ძებნის რეზულტატი:
პრემიერი: მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოვუწოდო. მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე
პრემიერი გიორგი გახარია ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, განსაკუთრებით, ეს სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც სამწუხაროდ იზრდება ინფიცირების შემთხვევები. თუმცა, ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში ვართ და რამდენიმე დღეში არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალა ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობს. მე მინდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოვუწოდო, მოდით, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და მოვუწოდოთ მათ, ვატაროთ პირბადე. ყველას მოგეხსენებათ, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი გზა ნაკლები შეზღუდვისკენ, ეს არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - მინდა გითხრათ, რომ, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი წესები. ყველამ ერთად მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, კოვიდის პირობებში როგორ შეგვიძლია დემოკრატიული და ღია არჩევების ჩატარება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეკატერინე ტიკარაძე: მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი გამოიყოს
ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვაში არ არსებობს იმის ფუფუნება, რომ ერთ პაციენტზე ერთი ექიმი ან ერთი ექთანი გამოიყოს, მაგრამ საშუალოდ 4-8 მძიმე პაციენტზე საჭიროა ერთი მაღალი კვალიფიკაციის ექიმი და 3-4 ექთანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „საწოლფონდში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი. სწორედ ამაზე ვაკეთებთ მუდმივად აქცენტს და ყველა საავადმყოფო შერჩეულია იმ პრინციპით, რომ მათ მოგვაწოდეს სრული ბაზა პერსონალის, რომელიც ემსახურება პაციენტებს. პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა, არ უნდა შეექმნას კრიტიკული მომენტი იმის გამო, რომ მას ვერ გაუწიეს სათანადო მომსახურება ექიმებმა, ან ადგილზე არ იყო რაოდენობრივად ან ხარისხობრივად საჭირო რაოდენობის სტაფი“, - აღნიშნა მინისტრმა. კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე მონაცემი დღეს ჯერ არ განახლებულა.
ნათია თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ სამყარო ებრძვის პანდემიას, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს
„საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას განცხადებით, ეს აისახება თვითან თვემდე ეკონომიკის ვარდნის შესუსტებაში. ასევე - ექსპორტის პოზიტიურ დინამიკაში. შარშან ეს მაჩვენებელი აღწევდა რეკორდულ ნიშნულებს, წელს კი კოვიდის მიუხედავად, სერიოზული ზრდა გვაქვს. მინისტრის თქმით, სრულიად ლოგიკურია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სავალუტო ფონდმა შეაფასა საქართველოს პერსპექტივა იმდაგვარად, რომ ერთ-ერთი რეგინული ლიდერი ვიქნებით ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, კერძოდ, 2021-2025 წლებში, 5,5 პროცენტი იქნება საშუალო ზრდის ტემპი, ყოველწლიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს პერიოდში დავძლით კოვიდით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები; კვლავ დავუბრუნდეთ მაღალი ზრდის ტრაექტორიას; განვიმტკიცოთ რეგიონული ლიდერის სტატუსი. „მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად სამყარო ებრძვის პანდემიას და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენც ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი სერიოზული ნიშნები უკვე ჩანს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
COVID19: 1 709 ახალი შემთხვევა, 2 075 გამოჯანმრთელებული, 20 გარდაცვლილი
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1709 ადამიანს დაუდასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საქართველოში გუშინ კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დადასტურდა სულ 1731 ახალი შემთვევა. ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა. პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით გერმანიაში 4-კვირიანი კარანტინი გამოცხადდება. პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება რესტორნები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები კარანტინი ძალაში ორშაბათიდან შევა და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მაღაზიები და სკოლები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ფუნქციონირებას. რესტორნებიდან საკვების გამოძახების სერვისი ხელმისაწვდომი იქნება. "ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის სისტემაში კრიტიკული ვითარება" - თქვა მერკელმა. კანცლერმა მოსახლეობას მოუწოდა თავი შეეკავებინათ ზედმეტი მოგზაურობისგან და აღნიშნა, რომ სასტუმროები ვერ უზრუნველყოფდნენ ტურისტების მომსახურებას. საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით გამოვლინდა ინფექციის რეკორდული მაჩვენებელი, 14 964 ახალი შემთხვევა. "ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას დღეს შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება, მაგრამ თუ ინფიცირების ტემპი ასე გაგრძელდება, მივაღწევთ იმ ლიმიტს რომელთანაც ჯანდაცვის სისტემას გამკლავება შეუძლია" - თქვა მერკელმა. კანცლერი ბიზნეს სექტორს დაპირდა, რომ ფირმები, რომლებიც ახალი ზომების შედეგად იზარალებენ, ეკონომიკურ დახმარებას მიიღებენ. დახმარების ფარგლებში მცირე კომპანიები თავიანთი შემოსავლის 75%-ს მიიღებენ. გერმანიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად კორონავირუსის საერთო შემთხვევების რიცხცვი 449 275-მდე გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით ინფექციისგან 10 098 ადამაინი გარდაიცვალა.
პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება
მთავრობა ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას იწყებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეებს, ვისაც ეს დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ განცხადების საფუძველზე მასზე უარი თქვან. „მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ჩვენ უკვე დავაანონსეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ მხარდაჭერას. პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვტ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან, წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს არის მინიმუმი, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია, მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება. დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმას ნიცაში მსხვერპლი მოჰყვა
დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმისას ნიცაში 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქალაქის ცენტრში, ბაზილიკასთან მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, ნიცის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ოფიციალური პირების შესაფებით, მომხდარი ფაქტი სავარაუდოდ ტერაქტზე მიუთითებს.
შსს ბადრი ესებუას საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ, ტელევიზიების მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. “ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას. პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს”,- აცხადებენ უწყებაში.
ენგურის ხიდზე პენსიონერებისთვის ჰუმანიტარული კორიდორი მოეწყო
ენგურის ხიდზე პენსიონერებისთვის ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდა. როგორც "ევროპათაიმს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მოსახლეობას გაერო-ს მანქანა ემსახურება, რომელიც სოფლებში დადის და პენსიონერები ხიდთან, ლიბერთი ბანკის მანქანამდე მიჰყავს. "10-10 ადამიანი გადაყავთ, ვიღებთ პენსიას და უკან გვაბრუნებენ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი არ ვიცით, თუმცა ამდენი ხნის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობისთვის ეს ძალიან კარგი საქმეა. აქ ძირითადად პენსიონერი მოსახლეობაა დარჩენილი და საკვების შესაძენად სხვა რესურსი ბევრს არც აქვს", - აცხადებენ ადგილობრივები. შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილება, საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შეიზღუდა, რამაც მოსახლეობა იზოლაციაში მოაქცია. აფხაზეთში მოქმედი ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც იზღუდება გარკვეული ღონისძიებები, მოსახლეობის კორონავირუსული ინფექციისგან დასაცავად. კერძოდ, 5 ოქტომბრიდან აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები შენობაში, გარდა კულტურული დაწესებულებების საქმიანობისა, რომლებიც ხორციელდება ამ ბრძანების მე-6 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. იკრძალება საქორწილო, თუ სხვა სახის ღონისძიებები. რეკომენდირებულია გლოვის თუ ხსოვნის შეკრებებში მონაწილე პირთა რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან, კვების ობიექტებმა უნდა უზრუნველყონ დისტანციის დაცვა, მომსახურე პერსონალის მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის გამოყენება. ყოველდღიურად უნდა დეზინფიცირდეს სურსათის, ტანსაცმლის ბაზრებისა და მიმდებარე ტერიტორიები. გამყიდველებს კი კორონავირუსისგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებები უნდა ჰქონდეთ. ადგილობრივმა ე.წ. ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კაბინების ყოველდღიური პროფილაქტიკური დეზინფექცია და მძღოლების მიერ სამედიცინო ნიღბების და ხელთათმანების გამოყენება. კულტურულ დაწესებულებებშიც თანამშრომლებს მოეთხოვებათ საქმიანობა პირადი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებით. უნდა შემცირდეს ღონისძიებებში ერთდროულად დამსწრე მოქალაქეთა რიცხვი. ამასთან, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე "მთელი ქვეყნის" მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირება და მათში იზოლირებული ოთახების გახსნა, კორონავირუსით ინფიცირებული პირების მოსათავსებლად. ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოყოს დამატებითი ხარჯები, სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სამსახურის 8 შტატით გასაზრდელად. დე ფაქტო განათლების სამინისტროს დაევალა, ადგილობრივ ე.წ. ადმინისტრაციებთან ერთად მუდმივად უზრუნველყოს სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები პირადი დამცავი აღჭურვილობით, სადეზინფექციო საშუალებებით და თერმომეტრებით. პანდემიის გამო, აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს. შეზღუდვები სოხუმის გადაწყვეტილებით 15 ივნისს მოიხსნა. სოხუმმა 1-ელ აგვისტოს გახსნა რუსეთთან. ე.წ. საზღვარი, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი კი რამდენჯერმე მხოლოდ ცალმხრივად გაიხსნა. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახალგაზრდებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოში იღებენ განათლებას, საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლებას აძლევს. სტუდენტებს და მოსაწავლეებს სოხუმი ენგურის ხიდზე სპეციალური სიის მიხედვით ატარებს. სიაში შესულია იმ ახალგაზრდების ვინაობა ვინც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლობენ.
ბადრი ესებუას მამა შვილს მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს
ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, შვილს მიმართავს და მოუწოდებს პოლიციას ჩაბარდეს, ან ოჯახს დაუკავშირდეს. მიმართვას კვირა ავრცელებს. "შვილო, ბადრი, გელოდებოდით გუშინ. არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი არ ვიცით, შენი ადგილსამყოფელი. თუ რამე შეგიძლია ან კომუნიკაცია არ გაქვს, ჩვენც არ გვაქვს კომუნიკაცია. გამოდი, შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. ამას გთხოვთ, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. გამოდი, დაგვიკავშირდი. ან დაგვიკავშირდი, ან ჩაბარდი პოლიციას. ეს არის ჩემი სათქმელი." - ამბობს ტარიელ ესებუა. ტარიელ ესებუა 27 ოქტომბერს ამბობდა, რომ ბადრი ესებუა უდანაშაულოა და, მისივე სიტყვებით, ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, სახლში დაბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციით, ესებუა თბილისში სამკურნალოდ იყო წასული. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა. 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა. მოგვიანებით ერთერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა. თავდამსხმელი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ. აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.
მმართველი გუნდი განმარტავს, ხომ არ დაწესდება ლოქდაუნი არჩევნების შემდეგ
„ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება“, - თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ევროპულ საქართველოს“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. „კონკრეტული ოპოზიციური პარტიები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ისინი აგზავნიან შეტყობინებებს, სადაც საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენ არჩევნების შემდეგ „ლოქდაუნის“ დაწესებას ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”, - განაცხადა კახა კალაძემ. „ევროპული საქართველოს” განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან ლოქდაუნის გამოცხადებას გეგმავს.
არჩევნები უსაფრთხოა - ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა
"არჩევნები უსაფრთხოა" – ცესკოს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. სპეციალურ ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ თქვა, რომ ცესკო ყველა რეკომენდაცია ასრულებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. "2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. 31 ოქტომბერს, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის რისკის მატარებელი. 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3657 საარჩევნო უბანი. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უბნებზე საარჩევნო პროცესი განხორციელდება დამოუკიდებლად და არ ექნება შეხება იმ საარჩევნო ღონისძიებებთან, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის რისკ-ჯგუფის ამომრჩევლების მომსახურებას. შეგახსენებთ, რომ იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. ასეთ უბნებზე ხმის მიცემის უზრუნველყოფა და შედეგების დათვლა მოხდება ცალკე, სპეციალური ჯგუფის მიერ. ყველას გვახსოვდეს, რომ ამომრჩევლების ნება გადამწყვეტია და მათი არჩევანი კანონია! შესაბამისად, მინდა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო აქტიურობისკენ და ვუთხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის" – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს, დამატებით, 20.8 მლნ ევრო გამოუყო
საქართველოსა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს“ (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა. „პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი 5,8 მლნ ევროს ოდენობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის. აღნიშნული შეთანხმებები, ასევე, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს
დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილ ლიდერს ჯერემი კორბინს პარტიის წევრობა შეუჩერეს და პარლამენტში ფრაქციიდან გარიცხეს. პარტიის სპიკერმა რომ გადაწყვეტილების მიზეზი კორბინის მიერ გაკეთებული კომენტარებია, რომელთა უკან წაღებაზე მოგვიანებით უარი განაცხადა. კორბინის საკითხზე პარტია შიდა გამოძიებას ჩაატარებს. ჯერემი კორბინმა ანგარიშზე, სადაც ანტისემიტიზმზე იყო ლაპარაკი, თქვა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის პარტიას ხელმძღვანელობდა, შესული საჩივრები დრამატულად გაზვიადებული იყო. მოგვიანებით მან პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ თავს პრობლემის ნაწილად არ მიიჩნევდა. მას მიაჩნია, რომ საკითხის უკან ოპონენტების პოლიტიკური მოტივები იკვეთება. კორბინი ირწმუნება, რომ პრობლემის გადაჭრაში ხელს პარტიის სხვა ოფიციალური პირები და ბიუროკრატიული მექანიზმები უშლიდნენ. "ერთი ანტისემიტიც კი ძალიან ბევრია, მაგრამ პრობლემის მასშტაბი დრამატულად არის გაზვიადებული პოლიტიკური მოტივებით როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის გარეთ ჩვენი ოპონენტების, ასევე მედიის დიდი ნაწილის მიერ. ამ კომბინაციამ დააზარალა ებრაელი ხალხი და არასოდეს უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ ებრაულ თემთან ურთიერთობა აღდგება და შიშები დაიძლევა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიგნებებს არ ვიზიარებ, იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციებს სწრაფად გაიზიარებენ". - თქვა მან. ანტისემიტიზმის საკითხზე გამოძიება თანასწორობის და ადამიანის უფლებათა კომისიამ ჩაატარა და დაადგინა, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ კანონი დაარღვია ანტისემიტიზმის თაობაზე შესული საჩივრების განხილვისას იმ პერიოდში, როდესაც პარტიის ლიდერი სწორედ კორბინი იყო. ანგარიშზე კომენტარი გააკეთა პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა კირ სტარმერმა: "თუ მთელი ამ ტკივილის და მწუხარების, ანგარიშში მოცემული ყველა სამხილის შემდეგ, კიდევ არის ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა არ არსებობს ლეიბორისტულ პარტიაში და ის გაზვიადებულია, პირდაპირ ვეტყვი, რომ ისიც პრობლემის ნაწილია და ლეიბორისტულ პარტიასთან ახლოს არ უნდა იყოს". - თქვა მან. ჯერემი კორბინმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც გასული წლის დეკემბერში დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში პარტიამ 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
ვის ვაძლევ ხმას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
გოგა ჩანადირის სვეტი 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადავწყვეტთ, ვის ვანდოთ მომდევნო 4 წლით ქვეყნის მომავალი. ეს არჩევანი არის უზენაესი და მოქალაქის ყველაზე დიდი უფლება. მე კი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ხმის მისაცემად მივდივარ არჩევნებზე და არჩეული ხელისუფლებიდან ველი შემდეგს: 1. წაახალისოს კოვიდ 19-ით დაზარალებული ბიზნესი 2. გააუმჯობესოს კრიმინოგენური მდგომარეობა 3. დაიწყოს თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პროგრამები 4. ხელი შეუწყოს უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოტანასა და ეკონომიკური კვანძის ჩამოყალიბებას. 5. ხელი შეუწყოს ისეთი საავადმყოფოების შექმნას, რომ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა და დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება საჭირო აღარ იყოს. 6. წაახალისოს ქართული ნაწარმის ბაზარზე ფართოდ დამკვიდრება 7. ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სრულ განვითარება-დამკვიდრებას მთელ საქართველოში. 8. აწარმოოს სრულმასშტაბიანი ეკოლოგიური პოლიტიკა 9. განავითაროს სოფელი და სოფლის მეურნეობა 10. დაბოლოს, განათლება გახადოს მთავარი პრიორიტეტი ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის რთული გასაკეთებელი, თუ პოლიტიკური და სამოქალაქო ნება იქნება. უკვე დროა, ძლიერი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ.
სენატორი ჯიმ რიში: საქართველოში სანდო არჩევნების ჩატარება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
სენატორი ჯიმ რიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. სენატორი ელის, რომ სანდო არჩევნების ჩატარებით საქართველო სტაბილურობას დაადასტურებს. ამის შესახებ აშშ–ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „არჩევნების ჩატარება დემოკრატიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი სავარჯიშოა. საქართველო პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. ამ არჩევნების სანდოობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ველი, რომ ვიხილავ საქართველოს მიერ მისი დემოკრატიული არჩევანის და სტაბილურობის დადასტურებას, თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩატარებით. ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს საკანონმდებლო ჩარჩოს პატივისცემა, რომელზეც პოლიტიკური პარტიები მიმდინარე წელს შეთანხმდნენ“, - განაცხადა სენატორმა.
ევროკავშირი, არჩევნების დღეს, უპრეცედენტო როლს კისრულობს - კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს. როგორც კარლ ჰარცელი განმარტავს, ევროკავშირი არჩევნების დღეს, კისრულობს უპრეცედენტო როლს, რომ განახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, 70-ზე მეტი გუნდი შეიკრიბება, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. „ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო ყუთებთან მივლენ. გლობალურმა პანდემიამ არჩევნებისთვის მზადების პროცესი განსაკუთრებით გაართულა. ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახადა. ევროკავშირი თავიდანვე ჩართული იყო, მათ შორის 8 მარტის შეთანხმების ხელშეწყობაში, რომელმაც ახალი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყველა მონაწილეს უფრო თანაბარი შესაძლებლობები შესთავაზა. ჩვენ აგრეთვე მონაწილეობა მივიღეთ ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიასაც. არჩევნების დღეს, ვკისრულობთ უპრეცედენტო როლს განვახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი: ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევკრებთ 70-ზე მეტ გუნდს, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდი ასე გამოიყურება და, როგორც ხედავთ, იმავე მკაცრ წესებს დაიცავს კოვიდის წინააღმდეგ, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ეუთო/ოდირის მისიის ძალისხმევას. ჩვენ ასევე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთანაც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ეს არის ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება ქართული დემოკრატიის მიმართ და ჩვენი მზადყოფნა, რომ უფრო მეტად გავამყაროთ ნდობა ამ არჩევნების მიმართ დამატებითი საერთაშორისო „თვალისა და ყურის“ საშუალებით. ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. ანუ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები და ამაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს. და ბოლოს, ნება მიბოძეთ მოვუწოდო ამომრჩეველს, რომ ყველას გააგონოს თავისი ხმა ამ არჩევნებზე, უსაფრთხოდ და საიმედოდ. იმედი გვაქვს, შაბათს შეგხვდებით!“,-აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
რადიკალური ისლამური ტერაქტები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქ ნიცაში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს. „ჩვენი გულები ფრანგ ხალხთანაა. ამერიკა ამ ბრძოლაში ჩვენი უძველესი მეგობრის გვერდით დგას. რადიკალური ისლამური თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი „ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა.
გორთან, ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. "2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.