ძებნის რეზულტატი:
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე სამართალდამცველი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ წერს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.
თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა
76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა. ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წლის 3 ოქტომბერს, COVID-19-ის პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ამერიკელი სენატორები: საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე, აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა
ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. „მივესალმებით განცხადებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ მისი გადაწყვეტილების საპასუხოდ, აღასრულოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შევიწროებისთვის, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ მოსკოვისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალისხმევასა და რეფორმებს, მუშაობს მთავრობასთან მისი ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომით დაიჯერა, რომ მისი უარი თავისი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს,“ - ნათქვამია განცხადებაში. სენატორების განცხადებით, დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ ტრანსატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების ერთგული რჩება. „სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჩვენი კანონპროექტის, „ქართველი ხალხის აქტის“, დებულებას ასახავს, რომელიც საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას მოითხოვდა. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტით გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას დააკისრებს და ქართველ ხალხს დემოკრატიული გზის გაგრძელებაში დაეხმარება. შეერთებული შტატები მზადაა ხელახალი ჩართულობისთვის მაშინ, როდესაც ხელისუფლება ჩვენი საერთო მიზნების მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,“ - აცხადებენ სენატორები.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები დასრულდა და სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად ბელგიური კომპანია შეირჩა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის მოგება "სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო." „სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულდება საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის იმისათვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა თქვენ იცით, რომ კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე, მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოოდ, დადგინდა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა იუსტიციის სამინისტროს ამისათვის. გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა. საერთაშორისო ტენდერები დასრულდა. შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბელგიური კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. "ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში." "ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება. ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ
გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია. „საზოგადოებამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ჩატარდა პრაიმერიზი, დასრულდა ეს პროცესი. მიუხედავად ხარვეზებისა, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში, როდესაც წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა შეარჩიეს საპარლამენტო სია. სამწუხაროდ, ამ პროცესს პარტიის შიგნით მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება. პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც შედეგები, ისე განსაკუთრებით ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე ამ კონკურენციაში მეორე სიას, რადგან ვთვლიდი, რომ მეორე სიაში უკეთ იყო წარმოდგენილი ის გუნდი, ვინც ლომის წილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც ჩვენს პარტიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. ძალიან რთული მდგომარეობიდან ჩვენს პარტიას ჰქონდა ზრდა, შეიქმნა სერიოზული შინაარსი და კამპანია. ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებმაც დაადასტურეს. სამწუხაროდ, პარტიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ეს ასე არ ჩათვალეს. საკითხი მივიდა სერიოზულ დაპირისპირებამდე. დაისვა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის. მე ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზული კამპანია მიდის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ „ხმების გაფლანგვის საფრთხესთან“, დაკავშირებით, ხმების ჩუქებასთან დაკავშირებით რეჟიმისთვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი დაპირისპირების გაღრმავება შეუძლებელს გახდის კამპანიის წარმატებით ჩატარებას. ასევე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრაიმერიზის წესმა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის აქტიურ მხარდამჭერებს. ეს იყო თავდაპირველი შეთანხმება. სამწუხაროდ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ და მისმა მხარდაჭერებმა, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, როგორც ჩანს, კონკურენციაში მათი ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა. ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო ამ დაპირისპირებისთვის. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას როგორც პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, არ მივიღო მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 11 აგვისტოს. ამასთან, ამ ვითარებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერებთან. ამიტომ, მე ვერ დავრჩები ვერც საპარლამენტო სიაში და ვერც პოლიტიკურ გუნდში. უკვე პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგი წერეთელს, გენერალურ მდივანს აკაკი ბობოხიძეს და იმ გუნდს, ვინც იქ რჩება, ექნებათ საშუალება, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები პარტიის სტრატეგიის და მომავლის თაობაზე,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ. როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც. „მე პარტიის არც თანამდებობის პირი ვყოფილვარ, არც ოფიციალური წევრი, 2021 წლის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას. ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ პარტია მიწასთან იყო გასწორებული და მეგონა, ძველ მანკიერებებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას. თუმცა ვხედავდი რა, გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, ჩემი განზრახვების შესრულებაში ეჭვი მეპარებოდა. ორ წელიწადნახევარი გარედან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ვიმუშავე. რაც ამ ხნის პერიოდში გაკეთდა, ყველაფრის იდეა და განხორციელება იყო იმ გუნდის, რომელსაც წარმოვადგენ,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპული საქართველოს შიდაპარტიული პრაიმერიზი 28 ივლისს გაიმართა. მასში მონაწილეობა 1 896-მა დელეგატმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: სია N1 - 55% და სია N2 - 45%. ორივე სიის მიერ მიღებული შედეგების პროპორციული განაწილების შედეგად სიის პირველი ნომერი გიგა ბოკერია იყო, მეორე - თამარ ჩერგოლეიშვილი.
მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს. საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა. შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, გუშინ მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.
შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირება გაააუმჯობესებს სახმელეთო კავშირს ევროკავშირთან - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ინვესტირება გააუმჯობესებს სახმელეთო კავშირს ევროკავშირთან. ამის შესახებ მან ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ნურტლეუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დაკავშირებადობა კიდევ ერთი საკვანძო სიტყვაა. ეს ორმხრივი ინტერესის სფეროა. მომავალი ინვესტიციები გააძლიერებს სახმელეთო კავშირს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მხარდაჭერით," - განაცხადა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ ჰორიზონტალური საავიაციო შეთანხმება, რომელიც თითქმის მზადაა, გაზრდის საჰაერო კავშირს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის. „ჩემთვის ადვილი იქნება თქვენთან სტუმრობა და ევროპელებს კი მეტი საშუალება ექნებათ, რომ მოვიდნენ და მოინახულონ თქვენი ლამაზი ქვეყანა,“ - აღნიშნა უმაღლესმა წარმომადგენელმა. ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
აშშ-ის ელჩი: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობრები და პარტნიორები
აშშ-ის ელჩმა ისაუბრა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ და განმარტა, რომ ამის მიზეზი გახდა „ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა, კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ.“ „ნება მომეცით დავიწყოთ იმით, რომ გავიმეორო შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკელი ხალხის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს ხალხის მიმართ. ჩვენ უკვე 33 წელია, პარტნიორები ვართ. 33 წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ერთად დავეხმარეთ სკოლებისა და კლინიკების აშენებაში. ჩვენ ეს გავაკეთეთ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას საქართველოს ხალხისთვის. თქვენ იკითხეთ სახელმწიფო მდივნის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას. რატომ გავაკეთეთ ეს? ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებებზე, რაც ძალიან გვაწუხებს - ზოგიერთი ანტიდემოკრატიული ქმედება, როგორიცაა, კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ასევე სხვა ქმედებები და ცრუ განცხადებები აშშ-ის შესახებ, ნეგატიური რიტორიკა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის შესახებ. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას, გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. გუშინ კი, მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა, რომ ამ განხილვის შედეგად, ის აჩერებს ჩვენი დახმარების გარკვეულ ნაწილს, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიეწოდება. ჩვენ ვაგრძელებთ სტუდენტების, მასწავლებლების, ფერმერების, მცირე ბიზნესის მფლობელების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერას. ასევე გაგრძელდება ჩვენი დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, ყველაფერი განხილვის პროცესშია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებებმა და დეზინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავეხმაროთ ქართველი ხალხის მისწრაფებების რეალიზებას, გახდეს დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრი. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედი მაქვს, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობრები და პარტნიორები,“ განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
აშშ ადასტურებს 16 პატიმრის, მათ შორის, კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს რუსეთში უსამართლოდ დაპატიმრებული - ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, საბოლოოდ ბრუნდებიან სახლში, გათავისუფლებულებს შორის არიან პოლ უილანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმერ კარა-მურზა. ბაიდენის თქმით, „ამერიკა მოლაპარაკებებს აწარმოებდა 16 ადამიანის გათავისუფლებაზე რუსეთიდან, მათ შორის, ხუთი გერმანელისა და რუსეთის შვიდი მოქალაქის, რომლებიც პოლიტპატიმრები იყვნენ საკუთარ ქვეყანაში.“ „გარიგება, რომელმაც უზრუნველყო მათი გათავისუფლება, იყო „დიპლომატიის ტრიუმფი.“ ამ ქალებისა და კაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყო დაკავებული. ყველამ გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა,“ აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი. „მადლობელი ვარ ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ ამ შედეგის მისაღწევად მკაცრი, რთული მოლაპარაკებების განმავლობაში - მათ შორის, გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ეს არის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, გყავდეთ მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ენდოთ და დაეყრდნოთ. ჩვენი ალიანსები ამერიკელებს უფრო უსაფრთხოს ხდის. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: მე არ შევწყვეტ მუშაობას, ვიდრე მთელ მსოფლიოში უსამართლოდ დაკავებული ან მძევლად მყოფი ამერიკელი არ დაუბრუნდება ოჯახს. ჩემმა ადმინისტრაციამ სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ასეთი ამერიკელი, რომელთაგან ბევრი ტყვეობაში იმყოფებოდა ჩემს თანამდებობაზე მოსვლამდე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ოჯახი იტანჯება და განცალკევებულია საყვარელ ადამიანებთან და მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამ ამერიკელების სახლში დაბრუნებაა,“ წერია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. დღესვე, რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებულ ამერიკელებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვდება. ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მათთან შეხვედრის მიზნით, ჰიუსტონიდან ვაშინგტონში ბრუნდება. მანამდე, თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MIT) გაავრცელა ცნობა, რომ ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის გაიცვალა 26 დაკავებული პირი. მისივე თანახმად, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებულია გათავისუფლებული - ისინი შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელორუსში. „გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის, ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს,” - ნათქვამია განცხადებაში. MIT ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულია რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი (რედ. კრიგერი ბელორუსის ლდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეიწყალა), რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი. ამასთან, გერმანიამ რუსეთს გადასცა ვადიმ კრასიკოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. თურქული მხარე აცხადებს, რომ ის გაცვლაში შუამავლის როლს თამაშობდა; ახდენდა პროცესის კოორდინაციას და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ამასთან, პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ივლისში თურქეთში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა იყო. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ევან გერშკოვიჩისა და პოლ უელანის შეწყალების შესახებ. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსი პატიმრების შინ დაბრუნების მიზნით - იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია "რია-ნოვოსტი." დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ ფარგლებში რუსეთის ციხეებიდან მიერ გათავისუფლებული პატიმრები რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. "რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკრეტებს, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეები, უილან პოლ ნიკოლასი, ევან გერშკოვიჩი და 11 სხვა პატიმარი შეიწყალეს. შესაბამისი განკარგულებების ხელმოწერის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იყო მიღებული," - წერია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ცნობისთვის, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
ევროკავშირი საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს
“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე, ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა. სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური “სერიოზულად შეშფოთებული რჩება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, ხოლო სადავო კანონის ძალაში შესვლა, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე “უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.” მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტების საქართველო ოფიციალურ პირებთან - “ისეთების გარდა, რომლებიც არსებული ვითარებიდან გამოსასვლელი გზის ძიებაზეა ფოკუსირებული.” “[საქართველოს] მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” - განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს 22 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს. „14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. 7 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება.
შოლცის თქმით, ხანგოშვილის მკვლელის „დეპორტაცია მარტივი გადაწყვეტილება არ იყო“
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელორუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის მარტივი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის „დეპორტაცია.“ ფედერალური კანცლერის თქმით, სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ, რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. „არავისთვის არ იყო ადვილი სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მკვლელის დეპორტაციის გადაწყვეტილება,“ აღნიშნა შოლცმა. „პატიმრობის აღსრულების სახელმწიფო ინტერესი უნდა შეესაბამებოდეს რუსეთში დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების და პოლიტიკური მიზეზების გამო უსამართლოდ დაპატიმრებულთა თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ვალდებულება, დავიცვათ გერმანიის მოქალაქეები, ისევე როგორც სოლიდარობა შეერთებულ შტატებთან,” - განაცხადა კანცლერმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ გააძლიერა აშშ-გერმანიის მეგობრობა. კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს შოლცი დაუბრუნდა რუსეთის და ბელარუსის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ და მედიას უთხრა, რომ გერმანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ ეს ეჭვი გაუქრება. პირველ აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის, სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, ისინი არავის გაუფრთხილებია მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ რეალიის" ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ცატაევამ განუცხადა. მისი თქმით, ამ შესაძლებლობაზე ხმები ჯერ კიდევ კრასიკოვის სასამართლო პროცესების დროს გაჩნდა, თუმცა მაშინ ადვოკატებმა ამას ნაკლებსავარაუდო უწოდეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა მანამდე კრასიკოვს მისჯილი სამუდამო პატიმრობის ვადის დიდი წილი უნდა ჰქონოდა მოხდილი. „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს გაცვლაზე. ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს, რომ დაზარალებულების აზრი გერმანიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა,“ - განაცხადა ხანგოშვილის ქვრივმა. საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. დასავლური მედიასაშუალებები 2023 წლიდან წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობებზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაეხსნა. კრასიკოვს და ამერიკის და ევროპის ციხეებიდან გათავისუფლებულ სხვა რუსებს წუხელ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, ანკარიდან ჩამოსული თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერს, რომ პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან" და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის." კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო „ტასს" მოჰყავს პუტინის სიტყვებიც, რომ დასავლეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა მოქალაქე წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე. პატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ამერიკული გამოცემა WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე - რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. ბელორუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც „ტერორიზმის“ ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და შემდეგ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ შეიწყალა.
აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
აზერბაიჯანი გახდა დამატებითი შესაძლებლობა სლოვენიისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბოიან კუმერმა. მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) გაფორმებულ ბოლო შეთანხმებას, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს ქვეყნის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ლუბლიანაში საუბრისას კუმერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გარიგება გზას გაუხსნის გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას არამხოლოდ ორ კომპანიას, არამედ, ორ ქვეყანას შორისაც. „ამის წყალობით, ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ და უსაფრთხოდ მივაწოდეთ სლოვენიას ბუნებრივი აირი მომავალი ზამთრისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა. კუმერმა ასევე გაამხილა, რომ 2024 წლის 17 ივლისს ბაქოში ვიზიტის დროს მან მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, რათა შეესწავლა ორივე ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვა სფეროებში, როგორიცაა, წყალბადი, ხელოვნური ინტელექტი და განახლებადი ენერგიის წყაროები. ცნობისთვის, სოკარმა სლოვენიაში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო. მანამდე, 17 ივლისს SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანია Geoplin-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. SOCAR-მა არ გაასაჯაროვა სლოვენიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა. „სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს,“ განაცხადა SOCAR-მა. აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 2023 წელს 5,3%-ით გაიზარდა და მან 23,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 3,5%-ით გაიზარდა და მან 11,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია იმავე წელს. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი 2024 წელს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს განახორციელებს, მათ შორის, 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროპისკენ წავა. ალიევი: აზერბაიჯანს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ ევროპულ ქვეყნებს გაზი მიაწოდოს აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო
ძიუდოს ტურნირზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ ტედი რინერს დაუპირისპირდა. ქართველმა თანაბარ ორთაბრძოლაში ვაზარი გაუშვა და რინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც გურამ თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა
შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ოპონენტი და ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, ვენესუელის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა და გამარჯვების შესახებ მადუროს პრეტენზია უარყო. „აბსოლუტური მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის და, რაც მთავარია, ვენესუელელი ხალხისთვის ნათელია, რომ ედმუნდო გონსალეს ურრუტიამ ვენესუელაში 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ირგვლივ დაპირისპირებამ ვენესუელაში პროტესტი გამოიწვია. ვენესუელის საარჩევნო საბჭომ 28 ივლისის არჩევნების გამარჯვებულად 51%-იანი მაჩვენებლით აღიარა მადურო, რომელიც 2013 წლიდან სათავეშია. მაგრამ ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ მისი ხმების დაახლოებით 90%-იანი მაჩვენებელით, გონსალესმა მოქმედი პრეზიდენტზე ორჯერ მეტი მხარდაჭერა მოიპოვა. Reuters-მა სამშაბათს დაწერა, რომ ვაშინგტონი სადავო არჩევნების შემდეგ ახალ სანქციებს განიხილავს. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ვენესუელაში დემოკრატიული ნორმების აღდგენის პროცესს და მზად ვართ, განვიხილოთ მისი გაძლიერების გზები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა ბლინკენმა. ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილება განმარტა. „სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან,“ - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ. დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა. ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება. "რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ "ვივამედშია" მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება? თქვენ დასაბუთებად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ არ მიიმალოს, საფრთხეები ჩამოთვალეთ. „ვივამედში“ მოთავსებული, ბადრაგირების ქვეშ მყოფი პირი როგორ უნდა მიიმალოს? საღი აზრის დონეზე, როგორ უნდა ვთქვათ, ადამიანს კიდევ სამი წელი რომ აქვს მოსახდელი - „ვივამედიდან“ , მაგალითად, თოკებს ჩამოჰფენს, თუ ბადრაგები განახორციელებენ მის გათავისუფლებას?"- განაცხადა ბასილაიამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არცერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია. ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.
ბაიდენის თქმით, "ჰამასის" ლიდერის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, არ ეხმარება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ღაზის სექტორში მიმდინარე ომში. ჰანიეს მკვლელობაზე ეს ბაიდენის პირველი კომენტარი იყო. შეკითხვას, ჰანიეს მკვლელობამ შეამცირა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები, პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს - ხელს არ უწყობს.“ ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ხუთშაბათსვე, პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და რომ მას დაჰპირდა, „დაიცავს ისრაელს "ირანის ყველა საფრთხისგან.“ ცნობისთვის, ირანში მომხდარზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს მთავრობას არ აუღია, მაგრამ მან აღინიშნა, რომ ბოლო დროს, ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ირანის მარიონეტებს, მათ შორის, „ჰამასს“ და ლიბანში დაფუძნებულ „ჰეზბოლას“. ირანი ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერად უპასუხებს. ამ კვირის დასაწყისში ისრაელმა და „ჰამასმა„ ერთმანეთი მოლაპარაკებებში პროგრესის შეფერხებაში დაადანაშაულეს. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელმა ახალი პირობები წამოაყენა, ხოლო ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ წინადადებაში 29 ცვლილება მოითხოვა. "ჰამასის" განცხადებით, მათი ლიდერი“ ისმაილ ჰანიე ირანში მოკლეს
მინისტრის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს. „მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სამინისტრო გადახედავს პროექტებს, რომ "მის განვითარებას შეფერხება არ ჰქონდეს". მანვე წუხილი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით "ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული." თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „დაპაუზდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევითი პროექტები და CDC-ის დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა.“ მანვე აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. „აშშ-ის CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC-ს დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მონაწილეობა. სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება. ლუგარის ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს,” - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მანამდე, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს - იგივე ლუგარის ლაბორატორიას - ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის, კერძოდ, რამდენიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდა, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, USAID-მა საზაფხულო სკოლის დაფინანსება შეაჩერა
6 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის დაფინანსება USAID-მა შეაჩერა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დეტალების შესახებ არ საუბრობებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ტარდება. საკითხს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. „საქართველოს სახელმწიფო მოქმედებს იმ ბიუჯეტით, რომელსაც ქართველი ხალხი ავსებს. ვისაც უნდოდა, რომ თანაზიარი ყოფილიყო სხვადასხვა განვითარებისა, მათ შორის, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამას. როცა ეს ხდება შანტაჟის ინსტრუმენტი ქართველი ხალხის მიმართ, არ არის სწორი მიდგომა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს უმასპინძლა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველწლიური პროექტი - საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა იურისტებში კონსტიტუციური კონტროლისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. შეგახსებთ, 6 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირდაპირ დახმარებას აჩერებს.
ბორელი: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი სრულდება, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბორელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია. ამასთანავე, ბორელი მიუთითებს, რომ რუსეთის წარმომადგენლობა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონებში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის, ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.