პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ქაოსის და ნგრევის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება და რაც 2008 წელს საქართველოში ხდებოდა, რუსეთი დგას

„ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. „ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ, საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩის თქმით, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით. „რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის, სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - აღნიშნა დიპლომატმა. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“  

ევროკავშირი: ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულნი

„2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს,“ - შესაბამისი განცხადება ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გადასასვლელების დაკეტვით და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებებით. ევროკავშირი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. „გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. „ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია: „მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი არავის ურჩევს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტების“ აღებას. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას" ცნობით, ინტერვიუში, რომელიც აფხაზური ტელევიზიის ეთერში 19 სექტემბერს, საღამოს გავიდა, ბჟანიამ განაცხახა, რომ „ძალიან გააკვირვა" ადგილობრივი „პარლამენტის" ყოფილი დეპუტატის, ლეონიდ ჩამაგუას განცხადებამ, რომ აფხაზებმა „ნეიტრალური პასპორტებით“ უნდა ისარგებლონ. გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა ზოგიერთ „ურჩ" აფხაზს შესაძლოა, რუსეთის მოქალაექობა ჩამოართვას, ჩამაგუასთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენონ „გაეროს მიერ შეთავაზებული“ ეს პასპორტები, თუ მაგალითად, ადამიანს მძიმედ დაავადებული ნათესავი ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება. ამ მოსაზრების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „ნეიტრალური პასპორტების“ მიღების ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ, „როგორც ჩანს, ვიღაც ამისთვის უკვე მზად არის.“ ე.წ. პრეზიდენტის თქმით, ეს „პირობითად ნეიტრალური პასპორტებია“, იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და წარმოადგენს თბილისის მიერ „ოკუპირებულად წოდებული" აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამის ნაწილს. „მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები. გვაქვს ჩვენი მოკავშირის(რუსეთის) პასპორტები და ეს სრულიად საკმარისია,“ - განაცხადა ბჟანიამ. ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ, აიღონ ჰუმანიტარული ხასიათის ორი საბუთი - პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. მოწმობით შესაძლებელია სოციალური მომსახურების უფასოდ მიღება, ნეიტრალური დოკუმენტით კი - საზღვარგარეთ გამგზავრება.  

რა მიზნით ეწვია საქართველოს NATO-ს გენმდივნის თანაშემწის მოადგილე

16-19 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ამბობენ, რომ ბურჯუ სანის ვიზიტი შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობას და NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს.  ბურჯუ სანი საქართველოს ადრე ხშირად სტუმრობდა, თუმცა ეს მისი პირველი ვიზიტი იყო გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში. ვიზიტის განმავლობაში ის დაესწრო NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 10 წლის იუბილეს, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, პაატა პატიაშვილს, NATO-ს წევრი სახელმწიფოების ელჩებს და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებს. ქალბატონი ბურჯუ სანის განცხადებები შეეხებოდა NATO-საქართველოს ურთიერთობებს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს, რეგიონში და რეგიონს მიღმა უსაფრთხოების მდგომარეობასა და ივლისში გამართული NATO-ს ვაშინგტონის სამიტის შედეგებს,“ აცხადებენ NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. როგორც მან აღნიშნა: „გასული ათწლეულის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიულმა ინიციატივებმა აღსანიშნავი პროგრესი განიცადა. შეგვიძლია, ამ მიღწევებით ვიამაყოთ. წარმატებული 10 წლის შემდეგ NATO საქართველოსთან პარტნიორობის ერთგული რჩება და ამავდროულად ხაზს უსვამს NATO-ს ღირებულებების მნიშვნელობას.“ საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესა და NATO-ს წარმომადგენლის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნის განხორციელებას. „NATO-ს მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, აღინიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო სანდო პარტნიორს წარმოადგენს და განსაკუთრებით აფასებენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ქართულმა მხარემ კი, დაადასტურა, რომ NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესის პარალელურად, მზადაა, გააგრძელოს ქმედითი ჩართულობა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.   აღსანიშნავია, რომ NATO და ქართული მხარე შეხვედრამდე NATO-ში ინტეგრაციის პრაქტიკული მექანიზმის - NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. 2014 წლიდან დღემდე SNGP-ის ფარგლებში 20 ინიციატივა განხორციელდა. ინიციატივები თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს და ალიანსის წევრების ჩართულობით მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ქვეყნის NATO-ს სტანდარტებთან დაახლოებას. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის არის NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS),“ აცხადებენ საგარეო უწყებაში. გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა NATO-ს სამხედრო განათლების ყოველწლიურ სერჟანტთა აკადემიებისა და სკოლების კონფერენციაზე, რომელსაც წელს საქართველომ უმასპინძლა.   NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან    

მილერი: საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს შორდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველო ანტიდემოკრატიული ქმედებებით შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მან შესაბამის შეკითხვასზე საპასუხოდ ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად - 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. „ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის ჯერ ბოლომდე არ გამხდარა კანონი, ჯერ კიდევ არის კითხვები ამ კანონპროექტთან, საბოლოო სტატუსთან დაკავშირებით, გახდება თუ არა კანონი. თუმცა როგორც თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველო ანტი-დემოკრატიული ქმედებებით, მოწყვლად და მარგინალიზებულ ხალხზე ზეწოლით... და ეს კანონი ამას შეესაბამება, შორდება თავისივე გამოცხადებულ სურვილსა და ხალხის აშკარა სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ,“ - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, „ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი.“ ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.“ სუს-ში აცხადებენ, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლები აძვი და ახალუბანი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის ორი მცხოვრები ორი დღის წინ დააკავეს. ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.  

პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს, რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ცხინვალს შორის „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შეთანხმება“ წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.“ „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს, 19 სექტემბერს, გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი დოკუმენტი დუმის მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა. მას თან ახლავს რუსეთის მთავრობის დასკვნა, რომ ამ „ხელშეკრულების რეალიზაცია ხელს შეუწყობს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით.“ რუსეთის და მის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „მთავრობებმა“ ეს „ხელშეკრულება“ 2023 წლის 23 აგვისტოს ცხინვალში გააფორმეს. საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მაშინ განაცხადა, რომ თავს „რუსული სამყაროს ნაწილად“ გრძნობენ და ყოველთვის მიისწრაფოდნენ „რუსეთთან ერთად ყოფნისკენ.“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რომლის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან ომის შემდეგ აღიარა, რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხე ბაზაა განთავსებული. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანის მისი ძალები საქართველოდან.  

სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს არ გამორიცხავს

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის შესაძლებლობა მომავალში. „ჩვენ ვახორციელებთ გაზის იმპორტს რუსეთიდან, ასევე შემოგვაქვს გაზი ირანიდან,“ - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის გლობალურ სამიტზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანში გაკეთდა განცხადებები, რომ სამომავლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთს შეეძლო აზერბაიჯანიდან გაზის შემოტანა. თუ წარმოვიდგენთ სატრანზიტო მილსადენს, რომელიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე, მაგალითად, ნახჭევანისა და თურქეთის მიმართულებით, ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული,“ - განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანისგან ბუნებრივი აირი შეისყიდოს  

ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა

„ერევანმა გააყინა მონაწილეობა CSTO-ში (ОДКБ) მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, არსებობას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ჩვენ გავყინეთ ჩვენი წევრობა CSTO-ში არამხოლოდ იმიტომ, რომ ორგანიზაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებებს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, CSTO საფრთხეს უქმნის სომხეთის უსაფრთხოებას, სომხეთის შემდგომ არსებობას, მის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, სომხეთს შეუძლია, სრულად აღადგინოს მონაწილეობა ორგანიზაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერევანი მიიღებს კონკრეტულ, ზუსტ პასუხებს დასმულ კითხვებზე. ფაშინიანმა 25 მარტს განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), მაგრამ არ ბლოკავს მის გადაწყვეტილებებს. 13 ივნისს, ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა, რომ ერევნის შემდეგი „ლოგიკური ნაბიჯი“ იქნება CSTO-დან გამოსვლა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი აპირებს განავითაროს თანამშრომლობა ევროკავშირთან, ასევე საქართველოსა და თურქეთთან. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მზადაა, ევროკავშირს უფრო დაუახლოვდეს იმდენად, რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს. „საიდუმლო არ არის, რომ სომხეთში ჩემი განცხადების შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა: ოფიციალურად უნდა აიღოს თუ არა სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულება. მაგრამ აქ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალმხრივი ან თუნდაც ორმხრივი ქმედება. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ პრობლემების ფორმულირებაში, რათა არ შევქმნათ შემდგომი იმედგაცრუება ჩვენს ხალხში ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში. ასევე აუცილებელია, ფიზიკურად წარმოვიდგინოთ სომხეთის გაწევრიანება ევროკავშირში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვითარდება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO), სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება  

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს.  „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,“ წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს  

ამერიკის ელჩი: ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი მსოფლიოში არ არსებობს

ამერიკის ელჩის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. „საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-სა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, როგორც პრემიერმა გუშინ გააკეთა - არცერთი არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას ახდენს დასავლეთისგან, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან, არ არის ქართველი ხალხის ინტერესებში. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთადაა, და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს არ ემსახურება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ქართველი ხალხისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ დახმარებას საქართველოს გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო აყვავებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი, და განცხადებები, რომელიც საქართველოს შეერთებული შტატებისგან იზოლირებას ცდილობს, არავისთვისაა სასარგებლო. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა  

ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის. „საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს,“ წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.  

ჰელსინკის კომისია სანქციებზე: ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს,“ - შესაბამის განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის გვერდზე ავრცელებს. „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი სანქციები, ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა. საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ შიშის გარეშე. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ კანონებს იცავს და მათ თავისუფლებებს სცემს პატივს. ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,“ წერს ჰელსინკის კომისია. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.  

მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს შეკითხვებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით. სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. „სანქციების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, არამედ, სხვა ჯგუფების გადაწყვეტილება იყო და ახლახან მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ "ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა." რა პასუხი გაქვთ ამაზე?“ მიმართა ჟურნალისტმა მილერს. „არ ვაპირებ, ამ საკითს შევეხო. ვიტყვი, რომ შეერთებულ შტეტებში, მსოფლისო სხვა ქვეყნებისგან განსხავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (makes our policy choices) იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა,“ უპასუხა მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.

კოკოითის თქმით, „საქართველომ ე.წ. სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს“

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „პრეზიდენტი“ იყო, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბოდიშის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის.“ „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ... ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა,“ - დაწერა მან ტელეგრამზე. კოკოითი მიიჩნევს, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, ასევე დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“. „სამხრეთ ოსეთისთვის“ 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები საუბრობდნენ მანამდე, არასაკმარისია. მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ,“ - ამბობს კოკოითი. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.“ 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ომი სააკაშვილის რეჟიმმა გარე დაკვეთით დაიწყო.“ შეგახსენებთ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.  

პრემიერი ელჩს: ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.“ „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“  

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი.“ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ს ინფორმაციაში.  

რა შედეგით დატოვეს პრეზიდენტის სასახლე მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლე დატოვეს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე - რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. „დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება, იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა,“ – განაცხადა ხაზარაძემ. „სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, იგივე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ  ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.“ თავის მხრივ, გიორგი გახარიას თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა, ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო. ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ყოველთვის, საქართველოში ჩვენი მოღვაწეობის ყოველდღე სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებდით პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე, რათა პოზიცია დააფიქსიროს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. „მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი ერთმანეთს თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ვხედავთ ან შემძრახავთ, ამასაც მივიღებ,“ უპასუხა გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ „მისთვის დღეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს, 26 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება.“ „კი არ გაქრეს, ვერ შეძლოს, ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ქვეყნის ხელისუფლებაში, რადგან ეს დაუშვებელია. ეს შეთანხმება ამას თუ ხელს შეუწყობს, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე რას ფიქრობდა ჩემზე ან რას ამბობდა. დიდი მიზანია, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ახლა მე რომ დავიწყო საუბარი, ხაზარაძემ ეს თქვა და გაბუტული ვარ, არასერიოზული იქნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო. ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.  

EUMM: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხურჩის რაიონში დროებით დააკავეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აცხადებს, რომ მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების დროს ხურჩის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათივე ცნობით, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შემდეგ ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. „დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს  ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს," - წერია EUMM-ის განცხადებაში.  

ბაქო: აზერბაიჯანმა და საქართველომ სახელმწიფო საზღვრის 2/3 შეათანხმეს, საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე სადავო საკითხები არ არის, არის საკითხები, რომლებიც არ არის შეთანხმებული,“ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ Report-თან ინტერვიუში. „სტრატეგიული სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესებს, არამედ, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს უფრო ფართო რეგიონში, ხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ჰაჯიზადამ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს შრომატევადი საკითხია. „1996 წლიდან ორ ქვეყანას შორის შესაბამისი კომისია მუშაობს დელიმიტაციაზე და დღემდე შეთანხმებულად ითვლება საზღვრების 2/3. მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე არ არის სადავო საკითხები, არამედ ის საკითხებია, რომლებიც არ არის შეთანხმებული. ეს ბუნებრივია, რადგან საზღვრის საკითხი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი და კომპლექსურია. საზღვარი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას გადახედვა არ დასჭირდეს. ამ კუთხით მუშაობა ამ დროისთვის მიმდინარეობს,“ აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი არის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან. აქ სიტუაცია განსაკუთრებით 2019 წლის აპრილიდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯაში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და საზღვრისპირა ტერიტორიაზე მშენებლობაც დაიწყეს, თუმცა აქციები 2010 წელსაც იმართებოდა. გასული წლის 19 ივნისს საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეეხნენ საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თემას, კერძოდ, ისაუბრეს სახელმწიფო კომისიების მორიგი სხდომის გამართვის შესაძლებლობაზე. ოფიციალური ცნობით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის მშვიდობიან გზებს. მხარეებმა აღნიშნეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებული წვლილი და თანამშრომლობის მნიშვნელობა.“ 2019 წლის მაისიდან განახლდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.