პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას ფაქტორით ახსნა. მდინარაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი დომინატური ფაქტორი სწორედ ეს იყო. მდინარაძემ აქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის მართვა გლდანის ციხეშივე იყო შესაძლებელი. „მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ-ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოვიდა ისე, რომ ელენე ხოშტარია და სხვა მოშიმშილეებიც ამ სიტუაციურ მოცემულობაში, სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ და სახელმწიფომ არ გაწირა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს 50 დღეა, შიმშილობს სააკაშვილი და ელენე ხოშტარია გაცილებით ცოტა დრო, ხოშტარიას მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ვიდრე სააკაშვილის. შეიძლება სუბიექტური ვიყო და ვცდებოდე კიდეც, მაგრამ არ მგონია, ამას ალბათ თქვენც ხვდებით“, - განაცხადა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე: სააკაშვილმა და მისი გუნდის ლიდერებმა გაწირეს ის, ჩვენ არ გავწირეთ

აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით კამალა ჰარისი შეასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უფლებამოსილებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გადასცემს, კოლონოსკოპიის რუტინული პროცედურის დროს ანესთეზიის ქვეშ იქნება. კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. „როგორც 2002 და 2007 წლებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შემთხვევაში მოხდა, კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცესის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი უფლებამოსილებას მცირე ხნით ვიცე-პრეზიდენტს გადასცემს, როდესაც ის ანესთეზიის ქვეშ იქნება“, - განაცხადეს თეთრ სახლში. პრეზიდენტი ბაიდენი პროცედურას უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაივლის.

ეკატერინე ტიკარაძე: ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა

"ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება. "მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყვნენ ჩართულები, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს. პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი. ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში

პრეზიდენტი მიესალმება ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის გეგმას გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რადგან მისი თქმით, ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში. „მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის ტექსტსაც ადმინისტრაცია ავრცელებს. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას წყვეტს

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და ადგილზე ჩასვლის შემდეგ შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მედიას განუცხადა. „იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია, ყველა მათგანის თანხმობა იქნება", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება მოგვიანებით განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს. „მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა, ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ, არ გამოვა რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. იუსტიციის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას ვთავაზობთ

დავით ზალკალიანი: ბრიუსელში, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე, თუ გინდათ, ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ

საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ოფიციალურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებები არ გაკეთებულა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წუხილი კულუარულად გამოითქვა. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. „მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, 15 ნოემბერს ვიყავი, დავიფიცებ, თუ გინდათ - ბიბლია მომიტანეთ, ხელს დავადებ და გეტყვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა იმ შეხვედრაზე, სიტყვა არ თქმულა ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. არ ყოფილა ნახსენები არც ერთი პოლიტიკოსი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, შემდეგ, კულუარულ საუბრებში, გარკვეულ მეგობრებთან იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით და წუხილი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომ რაიმე გართულება არ მოჰყვეს და ყველანაირად უზრუნველვყოთ. ამაზე ჩვენც ხომ ვამბობთ და ჩვენ ვართ სისხლხორცეულად დაინტერესებული. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ირაკლი კობახიძე: გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მიხეილ სააკაშვილის პასუხს წარმოადგენენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პირველ რიგში, მის პასუხზეა დამოკიდებული. როგორც კობახიძემ განაცხადა, გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მის პასუხს წარმოადგენენ. „შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიგი უგულავა: სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება

"ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება. ყველას გავაფრთხილებთ, პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამ არ იყოს", - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. "როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება. პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ",- განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს

უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს. „უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, გადაიყვანოს ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,“- აღნიშნულია განცხადებაში. უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

ადვოკატი: არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას დღეს სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა. „არ ვიცი, ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა დილიდან რამდენჯერმე მიხეილ სააკაშვილს. შესაბამისად, მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად მე-18 დაწესებულებაში იმყოფება. ბუნებრივია, ვერაფერს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ გვახსოვს, ადრე პენიტენციური სამსახურის მოქმედებები. არ მინდა, რომ სპეკულაცია გამომივიდეს, თუმცა, ცხადია არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ესკორტის მოძრაობასთან დაკავშირებით, რაც მედიაში გავრცელდა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყნის საავადმყოფოში გადაყვანა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყნის საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება სააკაშვილის რეაბილიტაცია შიმშილობის შემდეგ. ამის შესახებ დენისოვამ ბრიფინგზე განაცხადა. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის სტანდარტებს,“- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

სახალხო დამცველი სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტროს შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ აფრთხილებს

სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სახეზეა უფრო საშიში გართულების - ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის, ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. "სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო N18 დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა. 18 ნოემბერს, გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება - ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა. ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს. მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების - ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და ექიმებმა პარლამენტში ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და მოითხოვეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. ამასთან, როგორც მათ აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პარლამენტარი ექიმებს შეურაცხყოფას აყენებს. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება

ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ არ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში. როგორც კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ენდობა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს და მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს, როგორც ამას რეკომენდაციები ცხადყოფს. „ჩვენ ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი. მას უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფს მედიკოსებისა. მათი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მას ესაჭიროება მაღალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად, მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა. ამ საკითხის მიმართ ჩვენი საელჩოს მხრიდან დიდია ყურადღება, ასევე - ვაშინგტონში. ამასთან, საქართველოს მეგობრები, მათ შორის იან კელიც, ამაზე საუბრობენ, რომ მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და მთავარობამ უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაიცა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. 19 ნოემბერს, სახალხო დამცველმა სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იუსტიციის სამინისტრო შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ გააფრთხილა მას შემდეგ, რაც 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა. 18 ნოემბერს, საღამოს, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. პარალელურად, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ეკატერინე ტიკარაძემ როგორც უწყების, ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიიწვია. შეხვედრიდან გამოსული ექიმი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ომბუდსმენის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფშია, აცხადებდა, რომ მათი რეკომენდაციები ჯანდაცვის მინისტრმა გაიზიარა, რაც გულისხმობდა, სააკაშვილის გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. თავად მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია. გვიან ღამით, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“. დაწესებულების დატოვების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდებოდა ცნობილი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნას „ფეიკს“ უწოდებდა. მიხეილ სარჯველაძემ კი აღნიშნა, რომ სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის და ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს, გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს ღირსეულად მოეპყრას და გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ამერიკის ელჩი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაზე: გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა

„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა. პლენარულ სხდომაზე საბოს სადეპუტატო უფლებამოსილება 89 ხმით მიიღეს. ჰერმან საბო პარტია “გირჩის“ საარჩევნო სიაში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის ადგილმონაცვლე იყო. ჰერმან საბო საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს “გირჩს“ შეუერთდება.

ადვოკატი: ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას

"ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და ცენტრი „ემპათია“ ერთსულოვნად მიუთითებენ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე. „სამწუხაროდ, ჩვენთვის დამატებით არაფერი არ არის ცნობილი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გუშინ ღამე გავრცელდა მედიით. ერთი მხრივ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, მეორე მხრივ, ცენტრი „ემპათია“ და მისი ექსპერტები ერთსულოვნად მიუთითებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის აუცილებლობაზე. ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე, ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, შესაბამისად ამ დღის წესრიგს მიყვებიან“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს. მოშიმშილე დეპუტატს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, შიმშილობის მე-17 დღეს მინიმალურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ცნობისათვის, ელენე ხოშტარია უკვე მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. მისი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანონ, დღეს კი უარი თქვა მედიკამენტურ მკურნალობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დასაცავად

"მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან, როგორც უწყებაში ამბობენ, კარგი იქნება რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს: მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა, გამოძიებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერება, ექსპერტიზების დანიშვნა და ა.შ. გამოძიების წარმოების პარალელურად, არსებითად მნიშვნელოვანია დაცული იყოს პროცესის მონაწილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი პატივი, ღირსება და უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით არ არის აღჭურვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში) გადაყვანის იმპერატიული მოთხოვნის უფლებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის შემდგომ, დაუყოვნებლივ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა (2021 წლის 11 ნოემბერს) წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ისეთ პირობებში განთავსების თაობაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მისი ჯანმრთელობის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაცვის ქმედითი საკანონმდებლო ბერკეტის არარსებობაზე და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო ანგარიშშია მითითებული - ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოცემული პროცესის მონაწილეთა დაცვის არცერთი სპეციალური ღონისძიება არ არის მორგებული პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პროცესის მონაწილის დაცვაზე. პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა მოხელეთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე მოწმეთა დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო რეგულირება” (გვერდი 194). მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწის მიზნით დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით სერგეენკო: ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას

"ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა შეაჩერა.

ელენე ხოშტარია: ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას

"ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადავისხამ და მივიღებ", - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, უმოქმედოდ ვერ იჯდება იმ დროს, როცა სააკაშვილი „კრიტიკულ რამდენიმე საათში ბოლომდე გამოკვლეულიც კი არ არის“. „გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ. მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ“, - წერს ელენე ხოშტარია.