უცხოეთი

იაპონიის დელეგაცია კიევში ჩავიდა და უკრაინას რეკონსტრუქციისთვის $175 მილიონს დაჰპირდა

იაპონიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესის წარმომადგენლების დელეგაცია, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი კიოტო ცუჯი, მრეწველობის მინისტრი კაზუჩიკა ივატა და Keidanren - იაპონიის უდიდესი ბიზნეს ლობის წევრები კიევში ჩავიდნენ. დელგაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება. ვიზიტის მიზანი უკრაინის საჭიროებების განსაზღვრაა. იაპონია 19 თებერვალს უმასპინძლებს კონფერენციას, რომელიც უკრაინის აღდგენას მიეძღვნება. უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ იაპონია უკრაინის ეკონომიკური აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად 160 მილიონი ევროს (175 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს.  

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან დახმარებაზე უარი განაცხადა - CSTO-ს გენმდივანი

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) სთხოვა, ქვეყნის დახმარების დოკუმენტი დღის წესრიგიდან ამოეღო. ამის შესახებ CSTO-ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა 20 ნოემბერს ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსმა შეასრულა საბჭოს 34 პრიორიტეტული მიმართულებიდან 32. „2 ღონისძიების განხორციელება ვერ მოხერხდა: „ერთი მათგანი ეხება კოლექტიური უშიშროების საბჭოს დახმარებას სომხეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, სომხური მხარე ამ დოკუმენტით არ დაინტერესდა. გარდა ამისა, სომხეთმა მოითხოვა ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება,“ - განაცხადა ტასმაგამბეტოვმა. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მინსკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების (CSTO) ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელორუსის მხარის ინიციატივით, ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარი გამართა. „მხარეებმა განიხილეს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში, 23 ნოემბერს CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სხდომის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფაშინიანმა აცნობა ლუკაშენკოს, რომ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში და იმედი გამოთქვა, რომ CSTO-ში მისი კოლეგები გაგებით მოეკიდებიან ამ გადაწყვეტილებას,“ - წერს სომხური მედია. ფაშინიანის გადაწყვეტილების მიზეზი ინფორმაციაში განმარტებული არ არის. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ლიეტუვა სანქციების შეუსრულებლობაზე ჯარიმებიდან მიღებული თანხით უკრაინას დაეხმარება

ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის გამო დაწესებული ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს. სეიმის 99-მა დეპუტატმა თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კანონში მსგავს ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილება ძალაში იქნება ათი წლის განმავლობაში - 2034 წლის იანვრამდე. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

საქსტატი: უმუშევრობის დონე არ შეცვლილა და კვლავ 15.6 პროცენტის ფარგლებშია

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა და 15.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 29.3 ათასი კაცით, ანუ 3.2%-ით და 943.2 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 21.5 ათასით, ანუ 4.8%-ით შემცირდა და 422.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 1.4 ათასით, ანუ 0.6%-ით და 252.2 ათასი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.6 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 45.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.5 პროცენტს და 44.8 პროცენტს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.0 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია საქალაქო ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.8 პროცენტს და 17.7 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე შემცირებულია ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.  

Reuters: შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

თურქული გემი 12-კაციანი ეკიპაჟით შავ ზღვაში კვირას ძლიერი შტორმის გამო დაიკარგა. იტყობინება Reuters-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. გემის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მახლობლად მდებარე ტალღისკენ მიემართებოდა. უამინდობამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც გემი გაუჩინარდა. სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ძებნის ოპერაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.  

რუსეთი მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მორიგე საშუალებებმა მოსკოვის ოლქის თავზე შეაკავეს უპილოტო საფრენი აპარატი. დეტალების დაკონკრეტებული არ არის. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქისკენ მიმავალი დრონი მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში „მოიგერიეს“. სობიანინის წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია. უკრაინას მოსკოვზე დრონით შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განსაკუთრებით 2023 წლის გაზაფხულიდან გახშირდა.  

ზელენსკი: გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ნოემბრის ყოველდღიურ მიმართვაში საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა, სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს, რომ მსოფლიო არ დაიღლება უკრაინის მხარდაჭერით. „ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. ამჟამად მთავარია გარანტიები, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალ წელსაც იქნება საკმარისი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ვინც ამას ისე უყურებს, როგორც ჩვენ. ჩვენ გვჭირდება ეს სიგნალი რუსეთისთვის: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში,“ აღნიშნა ზელენსკიმ. აშშ უკრაინაში დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, თუმცა უკრაინის მხარდაჭერა კონგრესის ახალი სპიკერის არჩევის შემდეგაც კვლავ სადავო საკითხად რჩება. 20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს.  

ფინეთი რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს ბარიერების ასაშენებლად სამხედროებს გზავნის

ფინეთის თავდაცვის ძალები ქვეყნის მესაზღვრეებს ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ კუჰმოსთან ღობეების აღმართვაში დაეხმარება. ფინური გამოცემის ცნობით, ვარტიუსის გადასასვლელ სადგურზე დროებითი ბარიერების მშენებლობაში დასახმარებლად, ფინეთის თავდაცვის ძალები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო მასალა და საჭირო მასალები ადგილზე უკვე მიიტანეს. ბარიერების აშენების მიზეზად ფინეთის სასაზღვრო დაცვამ „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა, ამასთან, განმარტეს, რომ ეს არის გარანტია იმისა, რომ ლეგალური ტრანსსასაზღვრო მოძრაობა უსაფრთხოდ წარიმართება.“ გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი სამხედროები მესაზღვრეებს სამხედრო დახმარებას არ უწევენ, რადგან „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.“ ფინეთმა მიმდინარე კვირას დახურა რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი, რათა რუსეთიდან მიგრანტების ნაკადი შეეჩერებინა. ფინეთმა რუს ტურისტებს საზღვარი 2022 წლის სექტემბერში ჩაუკეტა.  

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების სანდოობას აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა. „გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში,“ - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ომის მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეცვლიან - უკრაინის საჰაერო ძალები

F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ძალიან სერიოზულად შეცვლიან ომის მიმდინარეობას, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ რუსული თვითმფრინავების უკან დახევას და უკრაინის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას ჰაერიდან. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი,“ - აღნიშნა იგნატმა, რომლითაც უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის. იგნატის თქმით, უკრაინას სჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება და რიგი სხვა ფაქტორები, რაც მრავალფუნქციურ თვითმფრინავს აქვს. „ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ, შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნას და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“ - აღნიშნა იური იგნატმა.  

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე მუშაობს

ყირგიზეთი შუა დერეფნის მიმართულებების დივერსიფიკაციაზე (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი TITR) მუშაობს. ამის შესახებ ყირგიზეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ, რისბეკ ბარიევმა კონფერენციაზე - „საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ განცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფნის პოტენციალის გაზრდას ხელს უწყობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის განვითარება. შუა დერეფნის განვითარება სასარგებლოა ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის ყირგიზეთისთვის, რადგან დერეფანი გადის ყირგიზეთ-ყაზახეთის საზღვრის გასწვრივ. „ეს სარკინიგზო მარშრუტი გამიზნულია ჩინეთიდან ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის, თურქეთისა და შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის ტრანსპორტირების გასამარტივებლად,“ აღნიშნა ირისბეკ ბარიევმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის სარკინიგზო მაგისტრალი გააძლიერებს რეგიონთაშორის კავშირებს, რაც ცენტრალური აზიის ქვეყნების მიზნებს შეესაბამება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

მალდივის ახალი პრეზიდენტი ინდოეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი სამხედროები რესპუბლიკის ტერიტორიიდან

მალდივის ახალმა პრეზიდენტმა მოჰამედ მუიზუმ ინდოეთს მოუწოდა, გაიყვანა თავისი სამხედროები მალდივის ტერიტორიიდან.  მუიზუმ საპრეზიდენტო არჩევნებში სექტემბერში, მეორე ტურში გაიმარჯვა მას შემდეგ, რაც ინდოეთის მცირერიცხოვანი სამხედრო ყოფნის დასრულების დაპირებით გამოვიდა. Reuters-ი წერს, რომ ინდოეთი და ჩინეთი რეგიონში გავლენისთვის იბრძვიან, ხოლო კოალიცია, რომელიც მუიზუს უჭერს მხარს, ჩინეთისკენ მიდრეკილად ითვლება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში უცხო სამხედრო წარმომადგენლობა არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა მუიზუმ თავის ინაუგურაციაზე.  

ჯეიმს ო'ბრაიენი: აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ

აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. „ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეხვედრის გამართვას აპირებს შეერთებულ შტატებთან და სომხეთთან, რათა სომხეთი დაუახლოვდეს ჩვენს საზოგადოებებს. ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და ახლა ვცდილობთ მოდელის შემუშავებას. შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა. მან სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სიტყვით გამოსვლისას, ო'ბრაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, მთიანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ჰქონდეს სრული წვდომა ტერიტორიაზე, ქონებისა და კულტურის დაცვაზე და რომ მათ მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, „რათა შეეძლოთ რეალური არჩევანის გაკეთება მათი მომავლის შესახებ." ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები აგროვებს „ყოვლისმომცველ, საფუძვლიან და გამჭვირვალე“ მოკვლევის შედეგებს იმის შესახებ, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. მისი განმარტებით, გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში სექტემბერში, როდესაც რეგიონში პრაქტიკულად მთელმა ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ რამდენიმე დღეში დატოვა სახლები აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, არამედ, ვაშინგტონის ფოკუსშია მანამდე განვითარებული მოვლენებიც. „ჩვენ გვყავს საკუთარი გამომძიებლები, რომლებიც მუშაობენ ადგილზე. არსებობს ინფორმაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა გამომძიებლებისგან. როდესაც ჩვენ მოვიძიებთ ცნობებს იმის შესახებ, რაც მოხდა, ჩვენ სრულიად ღია ვიქნებით იმის შესახებ, რასაც მოვიპოვებთ. მე არ შემიძლია ამ გამოძიების ვადების დადგენა, მაგრამ ჩვენ შეგატყობინებთ, როგორც კი წინ წავალთ,“ - აღნიშნა ო’ბრაიენმა.  

ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ისრაელ -"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შემდეგ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს. „როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით," წერს ბაიდენი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე თქმით, "არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება."  

ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.  შეზღუდვები 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესდა. სანქციები დაწესებულია 5 და 10 წლით. ზელენსკის თქმით, სანქცირებულთა სიაში მყოფებს კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან. „ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა," - განაცხადა ზელენსკიმ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების კიდევ ერთ დანართში, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, შესულია კიდევ 100 ფიზიკური და 37 იურიდიული პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.  

ერდოღანი: თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება," - განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად. სააგენტო DPA აღნიშნავს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა. წერს სააგენტო. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა  

პუტინს ანტისაომარი აქციისთვის დაპატიმრებული ქალის გათავისუფლების თხოვნით, 200-ზე მეტი ექიმი მიმართავს

18 ნოემბერს 200-ზე მეტმა რუსმა ექიმმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც ციხეში მყოფი რუსი მხატვრის ალექსანდრა სკოჩილენკოს ჯანმრთელობის გაუარესების გამო გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმები გამოხატავენ “სერიოზულ შეშფოთებას“ სკოლჩილენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და აცხადებენ, რომ ხელოვანის პაციფისტურ აქციას არ დაურღვევია რუსეთის კანონები. სკოჩილენკოს 16 ნოემბერს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისთვის“. მან სანქტ-პეტერბურგის სასურსათო მაღაზიაში ფასების ეტიკეტები შეცვალა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ინფორმაციითა ომის საწინააღმდეგო შეტყობინებებით.  

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა. SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა. „კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა,” - წერია Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედია: ყაზახეთმა რუსული მედიარესურსი დაბლოკა

ყაზახეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსული Sputnik24 სერვისი, რომელიც ყაზახეთში რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელეარხების მაუწყებლობას ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახური მედია გამოცემა Arbat Media წერს. ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსულ ტელეარხებს ყაზახეთში მუშაობის ლიცენზია არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, არხების დაბლოკვის ბრძანება ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა. 24 ოქტომბერს, მოლდოვამ დაბლოკა წვდომა 22 რუსულ მედიარესურსზე და განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც "საინფორმაციო ომის" ნაწილი ქვეყნის წინააღმდეგ. მოსკოვთან ასტანის ისტორიულად მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს რუსეთის ტერიტორიად.  

დაშავებული ბავშვები ღაზის სექტორიდან სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს

ღაზის სექტორში დაშავებული ბავშვები სამკურნალოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანეს. 15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ. ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზის სექტორიდან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.