ძებნის რეზულტატი:

ჯარჯი წიკლაური: 7 ნოემბერს ჩადენილი უმძიმესი სისტემური დანაშაული დღეს ვიდეომტკიცებულებებით დადასტურდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვიდეოკადრების სახით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები წარადგინა. როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, ეს კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება და საქართველოს მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს. „ბრალდების მხარემ წარმოადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, ეს იყო ვიდეოკდარები და ამ კადრებით დასტურდება, რომ შვიდ ნოემბერს მოხდა და დაიგეგმა არა საპოლიციო დაშლის ღონისძიება, როგორც ამას ცდილობენ, წარმოაჩინონ, არამედ მძიმე კადრები ადასტურებს, რომ შვიდ ნოემბერს დაიგეგმა სადამსჯელო ღონისძიება. საქართველოს მოქალაქეები დასაჯეს, ძალადობრივად დაარბიეს მხოლოდ იმის გამო, რომ აღარ გაებედათ პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქციები. ეს კადრები გამოვიკვლიეთ დღეს და როდესაც ბრალდების მხარე საქმის შინაარსობრივი მხარის განხილვაზე გადადის, რატომღაც ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მომიზეზებით უარს აცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გასცეს ჩვენს შეკითხვებს, თუნდაც ამ ძალადობრივ კადრებზე. მან განაცხადა, რომ იგი არაფერ შუაშია, მერაბიშვილს გადააბრალა მთელი მისი დანაშაული და თქვა, რომ დილით მხოლოდ ტელევიზიით გავიგე აღნიშნული დარბევის შესახებო", - განაცხადა წიკლაურმა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

სალომე ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ „მიშელის დოკუმენტს“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საყოველთაო შერიგების საკითხი დროში გაწელილი პროცესია და არ უნდა არსებობდეს შეთანხმების დროის მოკლე პერიოდში მიღწევის მოლოდინი. ამის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგიონიდან მიწვეულ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. „არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ „მიშელის დოკუმენტს“. ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, რომ გავიგოთ, რა იყო ამ წარსულში ისეთი რამეები, რომ გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს. ეს რთულია. ეს არის პროცესი, რომელშიც საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ მართული პროცესი და როცა ვამბობ „საზოგადოებას“, ვგულისხმობ, რომ იმავე დონეზე უნდა იყვნენ რეგიონები ჩართული. იმისთვის, რომ გამჭვირვალობა ბოლომდე იყოს მიტანილი, ვაპირებ, რომ რეგიონში გავმართო შეხვედრები", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რადიო თავისუფლების ცნობით.

ვლადიმერ პუტინი: არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე

"ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის სტაბილურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მონაკვეთზე, ამ მიმართულებაზე, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ NATO-ს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს. ბურთი მათ მხარეს არის, მათ რამე უნდა გვიპასუხონ. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ვხედავთ ჯერჯერობთ დადებით რეაქციას. ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ მოლაპარაკებებისთვის წლის დასაწყისში ჟენევაში. მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები ორივე მხრიდან დანიშნულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია სწორედ ამ გზით განვითარდება. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, NATO-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. „ჩვენ მკაფიოდ და ნათლად მივანიშნეთ, რომ NATO-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან? არა, ეს აშშ თავისი რაკეტებით მოვიდა ჩვენს სახლთან, უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. ნუთუ ეს არის რამე გადაჭარბებული მოთხოვნა, აღარ დააყენონ არანაირი დარტყმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის აქ უჩვეულო? როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამერიკელებს, ჩვენ რომ აშშ-სა და კანადის, ან აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა? რა, მექსიკა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული საკითხები? ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი ხომ, მიჩუმდა, არავის ახსენდება ეს ისე, როგორც ყირიმი ახსენდებათ. მშვენიერია. ვცდილობთ, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა უკრაინა, ვინ შექმნა ის? ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირს ქმნიდა. თუმცა დავანებოთ თავი ისტორიას, ახლა საქმე ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ზვავში მოყოლილი კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაშველებმა ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მანამდე, როკის გვირაბთან ახლოს ზვავის ჩამოწოლას ორი რუსი სამხედრო ემსხვერპლა. 21 დეკემბერს საღამოს ხუთი რუსი სამხედრო მოსამსახურე როკის გვირაბთან ზვავში მოყვა. ყაზარმა როკის გვირაბთან ახლოს მდებარეობს. ცხინვალის საავადმყოფოში კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე მოათავსეს, რომლებსაც ქვედა კიდურების მოყინვა აღენიშნებათ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებაა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შესახებ მსჯელობენ, კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა. სოხაძის მიმართვა მოქალაქის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც რევაზ სოხაძეს დაწყნარებისკენ მოუწოდა. ამასთან, სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ კომისიის სხვა წევრები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

ნინო ბურჯანაძე მისი დაკითხვის შესახებ მოთხოვნას პასუხობს

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მისი დაკითხვის შესახებ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნას პასუხობს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს მისთვის სიურპრიზი იყო. „ჩემთვის ეს ინფორმაცია სიურპრიზი იყო. მე არავინ დამკავშირებია, არც ადვოკატები და არც სხვა ვინმე და საქმის კურსში არ ჩავუყენებივარ ამ საკითხთან დაკავშირებით. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნარია, ეს ჩემთვის. მე არ ვიძლევი ჩვენებას, როდის უფრო მეტად ვარ გაბრაზებული, ან როდის უფრო ნაკლებად. ვცდილობ, ვიყო ობიექტური. მე ვთქვი, რომ ჩემი თანდასწრებით არცერთხელ, არც 7 ნოემბრის, არც ცხონებული გირგვლიანის და არც ვალერი გელაშვილის თემაზე, ჩემი თანდასწრებით, არასდროს დანაშაულებრივი ქმედება არ დაგეგმილა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „ტვპირველის“ ეთერში.

„ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება

„ბუსტერ“ დოზით აცრის ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, გადაწყვეტილება 27 დეკემბრიდან ამოქმედდება. „დღეს საბჭომ გაუწია რეკომენდაცია „ბუსტერ“ დოზით აცრის შესაძლებლობას უკვე მესამე თვიდან ყველა ვაქცინისთვის. პროცესი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე აქტიურად დაიწყოს. გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით იყო შესაძლებელი, ქვეყანაში ადმინისტრირებული კიდევ ერთი ვაქცინის Pfizer-ის შემთხვევაში ეს ვადა 5 თვე იყო.

როდის იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი Pfizer-ის ანტივირუსული აბები

როდის იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი Pfizer-ის ანტივირუსული აბი, რომელიც ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ (FDA) 22 დეკემბერს დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უპასუხა. „მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ეს მედიკამენტი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის, გართულების და ლეტალობის შემთხვევებს. „ძალიან კარგია, რომ გუშინ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია, უკვე კონკრეტულად, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ მედიკამენტს, რაც ძალიან იმედის მომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ, თუ როდის იქნება უკვე კონკრეტულად ხელმისაწვდომი ეს მედიკამენტი. მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაცია არის, რომ პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედის მომცემია ის შედეგები, რომლებსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად უჩვენებს ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რასაც თან ახლავს გართულების და ლეტალობის შემცირებაც", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, კოვიდვაქცინით აცრების, ასევე მედიკამენტების საფასურს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. ასევე წაიკითხეთ: FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი დაამტკიცა

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსზე მმართველი გუნდის ბრალდებებს ექსპრემიერ გახარიას პარტიაში უპასუხეს

პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას უპასუხა. მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გაჩერებული, რაც ორ პარტიას შორის შეუთანხმებლობის გამო მოხდა. „რომ გამოვდიოდი, მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. თუ სოზარ სუბარს და ზოგადად, „ოცნების“ ლიდერშიფს რაიმეს თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად, მოსახლეობისთვის, ვურჩევდი, გამოვიდნენ და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს. ეყოთ გამბედაობა, გამოვიდნენ და ახსნან ტრანსპორტის ტარიფი რატომ გაძვირდა. მერი გამოვიდეს, ამაზე ღიად ისაუბროს, უპასუხოს ჩვენი პარტიის წინადადებას, რომელიც ამ საკითხს ეხება! გახარიას კომპლექსისგან და ამ პარტიის კომპლექსისგან როგორმე გათავისუფლდნენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობებს რეგიონში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბალანსის დაცვით, მოქმედებდნენ, არ შეიქმნას კრიზისი. დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ წყალობით, ძალიან ბევრი საკითხი მუნიციპალიტეტის დონეზეა გაჩერებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთ მაგიდასთან არ დასხდნენ. ბალანსის დაცვით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომისიების, მოადგილეების დაკომპლექტება, თანამდებობებზე დანიშვნა კონსენსუსის შედეგად და მოქალაქეთა ნების შესაბამისად მოხდეს “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი: ირანთან ბირთვული დიპლომატია შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველი ჯეიკ სალივანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას, შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს. 22 დეკემბერს, ისრაელში ვიზიტისას სალივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მისი პარტნიორები განიხილავენ დროის ჩარჩოების დაწესებას ირანთან დიპლომატიისთვის. "საჯაროდ კალენდარში რაიმე თარიღს არ შემოვხაზავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დახურულ კარს მიღმა ვმსჯელობთ დროის ჩარჩოებზე და ისინი არ არის ხანგრძლივი", - თქვა მან. როცა ჟურნალისტებმა დაკონკრეტება სთხოვეს, სალივანმა აღნიშნა, რომ საუბარი "კვირებს" ეხება. სალივანის განცხადებების ფონია ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების მონაწილეთა ცნობები, რომ ხელშეკრულების აღდგენის მიზნით გამართული შეხვედრები ნელი ტემპით მიმდინარეობს. აშშ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც ირანს დასჭირდება ბირთვული იარაღის შესაქმნელად, "დაუშვებლად შემცირებულია". თეირანი უარყოფს ცნობებს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება შემდეგ კვირაში უნდა განახლდეს.

ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდება

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ შესაბამისი ნებართვა ორშაბათისთვის არსებობს, რასაც სიამოვნებით ელოდება. ,,მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ ორშაბათისთვის არსებობს ნებართვა, სიამოვნებით ელოდება მეოთხე პრეზიდენტთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი არსებობს და ამის შესახებ საუბრობს”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა 22 დეკემბერს დააკმაყოფილა, შესაბამისად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ამირან გამყრელიძე: უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე

საქართველოში „ომიკრონის“ სულ 29 შემთხვეაა დაფიქსირებული. იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ორი შემთხვევის დადასტურების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მედიასთან 20 დეკემბერს განაცხადა. „ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი - ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 2164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი.

მიხეილ სააკაშვილი: 7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის Facebook-ზე გავრცელებულ წერილში წერს, აუხსნან, „რას ედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება"“. სააკაშვილის თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე მის მიმართ „ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ორ ჩვენებას - გენერალ ზაზა გოგავას, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ არაფერი დამირღვევია და ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საუბრობს მხოლოდ "პოლიტიკურ პასუხისმგებლობებზე". „7 ნოემბრის მოვლენები მე ძალიან არ მომეწონა, იმდენად რომ გავაკეთე ის, რაც მსოფლიოში ძალიან ცოტა ლიდერს გაუკეთებია. გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და ახალ არჩევნებზე წავედი. ქართველმა ხალხმა გამომიტანა მაშინ ვერდიქტი და დამაბრუნა საპრეზიდენტო სასახლეში. ამიხსენით ახლა, რას მედავება 20 ივნისის და 5 ივლისის ავტორი ხელისუფლება? ნუთუ მართლა ასე ბნელა?", - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ნიკა მელია: ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შიმშილობის აქციის მიზნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი“, განმარტავს: 1. სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა. 2.თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას - გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით - ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა. 3.მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო 4.პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით 5.არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით" - შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის - გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც. 6.რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება! 7.განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს - ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ 8.მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო ,,სტრატეგიულ არაფრისკეთებას" და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა - პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა! 9.არჩევნებს უარვყოფთ? არა - პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ 10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს 11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს - ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ", - წერს ნიკა მელია.

საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა პოლიტიკიკური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ჟურნალისტებთან საუბრისას „ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ ხედავს მის მიერ დაწყებულ პროცესს, როგორც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის საქმის გადამწყვეტს. მისივე თქმით, პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატში სისტემურ საკითხებზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე. „აქ არის ცხადი ამბავი, რომ პრეზიდენტს აქვს შემოთავაზება და სურვილი, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სისტემურ საკითხებზე მოხდება მსჯელობა, უფრო ფართო კონტექსტში, დროსა და სივრცეში, მათ შორის და არა უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფორმატი ჩაანაცვლებს სხვა ტიპის მოქმედებებს, რომელსაც ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ. ეს არც პრეზიდენტს უთქვამს, რომ ამ პროცესმა უნდა ჩაანაცვლოს ყველა სხვა პროცესი. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და ყველა პლატფორმას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ იაროს წინ და არ ვიყოთ გაჭედილი მუდმივად ჩიხში, რომელიც ამ 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პერსპექტივას თვალსა და ხელს შუა აქრობს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კი, ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესს პარტია ოპტიმისტურად უყურებს. ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რიმ მიუხედავად იმისა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული, ამაზე მაღლა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას აყენებენ, რაზეც პრეზიდენტთანაც ისაუბრა. „ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენთვის მისასალმებელია პრეზიდენტის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ის, რაზეც ჩვენი პარტია აქცენტს არაერთხელ აკეთებდა, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია, შევამციროთ რადიკალიზაცია, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება ვერცერთი მიმართულებით. პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ის აგრძელებს ამ ტიპის დისკუსიებს, მათ შორის საზოგადოებრივ წრეებთან. ის არ ესაუბრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსებს, იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ამ პროცესში ეტაპობრივად შესათანხმებელი საკითხები, რაზეც შეიძლება პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიონ, რომ საბოლოო ჯამში, მაგიდაზე დაიდოს ის საკითხები, რაზეც მეტ-ნაკლებად აზრთა თანხვედრა იქნება. გარანტიებზე მას არ უსაუბრია. მესმის, რთულია ამ საკითხებზე წინასწარ აქცენტების დასმა. ის აპირებს, შეხევდეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გრძელდება და უკვე პროცესში ეს ყველაფერი გამოჩნდება. მთავარია, რომ ჩვენ პრეზიდენტის მიმართ ნდობა გვაქვს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. თავის მხრივ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლებისგან გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება. გიგი წერეთლის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ თანხმობის კუთხით რაღაც დარჩეს. „როდესაც ასეთი მასშტაბური და ამბიციური ინიციატივაა, როდესაც საერთო შეთანხმებაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს ამ მოკლე ვადაში რა შეიძლება მოხდეს განმუხტვის კუთხით. რაც დავინახე, პრეზიდენტს აქვს უფრო გრძელვადიანი ხედვა და ძალიან რთულად წარმომიდგენია ნებისმიერი კონკრეტული ნაბიჯის გარეშე ამ პროცესის ადგილიდან დაძვრა, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მხარეს, იმიტომ, რომ თუკი არ იქნება ხელისუფლების მიერ გაგება მთელი იმ სირთულის და პრობლემის, რაც დღეს არის საქართველოში და თუ არ იქნება გარკვეული კომპრომისები მათი მხრიდან, ეს პროცესი უბრალოდ იქნება საინტერესო დისკუსიების დონეზე და პრაქტიკული გადაწყვეტა ამას არ ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ მონაწილეობას იმ მომენტამდე ვიდრე დავინახავთ, რომ რაიმეს შანსი არსებობს. პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება ხელისუფლების ნაბიჯებზე, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ზურაბიშვილისთვის მნიშვნელოვანია იდეა, პროცესი, მნიშვნელოვანია, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ რაღაც დარჩეს თანხმობის კუთხით, ეს სიმპათიურად და მნიშვნელოვნად გამოიყურება, მაგრამ წარმოუდგენელად გამოიყურება თუკი ამას შემხვედრი ნაბიჯები არ ექნება ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. თავის მხრივ, გიგა ბოკერიას თქმით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი დისკუსიის დიდ, მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თავისთავად სწორი პოზიციაა. მისივე თქმით, არ შეცვლილა არანაირი სკეპტიციზმი. „რიტორიკაც, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვისაც დღეს ძალაუფლება აქვს. მათი სურვილის გარეშე რომ რამე შეიცვალოს, შეუძლებელია თუ მათი იძულება არ მოხდა, ხოლო ეს იძულება უნდა მოხდეს საზოგადოებაში ცვლილებით. პირიქით კიდევ თუ სჭირდებოდა გამყარება, გამყარდა, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ უკავშირდება და ვერც უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ეს მოსალოდნელიც იყო ჩვენთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტის მხრიდან მოწვევის, მისი ზოგადად იდეების, რომ მიდიოდეს თანხმობაზე მუშაობა, მაგრამ სანამ ეს უფსკრული ღრმავდება ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო პირველ რიგში, ამ პროცესის განმუხტვა თუ არ მოხდა, ჩემი აზრით რაიმე ზოგადად სხვა ტიპის ისტორიულ საკითხებზეც თანხმობა გაჭირდება და ეს პროცესი საერთოდ არ უკავშირდება ამ ამბავს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ამავე თემაზე: სალომე ზურაბიშვილი: არავინ იფიქროს, რომ ორ დღეში და ორ თვეში დავდებთ ახალ „მიშელის დოკუმენტს“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ „ცუნამის“ წინ ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების გამართვა ალოგიკურია

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის საქართველოში შემოსვლის პირობებში, კლუბებთან დაკავშირებით რეგულაციების მოხსნა, არასწორი იქნება. ალერგოლოგ-იმუნოლოგმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. „ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციის და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს შეზღუდვები. ამიტომ, ეს სრულიად ალოგიკური იქნება, ქვეყანამ „ომიკრონის“ „ცუნამის“ და „ქარიშხლის“ წინ, მისცეს შესაძლებლობა ასეთი მაღალი ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების ყოველკვირეულად გამართვის. ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ მათ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ ეს დაწესებულებები გაიხსნას“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. ამასთან, კულუმბეგოვი მომხრეა, რომ Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრა ორი დოზა Pfizer-ით ჩანაცვლდეს. „მესამე დოზის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრებს, რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მიმდინარეობს მსჯელობა და მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, რომ „Sinopharm-ი და Sinovac-ი ორი დოზა Pfizer-ით ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა და დაამატა, რომ ეს ჩანაცვლება ადამიანის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონს აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსის აქტიური შემთხვევები საქართველოში 100 000-მდე ავიდეს. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 32 148 აქტიური შემთხვევაა.

ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ამირან გამყრელიძე შეზღუდვების ამოქმედებას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, შეზღუდვები დაწესდეს. მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირბადის ტარების და აცრის მოცვის მაჩვენებელი არ გაიზრდება. „ომიკრონი“ გვერდს არ აგვივლის - პროგნოზი ასეთია, რომ „ომიკრონის“ გავრცელებამ პიკს შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში მიაღწიოს, მაშინ ქვეყანა იძულებული იქნება მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებები შემოიღოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის. მე ეს საკითხი სამშაბათს დავაყენე“, - განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში. რაც შეეხება იმას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება იყოს შემოღებული საწყის ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, 23 დეკემბერს იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორშაბთიდან ბუსტერ დოზის გაკეთების ინტერვალი ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ COVID19- ის ახალი შტამის ომიკრონის გამოჩენამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა „ბუსტერ“ დოზით აცრის აუცილებლობა. 23 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 428 334 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 267 354 ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია 1 104 100 ადამიანი - მოსახლეობის 38.5%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 55 811 ადამიანი. 22 დეკემბერს 12 351 აიცრა.

თბილისში საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს გაიხსნება

ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში საახალწლო სოფელი განთავსდება. ადგილზე მისვლა სტუმებს დღის პირველი საათიდან შეეძლებათ. „წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები - წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება. საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან ამოქმედდება, ხოლო 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია გახსნის ცერემონია. 14 იანვარს ის დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

„ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება

„დელტა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებულების დაახლოებით 70%-ზე ნაკლები საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დასკვნები იმედის მომცემია. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია. ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა კი 31-45%-ით უფრო ნაკლებია. 23 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ნოემბრის დასაწყისიდან „ომიკრონით“ და „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევებს მოიცავს, (მათ შორის 132 ჰოსპიტალიზებული ადამიანის მონაცემებს), „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის რეზისტენტობა „ბუსტერ“ დოზით აცრიდან 10 კვირაში სუსტდება. ჯანდაცვის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სიმძიმის შემცირება გამოწვეულია ვირუსის ბიოლოგიური ცვლილებით და იმით, რომ სავარაუდოდ, „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევაში კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.