საზოგადოება

გერმანია ავსტრიისა და ჩეხეთის ნაწილთან საზღვრებს კეტავს

გერმანია, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან შეთანხმებულია და შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება. ”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გამოცემის ცნობით, მერკელის მთავრობას განსაკუთრებულად აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი და ჩეხეთში კი - ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი. გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მოსახლეობა კლიმატის ცვლილებას კაცობრიობის სამ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას შორის ასახელებს

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის პირველი ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებენ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება გარემოსადმი მეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. ეს და სხვა მიგნებები შესულია საზოგადოებრივი აზრის ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ანგარიშში „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა კავკასიის გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus) ევროკავშირისა და UNDP-ის დაკვეთით. კვლევის შედეგები ეყრდნობა 1,100 პირისპირ ინტერვიუს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა. კვლევის ძირითადი მიგნებები ასახავს ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ: გამოკითხულთა 98 პროცენტს სმენია კლიმატის ცვლილების შესახებ. 94% ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება ისეთივე გავლენას ახდენს საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. 91 % აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება რეალობაა და არა მითი. 85% კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციას თვეში ერთხელ მაინც ეცნობა. 72 % ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე იგრძნობა. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობისთვის კლიმატის ცვლილება ისეთივე დიდი გამოწვევაა, როგორც სიღარიბე და ინფექციური ან ვირუსული დაავადებების გავრცელება. კაცობრიობის მნიშვნელოვანი გამოწვევების რიგში კლიმატის ცვლილება მესამე ადგილს იკავებს. ასეთი მძაფრი შეფასება ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პანდემიის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ეს მიგნება ასევე ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინოვაციურ გლობალურ გამოკითხვას Peoples’ Climate Vote, რომელმაც 2020 წელს 1.2 მილიონი ადამიანი და 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოიცვა. ამ კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 68 % თვლის, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური კატასტროფაა. ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ან ამ მხრივ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე. გამოკითხულთა რიცხვი, რომელთაც სმენია „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ შესახებ 10 % არ აღემატება. კვლევის რესპონდენტები, რომელთაც ბოლო დროს მიუღიათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების თაობაზე, ვერ იხსენებენ ამ ინფორმაციის შინაარსს. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა კარგად აცნობიერებს, რომ კლიმატის ცვლილება უშუალო გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, და ამის დასადასტურებლად ისეთ მოვლენებს ასახელებს, როგორიცაა წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, მეწყერი, კოკისპირული წვიმა და სხვა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კლიმატის ცვლილების შეჩერება, გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად იყოფა. 45% თვლის, რომ დრო ჯერ კიდევ არის, ხოლო 49% დარწმუნებულია, რომ უკვე გვიანაა. რესპონდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადამიანების ინდივიდუალურ ქცევას შეუძლია გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების პროცესზე. გამოკითხულთა 65 % ამ მოსაზრებას ეთანხმება მაშინ, როდესაც სხვა ადამიანების ქცევაზე საუბრობს, ხოლო 57 % ამავე შეხედულებას საკუთარ თავზე განავრცობს. კვლევის ავტორები თვლიან, რომ ეს მონაცემი საქართველოს მოსახლეობის „მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე“ მიუთითებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა დამოკიდებულება არ იწვევს მათ მიერ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას კლიმატისადმი მეგობრული ცხოვრების სტილის მიმართულებით. პირიქით, მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს, რომ ითვალისწინებს გარემოსდაცვით მოსაზრებებს ავტომობილისა თუ საოჯახო ტექნიკის შეძენისას ან გათბობა-კონდიცირების საშუალებების შერჩევისას. შესაძლოა, ეს წინააღმდეგობა აიხსნება იმით, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, საქართველოს მოსახლეობა ნაკლებად ძვირადღირებულ გადაწყვეტებს ანიჭებს უპირატესობას. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევა „რა იცის საქართველოს მოსახლეობამ კლიმატის ცვლილების შესახებ“ განხორციელდა რეგიონული პროგრამის EU4Climate ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც UNDP აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ახორციელებს, 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს.

ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი ჩიკ კორია გარდაიცვალა

ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მის Facebook გვერდზე გავრცელდა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი იშვიათი ფორმის სიმსივნე გახდა. მუსიკოსი თბილისში 2006 წელს, ჯაზფესტივალის ფარგლებში იმყოფებოდა.

დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგა

დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით: ნატახტარი - მესტია - ნატახტარი ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი მათივე ინფორმაციით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.

დღეიდან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას შეძლებენ

ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები პენსიონერები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და კუთვნილი პენსიის მიღებას დღეიდან შეძლებენ, რისთვისაც მათ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა. 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში. 11 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა.

ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა

ჩინეთმა ქვეყანაში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა. აკრძალვას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ჩინეთის სამთავრობო მაუწყებლის ოპერირების უფლების გაუქმება. ჩინეთი აღნიშნული მოვლენის შესახებ საკუთარ განცხადებაში არ საუბრობს და აცხადებს, რომ BBC ეროვნულ ინტერესებსა და ერთობას ძირს უთხრის. BBC- აღნიშნულზე გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მათთვის დასანანია, რომ ჩინეთმა ასეთი გზა აირჩია. კომპანია დასძენს, რომ BBC მსოფლიოში ყველაზე სანდო მაუწყებლობაა და ინფორმაციას სამართლიანად, მიუკერძოებლად ავრცელებს.

ისრალის ელჩმა რან გიდორმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

ისრაელის ელჩმა, რან გიდრომა კოვიდვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ინფორმაციას ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ელჩის თქმით, მეორე დოზა მან იერუსალიმში გაიკეთა და ეს "სარაჯიშვილით" აღნიშნა. პირველი დოზა მან 17 იანვარს გაიკეთა.

ბრიტანეთის მთავრობა: საქართველოს სუვერენიტეტს მტკიცედ ვუჭერთ მხარს

ბრიტანეთის მთავრობა, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ოფიციალურ განცხადებაში ისინი გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვენ და კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. "საქართველოს მოქალქეებს საკუთარი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილებაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ",- ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატს ძალზედ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და რუსეთს მოუწოდებს, მონიტორინგის პროცესს ხელი არ შეუშალოს. "ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეშფოთებულნი ვართ ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებით და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",- ნათქვამია განცხადებაში.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე,ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს სახალხო დამცველი 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს. „მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით. 2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა. გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ. მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება

კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, ამის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება. ინფორმაციას DW-ი ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა ძალაში რჩება, პირველი მარტიდან ქვეყანაში შესაძლოა, სილამაზის სალონები გაიხსნას. მერკელის განცხადებით, ქვეყანაში ლოკდაუნი არც ერთი დღით არ გახანგრძლივდება, თუ მთავრობა ამის საჭიროებას არ დაინახავს. კარანტინი გერმანიაში ნოემბრიდანაა, მისი ხანგრძლივობა და შეზღუდვები რამდენჯერმე შეიცვალა.

ჯო ბაიდენმა მექსიკის კედლის მშენებლობის დაფინანსება შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკის კედლის დაფინანსება შეაჩერა. ინფორმაციას THE Hill-ი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ადმინისტრაცია გადასახადების გადამხდელთა ფულის დახარჯვას მსგავს პროექტებზე აღარ აპირებს. "ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკა იქნება, რომ გადასახადის გადამხდელი ამერიკელების არც ერთი დოლარი არ დაიხარჯება სასაზღვრო კედელის მშენებლობისთვის",- აცხადებს ბაიდენი. ჯო ბაიდენის განკარგულებით, მექსიკის საზღვარზე 2019 წლიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმიც გაუქმდა. მექსიკის კედლის მშენებლობისთვის პენტაგონის ფონდებიდან 2,5 მილიარდი დოლარი 2019 წელს გამოიყო. დონალდ ტრამპი მექსიკის კედლის მშენებლობის შესახებ, საკუთარი კამპანიის დასაწყისიდან საუბრობდა.

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი: ღამურა კვლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება

უხანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე აცხადებს, რომ ღამურა კლავ ვირუსის გავრცელების სავარაუდო წყაროდ რჩება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯანმოს ექსპერტის, პიტერ ემბარაკმა აღნიშნა, რომ ვირუსის წარმოშობის ძიება ღამურებზე, როგორც ინფექციის ბუნებრივ მატარებლებზე მიანიშნებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უხანში მოხდა. “რომელიმე პირველწყარო ცხოველიდან, ჰუანანის ბაზრამდე სავარაუდო გზა შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან გრძელი და რთული და ამასთანავე ამ პროცესის პარალელურად შესაძლოა საზღვრის კვეთის შემთხვევებიც დაფიქსირებულიყო”, - თქვა ემბარეკმა პრესკონფერენცის დროს. ჩინეთის წარმომადგენელმა ლიანგ ვანიანმა კი აღნიშნა, რომ ჩინურმა მხარემ ახალი კორონავირუსის უფრო ადრეული გავრცელების ნიმუშები აღმოაჩინა, რომელიც პირველ შემთხვევებს “რამდენიმე კვირით” უსწრებს. მისი თქმით, ეს მიანიშნებს, რომ შესაძლოა ვირუსი სხვა რეგიონებში ვრცელდებოდა და ის შეუმჩნეველი დარჩა.

ჩოხატაურის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ახალაშენებული საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმნცა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ჩოხატაურის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენს.

ევროკომისია: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2%-თ გაიზრდება

ევროკომისია 2021 წელს მსოფლიო (EU–ს გარეშე) ეკონომიკის 5.2%–იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას შორეულ პერსპექტივად განიხილავს. ინფორმაცია ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია მოხსენიებული ევრობლოკის ეკონომიკა როგორც 2021, ასევე 2022 წლებში 3.8%–ით გაიზრდება, ხოლო კონკრეტულად ევროკავშირისა – 3.7% და 3.9%–ით. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას (EU–ს გარეშე), დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 5.2%–იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2022–ში კი – 3.8%-ს. შემოდგომის პერიოდის ანალოგიურ დოკუმენტში 2021 წელს მსოფლიოს მშპ–ის (EU-ს გარეშე) ზრდა 4.7%–ით იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი – 3.7%–ით. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. წლის განმავლობაში დაგეგმილი მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, აღდგენის პროცესი ბევრად ხანგრძლივი იქნება.

აშშ-ში კორონავირუსზე აცრილებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილებს, Covid-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. ინფორმაციას VOA ავრცელებს. "არასაჭირო კარანტინის თავიდან აცილებისას მიღებული ინდივიდუალური და სოციალური უპირატესობები გადაწონის იმ უცნობ და პოტენციურ რისკებს, რაც [დაავადების] გადადებას უკავშირდება",- აცხადებენ CDC-ში. განსხვავებული იქნება პროტოკოლი მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი და ორი დოზა მიიღო. ადამიანებს, ვისაც სურთ, რომ კარატინი თავიდან აიცილონ, ვაქცინის დოზა ბოლო 3 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ საქართველოსთან შეთანხმება განაახლა

Frontex-მა (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო), საქართველოს შსს-თან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ინფორმაციას ევოკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. “2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontex-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ. განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.

საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს

საქართველო „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 000 დოზას მიიღებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ვაქცინა საქართველომ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით მიიღო და 150 დოზის მიღების შესახებ, Astra Zeneka-სგან თანხმობა დღეს მიიღეს. „დღეისთვის ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით კიდევ 150 000 ვაქცინა. თქვენ იცით, რამდენად დეფიციტურია ზოგადად ბაზარზე ვაქცინა და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი. ასტრაზენეკას ვაქცინის ერთ-ერთ მომწოდებლად გვყავს განსაზღვრული კოვაქსპლატფორმა, სადაც განსაზღვრულია 300 000 დოზამდე ვაქცინის მიღება. დამატებით მიმდინარეობს პირდაპირ მწარმოებელთან კომუნიკაცია, საიდანაც ჩვენ გვაქვს დასტური, რომ 150 000 დოზას მივიღებთ მარტის პირველ ნახევარში. მოლაპარაკებები გრძელდება. მათ იციან ჩვენი საჭიროებები. ეტაპობრივად ყველა მწარმოებლისგან და კოვაქსპლატფორმიდან მოხდება საჭირო რაოდენობების მოწოდება საქართველოსთვის. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, კოვაქსპლატფორმის პირობებში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ მოწოდებას უზრუნველყოფს თვითონ კოვაქსპლატფორმა. შესაბამისად, ავიაკომპანიაზეც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უსაფრთხო მოწოდების წყარო, რადგან ვიცით, თუ რამდენად რთულია „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოს მიიღებს. ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულებში „ასტრაზენაკას“ ვაქცინამ დამაკმაყოფილებელი, დამცველობითი უნარი ვერ აჩვენა

საპატრიარქომ სინოდის განჩინების ტექსტის გამოქვეყნება გადადო

"სინოდის განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინებას ხვალ გამოქვეყნდება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. რიგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, განჩინების გამოქვეყნების გადადების მიზეზი, სონდოზე განხილული ბევრი თემა გახდა. ."იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ", - წერს ანდრია ჯაღმაიძე. სასულიერო პირების წინასწარი განცხადებებით ირკვევა, რომ დღეს სინოდის წევრებმა ეპარქიების ახალი წინამძღოლების დანიშვნის საკითხი განიხილეს. ასევე განიხილეს სასულიერო პირების ვაქცინაციის და დავით გარეჯის თემა. სონოდის დაწყებამდე სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ. როგორც Europetime-ს პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხად კორონავირუსზე ტესტირების შედეგად Covid19 სინოდის არც ერთ წევრს არ დაუდასტურდა. პატრიაქრის ექიმის ცნობით, შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი არც ერთ სასულიერო პირს არ დადასტურებია. „რეგიონებში იყო გარკვეული შემთხვევები, მაგრამ საპატრიარქოსთან კონტაქტში მყოფ სასულიერო პირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია. დღეს ტესტირება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს ჩაუტარდათ და არც ერთი მათგანის პასუხი არ იყო დადებითი", - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას პატრიარქის ექიმმა.

უკრაინელების დაკავების თაობაზე, კიევმა საქართველოს ნოტა გადასცა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დავით ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე 10 თებერვალს მას ნოტა გადასცა იახტის დაკავებისთვის, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვასილ ბოდნარმა საქართველოს მხარეს მოუწოდა, უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება საქართველოში იახტის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელზეც უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი იმყოფებოდნენ. როგორც უწყების განცხადებაში წერია, საქართველოს კიდევ ერთხელ ეთხოვა, შეიცვალოს აღმკვეთი ზომა და გაათავისუფლონ აღნიშნული მოქალაქეები. ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ბონდარმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო არ ერევა უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში და რომ ცალკეულ კერძო პირთა მოსაზრებებმა გავლენა არ უნდა იქონიოს უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს სააკაშვილის მიერ საქართველოში თავისი მომხრეებისადმი მოწოდებებზე, არ დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას. დოლგოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ხელს არ უწყობს ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროსა და ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას. ცნობისთვის, 2020 წლის ნოემბერში საქართველოს მესაზღვრეებმა დააკავეს იახტა, რომელიც თურქეთში მიემართებოდა საქართველოს სანაპიროს გასწვრივ. მასზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი. იახტის მფლობელია საქართველოს მოქალაქე მიხაილ ბატურინი, რომელიც ადრე მიხეილ სააკაშვილის დაცვაში მუშაობდა. დაკავებულები დღემდე იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე  შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია. ასეთია სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პაატა დიასამიძემ, გიორგი ჩიტიძემ, ედუარდ მარიკაშვილმა და ლიკა საჯაიამ მიმართეს. აღნიშნულ საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, ვასილ როინიშვილი და ხვიჩა კიკილაშვილი. აქედან გიორგი კვერენჩხილაძემ საქმეში, კოლეგებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა. განსახილველი საქმე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობას მიეცა უფლებამოსილება, პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდოს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, ამავე ცვლილების მიხედვით, მთავრობას მიენიჭა იზოლაციისა და კარანტინის წესების განსაზღვრის უფლებაც. მოსარჩელე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის მოთავსება ჩაკეტილ სივრცეში, როდესაც მას არ ეძლევა ამ სივრცის დატოვებისა და სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის საშუალება, ზღუდავდა კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებულ ფიზიკურ თავისუფლებას. ამავდორულად, მოსარჩელეების პოზიციით, გადაწყვეტილება კონტაქტირებული ადამიანის გაცალკევების შესახებ მიიღება არა სასამართლოს, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ, არც არღვევს ამ კონსტიტუციური დებულების ფორმალურ მოთხოვნას, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში სასამართლოს სავალდებულო ჩართულობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინფიცირებულთან კონტაქტირებული ადამიანის თვითიზოლაციასა, თუ საკარანტინე სივრცეში გადაყვანით იზღუდება კონკრეტული სივრცის დატოვება, შესაბამისად, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება. თუმცა, სასამართლოსვე განმარტებით, ადამიანის კონკრეტულ ადგილზე დაყოვნება მიის ნების წინააღმდეგ და მისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ავტომატურად არ ნიშნავს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას და დამატებით უნდა შეფასდეს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის ამ შეზღუდვის მიზნები, მისი სამართლებრივი სტატუსი, ადამიანის მოქმედების თავისუფლებისა და მის ნებაზე ზემოქმედების მასშტაბი.