ძებნის რეზულტატი:

USAID: 2010 წლიდან დღემდე, ჩვენ მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს

2010 წლიდან დღემდე, USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა სხვადასხვა აქტივობაში 20 000-ზე მეტი ადამიანი ჩართეს. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID/Georgia) ავრცელებს. „ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს გაეროს ასოციაციასთან და მხარს ვუჭერთ 15 ახალგაზრდულ ცენტრს. ეს ცენტრები მთელ საქართველოშია განთავსებული და აერთიანებს ახალგაზრდებს ახალქალაქიდან ბათუმამდე, ოზურგეთიდან დმანისამდე, გორიდან ახმეტამდე. 2010 წლიდან USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა ახალგაზრდულმა ცენტრებმა 20 000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, გაეარათ ენის კურსები, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამებში და აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ინიციატივებში, რამაც ხელი შეუწყო მათ კარიერულ წინსვლას. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თანამშრომლობს USAID საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შეუწყოს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნას,“ წერს USAID. USAID საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას აფართოებს  

ბლინკენის თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაინახა მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის მომავალ არჩევნებზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატებმა დაინახა მტკიცებულება ჩინეთის მცდელობების შესახებ, რომ მან „ზეგავლენა მოახდინოს და სავარაუდოდ, პეკინი ჩაერიოს“ აშშ-ის მომავალ არჩევნებში.  ბლინკენმა ეს განცხადება CNN-ის ინტერვიუში პარასკევს, 26 აპრილს, ჩინეთში სამდღიანი მოგზაურობის დასასრულს გააკეთა. ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინშიც გაიმეორა გზავნილი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სი ძინპინს გასული წლის ნოემბერში, სან-ფრანცისკოში სამიტის დროს გადასცა - კერდოდ, ის რომ, ჩინეთი არ ჩარეულიყო აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. CNN-ის ცნობით, მაშინ ჩინეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პეკინი ამას არ გააკეთებდა. „ჩვენ ვნახეთ, ზოგადად, გავლენის მოხდენის და სავარაუდოდ, ჩარევის მცდელობის მტკიცებულებები და გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად შეწყდება,” - უპასუხა ბლინკენმა კითხვას, არღვევდა თუ არა ჩინეთი ბაიდენის წინაშე სი ძინპინის მიერ დადებულ პირობას. პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ერევა აშშ-ს არჩევნებში, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩინეთს ან აქტორებს, რომლებიც, სავარაუდოდ, პეკინთან არიან დაკავშირებულნი, სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში კანადამაც დასდო ბრალი. საფრანგეთი ევროკავშირს, მთელ მსოფლიოში რუსული დეზინფორმაციისა და არჩევნებში ჩარევის საწინააღმდეგოდ, სანქციების დაწესებას სთავაზობს - Bloomberg  

საპატრიარქო: მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს

საპატრიარქო მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, „წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას, თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია.“  საპატრიარქოს განცხადებით, „მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს.“ განცხადების თანახმად, ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ „დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება,“ საპატრიარქო ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლად აფასებს.“ „ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.   საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება.” ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის.   მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება. ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.   საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა. საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი, შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე,“ წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ბელგიას სურს, უკრაინას F-16-ები, 2025 წლის ნაცვლად, წელსვე მიაწოდოს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ბელგიის ხელისუფლება აპირებს, 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის ჩავა თვითმფრინავები უკრაინაში, მაგრამ, როგორც დედონდერმა განმარტა „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად.“ მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები უკრაინას წლის ბოლომდე მიაწოდონ. 2023 წლის ოქტომბერში ბელგიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბელგია F-16-ების მიწოდებას 2025 წელზე ადრე ვერ შეძლებდა. დე კრომ აღნიშნა, რომ ყველა მოიერიშე თვითმფრინავი უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან და არა ბელგიელი გადამხდელების ფულით.  

გიტანას ნაუსედა: საქართველო შორდება ევროპულ იდეალებს, რეაგირება უნდა მოვახდინოთ

გიტანას ნაუსედამ ლიეტუვაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველოში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის შეუფერხებელ სვლას. „ცოტა ხნის წინ, სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან - სამწუხაროდ, ეს მოვლენები, იქ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, საქართველო, კი არ უახლოვდება, არამედ, შორდება ევროპულ იდეალებს და ეს ნამდვილად აბრკოლებს ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებელ სვლას. ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ,“ – განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე

ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი „შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა „დაარწმუნონ ისინი, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს.“ „ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, გავეცანი მის შინაარსს. ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საფუძველს მოკლებული განცხადებაა. „რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული. იმასაც დავამატებ, რომ ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავალთ წინ. საჭიროა კომუნიკაცია, დიალოგიც, რათა ეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა მოიხსნას, რომ არ იყოს ეს ბუნდოვანება საზოგადოებაში შექმნილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შსს: ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 18 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორი. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებული პირები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. უწყების ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორებიცაა: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთის პრემიერი: ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში რუსული რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი რუსული რაკეტა ქვეყნის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა. „დღეს ღამით ლვოვის ოლქში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს, მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას აყალიბებს. უგუნურება? ღალატი? ან ორივე?“ - წერს ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

მთავრობის უარის ფონზე, სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, $4 მილიონი შეაგროვეს

სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად, 12 დღეში 3,9 მილიონი ევრო (4 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვეს მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის მთავრობამ ჩეხეთის ინიციატივაში ჩართვაზე უარი განაცხადა. „სლოვაკეთში ბევრს რცხვენია ხელისუფლების რუსული ორიენტაციის და ეს არის მიზეზი, რის გამოც ხალხს შეაქვს წვლილი,“ (უკრაინის დახმარებაში, რედ) - განაცხადა ზუზანა იზსაკოვამ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. ორგანიზატორების თქმით, ინიციატივაში წვლილი 60 000-ზე მეტმა სლოვაკმა შეიტანა. როგორც ცნობილია, ჩეხეთის მთავრობამ ახლახან წამოიწყო გლობალური ინიციატივა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად.  სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ფიცომ, რომელიც პრორუსული პოზიციით გამოირჩევა, უარი თქვა ამ ინიციატივაში ჩართვაზე.   

შოლცმა ალიევს უმასპინძლა: 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს

გერმანიის კანცლერის განცხადებით,  სხვა საკითხებთან ერთად, მან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. შოლცის თქმით, 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს. „მინდა, მოვუწოდო ორივე ქვეყანას გამოიჩინონ ნება და გამბედაობა საჭირო კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 წელი შეიძლება, და უნდა იყოს მშვიდობის წელი რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ, გამამხნევებელია. ახლა მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და შემდგომი გაბედული ნაბიჯების გადადგმა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან რეგიონის შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი. „მიმაჩნია, რომ რეგიონში დიდი პოტენციალი არსებობს მწვანე და წყალბადის ენერგიის სფეროებში თანამშრომლობისთვის და გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ძირითადად, როგორც აღვნიშნე, წყალბადის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩარჩო პირობები. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამშრომლობისთვის და ენერგომომარაგების სტაბილურობაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.  ჩვენ ასევე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მე ვიტყოდი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ცოცხალი კრიტიკის არსებობა. აზრის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოლაპარაკებებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა,“ აღნიშნა შოლცმა. მანამდე, 22 აპრილს ალიევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ალიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ალიევის თქმით, „რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.“ რაც შეეხება შოლცთან შეხვედრის შემდგომ კომენტარებს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ ბაქო მზადაა, ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობენ. „დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს დაუნდობელი ხოცვა უნდა დასრულდეს. პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარისკაცები და სრულად აღიაროს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.  

ავსტრალია უკრაინას $32,5 მილიონის ღირებულების დრონებს მიაწვდის

ავსტრალია უკრაინას 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების დრონებს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ავსტრალიის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრ რიჩარდ მარლსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დრონების კოალიციის ფარგლებში, ავსტრალია მოგვაწვდის 32,5 მილიონი დოლარის ღირებულების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე, RBS 70-ის გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების დიდი პარტია, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულებისაა, უკრაინაში გაიგზავნება," - აღნიშნა შმიგალმა. მან ასევე განაცხადა, რომ მარლსთან შეხვედრაზე სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელვადიანია და მას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს," - განაცხადა შმიგალმა. მისი თქმით, სამხედრო ასპექტში უკრაინა დაინტერესებულია თავდაცვის უნარების გაძლიერებითა და ბრძოლის ველზე წარმატების წინაპირობების დამკვიდრებით. ცნობისთვის, მარტში, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის დრონების კოალიციას შეუერთდა.  

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას ზეიმობს

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც მართლმადიდებლები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მისული მორწმუნეები ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება. წირვა-ლოცვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) აღავლენს.  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს ეწვევა

29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილოებას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. „გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავლი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიზიტი ე.წ. „აგენტების კანონის“ გამო ხელისუფლების კრიტიკის ფონზე ხორციელდება.  

რუსეთი მის ოლქებზე დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა საჰაერო ძალებმა ღამით ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და კალუგის ოლქებში 17 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კალუგის გუბერნატორის ვლადისლავ შაფშას თქმით, სამი დრონი ლუდინოვოს ნავთობის საცავთან ჩამოაგდეს, თუმცა მისივე მტკიცებით, მომხდარს მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. „საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ცხრა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე და სამი კალუგას ოლქის ტერიტორიაზე," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება მათ ვერ შეძლეს. NATO-ს შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სულ მცირე 10% დააზიანა - მედია  

უკრაინა უახლოეს თვეებში შეძლებს ფრონტის ხაზებზე ვითარების სტაბილიზაციას - ISW

უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის ხაზებზე ვითარების სტაბილიზაციას უახლოეს თვეებში რუსეთის შეტევის ფონზე შეძლებენ. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW). „უკრაინამ შესაძლოა, ასევე დაიწყოს შეზღუდული კონტრშეტევითი ოპერაციები 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში,“ - ნათქვამია მოხსენებაში. ISW ანალიტიკოსების აზრით, რუსული ძალები კვლავ განიცდიან ფართო ტაქტიკურ წარუმატებლობას და უკრაინული ძალები კვლავ შეძლებენ ამ წარუმატებლობის გამოყენებას. „უკრაინა შეძლებს, გაანეიტრალოს ბევრი მატერიალური შეზღუდვა, რომელსაც ამჟამად აწყდება და დგამს ზომებს, რათა შეამსუბუქოს თავისი ცოცხალი ძალის გამოწვევები უახლოეს თვეებში, მაგრამ რუსეთი გააგრძელებს საკუთარი უპირატესობების მიღწევას უკრაინის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან ერთად," - ნათქვამია მოხსენებაში.  ISW-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კარგად უზრუნველყოფილი უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, შეძლებენ აღკვეთონ ოპერატიულად მნიშვნელოვანი რუსული წინსვლა რუსეთის მოსალოდნელი ზაფხულის თავდასხმის დროს. „რუსული ძალები მაინც გამოიყენებენ შერჩეულ უპირატესობებსა და ადაპტაციებს, რათა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან უკრაინას ამ ზაფხულს,” - წერს ISW. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.  

უკრაინა ახალ, შორი რადიუსის თავდასხმის დრონებს აწარმოებს - Forbes

უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედ თავდასხმის დრონად კიდევ ერთი სპორტული თვითმფრინავი გადააკეთა. Forbes-ის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის ფრაგმენტები რუსეთში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 600 მილის (965 კმ) მანძილზე აღმოაჩინეს. Forbes-მა გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის კირილ ფედოროვის ფოტო, რომელზეც ნაჩვენებია რუსეთში ჩამოვარდნილი ხელნაკეთი დრონი, თვითმფრინავს შეუძლია 400 მილის გავლა საათში დაახლოებით 100 მილი სიჩქარით, რამდენიმე ასეული კილოგრამის ტვირთით. ერთ-ერთი მათგანი 2 აპრილს, ალაბუგის სპეციალური ეკონომიკური ზონის სამრეწველო კამპუსს დაეჯახა და დააზიანა ქარხანა, სადაც რუსული არმიისთვის „შაჰედის“ ტიპის დრონებს აწარმოებდნენ. Forbes ვარაუდობს, რომ Nynja-ს დრონის ღირებულება მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი დოლარია - ის ბევრად იაფია, ვიდრე მრავალმილიონიანი ფრთოსანი რაკეტა.

იაპონია უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მიზნით შექმნილ კოალიციას უერთდება

იაპონია შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას, რომელიც უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის შეიქმნა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა. „ჩვენ მადლობელნი ვართ იაპონიის, რომ შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისთვის. ამრიგად, კოალიციაში შედის G7-ის ყველა ქვეყანა და მთლიანობაში 36 სახელმწიფო," - ნათქვამია განცხადებაში. 11 აპრილს უკრაინამ რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული და იძულებით გადაადგილებული ბავშვების დასაბრუნებლად, საერთაშორისო კოალიციის შეხვედრაზე კონკრეტული ზომები წარადგინა. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული. რუსეთმა და უკრაინამ, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები პირველად გამართეს

ირანმა ახალი კამიკაძე-დრონი წარადგინა

ირანის სამხედროებმა 28 აპრილს წარადგინეს ახალი მოიერიშე დრონი წარადგინეს. ეს არის მსგავსი დრონი, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო თასიმის ცნობით, ირანის ახალი დრონი, რომელსაც ჯერ სახელწოდება არ აქვს, რუსეთის მიერ წარმოებულ Zala Lancet-ის ტიპის დრონს ჰგავს, რომელიც 2020 წელს გამოუშვეს.  

იტალიას შეუძლია, მთლიანად უარი თქვას რუსულ გაზზე – ენერგეტიკის მინისტრი

იტალია რუსულ გაზზე აღარ არის დამოკიდებული და პრობლემა არ აქვს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ თხევად ბუნებრივ აირზე სანქციების დაწესებასთან, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრი ჯილბერტო პიჩეტო-ფრატინი აცხადებს.  „იტალია ახლა იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია, მთლიანად რუსული გაზის გარეშეც კი დარჩეს,“ - განუცხადა პიჩეტო ფრატინმა POLITICO-ს. იტალია იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზი, მთლიანი გაზის იმპორტის 5%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რაც 2020 წელს 43% იყო. „გვაქვს სხვადასხვა წყარო და რეგაზიფიკაციის ტერმინალები, ამიტომ, საკმარისი მომარაგება გვაქვს, რომ მშვიდად ვიყოთ,“ - აღნიშნა პიჩეტო-ფრატინმა. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა  

აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ სლოგანით, აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ "თავისუფლების მარშს" მართავენ. აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება. დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ და ჯაჭვს შეკრავენ. მათივე თქმით, ეს იქნება “მოქალაქეობრივი ხორუმი.” მსვლელობის მონაწილეებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციის მონაწილეებს თან მოტანილი აქვთ ბანერები შემდეგი წარწერებით; “არ წამართვა მომავალი”, “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, “რუსული მთავრობაც გვყოფნის”, “ჩრდილოეთიდან ერთადერთი მზე ამოდის!”. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით