ძებნის რეზულტატი:
ივანე ჩხაიძე; „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს, „ომიკრონით“ ინფიცირებული კი სავარაუდოდ, 10-12-ს აინფიცირებს
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძე Europetime-თან განმარტავს, რას ნიშნავს „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო სწრაფი გავრცელება. ივანე ჩხაიძის თქმით, „კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს აქვს გაცილებით მეტი მუტაცია. „მუტაციებმა, რომლებიც განვითარდა „ომიკრონში“, ხელი შეუწყვეს უფრო მეტი ადამიანის ინფიცირებას, უფრო სწრაფ ინფიცირებას, მუტაციის ძირითად აზრი ჯერჯერობით არა მძიმე დაავადების განვითარება, არამედ მარტივი ინფიცირებაა. „დელტას“ შემთხვევაში, ერთი ადამიანი მის გარშემო 6-8 ადამიანს აინფიცირებდა, ხოლო თუ „ომიკრონი“ „დელტაზე“ მეტად აინფიცირებს, ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, 10-12 ადამიანის დაინფიცირების შესაძლებლობის მქონეა. ეს ნიშნავს სწორედ სწრაფ გავრცელებას. 5-ჯერ სწრაფად გავრცელდა იმ ვირუსთან შედარებით, რომლითაც პანდემია დაიწყო. თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ „ომიკრონი“ არ იწვევს მძიმე დაავადებას, ეს ძალიან კარგია, და ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივიღეთ ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის რისკი ნაკლებია და მძიმე შემთხვევებს არ იწვევს. თუმცა მეორე მხარეა მნიშვნელოვანი, როდესაც ბევრი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელსაც ქრონიკული პრობლემა აქვს და ასეთი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით 65 წელს გადაცილებულებისთვის, საავადმყოფოში მოხვედრის რისკი ძალიან მაღალია. ეს არის პრობლემა. სამხრეთ აფრიკაში 30%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც კლინიკაში მოხვედრის რისკი აქვთ. ეს არის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, ინფიცირების რაოდენობა ერთია, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, თუ ამ ინფიცირებულებს შორის ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს შეიძლება, საწოლების რაოდენობა საკმარისი არ იყოს. ეს არის, რასაც ველოდებით და რისი დასკვნაც გვინდა, რომ ვნახოთ და ალბათ დეკემბრის ბოლოსთვის, იანვრის კვირის განმავლობაში უფრო მოგვცემს ამ ინფორმაციას აშშ-ის და ევროპის ქვენების მაგალითი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ეკატერინე ტიკარაძე: პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით
„პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების ანგარიშის პრეზენტაციაზე. „ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმოს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომლებიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები. საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, რადგან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ 25 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტი, დაჩქარებული წესით გეგმავს, განიხილოს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. „ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წლების განმავლობაში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ, ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას, საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. მექანიზმის შექმნა ასევე გათვალისწინებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით. ამ გამოწვევების ფონზე, 2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს მხოლოდ გამოძიების წარმოების უფლება მიეცა და მასზე საპროცესო ზედამხედველობის უფლება საქართველოს პროკურატურამ სრულად შეინარჩუნა. თუმცა, კანონის ამოქმედება პარლამენტმა ზედიზედ ოთხჯერ გადადო და საბოლოოდ, ინსპექტორის სამსახური 2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს. ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, სამსახურის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ როგორც არასამთავრობო სექტორი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. საქმიანობის ფარგლებში, ამ დრომდე, ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა 5523 შეტყობინება მიიღო, ხოლო 8 სამართალდამცავის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სამსახური, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც, რის თაობაზეც უწყებაში გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევდა, რომ გამოძიების და ინფორმაციის დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებაში მოქცევა, შესაძლოა, ეფექტიანი არ ყოფილიყო. თუმცა, ინსტიტუტზე დაკვირვებამ ნათლად აჩვენა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციების თავსებადობის კუთხით პრაქტიკაში ხარვეზი არ გამოვლენილა. ამავდროულად, დღეს არსებული საჭიროება, რაც ცალსახად იკვეთება და რაზეც მიუთითებენ სამოქალაქო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო აქტორები, არის სამსახურის შემდგომი გაძლიერება. კერძოდ, უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, აგრეთვე მისი კომპეტენციის გაზრდა და გავრცელება დანაშაულთა/თანამდებობის პირთა უფრო ფართო წრეზე. სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებში და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში. ამასთანავე, ინსპექტორი, საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებდა იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელი იყო ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ამ მიზნით, მან ვრცელი საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა საქართველოს პარლამენტს, სწორედ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებამდე რამდენიმე საათით ადრე. მსგავსი მნიშვნელობის და საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე კანონპროექტის აბსოლუტურად დახურულად მომზადება, ისე რომ მის შემუშავების პროცესში ჩართულები არ იყვნენ არც უშუალოდ სამსახურის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და არც სხვა დაინტერესებული მხარეები, უკიდურესად პრობლემურია და წარმოადგენს საკანონმდებლო თვითნებობას. ამავდროულად, კანონპროექტის განხილვის დაჩქარებული წესით ინიცირება ცხადყოფს, რომ ხელისუფლების მიზანი არა საკითხის ირგვლივ სიღრმისეული პროფესიული მსჯელობაა, არამედ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე გავლენის მოპოვება. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კრიტიკულად ეხმაურება სამართალდამცავი სისტემის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებს. სამსახურმა შეისწავლა ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, ასევე მწვავედ გამოეხმაურა სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების გასაჯაროებას. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი უნდობლობის ფონზე, დახურულ კარს მიღმა, ფარულად და დაჩქარებული წესით დარეგისტრირებული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები დამოუკიდებელი ინსტიტუტების მისამართით და შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერები ორგანიზაციები არიან: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF); ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); მედიის განვითარების ფონდი (MDF); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საფარი; ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); უფლებები საქართველო; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT). ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ მისთვის უწყების „გაუქმების“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც მედიით შეუტყო, სიურპრიზი იყო.
თელავის მთავარი ნაძვის ხის ნაწილი დაიწვა
თელავის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე დგას, ავარიულად გაითიშა, ადგილზე კი სახანძრო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნაძვის ხეზე დაკვამლიანება შენიშნეს და მალევე მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. თვითმხილველი ამბობს, რომ დამწვარია ნაძვის ხის ზედა ნაწილი. ნაძვის ხის დაწვა დაადასტურეს თელავის მერიაში. რამ გამოიწვია ხანძარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ეკატერინე ტიკარაძე პანდემიის მართვაზე: ნამდვილად არავინ გვინდობდა. რატომღაც ველოდი, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო პარტნიორული
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 26 დეკემბერს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა, რომლის ნაწილიც პანდემიის მართვას შეეხებოდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „საქართველოში კორონავირუსის მართვის პირველი გამოწვევა იყო მზაობა. რამდენად დროულად მოემზადა, თუ არ მოემზადა უწყება. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აქ საზოგადოებისგან პარტნიორულ ურთიერთობებს ელოდა. „ნამდვილად არავინ გვინდობდა. თუმცა ახლა უკვე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი ყოველთვის რატომღაც ის იყო, რომ ყველა, საზოგადოებაც მათ შორის, იქნებოდა გაცილებით უფრო დამნდობი და პარტნიორული, ვიდრე ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავდით, ვინაიდან სამინისტროს თითოეული თანამშრომელი ძალიან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი და ამას არ აკლებდნენ არც ბატონ პაატას, არც ბატონ ამირანს, ქალბატონი თამარიც ხშირად იყო მსხვერპლი. ბატონი თენგიზი არ არის სამინისტროს თანამშრომელი მაგრამ ყველაზე მეტად ბატონი თენგიზი იყოს სამინისტროს თანამშრომელი, ვინაიდან მთელი ამ პანდემიის პერიოდში ის არის იმ დროშის მატარებელი, რასაც პაციენტის დაცვა ჰქვია და არ ერიდებოდნენ არც მის ასაკს, არც მის სტატუსს, არც მის კვალიფიკაციას და იცით, თუ რა გვაქვს გამოვლილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძემ ისიც აღნიშნა, რომ უჭირდა საველე ჰოსპიტალის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბოლოოდ დადებითად შეაფასა მისი ფუნქციონირება, იქიდან გამომდინარე, რომ საველე ჰოსპიტალების ყველა საწოლი აღჭურვილი იყო ჟანგბადით და ის იყო არამხოლოდ პაციენტების დაყოვნების ადგილი, არამედ სრული სამედიცინო დახმარების გაწევის სივრცეც. ეკატერინე ტიკარაძემ ასევე გაიხსენა, როგორი რთული იყო ოჯახის ექიმების დარწმუნება იმაში, რომ გადამზადების შემდეგ შეძლებდნენ კოვიდპაციენტების მართვას. მისივე შეფასებით, ექიმების გადამზადება, რომელიც დაახლოებით მედიკოსების 75%-მა გაიარა პანდემიისას, ეფექტური აღმოჩნდა. „ჩვენ ვთვლით, რომ კოვიდის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს აქვს სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო და რთული ტალღები მართა. ამავე თემაზე: კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
მიხეილ სააკაშვილი: წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე
„წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე“, - საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით ნამოხვანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. „ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს. მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, ვიდრე ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში რამდენიმე თვის წინ მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს ორი დღის წინ 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს - თორნიკე, თამაზ, გელა და ირაკლი ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება
22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის წინასასამართლო პროცესი 27 დეკემბერს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. შეგახსენებთ, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს. ნიკო კვარაცხელია, რომელიც ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი იყო.
Covid19-ის წინააღმდეგ „თავდაუზოგავი შრომისთვის“ ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდკლინიკებს, მათ წარმომადგენლებსა და ექიმებს მადლობის სიგელი გადასცა
Covid19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული „თავდაუზოგავი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“ ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდკლინიკებს, მათ წარმომადგენლებსა და ექიმებს მადლობის სიგელი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 3 წლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა. „მე მინდა გადავუხადო მადლობა ყველა ექიმს, ყველა ექთანს და სამინისტროს ერთიან გუნდს, რომელიც იბრძოდა და დღესაც იბრძვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსვლის ბოლოს.
საქართველოში „ომიკრონის“ სულ 51 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 5 ინფიცირებული 18 წლამდეა ასაკობრივ ჯგუფშია
მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ამ შტამს ამ ეტაპზე მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ამ დროისთვის, „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ქვეყანაში ლაბორატორიულად დაფიქსირებული. ასევე კვლევაშია კიდევ რამდენიმე ათეული შემთხვევა.51 ინფიცირებულიდან 5, 18 წლამდე ასაკისაა. „მათგან ერთია სტაციონარში, მაგრამ მას ძირითადი, სხვა დაავადება აქვს, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო“, - განუცხადა ამირან გამყრელიძემ მედიას. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, სამხრეთ აფრიკისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი
ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უცხოურ მედიასთან განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, იქნება თუ არა ცხელი ომის ფაზა ევროპაში მომდევნო კვირების განმავლობაში. „ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვირტუალურად შეხვდა პუტინს და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა არ უნდა ხელყოს უკრაინის სუვერენიტეტი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მისი ტერიტორიული მთლიანობა. ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, დავაწესოთ სანქციები, როგორიც აქამდე არ გინახავთ,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. კითხვაზე, დაუწესებენ თუ არა სანქციებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინს, კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ კონკრეტულ სანქციებზე საუბარი არ სურს. „კონკრეტულ სანქციებზე საუბარს არ ვაპირებ. გავიმეორებ, რომ სანქციების ტიპი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სანქციები, რომლებიც აქამდე არ დაგვიწესებია,“- აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ანტონიუ გუტერეში: COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება
COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო შემდეგი პანდემიებისთვის უნდა მოემზადოს. "COVID19 არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. რამდენადაც ჩვენ ამჟამად ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს, უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის. ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ის ყურადღება და მივცეთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 71 პაციენტი
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 71 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3193 პაციენტი. გუშინ საქართველოში 19 701 ტესტი ჩატარდა.
აკაკი ზოიძე: ამ სიტუაციაში, აზრი არ აქვს ჯანდაცვის მინისტრობას
ჯანდაცვის სპეციალისტ აკაკი ზოიძის აზრით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, ვისც შეუძლია, ძალიან კარგად შეაფასოს, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, ეკონომიკური, მეორე მხრივ, სოციალური და მესამე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს. „დღეს არაა საკმარისი მინისტრად მხოლოდ სანდო ადამიანი, რომელიც იცი, რომ ფულს არ მოიპარავს“, - თქვა აკაკი ზოიძემ #ForbesHealth-ში და იქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დღეს იმის გამო, რომ არამხოლოდ მთავრობაში, არამედ საზოგადოებაში პანდემიით დაღლილობაა, ასეთი ტიპის მინისტრი ვერ იქნება მოთხოვნადი. „არავის უნდა ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს, რამდენი ადამიანი გვეღუპება, რომელთა სახელები და გვარებიც არ ვიცით. როგორც ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, დღიურად ორი ავტობუსი ადამიანი იღუპება, მაგრამ ემოციურად ყველა ჩვენგანი ინდიფერენტული გახდა. მათი სახელებიც არ ვიცით... რაღაც ისეთი სიტუაციაა, რომ თუ covid-ით დაიღუპა, თითქოს გამამართლებელია, რომ ემოციური რეაქცია არ გვქონდეს. ამ სიტუაციაში კი მომავალს სკეპტიკურად ვუყურებ. გარდატეხას ვერ შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, რაც იქნება სტიმული ვაქცინაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იქნება ჯანდაცვის იმ მინისტრის პასუხისმგებლობა, რომელიც ახალი წლის მერე დაინიშნება ამ თანამდებობაზე... პირველი რასაც მოვთხოვდი ასეთ მინისტრს, იქნებოდა უნარი, რომ საკუთარ გუნდში დაბეჯითებით შეძლოს, დაარწმუნოს ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა აქვთ, რომ თუ ასეთ ზომებს მიიღებენ, ეს ან ეკონომიკას დააქცევს, ან პოლიტიკურად იქნება წამგებიანი, იმდენად დაკარგავს „ოცნება“ უმრავლესობას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. კითხვას - „დათანხმდებოდით, ამ ვითარებაში ჯანდაცვის მინისტრობას“, ჯანდაცვის სპეციალისტმა მოკლე პასუხი გასცა: „არა. არ დავთანხმდები, რომც შემომთავაზონ. ეს უბრალოდ, გამოიწვევდა კონფლიქტს. მე რა პოზიციაც მაქვს თუნდაც პანდემიის მართვასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მთავრობის დანარჩენმა წევრებმა გაიზიარონ. ამდენად, ამ სიტუაციაში, აზრი არ აქვს ჯანდაცვის მინისტრობას“. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდება ახალი მინისტრი.
CEBR-ი: ისტორიაში პირველად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს
ისტორიაში პირველად 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს გადააჭარბებს. ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით (CEBR), 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იქნება. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, პანდემიის ეფექტიდან გამოსვლის პარალელურად, გლობალური მშპ გაიზრდება, მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა კი ინფლაცია იქნება. თუ ადეკვატური ზომები არ იქნება მიღებული, ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, 2023-24 წლებისთვის მსოფლიო რეცესიისთვის უნდა მოემზადოს.
გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათი განმარტებით, მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია. მანამდე, 20 დეკემბერს, გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
ანატოლი ბიბილოვი: ჩვენთან ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ახალგორში შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრა 26 დეკემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმს ახალგორთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის სექტემბრიდან აქვს დაკეტილი. დანარჩენ საქართველოსთან კავშირის შეწყვეტამ ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ახალგორში დარჩენილ ქართველებს სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე წვდომის გარდა, შეზღუდული აქვთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან კონტაქტი. როგორც ცხინვალის დე ფატო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი წერს, ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა და შეხვედრის კითხვა-პასუხის ფორმატით ჩატარება შესთავაზა, თუმცა, პირველი შეკითხვის დასმამდე თავად ილაპარაკა „საქართველოსთან საზღვრის გადაკვეთის“ საკითხზე. ბიბილოვმა ისევ გაიმეორა, რომ „საზღვარი“ დაკეტილია სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო და „ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკა შეცვალოს და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები“. ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრაზე მყოფ ახალგორელებს ისიც უთხრა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე" მყოფ მათ ნათესავებს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ საცხოვრებლად სიხარულით მიიღებენ. ძირითადად რუსეთიდან მიღებული ფულით მცხოვრები ოკუპირებული რეგიონის „პრეზიდენტი" აცხადებს, რომ მათთან „ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში“ და უმუშევრად არავინ დარჩება.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება
საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაასახელა. „მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს. ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო „დელტას“ ხელმძღვანელი, ასევე თბილავიამშენის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ა.შ. ბატონი ზურა არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი. იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში. მას, რა თქმა უნდა, კარგად აქვს გაცნობიერებული ის გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის. მინდა, რომ ზურას ვუსურვო წარმატება. იგი არის 5 შვილის მამა და ვფიქრობ, რომ ბატონი ზურა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად, ასეთი დიდი სამინისტროს მართვაში, ასეთი გამოცდილი კადრის მინისტრად დანიშვნას, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არის დაახლოებით 6 მლრდ. ლარი - ეს არის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედი და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან გამოცდილი კადრი გვჭირდება და ვფიქრობ, რომ ასეთი არის ბატონი ზურა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ზურაბ აზარაშვილი დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა.
ჯანდაცვის მინისტრი: ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა
"მადლობა პრემიერს იმ უდიდესი ნდობითვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა", - ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურა აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. „ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერისა და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას ნდობას უცხადებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას ნდობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. ამის შესახებ სააკაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება. სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს, რომ ამის შესახებ ხმა ამოიღოს. სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, მისი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი. „მე საერთოდ არ ვიცოდი თუკი არსებობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამის შესახებ გლდანში ძალადობით გადაყვანის შემდეგ გავიგე, როდესაც ტელევიზიით მოვისმინე, რომ ამ სამსახურმა აღძრა საქმე ჩემს მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, მერე გავიგე, რომ ამ სამსახურის გამომძიებლებს არ უშვებდნენ ჩემთან. ამის პარალელურად, ჩემთან შემოვიდა 3 საკმაოდ უსიამოვნო თანამშრომელი, რომლებმაც მითხრეს, რომ არიან შიდა ინსპექტორები და სცადეს ჩემი შემოხეული ტანსაცმლისა და სხვა ნივთმტკიცებების ამოღება. კიდევ კარგი, რომ შუა საუბარში მივხვდი, რომ ეს "ინსპექტორები" არ იყვნენ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები და გავყარე ეს სუბიექტები ჩემი პალატიდან. უცხოელი დიპლომატების ჩარევის შემდეგ, ჩემთან გამომძიებელი და ექსპერტი შემოუშვეს და ეს იყო პირველი ორი ნამდვილი პროფესიონალი, რომელიც შემომხვდა სისტემაში საქართველოში დაბრუნებისა და ციხეში მოხვედრის შემდეგ. გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი. სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას. მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა. გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ. მე მინდა მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
ლონდა თოლორაია: ასეთი მეთოდებით არცერთი სამსახური არ გაუქმებულა
საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, მისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის 2021 წლის 25 დეკემბერს მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. „კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მისი შემუშავების შესახებ უცნობი იყო როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სფეროს სხვა სპეციალისტებისთვის. კანონპროექტის დაინიცირების დრო და მისი დაჩქარებული წესით განხილვის პროცესი რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო, მათ შორის საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოში არყოფნისა და პირადად ჩემი, სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. აღნიშნული მაფიქრებინებს, რომ ეს შემთხვევითი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ჩემი უწყების ინტერესების დაცვა გამიჭირდებოდა. თუმცა, მე აქ ვარ და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს ამ სამსახურის ხელშეუხებლობისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა – შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება – გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მისივე თქმით, სამსახურის მუშაობას მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები. „სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ: ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონი, რომელიც ორ წელზე მეტია, განხილვის მოლოდინშია; 2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა; 2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი. მსურს, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას შევახსენო, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს 2019 წლიდან სწორედ პარლამენტის მიერ დაეკისრა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფუნქცია. მათ შორის, იმ დეპუტატების მონაწილეობით, რომლებიც არიან ამჟამინდელი კანონპროექტის ავტორები“განაცხადა ლონდა თოლორაიამ. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის თავმოყრა იწვევს ინტერესთა კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის მონაცემთა დაცვას. გარდა ამისა აღინიშნა, რომ ამითი სრულდება არასამთავრობო სექტორის მიერ 2018 წელს გაცემული რეკომენდაცია, დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის შესახებ. ინტერესთა შეუთავსებლობის პრობლემა საქართველოს პარლამენტმა ვერ დაინახა 2018 წელს და არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია არ ჩათვალა წონიან არგუმენტად. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი შედგა. პროექტის ინიცირებამდე საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაუსვამს არც ერთი კითხვა, შექმნა თუ არა რაიმე პრობლემა ამ ორი ფუნქციის ერთი უწყების ქვეშ თანაარსებობამ. ამასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელით, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში 2019 წლის მაისიდან უმოძრაოდ დევს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაა, კრიტიკას ვერ უძლებს“, – ნათქვამია ლონდა თოლორაიას განცხადებაში.