ძებნის რეზულტატი:

პრემიერი: ზურაბ აზარაშვილი ექიმის ოჯახში გაიზარდა, არის ძლიერი მენეჯერი. თავად დავრწმუნდი ამაში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ზურაბ აზარაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის და არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. „მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მინდა, რომ ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად, ასეთი დიდი სამინისტროს მართვაში, ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით 6 მლრდ. ლარი - ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

ბრაზილიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიის ბაიას შტატში მასშტაბურ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. მედია ადგილობრივ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაკარგულად ითვლება. ამასთან, 35 000-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს. გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობების შედეგად ნოემბრიდან მოყოლებული მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 286 ადამიანი კი დაშავდა. სტიქიის შედეგად საერთო ჯამში 430 000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული. ბაიას შტატში ადიდებულმა მდინარეებმა ორი კაშხალი გადალახა. „მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ბაიას შტატის უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს. წყლის ქვეშ მოქცეული ქუჩების, სახლებისა და ქალაქების ხილვა მართლაც შემზარავია“, – განაცხადა ბაიას შტატის გუბერნატორმა რუი კოშტამ.

ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმართება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა. მარგველაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. სატელევიზიო მედიაში გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტების შეხვედრა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ აქვს. მანამდე, 20 დეკემბერს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ცნობილია, ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში, ზურაბიშვილი რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სხვა აქტორებს ხვდება. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს, მისი თაოსნობით იწყება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდე აგრეთვე საქართველოს მე-3 პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, რომ მომცენ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ქართულ კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც ყოფილ პრეზიდენტს არანაირი პრივილეგია არ გააჩნია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები მომცემენ შესაძლებლობას, რომ შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. „თავის მხრივ, სააკაშვილი, რომელიც „შერიგების“ იდეით გამოვიდა, მიესალმა დიალოგის პროცესის წამოწყებას. „მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა „ინკლუზიურ პროცესებზე“, ეს პრაქტიკულად განხორციელდება“, - აღნიშნავდა სააკაშვილი. ასევე წაიკითხეთ: 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

ლევან დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი სამედიცინო სფეროდან იყოს

რა პრინციპით შეირჩა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი, ჟურნალისტების ამ შეკითხვას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა. ლევან დავითაშვილის თქმით, არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს და აქ მნიშვნელოვანია მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. „ჯანდაცვის მინისტრი გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც როგორც კერძო სექტორში მუშაობის, ისე საჯარო სექტორში მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ის ბოლო პერიოდში იყო მინისტრის მოადგილე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი აქვს. დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი ძალიან ფართოა, ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს - ბევრ ქვეყანაში შრომის საკითხები საერთოდ ცალკეა ხოლმე. არსებობს სოციალური, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედია, შესაბამისად, მას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა სჭირდება. როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყოს, აქ მნიშვნელოვანია რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ამავე თემაზე: პრემიერი: ზურაბ აზარაშვილი ექიმის ოჯახში გაიზარდა, არის ძლიერი მენეჯერი. თავად დავრწმუნდი ამაში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი

ნათია თურნავა: მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგი

მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგომომარაგება უწყვეტად ხორციელდებოდეს. გარკვეულ გამოწვევებს ეს პროცესი აწყდება მესტიის მუნიციპალიტეტში. ხშირია მაღალი მოხმარება და გადატვირთვა ხაზების, ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი. ნუ დაგვავიქწყდება, რომ მესტია არის განსაკუთრებულად მიმზიდველი ზამთრის კურორტი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ახალი საბაგიროები ავამოქმედეთ. აქედან გამომდინარე, იყო გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ, რომ არის არალეგალური საყოფაცხოვრებო მაინინგის პრობლემა, რითაც მოსახლეობის ნაწილი არის დაკავებული, რაც განაპირობებს ზედმეტ დაწოლას ხაზებზე. მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რაც პრაქტიკულად არალეგალურიც არის და ხაზებსაც აზიანებს. ამიტომ ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, მესტიის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა. მერიის თანახმად, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. „2021 წელს, ენერგეტიკულ პროექტებს ბევრი გამოწვევა ახლდა თან, თუმცა იყო ბევრი წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროეექტებისთვის. დღეს გამოვტანეთ ქარის 50 მეგავატიანი პროექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში განხორციელდება. ჯერჯერობით ამ ეტაპზე იწყება შესწავლა, არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს. კვლევაზე გაფორმდა მემორანდუმი, თუმცა წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დაახლოებით 70 მლნ დოლარის ინვესტიცია - ქარის პროექტი, მწვანე პროექტი და საკმაოდ მიმზიდველი. მაინინგის გამო, 24 დეკემბრიდან მესტიის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფოორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას.

ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: მივესალმები, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე

ეკონომიკის მინიტრი ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალს უწოდებს. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ნათია თურნავას თქმით, დღის წესრიგში დგება თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა, ეს ერთი ამოცანაა, რომელსაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთა გაუმკლავდება, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანი. „საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალია, ჩემი კოლეგა, ეკონომისტი, ფინანსისტი, საერთოდ მივესალმები, რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ეს წარმატების საწინდარია, შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო და სექტორი. განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში, მისი რესურს ტევადობა გაიზარდა უფრო მეტად... კოვიდი ჯერ არსად წასულა და ეს გამოწვევა წინ არის. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დგება თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა, ეს ერთი ამოცანა, რომელსაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა რომელიმე პროფესიის ადამიანი. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი გამოწვევა, როგორიცაა ფასები და სხვადასხვა სერვისი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური ხარისხის ფასების მქონე ჯანდაცვის სერვისები მივაწოდოთ და ეს დიდად არის დამოკიდებული ჯანდაცვის სექტორის რეფორმის შემდგომ ეტაპზე. ეს დიდად არის დამოკიდებული ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე და ვფიქრობ, აქ იქნება ძალიან დიდი როლი ახალი მინისტრის და მისი ეკონომიკური გამოცდილების“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა. ამავე თემაზე: ლევან დავითაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი სამედიცინო სფეროდან იყოს პრემიერი: ზურაბ აზარაშვილი ექიმის ოჯახში გაიზარდა, არის ძლიერი მენეჯერი. თავად დავრწმუნდი ამაში, როდესაც თავდაცვის მინისტრი ვიყავი

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. „მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. „ჩემთვის დიდი პატივია, ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“, - განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. ეკატერინე ტიკარაძემ ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რა თანამდებობები ეკავა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრობამდე

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. პრემიერის განცხადებით, ზურაბ აზარაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. რა პოზიციები ეკავა ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ზურაბ აზარაშვილს, Europetime-მა ჯანდაცვის ახალი მინისტრის შესახებ ინფორმაცია შეკრიბა: დაბადების თარიღი: 06.01.1979 წ განათლება: 09/1995 – 07/1999 ESM ბიზნეს სკოლა ბაკალავრი – ბიზნეს ადმინისტრირება; 09/2007 – 07/2009 ESM ბიზნეს სკოლა მაგისტრი – ბიზნეს ადმინისტრირება. სამუშაო გამოცდილება:02/2021 - 12/2021 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 03/2020 – 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი. 04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი. 08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი. 04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი. 06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი. 01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი. 08/2003 – 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი 02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი. 10/2000 – 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი 06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი. 01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში აზარაშვილმა სულ 284,000 ლარი, თანხის უმეტესი ნაწილი - 174,870 ლარი ბანკში მუშაობისას გამოიმუშავა. თავდაცვის სამინისტროში „დელტას“ დირექტორად, შემდეგ კი სს „თბილავიამშენის” დირექტორად მუშაობისას 109,204 ლარის ანაზღაურება მიიღო. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც

ზურაბ აზარაშვილი: ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. „ჩემთვის დიდი პატივია, ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“, - განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. ეკატერინე ტიკარაძემ ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

სუს-ი: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია "ცხელი ხაზით", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში. როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. მათივე განცხადებით, უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ის მედიასთან კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე დღეს ელოდებიან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონით“ ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებული დედა-შვილი მკურნალობს. ისინი დანარჩენი პაციენტებისგან იზოლირებულ პალატაში იმყოფებიან. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ. როგორც ირკვევა, დედა აცრილია, ბავშვი მცირეწლოვანია და თანმხლები დაავადება აღენიშნება. დედა-შვილის მდგომარეობა მსუბუქია. „ბავშვს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, რის გამოც რისკჯგუფში გადიოდა და დედასთან ერთად შემოვიდა. ამის მერე მოხდა „პისიარით“ გადამოწმება, რადგან უცხოეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა ეს ბავშვი, ჩამოსული იყო უცხოეთიდან. ბავშვის მდგომარეობა არ არის მძიმე, ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. რამდენიმე დღე კიდევ იქნება დაკვირვების ქვეშ და თუ ასე გაგრძელდება, სავარაუდოდ ​გავწერთ ბინაზე. ეს ბავშვი თავიდანვე იზოლირებულად იმყოფებოდა. დედაც ინფიცირებულია. ერთად წვანან. ამ ბავშვს სხვა კლინიკური მონაცემები არ ჰქონდა, უბრალოდ მივიდა კონსულტაციაზე ერთ-ერთ კლინიკაში და იქ დადასტურდა ცხელება, ტესტი გაუკეთდა, დადასტურდა. მაგრამ შტამის დადასტურება იმ წუთსვე ხომ არ ხდება“, – განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მაია ჩხაიძემ. ექიმის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულებს რამე განსხვავებული სიმპტომები არ აღენიშნებათ. დედა-შვილი კლინიკაში 22 დეკემბერს მოათავსეს. მას შემდეგ მათი ბიოლოგიური ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობდა, რომლის პასუხიც დღეს გახდა ცნობილი. საქართველოში ​ჯერჯერობით „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული.

თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. მისი თქმით, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტ თარიღს სატელეფონო საუბარში შეათანხმებენ. „მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტების განხორციელება გვინდა. აუცილებელია საგზაო რუკის დადგენა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის თარიღი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული. „განიხილება მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა უნანიანმა. მანამდე, სომხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმაც.

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების გაერთიანების გადაწყვეტილება თავის დროზე რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და დაკავშირებული იყო გუნდის ყოფილ ლიდერთან. ამასთან, მდინარაძის თქმით, საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციები ერთმანეთთან თავსებადი არ არის. „ყველაზე ლეგიტიმურია კითხვა – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქცია თავსებადია თუ არა ერთმანეთთან, ან სადმე, მსოფლიოში არის თუ არა ერთად? – არა. გეთანხმებით იმაში, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რიგი სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა და ეს დაკავშირებული იყო ჩვენი გუნდის ყოფილ ლიდერთან. როცა საკითხი დადგა, გავიაროთ, რა არის სწორი ინსტიტუციურად, შესაძლებელია თუ არა, ერთად იყოს ეს ორი ფუნქცია, თავსებადია თუ არა, და მსოფლიოში არ არის პრეცედენტი იმის, რომ პერსონალური დაცვის ფუნქცია საგამოძოები ფუნქციას ითავსებდეს. რამდენად სუსტდება ინსტიტუტი და მისი ფუნქციები – პირიქით, ძლიერდება. საგამოძიებო ფუნქცია ძლიერდება და არაერთი მუხლი ემატება. შესაბამისად, გაყოფით და არა გაუქმებით, ორი უწყების ჩამოყალიბებით ხდება გაძლიერება. მოვისმინე,თითქოს, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ ამ უწყებაში ვინც მუშაობს, უმუშევარი ხდება, ეს არის არასწორი. ამ უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც სერიოზული პრაქტიკა დაუგროვდათ, როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით. შეუძლებელია, ვინმემ იფიქროს მათი ხელაღებით სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რაიმე ასეთ ჩარევაზე. ყალიბდება ორი სამსახური, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს არა კადრების შემცირება, არამედ პირიქით – დამატება. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები საკუთარ სამსახურს შეინარჩუნებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უწყების გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო. ამავე თემაზე: სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია სიურპრიზი იყო

სერგეი ლავროვი: აშშ-სთან მოლაპარაკებები არდადეგების შემდეგ გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებები ჩატარდება რუსეთში უქმეების პერიოდის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ მოლაპარაკებებში სამხედროებიც მონაწილეობდნენ. რუსეთში შობას 7 იანვარს ზეიმობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი სამუშაო დღე 10 იანვარზე მოდის. ლავროვის კომენტარის ფონია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული ურთიერთობები უკრაინის საზღვარზე რუსეთის დიდძალი სამხედრო ძალის თავმოყრის გამო. ამავე დროს კრემლი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 დეკემბერს, წლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, დასავლეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ შეასრულოს მოთხოვნები. ლავროვმა 27 დეკემბერს რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთს სურს, ნატოსთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში სამხედროებმაც მიიღონ მონაწილეობა. ამავე დროს მან დასავლეთის უსაფრთხოების ალიანსი გააკრიტიკა და მას „გეოპოლიტიკური პროექტი“ უწოდა. ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოვიდა წინადადებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართოს 12 იანვარს. კრემლს ჯერჯერობით არ განუცხადებია, მიიღებს თუ არა შეხვედრაში მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. ამის შესახებ მარგველაშვილმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“. „ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ის არის საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, პოლიტიკოსი არა მარტო საქართველოს კონტექსტში, არამედ სხვა თვალსაზრისითაც. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან უთანხმოებები, წარსულში ან მომავალში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ამ ვითარების, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვისაუბრეთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. მეოთხე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამი პრეზიდენტის შეხვედრის საჭიროებაზე და აღნიშნა, სამი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატმა ქართველ ხალხს გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებულები ვიქნებით. „ორივე ვთანხმდებით, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე არის საქართველო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების თვალსაზრისით ტემპერატურის დაწევა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და გამოვხატეთ ორივემ მზაობა, რომ როდესაც ვსაუბრობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი. სამი პრეზიდენტის ფორმატმა ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს ერთმანეთის მიმართ, ქართველ ხალხს უნდა გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების, საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და ვიქნებით გაერთიანებულები, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებსაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი: საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, სასამართლოში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, მრგვალ მაგიდასთან „ზოგი პატიმარი და ზოგი კი დევნის“ ნაწილი ვერ იქნება. „გადავწყვიტოთ, გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი. მიხეილ სააკაშვილთან მისი შეწყალების საკითხზე არ მისაუბრია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნიკა მელია პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ნიკა მელია პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა „ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე“. „პროცესი, თავისთავად, მნიშვნელოვანი, საინტერესოა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა სიმართლე, რა თქმა უნდა, გულუბრყვილო მოლოდინები და ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „სამოქალაქო თანხმობას“ როგორც პროცესს შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, - აღნიშნა მელიამ. სამოქალაქო თანხმობა მისი ხედვით გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. მელიას შეფასებით, ეს არისპოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და ასევე ის, რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. „ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია, სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვა შემთხვევაში გაჭირდება, გართულდება. ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა შექმნილი ვითარებისა, მან ამის შესაძებ საჯაროდაც ისაუბრა ჩემდა გასაკვირად. აღიარებს, რომ ქვეყანაში არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, მას გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე", - განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის ინიციატივის ფარგლებში რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და აქტორებს ხვდება. ამ პროცესის ნაწილი იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მოითხოვა მესამე პრეზიდენტთან აუდიენცია.

ივანე ჩხაიძე: საქართველოსთვის დიდი პრობლემაა არამხოლოდ მეხუთე ტალღის არსებობა, არამედ მისი გახანგრძლივება

სამხრეთ აფრიკის მონაცემები მიუთითებს, რომ ყველა სხვა ტალღასთან შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში სრულიად განსხვავებულია ინფექციის გავრცელების ზრდა, ძალიან სწრაფად შემცირდა ტალღა, რაც რა თქმა უნდა კარგია, თუმცა რამდენად შეიძლება, ეს გაიგივდეს პანდემიის დასასრულთან, რთული სათქმელია. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ისაუბრა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ თვეზე მეტია, რაც ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია, რაც ახლა ფიქსირდება. მეხუთე ტალღა ქვემოთ ჩამოდის. „ძალიან საყურადღებოა, რომ თუ „ომიკრონი“ საბოლოო ჯამში შეფასდება როგორც ნაკლები ხანგრძლივობის, შესაბამისად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე ნაკლები ზემოქმედების მქონე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ანალოგიური შედეგები იყოს ნაჩვენები დანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. თუ ევროპის ქვეყნებშიც ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდა, ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, ვინაიდან საქართველოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ მეხუთე ტალღის არსებობა, არამედ, გახანგრძლივება მეხუთე ტალღის, რომელიც ორიტვე გაგრძელდა. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ „ომიკრონის“ ტალღის ხანგრძლივობა 7-10 დღეა, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის, სტაციონალური საწოლების პრობლემის რისკი და ასე შემდეგ, მინიმალური იქნება. ეს ძალიან საყურადღებოა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაველოდოთ დანიის და დიიდ ბრიტანეთის მონაცემებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე; „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს, „ომიკრონით“ ინფიცირებული კი სავარაუდოდ, 10-12-ს აინფიცირებს ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონის“ დღიური მაჩვენებელი 12-15 000-ს მიაღწევს, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს განხილული „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება სამხრეთ აფრიკის მთავარი მეცნიერი: „ომიკრონის“ გავრცელების ტალღა იმავე სისწრაფით სუსტდება, როგორც გაიზარდა

ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მოქმედ თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტები უწყდებათ

ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები პირველი მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები. კანონპროექტი მათ სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც უზღუდავს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტში არსებობს ასეთი ჩანაწერი: „სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებზე 2022 წლის 31 მარტიდან არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. აღნიშნულ პირებს არ აქვთ მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობებებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე 2022 წლის 28 თებერვლის შემდეგ აღდგენის მოთხოვნის უფლება. ისინი შეიძლება 2022 წლის პირველი მარტიდან კანონის შესაბამისად ჩაირიცხონ მოხელეთა რეზერვში“. ლონდა თოლორაიას თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, 2022 წლის პირველი მარტიდან ყველა თანამშრომელი უმუშევარი რჩება. საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებასა და კადრების შეკვეცას არ ისახავს მიზნად. „ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც, არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ, შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს. ბუნებრივია, პროფესიონალი კადრები თავიანთ სტატუსებს შეინარჩუნებენ. ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საგამოძიებო ფუნქცია და პერსონალური მონაცემების დაცვა ერთად არ არის თავსებადი და ამგვარი პრაქტიკა, როცა ორივე ფუნქციას ერთი უწყება ითავსებს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის.