ძებნის რეზულტატი:
თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო
თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლილე ლიპარტელიანი და მამუკა გუგეშაშვილი უმრავლესობის წევრებს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანმა ხელისუფლება უმოქმედობაში და ფასების გაზრდაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი მმართველი გუნდის წევრებმა მათ "ნაციონალური მოძრაობის" დრო შეახსენეს. „მთელი ახალგაზრდული შტაბი გყავთ გაფორმებული და "ბლატობთ" აქ. შეიცვლება ხელისუფლება და განახებთ, როგორ მოგიწევთ პასუხისგება, ეს ჩემი ნარატივი კი არ არის, ამას სამართლიანობა ითხოვს. იგივე მუხლით ჩაჯდებით ციხეში, რა მუხლითაც გიგი უგულავას ედავებოდნენ. ეს მუქარა კი არა, ფაქტებია. გიგი უგულავა იქ გყავთ და დაიჭირეთ, თუ დასაჭერია კაცო", - მიმართა ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოში უმრავლესობის წევრებს.
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პროკურატურამ 21 დეკემბრის საპროტესტო გამოსვლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება დაწყებულია მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტზე. ამჟამად ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები არეულობაში მონაწილე პირების დასადგენად, ასევე მიყენებული ზარალისა და მომხდარი მოვლენების გარემოებების დასადგენად. 21 დეკემბერს სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლთან გამართულ დემონსტრაციაზე ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა. აქცია „აფხაზეთის სახალხო-პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეები „უსაფრთხოების ძალების“ კორდონის გარღვევას და ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მოედანზე შეღწევას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები „მოქმედ ხელისუფლებასა“ და ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში, რეფორმების თაობაზე საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში და ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების პროგრამის არარსებობაში ადანაშაულებდნენ. ადგილობრივმა ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ საკვამლე ხელყუმბარები გამოიყენეს.
აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
აბაშის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მან შესაბამისი განცხადებით საკრებულოს აპარატს დღეს მიმართა. ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუნდში რჩება და თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოში მისი მოადგილე შეასრულებს. ლევან მაკალათია გუნდში დაპირისპირებაზე ინფორმაციას ამას უარყოფს. „გიდასტურებთ, რომ დავტოვე თანამდებობა, მიზეზი არაფერია, უბრალოდ ამოვწურე მუშაობა აბაშაში. მივიღეთ 2022 წლის ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და ამის შემდეგ დავტოვე თანამდებობა. ვიდრე საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი, შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იყო რთული არჩევნები, „დავალაგეთ“ საკრებულოები. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემს მოვალეობას მოადგილე შეასრულებს. მე ვიყავი ყოველთვის "ქართული ოცნების" რიგითი ჯარისკაცი და ვრჩები რიგით ჯარისკაცად" , - განცხადა ლევან მაკალათიამ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით. გარდა ამისა, ზუგდიდის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა 12 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, ხელმძღვანელი პირები ვერც ამჯერად აირჩიეს. „ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, ისინი მომდევნო სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებენ. „დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი, უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ იცით, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით უქმეებია და სხდომა გადაიდო 12 იანვრამდე. ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია, ეს კრიზისი აღმოიფხვრება საკრებულოში“ - განაცხადა ირაკლი გოგოხიამ. პარტია „გახარია- საქართველოსთვის" წარმომადგენლები სხდომების გადადებას მმართველ პარტიას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებენ. "ეს არის ორივე პარტიის უპასუხისმგებლობა. არცერთ პარტიას არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი. ვიმედოვნებ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება. წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი, მხოლოდ ერთი მოტივით, რომ კრიზისი დაიძლიოს მუნიციპალიტეტში. დანარჩენი „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" ნებაა, დაუჭერენ თუ არა მხარს", - განაცხადა გიგა ფარულავამ.
სერგეი ლავროვი: კიევის NATO-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სერიოზულ სამხედრო რისკებს აჩენს
რუსეთის საზღვრებთან დამრტყმელი სამხედრო კომპლექსების გამოჩენის პერსპექტივა და კიევის NATO-ში ძალით შეყვანა ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სერიოზულ სამხედრო რისკებს აჩენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოსნია-ჰერცეგოვინის გაზეთ „ოსლობოჯენესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, ამერიკელები რუსეთის მიმართ ღიად არამეგობრულ ხაზს ატარებენ: აწესებენ სანქციებს, აყენებენ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და დგამენ სხვა მტრულ ნაბიჯებს, რაც ტოქსიკურ გარემოს ქმნის და მშვიდი, პროფესიული კომუნიკაციის დამყარებას ხელს უშლის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია კონფრონტაციის გრადუსის შემცირება, რომელიც მისი თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინელი პროტეჟეების მფარველობით არის გამოწვეული. „კიევის ნატო-ში შეთრევის კურსი ჩვენს საზღვრებთან თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენის პერსპექტივით ქმნის მიუღებელ საფრთხეებს რუსეთის უსაფრთხოებისთვის, რაც სერიოზულ სამხედრო რისკებს იწვევს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კუთხით“, – აღნიშნა ლავროვმა.
2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ "2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური. დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა: "2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში" - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე. "საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში" - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. "2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი" ვაჟებში" - მოჭიდავე ლერი აბულაძე. "2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი" - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი. "ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი" - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში. "საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში" - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე. "ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის" - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე. "2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი" - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი. "2021 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია" - საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია. "2021 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია" - სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია. "საქართველოს ოლიმპიური გუნდის მაღალი დონის სამედიცინო უზრუნველყოფისთვის" - საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ზურაბ კახაბრიშვილი. "სეოკ-ის პარტნიორობისთვის" - კომპანია "თელიანი ველი". "ოლიმპიური მოძრაობის მედიის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს პირველი არხი". "ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის" - კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე. "ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის" - "საქართველოს ბანკი" და ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. "ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის" - ნინო სალუქვაძე.
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმებიან. სიტყვით ისარგებლა გზირიშვილმა. ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ამავე თემაზე: ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს
საფრანგეთში COVID19-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 91 608 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, საფრანგეთის საავადმყოფოებში კიდევ 179 ადამიანი გარდაიცვალა, რეანიმაციულ განყოფილებებში კი კოვიდ პაციენტების რაოდენობამ 3 208-ს მიაღწია. „დღევანდელი მაჩვენებლები არ არის კარგი”, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა, რომელმაც წინა კვირაში საზოგადოება გააფრთხილა, რომ ყოველდღიური შემთხვევები ქვეყანაში მალე 100 000-ს მიაღწევდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ „ბუსტერ“ დოზით აცრის კამპანია ქვეყანაში ვირუსის მეხუთე ტალღას შეაჩერებს და მკაცრი, ახალი შეზღუდვების დაწესებას ააცილებს თავიდან.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23 დეპუტატმა და ახალ ბიუჯეტს 20-მა დაუჭირა მხარი. წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას არ დასწრებიან საკრებულოს წევრი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. რაც შეეხება გახარიას გუნდის წევრებს, ისინი დარბაზში დარჩნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ახალი ბიუჯეტი 53 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2022 წლის ბიუჯეტზე გორის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულომ იმსჯელა, დღეს კი დოკუმენტი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი დღეს საკრებულოზე გორის მუნიციპალიტეტის მერს არ წარუდგენია. ლადო ხინჩეგაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან, საკრებულოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან არ ემხრობიან მერიასა და საკრებულოში თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 წევრია. უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, 9 წევრი კი არის „ნაციონალური მოძრაობიდან“, სამი – პარტიიდან „საქართველოსთვის“.
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა
ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე მცირე სიტვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა. „როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ, - განაცხადა გზირიშვილმა, რომელსაც 24 დეკემბერს პატიმრობა შეეფარდა. გზირიშვილი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ სურს, ყველაზე მკაცრი სასჯელით დაისაჯოს. ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. ორსული ადგილზე გარდაიცვალა.
თურქეთის ელჩი ნამახვანზე: ანტი-თურქული პროპაგანდა და Fake News-ები გარემოსდაცვით პროტესტში იყო შეფარული
საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ ამ დროისთვის კომპანია ENKA-ს და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. ელჩი საუბრობს იმ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით იყო. მისი თქმით, გარემოსდაცვითი ლოზუნგების მიღმა ანტი-თურქული პროპაგანდა და „ფეიქ ნიუსები“ იდგა. “მინდა მოგახსენოთ, რომ ENKA და საქართველოს მთავრობა საუბრობენ და მათი მხრივ, მე ვერ ვისაუბრებ. საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული თურქული ინვესტიციები განხორციელდა. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ შესაძლებელია მეტი ინვესტიციის შემოსვლა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასეც იქნება. ამ მიმართულებით დივერსიფიკაცია არამხოლოდ ჰიდრო, არამედ ქარის სადგურებსაც შეეხება და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტ ასეთ პროექტს ვიხილავთ. რაც შეეხება „ნამახვანის“ ეპიზოდს, მე აქამდეც ვთქვი მედიასთან და ახლაც გავიმეორებ, ჩვენ ამ პროცესის დროს, ვიხილეთ ანტი-თურქული პროპაგანდა, რომელიც შეფარული და დამალული იყო გარემოსდაცვითი პროპაგანდის უკან. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ამ პროცესში გამოყენებული იყო ზოგიერთი ქართული პროგრესული სატელევიზიო არხიც, რომელთაც თავად თურქეთის საწინააღმდეგო შეხედულებები არ აქვთ. მთლიანად მწვანეთა და გარემოსდაცვითი დღის წესრიგი იყო ბოროტად გამოყენებული მათ მიერ, ვისაც არ სურს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარება. შესაბამისად, ყველა ამ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ ყველამ აქედან უნდა ვისწავლოთ. იმედი მაქვს კომპანიას და მთავრობას შორის შეთანხმების მიღწევა მოხდება. ეს მათი საქმეა, თუმცა ჩემი მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებელია „ფეიქ ნიუსის“ და პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა. თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს იყო მითი, რომ ქუთაისს ცუნამი დაატყდებოდა, თუკი ნამახვანი აშენდებოდა“, - ამბობს თურქეთის ელჩი bm.ge-ს ცნპობით. ვარლამ გოლეთიანი: თუ ნამახვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება
მარია ზახაროვა: საქართველოსთვის 3+3-ის ფორმატში მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა
მოსკოვი ისევ აცხადებს, რომ საქართველოსთვის 3+3-ის ფორმატში მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა. „რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობის საკითხსა და პოლემიკას, პლატფორმის პირველ შეხვედრაზე 10 დეკემბერს, როგორც მოგეხსენებათ, ყველა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, ერთხმად გამოხატა ინტერესი თბილისის ამ ფორმატში მონაწილეობის მიმართ, შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის კარი ყოველთვის ღია რჩება“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ცნობისათვის, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ბელარუსმა რადიო „თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ბელარუსის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსიელებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „ეს წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მკაცრი ზომების გატარების გაგრძელებას,“- ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რადიო თავისუფლების ერთი თვის წინ დაკავებული ჟურნალისტის ანდრეი კუზნეჩიკის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებს უკავშირდება კუზნეჩიკის წინააღმდეგ აღძრული საქმე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქე გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკიარებათ“, - აცხადებს სუს-ი. მისივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტიორებს.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გადადგა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის. „კახა კუჭავამ მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის მიზეზს ის თავად განმარტავს. მე პოლიტიკური გუნდის სახელით, დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. მისი ეს გადაწყვეტილება, მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ. შესაბამისად, პოლიტიკურმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო. კახა ბუნებრივია ჩვენი პარტიის ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერად რჩება და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფო პროექტზე, რომელსაც მოგვიანებით გაგიზიარებთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი - შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წამოიწყეს პროექტი, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს და ამის შესახებ მეტი დეტალი შემდეგ გახდება ცნობილი. „როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა კუჭავამ.
New York Times-ის ცნობით, პენტაგონი უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს გაუზიარებს
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მიაწვდის სადაზვერვო ცნობებს, რომლებიც კიევს რუსეთის შესაძლო აგრესიაზე სწრაფ რეაგირებაში უნდა დაეხმაროს. The New York Times-ის ცნობით, პენტაგონის გეგმამ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ არის დამტკიცებული, შესაძლოა, რუსეთის დიდი გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: ჩვენი მიზანია, აშშ-ის მხრიდან დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პენტაგონის თანამშრომელთა მცირე ჯგუფი ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა, რათა შეესწავლა, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ქვეყანას საჰაერო თავდაცვის კუთხით. როგორც ცნობილია, აშშ-მ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები, ჯაველინები და სხვა შეიარაღება მიაწოდა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.
შრომის ინსპექციის გაფრთხილების მიუხედავად, კლუბი "ბასიანი" ღონისძიებას მართავს
კლუბ "ბასიანის" განცხადებით, დღევანდელი საკლუბო ღამე ჩატარდება ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი, ყველა არსებული კოვიდრეგულაციის დაცვით. თუმცა, აუცილებლად გვინდა წინასწარ შეგატყობინოთ და გაგაფრთხილოთ, რომ არ არის გამორიცხული სახელმწიფოს მხრიდან მორიგი მტრული ნაბიჯი და არსებობს ესკალაციის რისკი. საკლუბო ღამეზე დასასწრებად აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ: - ონლაინ ბილეთის უნიკალური კოდი;- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მხოლოდ ფიზიკური დოკუმენტი, არ მიიღება ასლი ან ტელეფონში არსებული ფოტო);- ვაქცინაციის ან კოვიდის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის უნიკალური კოდი გენერირებულია ვებგვერდზე: EU Digital COVID Certificate", - იტყობინება "ბასიანი". კლუბის განცხადებას წინ უძღოდა ადგილზე შრომის ინსპექციის მისვლა. მათ კლუბის ხელმძღვანელობას "გონივრული ვადა" მისცეს ტერიტორიის დასაცლელად და აპარატურის გასატანად. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ინსპექციას კლუბის დალუქვის საშუალება ადგილზე შეკრებილებმა არ მისცეს და არც გამოწერილი საჯარიმო ოქმი ჩაიბარა კლუბის ხელმძღვანელობამ.
მსოფლიო პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას Reuters-ი პატრიარქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 81 წლის პატრიარქი ბართლომე ორჯერ არის აცრილი.
პატრიარქის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
სალომე ზურაბიშვილი: ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ შობას გილოცავთ, ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს
დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტიანულ ეკლესიებსა და მათ მრევლს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობს შობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ვულოცავ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს!- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტისსალომე ზურაბიშვილის მილოცვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაარსებობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და სიამაყეა. "დაე, ეს ტრადიცია მუდამ ცოცხლობდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელი მსოფლიოსთვის იქცეს განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა მშვიდობით, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრების მაგალითად. მშვიდობა და კეთილდღეობა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა მოეტანოს ყველასათვის იმედისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს!",- წერს პრეზიდენტი.