უცხოეთი
ყაზახეთმა შუა დერეფნით, მათ შორის საქართველოს გავლით, დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო
ყაზახეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის ახალი მარშრუტი გაიხსნა. ყაზახეთმა შუა დერეფნის გავლით, დიდ ბრიტანეთში სასუქის პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო. „ყაზახეთის რკინიგზამ“ (KTZ NC JSC) ეკიბასტუზიდან დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა განახორციელა. გადაზიდვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გამოყენებით განხორციელდა და მოიცავდა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კომბინაციას. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რის შემდეგაც ტვირთი ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საზღვაო გზით დიდ ბრიტანეთში, ფელიქსტოუს პორტში გადაიზიდება,“ — აცხადებენ კომპანიაში.
მონტენეგრო ხუთი ქვეყნის, მათ შორის ბელორუსის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს
მონტენეგრო რუსეთის, ბელორუსის, ჩინეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს შემოიღებს. ეს ზომა მონტენეგროს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულად შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს. „მონტენეგროს მთავრობამ 2026 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესწორებები შევიდა სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, ბელორუსის, ჩინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს მონტენეგროში შესასვლელად ვიზა პირველი ნოემბრიდან დასჭირდებათ,“ - განაცხადა სამინისტრომ. მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სწორედ ხსენებულ ხუთ ქვეყანასთან მიმართებით, მონტენეგროს სავიზო პოლიტიკა ჯერ კიდევ არ იყო სრულად შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.
ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრაზე: „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვის დროა“
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა შესაძლებელია "სტამბოლის 2.0 შეთანხმებების" საფუძველზე. ეს იშვიათი მოწოდებაა რუსეთის ლიდერთან პირისპირ საუბრისას. ყაზახეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა უკრაინასთან ომში მოსკოვის მიმართ მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებია. თოყაევის შეფასებით, „რაც ახლა ხდება, მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს აძლევს სარგებელს.“ „როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? არავინ იცის, რადგან ორივე მხარის პოზიციები არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს მომენტი და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაიყინოს,“ - განუცხადა თოყაევმა პუტინს. მანვე დაამატა: „სამწუხაროა; ახალგაზრდები იღუპებიან... ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს.“ „მე გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული აზრის გამოთქმა, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ომსკში ყოფნას ვგეგმავდი,“ - განაცხადა თოყაევმა პუტინის პირისპირ შეხვედრისას. როგორც თოყაევმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომების სათავეები „ნათელია“, რუსეთისა და უკრაინის კოფლიქტის შემთხვევაში, ამის გაგება ძალიან რთულია. „ამ კონფლიქტის სათავე ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვის გაუგებარია,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპიდან და აშშ-დან „ბევრ სიგნალს“ იღებს. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "თოყაევს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის" ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ. შეხვედრა რუსეთში, ომსკში, რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შაბათს, 24 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა ციმბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს და ურალის მძლეოსნობის შეჯიბრი ჩაშალეს.
ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უმასპინძლა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის სისტემას გადასცემს, რათა დრონები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაიცვას. „ჩვენ უკრაინას გადავცემთ ადგილობრივი წარმოების ელექტრონული ჩახშობის ტექნოლოგიას, რათა საკუთარი დრონები დაიცვას. ეს მათ დაეხმარებათ, რომ სამიზნეებს დაარტყან და უკრაინელთა სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, ეს აჩვენებს იმ ინოვაციას, რისი მიღწევაც ჩვენს ინდუსტრიებს ერთად შეუძლიათ,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ 100%-ით უკრაინის გვერდით ვართ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. „სრულად შევასრულებ ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანას უკრაინის წინაშე აქვს აღებული,“ - აღნიშნა ბერნემმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შორის პირველი შეხვედრა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე შედგა. ზელენსკის ცნობით, ბერნემთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილა. „უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორც ცაში, ისე ზღვაში. ასევე განვიხილეთ ერთობლივი თავდაცვითი წარმოების განვითარება. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას რადიოელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდოს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში,“ - წერს ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში 27 ივლისს ჩავიდა. ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალი პრემიერი შეხვდა.
“ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის“ - რუმინეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, ელჩი კი, კონსულტაციებისთვის გაიწვია
რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ასევე, ბუქარესტმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს. „შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევები, რაც ასევე NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთს ყველა ამ სერიოზულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება,“ - აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება. რუსეთის ელჩს ასევე აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს. რუმინეთის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი
რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც შეზღუდა
27 ივლისიდან სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები ამოქმედდება. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 14–21 ივლისს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს ეფუძნება, რომლის დროსაც, მათივე განცხადებით, არაერთი დარღვევა გამოვლინდა. „როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, მათ შორის „დადგინდა, რომ რუსეთში გასაგზავნი პროდუქციის წარმოებაში გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე.“ სომხური მხარის განმარტებით, წარმოებაში გამოყენებულმა ნედლეულმა გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ის უსაფრთხოა. რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება მაისის ბოლოს დაიწყო. აკრძალვები შეეხო, მათ შორის, ყვავილებს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს. რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ელჩი „კონსულტაციებისთვის“ გაიწვია
რუმინეთის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ პარასკევს, 24 ივლისს, რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფო მსგავს ზომას მიმართავს. დენმა დრონის წარმომავლობა არ დააკონკრეტა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს გამოძიება დრონის წარმომავლობის დასადგენად. თუმცა მსოფლიოს ამ ნაწილში თავდამსხმელი რუსეთია,“ - განუცხადა თავის მხრივ, არმიის წყარომ Reuters-ს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი დაბა პადინის მახლობლად, დაუსახლებელ რაიონში ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონებმა რუმინეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს, თუმცა პირველია, როცა რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო. ცნობისთვის, რუმინეთში NATO-ს საავიციო ბაზა მდებარეობს.
ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა უარი თქვა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში ალტერნატიული თანამდებობის მიღებაზე და განაცხადა, რომ თანამდებობაზე დაბრუნება სურს. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, თუმცა აღნიშნა, რომ „სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რაც განსაზღვრავს ომის მიმდინარეობას: პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრის და მთავარსარდლის.“ “მადლობელი ვარ პრეზიდენტის ყველა შემოთავაზებული ვარიანტისთვის, მაგრამ დღეს სახელმწიფოში მხოლოდ სამი თანამდებობაა, რომლებიც, ბრძოლის ველზე სამხედროების გარდა, რეალურად განსაზღვრავენ ომის მსვლელობას — უკრაინის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. სწორედ ამიტომ თავდაცვის მინისტრის გარდა არცერთ სხვა თანამდებობას არ დავთანხმდები. არცერთ სხვა თანამდებობას არ გააჩნია რეალური ძალაუფლება, რათა შესყიდვებში კორუფცია დაამარცხოს, არმიის დაწყებული ტრანსფორმაცია ბოლომდე მიიყვანოს, დაგეგმოს და განახორციელოს ასიმეტრიული ქმედებები და ოპერაციები მტრის წინააღმდეგ, ამოძირკვოს ტყუილისა და უპასუხისმგებლობის კულტურა სისტემის შიგნით და ბოლომდე მიიყვანოს სხვა საქმეები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროში,” - განაცხადა ფედოროვმა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან ფედოროვს რამდენიმე თანამდებობა შესთავაზა, მათ შორის ვიცე-პრემიერის თანამდებობა. გასულ კვირას ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებამ მასობრივი პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით ზელენსკიმ გაათავისუფლა მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი, რომელიც ფედოროვთან კონფლიქტში იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე სირსკის დრაპატი ცვლის
NATO-მ €27 მილიარდის ღირებულების მილსადენის სისტემის პროექტი დაამტკიცა
NATO-ს 32 წევრი ქვეყნის ელჩებმა ოთხშაბათს, 22 ივლისს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ქსელის განახლებისა და გაფართოების გიგანტურ პროექტს. განახლება შეეხება დაახლოებით 10 000-კილომეტრიან მილსადენების ქსელს, რომელიც ცივი ომის პერიოდში აშენდა. პროექტი დასავლეთ ევროპის არსებულ სისტემას NATO-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგების ინფრასტრუქტურასთან დააკავშირებს. ალიანსის შეფასებით, ეს ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული ერთობლივად დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, რომლის განხორციელებას შესაძლოა, 30 წლამდე დასჭირდეს. შეთანხმების მიღებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები. თურქეთი თავდაპირველად პროექტის დამტკიცებას აყოვნებდა, თუმცა საბოლოოდ ვეტოზე უარი თქვა, რის შემდეგაც კომპრომისი მიღწეულია. Politico-ს ცნობით, თურქეთი ცდილობდა, ხსენებული პროექტის ფარგლებში პრიორიტეტი მინიჭებოდა მის ტერიტორიაზე დაგეგმილი 21 ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას და ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულიყო, თუმცა ალიანსის გენერალური მდივნის მარკ რუტესა და ევროპაში გაერთიანებული ძალების მეთაურის ალექსუს გრინკევიჩის ზეწოლის შედეგად, ანკარამ პოზიცია შეარბილა. ამის მიუხედავად, ანკარა პროექტის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად მაინც დარჩება. „27 მილიარდი ევროს (31 მილიარდი აშშ დოლარის) ინვესტიცია NATO-ს არსებული საწვავის შენახვისა და განაწილების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას უზრუნველყოფს,“ - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. „პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ობიექტების, მათ შორის მილსადენების მშენებლობას ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და უზრუნველყოფს იმას, რიმ NATO-ს ძალებს ჰქონდეთ ენერგომომარაგება, რაც მათ საბრძოლო მზადყოფნისთვის სჭირდებათ,“ - აცხადებენ ალიანსში. როგორც Politico წერს, NATO-ს ელჩებმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთთან პოტენციური ომისთვის მომზადების ნაწილია. NATO-ს ცენტრალური ევროპის მილსადენების სისტემა 1950-იანი წლების ბოლოს შეიქმნა, რათა ცივი ომის დროს კონტინენტზე ალიანსის ძალები საწვავით მომარაგებულიყო. 5,300 კილომეტრიანი ქსელი ამჟამად ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებს კვეთს და საწვავის 29 საცავს ამარაგებს.
ყაზახეთმა კასპიის ზღვაზე ახალი საკონტეინერო ჰაბი გახსნა
კასპიის ზღვაზე მდებარე აქტაუს პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რკინიგზა (KTZ) ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ტერმინალის ოპერირება პირველი საკონტეინერო მატარებლის მომსახურებით დაიწყო. KTZ-ის ინფორმაციით, ახალი ტერმინალის ამოქმედება ყაზახეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოების ნაწილია და მიზნად ისახავს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობის გაზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს კონტეინერული ტვირთების უფრო ეფექტიან დამუშავებას, პორტის გამტარუნარიანობის ზრდას და აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო მარშრუტებში ყაზახეთის როლის გაძლიერებას. „საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „ყაზახეთის რკინიგზა“ (KTZ), აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი და Lianyungang Port Group,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო საკონტეინერო მოედანი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სატვირთო ტექნიკით, მათ შორის ორი საკონტეინერო ხიდური ამწით (gantry crane), ასევე ტერმინალის მართვისა და ტვირთნაკადების კონტროლის სისტემებით. პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, პორტის წლიური გამტარუნარიანობა 140 000 TEU-მდე გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო მატარებლების მომსახურების დრო შემცირდა. ახალი საკონტეინერო ჰაბი ყაზახეთის სატრანსპორტო ქსელს ჩინეთთან და კასპიის ზღვის მარშრუტთან აკავშირებს. ჰაბი დაკავშირებულია ჩინეთის ლიანიუნგანის პორტსა და ხორგოსის მშრალ პორტთან. ტვირთები კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი საქართველოს გავლით თურქეთსა და ევროპისკენ მიემართება.
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალ პაკეტში ტრანზაქციების აკრძალვის სიას 32 რუსული ბანკი, ასევე კრიპტოკომპანიები და ნავთობის სავაჭრო პლატფორმები დაემატა. „მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს. ჩვენ ერთი წლით ვყინავთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ცვლილებას, რათა რუსულმა ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი ვერ მიიღოს. პირველად, ჩვენ მიზანში ვიღებთ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ დახმარებას უწევენ. ასევე, რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით,“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. საბერძნეთისთვის, რომლის ვეტოც აქამდე ხელს უშლიდა შეთანხმების მიღწევას, დაუშვეს გამონაკლისი საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის არაწევრი მომხმარებლებისთვის რუსული თხევადი აირის მიწოდება გააგრძელოს. ათენი ევროკავშირს გამონაკლისის დაშვებას სთხოვდა, რათა 2027 წლის იანვრიდანაც გაეგრძელებინა რუსეთის LNG-ის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადაზიდვა. ამ მოთხოვნას მხარს უჭერდა ბერძენი მილიარდერის ჯორჯ პროკოპიუსის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო კომპანია Dynagas. კომპანიას და მის შვილობილ საწარმოს რუსეთის უდიდეს გაზის პროექტთან — Yamal LNG-თან — 11 ხომალდის, მათ შორის არქტიკულ პირობებზე მორგებული შვიდი ყინულმჭრელი ტანკერის გამოყენებაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ევროკავშირმა საბერძნეთის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბერძნულ კომპანია Dynagas-ს 12-თვიანი გამონაკლისი დაუშვა, რაც მას 2027 წლის იანვრის შემდეგაც აძლევს უფლებას, რუსეთის LNG ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გადაიტანოს.
რუბიომ და ლავროვმა მანილაში შეხვედრა გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ფილიპინებში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. AP-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მცირე დეტალები გაასაჯაროვა. „მათ განიხილეს აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობა,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. რუბიომ მანამდე მანილაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვთან უკრაინის კონფლიქტის საკითხის წამოწევას გეგმავს და რომ აშშ ღიაა კონფლიქტის დასრულებაში როლის შესასრულებლად, „თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება.“ მან აღიარა, რომ ეს მცდელობები „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გარკვეულწილად შენელდა“, მაგრამ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილება არის თუ არა მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა. „ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა რუსეთის მთავრობასთან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სფეროები, სადაც უთანხმოება გვაქვს,“ - განაცხადა რუბიომ და აღნიშნა, რომ ისინი ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოები არიან. თავის მხრივ, ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუბიოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებების შესახებ ჰკითხავდა, სადაც ის ამბობდა, რომ კონფლიქტის მოგვარებას უახლოვდებოდა. „როდესაც ლავროვმა შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დატოვა, მას ჰკითხეს, ეხმარება თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ჯარების დაბომბვაში, რაზეც რეპორტიორს ასეთი პასუხით მიმართა: „ლამაზი ვარცხნილობა აქვს.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის პრობლემატიკის“ განხილვისას ლავროვმა რუბიოს გააცნო „რეალური მდგომარეობა საბრძოლო შეხების ხაზზე“ და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ დაუშვებელია „კიევის რეჟიმისთვის" იარაღის შემდგომი მიწოდება და ევროპული ქვეყნების მხრიდან „დესტაბილიზაციის“ გამომწვევი პოლიტიკა. სამინისტროს ცნობით, ლავროვმა დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარებისთვის და ერთგულია იმ წინადადებების, რომლებიც ამერიკულმა მხარემ წამოაყენა ანკორიჯში, პრეზიდენტების, პუტინისა და ტრამპის შეხვედრისას. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ანკორიჯში მხოლოდ წინადადებები გამოითქვა და არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის წინადადება იყო ომის შეწყვეტა დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.
მოსკოვის საავიაციო კვანძის არეალში ფრენის სიმაღლე შეიზღუდა, ტრანზიტული ფრენები აიკრძალა
მოსკოვის საავიაციო კვანძის (რომელიც აერთიანებს „შერემეტიევოს“, „დომოდედოვოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებს) არეალში ტრანზიტული ფრენები აკრძალულია და სამოქალაქო ავიაციისთვის დასაშვები მაქსიმალური სიმაღლე მნიშვნელოვნად შემცირდა. „როსავიაციამ“ საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის მოსკოვის საავიაციო ჰაბის (MAH) ტერიტორიაზე ფრენებთან დაკავშირებით შეტყობინება (NOTAM) გამოაქვეყნა. „12 აგვისტოს, 02:59 საათამდე, მის საზღვრებში ფრენები შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ 160-ე ფრენის დონეზე (დაახლოებით 4900 მეტრი) დაბალ სიმაღლეზე. ოფიციალური ცნობით, ხსენებული ზომები ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა მიღებული. „ძალაში რჩება 20 ივნისს შემოღებული დროებითი რეჟიმი, რომელიც ცენტრალური რუსეთის რიგ რეგიონებში მსუბუქი და ულტრამსუბუქი თვითმფრინავების და სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატების ფრენებს ზღუდავს მიწიდან 5200 მეტრამდე სიმაღლეზე,“ - აღნიშნა სააგენტომ. „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეზღუდვების დაწესება უკრაინული დრონებით თავდასხმების ზრდის საპასუხოდ მოითხოვა. როგორც Meduza წერს, ტრანზიტული ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მოძრაობას მოსკოვის აეროპორტების ზონაში. დაბალი სიმაღლე გაზრდის საწვავის მოხმარებას და მარშრუტის ფრენის დროს 5-15 წუთს დაამატებს. ტრანზიტის შემოვლითი დროის ხანგრძლივობა სულ მცირე 20-30 წუთით გაიზრდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე სირსკის დრაპატი ცვლის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა. უკრაინაში, მასშტაბური საპროტესტო აქციების მონაწილეები მოითხოვდნენ თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე აღდგენას და სირსკის გადაყენებას, რომელთანაც ფედოროვს დაპირისპირება ჰქონდა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მიხაილო ფედოროვს მთავრობაში ახალი თანამდებობა შესთავაზა, რომელიც სახელმწიფოს ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებასთან იყო დაკავშირებული. „გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება. მიხაილოსთან, ევგენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა. ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატება კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის შეტევაში. მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და უკრაინის თავდაცვა გრძელდება. მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და ყველა ჩვენი ჯარისკაცის ფრონტზე უკრაინის ძლიერი პოზიციებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შორ მანძილის დარტყმების გეგმა ზუსტად განხორციელდება. ასევე, დრაპატიმ, ევგენი ხმარამ და სხვა მეთაურებმა უნდა მოამზადონ უკრაინის თავდაცვის განახლებული სტრატეგია და ნაბიჯები კორპუსის სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად. პრეზიდენტმა პრიორიტეტად რუსული დარტყმებისგან ცის დახურვა და მობილიზაციის პროცესის რეალისტური ხედვა დაასახელა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრმა ფედოროვმა და მთავარსარდალმა სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. 18 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდებოდა.“ 20 ივლისს სირსკიმ ბოდიში მოუხადა მიხაილო ფედოროვს და განაცხადა, მას არ ჰქონდა გაცნობიერებული მათ შორის კონფლიქტის არსებობა და რომ ამ თანამშრომლობას პროფესიულ ურთიერთობად მიიჩნევდა.
ევროკავშირმა უკრაინის €90 მილიარდიანი სესხის პროგრამაში დიდი ბრიტანეთის ჩართვა დაამტკიცა
ევროკავშირის ქვეყნებმა ოთხშაბათს, 22 ივლისს, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დახმარების პროგრამაში გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობა დაამტკიცეს. ეს გადაწყვეტილება კიევს საშუალებას მისცემს, შეიძინოს იარაღი და სხვა სამხედრო პროდუქცია ბრიტანელი მწარმოებლებისგან, რათა 2026-2027 წლებში უკრაინის თავდაცვისთვის ყველაზე აუცილებელი საჭიროებები დაკმაყოფილდეს. პროგრამის მთლიანი თანხიდან, 60 მილიარდი ევრო განკუთვნილია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში ინვესტიციებისთვის და იარაღის შესყიდვისთვის, ხოლო კიდევ 30 მილიარდი ევრო მიმართული იქნება უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის საბჭოს მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან უკრაინას უკვე გამოეყო 8.1 მილიარდი ევრო, მათ შორის 3.2 მილიარდი ევრო ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის და დაახლოებით 4.9 მილიარდი ევრო თავდაცვის საჭიროებებისთვის. 2026 წელს ევროკომისია 60 მილიარდი ევროს თავდაცვის პაკეტიდან კიდევ 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფას ელის.
ირანის გაფრთხილების მიუხედავად, ბულგარეთი მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებს განათავსებს
ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის რვამდე სამხედრო საწვავმზიდი (ტანკერი) თვითმფრინავის, მათი ეკიპაჟებისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების 250-მდე სამხედრო მოსამსახურის დროებითი განთავსება დაამტკიცა. აშშ-ის სამხედრო ძალები 2026 წლის 24 ივლისიდან პირველ ოქტომბრამდე ბეზმერის საჰაერო ბაზაზე განთავსდებიან, რათა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა უზრუნველყონ. შესაბამისი წინადადება ბულგარეთის მინისტრთა საბჭომ წარადგინა. რეზოლუციას მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. პარლამენტმა ასევე პრემიერ-მინისტრს დაავალა, უზრუნველყოს აშშ-ის სამხედრო პერსონალის, თვითმფრინავების, შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აეროდრომის აღჭურვილობის განთავსებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელება ბულგარეთის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტიდან დამატებით დაფინანსებას არ საჭიროებს. ირანის შეფასებით, სოფი „აგრესორებისა და კანონდამრღვევების თანამონაწილედ“ იქცევა. აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ (EUCOM) განაცხადა, რომ გააგრძელებს ბულგარეთთან თანამშრომლობას უსაფრთხოების, მონიტორინგისა და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. აშშ-მ და ირანმა გააძლიერეს დარტყმები მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ ხელმოწერილი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა.
საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც 15 წლამდელებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომას კრძალავს. საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანა ხდება, რომელმაც ბავშვებს აუკრძალა ისეთი აპლიკაციების გამოყენება, როგორიცაა TikTok. პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აკრძალვა მისი ბოლო ვადის მნიშვნელოვან რეფორმად აქცია და პირობა დადო, რომ სექტემბრისთვის აღასრულებდა მას. „საფრანგეთი ევროპაში ლიდერობს ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების დაცვის საკითხში,“ - ამბობს მაკრონი სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში. საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მარეგულირებელმა გასულ წელს განაცხადა, რომ ისეთი პლატფორმები, როგორიცაა TikTok, Snapchat და Instagram, საზიანოა მოზარდებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, თუმცა ეს არ იყო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთადერთი მიზეზი. აკრძალვის გამონაკლისები გათვალისწინებულია ისეთი საიტებისთვის, როგორიცაა ონლაინ ენციკლოპედიები და საგანმანათლებლო პლატფორმები. გასული წლის დეკემბერში, მსოფლიოში [Facebook-ზე, Snapchat-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე] პირველი აკრძალვა 16 წლამდელებისთვის ავსტრალიაში ამოქმედდა.
აზერბაიჯანმა და გერმანიამ სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
21 ივლისს, ბერლინში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული დღის წესრიგის შესახებ.“ ხელი ასევე მოეწერა აზერბაიჯანი-გერმანიის ბიზნეს საბჭოს შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ ორმხრივ სურვილს, გააღრმავონ ორმხრივი პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთნდობასა და სხვადასხვა სფეროში ინტერესთა თანხვედრას დაეფუძნება. ერთმანეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით, მხარეები კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთობლივ ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მიმართ. მხარეები მიესალმებიან აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებში ისტორიულ იმპულსს, განსაკუთრებით 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს და შემდგომში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ სამშვიდობო ნაბიჯებს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას ორი ქვეყნის ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მხარეები ხაზს უსვამენ აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და აღნიშნავენ პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისადმი გაზრდილ ჩართულობას. ისინი ასევე ხაზს უსვამენ აზერბაიჯანი-ევროკავშირის განახლებულიპარტნიორობის პრიორიტეტების მიღების და აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ევროკავშირს შორის არსებული დიალოგის მექანიზმების სრულად გამოყენების მნიშვნელობას. მხარეები ასევე აფასებენ აზერბაიჯანსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მცდელობებს. პოლიტიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა; ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა; უსაფრთხოება და თავდაცვა და ასე შემდეგ. ეს არის სფეროები, სადაც აზერბაიჯანი და გერმანია ურთიერთობებს აძლიერეენ. ფრიდრიხ მერცის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. „აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ენერგიის ჭარბი რაოდენობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უფრო მეტს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს. ამიტომ, როდესაც საქმე გერმანიის ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ეხება, აზერბაიჯანი ჩვენთვის, როგორც პარტნიორისთვის, საინტერესოა,“ - განაცხადა მერცმა. მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, გერმანიამ, ბუნებრივია, ახალი მიწოდების წყაროების ძიება დაიწყო. „და აქ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ჩვენთვის საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივებს ქმნის. ჩვენ ასევე ვიპოვეთ მიწოდების სხვა წყაროებიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, შესაძლებლობისთვის, რომ დღეს განვიხილოთ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების მოცულობის შემდგომი გაზრდის პერსპექტივები. ეს ასევე ჩვენი ერთობლივი შეთანხმების საგანია და განხილული იქნება აზერბაიჯანთან მომავალი მოლაპარაკებების დროს. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის გერმანიისთვის გაზის მიწოდება გაზარდოს. „გასულ წელს ჩვენი გაზის ექსპორტის საერთო მოცულობამ 25 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რომლის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებში წავიდა. ჩვენ გვაქვს 10-წლიანი კონტრაქტი 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებაზე. შეგვიძლია ამ მოცულობის გაზრდა, მაგრამ ამისთვის რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს. პირველ რიგში, უნდა მივიღოთ შესაბამისი მოთხოვნა. მეორე, უნდა გავაფართოოთ არსებული გაზის ინფრასტრუქტურა და, რა თქმა უნდა, გადავჭრათ ინვესტიციების საკითხი, რადგან ევროპული ბანკები ერიდებიან ასეთი პროექტების დაფინანსებას. კარგი იქნებოდა, ევროპულ ბანკებს თავიანთი გადაწყვეტილებისთვის გადაეხედათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში კრიზისი, სამწუხაროდ, ღრმავდება. ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები დარღვეულია. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების გამო, რუსეთს ტრადიციული მომხმარებლებისთვის ნავთობპროდუქტების იმ მოცულობით ექსპორტი აღარ შეუძლია, როგორც სურს. ყველა ეს მოვლენა, თავისი არაპროგნოზირებადი შედეგებით, კვლავ გრძელდება. ამიტომ, ვფიქრობ, „მწვანე დღის წესრიგის“ გათვალისწინებით, ამ საკითხების ხელახლა გადახედვა შესაძლებელია, რათა ევროპულმა ბანკებმაც გამოყონ დაფინანსება ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებისთვის, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და გაფართოებისთვის. ასეთ შემთხვევაში, აზერბაიჯანი შეძლებს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში, მათ შორის გერმანიაში,“ — განაცხადა თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა. სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს გერმანიამ აზერბაიჯანისგან 956,700 ტონა ნავთობი 502 მილიონ დოლარად შეიძინა, რაც მას აზერბაიჯანული ნავთობის მეხუთე უმსხვილეს მყიდველად აქცევს. 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე გერმანიამ აზერბაიჯანისგან 360,300 ტონა ნავთობი შეიძინა, რომლის ღირებულება 210,8 მილიონი დოლარი იყო. აზერბაიჯანმა გერმანიისთვის გაზის მიწოდება 2026 წელს დაიწყო 10-წლიანი კონტრაქტით, წელიწადში 1,5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობით. გასულ წელს აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილიც გერმანიის აზერბაიჯანში ექსპორტმა შეადგინა.
იტალია რუსეთის ნაბიჯებში „აშკარა შურისძიების“ ნიშნებს ხედავს
რუსეთმა ორი იტალიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ეს იტალიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების საპასუხო ზომად შეაფასა. მათ რუსეთი ოჯახებთან ერთად სამი დღის ვადაში უნდა დატოვონ. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების გაძევებასთან დაკავშირებით იტალიის დროებით რწმუნებული ჯოვანი სკოპა დაიბარა. „რუსეთის ფედერაციამ უმიზეზოდ გააძევა მოსკოვში მყოფი იტალიელი სამხედრო ატაშე მის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად. ეს არის აშკარა შურისძიების აქტი იტალიიდან ორი რუსი სამხედრო ატაშეს გაძევებისთვის, რომლებიც მართლაც დააკავეს დანაშაულის ჩადენის დროს, როდესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ,“ - დაწერა ტაიანიმ 20 ივლისს X-ზე. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ რომმა ქვეყნიდან გააძევა იტალიაში რუსეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე, რომლებიც სავარაუდოდ, ჯაშუშურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.
მოჭადრაკე იუდით პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა
უნგრელმა ჭადრაკის ლეგენდამ იუდით პოლგარმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა. ახალი პრეზიდენტის არჩევა და ახალი კონსტიტუციის შემუშავება პრემიერ პეტერ მადიარის გეგმის ძირითადი ელემენტებია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ძალაუფლების დემონტაჟს ისახავს მიზნად, რისთვისაც მადიარის თქმით, მან ამომრჩევლებისგან ძლიერი მანდატი მიიღო. პოლგარმა Facebook-ზე დაწერა, რომ მადლიერია შეთავაზების გამო. „თუმცა მე არ ვგრძნობ საკმარის ძალას, რომ გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა ავიღო, ამიტომ ვერ ვეთანხმები ამ თხოვნას,“ - დაწერა იუდით პოლგარმა. პრემიერმა პეტერ მადიარმა იუდით პოლგარს უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სთხოვა. მადიარის თქმით, უნგრეთს სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს. მადიარმა აღნიშნა, რომ 49 წლის პოლგარს შეუძლია, ერის ერთიანობის სიმბოლო გახდეს.