ძებნის რეზულტატი:
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სულ 45 347 700 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 186 393 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 33 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 11.1 მილიონს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 ოქტომბრის შემდეგ 1 მილიონით გაიზარდა. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც ვირუსის 9 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 8 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, მესამეზე კი ბრაზილია 5.4 მილიონი დაინფიცირებულით.
ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი 31 ოქტომბრის არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების პარტნიორობით პირველი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სადამკვირებლო მისიების ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. როგორც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის ხელმძვანელმა ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სადამკვირვებლო მისია მოიცავს ათივე რეგიონს და დაახლოებით 100-კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ჩაჩავას ინფორმაციით, მისიის წარმომადგენლები დააკვირდებიან საქართველოს გარეთ არსებულ საარჩევნო უბნებსაც. “წელს პირველად ჩვენი მისია ერთობლივად აკვირდება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად. ჩვენს გერმანელ პატნიორ ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ ის საერთო პრინციპები, რომელიც აუცილებლია ყველა სადამკვირვებლო მისიისთვის, მიუკერძოებლობა, არაპარტიული მიკუთვნება, გამჭვირვალობა, სიზუსტე, არის ის მთავარი პრინციპები, რითაც ჩვენი სადამკვირვებლო მისია განახორციელებს 2020 წლის არჩევნების მონიტორინგს”,- განაცხადა ჩაჩავამ.
ბელარუსმა ლატვიას, ლიტვას, უკრაინასა და პოლონეთს სახმელეთო საზღვრები ცალმხრივად ჩაუკეტა
ბელარუსმა ლატვიასთან, ლიტვასთან, უკრაინასთან და პოლონეთთან სახმელეთო საზღვრები ცალმხრივად ჩაკეტა. აღნიშნული ქვეყნებიდან ბელარუსში ვიზიტორებს არ უშვებენ, თუმცა მოქალაქეებს ბელარუსის დატოვება შეუძლიათ. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ბელარუსში არ უშვებენ არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ - ბელარუსის მოქალაქეებსაც. უკრაინის საზღვარზე რამდნიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შეშვება დაიწყეს. მოგვიანებით სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აღნიშნული ოთხ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტეილია "შექმნილი ეპიდმდგომარეობის გამო". სასაზღვრო კომიტეტში აღნიშნეს, რომ მინსკის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ბელარუსში ევროპიდან თვითმფრინავით შეიძლება ჩასვლა. ბელარუსის დატოვებაზე შეზღუდვები არ გავრცელებულა. ამ დრომდე ბელარუსი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ ზღუდავდა ნებისმიერი მიმართულებით საზღვრის კვეთას. 17 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ "იძულებული იყო ჩაეკეტა სახელმწიფო საზღვარი დასავლეთთან" და ეს პოლონეთისა და ლიტვის არამეგობრული ქმედებებით ახსნა. თუმცა მომდევნო დღეს, 18 სექტემბერს, სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტში აღნიშნეს, რომ საუბარი ეხებოდა მხოლოდ საზღვრების გაძლიერებულ კონტროლს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს - გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა. “პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 10-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, 683 თბილისში, 381 - აჭარაში, 313 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 4 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11. „ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142. 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 070 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 593, აჭარაში-1 435.სულ 6-29 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 026 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი, საიდანაც თბილისში - 3 643 პირი, აჭარაში - 11 740, იმერეთში - 3 972 “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ბოლო დღეების სტატისტიკით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სჭარბობს
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ. დღეს 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 1 709. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ბელგიაში კოვიდინფიცირებულებს ვირუსის დამარცხებაში ფსიქოლოგებიც დაეხმარებიან
4 კვირა საკმარისი არ იქნება და მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეზღუდვები მინიმუმ 8 კვირა უნდა იყოს ძალაში. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბროუკმა განაცხადა. მისი თქმით, ბელგიაში, უახლოეს მომავალში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს 1500 ფსიქოლოგი დაემატება. „მე ვიმყოფებოდი რამდენიმე საავადყოფოში და რაც ჩემი თვალით ვნახე ძალიან მტკივნეული იყო და შოკის მომგვრელი. ვფიქრობ ჩვენი ექიმები წარმოუდგენელ საქმეს აკეთებენ”, - განაცხადა ბელგიელმა მინისტრმა. ბელგიის სამეფოში კომენდანტის საათი მოქმედებს. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
შსს: არჩევნების უსაფრთხოებისთვის, მობილური ჯგუფები შეიქმნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. "არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ განსაზღვრულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის, საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის განსაზღვრაულია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტები. საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
აშშ-ს მისია NATO-ში საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისკენ მოუწოდებს
აშშ-ს მისია NATO-ში Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე განცხადებას ავრცელებს: "ამ უქმეზე საქართველოში არჩევნებია, ჩვენ მოვუწოდებთ [საქართველოს] ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. დემოკრატიული ღირებულებები საფუძველია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ში საქართველოს მომავალი წევრობისთვის". შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობას არაერთმა პარტნიორმა მოუწოდა, პროცესი სამართლიან, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებულიყო. მათ ხაზი გაუსვეს არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების გზაზე და განაცხადეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან.
პატრიარქი არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს, გადასატან ყუთს საპატრიარქოში მიიტანენ. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პატრიარქი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება" დემოკრატიულ-საქართველოსთან" კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მოაწერეს ხელი. როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. „მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ, ხვალ კი, კოალიციურ პარტნიორებს შორის იქნება ის გასაღები, რომლითაც სიკეთეს მოვიტანთ ქვეყანაში",-განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს. რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია. აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება. „გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ. ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე. 24 ოქტომბრიდან ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობდა და მოქალაქეების მოთხოვნებს 25 ოპერატორი აფიქსირებდა. ამასთან, ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აქტიური საინფორმაციო კამპანია აწარმოა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, ასევე შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 14 431 ამომრჩეველს, რომელთაც მითითებული ჰქონდათ საკონტაქტო ინფორმაცია, ცესკომ გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და მოუწოდა დაეფიქსირებინათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა; ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერები მათი არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე,“ - აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ენმ-ის მოწვეული უკრაინელ დეპუტატთა ჯგუფი, ქვეყანაში არ შემოუშვეს
უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახური“ ფრაქციის წევრი, პარლამენტარი ელიზავეტა იასკო, აცხადებს, რომ საქართველომ, ქვეყანაში შესვლაზე, ბოლო მომენტში უთხრა უარი 30 კაციან დეპუტატათა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით, საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს გეგმავდა. „დღეს საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე. ასეთი გადაწყვეტილება წუხილს იწვევს, ვინაიდან საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალეობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამ გამჭვირვალეობას და შედეგს, არჩევნებისადმი ნდობას, მათ შორის დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენ“, - უთხრა პასკომ „ევროპეისკაია პრავდას“. უკრაინელმა დეპუტატმა დასძინა, რომ უკრაინა ითანამშრომლებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარისა იქნება პრემიერ-მინისტრი.
ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება - ვანო მაჭავარიანი
წესების დაცვა მინიმალური დისკომფორტია, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა, სექტემბრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წესები დავიცვათ და ის პოზიტიური ტენდენცია შევინარჩუნოთ, რაც ეკონომიკური ზრდის კუთხით გვაქვს. მისივე თქმით, სექტემბერში ეკონომიკის 0.7%-იანი შემცირება მეტყველებს, რომ მთავრობამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა კრიზისის საპასუხოდ. „ძალიან პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა სექტემბერში 0.7%-იანი შემცირებაა, რაც ნიშნავს,რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს მიმდინარე წლის სექტემბერში, როგორიც გასულ წელს იყო. იცით, რომ წელს სერიოზული ფისკალური სტიმული მივეცით, ამ სტიმულის საფუძველზე ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკლისის ნაწილობრივი კომპენსაცია მოხდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს, ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ ადეკვატური იყო. ამას „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზებიც მოწმობს. მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობებს, რასაც ვუყურებთ ძალიან კარგი გვაქვს, ამას შენარჩუნება სჭირდება. გაცილებით იოლია პირბადის გამოყენება და სხვა წესების დაცვა, ესაა მინიმალური დისკომფორტი, სხვა ყველაფერი, რაც შეზღუდვებისკენ წაგვიყვანს, დაგვაზიანებს და ეკონომიკურ ფასს გადავიხდით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ვირუსის გავრცელების შეზღუდვებით შეკავება ძვირი დაგვიჯდება. ახლა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გავდივართ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე განცხადებით, პანდემიის შემდეგ ყველა ქვეყანა ორი მთავარი კრიტერიუმით შეფასდება: სად იყო გარდაცვალებულთა ყველაზე დაბალი პროცენტული რაოდენობა და ეკონომიკის ნაკლები დაზიანება. მაჭავარიანის თქმით, ამ მიმართულებებით საქართველო ლიდერობს და ყველა წინაპირობაა, რომ საუკეთესო იყოს. ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5%-ს შეადგენს.
საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დაინფიცირების რისკი მინიმალურია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გათვალისწინებულია ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს. „დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული წინასაარჩევნო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. იქ ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია ადამიანების დაინფიცირების რისკი. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია არჩევნებზე მივიდეთ პირბადით. იქ ორჯერ გვიწევს ათი წამის განმავლობაში პირბადის მოხსნა და ეს არ არის პრობლემა. დარწმუნებული იყავით, მაქსიმალური დაცვაა გათვალისწინებული, რომ ხმის მიცემის პერიოდში და არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში ფასი მაშინ აქვს, თუ ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მივაყენებთ - პრემიერი
ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნზე“ საუბარი კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ იყენებენ ასეთ საკითხებს გარკვეული პოლიტიკური ძალები ხმების დასაგროვებლად. „ბევრი იყო საუბარი წინასაარჩევნო კონტექსტში „ლოკდაუნთან“ დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთი მაგალითია არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოკდაუნი“ არ იქნება, იქნება წერტილოვანი კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით არ იქნება და ვერ იქნება. მარტივად აგიხსნით რატომ - იმიტომ, რომ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომოკური აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა მსოფლიოში გლობალურად შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ალბათ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყნის მასშტაბით არ იქნება, იქნება წერტილოვანი, დროებითი კონკრეტული მიზნების მისაღწევად. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენად ეფექტურად დავიცავთ ჩვენ კონკრეტულ წესებს, პირბადეებს, დისტანციას და ა.შ. ასე რომ, ესეც მეორე ტალღაზე ჩვენი საერთო გამარჯვება უნდა იყოს,“- განაცხადა გახარიამ.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ქალაქ იზმირში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა. მიწისვძრა 15 წამის განმავლობაში გრძელდბოდა და ბიძგები თურქეთის დასავლეთით რამდენიმე პროვინციაშიც იგრძნობოდა.
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი
საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანია გახსნილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ დაემატა ორი გენერალური საკონსულო იტალიის რესპუბლიკის ბარში და ამერიკის შეერთებული შტატების სან ფრანცისკოში, სადაც ასევე ჩატარდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები: "საზღვარგარეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ თუ იმ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და დაწესებულ შეზღუდვებზე. მაგალითად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად ნოტით შეგვატყობინა, რომ ვინაიდან ა.წ. 28 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის, რიგ ქალაქებსა და რაიონებში გამოცხადებული კომენდანტის საათისა და ასევე, COVID-19 პანდემიის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების ფარგლებში მ.წ. 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე აზერბაიჯანში გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი, მიიჩნევს, რომ არ არის რეკომენდირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება". არჩევნებში მონაწილეობის პროცედურები: საქართველოს მოქალაქემ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღოს, აუცილებელია, იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, საკონსულო აღრიცხვის სიებს აწვდის ცესკო-ს. "საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, გადაუგზავნა ცესკო-ს. ამ თარიღისათვის, საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე იდგა 59 442 საქართველოს მოქალაქე",– აცხადებენ უწყებაში. უწყებისვე განმარტებით, მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რათა მოქალაქე მოხვდეს საბოლოო საარჩევნო სიაში. ამისათვის საჭიროა, იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა არჩევნების დღისათვის. 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემებისა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა საბოლოო სიის ფორმირებას ახდენს ცესკო. ცსკ-ის მიერ საგარეო პოლიტიკური უწყებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 65 336. შეგახსენებთ, რომ არჩვენები აზერბაიჯანის გარდა, ვერ გაიმართება საბერძნეთის ქალაქი სალონიკში. როგორც ცსკ–ში აცხადებენ, ქალაქი " წითელ ზონად" გამოცხადდა და აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება.
წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა - პრეზიდენტი
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელთა იმპლიმენტაციამაც განაპირობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალ საარჩევნო გარემოს. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
აშშ-ის საელჩო, „სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, იმედგაცრუებულია“
"აშშ-ის საელჩო, სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, იმედგაცრუებულია" - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს, შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ. "აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ. გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ. დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი [ეკონომიკური] ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად. აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში.