმარტებით, უკრაინის არმიის მეთაურები, "რათა დაზოგონ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე და ჯანმრთელობა", უკან იხევენ უფრო დაცულ პოზიციებზე. ის აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა მიაღწია გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას, მაგრამ ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკის დაპყრობის შემდეგ ცდილობს. მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. „სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს,“ - აღნიშნა სირსკიმ. მთავარსარდლის თქმით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის და ლიმანის დასახლებების მიმართულებით, ასევე დონეცკის ოლქის სივერსკის, სლოვიანსკის და კრამატორსკის სექტორებში. სირსკიმ განმარტა, რომ ვითარება სამხრეთში ასევე რჩება "ინტენსიური", რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას ხერსონის ოლქის სოფელ კრინკის, ზაპოროჟიეს ოლქის სოფლების რობოტინოსა და ვერბოვეს მახლობლად და დონეცკის ოლქის სტარომაიორსკეს მახლობლად. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ხერსონის ოლქში, დაამყარეს კონტროლი კუნძულ ნესტრიჰაზე, რომელიც მდებარეობს მდინარე დნიპროს დელტაში და ის დიდი ხანია, განიხილებოდა "ნაცრისფერი ზონად". სირსკიმ აღნიშნა, რომ კიევის ჯარები ასევე წინ მიიწევენ ველეტენსკის რაიონში. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთს ავდეევკის მიმართულებით სავარაუდოდ, ისევ ექნება ტაქტიკური წარმატებები და უკრაინის არმიის სარდლობამ შესაძლოა, კვლავ მიიღოს უკან დახევის გადაწყვეტილება, თუ სხვა ტაქტიკურ პოზიციებს საფრთხე შეექმნება, თუმცა, უკრაინის ძალებს შეუძლიათ რაიონის გეოგრაფიული თავისებურებები გამოიყენონ რუსეთის არმიის წინსვლის შესანელებლად. ამასთან, ცენტრის ექსპერტები არ მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეძლებს ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას. მათივე შეფასებით, დონეცკის ოლქის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას რუსეთის ძალებისთვის სწრაფი ტაქტიკური შენაძენი არ მოუტანია.  

ლატვიამ უკრაინას ენერგეტიკული აღჭურვილობა მიაწოდა

რუსეთის თავდასხმების შემდეგ, ლატვიურმა სახელმწიფო კომპანია Latvenergo-მ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად აღჭურვილობა მიაწოდა. ლატვია იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა, რომ რიგის სამხედრო დახმარებამ კიევისთვის 392 მილიონი ევრო (დაახლოებით 420 მილიონი დოლარი) შეადგინა.  

57 ქართველი დიპლომატი: „ქართულმა ოცნებამ" შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლეთიდან რუსეთისკენ

57 ქართველი დიპლომატის ერთობლივი განცხადებით, „ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი - ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს.“ განცხადების თანახმად, "ქართული ოცნება" პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, „რაც ქვეყანას ასუსტებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.“ „ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გზაგასაყარზე, მაგრამ არასოდეს ასე ნათელი და მორალურად ცხადი არ ყოფილა, თუ რა არის სწორი გზა. „ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი. დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს "ქართული ოცნება" პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს - აშშ-ს და ევროკავშირს - რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირმა გაგვიღო კარი გაწევრიანებისთვის და მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე მხოლოდ 9 დათქმის შესრულება გვაშორებს. ევროინტეგრაციის გზა ნათელი და გასაგებია, "ქართულმა ოცნებამ" კი ამ გზას შეგნებულად გადაუხვია. ამერიკელი სენატორების წერილი, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების წერილი, ევროკომისრის, NATO-ს გენერალური მდივნის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და საქართველოს ბევრი სხვა მეგობრის განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ. ამ ცვლილების შესაჩერებლად, ერთადერთი გზა არის ყველა პატრიოტი ადამიანის მხრიდან ხმის ამოღება, პროტესტის დაფიქსირება და უსამართლო კანონებზე თუ გადაწყვეტილებებზე რეაგირება. გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე. მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ეკა აკობია, ყოფილი მრჩეველი გიორგი ბადრიძე, ყოფილი ელჩი ვიქტორია ბაიკოვა, ყოფილი მრჩეველი ზურაბ ბატიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ბოკერია, ყოფილი დესპანი კონსტანტინე გაბაშვილი, ყოფილი ელჩი მამუკა გამყრელიძე, ყოფილი ელჩი პაატა გაფრინდაშვილი, ყოფილი ელჩი კახა გოგოლაშვილი, ყოფილი დესპანი თორნიკე გორდაძე, ყოფილი დესპანი გიორგი გორგილაძე, ყოფილი ელჩი გიორგი გუგუნავა, ყოფილი დესპანი ჯაბა დევდარიანი, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ნიკოლოზ ვაშაკიძე, ყოფილი ელჩი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი ხათუნა იოსავა, ყოფილი დესპანი ნინო კალანდაძე, ყოფილი დესპანი სერგი კაპანაძე, ყოფილი დესპანი არჩილ კეკელია, ყოფილი დესპანი ზურაბ კვაჭაძე, ყოფილი დესპანი გიგი კუბლაშვილი, ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა, ყოფილი ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე, ყოფილი ელჩი ტარიელ ლებანიძე, ყოფილი ელჩი ია მახარაშვილი, ყოფილი დესპანი ივანე მაჭავარიანი, ყოფილი ელჩი გეგა მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი ანზორ მელაძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი ლევან მეტრეველი, ყოფილი ელჩი ეკატერინე მიქაძე - მაიერინგი, ყოფილი ელჩი გიორგი მუჩაიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი ნინო ნაკაშიძე, ყოფილი ელჩი გიორგი ნიკოლაიშვილი, ყოფილი დესპანი დავით ნარდაია, ყოფილი დესპანი დავით ნოზაძე, ყოფილი მრჩეველი ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი, ყოფილი ელჩი დავით რაქვიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი სალომე სამადაშვილი, ყოფილი ელჩი ეკა სირაძე-დელონე, ყოფილი დესპანი ვასილ სიხარულიძე, ყოფილი ელჩი ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ინგა ფალიანი-დიტრიხი, ყოფილი უფროსი მრჩეველი გიორგი ფანიაშვილი, ყოფილი უფროსი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს IV პრეზიდენტის მრჩეველი, ყოფილი საგარეო ურთიერთობათა მდივანი შოთა ღვინერია, ყოფილი ელჩი ნატა ქორიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი ბათუ ქუთელია, ყოფილი ელჩი ნინო ჩაჩავა, ყოფილი უფროსი მრჩეველი ვალერი ჩეჩელაშვილი, ყოფილი ელჩი მანუჩარ წოწონავა, ყოფილი დეპანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყოფილი ელჩი გიორგი ხოშტარია, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაიოზ ჯაფარიძე, ყოფილი უფროსი მრჩეველი თედო ჯაფარიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

კადიროვმა 16 წლის შვილი, პუტინის სახელობის "სპეცრაზმის უნივერსიტეტის" კურატორად დანიშნა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გუდერმესში ვლადიმერ პუტინის სახელობის რუსული სპეცდანიშნულების რაზმის უნივერსიტეტის კურატორად თავისი ვაჟი ადამი დანიშნა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა. „ჩემი ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს," წერს კადიროვი. უმცროსმა კადიროვმა ჯილდოების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა, რომელსაც მოგვიანებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავდროულად, ადამ კადიროვი გახდა ჩეჩნეთის გმირი, მამის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორი. რამზან კადიროვის ნათესავები და მეგობრები რეგულარულად იღებენ ჯილდოებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე და თანამდებობაზე.16 თებერვალს მის უფროს ქალიშვილს მიენიჭა ე.წ. "DPR"-ის ორდენი. რამდენიმე დღით ადრე, კადიროვის მეორე ქალიშვილი, 24 წლის ხადიჟატი დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.  

ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვიდან, ოხანაშვილმა 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა. მიზეზად ოხანაშვილმა „რეგლამენტის დარღვევა“ დაასახელა, რაც მისი თქმით, მიკროფონის გარეშე საუბარში გამოიხატებოდა. მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები ქეთი თურაზაშვილი, თაკო ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი. განახლება: საკომიტეტო მოსმენიდან ლევან ხაბეიშვილიც გააძევეს. „არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე მამუკა მდინარაძეს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს გარეთ,“ აცხადებს ანა წითლიძე. სადავო კანონპროექტის მეორე საკომიტეტო განხილვა 09:00 საათზე დაიწყო. ის ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. 29 აპრილს პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები. საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. „საქართველოსა და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას,“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.  

„ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს“ - ბუნდესტაგის წევრი გუშინდელ აქციას შეუერთდა

გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი 28 აპრილს, თბილისში, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას დაესწრო. მის განცხადებას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში ავრცელებს. „ქართულ ოცნებაზე“ ჯერ კიდევ მოუხდენია შთაბეჭდილება გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და მათი მხრიდან დათმობის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ეს კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულად არის მოწყვეტილი საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება. ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მამაცურად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალით თავს მოხვეულ კანონს, ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებს. გუშინ შევძელი, რომ მშვიდობიანი აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს.“  

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორშია. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა "სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა." „სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. 28 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა. Reuters-ის ცნობით, პეკინი „მიზნად ისახავს ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებას.“ „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტემანუელ მაკრონის, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის და უნგრეთის პრეზიდენტის ტამაშ სულიოკის, ასევე - პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტებით ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს - 5-დან 10 მაისამდე,“ - განაცხადა ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. მისივე თქმით, დროა, რომ „ჩინეთსა და საფრანგეთს შორის სრული სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ჩინეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ჯანსაღ განვითარებას ახალი ბიძგი მიეცეს, რათა მსოფლიო მშვიდობაში, სტაბილურობაში, განვითარებასა და პროგრესში ახალი წვლილი შეიტანონ." ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნგრეთი „ჩინეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის ხელშეწყობისა და ჩინეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის კუთხით.“  

პოლონეთს უკრაინის დასავლეთით ცის დახურვა შეუძლია, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო - კიევი

ტექნიკურად, პოლონეთს შეუძლია, დახუროს ცა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში, რადგან მას აქვს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მაგრამ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა. „უკვე იყო მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ პოლონეთს შეეძლო ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში ცის დახურვა, რაც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ დასავლეთ უკრაინაში მდებარე სადგურები და გამშვებები სხვა რაიონებში. რა თქმა უნდა, თეორიულად და ტექნიკურად, ეს შესაძლებელია, რადგან პოლონეთს აქვს შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, Patriot-ის სისტემა. თუმცა, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს უფრო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის სასაუბროა, რომელთაც შეუძლიათ, ამაზე შეთანხმდნენ,“ - განაცხადა ევლაშმა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო ძალებს „გაუადვილებს ცხოვრებას.“   „შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მწირი დანაყოფები ტაქტიკური თვითმფრინავების, მართვადი რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების საბრძოლველად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამოგვადგება.“ - განმარტა სპიკერმა. როგორც ცნობილია, 27 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა, რომელიც შაბათს ღამით უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს იყო გასროლილი, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩავარდა. პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

ყაზახეთი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული $90 მილიონის ნაწილს, წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებს - მედია

ყაზახეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის უკანონო ქონების დაბრუნების კომისიამ ქვეყნის შემოსავლად აქცია 40 მილიარდი ყაზახური ტენგე (90 მილიონ დოლარზე მეტი), რომელიც მედიის ცნობით, ადრე ყაზახ ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. თანხები მოხმარდება სოციალურ მიზნებს, მათ შორის, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრას. „დამტკიცდა შეთანხმებები უკანონოდ შეძენილი აქტივების მდგომარეობაზე ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ, საერთო ჯამში 40 მილიარდ ტენგეზე, საიდანაც 38 მილიარდზე მეტი ნაღდი ფულია, ასევე საუბარია ასტანაში 2 მილიარდი ტენგეს ღირებულების ბიზნეს ცენტრზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კომისიამ ასევე დაამტკიცა საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმება 7 მილიარდ ტენგეზე (16 მილიონი აშშ დოლარი). მათივე თქმით, უკანონოდ შეძენილი აქტივების დაბრუნების შესახებ კანონს დაქვემდებარებულ პირებს ორი ინფრასტრუქტურული ობიექტის აშენება მოუწევთ ასტანასა და შიმკენტში. როგორც მთავრობა განმარტავს, ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით საგადასახადო შემოსავლებს უზრუნველყოფს.