პოლიტიკა

დღეს ერგნეთში რიგით მე-100 შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ესწრება

დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და 99-ე შეხვედრიდან დღემდე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. უსაფრთხოების გარდა, საუბარი ჰუმანიტარულ საკითხებსაც შეეხება.

ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, NATO-ს მნიშვნელობა იზრდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისივე თქმით, "დღეს NATO-ს ბლოკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო დონეზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში. იზრდება ალიანსის პასუხისმგებლობა, როგორც უსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორი" რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ალიანსმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ყველა იმ რეგიონში, რომელსაც „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკის ლიდერ ჯო ბაიდენთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა. ”ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა განვიხილოთ თანამშრომლობის გზები ორმხრივი ინტერესის სფეროებში", - აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მისი პოზიცია რუსული С-400-ის შესყიდვაზე არ შეცვლილა. "თურქეთის პოზიცია S-400 მიწოდებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება - რაც იყო, იგივე რჩება. მე ჩვენი ქვეყნის პოზიცია ავუხსენი ბატონ პრეზიდენტს [ჯო ბაიდენს]. იგივე ეხება F-35 პროგრამას. ჩვენ [ბაიდენთან] შევთანხმდით, რომ პირდაპირი დიალოგის არხები ეფექტურად და რეგულარულად გამოვიყენეთ, როგორც ეს ორი მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორს შეეფერება", - თქვა ერდოღანმა. ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიიწვია

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს. დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს. „ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,“- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში. 2-4 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე: ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩვენი ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო დენის შმიგალი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია უკრაინის პრემიერი: ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დენის შმიგალი: მე დაინტერესებული ვარ, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია“ წარმატებისთვის უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ანგელა მერკელი: NATO-ს სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი დიდ გამოწვევას წარმოადგენს

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს ლიდერებს შორის გამართული დისკუსიის დროს, "ძალიან მკაფიო გახდა, რომ რუსეთი, უპირველეს ყოვლისა, არის მთავარი გამოწვევა" ალიანსისთვის. "ვიტყვი, რომ დღევანდელი საუბრებიდან ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი წარმოადგენს დიდ გამოწვევას", – განაცხადა გერმანიის ლიდერმა. მისი თქმით, ჩინეთიც სულ უფრო დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ისევე როგორც მთელი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი, თუმაცა დაამატა, ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ "შეერთებული შტატები ასევე წყნარი ოკეანის სახელმწიფოა". როდესაც ჩინეთის გამოწვევებზე საუბრობდა, მერკელი ამტკიცებს, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის კავშირი არსებობს. ”საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ძალიან კარგ და კოორდინირებულ თანამშრომლობას - მე ვფიქრობ, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს და ერთობლივი სამხედრო ოპერაციებზე რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვადევნებთ თვალს როგორც რუსეთის, ასევე ჩინეთის ჰიბრიდულ მოქმედებებს და ამაშიც ვხედავთ ახალ გამოწვევებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უფრო პოლიტიკურად ვითანამშრომლოთ", - განაცხადა მერკელმა.

ირაკლი კობახიძე შიდა დისკუსიებზე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა, გახარია შს მინისტრობიდან გადამდგარიყო

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შიდა დისკუსიების დროს, იყო მოსაზრება, რომ 20 ივნისის შემდეგ უმჯობესი იქნებოდა, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობდა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ივნისის მოვლენების შემდეგ გუნდში გახარიას გადაყენების აზრი "მომწიფებული" იყო, თუმცა გარე ფაქტორებმა იმოქმედა და შეცვალეს დამოკიდებულება. "შემიძლია, გარკვეული დეტალებიც გაგიმხილოთ შიდა დისკუსიების, 20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ეს საკითხი მომწიფებულიც კი იყო, თუმცა რაღაცამ შეცვალა. ვერ ვიტყვი რამ, თუმცა, ამის დროც მოვა. რაღაც გარე ფაქტორი იყო. მასთან (გახარიასთან) იყო დაკავშირებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, 20 ივნისის ოპერაცია "აბსოლუტურად გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ". "რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოოდ, მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას: ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი, რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა – ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს", - აცხადებს კობახიძე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპერაციაზე თავად გახარია იყო პასუხისმგებელი და მას ასრულებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. მისი თქმით, ეს მოადგილე კახაბერ საბანაძე იყო. "პირველი კითხვის ნიშანი რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როცა უნდა ყოფილიყო შიგნით და რატომ არ იქნა გამოყენებული წლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში უკვე იძულება იყო ტყვიის გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ოდენობა არ იყო, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და რომ გამოყენებულიყო რბილი საშუალებები ამ შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული უფრო რთული გაგრძელება. ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები. თუმცა, შეიძლება არც იყო შეცდომები. არ მინდა, შეთქმულებებში შევიდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დავით ზალკალიანი: კომუნიკეში არის გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის" , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანის თქმით, კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ "საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში". "საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. „მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა ზალკალიანმა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამიტის დასკვნით დოკუმენტში NATO-ს წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ; „საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ადგილზე არსებული ვითარების ძალიან სწორ და მკვეთრ შეფასებას. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროვება; ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე; ასევე საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; მოკავშირეები მიესალმებიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ ყველა მხარეს სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული შეთანხმება; მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით იმართებოდა, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად NATO-სთვის, ასევე საქართველოსთვის“, - აღნიშნა ზალკალიანმა. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.

ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, მას "ძალიან კარგი შეხვედრა" ჰქონდა თურქ კოლეგასთან. NATO-ს შტაბ-ბინაში პირისპირ შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ეს პირველი შეხვედრა იყო. ერდოღანის თქმით, ბაიდენთან გაიმართა "ნაყოფიერი და გულწრფელი" მოლაპარაკებები. ბაიდენთან შეხვედრის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტი სამიტის განმავლობაში ასევე შეხვდა მსოფლიოს სხვა ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს

საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს 2021 წლის ბრიუსელის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 ივნისს, ბრიუსელში გამართულ NATO-ს სამიტს, რომელზეც მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს გაწევრიანების კონტექსტში, ასევე თავად ალიანსის სამომავლო ადაპტაციის კუთხით. "უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკეში დადასტურებულია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ "საქართველო გახდება NATO-ს წევრი" და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის". მისასალმებელია, ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ცალსახა და პირდაპირი დადასტურება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რომ დაუშვებელია ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევა ამ პროცესში. ნიშანდობლივია, რომ წევრი ქვეყნები ცალსახად პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზს უსვამენ საქართველოს შესაძლებლობას ღირსეული წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველოსთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ მოკავშირეები სწორ შეფასებას აძლევენ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის დესტრუქციულობას და გამოთქვამენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა საქართველოსთან. საქართველო განსაკუთრებით აფასებს, წევრი ქვეყნების მტკიცე, თანმიმდევრულ და ქმედით მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. წევრი ქვეყნების მხრიდან ადეკვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციის მცდელობა "ძალადობრივი" მეთოდებით მოახდინოს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან და ხაზი გაესვა ბორდერიზაციის, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებების, მათი უკანონო დაკავების და შევიწროების გახშირებულ შემთხვევებს. მისასალმებელია ალიანსის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო ასევე მიესალმება წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსთვის, როგორც ალიანსის მომავალი წევრისთვის, ასევე მნიშვნელოვანია NATO-ს გაძლიერებისკენ და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან უკეთ გამკლავებისაკენ მიმართული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ბრიუსელის სამიტზე. საქართველო მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას განაახლოს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის 2022 წლის სამიტზე დამტკიცდება. ახალი კონცეფცია უკეთესად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ალიანსის ერთგულებას მისი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ და განსაზღვრავს NATO-ს სამომავლო განვითარების მიმართულებებს. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ადეკვატურად იქნება ასახული და ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ „NATO 2030-United for a New Era” დოკუმენტში გაფართოების საკითხთან და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გაიზიარებს. საქართველო იმედოვნებს, რომ NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩამოყალიბდება ალიანსის მკაფიო და კონკრეტული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისადმი. მოკავშირეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის საკითხზე. ხაზი გაესვა, რომ რუსეთი, მისი უკანონო ქმედებებით, ხელს უშლის აღნიშნული წესრიგის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგის ამ ქვეპუნქტშიც განიხილეს. მისასალმებელია ალიანსის გადაწყვეტილებები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. NATO-მ 2014 წლიდან დაიწყო მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერება შეიარაღებული ძალების მზაობის გაზრდითა და მის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო განლაგებებით. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება NATO-ს აქტიური ძალისხმევები შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ გააუმჯობესონ ალიანსის მზაობა, რეაგირება და თავდაცვა. ქართული მხარე მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება NATO-ს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და კიდევ უფრო განამტკიცებს უსაფრთხოებას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. წევრი ქვეყნების მიერ ყურადღება გამახვილდა მედეგობის გაძლიერების საკითხზეც, რაც უმნიშვნელოვანესია ალიანსის სამი ძირითადი ამოცანის - კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების მართვის და თანამშრომლობითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დესტრუქციული აქტორები ხშირად იყენებენ კონვენციური და ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდებს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, საქართველო მიესალმება ამ მიმართულებით ალიანსის შესაძლებლობების გაძლიერებას და არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ტრანსატლანტიკური ერთობის პრინციპი და მისი განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რაც 2021 წლის სამიტის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა", - ნათქვამია სამინისტროს განცახადებაში. საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.

რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას

საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლატეანი წერილით მიმართავს, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დეკლარაციის მნიშვნელობა ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „ჩვენ, რუმინეთის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრები, ხაზს ვუსვამთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციის. ჩვენი კომიტეტი სრულად ეთანხმება და ახდენს აღნიშნული დეკლარაციის რატიფიკაციას. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და ფართო პოლიტიკური კონსენსუსი“, - ნათქვამია წერილში. რუმინეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. „მხარს ვუჭერთ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას, რაც წარმოადგენს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის მთავარ მიზანს, როდესაც რუმინეთის მხარდაჭერით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობა და ინტეგრაცია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რეგიონის უსაფრთხოებისათვის. NATO-ს მიზანი, „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, წარმოადგენს ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია წერილში. რუმინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები მოუწოდებენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ამბიციური რეფორმების განხორციელებისკენ, რათა მოხდეს დემოკრატიული კონსოლიდაცია და კანონის უზენაესობა. „იმედი გვაქვს, რომ NATO-ს ბრუსელის სამიტი მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ თანამშრომლობა და ურთიერთთავსებადობა ნატოსა და საქართველოს შორის და გავუხსნათ საქართველოს გზა ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

ჯანდაცვის კომიტეტი ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წევრებს ნარკოდანაშაულის და ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გააცნო. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან გაიზრდება 12-17 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთით ვადით 14-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. „ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს და ის ციხეში არ უნდა იჯდეს, მაგრამ ასევე უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით ამგვარი დანაშაულები წლების განმავლობაში მატულობს, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების კლებაც არ შეინიშნება. ამიტომ, ვფიქრობ, მისაღებია გადაწყვეტილება, რომ ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელი გამკაცრდეს. ჩანს რომ მოქმედი კანონი არ არის საკმარისი ამ დანაშაულების შესამცირებლად“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას, მხარი უმრავლესობით დაუჭირა.

კახა კუჭავამ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მშეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთოს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს. "საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს. მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს. შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა", - ნათვქამია ინფორმაციაში.

საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე

NATO-ს სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა. „ჩვენ ერთგული ვართ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის ამ პროცესის ინტეგრირებული ნაწილი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში განათავსა მათი თანხმობის გარეშე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას და ვგმობთ მის დროებით ოკუპაციას. რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სამხედრო განლაგება და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები უკრაინასა და მის გარშემო, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და აზიანებს უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება; შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონებში მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი განცალკევების მცდელობები, ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნის გზით; ასევე დაასრულოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურების შესაბამისად შეფასდება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარეშე ჩარევის გარეშე. როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, რაც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზაზე და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ერთგული ვრჩებით NATO-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენებისა, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რეფორმებს, რომლებიც საქართველომ გაატარა და რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ეს დაეხმარა საქართველოს ალიანსთან თავდაცვისუნარიანობის და ურთიერთთავსებადობის განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს, რაც აუცილებელია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად. მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში. იენს სტოლტენბერგი: დღეს NATO-ს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ახალ ეტაპს ვიწყებთ NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს

იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ

„NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცე გზავნილი NATO-ს მიმართ და დადასტურებული ერთგულება ალიანსისადმი. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ. მოსკოვის აგრესიული ქმედებები აზიანებს ჩვენს უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და ალიანსის მიდგომას ისევ გაუსვა ხაზი, რომელიც ასევე გულისხმობს დიალოგს.

სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება

„ყოველთვის, როდესაც განვიხილავთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალს, მომავალ სტრატეგიებს, ეს არის გაფართოება. ჩემი ღრმა რწმენით, NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება, ეს არ არის კარგი და ხელს არ უწყობს მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ NATO-ს სამიტის დაწყებამდე განაცხადა. „გაფართოება ნიშნავს ყველა იმ დემოკრატიული ქვეყნის მოწვევას, რომელიც ახლოსაა ჩვენს რეგიონთან და რომელთაც გაწევრიანება სურთ. გაფართოება ასევე ნიშნავს, მოიწვიო სხვა პარტნიორები, ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომლებიც იზიარებენ ჩვენ ძირითად ფასეულობებს. რა თქმა უნდა, თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ჩვენი მიზნები, მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა საერთო ძალისხმევას, რათა NATO-ს ქვეყნებს ჰქონდეთ ტექნოლოგიური უპირატესობა, განსაკუთრებით სამხედრო ტექნოლოგიებში“, - განაცხადა იანეზ იანშამ. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. „ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება. „მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა. ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

ვლადიმერ პუტინი: ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩოს ქცევის“ ნაწილი იყო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ტერმინი „მკვლელი" ჰოლივუდში გავრცელებული „მაჩო ქცევის“ ნაწილი იყო. „ჩემი ვადის განმავლობაში შევეჩვიე შეტევას ყველა კუთხიდან და ადგილიდან, ყველა სახის საბაბით და მიზეზით, სხვადასხვა კალიბრით და სისასტიკით, ეს არც მიკვირს”, - თქვა პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, ასეთი დისკურსი აშშ-ს პოლიტიკური კულტურის ნაწილია, სადაც ის ნორმალურად ითვლება. ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვლელია, მან დადებითი პასუხი გასცა.

კელი დეგნანი: ზაზა გახელაძე არის გულსატკენი და აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი საქართველოში

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება. ეს არის გულსატკენი, მაგრამ აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში. ამას თავისი შედეგები აქვს რეალური ადამიანებისთვის“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა. „კიდევ ერთხელ მტკიცედ მსურს დავადასტურო ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების მოთხოვნები და უნდა შეცვალოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება. სასწორზე რეალური ადამიანების სიცოცხლე დევს“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდით დგომას აგრძელებს

ირაკლი ღარიბაშვილი NATO 2030-ის ფორუმზე: საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმში მიიღო მონაწილეობა - ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. “მონაწილეობა მივიღე ბრიუსელის ფორუმში. საქართველომ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით, არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიმტკიცე გარე საფრთხეების წინაშე. NATO-ს ოჯახში შესასვლელად მომზადების ფარგლებში ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშროლობა ალიანსთან და მის პარტნიორებთან”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წამყვანი სპიკერის სტატუსით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა NATO-თან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა NATO-თან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში, მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატოსთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. „ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენი საუბრისას, ბრიუსელში იმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, სადაც ყურადღება ეთმობა ჰიბრიდული საფრთხეებისა და მდგრადობის საკითხებს, რადგან ალიანსს აქვს ადაპტაციის უნარი და საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დასავლეთის უძლიერეს დემოკრატიებსაც კი უჭირთ ამ ახალ გამოწვევებთან გამკლავება. „მე ამაყად აღვნიშნავ, რომ საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა და ცოტა რამ მაინც ისწავლა მათი დაძლევის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ”, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. „ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ბრიუსელის ფორუმი თემატური პანელებისგან შედგება. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა NATO-ს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე. გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი. ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე NATO-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომელთა შორის იმყოფებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი მტკიცე ვალდებულება - ჯო ბაიდენი

NATO კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი კი არის წმინდა ვალდებულება. მინდა, იცოდეს მთელმა ევროპამ, რომ აშშ თქვენთანაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს სამიტის გახსნამდე. NATO-ს ალიანსი ძლიერია როგორც არასდროს. დღეს მე შევუერთდი ჩვენს მოკავშირეებს, რომ განვიხილოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის საკითხი, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე ეგრესია, ჩინეთის გამოწვევა, კიბერ თავდასხმები, ტერორიზმი და კლიმატის ცვლილება. „11 სექტემბერს, როდესაც ჩვენ თავს დაგვესხნენ, NATO-მ დაუყოვნებლივ დაგვიჭირა მხარი“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება. „ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს.