ძებნის რეზულტატი:
მედია: ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ზონაში ტერიტორია დანაღმა
ჩრდილოეთ კორეამ დაამონტაჟა სახმელეთო ნაღმები კორეათაშორის გზაზე, დემილიტარიზებული ზონის (DMZ) ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს ჰყოფს, განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ოფიციალური პირის თქმით, სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ნაღმებს 2023 წლის ბოლოს აყენებდა სეულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 85 კილომეტრში. გზა დემილიტარიზებულ ზონაში აშენდა 2018 წლის კორეათაშორისი სამხედრო შეთანხმების შესაბამისად. ცნობისთვის, სეულის ამ განცხადებამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მოუწოდა სამხრეთ კორეასთან გაერთიანების ათწლეულის პოლიტიკის გაუქმებისკენ და მათი ურთიერთობების განსაზღვრისკენ - როგორც „ერთმანეთზე მტრულად განწყობილ ორ სახელმწიფოს“ შორის. მას შემდეგ, რაც 1950-53 წლების ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით, მეზობლები ტექნიკურად ომის მდგომარეობაში რჩებიან. ჩრდილოეთ კორეაში, სეულთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა კანონი გააუქმეს
არასამთავროები: რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს
21 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა ცენზურის ფონზე მომდინარეობს.“ „სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კონფრონტაციულ რეჟიმში მიმდინარეობს და კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს და აძევებს დარბაზიდან. ამ დროისათვის სხდომა დაატოვებინეს: თამარ კორძაიას, სალომე სამადაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ლევან ბეჟაშვილს, თამარ ჩარკვიანს, ანი წითლიძეს, ლევან ხაბეიშვილს, ქეთევან თურაზაშვილს. კითხვის დასმის შესაძლებლობა ეზღუდებათ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება „რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო. მოვუწოდებთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება,“ წერენ განცხადების ავტორები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი, სადაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს განიხილავენ, 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა. ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად მივიდნენ და მიმართა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემს. „კომიტეტის თავმჯდომარე გადაიქცა ცენზორად, უთიშავს მიკროფონს ყველას, ვისი აზრიც არ მოსწონს, უბრალოდ კითხვის დასმას ცდილობენ ადამიანები და აძევებს დარბაზიდან და ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი. ჩემ შემთხვევაში, მისი გაბრაზება გამოიწვია კითხვამ. რომელიც ეხებოდა, რომ თუ კი ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვუფრთხით საფრთხეს ამ ქვეყანას, მაშინ რატომ არ ფიქრობენ ისინი, რომ უფრო მეტს საფრთხეს უქმნის ის 26 000 კომპანია, რომლებიც შეიქმნა საქართველოში რუსების მიერ ბოლო წლებში," - ამბობს ლიკა საჯაია. მანამდე, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე გააძევა. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტის საკომიტეტო განხილვიდან, ოხანაშვილმა 8 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა
სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სუს-ის ცნობით, „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ წერს სუს-ი.
სტოლტენბერგი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. სტოლტენბერგი უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად პრესკონფერენციას მართავს. NATO-ს შეუძლია, შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის ფინანსური მხარდაჭერისთვის - 100 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის „დღეს განვიხილეთ იენსის, ინიციატივა შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, 100 მილიარდი ევროს ოდენობით - ხუთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინული მხარისთვის ასეთი ფონდის შექმნის დეტალები მართლაც მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს ორმხრივი ვალდებულებების ხარჯზე, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენს შეთანხმებებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სტოლტენბერგი კიევში: იარაღი უკრაინისთვის არის გზა მშვიდობისკენ
ტაჯიკეთმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ფედერაციის ელჩს ტაჯიკეთში სემიონ გრიგორიევს. ეს დოკუმენტი გამოხატავს შეშფოთებას ნეგატიური დამოკიდებულების სავარაუდო ხშირი შემთხვევების, ასევე, ტაჯიკი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემატიური დარღვევის გამო. რუსეთის ელჩი დუშანბეში დღეს, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთში ყველგან ირღვევა მათი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები. „ნოტაში ნათქვამია, რომ ასეთი მოპყრობა გამოიყენება ექსკლუზიურად ტაჯიკეთის მოქალაქეების მიმართ, რაც ძირეულად შეუთავსებელია ტაჯიკეთ-რუსეთის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ტრადიციებთან,“ - აცხადებენ სამინისტროში.
სტოლტენბერგი კიევში: მოუთმენლად ველი დღეს, როცა NATO-ს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება
„უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. როცა დრო დადგება, უკრაინა შეძლებს დაუყოვნებლივ გახდეს NATO-ს წევრი. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა NATO-ს შტაბ-ბინაში უკრაინის დროშა აღიმართება,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად იარაღი და საბრძოლო მასალა სჭირდება. მისი თქმით, მოსკოვს უნდა ესმოდეს, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დასავლეთს უმოქმედობას ვერ აიძულებს. „რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს. ამავე დროს, მე ვიცი, რომ მხარდაჭერის სერიოზული შეფერხებები სერიოზულ შედეგებს ნიშნავდა ბრძოლის ველზე. თვეების განმავლობაში, აშშ ვერ ახერხებდა დახმარების პაკეტზე შეთანხმებას და ევროპელმა მოკავშირეებმა ვერ შეძლეს საბრძოლო მასალის მიწოდება იმ მასშტაბით, რასაც დაგპირდით. უკრაინა თვეების განმავლობაში იძულებული იყო საბრძოლო მასალის გამოყენება შეეზღუდა. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს და რუსეთმა ფრონტის ხაზის გასწვრივ წინსვლა შეძლო, მაგრამ უკრაინის გამარჯვებისთვის დაგვიანებული არ არის. მეტი მხარდაჭერა გზაშია,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ მაისს, 12:00 საათზე დანიშნა. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს, მიუხედავად იმისა, უამრავ ვიდეოკადრშია დაფიქსირებული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებულიყო და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უსამართლო და უკანონო იყო,“ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა გათვისუფლების შემდეგ მედიასთან. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია
ავსტრალია უკრაინას $100 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტს უგზავნის
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების კიდევ ერთ თავდაცვის საჰაერო პაკეტს უგზავნის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა. პაკეტში შედის: 50 მილიონი აშშ დოლარი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 30 მილიონი აშშ დოლარი ეკიპაჟის გარეშე საჰაერო სისტემებისთვის, 15 მილიონი აშშ დოლარი სხვა პრიორიტეტული აღჭურვილობისთვის. თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ავსტრალიელ პარტნიორებს უკრაინისადმი „მტკიცე მხარდაჭერისთვის.“
„მთავრობას ავუხსნით, რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება მისი ნეგატიური შედეგი“ - პიტერ სტანო
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს არის კანონი, რომელსაც, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციის საწინააღმდეგოდ შეუძლია, იმოქმედოს.“ მან უპასუხა მედიის შეკითხვას, რის გაკეთებას აპირებს ევროკავშირი იმ ფონზე, როცა აღნიშნული კანონპროექტი თბილისში პროტესტის ფონზე განიხილება. კერძოდ, იგეგმება თუ არა რაიმე ევროკავშირის მხრიდან, რათა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვიოს. „ის, რაც ამ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გავავრცელეთ, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ზედამხედველობას უწევენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ხალხს მხარს ვუჭერთ. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება - წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული ღირებებულებების ერთგულებასა და ევროკავშირთან დაახლოების მკაფიო სურვილს და არა დაშორების, რასაც ამ კანონის მიღება აჩვენებს. უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად მკაფიოდ განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს დაშორებას ნიშნავს ქვეყნის მიერ დასახული მიზნიდან, რასაც ევროკავშირთან დაახლოება წარმოადგენს. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე განიხილეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ისაუბრა. ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება, ევროპულ მოლოდინებს არ შეესაბამება და ამ კანონმა, მისი საბოლოოდ მიღების შემთხევაში, შეიძლება, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ინტერაქციაში ვართ პარტნიორებთან, მთავრობასთან და პარლამენტის წევრებთან, რათა მათ ავუხსნათ, თუ რა არის არასწორი ამ კანონში და რა იქნება ამ კანონის ნეგატიური შედეგები. ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, რა შედეგი ექნება საქართველოს დასახულ მიზანზე, რომ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს. იცით, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ანგარიშს ამზადებს. ეს ყველაფერი ანგარიშში აისახება და როგორც სხვა ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოს შემთხვევაში, თუ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის ან პირიქით უკუსვლაა, ეს მოქმედებს საერთო მიდგომასა და სახელმწიფოს პროგრესზე, რომ მიაღწიოს მთავრობისა და ხალხის მიერ დასახულ პრიორიტეტებს, რათა ევროკავშირს დაუახლოვდეს,“ - განაცხადა პიტერ სტანომ.
მამუკა მდინარაძე: აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა უცხოური ქვეყნის მითითებით, კონტროლით, დირექტივით განისაზღვრება - ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ არაგანჭვრეტადი რეგულაციაა
აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობით არცერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში მოხვდეს - აშშ-ის FARA-ს შემთხვევაში, რეესტრში მოხვედრა განისაზღვრება უცხოური ქვეყნის გავლენით, მითითებით, კონტროლით, დირექტივით, - ეს არის განმარტება, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში განაცხადა, უცხოური ძალის გამტარებლის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმი მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტით უფრო მსუბუქია, “რადგან დისკრეციაში არ შედის“. “თუ აშშ-ს შესაბამისმა ორგანომ მიიჩნია, რომ ეს თუ ის ორგანიზაცია უცხოური ქვეყნის გავლენით, დირექტივით, კონტროლით მოქმედებს, ის დისკრეციის შესაბამისად FARA-ს რეესტრში მოხვდება. ჩვენ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რომ გაცილებით მკაცრი და არაგანჭვრეტადი რეგულაციაა. თუ გინდათ, ჩავწეროთ ანალოგიური დისკრეცია, რაც FARA-ში წერია და რასაც “ჩამკეტს“ ეძახით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ინფორმაციისთვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. მმართველი გუნდი ამ დრომდე აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამერიკულია ანალოგია. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას. განხილვის დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ანრი ოხანაშვილი სადავო კანონპროექტის განხილვისას „ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები." შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ მოწყობილ „საყოველთაო შეკრებას“ „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს
„გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მისასალმებლად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
სტოლტენბერგმა ზელენსკი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე მიიწვია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა 9-11 ივლისს ვაშინგტონში, ალიანსის საიუბილეო სამიტზე დასასწრებად. ამის შესახებ ალიანსის ხელმძღვანელმა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „დღეს განვიხილეთ ივლისში NATO-ს სამიტისთვის მზადება. ასე რომ, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ვაშინგტონში,“ - აღნიშნა იენს სტოლტენბრეგმა. მანვე განაცხადა, რომ მოკავშირეები უკვე შეთანხმდნენ ალიანსის უფრო დიდი როლის დაგეგმვაზე უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნების კოორდინაციაში და რომ NATO-ს ასევე სჭირდება ძირითადი, მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად. „მოსკოვს უნდა ესმოდეს: ვერ გაიმარჯვებენ. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. უკრაინა NATO-ს წევრი გახდება,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ზელენსკი: აშშ-ის დახმარების პაკეტი უკვე უკრაინაშია
შეიარაღება, რომელიც შედის ახლახან დამტკიცებულ აშშ-ის თავდაცვის დახმარების პაკეტში, უკვე მიეწოდება უკრაინას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად კიევში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „უკვე დაიწყო პაკეტის ჩამოსვლა, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ჩვენი ჯარის შესავსებად და ბრიგადების შესაბამისი რაოდენობის აღჭურვისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უსაფრთხოების შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. ოსტინმა უკრაინისთვის $1 მილიარდის სამხედრო დახმარების შესახებ 26 აპრილს გამოაცხადა.
იტალიამ რუსეთთან რუბლით ვაჭრობა შეწყვიტა
რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევა, დაამყაროს ვაჭრობა დოლარისა და ევროს გვერდის ავლით, ახალ დაბრკოლებებს აწყდება. იტალიამ რუსეთისთვის მიწოდებული საქონლის გადახდაზე რუბლის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატის (IRTC) ხელმძღვანელმა ფერდინანდო პელაცომ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იტალიის ფინანსური უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო, რომელიც რამდენიმე სამინისტროს აერთიანებს. თებერვალში ამოქმედებულმა მექანიზმმა მხოლოდ ორი თვე იმუშავა და სატესტო პერიოდი მაისამდე უნდა გაგრძელებულიყო. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, გასულ წელს, რუსულმა იმპორტიორებმა უცხოეთიდან მიწოდებული საქონლის 30% რუბლით გადაიხადეს.
ბიძინა ივანიშვილი: საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ
„საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე“, რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, „საქართველოს გარედან მართული რევოლუციური კომიტეტი - უცხოური აგენტურა მართავდა, რომელიც „ენჯეოების“ ხელით დაინიშნენ.“ „საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. 2004-12 წლებში ჩვენ გამოვიარეთეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ, გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვები საქართველოს ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნნენ. არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების გარედან მმართველობამ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისულფების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20%. ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშილის და მისი თანამზრახველების სადისტური, არაჰუმანური, არაპატრიოტული იბუნება იყო, თუმცა სინამდვილესი ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული,“ - განაცხადა ივანიშვილმა. მან უცხოელები „რეჟიმის მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა. „რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს „სააკაშვილს, გვარამის და კეზერაშვილს იმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ.“ „ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იგივე ადამიანების არაჰუმანური, სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ... როცა მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი ენჯეოებისგანაც სრული მხარდაჭერით სარგებლობდა,“ - განაცხადა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, „რეჟიმი“ მხარდაჭერით „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ „როდესაც გარედან დანიშნული უსამშობლო, სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრეს“, ეგონა, 2012 წელს შეასრულა მისია, თუმცა „ეს მიღწევები საკმარისი არ აღმოჩნდა“: „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძნობ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად.“ „ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. 2022 წლის დასაწყისიდან საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩულებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს NATO-ში და ორპირ ქარში დააყენეს. ის „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებს 2008 წლის ომს და რუსეთის აგრესიას უკრაინაში „ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს,“ განაცხადა ივანიშვილმა. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შეფასებით, „ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა“. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, საქართველოს ხელისუფლება გარედან დანიშნო.“ ბიძინა ივანიშვილის თქმით, „მიზანია, რომ საქართველო ახალი სერგო ორჯონიკიძეებისა და ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს.“ „ენჯეოების“ დაფინანსება სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას, ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება და ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან. ერთადერთი მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტის წართმევაა. საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ, მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებით „ენჯეოების“ გამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ისაა, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე. „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან, პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. შეიძლება, დაისვას კითხვა – რატომ გაიწვია გუნდმა კანონი შარშან და რატომ ვიღებთ მას წელს. შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა. მეორე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, რასაც კანონის არგაწვევის შემთხვევაში, შარშან სირთულეები შეიძლებოდა, შექმნოდა. წელს ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. „ნაციონალებმა“ და მათმა პატრონებმა ხალხი ვეღარ მოატყუეს და დღეს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას მყარად უჭერს მხარს. გარდა ამისა, დღეს გვაქვს სრული რესურსი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სახელმწიფოს მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე მივიღოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ. სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. „საზოგადოებაში ისმის ხოლმე კითხვა, ხომ არ ჯობდა დროებითი სიმშვიდით მაქსიმალურად გვესარგებლა და ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონპროექტების განხილვის დაწყებით თავი ზედმეტად არ აგვეტკიებინა და თუნდაც, არჩვენების შემდეგ დაგვეწყო მისი განხილვა. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა გითხრათ: ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ. როდესაც ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რომლებზეც წინასწარ იციან, რომ ხელისუფლება მათ არ გაითვალისწინებს, ცხადია, რომ ამ მოთხოვნების ერთადერთი მიზანი ხელისუფლებისთვის ხელოვნური უხერხულობის შექმნაა. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა:“ ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არა აქვს და მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის, შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენს მიმართ წყენა ისედაც არ აკლია,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ვეტინგი ივანიშვილი ვეტინგის ინსტრუმენტს უცხოური მმართველობის შემოღებას უწოდებს, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს.“ ის ამას ცესკოში მიმდინარე პროცესებს ადარებს, სადაც მისი შეფასებით, „მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა.“ ივანიშვილი ამბობს, რომ „გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც მანამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ.“ „შეგახსენებთ, თუ როგორი გამალებით ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს შერყევას. სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთწოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს. მსგავს მიზანს ემსახურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული მოთხოვნებიც, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა სამართლიანად არ გაითვალისწინა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევის თანახმად, ქართული სასამართლო სამართლიანობისა და ეფექტიანობის კრიტერიუმებით არაერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის სასამართლოსაც კი უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ასახელებენ ვერცერთ საქმეს, რომელიც სასამართლომ პოლიტიკური ხელისუფლების ზეწოლით ან ზოგადად, უსამართლოდ გადაწყვიტა, გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ,“ ამბობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ „არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის.“ „ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს „ნაციონალები“ სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების გასამართლება. საქმეში უშუალოდ ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ მაშინ „ნაციონალების“ დასჯის არავითარი რესურსი არ გვქონდა, ურესურსოდ ნაბიჯების გადადგმა კი მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. კარგად მახსოვს, 2012-13 წლებში კბილებით როგორ იცავდნენ სისხლიან დამნაშავეებს დასავლელი უმაღლესი თანამდებობის პირები. „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს. რადიკალიზმი, ე.წ. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რაც ჩვენს ქვეყანას და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული. რომ არა გარე მხარდაჭერა, საქართველო ეგრეთწოდებული პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეს უმოკლეს ვადებში გაარღვევდა. ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, სადაც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც, გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და მეორე მხრივ, ყველას კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთ-ერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ. ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალურ ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით. საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. არჩევნების შემდეგ კი, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12-წლიანი „მაოხრებელი გზირობისთვის“ იმსახურებს. არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა! ჯერ კიდევ 2014 წელს დავაფუძნე „საზოგადოება 2030“. მაშინ ევროკავშირის წევრობა ძალიან შორეულ პერსპექტივად მოჩანდა და გაწევრიანებაზე საჯაროდ საუბარს ვერიდებოდი, რადგან საზოგადოებას ჩემი ჭარბი ოპტიმიზმი შეიძლებოდა არ მოწონებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ ვხედავდი, რომ საქართველოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება შეეძლო. დღეს, როდესაც 2030 წლამდე სულ რათაც 6 წელია დარჩენილი, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერისა და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკა იზრდება ყველაზე სწრაფად ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის,“ აღნიშნა ივანიშვილმა და გამოსვლა ქართული ფეხბურთის მიღწევაზე საუბრით დაასრულა. „ჩვენი ფეხბურთელების წარმატებამ გაგვიმყარა რწმენა, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელია. ქართველ გულშემატკივარს აუხდა 30-წლიანი ოცნება და საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მჯერა, რომ ეს უდიდესი წარმატება არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ოცნებების ახდენის გზაზე. თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო, ევროკავშირის წევრი საქართველო, გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველო, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა.
„ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია“ - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა „საყოველთაო შეკრებაზე“
“სწორ დროს სწორი სვლის გაკეთება პოლიტიკის მთავარი ხელოვნებაა. ჩემი პოლიტიკური წარსული მაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ამგვარი სვლების გათვლა კარგად შემიძლია,“ განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო“ შეკრებაზე მიმართვისას, როდესაც უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებაზე საუბრობდა. მანვე გაუსვა ხაზი, რომ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც შეგიძლია, საქართველოს ხელისუფლება გარედან დანიშნო.“ ივანიშვილის შეფასებით, „ლგბტ-პროპაგანდისა და „ენჯეოების“ შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა.“ „შარშან კანონის გაწვევას ორი მთავარი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. პირველი, შარშან შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. შესაბამისად, ჩვენი ვალი იყო, თუნდაც, მოტყუებული თანამოქალაქეების შფოთვა გაგვეთვალისწინებინა,“ განაცხადა ივანიშვილმა. „სიფხიზლე არ უნდა უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ,“ ამბობს „ქართული ოცნების დამფუძნებელი. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ „2004-12 წლებში ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ, გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. ივანიშვილის შეფასებით, „გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს.“ “დღევანდელი საქართველო არ არის არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა,“ მიიჩნევს ივანიშვილი. დღესვე, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობიდან მეთორმეტე წელს პირობა დადო, რომ „არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა დანაშაულისთვის.“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას, ვეტინგის ინსტრუმენტს უცხოური მმართველობის შემოღება უწოდა, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით დააკომპლექტოს.“ მიმართვის ბოლოს მან „პირობა დადო, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.“ ბიძინა ივანიშვილი: საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ
გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ის საბრძოლო მასალა და 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა
29 აპრილს გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გამოაცხადა, რომელიც დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანმანქანებს მოიცავს. გერმანიამ უკრაინას 10 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით, ასევე, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღეს გერმანიიდან SKYNEX-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა საბრძოლო მასალებით, თითქმის 30-ათასი საბრძოლო მასალა Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღისთვის, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების დაუზუსტებელი რაოდენობა და სხვა აღჭურვილობა.
კონგრესმენები: აშშ-ის დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება
კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპორექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავებულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს ავალდებულებს უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებას. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პუტინმა ეს კანონი გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, გაეუქმებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა სასტიკი დიქტატორული მმართველობა. „შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება,“ ნათქვამია განცხადებაში. კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ განაგრძობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩართვის გზაზე და მოვუწოდებთ ლიდერებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მოწოდებები წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს და მთავრობისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის კანონის მსგავსი „უცხოური აგენტების კანონი“ საქართველოს ამ გზიდან აშორებს,“ წერენ კონგრესმენები.
Reuters: გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტის გამოყენება
Reuters-ის ცნობით, გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. სააგენტო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს გაეცნო. გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. გაეროს სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში იმყოფებოდა. მათ დამოუკიდებლად ვერ დაადგინეს, კონკრეტულად საიდან ისროლეს ბალისტიკური რაკეტა, თუმცა უკრაინული მხარისგან მიღებული მონაცემები ტრაექტორიის შესახებ მიუთითებს, რომ ხარკოვს ამ რაკეტით რუსეთის ტერიტორიიდან შეუტიეს. გაეროს ექსპერტები უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთის განკარგულებაში ამ რაკეტის არსებობა მიუთოთებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს და დაარღვიეს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამის გამო სანქციები 2006 წელს დაუწესა, მათ შორის, რუსეთის თანხმობით. მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას უარყოფს. 2024 წლის მარტში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტო დაადო ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების დაცვაზე მონიტორინგის ჯგუფის მანდატის გაგრძელებას. შესაბამისად, ამ ჯგუფის 15-წლიანი მანდატის მოქმედების ვადა დღეს, 30 აპრილს ამოიწურება. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენების შესახებ პირველად 2024 წლის 4 იანვარს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება დაიწყო. 9 იანვარს ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა შეუერთდნენ. 2024 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 20-ზე მეტი ჩრდილოკორეული რაკეტა.