უცხოეთი

სტეფანჩუკი ნორვეგიაში: უკრაინას მალე NASAMS-ის ტიპის მეტი სარაკეტო სისტემა ექნება

უკრაინას მალე ექნება მეტი ნორვეგიული სარაკეტო სისტემა (NASAMS), რათა ქვეყანამ დაიცვას თავი და ჩამოაგდოს ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან დასახლებებს დაუმიზნებს. შესაბამისი განცხადება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ნორვეგიაში NASAMS-ის საწარმოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მწარმოებლებთან ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაზრდილ მიწოდებაზე.  

ნორვეგია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად, 130 მილიონამდე ევროს გამოყოფს

ნორვეგიამ დაახლოებით, 130 მილიონი ევრო გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოპერაციების მხარდასაჭერად უკრაინაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-მა გაავრცელა. 2022 წელს EBRD-მა უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევრო გამოყო. მან ასევე მოახდინა 200 მილიონი ევროს მობილიზება უშუალოდ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან.  

ათასწლეულით დათარიღებული ებრაული ბიბლია, აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა

ებრაული ბიბლია, რომელიც მსოფლიოში უძველესი, ყველაზე სრულყოფილი ეგზემპლარია, ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე $38,1 მილიონად გაიყიდა. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. შენაძენის მფლობელი, ამერიკელი ადვოკატი და ყოფილმა ელჩი ალფრედ მოსესია და ებრაული ბიბლია მან თელ-ავივის ხელოვნების მუზეიმისთვის იყიდა.  „ებრაული ბიბლია ყველაზე გავლენიანია ისტორიაში და წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის საფუძველს“, - ნათქვამია მოსესის განცხადებაში. ითვლება, რომ Codex Sassoon-ი დაახლოებით, 1100 წლის წინ დაიწერა. ის გახდა ყველაზე ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. სახელი - „Codex Sassoon“ მას ეწოდა უწინდელი მფლობელის, დევიდ სოლომონ სასუნის გამო, რომელმაც ის 1929 წელს შეიძინა.  

უკრაინელები ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ

დღეს, მაისის მესამე ხუთშაბათს, უკრაინელები ტრადიციულად აღნიშნავენ ვიშივანკას დღეს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ზე ინფორმაცია შესაბამის ფოტოსთან ეთრთად გავრცელდა. ზელენსკის თქმით, 79 წლის წინ, ამ დღეს საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმელი თათრების დეპორტაცია დაიწყო. „დღეს მე სპეციალურ სამოსს ვატარებ ნაქარგებითა და ორნამენტებით, რომლებიც სიმბოლოა უკრაინელი და ყირიმელი თათრების ერთიანობისა. ეს არის სიმბოლოები ჩვენი ძალისა და ჩვენს სახლში ცხოვრების სურვილისა.შეიძლება, წლევანდელი ვიშივანკას დღე, უკრაინაში იყოს შეხსენება იმისა, თუ რისი გადატანა მოუწია ჩვენს ხალხს და რამდენად ძლიერია ჩვენი კულტურა. მარადიული ხსოვნა ყველა ჩვენს ხალხს, ვისაც სიცოცხლე წაართვეს ტოტალიტარულმა რეჟიმებმა! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხალხს, მათ ძალას და კულტურას! - წერია ზელენსკის სახელით გავრცელებულ პოსტში. ამ დღეს ტრადიციულად იმართება საინტერესო ონლაინ კონკურსები, როგორიცაა, „საუკეთესო ვიშივანკა“ ან „საუკეთესო ფოტო“ ნაქარგ პერანგში. ნაქარგების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ არამხოლოდ უკრაინის მცხოვრებლები, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები. ინფორმაციისთვის, ვიშივანკა არის უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით.  

უკრაინა: 30 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან, 29 მოგერიებულია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 30 ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს იერიში. მათივე ცნობით, სარაკეტო შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის 05:30 საათამდე. საჰაერო ძალები იუწყება, რომ 30 რუსული რაკეტიდან, 29 გაანადგურეს. მოგერიებულია 4 უპილოტო საფრენი აპარტიც. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში, დილამდე გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი კიევი გახდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა. 17 მაისის საღამოს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი. ადმინისტრაციისვე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების უმრავლესობა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.  

The Business Insider-მა „პუტინის სასახლის ბუნკერის" ნახაზები გამოაქვეყნა

გამოცემა Business Insider-მა სტატია მოამზადა რუსეთის ქალაქ გელენჯიკის მახლობლად მდებარე „პუტინის სასახლეზე“ და მასალას ნახაზები დაურთო. ამ ინფორმაციას გამოცემაზე დაყრდნობით, „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ჟურნალისტების თქმით, დოკუმენტები ინტერნეტში სულ მცირე 2016 წლიდან არის თავისუფლად ხელმისაწვდომი, გაწეული სამუშაოს მაგალითის სახით ის საპროექტო კომპანია „მეტროსტაილის“ საიტზე განთავსდა და  ობიექტი იქ პანსიონატის სახელით გვხდება. როგორც Business Insider-ი წერს, ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ნახაზებში ჩანს, რომ მამულს მიწისზედა ნაწილის გარდა მიწისქვეშა სართულებიც აქვს. მიწისქვეშ არის განთავსებული ოთახები და გვირაბები. ლიფტი შენობიდან ეშვება დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე. მიწისქვეშა ნაწილს აქვს ვენტილაცია, ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია და საკომუნიკაციო კაბელები. ბეტონის გარსითაა დაცული 6 მეტრის სიგანის და 40-60 მეტრი სიგრძის ორი გვირაბი, რომლებსაც, სპეციალისტების შეფასებით, შეუძლიათ, ბომბით პირდაპირ დარტყმას გაუძლონ. ერთი გვირაბი ქვიშიან ფერდობზე გადის, მეორე კი - შავი ზღვის სანაპიროზე. ინჟინერ-მშენებლის, ტადეუშ გაბრიშევსკის შეფასებით, ეს გვირაბები განკუთვნილია გასაქცევად ან სიცოცხლის გადასარჩენად და არა უბრალოდ ავარიული გასასვლელი, არამედ, სასახლის კომპლექსის სრულფასოვანი შემცვლელია. „პუტინის სასახლე", იგივე რეზიდენცია, იდოკოპასის კონცხზე, 2005-2010 წლებში აშენდა გელენჯიკის მახლობლად, შავი ზღვის პირას. 2010 წელს, ბიზნესმენმა სერგეი კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ ობიექტი რუსეთის პრეზიდენტისთვის აიგო. 2021 წლის 19 იანვარს, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" გამოაქვეყნა გამოძიების შედეგად მომზადებული დოკუმენტური ფილმი გელენჯიკთან მდებარე „პუტინის სასახლის" შესახებ. თავად პუტინმა გამოძიებას კომპილაცია უწოდა და განაცხადა, რომ არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნის არაფერი იქედან, რაც ფილმში წარმოდგენილი იყო, როგორც მისი ქონება.  

ოკუპირებულ ყირიმში, სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქების შემდეგ, ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა - მედია

მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლს შორის მონაკვეთზე, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, ლიანდაგზე მყოფი სატვირთო მატარებლის ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობი წერს. აფეთქებას მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სოფლებშიც ისმოდა. სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ინციდენთი გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სავარაუდო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული. რუსული პროპაგანდისტული არხები ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მომხდარის მიზეზები დგინდება.  

კულება დარწმუნებულია, რომ „საავიაციო კოალიცია“ წელს ჩამოყალიბდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას ეჭვი არ ეპარება, რომ საავიაციო კოალიცია წელს შეიქმნება. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. „არიან ქვეყნები, რომლებმაც, პრინციპში, განაცხადეს, რომ მზად იქნებიან, უზრუნველყონ ეს დასავლური თვითმფრინავები შესაბამისი კოალიციის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი პრეზიდენტის საერთაშორისო კონტაქტების შედეგია. და ყველა ჩვენგანის, ვინც დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კულებამ. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.  

აშშ უკრაინისთვის $60 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს - უკრაინული მედია

აშშ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „შემოდგომაზე ჩვენ გამოვაცხადებთ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინას 2024 წლის განმავლობაში. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ 60 მილიარდი დოლარის პაკეტს, რომელიც, ვფიქრობ, სექტემბერში განხორციელდება. პაკეტის შეთანხმება დაგეგმილია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე", - განაცხადა კურტ ვოლკერმა. მანამდე ვოლკერმა განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდება, სპეციალურად შექმნილ საინვესტიციო ფონდს უნდა გადაეცეს. მისი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს უკრაინის აღდგენის პროცესს. ექსპერტების აზრით, უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესი 2026 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.  

საფრანგეთი უკრაინისთვის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას სწავლობს - Le Monde

საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას. ამის შესახებ Le Monde იუწყება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა (Scalp) რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა: „ჩვენ ვიკვლევთ ყველა ვარიანტს“. მაკრონმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. Scalp-ის სისტემა საფრანგეთმა და ბრიტანეთმა 1990-იან წლებში ერთობლივად შეიმუშავეს. მისი ძირითადი დიაპაზონი 250 კმ-ია, მაგრამ მისი გაზრდა შესაძლებელია 500 ან თუნდაც 700 კმ-მდე, მოდიფიკაციის მიხედვით. უკრაინამ დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული შორი დისტანციის ფრთოსანი რაკეტების გამოყენება დაიწყო - CNN ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები, რომლებიც უკრაინელმა დამცველებმა უკვე წარმატებით გამოიყენეს, ფრანგული წარმოების რაკეტების მსგავსია.  

პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში

12 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით უკრაინას ეწვეოდა. ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ადრე რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციაზე მუშაობდა, საერთაშორისო ტურნე, 15 მაისს დაიწყო. მისი ტურნე მოიცავს უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს. ჩინეთი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის - პეკინი „უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ კომუნიკაციას იწყებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა ვიზიტის მიზნები განმარტა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“. დღეს, 17 მაისს, უკრაინაში მართავს შეხვედრებს. ეს ცნობა უკრაინული სააგენტოების ვებგვერდებზეა ხელმისაწვდომი. მისი მიხედვით, ჩინეთის სპეცწარმომადგენელს საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, ხსენებული მოგზაურობა შედგა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრისას, 26 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. რაზე ისაუბრეს მხარეებმა - უკრაინული მედია წერს, რომ შეხვედრისას კულებამ და ლიმ განიხილეს უკრაინისა და ჩინეთის ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, რუსული აგრესიის შეჩერების გზები. ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა აქ აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. დღეს კი, როგორც ირკვევა, 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კულებამ ლის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა ზემოთ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის აღკვეთისთვის“ მადლობას უხდის

მოლდოვა უკრაინას „რუსული გეგმის“ ჩაშლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. იგორ გროსუს განცხადებით, რუსეთი არ მალავდა მოლდოვაში შეჭრის განზრახვას. ახლა კი, რუსეთს სხვა პრობლემები აქვს უკრაინაში.„ეს იყო მათი თავდაპირველი გეგმა. მათ სურდათ ოდესის და მიკოლაივის აღება და მოლდოვაში წასვლა. მაგრამ უკრაინელი ხალხისა და არმიის ძალისხმევით, ამ გეგმამ არ გაამართლა. ახლა მათ სხვა პრობლემები აქვთ. ამიტომ პირდაპირ საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოვემზადოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები“, - განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას იგორ გროსუმ.   

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია უკრაინის NATO-სთან დაახლოებისთვის, პოზიტიურ განვითარებად უნდა იყოს აღქმული საქართველოსთვის - ლუკ კოფი

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - ამის შესახებ ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბრისას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი კითხვაზე, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, საქართველოს კი მოსაპოვებელი აქვს, NATO-ში გაწევრიანების გზაზეც, მოვლენების მსგავსი განვითარება ხომ არ შეიძლება ვიხილოთ, ლუკ კოფი პასუხობს, რომ ეს არ იქნება იგივე შემთხვევა, რადგან ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების პროცესები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. „ევროკავშირში წევრობისთვის თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ განსხვავებულ კრიტერიუმებს, ეს არის ძალზედ განსაზღვრული“, - აღნიშნავს კოფი. „ეს კარგია თუ ცუდი, უკრაინა და საქართველო ერთმანეთთან დაკავშირებულია. გაფართოების საკითხში ისინი ერთმანეთს შეერწყნენ 15 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. დიდი განსხვავება ისაა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს იგივე დონის ენთუზიაზმი NATO-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინააღმდეგი არ ყოფილა, მათ თქვეს, რომ მხარს უჭერენ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და ამისთვის გარკვეული მცირე ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ენთუზიაზმს, მაგალითად, იმის შესახებ საქართველოს მთავრობას NATO-ს სამიტიდან რის მიღება სურს, ამ სამიტის საშუალებით რის მიღებას იმედოვნებენ, ამის შესახებ ჩვენ ნამდვილად არაფერი გვსმენია. ვფიქრობ, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაახლოებისთვის, ასევე უნდა იყოს მისასალმებელი და პოზიტიურ განვითარებად აღქმული საქართველოსთვის, რადგან საბოლოო მიზანი უნდა იყოს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაც“, - განაცხადა ლუკ კოფიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი  

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები: უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული

დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან. მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“. „გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.    

ალბანეთის პრემიერი: უკრაინის დამსახურებაა ჩვენი დაცულობა

ევროპული ქვეყნები უკრაინის მადლიერნი უნდა იყვნენ იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ამჟამად უკრაინელი ხალხი ევროპისთვის. ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ალბანეთს არასოდეს ჰქონია ილუზია მოსკოვის რეჟიმის ბუნების ცვლილების შესახებ. „ჩვენი ურთიერთობა მოსკოვთან, უკვე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღარ არსებობდა. ნუ მთხოვთ, ახსნას როგორ და რატომ, რადგან ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენს მოგზაურობას ისლანდიაში“, - განაცხადა ედი რამამ. რამამ განმარტა, რომ ომის დაწყებიდან პუტინის პოპულარობა ალბანეთში 0,7%-დან 1,2%-მდე მერყეობს.  

გლობალური ტემპერატურა, უახლოეს ხუთ წელიწადში რეკორდულ დონეს მიაღწევს

მეცნიერები გამოვიდნენ გაფრთილებით, რომ მსოფლიოში, უახლოეს ხუთ წელიწადში, ტემპერატურა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, 2023-დან 2027 წლამდე იქნება ყველაზე თბილი ხუთწლიანი პერიოდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.   ორგანიზაციის განმარტებით, ამის 98%-იანი ალბათობა არსეობს.    

წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიემხრო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რათა რუსეთის მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რეზოლუციის დამტკიცებამდე კონგრესის წევრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უკრაინის გენერალური პროკურორისთვის, ანდრეი კოსტინისთვის და უშუალოდ ენახათ რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულები. რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის დარღვევას და აცხადებენ, რომ „რუსეთის ფედერაციის უპრეცედენტო სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში კრიტიკულ წერტილს მიაღწია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს“.  

შვეიცარია უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს კომპანიებს, 100 მილიონ დოლარზე მეტის აქტივებს ართმევს - მედია

შვეიცარიამ უკრაინელი ოლიგარქის, კონსტანტინ ჟევაგოს ანგარიშებიდან, 113 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის აქტივები ამოიღო. თანხები კიევის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 26 ოქტომბერს, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით დააყადაღა და სწორედ ამის საფუძველზე მიიღო შვეიცარიამ ხსენებული გადაწყვეტილება. ბიურო შვეიცარიული მხარის დახმარებით იღებს ზომებს ჩამორთმეული თანხების გადაცემის მექანიზმის გამოსაყენებლად. საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს. უკრაინელი მილიარდერი ჟევაგო საფრანგეთში დაპატიმრების შემდეგ, რკინის მადნის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ტოვებს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია. ჟევაგოს 2019 წელს, Finance & Credit Bank-ში 113 მილიონი დოლარის გაფლანგვისა და გათეთრების ბრალდება წაუყენეს. 2021 წელს ის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში მოხვდა. უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.   

ანდჯეი დუდა: პოლონეთი მხარს დაუჭერს გეგმებს, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა დაჩქარდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. მივესალმებით ევროსაბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას, პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე, როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას.  „პოლონეთმა, როგორც არაერთი აგრესიის მსხვერპლმა, კარგად იცის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მნიშვნელობა ომის დროს ჩადენილი დაშაულებისთვის უკრაინაში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ომის დანაშაულები, უნდა იყოს დასჯილი სრული მასშტაბით, ვიდრე ყველა დამნაშავე არ დაისჯება და ვიდრე ყველა მსხვერპლი არ მიიღებს კომპენსაციას ტანჯვისთვის. დუდა: წლებია, საქართველოს მხარდამჭერი ვარ., მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს ძალისხმევას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც ფოკუსირებულია მედეგობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციის შესაბამისობას და მნიშვნელობას. პოლონეთი მხარს დაუჭერს ამ სამოქმედო გეგმას, ისევე როგორც იმ გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერას. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ევროსაბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ პროგრესი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირისკენ გზაზე“, - განაცხადა ანდჯეი დუდამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთის მთავრობამ Reuters-ს დაუდასტურა, რომ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. სააგენტოს ცნობით, უნგრეთი არ ეთანხმება ფონდიდან თანხების გამოყოფას მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან ეს აფერხებს საკმარისი სახსრების მიმართვას ევროკავშირის ინტერესთა შესაბამის სხვა სფეროებში. მათ შორის კი, ბუდაპეშტი ბალკანეთს და ჩრდილოეთ აფრიკას ასახელებს. უფრო ადრე, 16 მაისს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა. ევროპის მშვიდობის ფონდს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ამ ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, დაახლოებით, 3.6 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია. უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის და NATO-ს წევრია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებიც არაერთხელ გააკრიტიკა.