ძებნის რეზულტატი:
მთავრობის დადგენილებით, კასპის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაერქვა და მეფისქალაქი ეწოდა
საქართველოს მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაერქვა და მეფისქალაქი ეწოდა. დადგენილებას ხელს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.
ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი დააწესა
8 აგვისტოდან ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარზე სრული საბაჟო კონტროლი შემოიღო. ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, სრული საბაჟო კონტროლი ინერგება ესტონეთის გავლით სანქცირებული საქონლის ტრანსპორტირების თავიდან აცილების მიზნით. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იურგენ ლიგიმ განმარტა, რომ ასეთ საქონელს შორის არის "ბევრი საეჭვო რამ", მაგალითად, სამხედრო ან ორმაგი (შერეული) დანიშნულების ნივთები. ახლა საზღვრის გადაკვეთისას ყველა პირი, ისევე როგორც ყველა საქონელი, შემოწმებას ექვემდებარება. მანამდე შემოწმება შერჩევით ხდებოდა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვრის ფეხით გადაკვეთისას, მებაჟეები შეამოწმებენ თითოეულ ადამიანს და მათ ბარგს. თუ ადამიანი საზღვარს მანქანით გადაკვეთს, მაშინ თავად მანქანა და მასში მოთავსებული ნივთები შემოწმდება. ავტობუსის მგზავრებს ბარგთან ერთად გაჩხრეკენ. ეს ზომა გავრცელდება ნარვის, კოიდულისა და ლუჰამის საკონტროლო პუნქტებზე. „ხშირად დეკლარაციაში დანიშნულების ადგილად უთითებენ მესამე ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა. და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დანიშნულების ადგილისკენ, - რომელიც ძირითადად აზიის ქვეყნებში მდებარეობს, - მიმავალ გზაზე, ეს პროდუქტი ჩერდება შუა გზაზე, სადღაც რუსულ სივრცეებს შორის," - ციტირებს მინისტრის სიტყვებს სააგენტო ERR. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთი რუსეთთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის შექმნას და 600 ბეტონის ბუნკერის აშენებას გეგმავს. მშენებლობა 2025 წელს დაიწყება. თავდაცვითი ხაზი ასევე მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო და მავთულხლართების ბარიერებს.
უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს
უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ. „ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს - 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, - განაცხადა მინისტრმა. ექსპორტის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის სიმძლავრეზე და ევროპელი მყიდველების საჭიროებებზე. უზბეკეთიდან ელექტროენერგია ყაზახეთის გავლით - ცენტრალური აზიის საერთო ელექტროენერგეტიკული სისტემის საშუალებით გავა, შემდეგ ღრმა წყლის კაბელით კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანამდე, იქედან - საქართველოში და შემდგომში შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.
ბაიდენი ზურაბიშვილს: მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულნი ვრჩებით
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ეძღვნება, აღნიშნავს, რომ „იმედგაცრუებლია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.“ „მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის მე-16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინდა, ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს,“ წერია ბაიდენის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯო ბაიდენი: ამერიკა მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც აგვისტოს ომის მე-16 წლისთავს ეძღვნება, აღნიშნავს, ამერიკა მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ „ ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე.“ „მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის მე-16 წლისთავზე. ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინდა, ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 32-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს,“ წერია ბაიდენის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსეთმა კურსკის რეგიონში "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა
კურსკის რეგიონში, სადაც უკრაინის ძალები ოთხი დღეა, შეიჭრნენ, რუსეთმა 9 აგვისტოს "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. იუწყება სააგენტო "ინტერფაქსი." რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის, Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები. სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება. რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
დენდროლოგიური: გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის შემდეგ, კენიიდან გადარგული რვავე ბაობაბის ხე გახმა
დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადარგული ბაობაბის რვავე ხე გახმა. ინფორმაციას თავად დენდროლოგიური პარკი ავრცელებს. ადმინისტრაცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის მიერ „კონტროლირებადი მედიის“ ბრალეულობაზე საუბრობს. „პროექტის ინიცირების დღიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ, როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს. ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას. როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრედწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი. „ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ, მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო. საბოლოოდ, სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება. დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ, მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა. არადა ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. „ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას,“ წერია განცხადებაში. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პარკი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ვიზიტორებისთვის უფასოა.
„ქართული ოცნება“: ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, „მტკნარი სიცრუეა, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. პარტიაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს 1998 წლის შემდეგ რუსეთში ქონება არ შეუძენია. 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია.“ „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია, როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არცერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა. რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და მიწის სამ ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც, 11 წელია, ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია, ჩავთვალოთ იმ 13-წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერცერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ, რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს. ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრესსამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომც იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არცერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა. მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს,“ – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებაში. დღეს, 9 აგვისტოს, გამოქვეყნდა „აი, ფაქტის“, OCCRP-ს, iStories-ის (რუსეთი), GMC-ს, „სტუდია მონიტორისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება. მასში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვში ქონებას ფლობს, მათ შორის, ამ ქონების ნაწილი ბოლო წლებში შეიძინა.
ესტონეთის დაზვერვა: რუსეთი არ იყო მზად კურსკის რეგიონში საზღვრის გარღვევისთვის
რუსეთი არ იყო მზად კურსკის რეგიონში საზღვრის გარღვევისთვის. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ცენტრის მეთაურის მოადგილე იანეკ კესელმანის თქმით, მოსკოვს მოუწევს ჯარების გადანაწილება სხვა მიმართულებებიდან. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებები არ იყვნენ მზად ამ რეგიონში უკრაინის შეტევისთვის და თავდასხმა მათთვის მოულოდნელი იყო," - აღნიშნა კესელმანმა. ის ვარაუდობს, რომ უკრაინული ძალები შესაძლოა, 15 კილომეტრით დაწინაურდნენ კურსკის რეგიონში. ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი იძულებული გახდება, თავდაცვისთვის ქვედანაყოფები გადაანაწილოს. „შესაძლოა, რეგიონში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მეორე ხაზი ნაწილობრივ დაირღვეს. უკრაინის წინსვლა კურსკის რაიონში, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსული შენაერთების გადანაწილებას სხვა მიმართულებებიდან, რათა უზრუნველყონ რუსული პოზიციების დაცვა და კონტრშეტევა უკრაინული ძალების წინააღმდეგ ამ რეგიონში,“ - აღნიშნა ესტონელმა დაზვერვის ოფიცერმა. ბრძოლა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გაარღვიეს საზღვარი კურსკის რეგიონში. თავდაპირველად, რუსეთი ამტკიცებდა, რომ მათ შეაჩერეს წინსვლა, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში ბრძოლები უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ბრძოლებმა მიაღწია ქალაქ სუჯას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტია, მათ შორის, ელექტროქვესადგური და სადგური, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით ევროპაში გადადის. უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე, არჩევნებსა და რუსეთზე
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, თბილისში იმყოფებიან სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი. ამერიკელმა სენატორმა 11 აგვისტოს გამართული პრესკონფერენცია ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერაზე საუბრით დაიწყო. მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ორპარტიული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. „ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს, გააგრძელონ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა; დასავლეთისკენ სწრაფვა, რათა მხარი დაუჭირონ მათ მისწრაფებას ევროკავშირში და მათ ინტერესს, გააგრძელონ დემოკრატია,“ აღნიშნა სენატორმა. მან საქართველოში აშშ-ის ელჩის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოსაც გაუსვა ხაზი. „პარასკევს და შაბათს, ჩვენ დრო დავუთმეთ შეხვედრებს. გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს. ვიმყოფებოდით „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზზე“ „სამხრეთ ოსეთის“ პირას. მქონდა შესაძლებლობა, პირადად გვენახა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, როგორ უმკლავდებიან შექმნილ ვითარებას მაშინ, როდესაც 16 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი. ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ახალგაზრდებს გორის რეგიონიდან, რომლებიც საუბრობდნენ მათი ერთგულების შესახებ საქართველოსა და მისი მომავლის მიმართ. შევხვდით მეწარმეებს გორის რეგიონში, რომლებიც მუშაობენ საკვები პროდუქტების წარმოებაზე ქვეყანაში. აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ვართ ერთგულნი აშშ-საქართველოს პარტნიორობისადმი, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული სვლა. „გვაღელვებს და გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები. გვსურს, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.“ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ თითქოს, აშშ-ს ჰქონდა ინტერესი, საქართველოში გადატრიალება მოეწყო, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ-ში ამით არავინ არ არის დაინტერესებული და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ - აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა,“ - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა. მაიკ ტერნერი: ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი. შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამუშაო, რომელიც ჩვენ საქართველოში გავწიეთ, მხარდაჭერას იღებს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში. მინდა, ასევე, გამოვეხმაურო ჩვენს ელჩს, რომელიც სიამაყით ასრულებს ამერიკის სამუშაოს საქართველოში და ხელს უწყობს შესანიშნავ ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკას შორის. საქართველოში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ორივე მტკიცედ და ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად. სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს, მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისათვის გვაქვს ძლიერი პარტნიორობა. გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის აქ ვართ, რომ ჩვენი წუხილი გამოვთქვათ, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ერთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. იმედგაცურებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება. კითხვა-პასუხი შეკითხვას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ, რომ მან პარტნიორების ნდობა დაიბრუნოს, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ „იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს, რომ გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.“ მან იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან ამერიკას 30 წლის განმავლობაში ჰქონდა. „ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილზე რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც იმ განცხადებაზე, რომ თითქოს, ამერიკა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რომლის გაკეთებაც შეუძლიათ მათ მომავალში იმისთვის, რომ განაგრძონ ურთიერთობების გაუმჯობესება, რომელიც საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში გვქონდა - ეს არის ძლიერი ურთიერთობები. აშშ-ის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, მხარდაჭერას უწევდა საქართველოს, მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში. ამერიკა ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს, ეკონომიკის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეებს და მათ სურვილებს ვუჭერდით მხარს. იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით,“ - აღნიშნა ჯინ შაჰინმა. ამასთან, მაიკ ტერნერმა ხაზი გაუსვა, რომ „პრემიერ-მინისტრის კომენტარი მისთვისაც იმედგაცრუებას იწვევდა.“ „მას არ უთქვამს რაიმე გეგმის შესახებ, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობებს. რაც მინიშნება იქნებოდა. არ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება ზუსტად ასახევს ამერიკის პოზიციას ან საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებს,“ - განაცხადა კონგრესმენმა. შეკითხვას ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივაზე, სენატორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება სურს ზუსტად ამერიკასაც და იმედი აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ნახავენ პასუხს, რომ მათაც იგივე აინტერესებთ. „30 წელზე მეტია, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. ყველა მინიშნება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ის არის, რომ ისინი ამ პარტნიორობას მხარს ძალიან უჭერენ. ისინი მხარს უჭერენ და აფასებენ ურთიერთობას, რომელიც 30 წლის განმავლობაში აიგო. უყურებენ დასავლეთს და აქვთ მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდეს. ეს ურთიერთობები რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს, ეს სურს ზუსტად ამერიკას და იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მათაც იგივე აინტერესებთ,“ - აღნიშნა სენატორმა. კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს არ თქმულა პოლიტიკა, რომელიც მიუთითებდა ურთიერთობების გადატვირთვაზე. შეკითხვასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებულთა სიაში იქნება თუ არა „ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე, რასაც სენატორმა იმედგამაცრუებელი უწოდა. „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე," - აღნიშნა შაჰინმა. მანვე საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე. „დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა „რუსული კანონი.“გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ მისი მიღების ფაქტი, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე, რომ ამას ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა. სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ - ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან, რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩემი აზრით, როგორც გითხართით, ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს], მივუთითეთ, რომ იქნება შედეგები, ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა,“ - განმარტა შაჰინმა. „ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება,“ - ასე უპასუხა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება. ტერნერის თქმით, ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას და ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებს . „ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, არსებობს მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და პირადად მის მიმართ კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ, განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი - დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ გაერკვეს - დიალოგი, დემოკრატიული დებატი, გულისხმობს კრიტიკას, რაზეც ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას,” - განაცხადა კონგრესმენმა. თავის მხრივ, სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტია, ამერიკა საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს. „მე ასევე გამოვეხმაურები იმას, რაზეც კონგრესმენმა ტერნერმა ისაუბრა. პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში - სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც, კანონმდებლობა შეტანილია, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას,” - აღნიშნა სენატორმა, ჯინ შაჰინმა. შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა იყო მთავარი გამოწვევები, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას გამოჩნდა, შაჰინმა უპასუხა, რომ სწორედ არჩევნებია ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იმყოფებიან ის და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში, ამ მნიშვნელოვან დროს. „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვიმყოფებით აქ მნიშვნელოვან დროს, გახლავთ მოსალოდნელი არჩევნები. გვსურდა, დაგვედასტურებინა და გაგვემყარებინა ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნებისადმი,“ - აღნიშნა სენატორმა. მისი თქმით, აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა ჯგუფების მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყოს. „გვსურდა, გაგვემყარებინა ჩვენი ერთგულება მთავრობისადმი, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა. ვინც უზრუნველყოფს, რომ ეს არჩევნები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩემი აზრით, ჩვენ მხარდაჭერას ვაგრძელებთ. აშშ მთელი რიგი ძალისხმევით მხარს უჭერს დამკვირვებელთა ჯგუფებს და ამას არჩევნების პერიოდშიც გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ჯინ შაჰინმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ვაშინგტონს ასევე გაცხადებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ. სწორედ ამის ფარგლებში, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ყველა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი, ოპოზიციური პარტიების.
კობახიძე: ვხედავთ, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო და უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა, რაც სამწუხაროა.“ ირაკლი კობახიძის თქმით, „კარგი ის არის, რომ ეს გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს საბოლოოდ არჩევნების შედეგებზე.“ „ყველამ კარგად იცის ვინ ვინ არის და რას ემსახურება ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც „დემოკრატიის ფესტივალს“ უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში, ვიღაც ცდილობს, რომ საქართველოში ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო მათ შორის 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი და აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმისა და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა კიდევ უფრო მძიმე ფორმით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დღესვე, მან ისაუბრა სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მან აშშ-ის დელეგაციას გაუზიარა „იმედგაცრუება და შეშფოთება“ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკასა და საქართველოს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შესახებ. პრემიერის თქმით აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს „ჰქონდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მცდელობა საქართველოში 2021 წელს“ და „პირდაპირ იყო იმ ჩავარდნილი რევოლუციური პროცესების თანამონაწილე, რომელიც 2022 წლის ივნისში განხორციელდა.“ პრემიერმა ამის შესახებ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა. მისი თქმით, „უსამართლო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და ამ რევოლუციის მცდელობის ფარგლებში უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები ავიდნენ პირდაპირ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება.“ ირაკლი კობახიძის თქმით ამერიკულ ქართული ურთიერთობების გადატვირთვა უახლოესი ერთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ვაშინგტონმა თვისებრივად შეცვალოს მიდგომა თბილისის მიმართ. “დეტალურად ვუთხარი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თუ რას ველით მათგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში. ველით, რომ აღარ მოხდება ის, რაც ხდებოდა გასული ოთხი წლის განმავლობაში. თუ თვისებრივად შეიცვლება მიდგომები, ამ შემთხვევაში არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას,” - აღნიშნა კობახიძემ. „საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ არის ძალიან დიდი ქვეყანა, მსოფლიო გავლენით. საქართველოს ბევრის შეცვლა არ შეუძლია ამ ურთიერთობებში. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში,“ - განაცხადა პრემიერმა.
მეხანძრე-მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, მესტიაში გადაიყვანეს
10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შედეგად ქართველი მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილი გადავარდა ქედიდან. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ცნობით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაო. „ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ წერს ფედერაცია. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაო ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ წერს უწყება გავრცელებულ განცხადებაში.
ზელენსკიმ კურსკის მოვლენებზე პირველი განმარტება გააკეთა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა უკრაინის ძალების მოულოდნელ შეჭრაზე რუსეთის კურსკის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი "იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას". ზელენსკის თქმით, მათი ოპერაციები არის „წმინდა უკრაინის უსაფრთხოების საკითხი.“ მან ასევე ხაზი გაუსვა ტყვეთა გაცვლისთვის საჭირო მიზნების მიღწევას. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან შორი დისტანციის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას ითხოვს. „გენერალი სირსკი იტყობინება, რომ დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი კურსკის რეგიონში, ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ეს არის, კერძოდ, ის ტერიტორიები, საიდანაც რუსეთის არმიამ ჩვენს სუმის რაიონზე დარტყმები დაიწყო. დღეისთვის და პირველ ივნისიდან დღემდე სუმის რეგიონის ტერიტორიაზე 2100-მდე დაბომბვა მოხდა. „ამიტომ, ჩვენი ოპერაციები არის უკრაინის წმინდა უსაფრთხოების საკითხი, საზღვრის გათავისუფლება რუსი სამხედროებისგან. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს გამბედაობისთვის და ეფექტიანი ქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ქვედანაყოფს, რომელიც ავსებს „გაცვლის ფონდს“ ჩვენთვის, უკრაინისთვის. ჩვენთვის პრინციპული საკითხია რუსეთის ტყვეობიდან მთელი ჩვენი ხალხის დაბრუნება. დღეს კი, შტაბის სხდომაზე, გაცვლაში ჩართულ სტრუქტურებს - უკრაინის თავდაცვის დაზვერვას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაევალათ მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია უკრაინელი ტყვეების ნათესავებთან. გამჭვირვალედ ავუხსნათ, როგორ ყალიბდება სიები, ვისი დაბრუნება შეიძლება ახლა. ზოგადად, მათ დაევალათ, წარმოედგინათ მკაფიო სტრატეგია ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან დაბრუნებისთვის. მომავალ შეხვედრაზე შესაბამისი ანგარიში უნდა იყოს. ასევე, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ თავდაცვის მინისტრი და ყველა ჩვენი უკრაინელი დიპლომატი მაქსიმალურად აქტიურად იმუშავებენ ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობებზე - ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ნებართვა ჩვენი პარტნიორებისგან შორი დისტანციის იარაღის გამოსაყენებლად. „ეს არის ის, რასაც მნიშვნელოვნად შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასრულება და ასევე ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენა რუსული ტერორისგან. სამართლიანია რუსი ტერორისტების განადგურება იქ, სადაც ისინი არიან, საიდანაც იწყებენ დარტყმებს. რუსული სამხედრო აეროდრომები, რუსული ლოგისტიკა. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა ეს მშვიდობის დასაახლოებლად. „მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას, თუ პუტინს ასე ძლიერ სურს ომის გაგრძელება.“ „ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ უკრაინა და რა დაგვეხმარება სამართლიანობის მიღწევაში.“ „ჩვენ ვხედავთ, საით მიდის რუსეთი პუტინის მმართველობის დროს: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ახლა ჩვენ ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. და ისიც კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი, ის სახლში ინაცვლებს. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ,“ განაცხადა ზელენსკიმ.
ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შავ ფულს ეყრდნობა
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მკაცრი ზომები უნდა მიიღოს „ქოლ ცენტრებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებს.“ ამის შესახებ კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. “ქართული ოცნება“ ეყრდნობა შავ ფულს, მთელ მსოფლიოში [მოქმედი] თაღლითური ქოლცენტრების ქსელიდან, რათა დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია,“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ჰელსინკის კომისია დაკომპლექტებულია სენატორებისა და კონგრესმენების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, ხაზინისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან და მისი მისია მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის მოკვლევა და მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებაა.
საერთაშორისო კვლევამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულად მიიჩნია - სამინისტრო
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად-განხორციელებადი, – წერია კვლევაში, რომელიც, სახელმწიფო კომპანიის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ, CESI-მ მოამზადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხსენებული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის. კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია. პროექტის მარშრუტისათვის ასევე მოხდა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხების შესწავლა, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე, შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2022 წლიდან ხორციელდებოდა. ასევე, მომზადდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები, რომელთა განხორციელება 2025-2026 წლებშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში, რაც მნიშვნელოვანად უწყობს ხელს რეგიონული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე მინისტერიალი, სადაც განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მონაწილე ქვეყნების მიერ ერთობილი შვილობილი საწარმოს დაფუძნების შესახებ, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება აღნიშნული პროექტის განვითარება. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი სახელმწიფო. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს დამატებით „ახალ ევროპულ დანიშნულებას“ მისცემს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით,“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა
რუმინული Transelectrica-ს აქციონერებმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტში კომპანიის ჩართულობა დაამტკიცეს
რუმინული ელექტროქსელის ოპერატორი Transelectrica-ს აქციონერებმ, შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის პროექტში კომპანიის მონაწილეობა დაამტკიცეს, იუწყება რუმინული მედია. „ტრანსელექტრიკას“ აქციონერებმა, რომელსაც მთავრობა (58%) აკონტროლებს, დაამტკიცეს კომპანიის მონაწილეობა პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს მწვანე და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან - 1200 კმ წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც გადაკვეთს შავ ზღვას და მიაღწევს უნგრეთს,“ წერს მედია. „რუმინეთისთვის ახალი ურთიერთდაკავშირებადობა ნიშნავს ახალ ბაზარზე წვდომას, ეროვნული ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოების გაძლიერებას და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მწვანე ენერგიის უფრო ხელმისაწვდომობას ყველა რუმინელისთვის“, - აცხადება რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი სებასტიან ბურდუჯა პროექტთან დაკავშირებით.
აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას - საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება.“ ამერიკის საელჩო განმარტავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. „განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია. „ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოეთის აგენტების კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ერისთვის, ვიდრე - სარგებელი, ევროკავშირის წევრობისთვის მისი დღისწესრიგის დასაწინაურებლად. ამ გზაზე დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას,“ წერია განცხადებაში. „ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ [შეერთებულ შტატებში] ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოლიტიკა [საქართველოს მიმართ] არ შეცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია,“ - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა. ის ხაზს უსვამს ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ აუცილებელია, არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.
უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონის 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ვიდეოჩანაწერს ზელენსკი თავის სოციალურ ქსელებში ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის დაკავებულ ტერიტორიებზე შემოწმება და სასტაბილიზაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე, გრძელდება ამ ტერიტორიებისთვის ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება. ზელენსკი ამბობს, რომ რთული და ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად, კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების წინსვლა გრძელდება, ხოლო უკრაინის “გაცვლითი ფონდი” (რუსი ტყვეების რაოდენობა) იზრდება. „უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკე მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წინ წაიწიეს. კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტი იმყოფება ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,” - განაცხადა თავის მხრივ, სირსკიმ. ცნობისთვის, კურსკის ოლქი სულ რაღაც 30 000 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის აშშ--ის მერილენდის შტატის ან გერმანიის ბრანდენბურგის ზომის არის. უკრაინის საზღვრისპირა შეჭრა მეზობელ კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოსთვის უკრაინამ განაცხადა, რომ აკონტროლებდა რუსეთის ტერიტორიის 1000 კვადრატულ კილომეტრს. როგორც ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კურსკის რეგიონში რუსეთმა უკრაინულ ძალებზე იერიშები მიიტანა და ამით უკრაინელთა წინსვლის შეჩერება შეძლო. რუსეთი უკრაინულ ძალებზე იერიშის პარალელურად კურსკის და ბელგოროდის რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს, ბრიტანული "როიტერი" წერს, რომ უკრაინის შეჭრიდან ერთი კვირის თავზე რუსეთმა 200 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მისი სურვილია, ომი "აგრესორის მიწაზე" გადავიდეს. 12 აგვისტოს, დღის მიწურულს, მოსახლეობისადმი მიმართვის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პარალელი გაავლო 2000 წელს ჩაძირულ რუსულ ატომურ წყალქვეშა გემ K-141 “კურსკსა” და რუსეთის რეგიონ კურსკს შორის. „24 წლის წინ, “კურსკის” კატასტროფა მოხდა, [ეს იყო] პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა უკვე ვიცით რა იქნება მისი ბოლო - ისევ კურსკი. ასე ემართება ყველას, ვისაც სძულს ადამიანები და წესები. რუსეთმა ომი მოუტანა სხვებს და ახლა ომი სახლში ბრუნდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაღუპული ან დაჭრილი მებრძოლების, ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას, ტრადიციულად, არც კიევი და არც მოსკოვი არ ასაჯაროებენ.
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი შესრულდა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, ომს 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. 300 000-მდე ადამიანი დევნილად იქცა. საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში რუსული არმია ჩაერთო. ICRC-ს შეფასებით კონფლიქტის შედეგად დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 10-15 ათასი ადამიანი (თუმცა შეფასებები განსხვავდება და აღწევს 30 ათასს), 250 ათასზე მეტი ქართველი გააძევეს აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად. ომის შედეგად და სოხუმის დაცემის შემდეგ, რომელიც სეპარატისტულმა ძალებმა 1993 წლის 27 სექტემბერს რუსული ჯარების დახმარებით აიღეს, საქართველომ დაკარგა კონტროლი რეგიონზე. შეგახსენებთ, დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მოსკოვმა საქართველოს რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოში შეჭრის შემდეგ აღიარა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
რუსეთის ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დღეიდან, 14 აგვისტოდან რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი აამოქმედეს. გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა. გლადკოვი მიზეზად ასახელებს „უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებას“. უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც. გლადკოვი სახმელეთო შეტევას არ ახსენებს, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველდღიური სროლის, სახლების ნგრევის და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო გადაწყვიტეს მოსახლეობის დასაცავად და დამატებითი დახმარების გასაწევად აამოქმედონ რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, რუსეთის მთავრობას მიმართავენ ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლადაც. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბელგოროდის, კურსკის და ბრიანსკის ოლქებში 10 აგვისტოდან მოქმედებს „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმიც." უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები 6 აგვისტოს შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში. 9 აგვისტოს რუსეთის მთავრობამ ამ რეგიონში აამოქმედა ფედერალური დონის საგანგებო მდგომარეობა. უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია და მას დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა, დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან მუდმივად უტევს ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს.