საზოგადოება

დიპლომატების გაძევების შემდეგ, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის მიერ დიპლომატების გაძევებას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გამოეხმაურება. ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გერმანიის საგარეო უწყებაში რუსეთი ელჩი დაიბარეს. მერკელის თქმით, ეს ნაბიჯი რუსეთის მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დარღვევებს ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით, რაც რუსეთში ხდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაეიკო მაასი ამბობს, რომ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გერმანია უპასუხოდ არ დატოვებს.

ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.პროტესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა. გახელაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს. ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე. დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში - „სამართალდამცველზე თავდასხმასა“ და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“. დღესვე აქცია იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ამავე თემაზე: ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაში დატოვება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. განცხადება, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა Twitter-ის პირად გვერდზე გაავრცელა. „დღეს საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა თორმეტი წლით და ექვსი თვით გააგრძელა. ევროკავშირი მოითხოვს გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ნიუ-იორკში, იანკის სტადიონი ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა

ნიუ-იორკის მერმა მოსახლეობას იანკის სტადიონის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების შესახებ სიტყვით გამოსვლისას ამცნო. „განსაკუთრებული დღეა, ბრონქსის მცხოვრებნი ახლა დაცულები იქნებიან. ეს ნამდვილად ისტორიული დღეა, დღეიდან ამ სტადიონიდან შევძლებთ მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენას, - აცხადებს ნიუ-იორკის მერი, ბილ დე ბლაზიო. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმუნიზაციის ახალი ცენტრი მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშავებს, თუმცა ძალიან მალე სტადიონი სრული დატვირთვით, მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ფუნქციონირებას. ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ვაქცინაციის ცენტრში, დღეში 15,000 დოზა ვაქცინის გაკეთებაა შესაძლებელი.

საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სამი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვართან 79 კილომეტრში, სომხეთში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, სამი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მოსახლეობამაც იგრძნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდას შეადგენდა. შემდეგ, 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. მესამე კი - 4,2. .

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,160 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ეროვნულ სტრატეგიაში ჩაიდება, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტი დახმარების გამოყოფას: წარმოების, მიწოდებისა და იმუნიზაციის ცენტრებისთვის, რაც ხალხისთვის ვაქცინის მისაწოდებლადაა საჭირო". „ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის იმუნიზაცია", - აცხადებს ჯო ბაიდენი. გეგმის ფარგლებში აშშ მოსახლეობას დამატებით 1,400 დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი გეგმა შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, გაზრდის ეკონომიკას და უფრო მეტს გააკეთებს, რათა აშშ უფრო ეფექტური გახდეს". ბაიდენის თქმით, თუ მისი ადმინისტრაცია ახლავე არ იმოქმედებს, „2025 წლამდე ვერ მიაღწევს უმუშევრობის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. „მილიონობით ამერიკელია უმუშევარი, ბევრი მათგანი 6 თვეა, რაც სამსახურის გარეშე დარჩა“, - დასძენს ჯო ბაიდენი.

ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, გარდაიცვალა

ექიმი, რომელმაც ნავალნის მოწამვლის შემდეგ პირველადი დახმარება აღმოუჩინა, დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივ საავადმყოფოზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. საავადმყოფოს ცნობით, 55 წლის ანდრეი მაქსიმიშინი, უფროსი ექიმის მოადგილე "უეცრად" გარდაიცვალა. გამოცემასთან კომენტარიში საავადმყოფოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო. რუსი ოპოზიციონერი, 20 აგვისტოს ომსკის საავამყოფოში რუსული მომწამლავი ნივთიერების "Novichok"-ის ზემოქმედების გამო გადაიყვანეს. ნავალნის შტაბის უფროსის, ლეონიდ ვოლკოვის თქმით, მაქსიმიშინი ერთადერთი იყო, რომელიც ნავალნის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა. "სერგეი მაქსიმიშინი იყო პასუხისმგებელი მის მკურნალობაზე. ის აღნიშნავს, რომ სწორედ მაქსიმიშინს ჰქონდა ყველაზე მეტი ინფორმაცია, ნავალნის მდგომარეობაზე, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ის უბრალოდ მოიშორეს". ვოლკოვი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯანდაცვის სიტემის დაფინანსება საკმაოდ მწირია და რომ არც ისე იშვიათია მის ასაკში ექიმის გარდაცვალება. "არ მგონია გამოძიება დაიწყოს",- განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.

BBC: რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისთვის ევროპელ დიპლომატებს ქვეყანა დაატოვებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საუბარია გერმანელ, შვედ და პოლონელ დიპლომატებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დიპლომატებმა „უკანონო აქციაში მიიღეს მონაწილეობა“, რომელიც ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გაიმართა. რუსეთმა განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების საკითხებში უმაღლესი მრჩეველის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტის პარალელურად გაავრცელა. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო, რომ მათმა დიპლომატმა მიიღო რაიმე დემონსტრაციაში მონაწილეობა.

აშშ-ის საელჩო ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის გახანგრძლივებაზე: რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს

"რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს", -ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის საელჩო ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას. "აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს. დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

წინასწარი კვლევით, AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოვკლევის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად ბრიტანული პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ 74.6%-თ ეფექტურია. კვლევის წინასწარი შედეგებით, მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ხუთივე პრეპარატი ასევე ეფქტურია ახალი შტამის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მუტაციას შეუძლია პრეპარატების ეფექტურობა საკმაოდ დაწიოს, რის გამოც ქვეყნებს რაც შეიძლება სწრაფი იმუნიზაცია სჭირდებათ. ოქსფორდის მეცნიერები ვაქცინის ცდებში მონაწილე მოხალისეების ცხვირის ნაცხს რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რათა პრეპარატის ეფექტურობაში დარწმუნებულიყვნენ. AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაშვებული, თუმცა არა აშშ-ში, სადაც ამერიკული მარეგულირებელი საცდელი ფაზის დეტალებს ელის. NY Times-ის ცნობით, FDA 30,000-მდე მოხალისე ამერიკელზე ჩატარებული პრეპარატის გამოცდის პასუხებს თვის ბოლოსკენ მიიღებს. ბრიტანულ კომპანიას იმედი აქვს, რომ პრეპარატის უსაფრთხოებაში FDA-ის დასარწმუნებლად ყველა საჭირო მონაცემს წარადგენს. ბრიტანულ ვაქცინას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან მიწოდების პრობლემა შეექმნა. ამავდროულად, ევროკავშირის რამდენიმ წევრი ქვეყანა ხანდაზმული მოქალაქეებისთვის ბრიტანული ვაქცინის გეკეთებას არ აპირებს.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. "ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება. Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში. დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს. ბოლო წლების განმავლობაში „დონალდ კუკი“ ბათუმის პორტში რამდენჯერმე იმყოფებოდა.

ეკონომიკის სამინისტრო: ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია

"ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია", - ამის შესახენ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აშშ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან ვერ უყურებს“: ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები

სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებსა და მიმართულებებზე ისაუბრა. ბაიდენის მნიშვნელოვანი გზავნილები თბილისის დროით, გვიან ღამით უცხოური მედიასაშუალებების პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. „ამერიკა დაბრუნდა. დიპლომატია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში დაბრუნდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვა. Europetime ჯო ბაიდენის მთავარ გზავნილებს გთავაზობთ: _აშშ უნდა დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული _ამერიკა ვერ დაუშვებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გვერდიდან უყუროს. სწორედ ამიტომ მოვედი სახელმწიფო დეპარტამენტში. _ამერიკამ უნდა გააცნობიეროს ჩინეთის მხრიდან ავტორიტარიზმის მზარდი საფრთხე და დაუპირისპირდეს რუსეთის მცდელობებს, რომლებიც აშშ-ის დემოკრატის დასუსტებისკენაა მიმამართული. ვიდრე აშშ ჩინეთს ზეთისხილის ტოტს შესთავაზებს, ჩინეთის მიერ ადამინის უფლებებს დარღვევას და გლობალურად დომინირების მცდელობას, შეერთებული შტატები დაუპირისპირდება. ჩინეთის ეკონომიკურ თავდასხმებს უნდა დავძლიოთ. _პუტინს საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი, რომ ამერიკა აღარ აპირებს რუსეთის აგრესიასთან და საშინაო პოლიტიკაში ჩარევასთან შეგუებას. აშშ მოითხოვს ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. _ამავდროულად, ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით, მკაფიოდ განვუმარტე პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთი აღარ დახუჭავს თვალს რუსულ აგრესიაზე. არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, საკუთარი მოქალაქეების მოწამვლა დასრულდა. ჩვენ აღარ დავაყოვნებთ და ჩვენს ინტერესებსა და ხალხს ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავთ. ჩვენ უფრო ეფექტიანი ვიქნებით რუსეთთან ურთიერთობისას, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად კოორდინირებულად ვიმუშავებთ“. _საუდის არაბეთსა და იემენს შორის ხუთი წელია, კონფლიქტია. ომმა ჰუმანიტარული და სტრატეგიული კატასტროფა მოიტანა. ბლინკენმა ტინ ლენდერკინგი, იემენის კონფლიქტის სპეციალურ დესპანად დანიშნა. ამავდროულად საუდის არაბეთს საკუთარი სუვენიტეტის დაცვაში დავეხმარებით, ირანის საფრთხეებისგან. _აშშ გერმანიიდან ჯარს ამ ეტაპზე არ გამოიყვანს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დაწვრილებით უნდა გამოიძიოს ეს გადაწყვეტილება და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედებს. _აშშ უფრო მეტი ემიგრანტის მიღებას აპირებს. ტრამპის ადმინისტრაციამ ემიგრანტები პრობლემად წარმოაჩინა. აშშ ფისკალური წლის ბოლომდე 125,000 დევნილს შეიფარებს. _ამერიკა უნდა იყოს პირველი, ვინც ეგზისტენციულ საფრთხეებს დაუპირისპირდება. პანდემიის პირობებში, აუცილებელია გლობალური თანამშრომლობა. _აშშ-მ ჯანმოსთან ურიერთობა აღდგინა. ამგვარად გლობალურ მზაობას კიდევ უფრო გავზრდით. კიდევ იქნება პანდემია, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. _აშშ-სთვის კიბერუსაფრთხოებას განსაკუთრებული ადგილი ექნება. ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი კიბერ და განვითარებადი ტექნოლოგიების საკითხებში პირველად ეყოლება.

ნიკა მელია: არ გადავიხდი,  ვერ დამიჭერთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ" - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია საქართველოს პროკურატურის განცხადებას. მელიას ნაცვლად პროკურატურაში მისი ადვოკატი მივა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაა. აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეები ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით "თავისუფლება ზაზა გახელაძეს" . ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდა

პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ, აშშ-ის ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა. „პოლიციამ ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი - ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას პირდებოდნენ. ართმევდნენ ფულს მოქალაქეებს და შემდგომ წყვეტდნენ მათთან კავშირს. ზჩ და ნ.ჯ. მთლიანობაში დაახლოებით 145 000 ლარის ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ავღანეთში თალიბანის თავდასხმებს 16 სამხედრო ემსხვერპლა

თალიბანის თავდასხმის შედეგად ავღანეთში ქვეყნის უშიშროების ძალების 16 წევრი დაიღუპა. თავდასხმა პროვინციის ერთ-ერთ რაიონში განლაგებული უშიშროების დირექტორატის ძალების საგუშაგოზე მოხდა. თალიბანს ამ თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.

ენტონი ფაუჩი: Covid19-ის ვაქცინის ორივე დოზა კოვიდგადატანილებმაც უნდა გაიკეთონ

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის თქმით, ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს იმუნიზაციის სრული პროცედურა მაინც უნდა ჩაიტარონ და ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. „იმ ადამიანებმა, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მაინც უნდა დაიცვან FDA-ის (აშშ-ის მარეგულირებელი) რეგულაციები და ვირუსის საწინააღმდეგო ორივე დოზა უნდა გაიკეთონ", - აღნიშნავს ფაუჩი. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუსის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ იმუნიზაცია უსაფრთხოა. „თუ გადაიტანეთ კორონავირუსი, აცრა მაინც საჭიროა, რადგან რეინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია", - აცხადებს ფაუჩი. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პირება რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ვაქცინის ერთი დოზითაც ჰქონდა ანტისხეულების მაღალი კონცენტრაცია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ორივე დოზა გაიკეთა. კვლევის წინასაწრი შედეგები ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული და დანამდვილებით უცნობია, რამდენად ეფექტურია მხოლოდ ერთი დოზის გაკეთება, იმ ადამიანებისთვის, ვინც Covid-19 უკვე გადაიტანა.

სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ საქართველოს საკითხიც განიხილა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს 3 თებერვალს შეხვდა და კავკასიის რეგიონში კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც ესაუბრა. ეს ტექსტი ეუთოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ენ ლინდას თქმით, შვედეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პრიორიტეტი კონფლიქტის მოგვარებაა. ლავროვთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს გარდა შეეხო: ყარაბაღში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში მიმდინარე კრიზისებისა და სამხედრო კონფლიქტების განხილვას. ამ რეგიონებში ეუთოს მისიის გაგრძელების აუცილებლობაზე შევთანხმდით", - აცხადებს ეუთოს თავმჯდომარე. მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს, მოქმედმა თავმჯდომარემ და რუსეთის საგარეო საქმეთმა მინისტრმა, ეუთოს წევრ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. თავმჯდომარებ რუსეთის დემონსტრაციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნა ვალდებულია, ადამიანთა უფლებები და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ასევე შეხვდა რუსეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს და რუსეთში მიმდინარე ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის პრობლემები განიხილა.

ამერიკის საელჩო: ამერიკის საზღვაო ხომალდის დაბრუნება საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას ადასტურებს

"აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. „აშშ-ის საელჩო სიამოვნებით მიესალმება ამერიკის საზღვაო ხომალდ დონალდ კუკის დაბრუნებას საქართველოში. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას და COVID-19-ის გამოწვევების მიუხედავად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა.