ძებნის რეზულტატი:

„თალიბანმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალა

"ავღანეთში „თალიბებმა“ ავტომობილებში მუსიკის ჩართვა აკრძალეს", - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, მძღოლებს ეკრძალებათ, ავტომობილში ქალი ჰიჯაბის გარეშე იჯდეს. შეგახსენებთ, აგვისტოში „თალიბებმა“ ავღანეთის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. „თალიბანმა“ ავღანეთი ისლამურ საამიროდ გამოაცხადა, სადაც სამოქალაქო ხელისუფლება რელიგიური კონტროლის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნები „თალიბანს“ ავღანეთის კანონიერ ხელისუფლებად არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათთან მომავალი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაიცავენ ავღანეთში ადამიანის უფლებებს.

საქართველოს პრეზიდენტი Pfizer-ის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა აიცრა. ამასთან, პრეზიდენტმა ორი დოზა ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ ე.წ. ბუსტერდოზა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში გაიკეთა.

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია  სიურპრიზი იყო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის"გაუქმების” შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. როგორც თოლორაია აცხადებს, მას იმედი აქვს, ეს პროცესი შეჩერდება. ,წინასაახალწლო სიურპრიზად”, მე და ჩემმა თანამშრომლებმა გავიგეთ, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩარებული წესით, დაინიცირდა კანონპროექტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ,,გაუქმების” შესახებ. ეს მაშინ, როცა 2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს თოლორაია. ცნობისთვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ინგლისში „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე კორონავირუსის პანდემიის მართვის პროტოკოლი იცვლება

ინგლისში კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ, შეწყვიტონ თვითიზოლაცია აქამდე დადგენილ ვადამდე სამი დღით ადრე, თუ მათ ორჯერ უარყოფითი ტესტის შედეგები ექნებათ. ამის შესახებ BBC წერს. ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ადამიანებმა არ უნდა დაასრულონ იზოლაცია ადრეულ ეტაპზე, თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ სიმპტომები. კარანტინის დასრულება 10 დღის ნაცვლად შვიდი დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ცვლილება ჯანდაცვის ექსპერტების უახლეს მითითებებს ეფუძნება. ცვლილება ხდება Covid19ის ახალი ვარიანტით გამოწვეული შემთხვევების ზრდის ფონზე, რამაც შექმნა პერსონალის დეფიციტი ბიზნესისთვის, ჯანდაცვის და სარკინიგზო სერვისებისთვის.

„ომიკრონის“ გავრცელებამ პერსონალის დეფიციტი შექმნა, რასაც მთელ მსოფლიოში 1500-ზე ფრენის გაუქმება მოჰყვა

კვირას მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. BBC წერს, რომ ჩინეთისა და ამერიკის ავიახაზები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. კომპანიები თანამშრომლების ნაკლებობას უჩივიან და აცხადებენ, რომ ფრენების გაუქმება ავიაკომპანიის ეკიპაჟების დადებითი ტესტის შედეგი და იძულებულნი არიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ. FlightAware-ის ცნობით, კვირას 450-ზე მეტი ფრენა აშშ-ის აეროპორტებიდან გაუქმდა. ყველაზე მეტად, ამერიკული კომპანიები Delta, United-ი და JetBlue დაზარალდნენ. „შემთხვევების ზრდამ „პირდაპირი გავლენა იქონია იმ ადამიანებზე, რომლებიც მართავენ ოპერაციებს, ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ მგზავრებს აეროპორტში მისვლამდე“, - აღნიშნავს United-ის წარმომადგენელი. „ომიკრონი“ ახლა დომინანტური შტამია აშშ-ში. რაც შეეხება ჩინეთის ქალაქ სიანის აეროპორტს, აქ 100-მდე ფრენა გაუქმდა, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ასევე წაიკითხეთ: „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად სჭირდებათ - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება

ეკატერინე ტიკარაძე ანგარიშს წარადგენს

პოსტიდან ოფიციალურად წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ეკატერინე ტიკარაძე დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორში“ 11:00 საათზეა დაგეგმილი. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდა 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს. ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს.

კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 741 ტესტი, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 320 PCR ტესტით. გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 841 პაციენტი, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 924 368-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881 863-მდე. სულ გარდაიცვალა 13 512 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.07%, ბოლო 14 დღის - 5.93%, ხოლო 7 დღის - 5.21%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 836, აჭარა - 147, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7. აქტიური შემთხვევა - 28 967, საიდანაც: 5 121 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 119, აჭარაში - 535, იმერეთში - 999. მძიმე პაციენტი - 1 245, მათ შორის, თბილისში - 558, აჭარაში - 125, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 301, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 34. 920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 592 - თბილისში, 211- აჭარაში. 22 926 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 410 ადამიანი.

NASA-მ ტელესკოპი „ჯეიმს უები“ კოსმოსში გაუშვა

საფრანგეთის გვიანის კურუს პოლიგონიდან, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ, ტელესკოპი „ჯეიმს უები“ კოსმოსში გაუშვა. რაკეტა Ariane 5 ტელესკოპს ორბიტის გარკვეულ წერტილზე გაიყვანს, რის შემდეგაც ტელესკოპი უკვე დამოუკიდებლად, 4 კვირის განმავლობაში დანიშნულების ადგილისკენ იმოგზაურებს. იქედან „ჯეიმს უები“ სამყაროზე დაკვირვებას ინფრაწითელ დიაპაზონში დაიწყებს. ეკზოპლანეტებს და მზის სისტემაში არსებულ ობიექტებს შეისწავლის. პირველ რიგში მისი სარკეები იუპიტერისა და სატურნის თანამგზავრებისკენ - ევროპასა და ენცილადისკენ იქნება მიმართული. ახალი ტელესკოპის ორბიტაზე გაყვანის იდეა NASA-ში ჯერ კიდევ 1997 წელს გაჩნდა. მისიას სახელი NASA-ს მეორე დირექტორის, ჯეიმს უების პატივსაცემად დაარქვეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჯეიმს უების ორბიტაზე მყოფი ტელესკოპის კოსმოსში გაშვება სამუდამოდ დარჩება კოსმოსური კვლევის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ მოვლენად. მან ფაქტს ისტორიული უწოდა. ჯეიმს უები შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA), ESA-ს და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივი პროექტია. ამერიკული ინტერნეტპორტალ SpaceNews-ის ცნობით, NASA-მ პროექტში 8,8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე Homo Ridens იყო და არა იყო რა, იყო ერთი გაუცინარი ხელმწიფე, რომელმაც თავის ქვეშევრდომებს სიცილი აუკრძალა... ალბათ უფლისწულობის დროს იმ ზღაპარს უკითხავდნენ, მეფეო, ხალხი იცინისო, ამ სიტყვებით რომ მთავრდება... იმ გაუცინარი ხელმწიფის ქართველ ფანებს სიამოვნებით ვასტუმრებდი მის მეფურ უდიდებულესობას ორიოდ წლით და გულიანადაც ვიცინებდი მათ „ახდენილ ოცნებებზე“ - ჩვენთვის ხომ სიცილი ჯერ არავის აუკრძალავს... გაბრაზებული, იმედგაცრუებული, დაეჭვებული, სასოწარკვეთილი - ნებისმიერი ემოციური მდგომარეობის ადამიანების მართვა შესაძლებელია პურით და სანახაობით, თუ დაშინებით, თუ შანტაჟით, თუ მოსყიდვით, თუ ფსიქოლოგიური ტერორით... მოცინარს ვერაფერს უზამ... გაბრაზებულ, იმედგაცრუებულ, დაეჭვებულ, სასოწარკვეთილ ადამიანებს ნაბადივით ფეხქვეშ გათელავს წუთისოფელი, მოცინარს ვერაფერს უზამს... Homo Ridens - მოცინარი ადამიანი, ყველაზე ადამიანური ეპითეტია, რადგან სიცილის უნარი მხოლოდ ადამიანს ახასიათებს სხვა მრავალ ჰომო თუ არა ჰომო სახეობებს შორის... იწურება კიდევ ერთი წელიწადი. წლის ბოლოს, ალბათ ყველას გვჩვევია თვალის გადავლება განვლილი წლისთვის. მძიმე წელი გამოვიარეთ ყველამ ერთად - ზოგმა მეტად, ზოგმა ნაკლებად... იუმორს აღარ გვიკრძალავენ ძველი მთავრობები და ახალი მთავრობები კი ჯერ ვერ გვიკრძალავენ... გავაცილოთ ძველი წელი იუმორით, თვითიუმორით... დავცინოთ საკუთარ შიშებს, საკუთარ პრობლემებს, საკუთარ ამბიციებს თუ იმედგაცრუებას... *** სოციალურმა თუ პოლიტიკურმა სატირამ ათწლეულების განმავლობაში დიდი როლი ითამაშა ქართული ხელოვნების თუ პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში - იუმორით ვებრძოდით თავს მოხვეულ სისტემებს თუ იდეოლოგიებს, ვიმხიარულებდით თავს, ვინარჩუნებდით ფსიქიკას, ვავარჯიშებდით გონებას - სატირა და იუმორი ხომ ინტელექტუალური სპორტია... ვიცინოდით მაშინ, როდესაც სიცილს გვიკრძალავდნენ, დავცინოდით იმათ, ვისი დაცინვაც დანაშაულად ითვლებოდა, გვერდს ვუვლიდით ცენზურას კრეატიული მეთოდებით, სამზარეულოში შეყუჟულები ყველაზე ახლო მეგობრებს ჩურჩულით ვუზიარებდით საყვარელ პოლიტიკურ ანეგდოტებს... დღეს კი, რატომღაც, აღარაფერზე გვეცინება... დღეს ცენზურა თვითცენზურამ ჩაანაცვლა და სიცილი პირმოთნეობის ღიმილმა... დღეს ქართულ მედიაში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში, ერში თუ ბერში მლიქვნელობა იქცა ინტელექტუალურ სპორტად სატირის ნაცვლად. შეგიძლიათ მყუდროდ მოეწყოთ საკუთარ ფუმფულა სავარძელზე და სოციალური მედიით „ლაივში“ ადევნოთ თვალი მლიქვნელთა „სოც-შეჯიბრს“... ფსონებს ამ სპორტზე ჯერ არ იღებენ, მაგრამ მე მყავს „ჩემი“ გამარჯვებულები - მაგალითად, ქალბატონი, რომელმაც ერთ დღეში იმდენი ფეისბუქ პოსტი უძღვნა საკუთარი უფროსის მგზნებარე ქებას, რომ დღის ბოლოს მლიქვნელობაც აუკრძალეს... ჰიუგოსეული მოცინარი სახის ტრაგიკული პერსონაჟი ხომ ყველას გახსოვთ, სახეზე ამოშანთული შემაძრწუნებელი ღიმილით... ამ პერსონაჟმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ადამიანების წარმოსახვაში - ყველამ თავისებურად გაიგო და ყველა სხვადასხვა რამეზე დააფიქრა, ზოგმა ფილმის გმირად აქცია, ზოგმა კომიქსად, ზოგმა ჯოკერად... ესეთია გენიალური პერსონაჟების ბედი... პირადად მე, ძველი ილუსტრაციებიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი „მოცინარი“ სახე მლიქვნელი ადამიანების დანახვაზე მახსენდება და სულ მინდა გავანთავისუფლო ისინი ამ ტრაგიკული დამღისგან... მოიშორეთ ეგ ნიღაბი და გულწრფელად დასცინეთ უპირველეს ყოვლისა საკუთარ უმწეობას... სიცილით გააცილეთ ყველა სისულელე და სიცილით რაღაც კარგი და ახალი მოვა... *** ამ წლის ბოლო ბაბლში მე მეღიმება საკუთარ ამბიციაზე, რომ წლის ბაბლი-ბუბლებით რაღაც სასარგებლოს გაკეთების იმედი მქონდა... მე მეღიმება სატირული ჟანრის გაცოცხლების მცდელობაზე სატირის გენიოსების ქვეყანაში... მეცინება კოვიდის სტუმრობაზე, რომელმაც თავისი მობრძანების შიშით მაცხოვრა მრავალი თვე და ეხლა მშვენივრად ვმხიარულობთ ერთად შიშების გარეშე...

სპეციალისტების თქმით, იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონი“ საქართველოში დომინანტური შტამი იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რამდენიმე კვირაში, საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტი შტამი გახდება, თუმცა, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის ტენდენცია სპეციალისტის აზრით, იძლევა იმედს, რომ ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ იქნება. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1,5-3 დღეში, ყველა ქვეყანაში, „ომიკრონის“ რაოდენობა ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია ისაა, რომ 50-დან 70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადება ანუ ჰოპიტალიზაციის რისკი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან არ გვექნება საქმე. თუ შემდგომ პერიოდში, ვირუსმა რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, ყველას ექნება იმუნიტეტი პლანეტაზე“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, რეინფიცირების შემთხვევებიც იქნება და ვაქცინირებულთა ნაწილიც ავად გახდება.

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულებში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ არცერთ შემთხვევაში, დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. პაატა იმნაძის თქმით, ყველა პაციენტი საზღვარგარეთ არის ნამყოფი ან მათი ახლო კონტაქტია. „აბსოლუტური უმრავლესობა არის ორჯერ აცრილი. ზოგს „ბუსტერიც“ აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ისინი აღმოჩნდნენ „ომიკრონის“ შემომტანებიც და გამავრცელებლებიც. აქ გამოჩნდა ვაქცინაციის სიკეთე - არცერთ ამ ადამიანში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონის“ გამო ისევ ავალთ 4000, 5000 და შეიძლება 10 000 შემთხვევაზეც

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია, „ომიკრონის“ შტამის გამო, კოვიდშემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდოს. მისი თქმით, ახლა დაახლოებით 50-მდე ავადმყოფია საქართველოში, იკვლევენ მათ კონტაქტებს, ცდილობენ იზოლირებას. „საქართველოშიც სამწუხაროდ გავრცელდება და გვექნება ახალი გამოწვევა. მეტნაკლებად იყო სტაბილურობა ახლა. 2, 3 ათასზე მეტი შემთხვევა ახალი არ იყო, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან დაბალია ვაქცინაციით მოცვა, დაბალია პირბადეების გამოყენება, მაინც მოხერხდა სტაბილიზაცია. დღესაც 2000[-ზე ცოტა შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მოსალოდნელია, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში მოხდება ისევ მნიშვნელოვანი მატება, ისევ ავალთ 4000-ზე, 5000-ზე, შეიძლება 10000-ზეც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა, ყოველდღიურად 12-15 ათასს მიაღწიოს

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი უნდა გახდეს

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი უნდა გახდეს“. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ლეტალობის არსებული მაჩვენებელი დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის“. „Covid19-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს პასუხი სისტემურია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს. თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. ეს ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც მინისტრის მოვალეობას თვის ბოლომდე შეასრულებს. ამავე თემაზე: კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ქართული თაფლი, მწვანე ჩაი და სხვა პროდუქტები თურქეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფართოვდება. საქართველოში თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაის და სოფლის მეურნეობის სხვა მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებლები შეძლებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ ან გაზარდონ პროდუქცია თურქეთის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის შედგა, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია იყო. შეხვედრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის დროსაც შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად შევა. "დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფორმატის მნიშვნელოვან მიღწევას - 2021 წლის აპრილში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ექსპორტის სტიმულირებას ახალ სექტორებში. აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომსახურებით ვაჭრობაზე გავრცელების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის, ფიზიკურ პირთა გადაადგილებისა და ელექტრონული კომერციის მომსახურების დანართის ტექსტები. მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრამდე მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე გაგრძელდება", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 დეკემბერს 6 969 ადამიანი აიცრა

26 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 463 409 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 275 692 ადამიანი - 44.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 123 129 ადამიანი - 39.1%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 63 424 ადამიანს. 25 დეკემბერს 6 969 ადამიანი აიცრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უვადო "მწვანე პასპორტის“ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს

მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიას განუცხადა. „ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციებს, რომლებიც შეეხება მკურნალობის, ტესტირების და მათ შორის ვაქცინაციის ნაწილს. ჩვენ მივყვებოდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან იყო დადებული, თუმცა, მე არაერთხელ აღვნიშნე და და ახლაც აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია, ვფოკუსირდეთ 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე, ვინაიდან ეროვნულ კალენდარშიც სწორედ ეს იყო გათვალისწინებული, რომ მნიშვნელოვანია, ავცრათ 60 წელს გადაცილებულების 90%-ზე მეტი, რაც იქნება ის გარდამტეხი მომენტი, რომელიც აისახება ლეტალობის მაჩვენებლის კლებაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ინფიცირებული გვეყოლება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მოსახლეობის 60% ვერ აიცრა, ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით გაგრძელდება ექსპერტებთან ერთად მსჯელობა, რადგან საკითხი მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და არა დამნაშავის ძიება. „ამ ეტაპისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ შედეგი დაიდოს და არ ვეძიოთ დამნაშავე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის უვადობის თემას, ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საბჭოსთან ერთად ახალი მინისტრი იმსჯელებს. „ის გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც მისცემენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ მე ჩართული ვიქნები, როგორც ექსპერტი, ექსპერტების ჯგუფთან ერთად ერთობლივად მივიღებ გადაწყვეტილებას და გავცემ რეკომენდაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თამარ გაბუნია: ძალიან მაღალია პანდემიური რისკები. კლუბების გახსნა დამატებითი რისკია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს

„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებით, ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ომიკრონის“ მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების ფონზე, კლუბური გართობისაგან თავის შეკავება მნიშვნელოვანია. „დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით „ომიკრონთან“ მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძე: ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელმაც 9 დეკემბერს დატოვა თანამდებობა და მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს, დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ასპარეზი უფრო მეტად ენერგიულ კანდიდატს დაუთმო. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც თანამდებობის დაკისრების მომენტიდან აქვთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულებს ახალი მინისტრისგან შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდეთ. ამასთან, არ დააკონკრეტა, თუ სად აპირებს წასვლას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ. „არ მაქვს გეგმაში გავასაჯაროო, თუ სად ვიქნები. იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს ჩართულობისთვის. ეკატერინე ტიკარაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირების არსებობა უარყო. „არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, პასუხისმგებლობისგან თავი არ ამირიდებია. ეს გამოჩნდება იანვარშიც, ვინაიდან ისევ აქტიურად ვიქნები ჯანდაცვის სფეროში ჩართული. ეს არის ჩემი პროფესია და ჩემი მიზანიც, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს გვქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. „მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო. ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრისგან და შემდგომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ვინაიდან სამინისტროში არიან მაღალპროფესიონალი კადრები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები და ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელმაც ჯანდაცვის უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

დარჩება თუ არა თანამდებობაზე ამირან გამყრელიძე

დარჩება თუ არა თანამდებობაზე ამირან გამყრელიძე, NCDC-ის ხელმძღვანელმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს საკითხი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თავად კი პოსტზე რჩება. „მე პოსტზე, რა თქმა უნდა, ვრჩები იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი მინისტრი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. კითხვაზე, მომავალი ჯანდაცვის მინისტრის ვინაობა არის თუ არა მისთვის ცნობილი, გამყრელიძემ უპასუხა,, რომ აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. ამასთან, აცხადებს, რომ ზურაბ აზარაშვილს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება, არ იცნობს. „მე ვიცი ის, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჯანდაცვის მინისტრს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება ზურაბ აზარაშვილს, პირადად არ ვიცნობ, თუ ის დაინიშნება მინისტრად, რა თქმა უნდა, გვექნება შეხვედრები“, - განაცხადა ეკატერინე გამყრელიძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრობიდან 9 დეკემბერს გადადგა, თუმცა მოვალეობას თვის ბოლომდე ასრულებს.

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონის“ დღიური მაჩვენებელი 12-15 000-ს მიაღწევს, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს განხილული

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შემოღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება ყოველდღიურად „ომიკრონოს“ შტამის ფართოდ გავრცელების შემდეგ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ეს შტამი დომინანტური იანვრის შუა რიცხვებში გახდება. ამ თემაზე ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ისაუბრა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ თვეზე მეტია, რაც ინფიცირების ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ გვქონია, რაც ახლა ფიქსირდება. მეხუთე ტალღა ქვემოთ ჩამოდის. „თუ ომიკრონმა გამოიწვია ისეთი მატება, როგორც დანიაში მოხდა, (12-15 ათასი შემთხვევა დღის განმავლობაში), შეზღუდვების დაწესება აუცილებლად უნდა იყოს განხილული. 6200 შემთხვევა გვქონდა პიკის დროს და ის სერიოზულად პრობლემას ქმნიდა ქვეყნისთვის... ის რომ, ეს წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული, ცხადია, რადგან ყველა ქვეყანა აფიქსირებს ძალიან სწრაფ და ძალიან მაღალი პიკს, რომელსაც რამდენიმე კვირაში მიაღწიეს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ყველა ქვეყანას შესაძლოა, თავისი სპეციფიკა ჰქონდეს, სამხრეთ აფრიკა, აშშ, დანია და დიდი ბრიტანეთი შემთხვევების ძალიან რადიკალურ მატებას აფიქსიერებენ, თუ ასეთი დაფიქსირდა ჩვენთანაც, არ ვიცი, რა სიძლიერის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს, მაგრამ დღის წესრიგში რაღაც ცვილება აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე Europetime-თან საუბრისას.