უცხოეთი

უზბეკეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში ერთობლივი ფლოტის შექმნას გეგმავენ

უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ხურამ ტეშაბაევმა განაცხადა, რომ უზბეკეთი კასპიის ზღვაზე ერთობლივი ფლოტისა და ერთობლივი საწარმოს შექმნას გეგმავს. კერძოდ, საუბარია სს „უზტემირიულკარგო“ და აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო გადაზიდვების კომპანია (ASCO) შორის მოსალოდნენ შეთანხმება. „ეს ინიციატივები გააუმჯობესებს მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობას, მიწოდების ჯაჭვებს უფრო მდგრადს გახდის და ექსპორტიორებისთვის ლოგისტიკურ ხარჯებს შეამცირებს,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მუშაობა გრძელდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. კერძოდ, განიხილება უზბეკი ექსპორტიორებისთვის დამატებითი დახმარების ზომები, მათ შორის ტვირთის გადაზიდვაზე ფასდაკლებები, ყოვლისმომცველი სატარიფო გადაწყვეტილებების დანერგვა, ლოგისტიკური პროცედურების ოპტიმიზაცია და კონტეინერიზებული და საექსპორტო ტვირთებისთვის პრიორიტეტული მომსახურების უზრუნველყოფა. „ბაქოს პორტი უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უზბეკური ექსპორტისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფაში შუა დერეფნის მეშვეობით და რეგიონის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად იქცა სატრანზიტო კავშირის გასაძლიერებლად. ჩვენ დიდად ვაფასებთ მისი ინფრასტრუქტურის ეფექტურობას უზბეკი ექსპორტიორებისთვის. ბოლო წლებში, ამ მარშრუტზე ტვირთების მოცულობა სტაბილურად გაიზარდა, ექსპორტირებული საქონლის ასორტიმენტი გაფართოვდა და ჩვენი ორი ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ოპერატორებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაღრმავდა,“ - აღნიშნა ტეშაბაევმა.  

სომხეთში, ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი მასშტაბური თაღლითობის ორგანიზებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარი დეპარტამენტის მიერ წარმოებული ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ 2022-დან 2024 წლამდე რამდენიმე პირმა გაგიკ წარუკიანის ორგანიზებით, სავარაუდოდ, მასშტაბური თაღლითობა ჩაიდინა და დიდი რაოდენობით ფული გაათეთრა. გამოძიების თანახმად, წარუკიანის ხელმძღვანელობით ორგანიზებული სავარაუდო კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ირანის მოქალაქეებთან, ირან-სომხეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიზნით ერთობლივი კომპანია შექმნეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანსა და სომხეთს შორის ლოგისტიკური და სატვირთო გადაზიდვების კავშირის დამყარების საბაბით, ჯგუფმა ირანელი მეწარმეების საკუთრებაში არსებული კომპანიებიდან თაღლითურად შემოიტანა 52 სატრანსპორტო საშუალება, დანადგარი, საწვავი და სხვადასხვა საქონელი. ასევე, ეჭვმიტანილებმა გააყალბეს დეკლარაციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, მიითვისეს დაახლოებით 8.127 მილიარდი დრამის (დაახლოებით 21.073 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი) ღირებულების ქონება. საგამოძიებო კომიტეტი ასევე ამტკიცებს, რომ წარუკიანი, როგორც სომხეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ბენეფიციარი მფლობელი, შეთქმულებაში შევიდა რ.კ.-სთან, რომელიც საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას ეწევა, რათა საწვავის იმპორტის ტრანზაქციასთან დაკავშირებით ირანის მოქალაქისგან, რომელიც ი.ი.-ს სახელით არის იდენტიფიცირებული, თაღლითურად მიეღო 934,465 აშშ დოლარი. გამომძიებლების თქმით, ეს თანხები შემდგომში ინტეგრირდა კომპანიის კანონიერ ბრუნვაში, მათი სავარაუდო კრიმინალური წარმომავლობის დასაფარად.  

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „მაშა და დათვის“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა კულტურის მინისტრს წერილი მისწერა და მოუწოდა, განიხილონ, შეუძლიათ თუ არა „მაშა და დათვის“ ჩვენების შეჩერება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ფორმაა. მულტფილმი, რომელიც ძირითადად რუსულ ზეპირსიტყვიერ ზღაპარზეა დაფუძნებული, YouTube-ზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. მისი შვიდწუთიანი ეპიზოდი, „კატასტროფის რეცეპტი“ 4.6 მილიარდზე მეტჯერ ნახეს. თუმცა შოუ უკრაინის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ორგანომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკეს და მას რუსული „რბილი ძალის“ ნაწილი უწოდეს. მას შემდეგ, რაც Netflix-მა გადაწყვიტა, შეეძინა ანიმაციური სერიალის ორი ახალი სეზონი და გაეფართოებინა მის ჩვენებაზე ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანულ ITV-ს ციფრულ პლატფორმა ITVX-ზეც, ბრიტანელმა კანონმებლებმა რეაგირება მოითხოვეს. წერილს, რომელსაც ხელი მოაწერა პარლამენტის 50 დეპუტატმა ექვსი პარტიიდან, ნათქვამია, რომ მაშას ზოგიერთი გამოსვლა „პროპაგანდისტულია” და „განსაკუთრებული დახვეწილობით არ გამოირჩევა.“ კონკრეტული საჩივრები ეხება ორ ეპიზოდს: ერთში მაშა ტანკისტის ჩაფხუტით ჩანს, ხოლო მეორეში კი - ქუდით, რომელიც „ენკავედეს“ (НКВД - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ქუდს ჰგავს. კანონმდებლების თქმით, ხსენებული სააგენტო „პასუხისმგებელი იყო ათობით მილიონი ადამიანის მასობრივ დეპორტაციაზე, სიკვდილით დასჯასა და დევნაზე.“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ეპიზოდები „აქტიურად უწყობს ხელს საბჭოთა სამხედრო სიმბოლოების ნორმალიზებას მცირეწლოვანი ბავშვების მსოფლიო აუდიტორიისთვის.“ წერილის ავტორები ციტირებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკრაინის ცენტრის კომენტარებს, რომელთა თანახმადაც, „მაშა და დათვი“ „არამხოლოდ ანიმაციური ფილმია, არამედ, რუსული „რბილი ძალის” ინსტრუმენტია“, რომელიც „მაშას საქციელით სხვა ქვეყნების ტრადიციებს დასცინის და საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზებას ახდენს.“ რუსული ანიმაციური სტუდია Animaccord-ი, რომელიც ანიმაციური სერიალის შემქმნელია, ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა მელანი ბონვიჩინომ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება. კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა და ITV-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.  Netflix-ზე ამ რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია, აჩვენებენ. განცხადება არ გაუვრცელებია არც Netflix-ს.  

POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე ეკონომიკურ შეღავათებს შესთავაზებს

POLITICO ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე. გამოცემის წყროების ცნობით, ეს წინადადებები კომისიის „ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ“ სწრაფვის ნაწილია - კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭება, რადგან ისინი რეფორმებს ახორციელებენ - მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. განხილვის პროცესში მყოფი შეღავათები მოიცავს ევროკავშირის გარკვეულ დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას გაწევრიანებამდე, ზუსტი პაკეტი კი, თითოეული კანდიდატი ქვეყნის პროგრესზე იქნება მორგებული. ამ ნაბიჯის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების განხორციელების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულ წევრობამდე წლებია დარჩენილი. ევროკომისია შეეცდება ამ ინიციატივისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ლიდერები უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებას ევროპული ოქტომბრის ან დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებენ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წესებთან და რამდენი რეფორმა განხორციელდა. POLITICO წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.  

მაკრონი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც სირიას ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 ივლისი ოფიციალური ვიზიტით სირიას ეწვევა. ვიზიტისას განიხილება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების და ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო ინტერესის საკითხები. მაკრონი გახდება პირველი დასავლეთ ევროპელი ლიდერი, რომელიც სირიას ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ ეწვევა. ეს ასევე იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი სირიაში 17 წლის განმავლობაში. ბოლო საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ეწვია, ნიკოლა სარკოზი იყო 2009 წელს. მაკრონს თან ახლავს ინვესტორებისა და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლების დელეგაცია.   

სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის მცდელობების შესახებ, რომ გასული თვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთში მცხოვრები სომხები გამოეყენებინა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისის არჩევნებში ხმების 49.8%-ით გაიმარჯვა. კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი მალევე წარადგინეს და განაცხადეს, რომ მათ სურდათ ხმის მიცემა მხოლოდ იმ სომხებისთვის, რომლებიც ქვეყანას იცნობდნენ და ესმოდათ მისი გამოწვევები. მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებდა ფარულ ძალისხმევას, რათა ფაშინიანის ხელახალი არჩევისთვის ხელი შეეშალა. კრემლი შეშფოთებული იყო, რომ ერევანი დასავლეთთან დააახლოვდებოდა და მის ტრადიციულ მფარველ რუსეთს ჩამოშორდებოდა. დასავლური დაზვერვის ხუთ თანამშრომელთან ინტერვიუებისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, სქემა მოიცავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომეხის სომხეთში გადაყვანის გეგმებს, რათა ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა მოეხდინათ. სომხეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  საკმაოდ დიდი დიასპორა ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს.  

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში სიცხის ტალღის დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ივნისის სიცხის ტალღის დროს, რომელმაც მთელ ევროპაში ტემპერატურა მკვეთრად გაზარდა, გარდაცვალების 3700 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ციფრები წინასწარია და შესაძლოა გაიზარდოს. ექსპერტების თქმით, სიცხის ტალღა, რომელიც დაახლოებით 20-28 ივნისს გაგრძელდა, ევროპაში დაფიქსირებული ყველაზე უარესი მაჩვენებელი იყო, რამაც ელექტროენერგიის წარმოების შეფერხება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა გამოიწვია. მეცნიერების თქმით, უკიდურესი სიცხე თითქმის დანამდვილებით კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული. ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაცვლილთაგან 530 იყო 85 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი. ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებით, სიცხის ტალღამ დაახლოებით 480 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ძირითადად 80 წელს გადაცილებულთა შორის. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ 45 წელს გადაცილებულებში სიკვდილიანობის „აშკარა ზრდა“ შეინიშნება. საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ ყველაზე ცხელი დღე 24 ივნისს დაფიქსირდა, პარიზში ტემპერატურამ თითქმის 41 გრადუსს მიაღწია. საფრანგეთში სიცხის პიკის დროს გარდაცვალების 2025 შემთხვევა დაფიქსირდა.  

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე მუნტეანუ თანამდებობას ტოვებს. მას გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. „დღეს ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვადა იწურება. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა,“ - დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში. Reuters-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვევას წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი „პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის“ (PAS). მოლდოვის საპარლამენტო პროცედურის თანახმად, სანდუ კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ჯგუფებთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს. 62 წლის მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც PAS-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მუნტეანუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის ნოემბრიდან იკავებს.   

Politico: ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს

ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებას განიხილავს. საკითხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის ანკარაში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს წამოიჭრა. იუწყება მედია. Politico-ს ინფორმაციით, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი და შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი მაგნუს ბრუნერი. მოლაპარაკებები თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების პროცედურების გამარტივების შესაძლო ნაბიჯებს შეეხო, რაც ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხია. თურქეთი 25 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მოლაპარაკებები, რომელიც ექვსი წლის შემდეგ დაიწყო, 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის კრიტიკის გამო. ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის წესს ამარტივებს ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის  

„მწვანე ბარათზე“ განაცხადის შეტანის წესში ცვლილებაა

აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა „მწვანე ბარათის“ მისაღებად, განაცხადი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა შეავსონ. აშშ-ის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურმა ახალი წესის შესახებ გამოაცხადა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აშშ-ში იმყოფებიან და რომლებსაც „მწვანე ბარათის“ მიღება სურთ, განაცხადის შეტანა საკუთარი ქვეყნიდან მოუწევთ და არა აშშ-დან. აქამდე მოქალაქეებს შეეძლოთ აშშ-ში ყოფნისას შეეცვალათ სტატუსი და იქვე მიეღოთ მუდმივი ბინადრობა („Adjustment of Status“). ახალი პოლიტიკა ამ პრაქტიკას ზღუდავს და მოქალაქეს საკონსულო პროცედურის გასავლელად, უკვე სამშობლოში დაბრუნებას ავალდებულებს. ახალი წესი განსაკუთრებით ეხება დროებითი ვიზით მყოფ ადამიანებს — სტუდენტებს, სამუშაო ვიზის მფლობელებს (მაგალითად H-1B), ტურისტებს და სხვებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკა შეიძლება, ოჯახების დაშორებისა და ზოგი ადამიანისთვის საფრთხის შემცველიც კი გახდეს. ახალ წესში წერია, რომ „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ გამონაკლისები შეიძლება, დაუშვან, მაგრამ ეს პუნქტი ჯერ ზუსტად არ არის განმარტებული. ასევე ბოლომდე გარკვეული არ არის: იმოქმედებს თუ არა ახალი წესი უკვე შეტანილ განაცხადებზე, რამდენ ხანს მოუწევთ ადამიანებს ქვეყნის გარეთ ყოფნა, ყველა კატეგორიას ერთნაირად ეხება თუ არა ახალი პოლიტიკა.  

უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა რუსეთის FSB-ს უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პოლკოვნიკი დმიტრო კოზიურა საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს. მანამდე ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის უფროსი იყო. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ კოზიურა დათანხმდა ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი“ ინფორმაციის გაზიარებას და ამიტომ, ის იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს. „მისი საქმიანობა მოიცავდა SBU-ს სამეთაურო პუნქტებზე ჯაშუშობას და რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგების „სისტემატურად“ გაზიარებას, მათ შორის დაჭრილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობაზე ინფორმაციას,“ ნათქვამია გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს ოფისის განცხადებაში. კიევის შევჩენკოვის რაიონულმა სასამართლომ კოზიურა დამნაშავედ ცნო სამხედრო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატში და იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გამოყენებაში.  

მეფე ჩარლზ III პირველი მონარქია, რომელმაც საკუთარი გადასახადების ოდენობა გაასაჯაროვა

მეფე ჩარლზი გახდა პირველი მონარქი, რომელმაც საჯაროდ გაამჟღავნა საკუთარი საგადასახადო ვალდებულება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მან 2024–2025 ფინანსურ წელს 12.9 მილიონი ფუნტის გადასახადი გადაიხადა.“ მეფე მის მიერ გადახდილი გადასახადების დონით, დიდი ბრიტანეთის 100 უმსხვილეს გადასახადის გადამხდელთა სიაშია.  უელსის პრინცმა განაცხადა, რომ იმავე პერიოდში 7.76 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.  

ვენესუელაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, სამაშველო სამუშაო გრძელდება. 4300 ადამიანი დაშავდა. კარაკასსა და მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში ისმის ადამიანების ხმები, რომლებიც დანგრეული შენობების ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ. ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. სულ რაღაც 39 წამის შემდეგ კი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.  

აზერბაიჯანულმა Azertelecom-მა და სომხურმა Telecom Armenia-მ ინტერნეტის ტრანზიტზე შეთანხმება გააფორმეს

AzerTelecom-მა და Telecom Armenia-მ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც სომხეთისთვის აზერბაიჯანის გავლით საერთაშორისო ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი ძირითადი ტერიტორიიდან თავის ექსკლავ ნახიჩევანამდე ინტერნეტის ტრანზიტისთვის სომხეთის ტერიტორიას გამოიყენებს. პროექტის ამოქმედებამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა შესაბამისი ნებართვა უნდა გასცეს. ასეთი შეთანხმებები მიზნად ისახავს რეგიონში კავშირის მარშრუტების დივერსიფიკაციას, ტელეკომუნიკაციების ქსელების საიმედოობის კიდევ უფრო გაზრდას და ტელეკომუნიკაციების სექტორში თანამშრომლობის ხელშეწყობას. ცნობისთვის, AzerTelecom-ი წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა აზერბაიჯანში. ის ახორციელებს ტრანსკონტინენტურ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ევროპასა და აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის შექმნას. AzerTelecom მოქმედებს Azerconnect Group-ის ფარგლებში, რომელიც NEQSOL Holding-ის ნაწილია. Telecom Armenia-ს, ინდუსტრიაში 100 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს.  

კირ სტარმერმა თანამდებობა დატოვა

კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ლონდონში, პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში სულ უფრო ხშირად იყო შეკითხვა, არის თუ არა საუკეთესო ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალი არჩევნებისკენ გაუძღვება, საპარლამენტო ფრაქციისგან ამ შეკითხვაზე პასუხი მოისმინა და ამ პასუხს ღირსეულად იღებს.   გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 2024 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს.   კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი იდგა. როგორც BBC წერს, ბრიტანეთში სტარმერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა. კირ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა. ცნობისთვსის, 2026 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტები დამარცხდნენ.  

რა წერია აშშ-ირანის შეთანხმებაში

BBC აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზში, ვერსალის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერთა სამიტის მონაწილეებს, ოფიციალურად მოაწერა ხელი ირანთან მიღწეულ შეთანხმებას. ამერიკისა და ირანის პრეზიდენტების მკიერ ცალ-ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მათ შორის ლიბანში და ირანისთვის სანქციების მოხსნას.  14-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის სახელითაა ცნობილი, ცხადჰყოფს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ის ასევე ითვალისწინებს 300 მილიარდი დოლარის გამოყოფას ქვეყნის „რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ - თუმცა აშშ-ს ამ საკითხში არ მოეთხოვება წვლილის შეტანა. როგორც ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, აშშ-სთან შეთანხმება აჩვენებს, რომ თეირანმა „თავისი ღირსება და დამოუკიდებლობა არ გაცვალა რაიმე საფრთხის ან ზეწოლის სანაცვლოდ.“ ხსენებული შეთანხმება კონფლიქტის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ გაცხადდა.    რა ვიცით ზოგიერთი ძირითადი პუნქტის შესახებ. საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტა 30 დღის განმავლობაში და შემდეგ ირანის საზღვრებიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანა 30 დღის განმავლობაში;ჰორმუზის სრუტის გახსნა. 60 დღის განმავლობაში ნაოსნობა გადასახადის გარეშე. ირანმა ომანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს ჰორმუზის სრუტის შესახებ ფართო და გრძელვადიანი შეთანხმება; ირანი არასდროს შექმნის და არ შეიძენს ბირთვულ იარაღს. ირანი და აშშ ითანამშრომლებენ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით; ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება; აშშ რეგიონში თავის პარტნიორებთან ერთად შექმნის ფონდს (სულ მცირე 300 მილიარდი აშშ დოლარი) ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. დონალდ ტრამპმა 17 ივნისს განაცხადა, რომ თუ ირანი ვალდებულებებს არ შეასრულებს, სამხედრო ოპერაცია განახლდება. ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა, რომელიც ჩართული იყო აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ თუ აშშ თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას არც ირანი გააკეთებს. აშშ-ისა და ირანის წარმომადგენელთა ოფიციალური შეხვედრა 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.  

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სარკინიგზო მარშრუტი მიმდინარე თვეში ამოქმედდება

ცენტრალური ევროპიდან აღმოსავლეთ ევროპამდე, მგზავრებს მხოლოდ ერთი მატარებლის სერვისით მგზავრობა შეეძლებათ. პოლონეთიდან გერმანიამდე ბილეთების ფასი 10 ევროდან იწყება და ევროპულ ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი მატარებლის სერვისი მოგზაურებს კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე გრძელ პირდაპირ მარშრუტს შესთავაზებს.  პრაღაში დაფუძნებული კერძო ოპერატორი Leo Express ამ მარშრუტზე ოპერირებას 25 ივნისს იწყებს. სარკინიგზო ხაზი 1300 კილომეტრზე მეტს მოიცავს. მარშრუტი გერმანიის, ჩეხეთისა და პოლონეთის ძირითად ურბანულ ცენტრებს უკრაინის საზღვრამდე, თითოეული მიმართულებით ყოველდღიურად, ერთი რეისით დააკავშირებს. ხაზი, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარე პოლონეთის ქალაქ პრჟემიშლიდან დაიწყება, კრაკოვს, ოსტრავას, პრაღას, დრეზდენს, ლაიფციგსა და ერფურტს გაივლის, მაინის ფრანკფურტსა და ფრანკფურტის აეროპორტში დასრულდება.  

აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთში დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს

ვაშინგტონი ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე განთავსდა. საელჩო უპილოტო საფრენ აპარატზე რეაგირების სახელმძღვანელოს ავრცელებს. „უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანქტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში, უნდა დაიცვათ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და მოძებნოთ თავშესაფარი. უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი,“ -  ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების შესახებ ფოტოების გასაჯაროებას. ისინი აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. „არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს. რუსეთის კანონი კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები. აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში.“ ზელენსკი: უკრაინას აქვს იმდენად ძლიერი ინსტრუმენტები, რომ მოსკოვისთვის დიპლომატია ერთადერთი არჩევანი გახდეს უკრაინის მიერ დრონებით მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვის ოთხი აეროპორტი დროებით დაიხურა და 500-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო.  

ლუკაშენკო: უკრაინას ბელორუსისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რიმ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ მისი კომენტარები გამოწვეული იყო უკრაინის მხრიდან მუქარებით, მათ შორის განცხადებებით, რომ კიევმა ბელორუსში ასობით პოტენციური სამიზნე გამოავლინა და მისი ადგილსამყოფელიც იცოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსის მხრიდან სამხედრო ქმედებების მოლოდინი არ უნდა იყოს.  ლუკაშენკოს თქმით, ბელორუსი სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადია, რადგან ქვეყანა უკრაინელი სამხედროებისთვის „ხელის გულზე“ დევს. მისი განცხადებით, ბელორუსის ომში ჩაბმის შემთხვევაში, ფრონტის ხაზი 1,5 ათასი კილომეტრით გაიზრდება. „ომის აღნიშნული მიმდინარეობისას ჩვენ ამ მონაკვეთის დაცვას ვერ შევძლებთ,“ - განაცხადა ლუკაშენკომ. მანვე აღნიშნა, რომ ომში ბელორუსის ჩართვა ნებისმიერ როლში მიუღებელია. „შესაძლოა, გადავაჭარბე, მაგრამ ეს მისი უადგილო განცხადებების პასუხი იყო: „დიახ, ჩვენ გვაქვს 500 სამიზნე, დიახ, ვიცით, სად არის ლუკაშენკო. ხვალ რაკეტებითა და დრონებით დარტყმას მივაყენებთ.“ ჩუმად ვიყავი. ყველას უკვირდა, რომ ჩუმად ვიყავი. მივხვდი: ეს ადამიანი ზეწოლის ქვეშ იყო, ახალგაზრდა კაცი, გამოუცდელი, ის სამხედრო პირი არაა. შესაძლოა, თავში რაღაც აერ-დაერია. ჩუმად ვიყავი. მაგრამ როდესაც მათ მუქარა დაიწყეს, იძულებული გავხდი, მეპასუხა. თუ ვოლოდიმირ ალექსანდრეს ძე განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი მას ამ სიტყვებისთვის. შესაძლოა, არ უნდა მეთქვა, იმის გათვალისწინებით, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლაშია. შესაძლოა, ასე მკაცრად არ უნდა მესაუბრა ამაზე. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გაიგოს: „როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან,“ - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უფრო მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს. „უფრო მეტიც, მას შესანიშნავად ესმის, რომ ბელორუსისგან, განსაკუთრებით კი ჩემგან, არანაირი სამხედრო ქმედება არ არის მოსალოდნელი. ის უნდა დამშვიდდეს და მიიღოს რეალობა: არ არის საჭირო ჩემი ან ბელორუსების პროვოცირება. ბელორუსში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ისევე სურს მშვიდობა, როგორც მას და უკრაინელებს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიაზე 500 სამიზნე აქვს განსაზღვრული. ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ თუ ბელორუსს საფრთხეს დაემუქრებოდა, უკრაინაში „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეს დაარტყამდა.  

ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას უკვე ხელი მოეწერა და დეტალები „საკმაოდ მალე“ გამოქვეყნდება.  მან ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს გააკეთა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა და ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოლაპარაკებაზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოჰამედ ბაღერ ყალიბაფმა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ამ კვირის ბოლოს ჟენევაში გაიმართება. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ვთქვა: გარიგება სრულად ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია. რამდენიმე ნაღმს ეძებენ, უკვე რამდენიმე იპოვეს. პარასკევს სრუტე სრულად გაიხსნება. ახლო აღმოსავლეთში ბევრი კარგი რამ მოხდება. მთავარი არის, რომ ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი, ისინი ამაზე სრულად დაგვთანხმდნენ, ძლიერი საკონტროლო მექანიზმებით. კარგი საქმე გავაკეთეთ და ვიმედოვნებ, კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე თუ არ მოხდა, დავუბრუნდებით საწყის წერტილს, თუმცა არ მგონია, ეს საჭირო გახდეს. ირანთან გარიგება მსოფლიოს ბევრ სიკეთეს მოუტანს, რადგან ნავთობი იქ დიდხანს იყო ჩაკეტილი. მაკრონი ხანდახან მირეკავდა და მეუბნებოდა – მოდი, ნავთობის ფასებს გავუმკლავდეთ. ახლა ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა და ამით ძალიან ვამაყობ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას. შუამავალი პაკისტანი აცხადებს, რომ შეთანხმება ლიბანში „სამხედრო ოპერაციების“ დასრულებასაც მოიცავს. ირანი იქ ომის დასრულებას შეთანხმების „განუყოფელ“ ნაწილად აღწერს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები ლიბანში განუსაზღვრელი ვადით დარჩებიან. ომის დასრულების მიზნით შეთანხმებას, 14 ივნისს, აშშ-მ და ირანმა პაკისტანის შუამავლობით მიაღწიეს.