პოლიტიკა
დმიტრო კულება: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად ასოცირებული ტრიოა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „დღეს ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ძალები გავაერთიანეთ ახალი ფორმატით, რომელიც კიევში დაფუძნდა “, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა
"მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა", - ამის შესახებ ევროკავშის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ LGBT უფლებების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. "მე შვედეთიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც LGBT თემის დამცველია, მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ კუთხით, ჩვენთანაც პრობლემებია, იქაც იტანჯებიან მოქალაქეები წნეხისგან, რაც სუიციდით სრულდება. კარგია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება LGBT თემის დამცველია. უდიდეს გამოწვევად კვლავ საზოგადოების აზრი რჩება. გადამწყვეტია ამ მიმათულებით პოლიტიკოსების და მედიის ფუნქცია. ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს LGBT თემის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ვამჩნევთ ბოლო წელს ამ მიმართულებით განვითარებას, მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა, განათლებით ამ სფეროში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. (რუსთავი 2-ის თარგმანი)
ენტონი ბლინკენი: აშშ ინტენსიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებისთვის
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას, თუ ისრაელ-პალესტინა ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, აშშ ინტენსიურად მუშაობს კონფლიქტის დასრულების მიზნით. ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს თავისი თავი დაიცვას და „ჰამასს“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სარაკეტო დარტყმები. „დიპლომატიური არხების მეშვეობით ვმუშაობთ, რათა კონფლიქტი დასრულდეს. აშშ ძალზე შეშფოთებულია ძალადობის ესკალაციით. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის ბავშვები ნანგრევებიდან გამოჰყავთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დეესკალაციას, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
Deutche Welle - გერმანიამ ,,ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის საკუთარ საზღვაო წყლებში გაგრძელების ნებართვა გასცა
Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. როგორც გამოცემა წერს, მშენებლობა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შედეგად იყო შეჩერებული, თუმცა ახლა, ნებართვა საზღვაო ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა (BSH) გასცა. აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვის მიხედვით, კონსორციუმს, მაისის თვეში გერმანიის საზღვაო წყლების ორკილომეტრიან მონაკვეთზე შეეძლება მილების მშენებლობა. ორკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც გაზსადენის მილები უნდა განთავსდეს, გერმანიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს. გაზსადენის მშენებლობას, გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირი და ორგანიზაცია Deutsche Umwelthilfe ეწინააღმდეგებიან, რომელთაც კონსორციუმის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდათ შეტანილი ჰამბურგის სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სამუშაოების 95 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან აშშ, უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენის გაზრდის საშიშროებას ხედავენ. გერმანიის მთავრობა კი, პროექტს მხარს უჭერს.
საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ერთიანი ძალისმხევა საერთო მიზნების - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მისაღწევად. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებული პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა. მხარეები მიესალმნენ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას ევროინტეგრაციის საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურების და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, რომ NATO-ს მომდევნო სამიტზე სათანდად აისახოს ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები. უკრაინის პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრან ირაკლი ღარიბაშვილთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთიან კომუნიკაციას ევროკავშირთან. რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აურელიუ კიკომ კიევში ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე. ეს ინიციატივა და ტრიოს მხრიდან ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე მოსაზრება დაახლოებით ერთი კვირის წინ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააჟღერა. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის - „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ასოცირებული ტრიოს ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით. ასოცირებული ტრიოს ქვეყნები მტკიცე იმედს გამოთქვამენ, რომ, მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყნის მოქალაქეებს. მემორანდუმში ხაზგასმით აღნიშნულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მათ წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. სამივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიო ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას. ევროინტეგრაციის მიმართულებით ერთიანი სამოქმედო გეგმის საჭიროებაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ჯერ კიდევ Europetime-თან ინტერვიუში საუბრობდა. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. ანდრიუს კუბილიუსი: ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი ეს მოსაზრება Europetime-თან ინტერვიუში ანალიტიკოსებმაც შეაფასეს. თეონა ლავრელაშვილმა, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ. მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში. საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი იდეის განხორციელება ქვეყნისთვის აუცილებელია. მისი თქმით, კუბილიუსის ასეთ კარგ მოსაზრებას მთავრობის მხრიდან სწორი შეფასება და სწორი ქმედებები სჭირდება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ იდეის განხორციელება ბრიუსელში, სხვადასხვა ფორმით, სამი ქვეყნის საელჩოების კოორდინაციით შეიძლება. „მაგალითად, აუცილებელი არ არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ბრიუსელში საკოორდინაციოდ რაიმე ცენტრი ჰქონდეთ. სამივე ქვეყანას აქვს წარმომადგენლობა ევროკავშირში და მათ შეუძლიათ, სრული კოორდინაციისთვის, ურთიერთობის გარკვეული მექანიზმი ჩამოაყალიბონ. ისინი წარმოადგენენ თავის ქვეყნებს, თავის საგარეო საქმეთა სამინისტროებს და შეიძლებოდა მათი გაძლიერება დამატებითი, ერთი ან ორი შტატით, რომლებიც მხოლოდ ამ საკითხებზე იმუშავებდნენ, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ერთობლივ პროექტებზე, საერთო სტრატეგიაზე, ერთობლივ განცხადებებსა და ერთობლივ ლობირებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებში. ამისთვის ცალკე ცენტრის ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ეს შეიძლება საელჩოების კოორდინაციის დონეზე გაკეთდეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. „კარგი იქნება თუ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში საკუთარ ელჩებს კუბილიუსთან შეხვედრას და ამ ინიციატივის განხილვას დაავალებენ“, - აცხადებდა Europetime-თან საუბრისას უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი. ეს არის ძალიან კარგი წინადადება. სამივე ქვეყნას საელჩოები გვყავს ბრიუსელში. იქ ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა გაზარდონ ურთიერთქმედების ხარისხი და უფრო ეფექტურად იმუშაონ სამ ხმაში. ამ ინიციატივის საპასუხოდ, როგორც მინიმუმ, სამი ქვეყნის დედაქალაქმა საკუთარ ელჩებს ბატონ კუბილიუსთან სამმხრივ ფორმატში შეხვედრის ინსტრუქცია უნდა მისცენ, დაელაპარაკონ და გარკვეული მოქმედების გეგმა შეათანხმონ, სად უნდა მივიდნენ, რა უნდა გააკეთონ, რა თანმიმდევრობით გამართონ შეხვედრები, სადილებზე დაპატიჟონ ხალხი და ა.შ. ეს უკვე ექნებოდა საკმაოდ ეფექტური შედეგების მომტანი. წინადადება თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება, თუ ის დაემყარება სისტემურ მიდგომას და პოლიტიკას ამ სამმხრივ ფორმატში, რომელსაც მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ“, - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროპარლამენტში, ან ევროპულ ფონდში იგივე ბატონი კუბილიუსის მხარდაჭერით, ერთი ოთახი მაინც რომ გამოიყოს ანალიტიკური ცენტრისთვის. „სამი ადამიანია საჭირო, რომ ერთ ხმაში სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპულ სტრუქტურებთან ისაუბრონ, ყოველდღე კარზე აკაკუნონ, ხალხი შეაწუხონ. ამას ექნება მართლაც სერიოზული ეფექტი, რომელიც სერიოზულ შედეგებს გამოიღებს. ამით ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ის, რითაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ბალტიისპირეთის და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვინაიდან ვართ ასოცირების პროცესის მონაწილე ქვეყნები, უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ურთიერთობებს ვამყარებთ ევროპულ ტრადიციებზე, პრინციპებზე, კრიტერიუმებსა და პრაქტიკაზე. მაგრამ ეს მარტო საუბარი არ უნდა იყოს. ევროკავშირის წარმომადგენლები, აქ ბატონი ჰარცელი, უკრაინასა და მოლდოვაში ევროკავშირის ელჩები, აკვირდებიან თუნდაც ორმხრივ ურთიერთობებს, აგერ უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სახეზეა, სირთულეების გადალახვა მოგვიწია. ელჩი არ გვყავდა კიევში. საქართველო მოლდოვას აქტიურობა მაინცდამაინც არ ჩანს. ვიზიტები არ ხორციელდება, ნაკლები კომუნიკაციაა. მოლდოვაში არჩევნებია კარზე მომდგარი, თავისი პოლიტიკური სირთულეები აქვთ. საქართველო იმყოფება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჯერ არ ვიცით, კრიზისიდან ბოლომდე გამოსვლა შესაძლებელია თუ არა. უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიის პირისპირ იმყოფება. ჯერ ვერ ვხედავ რომ ამისთვის ჩვენი მთავრობები მოიცლიან. არადა ფაქტია, რომ ანდრიუს კუბილიუსის წინადადება, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია“, - განუცხადა Europetime-ს ვალერი ჩეჩელაშვილმა. ამასთან, Europetime-თან ინტერვიუში ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობდა, რომ საქართველომ და ევროკავშირმა ერთად უნდა იპოვონ რეალისტური გზები, რათა საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ან მისი უფრო ახლო პარტნიორი.
საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების თაობაზე დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და მისი მიზანია, აკვაკულტურის სექტორში წარმოებით დაინტერესებულ პირთათვის იმ დოკუმენტების ნუსხისა და ინფორმაციის განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია აკვაკულტურის ნებართვის გასაცემად. აღნიშნული დადგენილება უზრუნველყოფს საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვის და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და შიდა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, ტბორები, მდინარეები, ნაკადულები, არხები და სხვა წყლის პროდუქტების მოშენებისთვის ვარგისი წყალსატევები) აკვაკულტურის მიზნებისათვის სარგებლობის რეგულირებას და მათ რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, წყლის ორგანიზმების (თევზი, წყლის მცენარეები და სხვა) მოშენებას (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება) აკვაკულტურის კონსტრუქციების გამოყენებით. "დადგენილება ითვალისწინებს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცედურებსა და ვადებს. აკვაკულტურის ნებართვის გაცემა შესაძლებელი იქნება 20 წლამდე ვადით, განახლების შემდგომი შესაძლებლობით. დადგენილების თანახმად, აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით, გარდა კერძო საკუთრების ან სახელმწიფო საკუთრების მიწაზე აკვაკულტურის წარმოების შემთხვევისა, რომელზედაც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა პირდაპირი წესით. დადგენილება განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის მფლობელის სანებართვო პირობებს, რომელიც უზრუნველყოფს აკვაკულტურის დარგის მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. აკვაკულტურის ნებართვას არ საჭიროებს მცირე ზომის (საოჯახო მეურნეობები 50 მ3 მოცულობის) აკვაკულტურის წარმოების განხორციელება. რაც შეეხება აკვაკულტურის კონსტრუქციების გარეშე ტბებსა და სხვა წყალსატევებზე ბუნებრივი საკვების ხარჯზე აკვაკულტურის მეურნეობის წარმოების მიზნით ნებართვების გაცემას, აღნიშნული მოწესრიგდება ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ცალკე დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ მზარდია აკვაკულტურის როლი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ინვესტიციების განხორციელება, ადგილობრივ და უცხოელ მეწარმეთა დაინტერესება აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის პოტენციალით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ ჩაოკოიმ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები თანხმდებიან ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი არის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანა აღიარებს, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. თავის მხრივ, ტრიოს ქვეყნები განახორციელებენ ასოცირების შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, ევროინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. ასოცირებული ტრიოს ასევე მიზნად ისახავს, ევროკავშირთან ერთად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების საფუძველზე, მიაღწიოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობასა და დაჩქარებას; ამავდროულად, სამი ქვეყანა ერთობლივად განაგრძობს ევროკომისიასა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს ევროკავშირთან თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის და, ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით. ასოცირებული ტრიოს ქვეყნები მტკიცე იმედს გამოთქვამენ, რომ, მეტი-მეტისათვის მიდგომის საფუძველზე, ასოცირებული ქვეყნებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირში ინტეგრაციისა და სამართლებრივი თუ ინსტიტუციური დაახლოების ახალი შესაძლებლობები, რაც მეტ კონკრეტულ სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყნის მოქალაქეებს. მემორანდუმში ხაზგასმით აღნიშნულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა ასოცირებული პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მათ წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით. სამივე ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას. ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრებას
ზუგდიდის ყოფილი მერი ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს
ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს. მისივე თქმით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და არავისგან ზეწოლა არ მომხდარა. „ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანური ურთიერთობები, ეს იქნებოდა პოლიტიკაში, პირად ცხოვრებაში, სამეგობროში. ასე რომ, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე თანამდებობიდან. ამ ეტაპზე არ განვიხილავ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ მომხდარა. ესა ჩემი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ადამიანურ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღე. როცა მე მოვედი პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო გიორგი გახარია, შემდგომში პრემიერ-მინისტრი, რომლის პერიოდშიც მომიწია მუშაობა. მისი და მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენა, ან გიორგი გახარიას მოსალოდნელ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ადამიანურად მიუღებელია. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი პოლიტიკიდან და სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა აქტიურობა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდის ყოფილი მერი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ მომავალში არავისთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. „გამორიცხული არასოდეს არაფერია. ვიქნები იქ, სადაც დასჭირდება ჩემი ყოფნა ზუგდიდს და ქართველ ხალხს. არ გამოვრიცხავ არავისთან თანამშრომლობას, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი გადაწყვეტილება არის პოლიტიკიდან წასვლა. სამი წლის წინ საჭიროება როგორც იყო, შევერთებოდი „ქართული ოცნების“ გუნდს, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავდგე ქართველი ხალხის სამსახურში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ. ზუგდიდის მერმა თანამდებობა დღეს დატოვა.
ისრაელის ელჩი: ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ისრაელი ვაქცინაციის კუთხით წამყვანი ქვეყანაა, გამოცდილების გაზიარების კუთხით ხომ არ იგეგმება დამატებით რაიმე პროგრამის/პროექტის განხორციელება. ვიცით, რომ ისრაელის საელჩომ და საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (MASHAV) დიდი ძალისხმევა გასწიეს, რათა დაეხმარონ საქართველოს COVID19-თან ბრძოლის პროცესში - ელჩმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „პანდემიის დასაწყისიდან ისრაელის საელჩომ და MASHAV-მა დიდი დახმარება გაუწიეს ყველა შესაბამის ორგანოს, რომელიც საქართველოში COVID19-ის გავრცელებას ებრძვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ NCDC (დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს), საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და WHO (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) საქართველოს ოფისს. ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საზოგადოების ჯანდაცვის წამყვანი ქართველი ექსპერტები, რათ მონაწილეობა მიეღოთ MASHAV– ის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმში, რაც ყოველკვირეულად, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება. დამატებით, MASHAV– მა (რომელიც საქართველოში 1992 წლიდან საქმიანობს) ამ დროისთვის, 1500 - ზე მეტი ქართველის პროფესიულად გადამზადება უზრუნველყო, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ინოვაციების, მეწარმეობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროების მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში“, - განაცხადა რან გიდორმა.
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შენგელია ავრცელებს. როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. „ძვირფასო ზუგდიდელებო! ორი წელია, თქვენთან ერთად ვშრომობთ და ვზრუნავთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წარმატებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი გამოწვევები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, დევნილთა განსახლების, განათლებისა და კულტურის მიმართულებით. ამ გამოწვევებთან გამკლავება კიდევ უფრო გართულდა იმ პანდემიური კრიზისიდან გამომდინარე, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაატყდა მსოფლიოს, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით და ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით: – ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა. – სრულად განახლდა და ტექნოლოგიურად აღიჭურვა მუნიციპალური ტრანსპორტი. – აშენდა და რეაბილიტირდა სკოლები, ბაღები და სამედიცინო ამბულატორიები. – დასრულდა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათის – ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. – დასრულდა წყალარინების, გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა. – ზუგდიდს პირველად აქვს 24 სთ-იანი წყალმომარაგება. – მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები. „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში, 10 000-ზე მეტმა ზუგდიდელმა ოჯახმა მიიღო მუნიციპალიტეტისგან სხვადასხვა სახის დახმარება. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომელიც ერთობლივი შრომით შევძინეთ ზუგდიდს. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვყოფილიყავი თქვენი მსახური, რაც ამავდროულად უდიდეს პასუხისმგებლობას გულისხმობდა. ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო, არის და იქნება სწორ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები, კეთილსინდისიერება პირად ურთიერთობებში, საჯარო სამსახურსა თუ პოლიტიკაში. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე საჯარო მოხელეები. მადლობა მათ ღირსეული მსახურებისთვის. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. მე, როგორც რიგითი ზუგდიდელი ყოველთვის ვიქნები ჩემი ქალაქის სამსახურში ამ თუ სხვა პოზიციაზე“, – წერს გიორგი შენგელია Facebook-ზე.
ელჩი რან გიდორი: ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს
ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს, - განაცხადა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რან გიდორმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. მისი თქმით, „ჰამასმა“ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში „ნულოვანი ტოლერანტობა“ არსებობს ტერორიზმის, მშვიდობიანი მოსახლეობის ხელაღებით დაბომბვისა და ძალადობის მიმართ. „ბუნებრივია, ისრაელი საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტისკენ ისწრაფვის. ორივე მხარეს, მშვიდობიან მოსახლეობას მშვიდობა სურს. ამასთან, ისრაელის მთავრობა ეფექტური შეკავების აუცილებელი მექანიზმის შექმნაზე ზრუნავს. ეს კონფლიქტი ისრაელს არ დაუწყია. პირიქით, გაკვირვებულია მის ტერიტორიაზე რაკეტების მოულოდნელი და არაპროვოცირებული გაშვებით. ამიტომ, უნდა ვეცადოთ და დავრწმუნდეთ, რომ „ჰამასს“ აღარასდროს ექნება ასეთი კატასტროფული თავდასხმების ცდუნება. სხვაგვარად, ძალადობის დაუსრულებელი ციკლის შემთხვევაში, განწირულები ვართ“, - აცხადებს რან გიდორი.
დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ NATO-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები უკრაინას და საქართველოს ხელშესახებ შედეგს მოუტანს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინაში არის დროული და საჭირო, რადგან ბევრი თემა არის განსახილველი, რომელიც ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არსებობს. „ორი მთავარი მიმართულება გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულება. აუცილებელია ამ ორი მთავარი მიმართულებით კოორდინირებული საქმიანობა და ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვა. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება, ნატო-ს სამიტი, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში იქნება განხილული ის ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც ამ სამიტამდე დარჩენილ პერიოდში არის გადასადგმელი. თუმცა მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს ეს ერთობლივი საქმიანობა. ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორც ნატო-ს ფარგლებში, ისე ევროკავშირის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ინტერესები კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წამოწეული როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის კონტექსტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში სამიტებზე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს იგივე ღია კარის პოლიტიკასთან მიმართებაში, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და კონფლიქტების მოგვარება. „ჩვენ ვართ სოლიდარული ჩვენი უკრაინელი პარტნიორების, ისევე როგორც ისინი არიან სოლიდარული ჩვენი მხარდამჭერი ყველა საერთაშორისო ფორმატში. სულ ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან ბუქარესტში, სხვა ფორმატში და იქ დაწყებულ საუბრებს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. ასევე ბოლო განვითარების შესახებ გვექნება ინფორმაციის გაცვლა. ასევე ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ერთობლივად, რომ საქართველოს საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია იყოს მუდმივად დღის წესრიგში და გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებითაც“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. „უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის მიღმა მექნება სამმხრივი შეხვედრა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგასთან. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამეულის ფორმატში ერთობლივი ღონისძიებები, ერთობლივი საქმიანობა. გარკვეულწილად ვცდილობთ, რომ ეს სამეული იყოს ფორმალიზებული და ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან. რამდენიმე ერთობლივი წერილიც იყო. იყო ასევე ერთობლივი ღონისძიებები. მსგავსი რამ კიდევ იგეგმება და ვფიქრობ, ამ ვიზიტის, ამ სეულის შეხვედრის შედეგად, ჩვენ უკვე გვექნება გარკვეული წინსვლა ამ ტრიოს ფორმალიზაციის კუთხით“,- განაცხადა ზალკალიანმა.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. კახა კუჭავა ასევე ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჯოანა მირჩეასთან. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირში დიდი ინტერესია. მისივე თქმით, მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები. „იწყება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოადგილეებთან, ასევე პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. ბოლო პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ევროკავშირში არის ძალიან დიდი ინტერესი. ბუნებრივია, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, ჩვენი პრიორიტეტები, ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალური საკითხები“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ვიზიტი ბრიუსელში 20 მაისამდე გაგრძელდება.
თეიმურაზ შარაშენიძე: საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში იქნება მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში
უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინიტრის ვიზიტი უკრაინაში ახალი და მძლავრი იმპულსი იქნება ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში. მისი თქმით, შეხვედრებისას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ,,საკითხები ეხება დეოკუპაციას, ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას და განსაკუთრებით რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იქნება მნიშვნელოვანი და ამ კუთხით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ასევე, განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაცია ჯერ არ არის ბოლომდე დამთავრებული და ბატონი დავით ზალკალიანის ვიზიტი ერთგვარი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი აქტი იქნება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს პირველი ვიზიტია ოფიციალური საგარეო საქმეთა მინისტრის. ეს ვიზიტი იქნება უფრო ახალი და მძლავრი იმპულსი ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში“, – განაცხადა შარაშენიძემ. ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება კიევში, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კახა კუჭავა ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით, 16-20 მაისს ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ მარია სასოლისთან, ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე, ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიოსთან და ბელგიის პარლამენტის წევრებთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჯოანა მირჩეასთან, Think Tank-ებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიცე სპიკერი, ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი შედიან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელ-პალესტინის საკითხზე იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 მაისს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ისრაელსა და პალესტინელებს შორის გამწვავებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. „ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაციასა და სამოქალაქო მსხვერპლის მიუღებელ რიცხვთან დაკავშირებით, მე ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას სამშაბათს. განვიხილავთ თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს წვლილი შეიტანოს მიმდინარე ძალადობის დასრულებაში“, – წერს ბორელი.
ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბა
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ მეთაურის სახლი დაბომბეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. კონფლიქტის მეშვიდე დღეს „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა რაკეტები. ისრაელში აცხადებენ, 10-მდე ადამიანი დაშავდა მაშინ, როდესაც თავშესაფრებისკენ გაქცევას ცდილობენ. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ისრაელი სამხედრო ოპერაციას გაგრძელდება ვიდრე, ეს საჭირო იქნება. მოგვიანებით კონფლიქტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.
ჯო ბაიდენსა და მაჰმუდ აბასს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროება. „მათ განიხილეს ამჟამინდელი დაძაბულობა იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე და გამოთქვეს საერთო სურვილი, რომ იერუსალიმი იყოს ყველა აღმსარებლობისა და წარმომავლობის ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი. პრეზიდენტმა ბაიდენმა აცნობა პრეზიდენტ აბასს მიმდინარე კონფლიქტში აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის შესახებ და ხაზი გაუსვა „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შეწყვეტის საჭიროებას. მათ გამოხატეს საერთო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე ძალადობის შედეგად დაიღუპნენ უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნაბიჯებს, რომლებიც პალესტინელ ხალხს აძლევს საშუალებას გამოიყენონ ღირსება, უსაფრთხოება, თავისუფლება და ეკონომიკური შესაძლებლობა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილება, განაახლოს პალესტინელი ხალხის დახმარება, მათ შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელთა სასარგებლოდ“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გამოსავალს, როგორც ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი დარეგულირების საუკეთესო გზას. ამასთან, ჯო ბაიდენმა მაჰმუდ აბასს ამერიკულ-პალესტინური პარტნიორობის გაძლიერებისადმი მხარდაჭერა დაუდასტურდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Tweeter-ზე ევროპის დღესთან დაკავშირებით დაწერა. „უკრაინა ევროპაა, ჩვენ კი ევროპელები. ჩვენ ევროპის ცენტრი და გული ვართ, გეოგრაფიით, სულისკვეთებით, ღირებულებებითა და მისწრაფებებით. ეს დავამტკიცეთ მაიდანზე და ყოველდღიურად ვაკეთებთ ამას ჩვენი სახელმწიფოს შეცვლით, დამოუკიდებლობისა და მომავლის შენებით, ევროპის აღმოსავლეთ საზღვრის დაცვით. უკრაინა აუცილებლად იქნება ევროკავშირში“, – წერს ზელენსკი.