უცხოეთი
ზელენსკი: რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ იძულებით შეიძლება„ მშვიდობაზე დაითანხმო რუსეთი. „ერთ დღეს ამ დარბაზში აუცილებლად იტყვიან, რომ რუსეთის მიერ წარმოენული ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდა - არ გაყინულა, არ შეჩერებულა, არავის დავიწყებია. ნამდვილად დასრულდა. და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაცა დაიღალა ომით. იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. ეს ომი დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. უკრაინელების თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ ვიცავთ იმას, რისი დაცვაც ყველა ერს სურს და რასაც გაეროს წესდება ყველას ანიჭებს,“ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "თავისი ნებით არ გაჩერდება", ამიტომ, მხოლოდ იძულებით შეიძლება, რუსეთი მშვიდობაზე დაითანხმო. ბაიდენი გენასამბლეაზე: "არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს"
ბაიდენი გენასამბლეაზე: "არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს"
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღება უმთავრესად ახლო აღმოსავლეთში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომებზე გაამახვილა. ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში მიმდინარე 79-ე ასამბლეას დღეს, 24 სექტემბერს მიმართა. „სრულმასშტაბიანი ომი არავის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა ბაიდენმა ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელ ესკალაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების დასასრულებლად, დიპლომატიური გზის გამონახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომი ღაზის სექტორში უკვე ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მხარეებს, „დაასრულონ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების შეთანხმების პირობებზე“ მოლაპარაკება, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მოიწონა. რაც შეეხება რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირისპირ მყოფ უკრაინას, ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდამჭერებს დაღლის უფლება არ აქვთ. „ჩვენთვის გადაღლა შეუძლებელია, ჩვენთვის შეუძლებელია თვალის არიდება, და არ ვიტყვით უარს უკრაინის მხარდაჭერაზე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს სამართლიანი და მტკიცე მშვიდობით," - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დამსწრეთა შორის განსაკუთრებული აღფრთოვანება და აპლოდისმენტები გამოიწვია არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ხსენებამ. თუმცა, აპლოდისმენტებისგან თავი შეიკავა ჩინეთმა და რუსეთმა, რომელთაც ბაიდენის მიმართვის არც სხვა რომელიმე მონაკვეთზე ჰქონიათ გამოკვეთილი რეაქცია. ასამბლეაზე ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლას 193 წევრი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციები ესწრებოდა. „ჩემო მეგობარო ლიდერებო, არასდროს დავივიწყოთ, რომ ზოგი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა... და ეს შენი ხალხია," - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ. „ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე,“ აცხადებს პენტაგონი. რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 22 სექტემბერს ტელეფონით ისაუბრეს. რაიდერის თქმით, ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ "მიზანმიმართული რჩება აშშ-ის ძალების და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში სიტუაციის სათავისოდ გამოყენებისგან ან კონფლიქტის გაფართოებისგან." ისრაელის არმიამ, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
პაკისტანში, უცხოელი დიპლომატების კოლონაში აფეთქების შედეგად ერთი პაკისტანელი პოლიციელი დაიღუპა და სამი დაიჭრა. დიპლომატები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ისლამაბადში. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე უცხოელი დიპლომატების კოლონა იყო. ამერიკის ხმის ცნობით, პოლიციის წარმომადგენლებმა მსხვერპლის შესახებ ცნობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ყველა დიპლომატი უვნებლად გადარჩა, მათ შორის იყვნენ რუსეთის, პორტუგალიის, ირანის, ინდონეზიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, რუანდის, ზიმბაბვეს, თურქმენეთის, ვიეტნამის და ბოსნია-ჰერცეგოვინის ელჩები. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონის თანმხლები მანქანა პაკისტანის ქალაქ მინგორადან გზაზე ააფეთქეს, როდესაც ხელნაკეთი მოწყობილობა ამოქმედდა. მანქანა სასტუმროსკენ მიდიოდა. დიპლომატებმა ხეიბარ-პახტუნხვის პროვინციაში, სვატის ხეობაში ტურიზმის განვითარების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. „დოიეჩე ველე“ წერს, რომ ეს ტერიტორია არის ბაზა მებრძოლი ჯგუფებისთვის, მათ შორის, პაკისტანის „თალიბანისთვის.“ პრემიერ მინისტრის შეჰბაზ შარიფის ოფისმა განაცხადა, რომ გმობენ თავდასხმას, როგორც "მშიშარა ტერორისტულ აქტს.“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია - არც TTP-ის მებრძოლებს, რომლებიც სამხედრო და პოლიციის ძალებზე პროვინციაში სასიკვდილო თავდასხმებს აწყობენ. „ნობელის პრემიის პაკისტანელი ლაურეატი მალალა იუსაფზაი, რომელიც სვატის მკვიდრი იყო, 2012 წელს დახვრიტეს და მძიმედ დაჭრეს TTP-ის ბოევიკებმა. TTP-ის გაძლიერებული თავდასხმების შემდეგ, პაკისტანის პროვინცია ხეიბერ პახტუნხვაში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, წლის დასაწყისიდან, 100-ზე მეტი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფი ძალადობას ავღანეთის თავშესაფრებიდან აწყობს და მას ხელს უწყობენ „თალიბანის“ მმართველები. ქაბულში „თალიბანის“ მთავრობა, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ არცერთ უცხოურ დაჯგუფებას, მათ შორის, TTP-ს, არ აქვს უფლება, გამოიყენოს ავღანეთის მიწა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ წერს ამერიკის ხმა. შაბათს, 21 სექტემბერს, სამხრეთ-დასავლეთ ბელუჯისტანის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უსაფრთხოების საპატრულო ჯგუფს და ორი ოფიცერი მოკლეს. მესამე ადამიანი მიყენებული დაზიანებების შედეგად კვირას, 22 სექტემბერს გარდაიცვალა. მასალა მომზადებულია AP-ის, DW-ის, და ამერიკის ხმის მიხედვით
კანადა მოლდოვას 120 მილიონი დოლარის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს
კანადა მოლდოვას 120 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს. სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირება მოლდოვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და კანადას შორის დღეს მოხდა. თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტის საჭიროებების დასაფინანსებლად და მსოფლიო ბანკის მიერ შეთავაზებული პროგრამის „მოლდოვაში ზრდისა და მდგრადობის მხარდაჭერის ოპერაციების განვითარების პოლიტიკის“ განხორციელებისათვის. სესხის დაფარვის ვადა 10 წელია, სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ჩათვლით. ხელშეკრულებას 2024 წლის 6 სექტემბერს მოეწერა ხელი.
აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის პორტში შევიდა
აშშ-ის საზღვაო ძალების ატომური წყალქვეშა ნავი ორშაბათს სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ პუსანში მარაგებისა და დანარჩენი ეკიპაჟის შესავსებად შევიდა. იტყობინებიან სამხრეთ კორეის სამხედროები. ინფორმაციას სააგენტო Yonhap News ავრცელებს. სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა გამარტა, რომ დაგეგმილია "მეგობრული გაცვლა" ამერიკელ სამხედროებთან. ეს არის USS Vermont-ის პირველი ვიზიტი სამხრეთ კორეის პორტში. 20 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ ვაშინგტონში ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის მეორე შეხვედრა გამართეს. „ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შეერთებული შტატების ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, მიუღებელია და გამოიწვევს კიმ ჩენ ინის რეჟიმის დასასრულს,“ - ნათქვამია აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა ამ კვირის დასაწყისში, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, მიმდინარე თვეს გამოსცადოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ცნობისთვის, აშშ-ის ატომური წყალქვეშა ნავების ვიზიტები ადრე იშვიათი იყო, მაგრამ ეს ვიზიტები სეულსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმების საფუძველზე გაიზარდა. ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, USS Santa Fe, ნოემბერში სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს პორტში შევიდა. USS Carl Vinson, ამერიკული ავიამზიდი, გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ შეკავების გაზრდის მიზნით, ასევე შევიდა პუსანის პორტში. ასევე წაიკითხეთ: ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეაში, პუსანის პორტში შევიდა
აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთთან "სტრატეგიულ პარტნიორობას" მოელის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სომხეთის პრემიერის ოფისის ცნობით, თავის გზავნილში ბაიდენმა ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის ღრმა კავშირებს და აღნიშნა, რომ სომხეთი და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ უკეთესი მომავლის ასაშენებლად, მათ შორის, ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით. პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის გაძლიერებიდან სუფთა ენერგიისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის ინიციატივების დაჩქარებამდე. „კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები. ეს არის ღირებულებები, რომლებსაც იზიარებენ როგორც ამერიკელები, ასევე სომხები,” - განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი. აშშ-ის ლიდერის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, მან გამოხატა ოპტიმიზმი ერთობლივი მუშაობის გაგრძელების შესახებ, სადაც ყველას შეუძლია, ღირსეულად და უსაფრთხოდ იცხოვროს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის $12 მილიარდით გაზრდას თავდაცვის ხარჯებისთვის
უკრაინა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 სექტემბერს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის 12 მილიარდი დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, ეს თანხა თავდაცვისა და სამხედრო საჭიროებებს მოხმარდება. „კანონი მიზნად ისახავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადაუდებელი ზომების დაფინანსებას, რათა უკრაინამ შეძლოს, დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია განმარტებით ბარათში, რომელიც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდა. საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა როქსოლანა პიდლასამ განაცხადა, რომ დამატებითი 12 მილიარდი დოლარი ძირითადად დაფინანსდება შიდა სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებით და სახელმწიფო ვალის დაფარვასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით. კიდევ 30 მილიარდი Hr (722 მილიონი აშშ დოლარი) მოდის გადასახადების ზრდის შემოსავლებიდან, ხოლო 12,7 მილიარდი Hr (306 მილიონი აშშ დოლარი) - თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდიდან. კანონი უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ 18 სექტემბერს დაამტკიცა.
ფაშინიანმა აშშ-ში სომხეთის სამხედრო ატაშე დანიშნა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ჰრაირ გეღამიანი შეერთებულ შტატებში სომხეთის სამხედრო ატაშე იქნება. გეღამიანი ამ თანამდებობას 23 სექტემბრიდან, სამი წლის ვადით დაიკავებს, მისი რეზიდენცია ვაშინგტონში განთავსდება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სომხეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპასა და კავკასიაში პოლიტიკის საკითხებს ზედამხედველობს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო და სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებზე პასუხისმგებელი უფროს წარმომადგენელი კრისტინ პრინსი სომხეთში არიან. სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი და სომხეთ-თურქეთის დარეგულირების პროცესში სომხეთის რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი მათ 20 სექტემბერს შეხვდა. „განიხილებოდა რეგიონულ უსაფრთხოებასთან და სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები,“ - ნათქვამია სომხეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში. უფრო ადრე კი, 19 სექტემბერს, ჯოშუა ჰაკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანის შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძალისხმევას ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის მისაღწევად, კერძოდ, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ბოლო დროს ვითარდება ინტენსიური დინამიკით, გამდიდრებულია ახალი განზომილებებით, ეს ურთიერთობები ეფუძნება სტრატეგიულ დიალოგს. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აქტიური ჩართულობა სხვადასხვა სფეროში,“ განაცხადა მირზოიანმა სომხეთის საგარეო უწყების ცნობით. მხარეებმა ორმხრივი დღის წესრიგი და რეგიონული საკითხები განიხილეს. „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რათა მივაღწიოთ ახალ ეტაპს, კერძოდ, სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და დაისახა შემდეგი ნაბიჯები. პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან ერთად, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, ორმხრივ ვაჭრობის ხელშეწყობას. რეგიონულ კონტექსტში არარატ მირზოიანმა და ჯოშუა ჰაკმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შედგენილი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების თავიდან აცილებას და შეთანხმებულ ტექსტთან ხელმოწერას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. მინისტრმა მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ინტერესი კარგად ცნობილ პრინციპებზე დაფუძნებული რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით,“ წერს სომხეთის საგარეო უწყება.
ამერიკამ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს,“ - წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების განცხადებით, ხსენებული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს. ოკუპირებულ ცხინვალში დაფუძნებული ბანკი, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა - მედია
გერმანიაში, მოცარტის დღემდე უცნობი პიესა აღმოაჩინეს
გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ბიბლიოთეკაში, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი პიესა აღმოაჩინეს. 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C, რომელიც 21 სექტემბერს შესრულდება ლაიფციგის ოპერის თეატრში. ეს ნაწარმოები ხუთშაბათს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში Koechel-ის ახალი კატალოგის გახსნაზე შესრულდა. ლაიფციგის მუნიციპალური ბიბლიოთეკების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნამუშევარი 1760-იანი წლების შუა ხანით თარიღდება. სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადების პროცესში იპოვეს. სპეციალისტების ვარაუდით, პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მოცარტის ავტორობა ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა მისი სახელობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელმა, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა უკვე გამორიცხა და განმარტა, რომ საუბარია მოზარდი მოცარტის დღემდე უცნობ და სრულიად შესანიშნავ ნაწარმოებზე. მუნიციპალური ბიბლიოთეკების თანახმად, Koechel-ის კატალოგში აღწერილია ნამუშევარი, როგორც "ერთ წყაროში შემონახული - ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი იტალიაში მოცარტის პირველ მოგზაურობამდე დაიწერა.
ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა
ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია მოითხოვს ნიკოლას მადუროს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის გაცემას „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ და „ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის.“ ევროპარლამენტში პირველ რიგში დეპუტატების ულტრამემარჯვენე, მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტულმა ჯგუფებმა დაუჭირეს მხარი გონსალესის პრეზიდენტად ცნობას. ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ისინი პირველად გამოვიდნენ ასეთი ერთიანი ფრონტით. ევროპარლამენტის მემარცხენე დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ და მსგავს ნაბიჯს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. ამის მიუხედავად, სექტემბრის დასაწყისში გონსალესმა ვენესუელა დატოვა - ესპანეთმა მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ვენესუელის ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, 8 ივლისს ნიკოლას მადუროს ხელახალი არჩევის შემდეგ, ვენესუელის ხელისუფლებამ გააძლიერა თავისი „ცნობიერი და დაგეგმილი ქმედებები (...) ოპოზიციის გაჩუმების, მოგერიებისა და ჩახშობის მიზნით“, აამოქმედა „რეპრესიული აპარატის ყველაზე მკაცრი და სასტიკი ფორმები.“ მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს კენჭისყრის ორგანიზებას, მათ მწვავედ გააკრიტიკეს ეროვნული საარჩევნო საბჭო (NEC) ხმების დათვლის წესების დარღვევისა და მადუროს გამარჯვებულად გამოცხადების გამო, ვიდრე საარჩევნო უბნის შედეგები გამოცხადდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის მიხედვითაც, აშკარად გაიმარჯვა გონსალესმა და ხმების 67% მიიღო. არჩევნებიდან შვიდ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია კენჭისყრის ოქმები, როგორც ამას ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი ითხოვდა, იტყობინება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. აშშ-მ ვენესუელის არჩევნებში გამარჯვებულად მადუროს ოპონენტი აღიარა
უკრაინა პირველად შეუერთდა NATO-ს წვრთნებს, რომელიც ანტი-დრონების სისტემების ფუნქციონირებას მიეძღვნა
10-დან 20 სექტემბრამდე, ნიდერლანდებში, NATO-ს 19-მა მოკავშირემ და სამმა პარტნიორმა ანტი-დრონის სისტემების შეუფერხებლად მუშაობის უნარები შეამოწმეს. წვრთნებში 450 მონაწილე იყო ჩართული. NATO-ს უპილოტო საჰაერო ხომალდების სისტემის (C-UAS) ტექნიკური თავსებადობის წვრთნების (TIE) დროს, შემოწმდა 60-ზე მეტი სისტემა და ტექნოლოგია, როგორიცაა, სენსორები, უპილოტო თვითმფრინავების სისტემები, ჩამკეტები და სხვა. უკრაინის პირველი აქტიური მონაწილეობა წვრთნებში, NATO-უკრაინის ინოვაციური თანამშრომლობის საგზაო რუkის ნაწილია, რომელიც მოკავშირეთა და უკრაინის ლიდერებმა ვაშინგტონის სამიტზე დაამტკიცეს. „ყოველწლიური წვრთნები იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, ერთად გადაიჭრას მწვავე გამოწვევები. ტექნოლოგიების ინტეგრირება NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში (IAMD), მნიშვნელოვანია ალიანსის გაძლიერებული შეკავებისა და თავდაცვის პოზიციისთვის. 2024 წლის ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა გადადგეს ნაბიჯები NATO-ს ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის (IAMD) მზადყოფნის, პასუხისმგებლობისა და ინტეგრაციის შემდგომ გასაუმჯობესებლად და შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული არქიტექტურის დანერგვას,“ აცხადებენ ალიანსში.
Meta RT-ს და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიაქსელებს კრძალავს
Facebook-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ განაცხადა, რომ RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედიაქსელებს აკრძალავს. კომპანიამ გადაწყვეტილების მიზეზად მათი „უცხოური ჩარევის მცდელობა“ დაასახელა. „ფრთხილი განხილვის შემდეგ, გავაფართოვეთ ჩვენი მიმდინარე აღსრულება რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT და სხვა დაკავშირებულ სუბიექტები აიკრძალება ჩვენს აპლიკაციებში გლობალურად უცხოური ჩარევის აქტივობის გამო,“ - ნათქვამია კომპანიის წერილობით განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება. Facebook-ის გარდა Meta-ს აპლიკაციები მოიცავს : Instagram-ს, WhatsApp-სა და Threads-ს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბერში განაცხადა, რომ მუშაობს მთელს მსოფლიოში მთავრობების ინფორმირებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი RT-ის ფარული საქმიანობის განსახორციელებლად იყენებს და მათ მოუწოდა, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა ჩაერიოს უცხო ქვეყნების არჩევნებში. RT-ს უკვე მოუწია ფორმალური ოპერაციების შეჩერება გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ევროკავშირში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო. მანამდე, ვაშინგტონმა კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი RT და მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, მარგარიტა სიმონიანი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებით აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის და მისდამი ნდობის შერყევის მცდელობაში. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი ევროკომისიამ ტექნოლოგიურ გიგანტებს ევროპარლამენტის არჩევნების დროს დეზინფორმაციისგან დაცვა სთხოვა
თურქული Albayrak-ი აცხადებს, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდას ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით გეგმავს
Albayrak-ი აპირებს, გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით, განაცხადა ALBAYRAK GROUP/Trabzon Port Cumhur Guzelciftci-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა სესიაზე, "საზღვაო პორტები და ტერმინალები, ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში. ინფრასტრუქტურის განვითარება შავი და კასპიის ზღვების რეგიონში.“ მანვე აღნიშნა, რომ ალბაირაკი აზერბაიჯანელ ინვესტორებს შორის მთავარი მოთამაშეა. „ტრაპიზონის პორტი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე იქცა ალტერნატიული მარშრუტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კვანძად. დღეს ტრაპიზონის პორტი რეგიონის ლოგისტიკურ კვანძად იქცა განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტში თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობის გამო. ჩვენი გეგმები ასევე მოიცავს შიდა სატრანსპორტო მოდელის მთავარი ბიზნეს პარტნიორის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია ცენტრალური აზიიდან თურქეთში ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება ევროპასა და აფრიკაში შემდგომი მიწოდებით. ამ კუთხით ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა ბაქოსა და ტრაპიზონის გავლით.“ ცნობისთვის, შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას, გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ტრადიციული ჩრდილოეთ დერეფნის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
აზერბაიჯანის გაზიფიკაცია ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს - Azerigaz
აზერბაიჯანში გაზიფიკაციის დონე 97 პროცენტს უახლოვდება, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, განაცხადა სოკარის Azerigaz-ის წარმოების გაერთიანების ხელმძღვანელმა აზერ მამედოვმა ბაქოში მიმდინარე ფორუმის დროს. „გაზიფიკაციის მხრივ, ჩვენი ქვეყანა აჭარბებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა, ნიდერლანდები, საქართველო, იტალია და დიდი ბრიტანეთი. გაზიფიცირების სამუშაო გრძელდება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ინტეგრაციის გათვალისწინებით," - განაცხადა მამედოვმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზის გამანაწილებელი ქსელის ამჟამინდელი სიგრძე 73 ათას კილომეტრს აჭარბებს და ის 2,6 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უზბეკეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები პირველად ჩავიდნენ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით
უზბეკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს. დეპარტამენტის ცნობით, დოკუმენტს 13 სექტემბერს, ვაშინგტონში მოწერე ხელი, უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის აკმალხუჟი მავლონოვსა და აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის კომისარ ტროი მილერს შორის შეხვედრის ფარგლებში. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს უზბეკეთის მებაჟეების პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა საბაჟო სფეროში, ნარკოტრაფიკის, ფულის გათეთრების, ადამიანებით ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. მსგავსი ორმხრივი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა გააფორმა მსოფლიოს მხოლოდ 17 ქვეყანასთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საბაჟო სფეროში და უზბეკეთი მე-18 ქვეყანაა ამ სიაში. ორი ქვეყნის მებაჟეებს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა აშშ-ის სასაზღვრო და საბაჟო სამსახურის სპეციალისტების უზბეკეთში მიწვევის, ასევე - აშშ-ში უზბეკი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. აშშ-ის შეფასებით, ქვეყნებს შორის შეთანხმება სამართალდამცავ და საბაჟო სფეროში მხარდაჭერას აძლიერებს. „ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი აშშ-ის ურთიერთობებში უზბეკეთთან, რომელიც აფართოებს ჩვენს ისედაც მჭიდრო პარტნიორობას საზღვრის უსაფრთხოებისა და სავაჭრო ძალისხმევის კუთხით,“ განაცხადა ტროი მილერმა, აშშ-ის საზღრის დაცვის მაღალჩინოსანმა, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს. მილერის შეფასებით: „აშშ-ის საბაჟო სამსახური და საზღვრის დაცვა აფასებს ჩვენს პარტნიორობას უზბეკეთთან ჩვენი ორმხრივი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს კანონის აღსრულების გაძლიერებას და უფრო ეფექტიანი ვაჭრობის ხელშეწყობას.“ „ჩვენს თანამშრომლობას CBP-თან, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისა და საბაჟო კონტროლის პროცესების გასაუმჯობესებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, რადგან ის გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა - საბაჟო კონტროლის პროცედურების ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება,“ განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აკმალხუჯა მავლონოვმა. შეთანხმება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს, გაცვალონ ინფორმაცია, რითაც გააძლიერებენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. შეთანხმება ასახავს შეერთებული შტატების ვალდებულებას უზბეკეთის საბაჟო ორგანოებთან მუდმივი ურთიერთობისა და თანამშრომლობისადმი საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის, ტერორისტებისგან ქვეყნების საზღვრების დაცვაზე, ნარკოტრეფიკერებთან ბრძოლასა და ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების ოპერაციების ჩაშლაზე. CMAA არის ორმხრივი შეთანხმებები შეერთებულ შტატებსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც აღსრულებულია მათი შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციების მიერ. ისინი უზრუნველყოფენ ინფორმაციისა და მტკიცებულებების გაცვლის საკანონმდებლო ბაზას, რათა დაეხმაროს ქვეყნებს საბაჟო კანონების აღსრულებაში, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების, ტრეფიკინგის, გავრცელების, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობების ჩათვლით. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მილერი ბრიუსელს, 2024 წლის ივნისში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე დასასრწებად ეწვია. დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სან ანტონიოს საერთაშორისო აეროპორტსა და ლარედოს შესასვლელ პორტში. შეგახსენებთ, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობა აშშ-სთან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში 48%-ით გაიზარდა. 2024 წლის პირველ რვა თვეში ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 64%-ით მეტია. ცნობისთვის, აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვა (CBP) არის ამერიკის უდიდესი სამართალდამცავი ორგანიზაცია და მსოფლიოში პირველი ერთიანი საზღვრის მართვის სააგენტო. „CBP-ის 65000+ მამაკაცი და ქალი იცავს ამერიკას მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ უსაფრთხო, კანონიერ მოგზაურობას, ვაჭრობას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის უსაფრთხოებას ინოვაციების, დაზვერვის, თანამშრომლობისა და ნდობის მეშვეობით,“ წერს ამერიკული CBP. ინფორმაციისთვის: ცენტრალური აზიის ქვეყნები რუსეთთან ერთად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ნაკლებია სასაზღვრო კონტროლი. 2024 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი და აშშ სანქციებისათვის გვერდის ავლის შეჩერებაზე დიდი ხანია, მუშაობენ. საუბრობდნენ სისტემის უკეთ გამართვაზე, „ხვრელების“ ამოვსებასა და აღსრულების ნაწილის გაძლიერებაზე. გასულ წელს, დევიდ ო’სალივანი, იმჟამად, ევროკავშირის ელჩი სანქციების იმპლემენტაციის დარგში აქტიურად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღში აღმოჩენილია ევროკავშირში წარმოებული 770-მდე ნაწილი. ამასთან, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი მიუთითებდნენ, რომ 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში იმგვარი საქონლის იმპორტი, რომლებსაც ორმაგი გამოყენება აქვთ - სამოქალაქოც და სამხედროც. ეს საქონელი, როგორც წესი, გერმანული ან ჰოლანდიურია და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით ხვდება. ევროპასთან ვაჭრობას უკეთესი პერსპექტივები მოაქვს, ვიდრე რუსეთთან - დევიდ ო’სალივანი
რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას - Reuters
Reuters-ის ცნობით, ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელის ვაჭრობა არ შეუჩერებია. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა. „რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს,“ ამბობენ წყაროები, რასაც საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს. ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები. ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან უკრაინას, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს თხოვნას ოფიციალურ კომენტარზე, რომლითაც მათ Reuters-მა მიმართა.
ზელენსკი: უკრაინის გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული. ზელენსკის განმარტებით, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც რუსეთის აგრესიას უბრალოდ, სხვა ეტაპზე გადაიყვანს, არ არსებობს და არ შეიძლება, იყოს მშვიდობის ალტერნატივა. „დღეს უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული - ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. 16 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვების გეგმა 90%-ით იყო მზად. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.