პოლიტიკა

ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს ჯგუფის შექმნას, რომელიც სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანაზე იმუშავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ადვოკატის, ოჯახის წევრის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი წარმომადგენლის შემადგენლობით ჯგუფი ჩამოაყალიბოს, რათა ყველა დეტალი, რაც სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას უკავშირდება, გაიარონ. ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვლავ რჩება ძალაში პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო საპროტესტო აქცია არ გაიმართება. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, უშუალოდ სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება სამოქალაქო საავადმყოფოსთან. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, რომ ჩამოაყალიბოს ჯგუფი, სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, მიხეილ სააკაშვილის ერთი ოჯახის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრი, სამოქალაქო საზოგადოების ერთი, მაქსიმალურად მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი, რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ, რომ თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი. ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო, თქვენ გაქვთ ჯერ კიდევ დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოთ ადამიანი, რომელსაც თქვენ კლავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო მოძრაობა გახდება უმწვავესი, მაგრამ იქნება არაძალადობრივი, ისეთი, როგორიც ჯერ თქვენ არ გინახავთ. არავინ შეეგუება ქვეყანაში ჩვენს თვალწინ ჩვენი უმოქმედობით, თქვენი გეგმით ვაყურებინოთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ხვალ 15 ნოემბერს, 14:00 საათზე ყველას გელოდებით მეტროსადგურ „ავლაბართან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს

ექსპრეზიდენტს სასამართლოში ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, სასამართლში სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბექა ბასილაიამ განუცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია. ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე 11:00 საათზეა ჩანიშნული. „სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს. მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს მის გარეშე გაიმართა. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერგადაყვანის მიზეზად ოპოზიციის „შესაძლო დესტრუქციული ქმედებები და ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. რაც შეეხება კონსილიუმის საკითხს, საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს ციხეში. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ითხოვს, პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის არ ეწინააღმდეგება არცერთი წუთით ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს. „ის მზად არის შეხვდეს როგორც მთლიან კონსილიუმს, ასევე მათ ინდივიდუალურად. ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის ვიზიტი ვიდრე პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე, - აცხადებს შოთა თითბერიძე. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

დავით კირკიტაძე: არცერთი ჩვენთაგანი შიმშილობის განმავლობაში პარლამენტის შენობას არ დატოვებს

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შესაბამისი ფართის გამოყოფის მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ არცერთი მოშიმშილე დეპუტატი პარლამენტის შენობის დატოვებას და აქციებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს. „შიმშილობის აქტი იქნება საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე შესაბამის სამსახურებს და მოვითხოვთ ადგილს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ჟურნალისტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჩვენი შიმშილობის საკითხი დააინტერესებს. არცერთი ჩვენგანი შიმშილობის განმავლობაში არ დატოვებს პარლამენტის შენობას. ჩვენი მეგობრები განაგრძობენ უწყვეტ პროტესტს კიდევ რამდენიმე მოთხოვნებით, პირადად ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში. დრო უკვე აღარ ითმენს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საათობით მძიმდება, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შუადღეს რამდენიმე აქცია გადაიდო, თუმცა აქცია 19:00 საათზე მაინც ჩატარდება, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან არცერთი არ დავტოვებთ პარლამენტის შენობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. შეგახსენებთ, 9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ 14 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

ნიკა მელია: ხვალ, ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე

15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს. „ხვალ, 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზემე. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო მწვავე გახდება! სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა! გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა! პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ“, - წერს ნიკა მელია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე თემაზე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს

ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები წელს მესამედ იმართება. ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტსაც. უცხოური მედიის ცნობით, არჩევნებში მთავარი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუმენ რადევი იმარჯვებს. საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა და გადამდგარმა გენერალმა ხმების 59.35 პროცენტი მოიპოვა და შავი ზღვის პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. მის მეტოქე მმართველი ცენტრისტული პარტიის კანდიდატს ცეცკა ცაჩევას 36.17% აქვს. ამ გამარჯვებით ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ, ვადამდელი არჩევნების ჩატარება სცადონ. პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ თანამდებობას 16 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომაზე დატოვებს. ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისი აპრილიდან დაიწყო, როდესაც არჩევნებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის და მისი პარტია GERB-ის მმართველობა დაასრულა. პოლიტიკურმა უთანხმოებამ ხელი შეუშალა მის ოპონენტებს, ე.წ. ცვლილებების პარტიებს, შეექმნათ მმართველი კოალიცია აპრილის არჩევნებისა და ივლისის კიდევ ერთი კენჭისყრის შემდეგ. 2020 წლის შუა რიცხვებში ქუჩის საპროტესტო აქციებს ათასობით ბულგარელი შეუერთდა. ბორისოვს ადგილობრივი ოლიგარქებისა და მის პარტიასთან დაახლოებული ბიზნესების სასარგებლოდ კორუფციაში ადანაშაულებდნენ. დაახლოებით 6,7 მილიონი ამომრჩეველი იმედოვნებს, რომ აპრილსა და ივლისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, 240 დეპუტატის არჩევით, მესამე მცდელობა წარმატებული იქნება და მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდება.

მიხეილ სააკაშვილი ანა ფოტიგას: მალე დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტმა მიხეილმა სააკაშვილმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიმართა, რომელმაც მასთან შესვლაზე უარი მიიღო. „სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი. ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს. დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

შიმშილობას გიორგი ბარამიძეც იწყებს

შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძეც იწყებს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. მანამდე, 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობა. „ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს. უკვე მე-12 დღეა, ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას. რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ-ის ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ”, - აცხადებს გიორგი ბარამიძე. 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყეს დეპუტატებმა: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციები გააუქმა. თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარეა მიღებული. პარტიის ლიდერები პარლამეტში მსჯელობდნენ სამომავლო გეგმებზე და როგორც ცნობილი გახდა, 9 დეპუტატი შიმშილობას იწყებს. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის გამართვას დღეს მოძრაობა „სირცხვილია აპირებს“. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

ხვალ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი თვით ადრე იმართება და მიზნად ისახავს დისკუსიის წარმოებას სამიტის მთავარი თემების ირგვლივ. „დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა სამიტის დეკლარაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ, შავი ზღვის პოტენციალის ათვისება, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება და ა.შ. ვიცე-პრემიერი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მინისტერიალის პარალელურად დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების კომისარ, ოლივერ ვარჰეისთან, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს განიხილავს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ელენე ხოშტარია ექიმებს მიმართავს, მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მიმართავს ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადო,ს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, სცდება არამხოლოდ პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს. ეს კრიზისი ეხება ყველა მოქალაქესა და პროფესიას. „მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული მადლობა ვახტანგ კალოიანს და რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ბრიგადებს, რომლებიც მონაცვლეობით არიან ჩემს გვერდით ყველანაირი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩიხური მდგომარეობა. ჩვენ ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელიც გამოდის ბოლო დღეებში და საათებში არის ძალიან საგანგაშო. ეს ცნობები არის ძალიან კონკრეტული იმასთან დაკავშირებით, რომ ის ვერ დგება, მას აქვს ღებინება, აქვს ყვითელი ფერი, წნევა და კალიუმი ძალიან დაბალ ნიშნულზე, რაც გულის პრობლემებს ნიშნავს. ეს ფრაგმენტულად გამოსული ძალიან საგანგაშო ინფორმაცია დამატებული იმ პირობებთან, რომელშიც ის იმყოფება - ციხეში, სადაც მისი მკურნალობის კითხვის ნიშნები არის ძალიან ლეგიტიმური“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებებს. „მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს. ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია, გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. კონკრეტულად იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტები, რომ ჩაერიონ სიტუაციაში. ალექსანდრე ცისკარიძე, ნევროლოგი, ძალიან პატივისცემით მინდა მივმართო მას, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არის პენიტენციური დაწესებულებიდან თქვენი შესვლის მოთხოვნა, იქნებ, ბატონო ალექსანდრე, თქვენ მოითხოვოთ შესვლა და გაგვაგებინოთ რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი და რა სჭირდება მის მკურნალობას. ასევე ძალიან დიდი პატივისცემა გიორგი გოცაძეს, კრიტიკული მედიცინის ექიმს, მოგმართავთ ადამიანი, რომელიც მე-12 დღეა ასევე შიმშილობს და ღელავს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი შფოთვა და მღელვარება. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა. ქალბატონი ელენე გიორგაძე, ენდოკრინოლოგი, ასევე კონსილიუმის წევრი. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მაქვს მაქვს თქვენთან იგივე თხოვნა, გამოვიჩინოთ ინიციატივა და შევიდეთ მიხეილ სააკაშვილთან. ნინო შარაშენიძე, ჰემატოლოგი, ასევე თქვენთანაც მაქვს იგივე თხოვნა. კიდევ ერთხელ, ვიხდი ბოდიშს, რომ მე ვერევი სხვა პროფესიებისა და ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი, რაც მამოძრავებს, არის საზოგადოებრივი სიცხადის შემოტანა, რაც იქნება საფუძველი გარკვეული სიმშვიდის, რომ ვიცოდეთ რა ხდება და ვიმოქმედოთ შესაბამისად. დღეს გლდანის ციხის განცხადებები და პირობები დამშვიდების საფუძველს ნამდვილად ვერ მოგვცემს. მე კი დავამატებ, რომ ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

9 პარლამენტარი შიმშილობას იწყებს

9 ოპოზიციონერი პარლამენტარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნოთ, პარლამენტში შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ დავით კირტიკაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შიმშილობას იწყებენ: დავით კირტიკაძე, ნიკა მაჭუტაძე, ბაჩუქი ქარდავა, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულ ისმაილოვი. შეგახსენებთ, რომ მე-12 დღეა, ანალოგიური მოთხოვნით, პარლამენტში შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, დღეს საღამოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამის მიზეზი შექმნილი მძიმე სიტუაციაა. 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 33.8%

14 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 046 362 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 074 602 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.8. % სრულად ვაქცინირებულია 966 143 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. 13 ნოემბერს 4 946 ადამიანი აიცრა. 12 ნოემბერს - 7 800. 11 ნოემბერს - 7 103 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.

უილიამ კორტნი: საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს

ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებაზე წერს და აქვე ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს. „საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები ქვეყანას დასავლეთს. მოელიან თუ არა ეს ლიდერები, რომ საქართველო ერთგულ მეგობრებს კიდევ სხვაგან იპოვის?“, - წერს კორტნი Twitter-ზე. ამ პოსტით ის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიუძღვნა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებს კიევმა გაუზიარა ინფორმაცია რუსული ჯარების აქტიური მოძრაობის შესახებ. ”იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიო ახლა ნათლად დაინახავს, ​​ვის სურს მშვიდობა და ვინ უყრის თავს 100 000 ჯარისკაცს ჩვენს საზღვარზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ანა ფოტიგა: ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში

„ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მედიასთან საუბრისას. ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ კვლავ არსებობს გამოსავალი და ევროკავშირს წევრობა უნდა გახდეს ქართველი ხალხის მიზანი მიუხედავად იმისა, ვინ არის ხელისუფლებაში. „უნდა ვაღიარო ყველა ფაქტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ჩვენი შეშფოთების საგანია. შეშფოთებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შესაძლებლობა დიპლომატების დაშინება მოხდეს, რაც დაუჯერებელია ნორმალური ურთიერთობების პირობებში. თუმცაღა, კვლავ არსებობს გამოსავალი და ჩვენ ვცდილობთ ამას ბიძგი მივცეთ. ძალიან ბევრი დიპლომატიური ქმედება ხორციელდება ძალიან რთულ დროსაც კი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. ანა ფოტიგას განცხადებით, დადგა დრო ხალხისთვის, ქვეყნებისთვის ითანამშრომლონ იმისთვის, რომ გაამყარონ მთელი რეგიონის პოზიცია. „ხშირად მსმენია ჩემი ვიზიტების დროს საქართველოში რეფორმების და დემოკრატიის სტანდარტებიდან უკან დახევასთან დაკავშირებით. ისევ და ისევ ჭკუის სწავლება ჩემი როლი არ გახლავთ. მინდა, დავეხმარო მთავრობას, არსებულ ხელისუფლებას იმის აღიარებით, რომ არსებობს საჭიროება, რომ რეალურად ჩატარდეს წარმომადგენლობითი არჩევნები და ეს სავარაუდოდ, გახლავთ შემდეგი თვეების, შემდეგი წლების მიზანი“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რეალისტურია „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე, როცა საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნები; ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, უსმენდნენ დიპლომატებს, მათ შორის თავად ფოტიგას და აშშ-ის ელჩს. ამასთან, 5 ივლის მოხდა თავდასხმა მედიაზე, რომლის ორგანიზატორებიც დაუსჯელები არიან.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარირებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია განაცხადად შეაფასა. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „ღია დეკლარაცია და განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, მეტი კი არაფერი გააკეთა თავის დროზე იანუკოვიჩმა. იგივე განცხადება გაავრცელა დღეს ბატონმა კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, იქნება ეს ამერიკელი თუ ევროპელი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელითაც არ უნდა გაავრცელოს განცხადება, იტყვის რომ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არის მიკერძოებული, ის არის ჩვენი მტერი. ვინც იტყვის, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სახელმწიფოში, ის არის მეტრი, ვინც იტყვის, რომ მურუსიძის სასამართლო არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, ისიც მტერია“, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ეს ბრძოლა არის ცივილიზაციური - რუსეთი თუ დასავლეთი. ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება იმ ისტორიულ მისწრაფებების სასარგებლოდ, რომელსაც ჰქვია უწყვეტი სვლა დასავლეთისკენ, ბუნებრივია, ეს აქციები არ შეწყდება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერმა. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა

„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა შიმშილობა დაიწყო

„გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. პარტიის ცნობით, კლდიაშვილმა, რომელიც გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს, შიმშილობის გადაწყვეტილება დღეს მიიღო. იმედა კლიდაშვილმა და პარტიის სხვა წევრებმა სხვადასხვა ქალაქში უწყების შესასვლელებთან აქცია გამართეს და მანქანებით ბლოკირება მოახდინეს. პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც 200 ლარით დააჯარიმეს. გავრცელებუი ინფორმაციით, ექვს ქალაქში ერთდროულად მიმდინარე აქციაზე გუშინ, 10 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო მწერალი ტორესა მოსი. ცნობისათვის, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, ასევე შიმშილობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარს: ეს არის კრიმინალების მფარველობა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ; მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს“, თუმცა, ირაკლი კობახიძის აზრით,„არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც „ჯიუტად არ ცვლიან“ პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“. „ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ლობისტია, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა, დავუსვათ მარტივი კითხვა - ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ - მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია? ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი - ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით. საკითხი დგას მარტივად - ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს, მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები. მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება - ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. ამავე თემაზე: ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს

ანა ფოტიგა: შექმნილ სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იუსტიციის მინისტრის წერილზე საუბრისას აცხადებს, რომ საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი წუხილი, რომ ციხეში, ექსპრეზიდენტის მონახულება ვერ შეძლო. ამის შესახებვ ანა ფოტიგამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე ის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ კახა კუჭავას და გადაწყვეტილების მიმღებებს თავისი გზავნილები მიეწოდა. „მე ვაპირებ, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრის წერილს, მას შემდეგ, რაც დეტალურად გავიაზრებ. ბევრი არგუმენტია მოყვანილი ამ წერილში, რომლის გააზრებაც მჭირდება. ჩემი კოლეგები ასევე დაინტერესებულები არიან ამ საკითხით, მე ძალიან მჭიდრო კონტაქტი მქონდა ევროკავშირის ელჩთან, ის არის უმაღლესი დონის დიპლომატი და ჩვენ ძალზედ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ასევე მქონდა კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და გვყავს იმედი გვაქვს, დახმარებიც აღმოჩენას შევძლებთ საქართველოსთვის“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. მისივე განცხადებით, შექმნი სიტუაციას საერთაშორისო საზოგადოება შეაფასებს. ანა ფოტიგას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც მის მიერ, ასევე ლიეტუველი ევროპარლამენტარების მიერ გაზიარებული ინფორმაცია. „უარი მივიღე იუსტიციის სამინისტროსგან, ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია, რადგან ჩემს თავს გამოცდილ ადამიანად ვთვლიდი და კარგად ვიცი, რომ მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში ბევრი შეფასება ისმის. ახლობლები ემოციურობით გამოირჩევიან, მეორე მხარეს კი, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, აქვს ინტერესი, ცალმხრივად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენ, ევროპარლამენტში შევაფასებთ ამ სიტუაციას და ნამდვილად, ჩემს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას და ასევე, ლიეტუველი პარლამენტარების ინფორმაციას (მათ ასევე უარი ეთქვათ სააკაშვილის მონახულებაზე) განსაკუთრებული ღირებულება ექნება. ამ ძალიან დელიკატურ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, ზუსტი ინფორმაცია გავცეთ. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დგომა, მე ვთვლი, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა საკმაოდ მძიმე იყო, რადგან საქართველოში მიმდინარეობდა გარდამავალი პროცესი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც ევროპარლამენტში გავაკეთე, სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იყო, იმიტომ, რომ შემძრა ქართველი ხალხის ნებამ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის სურვილი, შეეცვალათ საკუთარი ქვეყანა. მისმა პრეზიდენტობამ და ბევრმა ცვლილებამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო, ისე საერთაშორისო მოთამაშეების თვალსაზრისით“, - განაცხადა პოლონელმა პოლიტიკოსმა. კითხვაზე, რას ეტყოდა მიხეილ სააკაშვილს, ევროპარლამენტარმა ასე უპასუხა: „გაძლიერდით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“. ამავე თემაზე: იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას პასუხობს

რასა იუკნევიეჩიენე: ანა ფოტიგასთვის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედებაა

ევროპარლამენტრი რასა იუკნევიეჩიენე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარის თქმას „საზიზღარ ქმედებად“ აფასებს. „ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციისთვის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ვიზიტის შესაძლებლობაზე უარის თქმა, არის საქართველოს ხელისუფლების საზიზღარი ქმედება. ქართულ ოცნებას არ სურს დეესკალაცია“ - წერს ევროპარლამენტარი.