ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩია

კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 38 წლის ვიოსა ოსმანი აირჩია. ოსმანი კენჭისყრის მესამე ტურში 71 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში 82-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 11 ბიულეტენი გაუქმდა. „კოსოვოს პარლამენტმა ქალბატონი ვიოსა ოსმანი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია. ვიოსა ოსმანი კოსოვოს პრეზიდენტის მოვალეობებს 5-წლიანი ვადით შეასრულებს“, - ნათქვამია კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხახებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR-ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაუდასტურდა.

სერბეთის პრეზიდენტი ჩინური Sinopharm-ით აიცრა

სერბეთის პრეზიდენტმა, 51 წლის ალექსანდრ ვუჩიჩიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა - Sinopharm-ი საჯაროდ გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. „ვაქცინა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა დიდებულ სამედიცინო თანამშრომლებსა და ჩვენს ჩინელ ძმებს“ - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა ვაქცინაციის შემდეგ.

თურქეთის პრეზიდენტი შარლ მიშელსა და ურსულა ვონ დერ ლეიენს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლეიენს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილეს. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს კონკრეტულ და პოზიტიურ დღის წესრიგს თურქეთთან, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და მიგრაციის სფეროებში. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, პრეზიდენტ ერდოღანთან "გულწრფელი დისკუსია" ჰქონდა და ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. ვონ დერ ლეიენის თქმით, შეხვედრა მიზნად ისახავს კავშირების "ახალ იმპულსს". "ანკარაში, ვონ დერ ლეინთან ერთად, მზად ვართ პრეზიდენტ ერდოღანთან ევროკავშირი – თურქეთის ურთიერთობების შესახებ დისკუსია დავიწყოთ. უფრო კონსტრუქციული დღის წესრიგის შესაქმნელად მდგრადი დეესკალაციაა საჭირო." - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნესმ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მყიფეა. იმისათვის, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა იმუშაოს. მხარეებმა თურქეთის საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობაც განიხილეს.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. აგრეთვე სისხლისსამართებლივი დევნა შეწყდა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სეირან ოგანიანისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, არმენ გევორქიანის წინააღმდეგ. მოსამართლე ანა დანიბეკიანმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასთან დაკავშირებით აღძრული საქმე დახურა. სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ფაქტის არარსებობის გამო შეწყდა. მოსამართლის განმარტებით, რობერტ ქოჩარიანისა და არმენ გევორქიანის წინაღმდეგ პროცესი სხვა ბრალდების საფუძველზე გაგრძელდება. ექს-პრეზიდენტს ასევე ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. სასამართლოს მომდევნო სხდომა 13 აპრილს გაიმართება. სომხეთის ექს-პრეზიდენტი 2018 წელს დააკავეს. ქოჩარიანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება 2008 წელს, მარტში გამართულ აქციებს, რა დროსაც, ათი ადამიანი დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. აღნიშნული დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც იყო. 2020 წლის ივნისში ქოჩარიანი ოთხი მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ლიეტუვის პრეზიდენტი: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ შეუძლია

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორი NATO-ში გაწევრიანების პროცესს ართულებს, თუმცა შეჩერება არ შეუძლია. ამის შესახებ უკრანულ გამოცემასთა ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, მიღწევადია თუ არა უკრაინისთვის NATO-ს წევრობა იმის გათვალისწინებით, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ლიეტუვას პრეზიდენტმა უპასუხა: "დიახ, ამის გამო ვითარება რთულია, შემთხვევით არ დაწყებულა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და მოხდა ყირიმის ანექსია. იგივე ხდება სხვა სახელმწიფოებშიც, რომლებიც ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, მე უპირველს ყოვლისა, საქართველოზე ვსაუბრობ. ეს ფაქტორი ართულებს პროცესს, თუმცა მისი შეჩერება მას არ ძალუძს. ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება". გიტანას ნაუსედამ ინტერვიუში ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს სიმტკიცე და ასოცირებულ პარტნიორებს, კერძოდ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რათა მათ წინსვლის მოტივაცია მისცეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს დონბასში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დღეს, დონბასში ჩასვლას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩავა. დღეს დონბასში, რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ისევ დარღვევის და კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, რომ რუსეთმა მარტის დასაწყისიდან უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი სამხედრო ძალები გააგზავნა. აშშ-მა, ევროკავშირმა, NATO-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. ბოლო დღეებში, ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტამდე, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ოპერაციებს 6 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და სამი კი დაიჭრა. აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს. .

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება", - ნათვქამია განცხადებაში.

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას დღეს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 12:00 საათზე წარდგება. „პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება. პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ. სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

პრეზიდენტი: არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია

"არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია", - ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. პეზიდენტის თქმით, პარლამენტში წლიური მოხსენების წარსადგენად, ეს დღე შეგნებულად აირჩია, რადგან 9 აპრილი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. "დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, ის რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები, და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება - 70 წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ - (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) - ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა. ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების! არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს! სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტი: ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ეხლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის

" მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე", - ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის არდგენისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვლის, თქმით, დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს. "ამიტომ მინდა შევეხო ყველა იმ თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აღელვებს, რომლის მიმართ ხშირად ვართ გაყოფილი თუ დაპირისპირებული და რომლის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთობაზე გადის. უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა, ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ეხლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა. აქ საჭიროა პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებეს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან. ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა - ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით. ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა ისრაელმა, ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას. მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი. ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტი: ხელისუფლებას გამბედაობა  არ ეყო, ქვეყნის სტაბილურობა და ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“

„ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“.იმედი მაქვს რომ ეს მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ უკვე დაახლოვებული ვართ. „ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფაცილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ , არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“, ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს. ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის! არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. Top of FormBottom of Form

პრეზიდენტი: სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში

"აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღდეგ სოლიდარობა გამოუცხადა. "არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", -განაცხადა ზურაბიშვილმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კ2020 წლის მაისში ონსულტაციისთვის გამოიძახა. ამის მიზეზი გახდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბოლო კვირების განმავლობაში, ცეცხლის გახსნის შედეგად, 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაღუპა, სამი კი დაშავდა.

პრეზიდენტი: სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას  მივიღებდით და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში

"სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი: 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია - არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ. მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას Anadoly Agency ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზელენსკი თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -9 შეხვედრის ფარგლებში ეწვევა ქვეყანას. სავარაუდოდ, საბჭოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ტურიზმი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევს ეწვია თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -8 შეხვედრის ფარგლებში.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა, საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ აღნიშნულია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რეგიონში განვითარებული მოვლენები და NATO-სთან და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოს აქტიური წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა. როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება. "ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს", - განაცხადა კონოლიმ. როგორც კონოლიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც NATO-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა "ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს". რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ "წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო" ქმედებები უწოდა. მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თურქეთის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა

"ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია, ყირიმის არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, კვლავ მტკიცედ უცვლელია. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ. ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ერდოღანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთს არ აქვს ფუფუნება ზურგი შეაქციოს არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს თურქული მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში მონტრეს კონვენციის ფარგლებში 2 სამხედრო გემს გაგზავნის

ხვალ საქართველოს  სომხეთის  პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი მეუღლესთან, ნუნე სარქისიანთან ერთად ეწვევა. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს