ძებნის რეზულტატი:
საქართველო ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ორ საარჩევნო უბანზე. ცესკოს ცნობით, სულ 3 511 853 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოსახლეობამ არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. ხვალ, პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 დეპუტატია. 18 პროპორციული წესით, სამს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ტარდება. ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), მაჟორიტარული წესით კი 30-ს (73-ის ნაცვლად) აირჩევს. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვალა. დაწესდა ე.წ 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უჩვეულოდ, პანდემიის პირობებში ჩატარდება. ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან, ცალკე შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება. ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. სპეცალისტების განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს.
10 მთავარი გზავნილი ბიძინა ივანიშვილის მიმართვიდან
„დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა. მადლობა ნდობისთვის“, - ამ სიტყვებით მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა. გლდანში,ამომრჩეველთან პარტიის წარმომადგენლების შემაჯამებელ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ვიდეომიმართვით წარსდგა. Europetime „ქართული ოცნების“ ლიდერის ვიდეომიმართვიდან 10 მთავარ გზავნილს გთავაზობთ: 1. დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. 2. დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია „ქართული ოცნების“ მიღწევათა შორის. 3. „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში - ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი. 4. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია. 5. ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ. 6. პატივს ვცემ საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევანს. დრამატულს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მათი გარკვეული ნაწილი მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“. 7. დრამატულია ვითარება, როდესაც ქართული პოლიტიკა დღემდე ვერ სთავაზობს ამომრჩეველს „ოცნების“ საპირწონე ჯანსაღ ალტერნატივას და პოლიტიკური მრავალფეროვნების მიუხედავად, 8. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო არჩევანი, პრაქტიკულად, რევანშზე ორიენტირებული, დესტრუქციული ძალის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ნიშნავს. 9. ჩვენი ვალია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ასპროცენტიანი გამოცხადებით დავიცვათ ისინიც, ვინც მცდარ არჩევანს გააკეთებენ - არ დავუშვათ, რომ ემოციით ნაკარნახევი გადაწყვეტილებით დასაჯონ ქვეყანა და საკუთარი თავი. 10. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანების დიდ ნაწილს, ისევ ჩვენ ვეიმედებით.
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რიგი აკრძალვები მოქმედებს
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რიგი აკრძალვები მოქმედებს. 31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე. გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა.
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს
მეათე მოწვევის პარლამენტის ფორმირებისთვის ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი მოქმედებს, რათა პროპორციული სისტემით 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ ან ბლოკმა უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება ვერ შეძლოს. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის პროპორციული და მაჟორიტარული წესით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟას ადგენს. დადგენილია ზღვარი, რომელიც ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას იმ შემთხვევაში გამორიცხავს, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს. “ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან მოაკლდება, რომლებიც პროპორციულად იმ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება.
მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა - ბიძინა ივანიშვილი
მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა. „დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თვისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას მივეცი. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზე მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად, 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო
საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, უკვე დაწყებულია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ხმის მიცემის უზრუნველყოფა გადასატანი ყუთების მეშვეობით. ამასთან, ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტის არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროს და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე. ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. „ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ამასთან, საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. მისი არქონის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მას აღნიშნულით. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს ორჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი“, - განაცხადა მიქელაძემ.
მინდა ყველას მოვუწოდო მივიდნენ არჩევნებზე - პრეზიდენტი
ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ, საარჩევნო უბანთან განაცხადა. პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #3 უბანზე დააფიქსირა. ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, პანდემიის მიუხედავად, მშვიდად მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რადგან დაცულია უსაფრთხოების ნორმები. „მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად. ამისთვის დიდი მადლობა ახლა რაც ხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე შემიძლია გესაუბროთ ასე წყნარად, ასე უნდა იყოს ყოველთვის. მგონი ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ ყველანი ვოცნებობთ. ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად ყველას მინდა მოვუწოდო, ძალიან მშვიდად მოვიდეს, დაცულია ყველა ზომები იმისთვის, რომ თქვენ ყველამ შეძლოთ მობრძნება და უბანზე თქვენი ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. დაიცავით დისტანცია თქვენ თვითონაც, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ რიგები დაიცვათ, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს - დეგნანი
„დღეს ქართველი ხალხისათვის სასიხარულო დღეა! სამართლიანი არჩევნების გზით ლიდერების თავისუფლად არჩევის უფლება ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია” - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ამ დილით, საელჩოს თანამშრომელთა ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ელჩი საელჩოს დამკვირვებელთა ჯგუფებს გაუწევს კოორდინაციას, რომლებიც საქართველოს მასშტაბით დღევანდელ არჩევნებს დააკვირდებიან. „ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ამ არჩევნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს, თუმცა, საქართველოში არჩევნების წარმატებით ჩატარება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა არჩევნებში ისმოდეს”. დღის განმავლობაში ელჩი დეგნანი ეწვევა საარჩევნო უბნებს, შეხვდება საარჩევნო მოხელეებს და გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს იმაზე, თუ რას ხედავენ და რა ესმით არჩევნებზე დაკვირვების პროცესში”.
2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია - თალაკვაძე
"ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2016 წელთან შედარებით პარტიის მხარდაჭერა გაზრდილია. მისივე თქმით, ყველა ავტორიტეტული კვლევის შედეგებისთანახმად, მმართველი პარტია საპარამენტო არჩევნებში 55–დან 60%–მდე ხმების მოპოვებას შეძლებს. "2016 წელთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია. ამას ადასტურებს ყველა კვლევა და ეს არის განპირობებული იმით, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი კონსოლიდირებული გუნდი, რაც მთავარია, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება. ...ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პროგრესული გუნდი, რომელიც მშვიდობიან მომავალს ყველაზე უკეთ მოახერხებს. ... ჩვენი მიზანია, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ პირველ ტუში, თუ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩავერთვებით სამართლიან ბრძოლაში", – განაცხადა თალაკვაძემ.
მნიშვნელოვანია, არ იყოს დაშინება და ძალადობა - კელი დეგნანი
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა. კელი დეგნანმა და თამარ ჟვანიამ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრეს. შეხვდრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. „ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მათ მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი, კარგი სამუშაო, რომელიც გაწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინება და ძალადობა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვარ - ევროკავშირის ელჩი
დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა - არც მეტისმეტად ცხელი, არც მეტისმეტად ცივი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი, 2020 წლის არჩევნების დღე დიდი დღეა. „მე, როგორც ბევრი, დღის განმავლობაში ბევრს ვიმუშავებ, რათა ვიხილო, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. ეს არის მომენტი, რომელიც ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია - ამომრჩევლები არჩევნებზე მიდიან, რათა საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, თუ ვინ უნდა მართავდეს ამ ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. საარჩევნო უბანზე შესვლა საზეიმო განწყობას მიქმნის, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია. როცა აქ მოვდიოდი, დღევანდელი ამინდის შემხედვარეს იმედი მქონდა, რომ არჩევნების დღეც იმავე მაგალითს მიჰყვება, რომელიც მსუბუქი და სასიამოვნოა - არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად ცივი. მიხარია, რომ აქ ვარ, ეს არაჩვეულებრივი მომენტია და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმის ნახვითაც, თუ უკვე რამდენი ადამიანია ხმის მისაცემად მოსული ამ საარჩევნო უბანზე. დღის განმავლობაში სხვა საარჩევნო უბნებსაც ვეწვევი, მექნება შეხვედრები მნიშვნელოვან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისევე, როგორც ცესკოსთან და ეუთო/ODIHR-თან. ასე რომ, საინტერესო იქნება, იმედიანად ვართ, რომ იქნება შესაძლებლობა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და საკუთარი არჩევნები უსაფრთხოდ დააფიქსიროს, ყველანაირი რისკის გარეშე, - კოვიდ სიტუაციას ვგულისხმობ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში ცდილობს, ნებისმიერ კომენტართან დაკავშირებით დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს. „აქ ინფორმაციის შესაგროვებლად ვარ. როგორც იცით, დღეს ქვეყნის გარშემო ევროკავშირის 70 დიპლომატიური სადამკვირვებლო გუნდი გვყავს, ვინც არჩევნების დღესთან დაკავშირებით უფრო ყოვლისმომცველ ინფორმაციას შეაგროვებს. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საერთო ძალისხმევას დავუჭიროთ მხარი, განსაკუთრებით, დავეხმაროთ ეუთო/ODIHR-ის მისიას, რათა მან რაც შეიძლება, მაქსიმალური რაოდენობის ინფორმაციის თავმოყრა მოახერხოს. ხვალ კი უკვე შეფასებები გაკეთდება, პირველ რიგში, სწორედ ODIHR-ის მისიის მიერ, მაგრამ ასევე, სხვების მხრიდანაც“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის ელჩმა საარჩევნო გარემოსა და საფრთხეების შესახებაც გააკეთა კომენტარი. „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რისი ხილვის იმედიც გვაქვს და რასაც დღეს ამომრჩევლები უნდა ელოდონ: ის, რომ ისინი საარჩევნო უბანზე მივლენ, რომელიც დაშინებისგან და ა.შ. თავისუფალია; ამასთანავე, იმ გარემოში ხმის მიცემას, სადაც არ იქნება ძალადობა ან ესკალაცია რაიმე ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. როგორც ორი დღის წინ დავდე პირობა, ყველა პარტიის ლიდერებს მოვუწოდებდი, რომ ისინი დარწმუნდნენ, დღეს არჩევნების კარგად ჩატარებისთვის მათივე საკუთარი აქტივისტები და მხარდამჭერები უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს იცავენ“, - განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 38 936-ს შეადგენს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 691-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში - 351, იმერეთში - 214, ქვემო ქართლში - 75 შიდა ქართლში - 98, გურიაში - 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 86, კახეთში - 52, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 037, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი - მათ შორის, თბილისში - 91, აჭარაში - 76. 2 245 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში-1 435. სულ 6-30 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 379 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30 467 პირი, საიდანაც თბილისში - 3 515 პირი, აჭარაში - 12 996, იმერეთში - 3 997. ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33% შეადგინა
10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33 % შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც 292 587 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 საარჩევნო ოლქში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთში - 11%. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში 7,3%,- განაცხადა მიქელაძემ.
ქვეყნები, სადაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნებს ატარებს. საარჩევნო უბნები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში არიან, ცალკე შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდა. ამომრჩევლებს კი ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. სპეცალისტების განმარტებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნებზე მისვლა აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. პანდემიის პირობებში მოუწევს არჩევნების ჩატარება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსაც, არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი 50 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დროზე ადრე ხმის მიცემის საშუალებით უკვე ისარგებლა. საყოველთაო არჩევნებისას ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნების სტატისტიკას, Europetime-მა ინფორმაცია ევროსაბჭოს მონაცემებზე დაყრდნობით შეაგროვა. პანდემიიის გამოცხადებამდე ბოლო არჩევნები, პირველ მარტს სლოვაკეთში ჩატარდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებამდე 10 დღით ადრე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „უბრალო ხალხის პარტიამ“ გაიმარჯვა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა სლოვაკეთში 6 მარტს გამოვლინდა, 11 მარტს კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ლოქდაუნის შემდეგ კი, ევროპაში პირველი არჩევნები სერბეთში, ივნისში გაიმართა, თუმცა ის აპრილში იყო დაგეგმილი. საარჩევნო უბნები სამედიცინო ნიღბებითა და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებებით აღიჭურვა. ივნისში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები 365-ათასიან ისლანდიაშიც. კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებმა 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვეს, საარჩევნო უბნები კი აქაც დეზინფექციის საშუალებებით აღჭურვეს. ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ივლისში ჩატარდა. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები პირბადეებით მივიდნენ, ხმის მიცემა კი დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა. ხმის მიცემის უფლება 1,8 მილიონ ადამიანს ჰქონდა. კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა, ასევე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებმა არჩევანი 13 ივლისს გააკეთეს, ხოლო 14 ივნისს ხმის მიცემის უფლება შშმ პირებს, მძიმე ავადმყოფებსა და პატიმრებს ჰქონდათ. საპარლამენტო არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში 12 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნები 3 თვით გადაიდო. ასევე ზაფხულში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთში, რომელიც 10 მაისს იყო ჩანიშნული (პირველი და მეორე ტური), თუმცა ამის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ შიდა პოლიტიკური ვითარება გახდა. პანდემიის პირობებში ამომრჩევლებს ხმის მიცემა უბანზე ან ფოსტით შეეძლო. ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ოქტომბერს გაიმართა. მეორე ტური კი, 25 ოქტომბერს. კორონავირუსის გამო ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე პირბადით და საკუთარი კალმით გამოცხადდნენ. ოქტომბერში ჩატარდა ჩეხეთში სენატისა და რეგიონული არჩევნებიც. რთული ეპიდვითარების მიუხედავად, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყანამ მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ჩაატარა. სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადაყენების საკითხზე 5 აპრილს ჩანიშნული რეფერენდუმი, საყოველთაო კარანტინის მოხსნის შემდეგ გაიმართება. ამ შეზღუდვამ ქვეყანაში 6-თვიანი საგანგებო მდგომარეობა ჩაანაცვლა. საყოველთა კარანტინი სომხეთში იანვრამდეა დაწესებული. რუსეთში კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი, ზაფხულში გაიმართა. გარდა ამისა, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ავსტრიაში რეგიონული არჩევნები გადაიდო. ლიხტენშტაინში რეფერენდუმი აგვისტოში ჩატარდა. შვეიცარიაში 29 ნოემბერს რეფერენდუმია დაგეგმილი. მოლდოვაში კი პირველ ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
შეინიშნება მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები - კობახიძე
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეინიშნება მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას. საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენ გასული დღეების მანძილზე საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“. ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს ევროპული საქართველოდან და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში”, – განაცხადა კობახიძემ.
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი - დავით უსუფაშვილი
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო ჩაწერილი. ასევე მათი ინფორმაციით, დარღვევა გამოვლინდა ნაძალადევის 55-ე და 56-ე უბანზე, სადაც მარკირების ხსნარზე შეიქმნა პრობლემა. ლიდერების განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა სამტრედიის ოლქის მე-14 უბანზე სადაც „ლელოს“ მხარდამჭერი ელოდებოდა გადასატან ყუთს, რათა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის კი გარდაცვლილად გამოაცხადეს, რაც, მათივე შეფასებით, კანონისა და ამომრჩევლის უფლების უხეში დარღვევაა. როგორც პარტიაში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესი დარღვევით დაიწყო რუსთავის 54-ე უბანზე. კერძოდ, დამკვირვებლების დიდი ჯგუფიდან მხოლოდ ორი იყო შესული, დანარჩენ დამკვირვებლებს კი არ უშვებდნენ. შესაბამისად, ამ ფაქტზეც დაიწერა საჩივარი. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცესკოსა და მთავრობას მიმართა. როგორც დათუნაშვილმა განმარტა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები არის დემოკრატიული პროცესისთვის დამაზიანებელი. „გურჯაანის 30 საარჩევნო უბანზე დარღვევა გამოვლინდა. ორი ადამიანი ერთდროულად იყო ხმის მიცემის კაბინაში შესული, რაზეც ჩვენმა წარმომადგენელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, რა დროსაც მას დაატოვებინეს საარჩევნო ოლქი ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ოქმის დაწერის გარეშე. ეს არის მძიმე დარღვევა და შედეგების გაბათილებას ექვემდებარება,“ - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობას მიმართა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რაც შეეხება მიმდინარე დარღვევებს, როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ყველა მსგავსი შემთხვევა იქნება გამოძიებული, რადგან ოპოზიცია და დამკვირვებლები არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებენ. „იმედს ვიტოვებ, რომ ეს არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყველას მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ. ის ხარვეზები, რომელიც შეინიშნება ამ მდგომარეობისთვის, კონკრეტულ რეგიონს არ დავასახელებ ფაქტის დაზუსტებამდე, მაგრამ დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს. ეს არ არის ის არჩევნები, რომ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება გამოძიებული. ჩვენ და ყველა ოპოზიციური პარტია ვმუშაობთ გაათმაგებულად და დღევანდელი არჩევნები დასრულდება ხალხის სასიკეთოდ,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა
12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება უკვე გამოვლენილ დარღვევებს, სადაც რეგისტრატორებმა დაარღვიეს ბიულეტენის მთლიანობა, კერძოდ, ისე მოხიეს ბიულეტენი, რომ არ იკითხებოდა კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის ნომერი, მიქელაძის განცხადებით, ეს რეგისტრატორები პროცესიდან მოიხსნა. „ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება და აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა",- განაცხადა მიქელაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორი ლალი ტურძელაძე ადასტურებს. შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ავღანეთში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს, ჯარისკაცები ხმას აძლევენ
ავღანეთში საარჩევნო პრიცესი მიმდინარეობს, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ. არჩევნები COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო უბნები ავღანეთში დილის რვა საათზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი- შარიფში და გერმანულ ბაზა "მარმალზე" გაიხსნა. ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბის ბაზაზე დისლოცირებული სამხედროები კი, საპარლამენტო არჩევნებში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლები, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. ავღანეთში საარჩევნო უბნები საქართველოს დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურები. შედეგების შეჯამებისთანავე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალური ჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. "საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ტარდება". – წერია თავდაცვის სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
არავის უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე - სააკაშვილი
ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების გეგმა, არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ყოფილიყო, ჩაიშალა. „რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობაა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.