ძებნის რეზულტატი:

თბილისის მერის თქმით, ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, მგზავრობა იაფდება

კახა კალაძე აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა და შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაშია. თბილისის მერის თქმით, ეს არის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, რომელზეც მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო. „ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები. გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ, არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდება და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი იქნება.

FDA-მ კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა. ოქტომბრის დასაწყისში კომპანია Merck-მა განაცხადა, რომ წამლის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულა და გაირკვა, რომ აბები მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების საფრთხეს დაახლოებით 50%-ით ამცირებს და მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ამ პრეპარატით მკურნალობის კურსი 5-დღიანია. კაფსულის სახით, ეს არის პირველი, პერორალური წამალი, რომელიც კოვიდინფექციას ებრძვის. 4 ნოემბერს, დიდმა ბრიტანეთმა მსოფლიოში პირველმა მიანიჭა ავტორიზაცია ამ პრეპარატს. 17 დეკემბერს კი, დანია გახდა ევროკავშირში პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ დაამტკიცა. Molnupiravir-ი ემორის უნივერსიტეტში, ატლანტაში, ინოვაციური კომპანიის, Drug Innovation Ventures at Emory (Drive)-ის მიერ, Merck-თან პარტნიოორობით შეიქმნა. ასევე წაიკითხეთ: COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს

ენტონი ბლინკენი NATO-ს გენმდივანს და ბრიტანელ მინისტრს უკრაინის საკითხზე ესაუბრა

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრასს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა საერთო პრიორიტეტებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიაზე კოორდინირებული, მტკიცე პასუხის შესახებ ისაუბრეს. მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ტრასი შეთანხმდნენ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რათა რუსეთის ქმედებებს მძიმე შედეგები მოჰყვეს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, NATO-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას, ბლინკენმა და სტოლტენბერგმა რუსეთის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა განიხილეს და აღნიშნეს, რომ NATO მზადაა, რუსეთთან შინაარსიანი დიალოგისთვის, მაგრამ იმავდროულად მოკავშირეების გვერდით დგას.

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის საკითხი ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან, რათა აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ვითარება განეხილა, უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერების ფონზე. „სამხედრო ძალების გაძლიერებამ ახალი საფრთხეები და უკრაინაში შეჭრის შიში შექმნა. უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მასიური შედეგები და მძიმე ფასი მოჰყვება. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას. ევროკავშირი მჭიდროდ კოორდინაციას ახორციელებს ტრანსატლანტიკურ და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, მათ შორის რუსეთის მიერ წარმოდგენილი ორი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე“, - აღნიშნულია ევროკავშირის ინფორმაციაში. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

რა პასუხი მოჰყვება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ - ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება

აშშ რუსეთს არამხოლოდ სანქციებით უპასუხებს. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა. კომენტარები აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახელით ვრცელდება. „ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, დავაკისროთ მძიმე ხარჯები, რაც დააზარალებს რუსულ ეკონომიკას და მოიტანს ზუსტად იმას, რაც მათ არ სურთ – NATO-ს მეტ შესაძლებლობებს რუსეთის სიახლოვეს და არა შორს“, - განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.

თბილისში დღეს საახალწლო სოფელი გაიხსნება

თბილისის მერია, დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობას და დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული. გახსნის სამზადისს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. „ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მათ შორის, ტკბილეულობა, ასევე, ატრაქციონები ბავშვებისთვის. ზოგადად, ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, შესანიშნავი გარემოა და ძალიან ლამაზია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა. გარდა ამისა, ყოველდღე გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები - წარმოდგენები ბავშვებისთვის, კონცერტები, ელექტრონული მუსიკის საღამოები. ყოველდღე იქნება გასართობი პროგრამა 14 იანვრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი. დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუები და კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება. საახალწლო სოფელი 24 დეკემბერს, 13:00 საათიდან ამოქმედდება, ხოლო 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაგეგმილია გახსნის ცერემონია. 14 იანვარს ის დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.

იტალიამ COVID19-ის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრა

იტალიამ, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აიკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ. ამასთან, 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და ღია ცის ქვეშ სხვა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, იხურება დისკოთეკები და საცეკვაო კლუბები.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ NATO-სთან, საშიშ დონეს მიაღწია

რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სასაზღვრო კრიზისმა, ისევე, როგორც მოსკოვის დაძაბულმა ურთიერთობამ NATO-სთან, საშიშ დონეს მიაღწია, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ჩვენ არ უგულებელვყოფთ ჩვენს პრინციპებს და მჭიდრო ურთიერთობას უკრაინასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქი დიპლომატის თქმით, ანკარას დიპლომატია იმ არსებული გარემოებების მიხედვით ხორციელდება, რომელსაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს. „რთული სამუშაოა, მაგრამ დიპლომატია სწორედ ამისთვისაა“, – დაამატა მან. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის ხელისუფლება იმგვარ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც ემყარება ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, ადგილზე არსებულ რეალობას და შესაძლებლობებს.

აშშ-სთან თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც მძღოლებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის საშიშროებების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო სოციალური რეკლამის წარდგინებაში, რომელიც მძღოლებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვის საშიშროებების შესახებ აფრთხილებს. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ვიდეორგოლები, რომელიც ტელევიზიებსა და სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსდება, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსა და შსს-ს საპატრულო პოლიციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ელჩმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიმდინარე ძალისხმევას, დაეხმაროს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს იმ კანონების აღსრულებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას. „ალკოჰოლისა თუ სხვა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ საჭის მართვა და სიცოცხლის დაკარგვის ამ მიზეზით გამოწვეული ტრაგედია 100%-ით თავიდან აცილებადია. ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭის მართვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც შეიძლება ახლდეს ჯარიმა, დაპატიმრება, კერძო საკუთრების დაზიანება და მძღოლისა თუ სხვათა სიკვდილი. გასული ხუთი წლის განმავლობაში ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოში 68 ადამიანი დაიღუპა და 1 138 დაშავდა. ამ დღესასწაულებზე, გთხოვთ გაითვალისრინოთ, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ არანაირი მიზეზით არ მართოთ ავტომობილი. თუ გზაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მძღოლს შეხვდებით, დაუკავშირდით სამართალდამცავებს. თქვენმა საქციელმა, შესაძლოა, სიცოცხლე გადაარჩინოს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გერმანია და საფრანგეთი მხარეებს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებენ

გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ როგორც უკრაინის სამთავრობო ძალებს, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, პატივი სცენ ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „მოვუწოდებთ მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და გააგრძელონ დისკუსია ჰუმანიტარულ სფეროში შემდგომი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, როგორიცაა გადასასვლელების გახსნა და დაკავებულთა გაცვლა“, - განაცხადეს სამინისტროებმა. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას მიესალმა.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1976 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის - 6.26% ხოლო 7 დღის - 5.64%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 076 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 876 254. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა - 145, იმერეთი - 246, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 152, აჭარაში - 526, იმერეთში - 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 559, აჭარაში - 130, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 ადამიანი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 36, იმერეთში - 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 - თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავოს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები; უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი. „სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები. საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას. არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში, აგრარულ ბაზრებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ.) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანი შეიძლება დაავადდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით. გაუფრთხილდით თქვენსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, დარეკეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01“, - ნათქვამია განცხადებაში.

შს სამინისტრომ ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ., 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად კი, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი - 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები - დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს - პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და „ქურდული გარჩევის“ გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების „ქურდული წესით“ აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. პოლიციამ ლ.ჯ., და ნ.შ. ბორჯომში, ხოლო დ.წ. რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც დაკავებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ,,ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს - დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას გულისხმობს.

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ადვოკატის თქმით, პოლიციას ბრალდებულმა მკვლელობის შესახებ თავად აცნობა, ამასთან, თავად დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული სასამართლო პროცესზე სიტყვის თქმის უფლების გამოყენებას აპირებს. ადვოკატის თქმით, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს და ეს იშვიათად ხდება, თუმცა დაცვის მხარე ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას, რადგან ბრალდებული მიიჩნევს, რომ „ამას იმსახურებს“. „მან თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და არავითარი გირაო არ მოითხოვა, ვინაიდან, თქვა, რომ იმსახირებს ამას“, - განაცხადა ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველმა და დაამატა, რომ სამართლებრივად სრულ კაპიტულაციას აცხადებს. „ამბობს, რომ მოხდა შელაპარაკება, ახსენა შეურაცხყოფა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. აღარ ჩავეძიე, რადგან მდგომარეობა არ არის ადეკვატური. ის იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს“, - ამბობს ადვოკატი „ტვპირველთან“. ამავე თემაზე: ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი ორსული ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის ქალი გარდაიცვალა

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის ქალი გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა. „გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის ქალი გარდაიცვალა. იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, - მიმართავს კომპანია მოსახლეობას.

სუს-ი: აღმოჩენილია დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული, ორიგინალი მონეტა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიეკუთვნება

უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოს ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ამოღებულია ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. „მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია. დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი. გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია. ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის - 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით. აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით - „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. აღნიშნული არტეფაქტები, ასევე, გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიის უმსხვილესი ინტეგრირებული კომპანიის, „სიბურ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფიიონი დამოუკიდებელი დირექტორია. 2021 წლის ივლისიდან ფრანსუა ფიიონი კიდევ ერთი რუსული კომპანიის, „ზარუბეჟნეფტი“-ს დირექტორთა საბჭოს წევრია. ფიიონს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა 2007-2012 წლებში, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2017 წელს ფრანსუა ფიიონი კენჭს იყრიდა საფრანგეთის პრეზიდენტად. ფრანგული მედია ხშირად წერდა ფიიონის და რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობრულ ურთიერთობაზე. 2018 წელს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ფიიონს და პუტინს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

სამხრეთ აფრიკის მთავარი მეცნიერი: „ომიკრონის“ გავრცელების ტალღა იმავე სისწრაფით სუსტდება, როგორც გაიზარდა

სამხრეთ აფრიკაში „ომიკრონის“ გავრცელების ტალღა იმავე სისწრაფით მცირდება, როგორც გაიზარდა. სამხრეთ აფრიკის მთავარმა მეცნიერმა, რომელიც პანდემიაზე რეაგირების საკითხს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევების გავრცელების პიკი სწრაფად გადაილახა. „თუ წინა ვარიანტები იწვევდნენ კილიმანჯაროს ფორმის ტალღებს, „ომიკრონის“ ტალღები უფრო ჰგავს ევერესტის ჩრდილოეთ ნაწილს”, - განაცხადა სალიმ აბდულ კარიმმა ინტერვიუში. ის მიუთითებს ინფექციების თითქმის ვერტიკალურ ზრდაზე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში პირველი კვირების განმავლობაში დაფიქსირდა. ცნობისთვის, „დელტა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებულების დაახლოებით 70%-ზე ნაკლები საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დასკვნები იმედის მომცემია. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ომიკრონით“ ინფიცირებისას ჰოსპიტალიზაციის ალბათობა, სხვა შტამებთან შედარებით, 50-70%-ით უფრო ნაკლებია. ინფიცირებულის რეანიმაციაში მოხვედრის ალბათობა კი 31-45%-ით უფრო ნაკლებია. კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტოდ სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, პარკ გინ ჰე შეიწყალა, რომელიც კორუფციის ბრალდებით სასჯელს იხდიდა. პარკ გინ ჰე გახდა სამხრეთ კორეის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა პარლამენტის კენჭისყრას მისი იმპიჩმენტის შესახებ. 2018 წელს პარკ გინ ჰე დააკავეს და 24 წელი მიუსაჯეს. მაშინდელი სკანდალის ფარგლებში, ასევე დააპატიმრეს ორი კონგლომერატის, მათ შორის „სამსუნგ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელები. კერძოდ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში, რომლის ფარგლებში, კონგლომერატებიდან ათეულობით მილიარდ ვონს (სამხრეთ კორეის ეროვნული ვალუტა) იღებდა, აღნიშნული თანხით კი მის მფლობელობაში არსებულ არაკომერციულ ფონდებს აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ კორუფციის ბრალდებით მსჯავრდებულია სამხრეთ კორეის კიდევ ერთი პრეზიდენტი, ლი მენ ბაკი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი პარკ გინ ჰემდე იყო, თუმცა მისი შეწყალების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

კახა კალაძე: ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენას ერთჯერადად ვერ ახერხებენ, შესაძლებელია, „ბანკებს დაელაპარაკონ“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენას ერთჯერადად ვერ ახერხებენ, „ბანკებს დაელაპარაკონ“. „იმედის“ ეთერში კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით და მაგალითად მოუყვანეს პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მასაც კი გაუჭირდება ერთჯერადად წლიური აბონემენტის თანხის გადახდა. ამაზე პასუხად მერმა განაცხადა, რომ მისი ხარჯების დათვლა მარტივად შეიძლება: პარლამენტარის სტანდარტული ხელფასი არის დაახლეობით 3600 ლარი, რაც 12 თვეზე გამოდის 43 200 ლარი, ხოლო წლიურ აბონემენტზე „250 ლარზეა საუბარი“. „თუმცა აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განწილდება [თანხის გადანაწილება – ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის გადახდა ერთჯერადი გადახდის ნაცვლად] გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10 ან 20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თბილისის მერმა.