ძებნის რეზულტატი:
აშშ ზოგიერთი არასამიგრაციო ვიზების გაცემის მიზნით, გასაუბრებებს 2022 წელს განაახლებს
აშშ ზოგიერთი არასამიგრაციო ვიზების გაცემის მიზნით, გასაუბრებებს 2022 წელს განაახლებს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. სავიზო განაცხადების განხილვის მიზნით აპლიკანტებთან გასაუბრება კოვიდპანდემიის გამო ქვეყნების უმეტესობაში შეწყვეტილი იყო. „კოვიდპანდემიის შედეგად სავიზო განაცხადების განხილვის შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა. გლობალური მოგზაურობის აღდგენისას ჩვენ ვდგამთ დროებით ნაბიჯს, რათა შევამციროთ ვიზების გაცემის ლოდინის დრო“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში. ამიერიდან საკონსულოებს ექნებათ საშუალება, დანიშნონ გასაუბრება ათზე მეტი კატეგორიის ვიზების მიღების მსურველებთან, მათ შორის სტუდენტებთან, სპორტსმენებთან, ხელოვანებთან.
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს. შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც. საშობაო მსახურება მიმდინარეობს ბათუმში, პროტესტანტულ და კათოლიკურ ტაძრებში, ასევე შობის დადგომას აღნიშნავენ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაშიც. მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2090 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 76 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 748 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის - 6.12% ხოლო 7 დღის - 5.41%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 878 022. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 443 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 115, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც: 5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 138, აჭარაში - 528, იმერეთში - 995. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პაციენტი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 36, იმერეთში - 37. 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 611 - თბილისში, 240- აჭარაში. 25 082 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 24 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 410 ადამიანი.
შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წელს გაანადგურა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 23 კილო და 759 გრამი "ჰეროინი"12 127 ტაბლეტი "სუბუტექსი"9 კგ კოკაინი220 გრამი "მდმა"347 გრამი "მეტადონი"1 ტონა და 655 კგ კანაფი1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“"მდმა"- ს შემცველი 1000 ტაბლეტი367 კაფსულა/ტაბლეტი "ტრამადოლი""მეტადონის" შემცველი 125 ტაბლეტი896 გრამი კანაფის ფისი229 გრამი „ალფა პვპ“679 კაფსულა „პრეგაბალინი“260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ეგეოსის ზღვაში, კუნძულ პაროსიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. სანაპირო დაცვამ 62 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, დანარჩენების ძებნა კი მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში სანაპირო დაცვის ხუთი საპატრულო კატარღა, ცხრა კერძო ხომალდი, ვერტმფრენი, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და სანაპირო დაცვის მყვინთავები არიან ჩართული. მედიის ინფორმაციით, ადამიანების კონტრაბანდით დაკავებული პირები თურქეთიდან იტალიამდე სახიფათო მარშუტს ირჩევენ, რამაც ბოლო სამ დღეში მესამე ტრაგედია გამოიწვია და მინიმუმ 27 მიგრანტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა
ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. წმინდა პეტრეს ტაძარში ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო მესას ასობით ადმიანი დაესწრო. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მათ პირბადეები ეკეთათ და დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში ყურადღება გაჭირვებულების დახმარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ღმერთი კაცობრიობას ასწავლის, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია და არა ძალაუფლებასა და სიმდიდრეში. პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებზე და გაჭირვებულებზე. „მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ წარმატების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწვალის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე“, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 808 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 808 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 25 დეკემბერის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 454 879 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 273 858 ადამიანი, მოსახლეობის 44.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 118 799 ადამიანი, მოსახლეობის 39.0%. „ბუსტერ დოზა“ გაკეთებული აქვს 61 091 ადამიანს.
ჯანმო: COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა
COVID19-ის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც ვირუსის შემთხვევები დასტურდება, „ომიკრონი“ ვრცელდება მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი“. „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ორ-სამ დღეში ორმაგდება. მეორე მხრივ, სამხრეთ აფრიკის, გაერთიანებული სამეფოსა და დანიის ადრეული სტადიის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ „ომიკრონის“ შტამს აქვს ჰოსპიტალიზაციის უფრო დაბალი რისკი, ვიდრე „დელტას“. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 122 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 23 000-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტით არის ინფიცირებული.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად
სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარება ერევნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია და აზერბაიჯანთან მიმდინარე ყველა მიმდინარე დისკუსია შეიძლება, ამ კუთხით განიხილებოდეს. ფაშინიანის თქმით, საინფორმაციო ქაოსის გამო, როგორც ჩანს, სომხეთი აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის წინააღმდეგია, მაგრამ მისი განცხადებით, ეს ასე არ არის. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თურქეთთან სამომავლო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ თუ სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ისაუბრა მოსკოვში გამართულ ე.წ. 3+2-ის ფორმატით ჩატარებულ შეხვედრაზეც და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრიდან დადებითი შთაბეჭდილება აქვს, რაც არ ნიშნავს, რომ რისკები არ არის. „ზოგადად „3+2“ ფორმატი შეესაბამება მთავრობის პროგრამის პოზიციას, რომ ჩვენ გვინდა მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ საუბრებში. თუ ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აზერბაიჯანთან, მაშინ ჩვენ უკვე მოვილაპარაკებთ თურქეთთან. ჩვენი დიალოგი ირანთან მუდმივია. რუსეთის ფედერაცია ჩვენი მუდმივი პარტნიორია. ალოგიკური იქნება, რომ ამ გარემოში არ გვსურდეს საუბარი, თუ ყველასთან ცალ-ცალკე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია ცხრა პირი: 2001 წელს დაბადებული დ.ბ., 1979 წელს დაბადებული გ.ო,1963 წელს დაბადებული ზ.ს., 1985 წელს დაბადებული ბ.თ., 1983 წელს დაბადებული ი.ს., 1984 წელს დაბადებული რ.გ., 1957 წელს დაბადებული ო.დ., 1995 წელს დაბადებული ი.მ. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ბ. -ს პირადი ჩხრეკისას უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო გ.ო.-ს ბინის ჩხრეკის შედეგად, „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 47 ვაზნა ამოიღეს. „ზ.ს., ბ.თ. და ი.ს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ს.-მ „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები უკანონოდ გაასაღა ნაცნობებზე – ი.ს.-სა და ბ.თ. -ზე. სამართალდამცველებმა ბ.თ. და ი.ს. თბილისში, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად „გლოკის“ და „ბერეტას“ სისტემის უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტები ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველო თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებულის ო.დ.- ს საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის იარაღები და 42 ვაზნა ამოიღეს, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული, წარსულში ნასამართლევი რ.გ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „VOLTRAN BLOW Magnum Mod.2000“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თერჯოლაში, ბრალდებული ი.მ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ი.მ.- ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად კი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი და ექვსი ვაზნა. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩინეთში COVID19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირების მსგავსი მაჩვენებელი ქვეყანაში 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ინფიცირებულებს შორის 73 უცხო ქვყნებიდან ჩასული მგზავრები არიან. 23 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, ჩინეთის ქალაქ სიანის 13 მილიონ მოსახლეს ქალაქის დატოვება აეკრძალა. ადგილობრივები სიანის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დამსაქმებლისგან სპეციალური ნებართვა ექნებათ და ამასთან, კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ. ამასთან, ახალი რეგულაციის მიხედვით, სახლიდან გასვლა ყოველ მეორე დღეს თითოეული ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს ექნება, რომელიც პროდუქტების შეძენის შემდეგ პირდაპირ სახლში უნდა დაბრუნდეს. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა 25 იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 4 636 ადამიანი ემსხვერპლა.
გორის და ატენის მიტროპოლიტი: ეროვნული შერიგება გვჭირდება
"ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია", - ამის შესახებ გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მეუფე ანდრიამ აღნიშნა, ეკლესია მზად არის საყოველთაო შერიგების პროცესის მონაწილე გახდეს. მას მიაჩნია, რომ ეს პროცესი ეკლესიის წიაღში უნდა წარიმართოს. "მე და თქვენ რომ წავიჩხუბოთ, რა წინაპირობა უნდა იყოს ჩვენი შერიგების? - უპირველეს ყოვლის, უნდა იყოს ორივე მხრიდან სურვილი და თანმხლები ნაბიჯები. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ ეროვნული შერიგება ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ 30 წელია, სამწუხაროდ, ვართ ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში და დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა ათწლეულების წინ დაწყებული პროცესია. ამიტომ ეს ნაბიჯი უნდა იყოს ძალზედ გააზრებული არა ჩემი პიროვნული სურვილით და ეგოიზმიდან გამომდინარე, არამედ, საერთო სიკეთეზე დამყარებული. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის. ეკლესიამ განაცხადა და ყოველთვის მონაწილეა, ხელშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ ეს პროცესი წარიმართოს ეკლესიის წიაღში",- განაცხადა მეუფე ანდრიამ.
თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, პარკირების ტარიფებში ცვლილება არ არის
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ორგანიზაციებს და ბიზნესსექტორს ზონალურ-საათობრივი პარკირების რამდენიმე პაკეტს სთავაზობენ. ხმალაძის თქმით, მათ შორის არის 800-ლარიანი პაკეტი, რომლის შემთხვევაშიც მთელი წელი უფასოდ ისარგებლებენ პარკირებით. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ფასი 1 ლარია, წლიური 50 ლარი ღირს, ამ მიმართულებით კი ცვლილებები არ იგეგმება. "პარკირებასთან დაკავშირებით ტარიფებში ცვლილებები არ არის. ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ 1 ლარია. წლიური სააბონენტო კი 50 ლარი. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, მათი მხრიდან იყო მოსაზრება, რომ თუ კომპანია გადაიხდიდა სატრანსპორტო საშუალებაზე 800 ლარს, წლის განმავლობაში საათობრივი საფასური ყოფილიყო მთელი წელი უფასო. შესაბამისად, რამდენიმე პაკეტი წარვადგინეთ საკრებულოში. ეს არის ერთთვიანი, ერთწლიანი, 6 თვიანი და 1 დღიანი, რომლითაც შეუძლიათ, რომ ისაგრებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ობცია და ფასები, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ისევ ისე შენარჩუნდება. დამატებითი ობციის სახით არის შემოტანილი წლიური, 6 თვიანი და 1 დღიანი აბონემენტი, რომელიც შეუძლიათ, რომ შეიძინონ ორგანიზაციებმა და ბიზნესექტორმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი აქვთ",- აღნიშნავს ხმალაძე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინსეპქტორის სამსახური ითხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს მიენიჭოთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, დაუბრკოლებლად შესვლის უფლება. ამასთან, ექიმებს, პოლიციის მუშაკებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის თანამშრომლებს დაეკისროთ საკანონმდებლო ვალდებულება წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. „ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვის მიზნით, საქართველოს პარლამენტს საკანონდებლო წინადადება წარედგინა. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა. 2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება, ადამიანის უფლებათა დავის კუთხით როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, სახელმწოფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების 2 წლიანმა მუშაობამ გამოავლინა პრაქტიკული გამოწვევები, რომელთა საკანონმდებლო გზით გადაჭრა აუცილებელია სამსახურის შემდგომი განვითარებისა და დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისთვის. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დროულად გადაცემის სათანადო გარანტიებს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გამოძიებას იწყებს ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის ჩადენაში; სამსახურის გამომძიებელს დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციურ დაწესებულებაში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა, რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს; ხშირ შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა; ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას; სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნების დროულად მიღება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დროული გამოძიების ჩატარებას; არაქმედითია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით მიმართვის მექანიზმი, მისი განხილვისთვის დაწესებული არაგონივრულად ხანგრძლივი ვადების გამო; ამასთან, პროკურორი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება და სხვა. ზემოაღნიშნულ გამოწვევების გადაჭრის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიცავს ცვლილებებს 14 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის: ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე მოისმინა როგორც რელევანტური სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, არასამთავრობო სექტორის მოსაზრებები, რომელთა ნაწილი აისახა მასში“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტს, შემდეგი ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების თხოვნით მიმართა: ექიმებს, პოლიციის მუშაკებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის თანამშრომლებს დაეკისროთ საკანონმდებლო ვალდებულება წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს; განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის ვალდებულება მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ საქმის განხილვისას გაუჩნდება ეჭვი სამართალდამცველთა მხრიდან წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ; სახელმწიფო ინსპექტორს მიენიჭოს უფლებამოსილება, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს გენერალურ პროკურორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან მჭიდროდ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ; განისაზღვროს სხვა საგამოძიებო ორგანოების ვალდებულება, სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გაცნობა; 72 საათიდან 24 საათამდე შემცირდეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადების განხილვის ვადა, რომელიც შეეხება სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობას; გათვალისწინებული იქნეს ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის ვალდებულება დაასაბუთონ გადაწყვეტილება, რომლითაც არ კმაყოფილდება ან ნაწილობრივ კმაყოფილდება სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებული წინადადება; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს მიენიჭოთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, დაუბრკოლებლად შესვლის უფლება; განისაზღვროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებული ვადა (10 სამუშაო დღე), ხოლო ყველა პირს და ორგანოს დაეკისროს ვალდებულება დაასაბუთოს სამსახურისთვის მტკიცებულების გადაცემაზე უარი ან/და სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია მტკიცებულების ვადის დარღვევით სამსახურისთვის გადაცემის მიზეზების შესახებ; გათვალისწინებულ იქნეს სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე (1442 მუხლი (წამების მუქარა) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია)) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა; სამსახურს მიენიჭოს მის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების ჩატარების უფლებსმოსილება; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭოს მისივე გამომძიებლების საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება და სხვა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშა ნათქვამი, შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტი ეხმიანება იმ საკანონდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებს (რომლებზეც დეტალურად არის საუბარი 2021 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში) და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“. „ სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერისა და გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძოდ, სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში 2021 წლის 26 იანვარს გამართული ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას გაცემულ რეკომენდაციებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ საკანონდებლო წინადადებას და სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.
გია ვოლსკი: შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ
"შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობას. როგორც ვოლსკი განმარტავს, ეს თემა არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. "შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ამ ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ, რომელიც შეეხება მუდმივი დესტაბილიზაციის სხვადასხვა ელემენტების პრაქტიკას. ეს თემაც არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ ვაკუუმის და ამ სივრცის შესავსებად, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა,“ - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი. ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება
მსხვერპლთათვის და სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის წესის შემუშავების ვადების გადავადება იგეგმება. დღეს მოქმედი კანონით, აღნიშნული წესის შემუშავება 2022 წლის პირველი იანვრისთვის უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ ვადის 2025 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებები 28 დეკემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ 2021 წლიდან, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარეობს მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე, რომელიც დაფარავს სოციალური დაცვის ისეთ მიმართულებებს და სქემებს როგორიცაა: სოციალური დახმარებები, მათ შორის დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა. „შესაბამისად, „სოციალური კოდექსის“ შემუშავების პროცესში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები. ამდენად, მიზანშეწონილია, მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები დარეგულირდეს სოციალური კოდექსით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში“, – განმარტავს მთავრობა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავი მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, სრულიად საქართველოს ვულოცავ თქვენი აღსაყდრების დღეს! თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია. თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს, შეგენარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ. დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისგან მოელის ხალხისთვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებულ პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე. საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით. ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვაში“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც. კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები. აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა. კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე „პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში“.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან რუსეთის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოჩართვით 20-ზე მეტი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორის და კონგრესმენისგან შემდგარ ჯგუფს ესაუბრა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში – ნორმანდიის, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფისა და მინსკის პროცესის ფარგლებში მშვიდობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. „ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია არა სიტყვები, არამედ გადამწყვეტი მოქმედება. ჩემი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერებაა. შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების წარმოდგენა დონბასში ომის დასრულების გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო აბებს საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს
"საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მიიღებს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, პანდემიის კლინიკური მართვის გუნდის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა. "თუ ვაქცინების მიღებისას საქართველო გრძელ რიგში იდგა და ბოლოს მივიღეთ ვაქცინები, ახლა ვართ ქვეყნების პირველ ათეულში, ვინც ამ პრეპარატს მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მედიკამენტებზე მოლაპარაკებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა მათი არსებობის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცოდა. მოხდა ისე, რომ ჩვენ სხვადასხვა არხით გავიგეთ, რომ ამ მედიკამენტზე მუშაობა საწყის ეტაპებზე იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.