ძებნის რეზულტატი:

ოქტომბერში ინფლაციამ 3.8% შეადგინა - რა პროდუქტები გაძვირდა

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ტრანსპორტისა და დასვენების ჯგუფების გარდა, ყველა სექტორში ფასების მატება შეინიშნებოდა. მათ შორის ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე შესამჩნევი გავლენა სურსათის ქვეჯგუფში 5.5%-ით მომატებულმა ფასებმა იქონია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (17.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (13.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 6.0 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.74 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-8.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურება (-4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.1 პროცენტი). საქართველოში ინფლაციის დონემ 6%-იან ნიშნულს 2019 წლის ბოლო კვარტალში გადააჭარბა, მომატებული ინფლაცია კი მაისის ჩათვლით ნარჩუნდებოდა, რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა ეტაპობრივად შემცირება დაიწყო.

მაშველებმა იზმირში, მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან ამოიყვანეს

მაშველებმა იზმირში, 30 ოქტომბერს მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ, 4 წლის გოგონა ნანგრევებიდან გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აილა გეზგინი 107-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს. ექიმების ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პარტიებმა არჩევნების გაუქმების მოთხოვნას ხელი მოაწერეს

10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინი, ვინც არსებული მონაცემებით ხვდება პარლამენტში და ისინი, ვინც ზღვარს ვერ ლახავენ თანხმდებიან, რომ არჩევნები განმეორებით უნდა ჩატარდეს. მათ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არალეგიტიმურად აცხადებენ არჩევნების შედეგებს, ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, "სტრატეგია აღმაშენებელი", ლელო, გირჩი, მოქალაქეები, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, ერთიანი საქართველო. ​როგორც ითქვა, დოკუმენტს ხელს აწერს "პატრიოტთა ალიანსიც"."2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალდობისა და დაშინების სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მანდატი. შესაბამისად, ეს არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ არ შევიდეთ პარლამენტში. არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან არის ის უკანონოდ არჩეული", - წაიკითხა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვა.

589 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 281 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კორონავირუსის 15 501 აქტიური შემთხვევიდან 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში მკურნალობს 299 პაციენტი, აჭარაში - 90. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, აქედან, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 3 080 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში - 1 412. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 20 და გამოჯანმრთელდა 1 833 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა.

დიდი ქალაქების სკოლების უმრავლესობა, დისტანციურ სწავლებაზე დარჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციური რეჟიმში შენარჩუნება. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. საუბარია 4 ნოემბრიდან 25 ნომბრამდე პერიოდზე და ის 1-12 კლასის ჩათვლით, ყველას ეხება.

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამასთან, სკვების ობიექტების მუშაბის შეზღუდვა, რომელიც 22:00სთ-ზე დახურვას უკავშირდება, მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. შეზღუდვა აქამდე, მხოლოდ იმერეთს, აჭარას, თბილისსა და მცხეთას ეხებოდა.

პროკურატურა 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, უწყება ასევე მოითხოვს, მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს“, -

საია 117 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, გაუქმდეს 117 უბნის შემაჯამებელი ოქმები და ხელახლა გადაითვალოს მონაცემები. „გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები“, - აცხადებს საია. კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში საიამ 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ. 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, საქართველოს მასშტაბით 3800-მდე საარჩევნო უბანი მუშაობდა. დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია კენჭისყრის პროცესში მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ, რასაც ხელისუფლება დიდწილად უარყოფს.

ცესკოსთან სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს, რასაც აქციის მონაწილეები ქვებს ურტყამენ

ცენტრალური საარჩევნო კომისის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიების აქტივისტები არიან შეკრებილები, სამართალდამცავებმა რკინის ბარიკადები განათავსეს. აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს ქვებს ურტყამენ. ცესკო-სთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. მანამდე კი ოპოზიციის მხარდამჭრერებმა რესპუბლინის მოედნიდან ცესკო-ს შენობამდე მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.

მინსკში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

2 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 1000-ზე მეტი მომიტინგე კვლავ გამოვიდა ალექსანდერ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით. მომიტინგეებს შორის ბევრი პენსიონერი იყო. მათ ხელში ეკავათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშები, რაც ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლო გახდა. "ლუკაშენკო! სასამართლო!"; "გამარჯვებამდე, ბოლომდე!" - გაიძახოდნენ მსვლელობის მონაწილეები. პირველი ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც მინსკში აქციაზე ასობით ადამიანი დააკავეს, 2 ნოემბრის აქციაზე დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პირველ ნოემბერს სამართალდამცავებმა ათასობით მომიტინგის დასაშლელად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, რეზინის ტყვიები. დააკავეს, დაახლოებით, 300 ადამიანი. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, დაკავებულებს შორის 4 ჟურნალისტია, მათგან 2 სასტიკად სცემეს. საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, ნათია თურნავა თვითიზოლაციაში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, 2 ნოემბერს გადავიდა.

მელია გირაოს გადახდას და სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს

ენმ-ძალა ერთობაშიას წევრის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელია გირაოს გადახდასა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს. "ნიკა მელია არ აპირებს სამაჯურის გაკეთებას. მან არაერთხელ დააფიქსირა, რომ ვინაიდან ეს გადაწყვეტილება იყო უკანონო, ის არის მხოლოდ ერთი მიზნით გაკეთებული, რომ ჩამოაცილონ ნიკა მელია აქტიურ პოლიტიკურ პროცესებს. მათ შორის, არც გირაოს გადახდას, არც სხვა აღკვეთის ღონისძიებით, თუ რაიმე ახალს მოიფიქრებს სასამართლო. არ მგონია, რომ სასამართლომ ეს აბსურდული შუამდგომლობა დააკმაყოფილოს". – ამბობს კონდახაშვილი. მისივე თქმით, პოლიტიკურად დადგა იმის აუცილებლობა, რომ პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს, რათა, მისივე სიტყვებით, საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ რეაგირება მოახდინეს. "ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ, რომ ბრალდების მხარე არის სამართლებრივ აბსურდში შესული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ თუ ბრალდებული არღვევს აღკვეთის ღონისძიებას, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას უფარდებს და გირაოს თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, პროკურორი ამბობს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიება, თუმცა პატიმრობას არ ან ვერ იყენებენ. ამ შუამდგომლობას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ნიკას გირაო ისედაც შეფარდებული აქვს და არათუ საზღვრის გადაკვეთა, ჩამორთმეული აქვს სახლიდან გასვლის უფლება, სიტყვით გამოსვლის უფლება, დაწესებული აქვს ელექტრონული მონიტორინგი. მაგრამ არცერთი ეს აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, გუშინ და გუშინწინ კი არ გაიგო პროკურატურამ, რომ აღკვეთის ღონისძიება არ მუშაობს, ფარატინა ფურცელი, ფიქცია და პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, ეს, დაახლოებით, ერთი წელია, გრძელდება". –ამბობს ადვოკატი. გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. პროკურატურამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 3.2988 ლარია, ერთი ევროსი კი 3.8586 ლარი. კომერციულ ჯიხურებსა და ბანკებში უცხოური ვალუტა კიდევ უფრო ძვირი ღირს – დოლარის ფასი 3.36 ლარს აღწევს, ევროსი კი 3.96 ლარს. გუშინ, 2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

სასამართლომ ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვები მოუხსნა

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა და სხვა შეზღუდვების მოუხსნა. პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა შეზღუდვების მოსხნის მოსხნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. "მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია. 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს. იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

BBC - ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 114. აღსანიშნავია, რომ პირველადი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენს უსწრებს, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობით, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

ქსნის ციხის შედეგი გაუქმებულია, მცხეთის ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქსნის ციხეში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა და შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. ამის შესახებ ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი ინიციატივით შეისწავლა საკითხი, გადაამოწმა შედეგები და მონაცემები. "ამ ციხეში შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა, რაც ფაქტობრივად იწვევს წინასწარი მონცემებით ისეთ სურათს, რომ შესაძლებელია, მეორე ტური ასევე გაიმართოს მცხეთის იმ კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქში, რომელსაც მცხეთის საარჩევნო ადმინისტრაცია კურირებს. წინასწარი მონაცემებით ასე იკვეთება. იქ არასწორად იყო ბიულეტენები გადაცემული, რადგან რეგისტრაციის მიხედვით არ ეკუთნოდათ სპეცსიაში მყოფ ამომრჩევლებს, გააბათილა ეს შედეგი საოლქო საარჩევნო კომისიამ, რის შედეგადაც შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური".- აცხადებს ჟვანია. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს, წინასწარი შედეგებით, 50,1% აქვს ხოლო ენმ– ძალა ერთობაშიას კანდიდატმა, ცეზარი ჩოჩელმა, წინასწარი შედეგებით, 33,42% მიიღო.

ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ტელეგრამზე" განათავსა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენაში თავდასხმა განხორციელდა "ხალიფატის ჯარისკაცის" მიერ. შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. ვენაში განხორციელებული თავდასხმის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი - ოპონენტები ცდილობენ, არჩევნები მოიპარონ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ოპონენტები არჩევნების მოპარვას ცდილობენ. „ისინი ცდილობენ, მოიპარონ არჩევნები. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ მათ ეს გააკეთონ. ხმის მიცემა არ შეიძლება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. Reuters-ის ინფორმაციით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. მას კოლეგიაში 220 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, კი - 213.

"ქართული ოცნების" ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს, ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ცნობილია შეხვედრა 12:00 საათზე სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება. შეხვედრის თაობაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან. „ხვალ გეგმავენ ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შევეცდებით დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩავაყენოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 117, აჭარაში - 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში - 283, აჭარაში - 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი - მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 - აჭარაში, ხოლო 878 - თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში-1 392. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 723 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში - 2 735, აჭარაში - 12 427, იმერეთში - 4 025“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.