ძებნის რეზულტატი:

ჯო ბაიდენი კურსკზე: ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში ნამდვილ დილემას უქმნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები მუდმივ კავშირში არიან უკრაინელებთან ამ ნაბიჯის შესახებ. „ეს ნამდვილ დილემას უქმნის პუტინს და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტში ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ  13 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა კურსკის ოლქის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.  

WSJ: კურსკის გამო რუსეთს უკრაინიდან გაჰყავს ჯარის ნაწილი

რუსეთი იძულებულია კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო, უკრაინიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალების ნაწილი. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ეს პირველი ნიშანია, რომ კურსკზე უკრაინელების შეტევამ რუსეთს გადაჯგუფება აიძულა. წყაროები არ ასახელებენ, კურსკის გამო რამდენი რუსი სამხედრო ტოვებს უკრაინას, თუმცა, თავად ფაქტი ადასტურებს უკრაინის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრა რუსეთს აიძულებდა ყურადღების გადატანას უკრაინიდან, სადაც ცოცხალი ძალით და ტექნიკით უპირატესობის შედეგად რამდენიმე რაიონში წინსვლა აქვს. კურსკის ოლქზე უკრაინის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა, საიდან არ დაუკონკრეტებია. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.  

ჯანმომ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა ბოლო ორ წელიწადში უკვე მეორედ გამოაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ჯანმოს დორექტორმა გამოაცხადა. "ნათელია, რომ ამ აფეთქებების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროა კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირებაა," განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა. 13 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა აფრიკაში გამოაცხადეს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ დაავადების გავრცელების ტემპი აშფოთებთ. წლის დასაწყისიდან დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის 17 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 517 ადამიანი.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს გამოსცა. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი. მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე იგი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.  

ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო, სიცილიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა

იტალიის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, სიცილიაში, კატანიის აეროპორტში იძულებულნი გახდნენ, ასაფრენი ბილიკი დროებით დაეხურათ. ზაფხულის დასვენების დროს, მოგზაურობის სეზონის პიკზე, ფრენები გაუქმდა ან გადაიდო. სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კატანიიდან ფრენების დაახლოებით 75% გაუქმდა. ყველაზე მეტი რეისი Ryanair Holdings Plc-მა გააუქმა. ასევე - ITA Airways-მა და EasyJet Plc-მა. Ryanair სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებს , ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. EasyJet-მა განაცხადა, რომ ზოგიერთი ფრენა პალერმოში გადაამისამართა და უზრუნველყო მგზავრების შემდგომი ტრანსპორტირება, ხოლო Wizz Air Holdings Plc-მა განაცხადა, რომ მათ ასევე მოუწიათ ფრენების გაუქმება ჰაბის მიმართულებით. ეტნა ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმა ამოიფრქვა, რამაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე მიმავალ ავიაკომპანიებს პრობლემები შეუქმნა, რადგან ვულკანური ფერფლის ნაწილაკებმა შეიძლება, თვითმფრინავის ძრავები, საქარე მინები და ფიუზელაჟები დააზიანოს. კატანიას აეროპორტმა განაცხადა, რომ ფრენები ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე განახლდებოდა.  

რუსეთმა ბელგოროდის ოლქში ფედერალურ დონეზე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობით შეიცვალა. გადაწყვეტილება დღეს, 15 აგვისტოს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ გამოაცხადა. მინისტრ ალექსანდრ კურენკოვის თქით, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის „შეიარაღებული ფორმირებების ტერორისტული შეტევების” გამო, რომელთა შედეგად დაღუპული და დაჭრილი არიან მოქალაქეები, დანგრეულია სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები, რასაც ფედერალურ დონეზე რეაგირება სჭირდება. ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს შედეგების ლიკვიდაციას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, მათ შორის დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კატეგორიების მიხედვით 15 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე ფინანსური დახმარების გაწევას. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში 14 აგვისტოს აამოქმედეს რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა მიზეზად დაასახელა „უკიდურესად რთული და დაძაბული ვითარება“ და განაცხადა, რომ მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასაწესებლადაც. უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, რეიდი დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც. ორივე რეგიონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი მოქალაქე. 9 აგვისტოს ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს რუსეთის კურსკის ოლქშიც, რომლის ტერიტორიაზე 6 აგვისტოდან მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.  

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას გმობენ

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აგვისტოს დახურულ სხდომაზე განიხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი. საბჭოს წევრმა სახელმწიფოების ჯგუფმა: საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა – საბერძნეთმა და დანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს საკითხზე შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გაკეთდა. განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტისა და თავისი ძალების გაყვანის შესახებ საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. „2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთმა განაგრძო ეს გზა. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთი დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონებში პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე 2024 წლის ივნისში „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას,“ – უშიშროების საბჭოს წევრების სახელით განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მფრანჩესკა გატიმ. ისინი ასევე გმობენ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. „ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს, რაში დამნაშავეებიც ამ დრომდე არ არიან დასჯილი და პასუხისგებაში მიცემული“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.  

ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას მედია შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო გადამდები, ვარიანტის პირველი შემთხვევა აფრიკის ფარგლებს მიღმა დააფიქსირეს. აღნიშნული პირი აფრიკაში დაავადდა, სადაც ახლა „მაიმუნის ყვავილის“ ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის ნაწილებში მაიმუნის ყვავილის გავრცელება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხედ გამოაცხადა. დაავადების თავდაპირველი გავრცელების შედეგად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 450 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადება ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის სხვა ნაწილებშიც გავრცელდა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს  

ირაკლი კობახიძე: 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია

50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან  სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებულია. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო და სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოადგენდნენ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს. „ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული და დიდი მადლობა ყველას ამისათვის. მითუმეტეს რომ, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არა ერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს შენს გუნდში, წარმატება უფრო იოლია. ასევე ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი, ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბევრად უფრო მარტივია წარმატება. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა, რომ სპორტულ ასპარეზობებზე მიღებულ პრიზებთან ერთად, განსაკუთრებული ფასი აქვს სახელმწიფო ჯილდოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ. „მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პრიზიორები, ჩემპიონები წარვადგინეთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ჩემპიონების შემთხვევაში, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, ეს არის პრიზიორებისთვის ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი, წინასწარ მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯოლდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს აქვს სხვა ფასი და მე ვფიქრობ, მომავალშიც ამ ტრადიციას აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ყველას მინდა, მოგილოცოთ. მადლობა გადაგიხადოთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში. მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად, ბატონ ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველის პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის,“ - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე წარმატება მიულოცა ქართველ სპორტსმენებს, ლუკა მხეიძესა და გიორგი მეშვილდიშვილს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ. „ასევე მინდა, ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა და გიორგი მეშვილდიშვილს მინდა, მივულოცო ასევე ბრინჯაოს მედალი, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე მთავრობამ მხოლოდ მიწვეული სტუმრები და ჟურნალისტები დაუშვა. ღონისძიებას არ ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, ცერემონიაზე დასწრების შესახებ მას შეატყობინეს ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, 13:00 საათზე. 15 აგვისტოს, პრეზიდენტმა ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს. „მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში ჯერ არ დაბრუნებულან.  

ამერიკის საელჩოში ადასტურებენ, რომ „ყაზბეგის“ საბაჟოზე სკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა

„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა. „საქართველოს მთავრობის ცრუ ნარატივებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულმა [დახმარების] შეჩერებამ იმოქმედა საქართველოს სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე რენტგენოსკანერის მიწოდების პროცესზე,“ აცხადებენ საელჩოდში. 2023 წლის 19 აპრილს აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის (EXBS) ფარგლებში შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერი გადაეცა. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის,“ - წერია თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. სკანერი, რომელიც ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო ვერ დამონტაჟდა, უკვე არის განთავსებული ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აერპორტებში. ამ სკანერების მნიშვნელობაზე საუბარია „შემოსავლების სამსახურის“ 2023 წლის ანგარიშშიც, რომელშიც ეწერა (გვ 54): შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ყველა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.

მედია: თბილისის მშრალ პორტში ინვესტირებით, AD Ports Group-ი შუა დერეფანს აძლიერებს

AD Ports Group-მა თბილისის მშრალი პორტის 60-პროცენტიანი წილის დიდი ნაწილის უზრუნველყოფა ოფიციალურად დაასრულა, იტყობინება Trend. კომპანიის განცხადებით, ეს სტრატეგიული ნაბიჯი აძლიერებს ჯგუფის გავლენას შუა დერეფანში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს. AD Ports Group-ის რეგიონულმა აღმასრულებელმა დირექტორმა აბდულაზიზ ზაიდ ალშამსიმ განაცხადა, რომ „თბილისის მშრალი პორტის შესყიდვის დასრულება ხაზს უსვამს მათ ვალდებულებას გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებისკენ. „ჩვენ ვაღიარებთ შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას გლობალურ ვაჭრობაში და სრულად ვართ მოწადინებული ამ მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ეს ინვესტიცია აძლიერებს კავშირს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რაც AD Ports Group-ს გლობალური ვაჭრობის წინა პლანზე აყენებს. ის ემთხვევა ჩვენი ხელმძღვანელობის ხედვას ეკონომიკური ზრდის წინსვლის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ორმხრივი სარგებელის შესახებ,“ აღნიშნა ალშამსიმ. თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი მარტში გაფორმდა.  პროექტს ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტთან“ ერთად არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არ მხოლოდ საქართველოს, არამედ, უფრო ფართო რეგიონს მოემსახურება. კერძოდ, პროექტი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300 მ2). ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მშრალი პორტი თბილისში ქინძმარაულის ქუჩაზე, 195 252 კვ.მ-ზე მოეწყობა. „თბილისის მშრალი პორტის დაგეგმვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლოჯისტიკური ჰაბის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი ოპერირება. კერძოდ, კონცეფცია დაფუძნებულია მსოფლიოში გავრცელებული ე.წ მშრალი პორტის პრინციპზე, რაც გულისხმობს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ძირითადად კონტეინერიზებული ტვირთის რკინიგზით ტრანსპორტირებას თბილისის მშრალ პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება (დაცლა, დატვირთვა, დასაწყობება, ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა და სხვა). მშრალი პორტის მიზანია, მოსახერხებელი და ხარჯ-ეფექტიანი გადაზიდვისა და ერთ ადგილზე მრავალ-პროფილური მომსახურების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია რომ, საკონტეინერო ტვირთების ნაწილის რკინიგზაზე გადანაცვლებით განიტვირთება მაგისტრალური გზები, რაც თავის მხრივ შეამცირებს გარემოზე ავტოტრანსპორტით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.  

პრეზიდენტმა უარი განაცხადა, ოლიმპიელები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაეჯილდოებინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები მთავრობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე დააჯილდოოს დღეს, 15 აგვისტოს. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მიზეზებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უარს ამბობს ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე: „მე ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს უნდა ვიზეიმოთ ერთად, არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს და მე ამას ვაპირებ.“ პრეზიდენტის თქმით, არსებობს მეორე მიზეზიც - ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა და პარალიმპიელები, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, ქვეყანაში 8 სექტემბრის შემდეგ ბრუნდებიან. „წარმოუდგენელია, არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას... არა, არანაირი დისკრიმინაცია, ეს არის მიუღებელი,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საზეიმო ღონისძიებას სექტემბერში გამართავს. „პრეზიდენტი ცდილობს, კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი - ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ, ასე მოხდება, თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს,“ - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის განცხადებას ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით. „(პრეზიდენტი) ცდილობს კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ . მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ოფიციალური მიღება ტარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. აქტუალური არ არის ეს განცხადება. დაჯილდოება მისი საქმეა, როგორც მოგეხსენებათ, ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს, ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. იცით, რომ სამწუხაროდ ორდენებით დაჯილდოების ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. 2021 წელს, როდესაც ანალოგიური დახვედრა გაიმართა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით დაჯილდოება. ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, მედალოსანი და ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომელზეც წარვადგინეთ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ამ ჯილდოებს მიიღებენ, ალბათ ასე მოხდება. თუ არადა, 4 თვეში ახალი პრეზიდენტი გვეყოლება და ის მაინც დააჯილდოებს. ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება,“ - აღნიშნა კობახიძემ. 12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან: ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი; ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული; გენო პეტრიაშვილი - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი. ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან: ტატო გრიგალაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონი; ილია სულამანიძე - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი; გივი მაჭარაშვილი - პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი, ორგზის ევროპის ჩემპიონი; ლაშა გურული - პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გასტანს. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი წარადგენს.  

ცნობილია იმ 22 ადამიანის ვინაობა, რომლებიც „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, „ქართული ოცნების“ 22 დელეგატი წარადგინა ამდენივე ოლქში. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში. 30 ოლქიდან 22-ში დელეგატები იქნებიან: მოქმედი დეპუტატები: დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო; ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი; ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები; ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი; ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი; სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა; დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი; ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი; ზაზა ლომინაძე - ქუთაისი; გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი; პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული; გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი; ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური; გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი; ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო. საჯარო მოხელეები: დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა; ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი; ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული; დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი. ბიზნესმენები: ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ; გია ჭყონია - ქობულეთი. სხვა: არჩილ ბერიძე („ალილოს„ სოლისტი, მუსიკოსი) - ბათუმი. „ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობაც მოხვდება 2024 წლის საპარლამენტო სიაში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ქალაქ სუჯას სრულად აკონტროლებს

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი აქვს და იქ სამხედრო სამეთაურო პუნქტს აყალიბებს. მანამდე, უმაღლესი მთავარსარდლის სხდომაზე განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ, რომ უკრაინის არმიის მიმდინარე შეტევის ფონზე, სამხედრო კომენდატურა შეიქმნა. მისი განმარტებით, კომენდატურა უზრუნველყოფს მართლწესრიგს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე იზრუნებს. უწყებას სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალიოვი. „გენერალმა სირსკიმ ასევე მომახსენა ქალაქ სუჯის რუსი სამხედროებისგან განთავისუფლების დასრულების შესახებ. და იქ ახლა იქმნება უკრაინის სამხედრო სამეთაურო პუნქტი. გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი. საერთო ჯამში უკვე 80-ზე მეტია,“ აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის. უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. „ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ხოლო 15 აგვისტოს, შუადღისთვის, - 500 მეტრიდან 1500 მეტრამდე მანძილზე,“ განაცხადა გენერალმა სირსკიმ. უფრო ადრე, უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა, კურსკის რეგიონის მცხოვრებლებს შესთავაზა ევაკუაცია უკრაინის ტერიტორიაზე. უწყებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი გახსნა. "უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას იცავს. ჩვენ უზრუნველვყოფთ კურსკის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის საჭირო დაცვასა და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას," - აღნიშნა ვერეშჩუკმა.  

Meta-ს პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა

Meta-ს საფრთხეების ანგარიშის მიხედვით, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელი წაიშალა. ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ცნობით, ქსელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედებდა და მასში 76 ფეისბუქანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში შედიოდა. რუსულმა ქსელმა რეკლამაში დაახლოებით 77 000$ დახარჯა. საქართველოში მოქმედი ანგარიშები ე.წ. "რუსული კანონის" საპროტესტო აქციების დროს აკრიტიკებდნენ აქციის მონაწილეებს და მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას."  

რუსეთმა M-22 ტიპის კიდევ ერთი ბომბდამშენი დაკარგა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირკუტსკის ოლქში, შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Tu-22M ჩამოვარდა.  სამინისტრომ კატასტროფის შესახებ პირველი ცნობა 15 აგვისტოს, ღამით გაავრცელა. მისი მიხედვით, ბომბდამშენი „გეგმური ფრენის შესრულებისას“ დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟი კატაპულტირებულია და მისი წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა, დანარჩენები კი, სხვადასხვა ხარისხის ტრავმით საავადმყოფოში არიან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. 2024 წლის 19 აპრილს რუსული ბომბდამშენი Tu-22M3 ჩამოვარდა სტავროპოლის მხარეშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. იმავე დღეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთს ეს სტრატეგიული ბომბდამშენი უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაუნადგურეს. Tu-22M3 რაკეტმზიდი ბომბდამშენია, რომლის ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.  

უკრაინამ კიევის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში კომენდანტი დანიშნა

გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი ისტორიაში გახდა პირველი კომენდანტი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე წარმოადგენს. BBC წერს, რა არის ცნობილი მოსკალევის შესახებ და რა ფუნქციები ექნება მას ახალ თანამდებობაზე. BBC-სთან საუბარში, ედუარდ მოსკალევს ფუნდამენტურად არასაჯარო პიროვნებას უწოდებენ, რომელიც პრესის ყურადღებას შეგნებულად გაურბის. მის პროფესიულ გზაზე ზოგად შთაბეჭდილებას მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ფაქტი ქმნის. ის 50 წლისაა. 2000-იანი წლების შუა წლებში დაამთავრა კიევის ეროვნული თავდაცვის აკადემია. ცნობილია, რომ 2012 წელს ხელმძღვანელობდა სატანკო პოლკს უკრაინაში ცნობილ დესნას სასწავლო ცენტრში. 2014 წლის სექტემბერში პოლკოვნიკმა მოსკალევმა ბოგდან ხმელნიცკის მე-3 ხარისხის ორდენი მიიღო, რაც დონბასის ბრძოლებში რუსეთის ჰიბრიდული შეჭრის პირველი თვეებიდან მის მონაწილეობაზე მიუთითებს. 2018 წლის აგვისტოში, პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით, ედუარდ მოსკალევმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 2022 წლის მარტში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმჟამად სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „ვოსტოკის“ შტაბის უფროსი - მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად დანიშნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ხელმძღვანელობდა ჯარების ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში. პარალელურად, მოსკალევმა ბოგდან ხმელნიცკის მე-2 ხარისხის ორდენი მიიღო. ზელენსკიმ გენერალი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან 2023 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ამის შემდეგ მოსკალევი იყო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ოდესის", ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის "დონეცკის" მეთაური, შემდეგ კი, თავის წინა თანამდებობაზე ოდესაში დაბრუნდა. 2024 წლის 15 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდე სირსკიმ გამოაცხადა, რომ ედუარდ მოსკალევი ახლად შექმნილი კომენდანტის ოფისის უფროსად დაინიშნა, რომელიც კურსკის რეგიონში იმუშავებს. „კანონიერებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, კონტროლირებად ტერიტორიებზე მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, შეიქმნა სამხედრო კომენდანტის ოფისი. მის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი მოსკალევი," - განაცხადა სირსკიმ. „ჩუმი, საკმაოდ თავშეკავებული, საკმაოდ მკაცრი ადამიანი, რომელიც მხოლოდ მის უახლოეს ნაცნობებთან იხსნება,“ ასე აღწერს BBC-ის წყარო მოსკალევს. გამოცემა წერს, რომ მოსკალევი დიდ დროს ატარებს ჯარისკაცებთან უშუალო კომუნიკაციაში. ”ის ძალიან ეფექტიანია, ის არ ააშენებს პოტიომკინის სოფლებს,” - განუცხადა წყარომ BBC-ს. ალბათ, ეს იყო ქალაქ სუჯაში კომენდანტად მისი დანიშვნის მთავარი მიზეზი. BBC-ის წყაროს თქმით, ამ თანამდებობაზე, გენერალს არ მოეთხოვება სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა - ამას სხვა ადამიანები პირდაპირ ახლა აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ. მას, როგორც მკაცრი და ეფექტიანი მენეჯერისა და ორგანიზატორის თვისებების გათვალისწინებით, კურსკის რეგიონში გზავნიან. BBC-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ კურსკის ოლქში სარდლობისთვის შემდეგი ამოცანები განუსაზღვრა: ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროს მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარების გაცემა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის უზრუნველყოფა და სხვა საჭირო დახმარების გაწევა, ამ ტერიტორიაზე ადამიანთა და ტვირთების ნაკადების ლოგისტიკის ორგანიზება. შექმენით პირობები ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობისთვის, რომლებიც უახლოეს მომავალში შეჩერდებიან კურსკის რეგიონში. კომენდანტურს მოსკალევის ხელმძღვანელობით მოუწევს, არამხოლოდ შექმნას ნორმალური ცხოვრების გარკვეული მაგალითი, რამდენადაც ეს შესაძლებელია დღევანდელ ვითარებაში, არამედ, მთელ მსოფლიოს აჩვენოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჯარი სხვა სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „და ამით აჩვენებენ გასაოცარ კონტრასტს რუსი სამხედროების ქცევასთან უკრაინის მიწებზე, რომლებიც მათ 2022 წლიდან დაიკავეს,“ წერს BBC. ამავდროულად, უკრაინის მიერ კომენდანტის დანიშვნა რუსეთის ტერიტორიებზე, არ ნიშნავს, რომ კიევს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთის მიმართ - ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „კიევი აღნიშნავს, რომ ის ქმნის „უსაფრთხოების ზონას“ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა დაიცვას უკრაინის სასაზღვრო სუმის რეგიონის მოსახლეობა რუსული დაბომბვისა და თავდასხმებისგან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინული ძალების მოულოდნელ ოპერაციას შესაძლოა სხვა სამხედრო და პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდეს. მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის მიერ კურსკის რეგიონში კომენდანტურის შექმნაზე. ომის მომხრე ტელეგრამ არხებში ეს ნაბიჯი ხასიათდება, როგორც კიევის მიერ რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. დასავლური მედია იუწყება, რომ უკრაინელმა ჯარებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გათხრები დაიწყეს. ეს შეიძლება, მიუთითებდეს იმაზე, რომ ისინი უახლოეს მომავალში არ აპირებენ უკან დახევას მათ მიერ დაკავებული მიწებიდან,“ წერს BBC. შეგახსენებთ, 6 აგვისტოდან კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ეს ცნობა ოფიციალურად პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 აგვისტოს დაადასტურა. 14 აგვისტოს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 40 კვადრატული კილომეტრის ფართობი აიღეს. იმავე დღეს ზელენსკიმ შეხვედრა გამართა კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სამხედრო სარდლობის ოფისების შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. 15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, მათ შორის, სპეციალური ძალების ქვედანაყოფ “ახმატის” წევრები. 16 აგვისტოს სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კიდევ 1-დან 3 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქის ზოგიერთ რაიონში. კიევმა განაცხადა, რომ დაიპყრო 1150 კვადრატული კილომეტრი რუსეთის ტერიტორია და 82 დასახლება, მათ შორის, ქალაქი სუჯა.  

კანადა უკრაინას უფლებას აძლევს, მის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ კანადის მიერ მოწოდებული ტანკები და ჯავშანტექნიკა. „კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაწვდით უკრაინას,“ განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა ანდრე-ენ პულინმა. მისი თქმით, რომ უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს.“ ცნობისთვის, კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4 ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე, რამდენიმე M-777-ის ჰაუბიცა. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანული იარაღი შეიძლება, გამოიყენონ უკრაინულმა ძალებმა რუსეთში ოპერაციების დროს, მაგრამ შეზღუდვები რჩება შორი მანძილის Storm Shadow-ს რაკეტების გამოყენებაზე. უკრაინამ კიევის მიერ დაკავებულ კურსკის რეგიონში კომენდანტი დანიშნა  

ალენ დელონი გარდაიცვალა

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა შვილებმა AFP-ს განუცხადეს. ოჯახის განცხადებით, ალენ დელონი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ალენ დელონი არაერთი ჯილდოს მფლობელი იყო - მიღებული ჰქონდა „სეზარის“ პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში - „ჩვენი ისტორია“, იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების საპატიო ჯილდოები. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმებმა - „თაკარა მზე“, „როკო და მისი ძმები“, „ლეოპარდი“, „შავი ტიტა“ და სხვა. 2003 წელს კლაუდია კარდინალემ მას მარაქეშის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე „ოქროს ვარსკვლავი“ გადასცა, ორი წლის შემდეგ კი, ჟაკ შირაკმა საპატიო ლეგიონის ორდენი მიანიჭა მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. 1999 წელს ჟურნალ „FORBEES“-ის გამოკითხვით საუკუნის მამაკაცად აღიარეს.  

ივანიშვილი: ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება, იყოს

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა მიზეზები, თუ „რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.“ „დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული 3 ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.   ამ არჩევნებზე, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება, იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არამხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის. გუშინ ჩვენი გუნდის სახელით გავრცელდა ვრცელი განცხადება იმის შესახებ, თუ რისთვის გვესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩვენი პოზიცია დღეს კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე განვმარტო:   პირველ რიგში: საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას მძიმე სენი, რომელიც მას უკვე ორი ათწლეულია არ ასვენებს. ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მათი ხელწერა იყო ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება და მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს. 2008 წელს მათ ჩართეს საქართველო ომში, რამაც ჩვენ ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა და 30 ათასი ქართველი დევნილად აქცია.   რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღესაც არეულობისა და ომისკენ ექაჩება, რის გამოც მათი გასამართლება ახლა სულ სხვა აქტუალობას იძენს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანამ მუდმივად დანაღმულ ველზე იაროს, ამისათვის კი, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება აუცილებელზე აუცილებელია. 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სადაც ქართველი ხალხის საკონსტიტუციო უმრავლესობა უსამშობლო პოლიტიკოსების ამ ერთიანობას, ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე ხელის მომწერ უცხოურ აგენტურას სათანადო განაჩენს გამოუტანს. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების პირობებში, კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ დამსახურებული სასჯელისგან ვერავითარი გარე მფარველობა ვეღარ გადაარჩენს. საქართველოში ჯანსაღი არჩევნები მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კრებსით „ნაციონალურ მოძრაობას“ პატრიოტული პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ; მეორე მიზეზი, რატომ გვიჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სხვა გამოვლინებებს დაუპირისპირდება. საქართველოში კონსტიტუციის დონეზე აიკრძალება ერთნაირსქესიანთა ეგრეთწოდებული სამოქალაქო პარტნიორობა, ლგბტ-წყვილის მიერ შვილის აყვანა, სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება, მედიაში თუ სკოლებში ლგბტ-პროპაგანდის წარმოება და სხვა.   ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი. ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას უკვე აქვს უმძიმესი შედეგები მრავალ ქვეყანაზე და ამდენად, საქართველოში მის გავრცელებას პრინციპულად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს გარედან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით; მესამე: დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება, დადგეს დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რა დროსაც საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა გახდება აუცილებელი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, უნდა გადაისინჯოს ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროსაც კი აუცილებლად ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წავა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას წინაღობას შეუქმნის, რისი დაშვებაც არ შეიძლება. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს. როგორც წერილში აღვნიშნეთ, არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ. ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს. საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. რეგიონში ომი მომავალ წელს აუცილებლად დასრულდება. შესაბამისად, მთავარია, ეს რამდენიმე თვეც გავძლოთ, საქართველოში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა არ დავუშვათ, ქვეყანა შევინარჩუნოთ და როგორც კი ომი დასრულდება, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე ვერავინ და ვეღარაფერი დაემუქრება. „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.“  კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ,“ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.