ძებნის რეზულტატი:
ყაზახეთი აზერბაიჯანს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, გაზის სექტორში პროექტების ერთობლივად განხორციელებას სთავაზობს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, გაზის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა ასტანაში. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების პირველ შეხვედრაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ყაზახეთი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან იწყებს გლობალური პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, ქვეყანა ასევე აქტიურად განიხილავს ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის Kambarata HPP-1-ის მშენებლობას ყირგიზეთთან და უზბეკეთთან. „ამ კუთხით, მე გამოვდივარ შეთავაზებით, რომ განიხილებოდეს მსგავსი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა რეგიონის სახელმწიფოებთან, კერძოდ, გაზის ინდუსტრიაში,“ - აღნიშნა მან. მისივე თქმით, დღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევებია ენერგომომარაგების სტაბილურობის გლობალური დარღვევა, ნავთობისა და გაზის ფასების მერყეობა და სხვა ფაქტორები. „ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ამ გამოწვევების პროგნოზირებისა და მართვის მექანიზმების შემუშავება, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება,“ - აღნიშნა სატკალიევმა. მან ასევე მოუწოდა კოლეგებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ენერგეტიკული ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების გზით.
პოლონეთმა და ნორვეგიამ Leopard-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს
პოლონელმა და ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების მორიგი ჯგუფის წვრთნა დაიწყეს. პოლონური მხარის ცნობით, Leopard 2A4 NATO-ს არმიების მთავარი საბრძოლო ტანკია. „სამხედრო ინსტრუქტორები ნორვეგიიდან და პოლონეთიდან ცდილობენ, უკრაინელი იუნკერების მომდევნო ჯგუფს მისცენ შესაძლებლობა, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნების დროს. სწავლება არის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის ნაწილი. უცხოელ ინსტრუქტორებს სურთ მისცენ უკრაინელებს საშუალება, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები წვრთნებში, რათა შემდეგ მათ შეძლონ სხვა უკრაინელების მომზადება ძირითადი საბრძოლო ტანკის სამართავად. მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერის გაზრდას. ვაშინგტონის სამიტზე აღებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, უკრაინას სულ მცირე 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გავუწევთ მომდევნო წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. დროთა განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები პარტნიორების დახმარებით, წვრთნებს გადიან, რათა გაუმკლავდნენ რუსულ აგრესიას.
რუმინეთი და სერბეთი გაზის ინტერკონექტორის მშენებლობას იწყებენ
მოკრინის კვანძთან, BRUA-ს მილსადენთან (Petrovaselo east of Timișoara in Romania) დაკავშირებით, სერბეთი ბუნებრივი აირით მომარაგების კიდევ ერთ წყაროს მიიღებს. რუმინეთმა და სერბეთმა გაზის ინტერკონექტორის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუჯა და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრი დუბრავკა ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩი ესწრებოდნენ. ორმხრივი გაზსადენი სერბეთში 13 კილომეტრი და რუმინეთში 86 კილომეტრი, მისი სიმძლავრე კი, წელიწადში 1,6 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. სერბული მონაკვეთი 2027 წლისთვის დასრულდება. რუმინეთი და სერბეთი ფაქტობრივი მშენებლობის დაწყებას მომავალ წელს აპირებენ. ეს პროექტი მთავარ ნაბიჯად განიხილება ორივე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ბაზრების რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებით, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით. „დღეს რუმინეთმა და სერბეთმა გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემების ურთიერთდაკავშირებისთვის. მემორანდუმი არის საფუძველი, რომ ორივე ქვეყანა დაიწყებს BRUA-Mokrin-ში ინვესტიციას. ამავდროულად, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ ელექტროენერგიის ურთიერთკავშირების დასაჩქარებლად,“ განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჯამ. მისივე თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული სისტემების დეინსულარიზაცია და მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია - ასევე, რუმინეთის პოზიციონირება, როგორც რეგიონული ლიდერის ენერგეტიკულ სექტორში და გეოპოლიტიკური სტაბილურობის გარანტის ფუნქცია, უმნიშვნელოვანესია. „ეს კომბინირებული ელემენტები, ისევე როგორც თავად ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, ქმნის ნდობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და მთელი რეგიონის განვითარებას,“ აღნიშნა მინისტრმა. თავის მხრივ, ჯედოვიჩ ჰანდანოვიჩმა გამოაცხადა ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მორიგი ეტაპის დასაწყისი და აღნიშბა, რომ ის ხუთ ათწლეულზე მეტ ხანს გაგრძელდა. „სერბეთი ხდება შეუცვლელი სატრანზიტო ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როდესაც საქმე ეხება გაზის მიწოდებას,“ აღნიშნა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი ასევე ხელს უწყობს ე.წ. ვერტიკალური გაზის დერეფანს. ინიციატივა საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, მოლდოვისა და უკრაინის დაკავშირებას ითვალისწინებს.
კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა
დემოკრატიული პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მინესოტის გუბერნატორი, 60 წლის ტიმ უოლცი იქნება, რომელიც ეროვნული გვარდიის ვეტერანია. დემოკრატი გუბერნატორი მინესოტადან ყოფილი კონგრესმენია, ის ამერიკის კონგრესში 12 წელი მსახურობდა. როგორც გუბერნატორი, მინესოტაში უოლცი ამერიკული მედიის ინფორმაციით ფართო პოპულარობით სარგებლობს. შტატში დემოკრატები ორივე პალატაში ლიდერობენ. მედია წერს, რომ ამის გამო გუბერნატორმა იქ რამდენიმე რეფორმა წარმატებით გაატარა. მათ შორის ასახელებენ: აბორტზე ქალების ხელმისაწვდომობის გაზრდას; რეკრეაციული მარიხუანის ლეგალიზაციას; იარაღზე წვდომის შეზღუდვას; სკოლებში ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფას და ახალშობილთა მშობლებისთვის ანაზღაურებული შვებულების შეღავათის გაფართოებას. 60 წლის უოლცი შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ვეტერანია. მას მასწავლებლობის და ახალგაზრდებთან მუშაობის ხანგრძლივი სტაჟიც აქვს. პარალელურად გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში შეხვედრები აქვთ დაგეგმილი პენსილვანიაში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, არიზონასა და ნევადაში. საარჩევნო კამპანიას განაგრძობს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვენსი. ვენსი ამ კვირაში პენსილვანიაში გეგმავს ამომრჩევლებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას.
რა საკითხებზე ესაუბრა პრეზიდენტი მედიას
„ბევრი მცდელობა შეიძლებოდა“ - პრეზიდენტი პატიმართა გაცვლის პროცესში მთავრობის უმოქმედობაზე მიუთითებს ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის იდეას იმეორებს: „არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება“ „თქვენც და მეც არ ვიცით, რაზე ვაწერთ ხელს“ - პრეზიდენტი ანაკლიაში ჩინური კომპანიის შემოყვანაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება, 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესების შესახებ 50 სხვადასხვა მედიასაშუალების შეკითხვებს უპასუხა. საქართვერლოს პრეზიდენტი 2 საათის განმავლობაში ტელევიზიების, რადიოების, ჟურნალ – გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების, უცხოური ბიუროების წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ,,ქართულ ქარტიას“, საქართველოს ევროპულ კურსს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, ასევე აშშ-ის დახმარების შეჩერებას შეეხებოდა. ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. „ქართული ქარტია“ პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე „ქართული ქარტიის“ ბევრი დეტალი განმარტა. დოკუმენტს, რომელიც რეფორმების საგზაო რუკას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დადაწყებად და 2025 წელს ახალი არჩევნები გაიმათება, ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოაწერეს ხელი. ზურაბიშვილმა უარი თქვა სპეკულაციაზე, თუ ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი ან ვინ იყრის კენჭს ქარტიის წარმატების შემთხვევაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიებმა ახლა რეფორმების განხორციელებაზე უფრო უნდა გაამახვილონ ყურადღება, ვიდრე ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებაზე. მისი თქმით, ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე. კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მხარეების მიერ ქარტიაში ასახული დაპირებების შესრულებას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას ის თავად გააკეთებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რათა მხარეებს პასუხისმგებლობა დააკისროს მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ პრინციპებიდან ნებისმიერი გადახრა, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნდობისა და მხარდაჭერის დაკარგვას გამოიწვევს 2025 წლის არჩევნებზე. ქარტიაში ასახული რეფორმების განხილვისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე, სადაც, მისი თქმით, „კლანური მმართველობაა“. მან მკაცრად დაგმო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე და განაცხადა, რომ კლანის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ხელისუფლებაც კი, მისი მძევალია. მოახლოებული არჩევნები პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მოიცავს „ქართული ქარტიის“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების ნდობის გაღვივებას ქარტიისა და მასში ჩართული პარტიების მიმართ, და „ევროპული ფრონტის“ მხარდაჭერას. პრეზიდენტის თქმით, იგი არ არის პარტიული კამპანიის წევრი, არამედ იგი ევროპული კამპანიის ლიდერია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მომავალ არჩევნებზე თითოეული ხმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიესალმა რა ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ გაერთიანებას, მან განაცხადა, რომ მცირე პარტიები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, დამოუკიდებლად მონაწილეობით არ უნდა დაეხმარონ „ანტიევროპულ“ ქართულ ოცნებას, რომ მათი „დაკარგული ხმებით“ ისარგებლოს. პრეეზიდენტი ასევე შეეხო ემიგრანტების ხმების საკითხსაც და განაცხადა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა სხვადასხვა ინიციატივები ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას დაეხმარება. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ განუმარტა საზოგადოებას ბოლოდროინდელი ნაბიჯები, როგორიცაა ხელისუფლების ევროპული კურსიდან გადახვევა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება, ქვეყნის „იზოლაცია“ და „დასუსტება“, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების თაობაზე ხალხის სიხარულის „გათელვა“. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, “რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი [ირაკლი ღარიბაშვილი], რომელიც კორუმპირებული იყო… მაგრამ მერე აბრუნებს, ახალ პოზიციაზე სვამს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] როგორც პრემიერს.” ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას აკლია ივანიშვილის ახსნა-განმარტებები, გარდა ორი გრძელი გამოსვლისა [გულისხმობდა ივანიშვილის 29 აპრილის და 16 ივლისის გამოსვლებს], რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, სავსე იყო სიძულვილით საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ხაზი გაუსვა რა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ ხელმძღვანელობაზე ივანიშვილის გავლენას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ის საზოგადოების წინაშე მართლაც ვალდებულია, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია.“ აშშ-ის დახმარების გაყინვა პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს აშშ-ის განცხადებები და ქმედებები საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სწრაფი და მკაცრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მოსალოდნელი იყო და არ გააკვირვებდა მას, დახმარების შემცირება „არ შეიძლება“, შეეხოს ქართულ არმიას და ლუგარის ლაბორატორიას. „ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, დაისაჯოს ეს მთავრობა და უნდა დასაჯონ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქართული ჯარი, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი თავდაცვა, ის დაისაჯოს. მით უმეტეს, ის მთლიანად არის შექმნილი ამერიკის მიერ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის ამ საკითხის განხილვას ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან გეგმავს, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მალე ეწვევა.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. სამხედრო დაპირისპირება რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება ჯერ კოდორის ხეობის გარშემო დაიძაბა. კრემლმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი, ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო, რასაც სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა. სოხუმიდან ოჩამჩირემდე რკინიგზის აღდგენა დაიწყო, რის შემდეგაც ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა. სიტუაცია ცხინვალის გარშემო 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს, რის შემდეგაც, ორმხრივი სროლები გახშირდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს. ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებზე შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ, უკან დაიხია. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. ომის დაწყებამდე თვეებით ადრე, ისევე როგორც საომარი მოქმედებების დროს, რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტაქტიკას იყენებდა, როგორიცაა საინფორმაციო ოპერაციები, ენერგეტიკა, ეკონომიკური და სავაჭრო შანტაჟი, კიბერშეტევები, ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობის „პასპორტიზაცია“ და სხვა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო და ამ ომში რუსეთის ბრალეულობა დაამტკიცა. ქართულმა მხარემ სტრასბურგში 700-მდე მტკიცებულება წარადგინა. მათ შორის, გორში აფეთქებული რაკეტის, „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. იმ დროს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სიმართლის დამტკიცებაში მოკავშირე და პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა. ბოლოს, მიმდინარე წლის აპრილში საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით იყო მიღწეული. ბორელი: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი სრულდება, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდია
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3×3“ კალათბურთის ტურნირი თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. ასევე, შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები. ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. სპორტული ღონისძიების ფარგლებში, ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ბათუმის ბულვარში გამართული თამაშების ფინალურ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ბათუმის მერი - არჩილ ჩიქოვანი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. უწყების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის ძალებში კალათბურთის განვითარების ხელშეწყობას, მწვრთნელების გადამზადებასა და სპორტულ საზოგადოებაში სამხედრო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
პიტერ სტანო: რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის
Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები კი, ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასე უპასუხა სტანომ Eropetime-ის შეკითხვას, რა ეტაპზეა შავი ზღვის სინერგიის ანგარიში. როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ შავი ზღვის რეგიონში. და როგორ ხედავს ევროკავშირი საქართველოს როლს ამ მიმართულებით? „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო იყო აქტიური მონაწილე „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი ევროკავშირის ჩართულობისთვის რეგიონში. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ასევე წაიკითხეთ: „შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
„ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება“ - პრეზიდენტი ერგნეთში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩავიდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმს ესტუმრა. „ძალიან შთამბეჭდავი და მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა… ეს არის მეხსიერება, რისი დაკარგვა არ შეიძლება, არც შეგუება არ შეიძლება. ეს არ არის მოცემულობა, ეს არის, რასაც არასდროს არ შევეგუებით… არშეგუება ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ერგნეთში ყოფნისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არის აღდგენილი. „არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ეს სოფელი მთლიანად აღდგენილია „უცხო აგენტების' ფულით.“ მანამდე, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-შიც დაწერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე. „აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!“ ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთში, ომის დროს თითქმის სრულად განადგურებული სახლის სარდაფში, შვიდი წლის წინ გაიხსნა. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონებად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. „ბორდერიზაცია“ განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს. „უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს. რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება და ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილისგან შედგება. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი, უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, რომლებიც გუშინ, 6 აგვისტოს დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის - რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს.“ BBC იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სუჯის რეგიონში, განაცხადა: „ამის თაობაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია.“ უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ
აგვისტოს ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის aგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით: აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი: დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია: „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეუთოს ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ.“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ცალმხრივი აღიარება, ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ისევე როგორც ამ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობაში დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის მიუღებელ ხელყოფას. საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. საფრანგეთი ასევე კვლავ უცხადებს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ პლატფორმას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მხოლოდ დისკუსიის ეს ჩარჩო მისცემს შესაძლებლობას მხარეებს, იმუშაონ ერთობლივი გადაწყვეტის სასარგებლოდ. საფრანგეთი, თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის და საქართველოს ევროპულ გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „16 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულნი ვართ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობის გამო.“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტი კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „რუსეთის შეჭრა საქართველოში 16 წლის წინ იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი მოდელის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალა აჭარბებს საერთაშორისო სამართალს და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება.“ ლიეტუვის პრემიერი: „16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი.“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.“ პოლონეთის საელჩომ თბილისში ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „თექვსმეტი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. აგრესიის წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების ანექსიას.“ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „7 აგვისტო, 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინ არაკელიანმა გააზიარა ევროკავშირის განცხადება და დაწერა: „დღეს 16 წელი გავიდა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოში. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ დანიის ელჩმა საქართველოში ენ ტოფტ სორენსენმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „დღეს ჩვენ ვუერთდებით საქართველოს და პატივს მივაგებთ იმ მამაცი ქართველების ხსოვნას, რომლებმაც 16 წლის წინ სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ იტალიის საელჩო თბილისში: „2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების 16 წლისთავთან დაკავშირებით, იტალია კვლავ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო სამხედრო თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითია აღმოსავლეთ სამეზობლოში. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება.“ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. შვედეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. შვედეთი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“ სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-16 წლისთავზე, სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართალის დაცვის თაობაზე.“ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. დღეს, 16 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.“
ბლინკენი: აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა
აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით.“ „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა,“ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ომიდან მე-16 წლისთავზე, პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ
როგორ აღწერს BBC კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
მეორე დღეა, უკრაინიდან დაწყებული იშვიათი შეჭრა რუსეთის საზღვრისპირა კურსკის რეგიონში, გრძელდება. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ იქ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მანამდე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადანაშაულა უკრაინა "კიდევ ერთ დიდი პროვოკაციაში" მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ სამშაბათს დილით ასობით ჯარისკაცმა გადაკვეთა საზღვარი ქალაქ სუჯისთან, ფრონტის ხაზიდან 10 კილომეტრში (ექვსი მილი). „მათ მხარს უჭერდა 11 ტანკი და 20-ზე მეტი ჯავშანტექნიკა,“ დასძინა კრემლმა. თუ დადასტურდა, ეს იქნება კიევის იშვიათი და მოულოდნელი შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. სმირნოვმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა დატოვა რეგიონის ის ადგილები, რომლებიც თავდასხმის ქვეშ იყო და რომ ექიმები მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან მიდიოდნენ დახმარების აღმოსაჩენად. კიევს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი საზღვრისპირა თავდასხმის შესახებ ცნობებზე. ოთხშაბათს ნაშუადღევს სატელევიზიო გამოსვლებში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ „წინსვლა“ კურსკის ოლქში შეჩერდა, როდესაც რუსული ძალები „აგრძელებენ მოწინააღმდეგის განადგურებას რუსეთ-უკრაინის საზღვრის პირდაპირ მიმდებარე რაიონებში.“ გერასიმოვმა ასევე განაცხადა, რომ 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი შევიდა რეგიონში ქალაქ სუჯის მიმდებარე ტერიტორიის აღების მიზნით და რომ რუსულმა ძალებმა უკვე მოკლეს 100 კაცი და დაჭრეს კიდევ 215. თუმცა ზოგიერთი პოპულარული და ზოგადად კარგად ინფორმირებული - ომის მომხრე Telegram არხი ვარაუდობს, რომ სიტუაცია ადგილზე არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც ეს კრემლმა განაცხადა. ბლოგერმა იური კოტენოკმა ბრძოლებს მძიმე უწოდა, ხოლო არხმა Rybar-მა განაცხადა, რომ სიტუაცია სუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე უარესდება და უკრაინული ფორმირებები ქალაქისკენ მიიწევენ. BBC ამ განცხადებების გადამოწმებას ვერ ახერხებს. „ათასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა დატოვა თავისი სახლები,“ აცხადებენ კურსკის ოფიციალური პირები, ხოლო რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება გააძლიერა - სადგური სუჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 70 კილომეტრში (43 მილი) მდებარეობს. მოსკოვში უშიშროების საბჭოს სხდომის წინ გამოსვლისას, პუტინმა უკრაინული ძალები სამოქალაქო შენობებსა და რეზიდენციებზე „განურჩევლად სროლაში“ დაადანაშაულა. რუსეთი ასევე საუბრობს მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლზე. ინტერნეტში გამოქვეყნებული კადრები, რომელიც ასევე დადასტურებულია BBC-ის მიერ - აჩვენებს, რომ სამშაბათს, რეგიონში გამანადგურებელი თვითმფრინავები დაბლა დაფრინავდნენ, ადგილზე კვამლიც ამოდიოდა. მეზობელ ბელგოროდის რეგიონში, გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა სარაკეტო თავდასხმის შესახებ და განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი უკრაინის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაშავდა. ოთხშაბათს, ვოლოდიმირ არტიუხმა, უკრაინის სუმის რეგიონის ხელმძღვანელმა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების ევაკუაციის ბრძანება გასცა. უკრაინის არმიის ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა Nexta-ს განუცხადა, რომ თავდასხმა "პრევენციული" ხასიათის იყო და რომ დაახლოებით 75,000 რუსი ჯარისკაცი კვლავ აგრძელებს საზღვრებთან შეკრებას. მაისში რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი ტრანსსასაზღვრო შეჭრის შემდეგ, არსებობდა შიში, რომ მოსკოვი იგივეს შეეცდებოდა ჩრდილოეთით მდებარე სუმის რეგიონში. იმის გამო, რომ უკრაინამ ახლა რამდენიმე დასახლება აშკარად დაიპყრო, ეს ამბიციები შესაძლოა, ამ დროისთვის იმედგაცრუებას იწვევდეს. ეს არ არის პირველი შეჭრა რუსეთში, უკრაინაში ბაზირებული მებრძოლების მიერ. კრემლის მოწინააღმდეგე რუსების ზოგიერთმა ჯგუფმა რეიდები შარშან დაიწყო. მარტში ძალები ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში კვლავ გადავიდნენ, სადაც რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში ჩაერთნენ. მომზადებულია BBC-ის მიხედვით პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს
იაპონია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება - საელჩო
2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, საქართველოში იაპონიის საელჩოს „გამოხატავს ღრმა მწუხარებას კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას და ხაზს უსვამს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.“ „საელჩო შეშფოთებულია ჰუმანიტარული მდგომარეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ხაზს უსვამს 2024 წლის 28 მაისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას: "ქვეყნის შიგნით საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ." იაპონია განაგრძობს საქართველოსთან, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორთან თანამშრომლობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების მიმართულებით,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო უწყება „მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერაზე. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის,“ - წერია განცხადებაში. საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.“
ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს
ბანგლადეშის ახალი, დროებითი მთავრობა ხუთშაბათს ფიცს დადებს და გადაყენებული პრემიერ-მინისტრის შეიხ ჰასინას გუნდს ჩაანაცვლებს. დროებით მთავრობას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უხელმძღვანელებს. 84 წლის მუჰამედ იუნუსი ახალი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად პრეზიდენტმა მუჰამედ შაჰაბუდდინმა შეარჩია. ჰასინას ინდოეთში გაქცევა სტუდენტურმა პროტესტმა აიძულა, რომლის მთავრი მოთხოვნაც სწორედ დროებითი მთავრობის შექმნა იყო. „მოდით, საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ახალი გამარჯვება,“ - აღნიშნა მან პარიზში გამგზავრებამდე, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადიოდა. „მივმართავ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გთხოვთ, თავი შეიკავოთ ყველა სახის ძალადობისგან," განაცხადა იუნუსმა, ეკონომისტმა, რომელსაც 2006 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა ბანკის დაარსებისთვის, რომელიც პიონერი იყო მცირე სესხების გაცემით სიღარიბესთან ბრძოლაში. პრეზიდენტმა შაჰაბუდინმა განაცხადა, რომ დროებითმა მთავრობამ უნდა დაძლიოს კრიზისი და გზა გაუხსნას არჩევნებს. იუნუსის ქვეყანაში ჩასვლამდე სასამართლომ გააუქმა მისი ნასამართლობა, იანვარში მას ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იუნუსმა საქმეს "პოლიტიკური" უწოდა. ჰასინას გადადგომამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღფრთოვანება გამოიწვია. მოქალაქეთა ნაწილი მის ოფიციალური რეზიდენციაშიც შეიჭრა მას შემდეგ, რაც ის გაიქცა. ამით დასრულდა მისი 15-წლიანი მმართველობა. ჰასინა, სახელმწიფოს დამფუძნებლის, მუჯიბურ რაჰმანის ქალიშვილია, რომელიც მამისა და ოჯახის წევრების მკვლელობას 1975 წელს გადაურჩა. ბოლო 30 წლიდან 20 წლის განმავლობაში ბანგლადეშს ის მართავდა. საზოგადოების აღშფოთება ჰასინას წინააღმდეგ ნაწილობრივ ეკონომიკურ სიდუხჭირეს მოჰყვა. პროტესტი, რომელმაც ჰასინა ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან განდევნა, საჯარო სექტორის სამუშაო კვოტებთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას მოჰყვა. კვოტები 1971 წლის ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხებოდა და კრიტიკოსების აზრით, მხოლოდ ხელისუფლების მოკავშირეებისთვის სამუშაო ადგილების დაჯავშნის მცდელობა იყო.
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება
ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში დარიუს ვიტკაუსკასი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს. „6 აგვისტოს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში. ანდრიუს კალინდრამ დიპლომატიური მისია დაასრულა. ვიტკაუსკასს მანამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2018 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა ლიეტუვის გენერალურ კონსულად ალმათიში და მუშაობდა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - ბელორუსში, ბელგიაში, რუსეთსა და უკრაინაში.
უკრაინამ მექსიკას მიმართა თხოვნით, დააპატიმროს პუტინი, თუ ის ინაუგურაციაზე ჩავა
მეხიკოში უკრაინის საელჩომ თხოვნით მიმართა მექსიკის მთავრობას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს ჩავა ამ ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა 2023 წლის მარტში, შესაძლო ომის დანაშაულის გამო.“ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები, სავარაუდოდ, ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ..." შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. განახლება: მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე იმ შემთხვევაში, თუკი პუტინი მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა მექსიკაში. ამ ცნობას სააგენტო Reuters ავრცელებს. „ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ეს ჩვენი საქმე არ არის", - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.