ძებნის რეზულტატი:
პირველი აგვისტოდან დაიწყება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით“ გათვალისწინებულ ბაზაში რეგისტრაცია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ყველა ვადა კანონშია მითითებული. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება,“ ბრეგაძემ ასე უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს და რა მოხდება, თუ ისინი „უცხოური გავლენის გამტარებლად" რეგისტრაციაზე უარს იტყვიან. კითხვას, არის თუ არა მზად ტექნიკური ბაზა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მინისტრი პასუხობს, რომ „ყველაფერი მზადაა.“ რაც შეეხება შეკითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების „ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება. „კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში - „ოფისებში შესვლა“ წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება. არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ნიღბებით ვერცერთ ტელევიზიაში ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენელს. შემიძლია დაგამშვიდოთ. ეს არის და ეს. პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ. შეგახსენებთ, საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი კრიტიკისა და კანონის მოწინააღმდეგეთა ფართო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. 6 ივნისს ამერიკამ საქართველოს მმართველი გუნდის წევრები დაასანქცირა. 12 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ვიზიტი სამი გზავნილით შეაჯამა და განაცხადა, რომ აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიიდან ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
საქართველომ განჯაში ახალი გენერალური კონსული დანიშნა
საქართველომ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში ახალი გენერალური კონსული დანიშნა. იუწყება აზერბაიჯანული Report. ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ნიაზ ბაირამოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ახალდანიშნულ გენერალურ კონსულ კახაბერ აბდალაძესთან. საუბრისას ბაირამოვმა ხაზი გაუსვა ქალაქის სამრეწველო პოტენციალს და ახსენა ისეთი ძირითადი საწარმოები, როგორიცაა, განჯის საავტომობილო ქარხნის წარმოების ასოციაცია, AzerAluminium OJSC, Ganja Sharab-2. ბაირამოვმა ასევე აღნიშნა პირველი სამრეწველო ფეთქებადი მასალების წარმოების ქარხნის ახლახან ამოქმედება, რომელსაც AzerBlast LLC, AzerGold CJSC-ის შვილობილი კომპანია მართავს. „შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებს. გენერალურმა კონსულმა აბდალაძემ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს. მან აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორივე ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობამ. შეხვედრა დასრულდა ამ კავშირების შემდგომი გაფართოების პოტენციური ნაბიჯების განხილვით, რასაც მოჰყვა სამახსოვრო საჩუქრების გაცვლა,“ წერს აზერბაიჯანული მედია.
ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ახლად კობახიძემ არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება. ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. კობახიძე მაისშიც იმყოფებოდა ირანში, როდესაც ის და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.
თურქმა და სომეხმა დიპლომატებმა შეხვედრა გამართეს საზღვრისპირა არეალში
ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, თურქი და სომეხი დიპლომატები 30 ივლისს ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვრისპირა არეალში შეხვდნენ. ამის შესახებ ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაცხადეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რუბენ რუბინიანი და სერდარ ქილიჩი, წარმომადგენლები ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარების სფეროში, შეთანხმდნენ, რეგიონულ გარემოებებთან შესაბამისად შეაფასონ ტექნიკური საჭიროება, რაც უზრუნველყოფს სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტის, ახურიკ/ალიაქას მუშაობას. მარგარა-ალიჩანში გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ რუბინიანი და ქილიჩი შეთანხმდნენ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის სავიზო პროცედურების შემსუბუქებაზე. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარების მიზნით, შეთანხმდნენ პროცესის გაგრძელებაზე რაიმე პირობების გარეშე. ბოლო შეხვედრაზე, ვენაში, მხარეებმა სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ ამას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ივლისს ეწვია გამშვებ პუნქტ მარგარას (თურქ. ალიჩანი), რომელიც შეაკეთეს ამოქმედების მოლოდინში. სომხეთი აცხადებს, რომ ერევანი ესწრაფვის თურქეთთან ურთიერთობის სრულ ნორმალიზებას, საზღვრების გახსნის და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ჩათვლით.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია აირჩიეს.“ „როგორც ჩვენს 29 ივლისის განცხადებაში აღვნიშნეთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულნი არიან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციით გაჟღერება აირჩიეს. მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესაბამისი კონტექსტის ფარგლებში გააზრება. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, მთავრობის დიდი ხნის კამპანია ანაკლიის პორტის თავდაპირველი პროექტის (მას შემდეგ, რაც თავდაპირველად მთავრობამ მოიწონა პროექტი) და ამ პროექტის ინვესტორების წინააღმდეგ საჯაროდ ცნობილია. არბიტრაჟს არ დაუდგენია, რომ კამპანიამ პროექტის წარუმატებლობა გამოიწვია. ADC-ის მიმართ დამდგარი შედეგის მიუხედავად, ჭეშმარიტად სამწუხარო ის გახლავთ, რომ მთავრობის ამ ქმედებებმა შედეგად გამოიწვია პროექტის განვითარების წლობით დაყოვნება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მილიონობით მიუღებელი გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში და მისაღები შემოსავალი, რითიც საქართველოს მოქალაქეები სარგებელს მიიღებდნენ. ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება, გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. ამ ყველაფერში ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს მოსახლეობას მცდარი, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი დაუხატეს. აღნიშნული კი, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. სინამდვილეში, ეს იყო მწვავე დავა (გადაწყდა 2-1-ის წინააღმდეგ) და ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ADC-ის მიერ დაყენებულმა მოთხოვნებმა მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრა და გააჩინა ლეგიტიმური კითხვები. რეალური სურათის აღსაქმელად: პირველ რიგში, სამი არბიტრიდან, ერთ-ერთმა დაწერა განსხვავებული აზრი ADC-ის სასარგებლოდ. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ტრიბუნალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის სასარგებლოდ; მეორე, მინისტრმა რატი ბრეგაძემ არასწორად აღნიშნა, რომ ADC-ის მოთხოვნა შეადგენდა 1.5 მილიარდ დოლარს. რეალურად, მოთხოვნა აღნიშნული თანხის მესამედზე ნაკლები იყო; მესამე, მთავრობას, ADC-ს წინააღმდეგ დაყენებულ ყველა მოთხოვნაზე ერთხმად ეთქვა უარი; მეოთხე, მთავრობის სასარგებლოდ არ მომხდარა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მიუხედავად იმისა, რომ ADC-ს დაევალა ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს მოთხოვნა, ADC-ს აენაზღაურებინა სახელმწიფოს მიერ გაწეული საგულისხმო ოდენობის სამართლებრივი და სხვა სახის ხარჯები, არ დაკმაყოფილდა,“ – აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულმა არცერთმა ქმედებამ არ შეუწყო ხელი ADC-ს, რათა მას ანაკლიის პორტის პროექტი რეალურად განეხორციელებინა. „უმრავლესობის გადაწყვეტილების რეალური საფუძველი გახლდათ ის, რომ, მთავრობის ქმედების მიუხედავად, ADC-მ აიღო რისკი იმისა, რომ მთავრობა ძირს გამოუთხრიდა პროექტს. ხელშეკრულება არ გვაძლევდა რაიმე გარანტიას აღნიშნულის წინააღმდეგ. გადაწყვეტილებით არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ მთავრობამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პროექტისათვის არასახარბიელო იყო. გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფაქტს ადგენს, რომ ADC-მ აიღო ის რისკი, რომ მთავრობა არ იქნებოდა ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი და ამის ნაცვლად, მოახდენდა ფოთის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი კატეგორიულად არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ მთავრობამ დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება. სამწუხაროდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების იმ განმარტებით, რაც ტრიბუნალის უმრავლესობამ დაადგინა, მთავრობა არ იყო ვალდებული, მხარი დაეჭირა პროექტისთვის. ასე რომ, ვიწრო სამართლებრივი ხედვით, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უპირატესობა, თუმცა რეალურად დაზარალებული ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაა, რადგან მთავრობა არ განახორციელებს პროექტს იმგვარად, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობას თავდაპირველად დაჰპირდა. აღნიშნულმა საქართველოს მოქალაქეებს დააკარგვინა ათიათასობით სამუშაო ადგილი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში სათანადო სტატუსი. მთავრობას ჯერ კიდევ არ განუხორციელებია ანაკლიის პორტი, მიუხედავად მრავალი დაპირებისა – ტენდერის გამოცხადებიდან ოთხ-ნახევარი წლის შემდეგ, პროექტი ჯერ კიდევ არ არსებობს. ღია კითხვად რჩება, ანაკლიის პროექტის მიმართ ხელისუფლების ქმედებამ გამოიწვია თუ არა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების დარღვევა. ეს საკითხი გადაწყდება ICSID-ის ცალკეულ საარბიტრაჟო განხილვაში, რომელიც ADC-ის ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა ჰოლანდია-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში წამოიწყო და რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. იუსტიციის მინისტრი ანაკლიის პორტის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა
"ჰამასის" განცხადებით, მათი ლიდერი“ ისმაილ ჰანიე ირანში მოკლეს
"ჰამასის" „პოლიტიკური ლიდერი“ ისმაილ ჰანიე, ოთხშაბათს, ირანში მოკლეს. ამის შესახებ ნათქვამია დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღირებული "ჰამასისა" და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტური ქვედანაყოფის განცხადებებში. "ჰამასის" განცხადებით, ის „თეირანში, მის რეზიდენციაზე, სიონისტების საჰაერო თავდასხმაში" მოკლეს. სამშაბათს, ისმაილ ჰანიე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. „დღეს დილით, თეირანში, ისმაილ ჰანიეს რეზიდენციაზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის და მისი დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოწამეობრივად დაიღუპა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს და მალე გახდება ცნობილი," - აცხადებენ რევოლუცის გუშაგთა კორპუსში. „ძმა ლიდერ ისმაილ ჰანიეს, "ჰამასი", დიდ პალესტინელ ხალხს, არაბული და ისლამური ერების ხალხებს და მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს, მოწამედ უცხადებს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, "ჰამასის" განცხადებაში. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბიბს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ირანსა და პალესტინას შორის კავშირს გააძლიერებს. „თეირანში, ისმაილ ჰანიეს მოწამეობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას, პალესტინასა და წინააღმდეგობას შორის ღრმა და განუყოფელ კავშირს გააძლიერებს,“ - განაცხადა ნასერ ქანაანმა. რუსეთმა და თურქეთმა თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვა დაგმეს. „ეს აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მიზნად ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში გავრცელებას ისახავს. „თეირანში, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სამარცხვინო მკვლელობას ვგმობთ,“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ამ დრომდე, კომენტარი არ გაუკეთებია ისრაელს. 30 ივლისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს, მოკლა "ჰეზბოლას" უმაღლესი რანგის მეთაური - გოლანის მაღლობებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, რომელმაც სამი დღის წინ 12 მოზარდი იმსხვერპლა. „ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
“აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში“ - ო'ბრაიენი საქართველოს მმართველ გუნდს უკან დაბრუნების გზას სთავაზობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა. მან ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. ამერიკის ხმის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებდათ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავდნენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე. „როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ. ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და NATO-სკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ ["ქართულმა ოცნებამ"] NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი, სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიონი ვიყოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რადგან საქართველო ითხოვს, შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი - ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა,“ - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა და განმარტა ის ნაბიჯები, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა. „საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ჩვენ ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს... მაგრამ, გვინდა, მკაფიოდ ვუთხრათ მმართველ პარტიას, რომ იქნება რეალური შედეგები... პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები,“ - ამბობს ო’ბრაიენი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბლოკის განმარტებით, საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ეს, შესაძლოა, ფორმალურად რამდენიმე თვეში გადაიხედოს. რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა და განხილვა გრძელდება და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, შემდგომი სანქციების ობიექტებად განიხილებიან არამხოლოდ ისინი, ვინც კორუფციით სარგებლობენ, არამედ, ასევე განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული. ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან: „თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა - რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი. ო’ბრაიენმა კონგრესის ძალისხმევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ნათელი იყოს, რომ ამ საკითხზე ორპარტიული თანხმობა არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ერთგულ მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცდარი გზაა. ამასთანავე, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე. ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მ "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს. „რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენც შემოგიერთდებით, ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. ასევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ," - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. დასასრულს, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ არ ესმის, „რატომ არ უსმენს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც აშკარად არ უნდა იმ გზით წასვლა, საითაც ახლა მიდიან“, რის პასუხადაც ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კურსით კმაყოფილი მხარე მხოლოდ რუსეთია. სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს
ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი შეიწყალა
ბელორუსის ლდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გერმანიის მოქალაქე, სიკვდილმისჯილი რიკო კრიგერი შეიწყალა. ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტა" წერს. უფრო ადრე, 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კრიგერმა შეწყალების თხოვნა დაწერა. მინსკის რაიონულმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი მას ივნისის ბოლოს გამოუტანა. გავრცელებული ინფორმაციით, რიკო კრიგერს განაჩენი არ გაუსაჩივრებია. კრიგერი დამნაშავედ ცნეს დაქირავებულ საქმიანობაში, ჯაშუშობაში, ტერორიზმში, "ექსტრემისტული ფორმირების" შექმნაში, უკანონო მოქმედებებში ცეცხლსასროლ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მიმართებით, სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების წყობიდან განზრახ გამოყვანაში. საქმე ეხება 2023 წლის ოქტომბერში მინსკთან ახლოს, ოზერიშჩეს რკინიგზის სადგურზე, მომხდარ აფეთქებას. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ბელარუსის ოფიციალური მედია ამტკიცებდა, რომ კრიგერი უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა. გასულ კვირას სახელმწიფო ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც კრიგერმა განაცხადა, რომ მოქმედებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით და რომ "მოატყუეს". მან ასევე აღნიშნა, რომ ნანობს იმის გამო, რაც ჩაიდინა და შეწყალების იმედი გამოთქვა. უცნობია, რა ვითარებაში იყო გადაღებული ეს ვიდეო.
საპატრიარქო: დიდად ვწუხვართ ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო
საქართველო საპატრიარქო პარიზის ოლიმპიადის გახსნის შესახებ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „საპატრიარქო უერთდება მკრეხელური დადგმებით გამოწვეულ საერთო აღშფოთებას.“ „დიდად ვწუხვართ საფრანგეთში ოლიმპიადის გახსნის დროს ნაჩვენები გარკვეული სცენების გამო და ვეთანხმებით მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც, სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი: „ძალიან სამწუხაროა, რომ … პარიზში, ჩვენ მოწმენი გავხდით ქრისტიანობისა და წმინდა სახარების შეურაცხმყოფელი წარმოდგენებისა, რაც, ასევე, შეურაცხყოფდა ყველა ცივილიზებულ ადამიანს, რომელიც აღიარებს რწმენის უფლებას და პატივს სცემს რელიგიურ სიმბოლოებს.“ ჩვენც, ჩვენი მხრივ, ვუერთდებით საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
შაჰინი საქართველოს საკითხზე: მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი მკაფიო იყოს იმის შესახებ, რომ ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს
„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად," - განაცხადა შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება" და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია." სენატორის თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც იქ, [საქართველოში] ეს ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია." აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა. მან ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. ამერიკის ხმის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებდათ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავდნენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე. სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, საქართველოს შესახებ ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც. სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ სურს, ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი.“ რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა. “აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში“ - ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოს მმართველ გუნდს უკან დაბრუნების სამ გზას სთავაზობს
კობახიძე: ირანი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა რეგიონში, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ირანში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე „რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი.“ მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, რატომ იყო ის თეირანში ჩასული და უქმნიდა თუ არა უხერხულობას იქ გაჟღერებული შეძახილები („სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“). მან „სამარცხვინო სპეკულაცია“ უწოდა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ჰამასის“ ლიდერებთან ერთად ინაუგურაციაზე ყოფნას. „მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი. ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა. რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი იყო უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი. აქ იყვნენ მათ შორის, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს, ლომჯარიას ჰქონია პირადად დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება ამ თემის აწევა, თუმცა მაინცდამაინც დიდი წარმატება არ აქვს, თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია," - განაცხადა პრემიერმა.
Reuters: ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების - „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“ ფონზე დადო
Reuters-ის ცნობით, ირანის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო. „ჩვენ შევეცდებით მსოფლიოსთან ღირსების, სიბრძნისა და მიზანშეწონილობის საფუძველზე კონსტრუქციულად და ეფექტურად ვითანამშრომლოთ,“ - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. „ისინი, ვინც იარაღს მათ აწვდიან, რომლებიც ბავშვებს კლავენ, მუსლიმებს კაცობრიობის შესახებ ვერ ასწავლიან,“ - აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა. ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ესწრებოდნენ. „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე დღეს თეირანში, საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
ო'ბრაიენის თქმით, აშშ-მ სომხეთთან ახალი პლატფორმა შექმნა, რათა დაეხმაროს მას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში
30 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის ქვეკომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას წარმოადგინა სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით ახალი სავაჭრო გზის კონცეფცია, რაც საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთსა და ჩინეთზე. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დემარკაციის პროცესზე შეთანხმდნენ. ჯიმ ო'ბრაიენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი ო'ბრაიენმა ასევე ისაუბრა რეგიონული კავშირების განბლოკვასა და რუსეთზე. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთთან ახალი პლატფორმა შექმნა, რათა დაეხმაროს მას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში. მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა რუსეთმა ვერ შეძლო. „სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთიგან კიდევ უფრო დაშორება სურს. ასე რომ, ჩვენ ვქმნით პირობებს, რომ ეს მოხდეს.“ ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის სამშვიდობო ძალისხმევას. ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა: „შეხედეთ რუკას. ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოუდგენლად მდიდრები არიან და ამჟამად მათი ერთადერთი ვარიანტი გლობალურ ბაზრებზე (წვდომის) ძირითადად რუსეთის ან ჩინეთის გავლით არის. თუ ჩვენ შეგვიძლია, გავხსნათ მარშრუტი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და სომხეთზე, მაშინ მათ ექნებათ წვდომა გლობალურ ბაზრებზე და გაცილებით ნაკლები იქნება დამოკიდებული რუსეთსა და ჩინეთზე. ეს ყველაფერი ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ საკუთარი გზები გლობალურ ბაზრებზე.” უფრო ადრე, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი. აშშ-მ და ევროკავშირმა სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადეს
საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა
საქსტატის 2024 წლის ივნისისთვის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა. ივნისში მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა სფეროებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; მშენებლობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; ტრანსპორტი და დასაწყობება; პროფესიული; სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 9%-ით გაიზარდა.
პატელის თქმით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს. „ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს," - აღნიშნა პატელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ბრეგაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.
კობახიძე: ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
„ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. „ხაზარაძე როდესაც საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას – ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ კუთხით ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება,“ – განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ჯეიმს ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან, რისთვისაც სამ ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა, ის, რომ „არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.“ „თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა - რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი.
ადვოკატი: რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანის ადგილსამყოფელი უცნობია
რუსეთში პატიმრობაში მყოფი აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის ადვოკატმა ოლგა კარლოვამ 31 ივლისს განაცხადა, რომ არ იცის, სად იმყოფება მისი კლიენტი. უილანს 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ჯაშუშობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფს. რუსეთის სახელმწიფო მედია იმოწმებს ოლგა კარლოვას, რომელიც იტყობინება, რომ მორდოვეთში მდებარე ციხის ადმინისტრაციამ, სადაც იხდის პატიმრობას უილანი, უგულებელყო მისი თხოვნა, დაადასტუროს, იმყოფება თუ არა მისი კლიენტი ციხეში. კარლოვამ დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ კავშირი გაუწყდა კლიენტთან და დახმარებისთვის მიმართა საზოგადოებრივი მეთვალყურეობის კომისიის ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფს. 29 ივლისს რუსეთის რამდენიმე ცნობილი პირი, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით იმყოფებიან პატიმრობაში, გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დარჩა, თუმცა ისინი უცებ გადაიყვანეს სხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.
ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს
შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს, 31 ივლისს განაცხადა, რომ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შემდეგ, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობის "ანტიდემოკრატიულ ქმედებებს" უკავშირებს. ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. „23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოვაცხადე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით,” - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.
ბაკურციხე-წნორის 18-კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დაასრულა და გზა ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა. უწყების ცნობით, აშენდა 18-კმ-იანი ასფალტ-ბეტონის 2-ზოლიანი მაგისტრალური გზა, 6 ხიდითა და გარე განათების სისტემით, სადაც, საქართველოში პირველად, გამოყენებულია ენერგოეფექტური მზის პანელები. „ბაკურციხე-წნორის გზა, ალაზნის ველის მხარეს აშენდა და საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვარი - შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ახალი გზა გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს: ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს. ახალი გზის გახსნამდე, ავტოტრანსპორტი მოძრაობდა 7 მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში და გამოირჩეოდა მაღალი ინტენსივობითა და მზარდი საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობით. შესაბამისად, არ იყო უზრუნველყოფილი საგზაო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საგზაო მოძრაობის ნორმები. დღეიდან ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფლებში გავლა. სატრანსპორტო ნაკადები გადაინაცვლებს ბაკურციხე-წნორის მაგისტრალურ გზაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტს. საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბაკურციხე-წნორის ახალი მაგისტრალური გზა სამჯერ ამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ ზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას. ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 87.8 მილიონი შეადგინა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაგეგმილია დასახლებებში გამავალი ძველი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია, სადაც დაიგება ახალი საფარი, მოეწყობა სადრენაჟე არხები და ტროტუარი,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატელი: მზად ვართ, დამატებითი ქმედებები განვახორციელოთ, თუ საჭიროება იქნება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიეკრის მოადგილემ ვედანტ პატელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის, თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, სულ უფრო აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტში ისაუბრეს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე 95 მილიონი აშშ დოლარის გაყინვის შესახებ და განმარტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო გადაიდგა. აშშ „აგრძელებს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“ პატელის თქმით, აშშ მზად არის, დამატებითი ქმედებები განახორციელოს, თუ საჭიროება იქნება „დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარების 95 მილიონ დოლარს გაყინავს, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა წასულიყო. აშშ ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედებებისა და ტყუილის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და NATO-ში წევრობის ნორმებს. გვახსოვდეს, რომ ქართველის ხალხის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას სულ უფრო აშორებს მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებისგან. გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, რომ დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “უცხოური გავლენის” კანონის გაწვევით, სხვა პრობლემური კანონპროექტების გაწვევით, თავისი დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებითა და არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალედ ჩატარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით. ეს ქმედებები შესაბამისი იქნება დემოკრატიული პარტნიორის მიერ აშშ-ის მხრიდან დახმარების მიღებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულ გამომწვევ მომენტშია. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. გავაგრძელებთ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ეს [ორმხრივი ურთიერთობების] გადახედვა, რომელიც ახსენეთ, მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ დამატებითი შესაბამისი ქმედებები განვახორციელოთ, თუ ამის საჭიროება იქნება,” - განაცხადა პატელმა. მისივე განცხადებით, აშშ ამავდროულად გააგრძელებს უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. „დახმარების პროგრამები, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ “ქართული ოცნების მთავრობისთვის, გაჩერებული იქნება, ამავდროულად გავაგრძელებთ უფრო ფართო ორმხრივი ურთიერთობების შეფასებას. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამების შეიძლება, მოდიფიცირებული იყოს, რათა რესურსები არასამთავრობო ერთეულებს გადაეცეს, რომლებიც კონკრეტულ სექტორში მუშაობენ," - აღნიშნა პატელმა.