ძებნის რეზულტატი:

უნგრეთმა ჩინური ბანკებისგან რეკორდული მოცულობის ვალი აიღო - POLITICO

უნგრეთმა 2024 წლის აპრილში, სამი ჩინური ბანკისგან ერთი მილიარდი ევროს (1 მილიარდი დოლარი) სესხი აიღო - ყველაზე დიდი მოცულობის სესხი, რაც კი ოდესმე ამ სახელმწიფოს აუღია. იტყობინება Politico 25 ივლისს, უნგრეთის ვალის მართვის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით. „უნგრეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულად მაღალია, 140 მილიარდი ევრო (მშპ-ს 73,5 პროცენტი) და ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6,7 პროცენტი, ბუდაპეშტს ნაღდი ფული უიმედოდ სჭირდება. ბუდაპეშტი კვლავ ელოდება მილიარდობით ევროს ევროკავშირის ფონდებში,“ წერს გამოცემა. სესხი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკის, ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და ჩინეთის ბანკის უნგრეთის ფილიალის მიერ არის გაცემული, სამი წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. „სასესხო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა, დაფინანსდეს ინვესტიციები ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სექტორში, სხვა სექტორებთან ერთად, ხოლო სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან 28,9%-ის ფარგლებში შეინარჩუნოს,“ წერს Politico. თავად ოფიციალურ ბუდაპეშტს გარიგების შესახებ არ გამოუცხადებია. ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი, რაც სამთავრობო ვალის სააგენტოს მონაცემები ამ ზაფხულს გამოქვეყნდა. სააგენტო სესხის სხვა დეტალებს, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთს და დაფარვის გრაფიკს არ ასაჯაროებს. უნგრეთი აქტიურად აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან, რასაც მოწმობს მაისში სი ძინპინის ვიზიტი ბუდაპეშტში, რომლის დროსაც, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ივლისში ასევე ეწვია პეკინს ე.წ. „სამშვიდობო მისიის“ ფარგლებში. ორბანის ე.წ. დიპლომატიურმა ძალისხმევამ, კერძოდ, მისმა შეხვედრებმა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან, ევროკავშირის თავმჯდომარეობის „საფარქვეშ“, მთელ ევროკავშირში აღშფოთება გამოიწვია. ბრიუსელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის მიუხედავად, ვიზიტები ევროპულ ბლოკსარ წარმოადგენს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომზე ორბანის პოზიციის გამო, ევროკავშირი მინისტრების შეხვედრას ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გამართავს  

აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გასაძლიერებლად, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სიმძლავრეს აფართოებს - მედია

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) სიმძლავრის გაზრდაზე მუშაობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქოს სურს, ევროპაში გაზის ექსპორტის გაზრდის ამოცანა შეასრულოს. „2021 წელს ევროპას სულ 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება; 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ  წლიურ ექსპორტს 16 მილიარდი კუბური მეტრამდე,“ განუცხადა Trend-ს წყარომ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება.  ცნობისთვის, სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) არის ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ახდენს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სანგაჩალის ტერმინალიდან (შეიქმნა შაჰდენიზის საბადოს ექსპლუატაციის პირველ ფაზაში) საქართველო–თურქეთის საზღვრამდე. SCP მილსადენი პარალელურად მიჰყვება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის (BTC) ნედლი ნავთობის მილსადენს აზერბაიჯანსა და საქართველოში და გრძელდება თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც ის უერთდება თურქეთის ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემას. სამშენებლო პროცესი დაიწყო 2004 წელს და დასრულდა 2006 წლის ბოლოს. მილსადენის სიგრძეა 690 კმ, დიამეტრი – 42’’, ხოლო სისტემის საპროექტო წარმადობა – 7მლრდ. კუბ. მ. (მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთში დაიწყო 2006 წლის სექტემბერში. 2010 წელს SCP- ს დღიური გამტარიანობა იყო დაახლოებით 12.5 მილიონი კუბური მეტრი აირი, ანუ დაახლოებით 73,500 ბარელი ნავთობის ექვივალენტი დღეში. SCP–ს ადგილმდებარეობას ასახავს სურათი 1-1, სადაც SCP–ს აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაკვეთები აღნიშნულია წითლად, ხოლო თურქეთის გადამცემი სისტემა ქალაქ ერზერუმამდე – ლურჯად.  

სანდრო ბაზაძე: ძალიან იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვარ, მაგრამ ფარიკაობას თავს არ დავანებებ

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მსაჯთა გადაწყვეტილებით, ეგვიპტელ ამერთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ ფარიკაობა ის სპორტია, სადაც წლებია, „განუკითხაობაა და საშინელებები ხდება.“ „ყველგან ამას ვამბობდი, მსაჯი თუ წესიერი იქნება, მე ოლიმპიადას აუცილებლად მოვიგებ-მეთქი,“ - წერს ბაზაძე . სანდრო ბაზაძე ამბობს, რომ ფარიკაობაში ოლიმპიური ჩემპიონობა, პირველივე დღიდანვე მისი მიზანი იყო, მაგრამ მას „ამის საშუალება არ მისცეს: „მე არ დავანებებ თავს, იმის მიუხედავად, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ და გულგატეხილი,“ - წერს სანდრო ბაზაძე. შეგახსენებთ, ქართველი მოფარიკავე ოლიმპიადაზე ასპარეზობას 1/8 ფინალური ეტაპიდან, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ გამოეთიშა, რასაც სანდრო ბაზაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.  "საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ, სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი," წერს ფარიკაობის ფედერაცია გავრცელებულ განცხადებაში.  

ყაზახეთმა ხორბლის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

ყაზახეთის მთავრობამ ყველა სატრანსპორტო საშუალებით ხორბლის იმპორტის აკრძალვა 2024 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია. ყაზახეთმა რესპუბლიკაში ხორბლის იმპორტის დროებითი აკრძალვა თავდაპირველად, 2024 წლის 12 აპრილს შემოიღო. „სატრანსპორტო საშუალებებით ყაზახეთის ტერიტორიაზე ხორბლის შემოტანის აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდა. კვლავ რჩება ქვეყანაში ხორბლის შემოტანის საფრთხე რუსეთის ფედერაციის საზღვრისპირა რეგიონებიდან სახმელეთო გზით. კომისიამ ასევე გაითვალისწინა მარცვლეულის მოსავლის პროგნოზები, რომელიც მოსალოდნელია ყაზახეთში გასულ წელთან შედარებით,“ ნათქვამია ინფორმაციაში.  

ერდოღანის თქმით, თურქეთი, შესაძლებელია, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებას პალესტინელების დასახმარებლად ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ, ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა 28 ივლისს, ღამით, სოციალურ ქსელ Х-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოღანს „კაცობრიობის სინდისის ხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის, ისრაელი, ღრმა პანიკაშია. Reuters-ის ცნობით, 28 ივლისს პრეზიდენტმა ერდოღანმა ქალაქ რიზეში, მმართველი პარტიის შეკრებაზე გამოსვლისას, კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის ომი პალესტინის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ თურქეთი ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა ისრაელს მსგავსი მოქმედების საშუალება არ ჰქონდეს. მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, ისრაელშიც შევიდეს, ისევე როგორც ყარაბაღსა და ლიბიაში შევიდა, თუმცა ერდოღანმა არ დააკონკრეტა, რა სახის ინტერვენციას ვარაუდობდა. დღეს, 29 ივლისს, განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მისი მიხედვით, „ნეთანიაჰუს გენოციდსაც" ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს. უფრო ადრე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასს „გამათავისუფლებელი" უწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი, ჰიტლერს შეადარა. ცნობისთვის, 2020 წელს თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა გაეროს მიერ აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ანკარა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად „სამხედრო ოპერაციაში“ პირდაპირ მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა აცხადებდა, რომ ყველა საშუალებას იყენებდა მოკავშირე აზერბაიჯანის დასახმარებლად. ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა  

შუა დერეფნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 65%-ით გაიზარდა

ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე (TITR) ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2024 წლის პირველ ნახევარში 65%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა 2,1 მილიონ ტონას მიაღწია, იუწყება აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის მთავრობაზე დაყრდნობით. მანამდე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სატჟან აბლალიევმა განაცხადა, რომ წელს TITR-ით ტრანსპორტირების მოცულობა 4,2 მლნ ტონამდეა დაგეგმილი. 2023 წელს TITR-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და გადაზიდვებმა 2,7 მლნ ტონა შეადგინა. შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპის ქვეყნებამდე ვრცელდება. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს  

იტალიამ და ჩინეთმა სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

იტალიამ და ჩინეთმა კვირას, 28 ივლისს, სამწლიან სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. მელონის მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაზრდას ელექტრომობილებისა და განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას განაცხადა, რომ ის პეკინთან "ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვას" ცდილობს. მისი ხუთდღიანი ვიზიტი ხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, რაც იტალიამ ჩინეთის „ერთი სარტყელი და გზის ინიციატივა“ დატოვა. მელონი ჩინეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრემიერს ლი ციანს შეხვდა. ჩინეთში თავის ვიზიტზე საუბრისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფაზის დაწყების სურვილის დემონსტრირება. მიუხედავად ამისა, იტალია ჩინეთთან სხვაგვარად ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობების განხორციელებას ემხრობა. Stellantis-მა, მსხვილმა ავტომწარმოებელმა, რომელიც იტალიურ Fiat-ს მოიცავს, მაისში გამოაცხადა, რომ ერთობლივი საწარმო ჩამოაყალიბა Leapmotor-თან - ელექტრო მანქანების ჩინურ სტარტაპთან, რათა ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვა დაეწყო. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ლი ციანის ოფისმაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა მიზნად ისახავს ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაზრდას მცირე და საშუალო ზომის წარმოებებს შორის გემთმშენებლობის, აერონავტიკის, ახალი ენერგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იტალიური მხარე იმუშავებს ჩინეთთან, რათა უზრუნველყოს უფრო სამართლიანი და არადისკრიმინაციული ბიზნეს გარემო იტალიაში,“ განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა. თავის მხრივ, მელონიმ ბიზნეს ლიდერებს განუცხადა, რომ ორმა მხარემ ხელი მოაწერა სამრეწველო თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს ელექტრომანქანებს და განახლებად ენერგიას.  

ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს. ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ. ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს  - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ. არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება.  მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება.  ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.  

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის, რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას შემოდგომიდან დაიწყებს. ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩის შორის ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „Air China-ს დელეგაცია ამ და სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაცია, დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს მიაწოდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე.“ მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ ძალიან დიდი სტიმული მისცა სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. მისი თქმით, ხელმოწერის შემდეგ ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა მიმდინარე მოლაპარაკებებს ჩინეთის ავიაკომპანიებთან, Air China - სთან კი აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულება დააჩქარა. „Air China-ს ხელმძღვანელებთან შევთანხმდით, რომ საერთო ძალისხმევით განვაგრძობთ საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში, რათა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა. იმედს გვაქვს, რომ გაიზრდება იმ ჩინური ქალაქების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში პირდაპირი ფრენები შესრულდება. მათ შორის, პეკინიდან და შანხაიდან,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 103-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირველი ასეულის რეზერვისტთა პირადმა შემადგენლობამ 8-დღიანი საველე სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეზერვისტების წვრთნები დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში განხორციელდა. რეზერვისტებმა ბრძოლაში ჩართვის, საბრძოლო რაიონების მხარდაჭერის, ოპერაციის რაიონის მეთვალყურეობისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. სწავლებაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება. „სიმულაციური სცენარით გათვალისწინებულ მხარდამჭერ და უსაფრთხოების ოპერაციებში რეზერვისტებისა და სამხედრო მოსამსახურეების კოორდინირებული მოქმედებები სწავლების ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა,“ აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

სიკორსკის თქმით, რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. რადოსლავ სიკორსკის შეფასებით, რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები. მისივე განცხადებით, „რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მიზანია მიაღწიოს მშვიდობას მისი პირობებით, უფრო კონკრეტულად კი უკრაინის კაპიტულაციის შედეგად, უკეთ შემთხვევაში, დასავლეთის კაპიტულაციის შედეგად.“ „თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით დაიწყო საზღვრების ცვლილება. ეუთო იყო ევროპაში უსაფრთხოების სტაბილიზაციის იდეა რუსეთის მონაწილეობით. მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში რუსეთს ეუთო მოსწონდა, რადგან მასში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, თუმცა ახლა მან დაარღვია ყველა პრინციპი და ამას მივყავართ სწორ დასკვნამდე, რომ რუსეთთან როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება. ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მას მიაჩნია, რომ ახლა დასავლეთში მიმდინარეობს პოლიტიკური ელიტის ცნობიერების „დერუსიფიკაცია. „უკვე აღარავინ საუბრობს რუსეთის ტრანსფორმაციაზე ვაჭრობის გზით,“ - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.  

სომხეთი სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორებს უმასპინძლებს

სომხეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები ჩადიან. გარდა პროფესიული ჩართულობისა, ინვესტორთა ტურის პროგრამა ასევე მოიცავს კულტურულ აქტივობებს. ექსკურსიები ისტორიულ ღირშესანიშნაობებში, ადგილობრივი სამზარეულოს განსაკუთრებული ნიმუშების დეგუსტაცია, მონაწილეობა ტრადიციულ დღესასწაულებში. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (WCIT) პრესტიჟული გლობალური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიო IT და სერვისების ალიანსის (WITSA) მიერ არის  ორგანიზებული. WCIT აერთიანებს ტექნოლოგიურ ლიდერებს, ინდუსტრიის პროფესიონალებს და მთავრობის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, რათა გამოიკვლიონ და ჩამოაყალიბონ ტექნოლოგიური სფეროს მომავალი და მისი გავლენა საზოგადოებაზე.  

აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია

აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია. საუბარია „კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე.“ შესაბამისი განცხადება აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობათაშორისი კომისიის (ISC) აზერბაიჯანელმა თანათავმჯდომარემ საჰილ ბაბაევმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების საკითხებს შორის იყო და რომ სერბეთის მონაწილეობა პროექტში ძალიან სასარგებლო იქნება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კამალ აბასოვმა აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე მუშაობა კარგად მიმდინარეობს და მასში ჯერჯერობით ოფიციალურად არიან ჩართულნი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები. „ამ პროექტზე შემდეგი შეხვედრა სექტემბერში ბუქარესტში გაიმართება და ერთობლივი საწარმო ოფიციალურად დაფუძნდება. ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა წლის ბოლომდე დასრულდება,“ - განაცხადა აბასოვმა.  

აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოყო

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს. თავდაცვის პაკეტები HIMARS-ის, NASAMS-ის და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის RIM-7-ის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებსა და 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს მოიცავს. პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ აშშ 50-მდე პარტნიორთან და მოკავშირესთან მუშაობას გააგრძელებს. შეერთებულმა შტატებმა, 2022 წლიდან, უკრაინას 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.  

საგარეო უწყებაში, უცხოელ დიპლომატებს ცხრა დათქმის შესრულების საკითხზე ესაუბრნენ

„დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს,“ - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ასუნსიონ სანჩეს რუისმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა, მათი აზრით, თუ რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით, რომელიც კომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შარშან, საკუთარ რეკომენდაციაში გამოყო. შეხვედრაზე ჩვენ საბჭოს დასკვნები აღვნიშნეთ, რომლებიც ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ 27 ივნისს მიიღო და რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთებას გამოხატავს, განსაკუთრებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის უკანდახევას ნიშნავს, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ეს ტენდენცია შეცვალოს, რომელიც დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს იყო ოფიციალური სიტყვა, ჩვენ გადავდეთ, გავყინეთ 30 მილიონი, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, ასევე, შევამცირეთ მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობა, მთავრობისთვის ჩვენი დახმარების გადახედვას ვაწარმოებთ და ამას შემდგომი განცხადებები მოჰყვება,“ - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა IPN-ის ცნობით. მისი თქმით, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. „ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება,“ - აღნიშნა ასუნსიონ სანჩეს რუისმა. თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელბულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სამინისტროში მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებას ეხება. „2024 წლის 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ევროკავშირმა საქართველოსთვის, 2024 წლისთვის, ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერა შეაჩერა - ელჩი  

EBRD თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურას 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. თანხა თბილისში წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.  პროექტი EBRD Green Cities-ის ფარგლებში ხორციელდება - ეს არის პროგრამა, რომელმაც უკვე დაუჭირა მხარი რვა პროექტს თბილისში, მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მეშვეობით. დღეისათვის ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 299 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კი, კერძო სექტორზე მოდის.  

იუსტიციის მინისტრი ანაკლიის პორტის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. „პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას. არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია. „არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის,“ - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“, რომელსაც წლების წინ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 29 ივლისს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მან და კონსორციუმის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ 2020 წელს შეიტანეს, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად. მას დეტალებზე არ უსაუბრია. „სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია,“ - წერდა ხაზარაძე.  საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას 29 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. „სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა, რა თქმა უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე - ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: "ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი." საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.  

უნგრეთმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა - მედია

უნგრეთმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობები გაამარტივა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა RND-ი ავრცელებს. გერმანული გამოცემა RND წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბუდაპეშტმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ე.წ. „ეროვნული ბარათების“ პროგრამაში ჩართო, რომელიც ორი წლის ვადით გაიცემა და უნგრეთში მუშაობის მსურველთათვის ვადის გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. „რამდენიმე დღეა, რუსები ყოველგვარი უსაფრთხოების შემოწმების გარეშე უნგრეთის გავლით ევროკავშირში შესვლასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებას ახერხებენ. ახლა დიდ შფოთვას იწვევს ის, რომ ევროკავშირში შეიძლება რუსი ჯაშუშებიც მოხვდნენ ან კრემლმა ევროკავშირში ტერაქტების განსახორციელებლად რუსები მიზანმიმართულად გაგზავნოს“, - წერს RND. გამოცემა უნგრეთის ქმედებას პროვოკაციულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ევროკავშირში უკმაყოფილებას იწვევს, რადგან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისადმი მიწერილ წერილში მანფრედ ვებერი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნგრეთის ნაბიჯმა გამოიწვია "სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების შეშფოთება." რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა ევროკავშირში და შენგენის ზონაში, რომელშიც ასევე შედის ევროკავშირის არაწევრი ნორვეგია და შვეიცარია, თუ მათ აქვთ მოქმედი ვიზა და არ აქვთ კავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. მაგრამ, დასავლეთის სანქციები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, მოიცავს რუსეთის საკუთრებაში არსებული ავიახაზების აკრძალვას ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, რაც ართულებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბლოკში გამგზავრებას. ორბანი, რომელსაც აკრიტიკებენ პუტინთან მეგობრული კავშირების გამო, ამ თვის დასაწყისში დამატებითი კრიტიკის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც კიევის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ევროკავშირის ექვსთვიანი როტაციული თავმჯდომარეობით, ორბანმა ეს ვიზიტი "სამშვიდობო მისიად" შეაფასა, მაგრამ ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის მათ არ წარმოადგენდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ორბანმა უარი განაცხადა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რეგულარულად აჭიანურებდა, ამცირებდა ან ბლოკავდა ძალისხმევას, კიევისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნისა და მოსკოვისთვის სანქციების დაწესებისათვის.  

ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ფრონტის ხაზზე დაიღუპა ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. რადიო თავისუფლების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.