ეკონომიკა
Boeing-მა, გაუმართაობის გამო, Boeing 777-ების ექსპლუატაციის დროებით შეწყვეტა მოითხოვა
აშშ-ის თვითმფრიავების მწარმოებელმა საავიაციო კომპანიამ Boeing-მა მოითხოვა დროებით შეჩერდეს Boeing 777-ების ექსპლუატაცია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლებს. კომპანიის განცხადებით, ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ ჩატარდება გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში რეისის დროს ერთ-ერთი ძრავის თვითაალების გამო. მათი თქმით, 128 თვითმფრინავმა არ უნდა შეასრულოს რეისი, სანამ არ შემოწმდებიან, მათ მსგავსი ძრავები აქვთ. იაპონიის ხელისუფლება არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და დროებით აკრძალა Boeing 777-ის ფრენა. კომპანია Boeing-მა მხარი დაუჭირა ტოკიოს გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, 21 თებერვალს სამგზავრო თვითმფრინავ Boeing 777-ს, რომელიც რეისს ასრულებდა დენვერიდან ჰონოლულუმდე, ფრენისას ძრავა გაუფუჭდა. მისი ნაწილები ქალაქ ბლუმფილდის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
კახა კახიშვილი: როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გუდაური დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. ყაზბეგში არ არის კოვიდი?
კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და სთხოვა აეხსნა, რა ლოგიკითაა ყაზბეგის რაიონი გახსნილი, ხოლო ზამთრის სხვა კურორტები - არა. „იქნებ არსებობს სამართლიანი მიზეზები და ჩვენ არ ვიცით? რა ხდება სამთო-სათხილამურო კურორტებთან მიმართებაში. ვფიქრობ, გრადაცია არის უაზრო - მაშინ, როცა ყაზბეგში მუშაობს სასტუმრო, ხოლო ბაკურიანი, გოდერძი, გუდაური და მესტია დაკეტილია, ცოტა არალოგიკურია. გაუგებარია ეს. ყაზბეგში არ არის კოვიდი? ლოგიკა არ მესმის. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასტუმროები გაიხსნას ამ კურორტებზე, მაგრამ არ ამოქმედდეს საბაგირო, სად არის ლოგიკა? ადამიანები კურორტებზე ჩადიან იმისთვის რომ ისარგებლონ საბაგიროებით, ისრიალონ... მოქალაქეებს კრედიტები აქვთ აღებული, კურორტებზე თოვლია, შევუქმნათ მათ პირობები, რომ ცოტა მაინც ამოისუნთქონ“, - განაცხადა კახიშვილმა.
გერმანიაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა 86 395-მდე გაიზარდა
22 თებერვლის მდგომარეობით, გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების მსურველთა რაოდენობა 86 395-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ისინი სპეციალურ პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ და შეავსეს სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“. რეგისტრაცია 15 თებერვალ დაიწყო და 24 საათში, 34 121 მსურველი დარეგისტრირდა.
ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე იქნება
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. ნინო დოლიძე, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი იყო, შეცვლის დეკემბერში გადაყენებულ ელენე ნიჟარაძეს. "ნინო დოლიძე არის საჯარო პოლიტიკის მაგისტრი. მას გააჩნია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ნინოს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისთვის. ნინო კარგად იცნობს ორგანიზაციას, რადგან 2007-2011 წლებში ის იყო სამართლიანი არჩევნების თანამშრომელი“, - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომხრეა
"მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადებას", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ბრუსელში გამართული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას Deutcshe Welle ავრცელებს. "მე ვემხრობი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების მომზადების დაწყებას, კონკრეტული ადამიანების სიაში შეყვანას", - აღნიშნა მაასმა. მისი თქმით, საჭიროა რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაზე საუბარიც. "ამავდროულად ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ შევინარჩუნოთ კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ურთიერთობები გაუარესდა." – აღნიშნა მაასმა.
21 თებერვლამდე მანდარინის ექსპორტმა 19.1 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 19.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.
21 თებერვლამდე თხილის ექსპორტმა 86.1 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 16.5 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 86.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლიოს მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (53%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 30.7 მლნ აშშ დოლარით (55%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 342 ტონა), იტალიაში (3 927 ტონა), ჩეხეთში (804 ტონა), ესპანეთში (489 ტონა), ლიეტუვაში (486 ტონა), საფრანგეთში (423 ტონა), პოლონეთში (385 ტონა), ბულგარეთში (367 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა) და ავსტრიასა (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (930 ტონა), რუსეთი (799 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (543 ტონა), უკრაინა (354 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), საუდის არაბეთი (223 ტონა),კანადა (195 ტონა), შვეიცარია (131 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (80 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (56 ტონა), აზერბაიჯანი (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ისრაელი (32 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.
21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტმა 5.6 მლნ დოლარი შეადგინა
2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რაც რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12.5 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართუ ბანკის" საქმეზე მელიას სასჯელში “ოცნების” და ივანიშვილის ჰუმანურობა გამოჩნდა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკის" საქმეზე, ნიკა მელიას სასჯელის განსაზღვრაში “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის „ჰუმანური დამოკიდებულება“ ჩანდა. ამის შესახებ ღაირბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მელია კრიმინალია, იმიტომ რომ სასამართლომ ის შერცხა „კრიმინალად“ ბანკი „ქართუ-ს“ გაკონტრების საქმეზე... ბატონი მელია, მე შეგახსენებთ, რომ არის გასამართლებული, მას მიემართა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ გაკონტრების საქმეზე, ამაშიც გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ყოფილი თავმდჯომარის, ბატონი ივანიშვილის დამოკიდებულება საკითხებისადმი. მას პირობითი სასჯელი მიესაჯა და ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა.. ანუ ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს პარტიის თავმჯდომარედ სამი თვის წინ და გვეუბნებიან, რომ მან იმ მძიმე დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სავარაუდოდ, და რომელსაც იძიებს შს სამინისტრო და პროკურატურა – ვგულისხმობ, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ მიუხედავად ამისა, არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები – რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულისთვის ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვისმ “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა.
ევროკავშირი, ნავალნის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს
ევროკავშირი, ნავალნის გამო, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. "რუსეთის სასამართლო განაგრძობს ნავალნის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებას. ევროკავშირის 27 მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის მოქმედებებს განვიხილავთ", - წერს ბორელი.
თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა
თბილისში ჩინეთის ქალაქ სიანიდან პირველი პირდაპირი ბლოკ-მატარებელი შემოვიდა. სარკინიგზო შემადგენლობა, რომლის ორგანიზებაც „მაერსკ ჩინეთის“ მიერ მოხდა, მოემსახურა ერთ-ერთი მსხვილი ქართული იმპორტიორისთვის განკუთვნილ პრიორიტეტულ ტვირთს, რამაც აღნიშნულ კომპანიას მისცა სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის შესაძლებლობა და შეუმცირა მნიშვნელოვანი ღირებულების ტვირთის ტრანსპორტირების დრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო და ჩინეთი ერთმანეთს პირდაპირი ბლოკ-მატარებლით დაუკავშირდა და სიანიდან თბილისამდე მგზავრობის დრომ მხოლოდ 21 დღე შეადგინა. ბლოკ-მატარებელი არის სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც უწყვეტად, შეუფერხებლად ოპერირებს საწყის და დანიშნულების პუნქტებს შორის და ტვირთმფლობელებს თავიდან არიდებს საზღვრების კვეთასთან დაკავშირებულ თუ სხვა ბიუროკრატიულ სირთულეებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების თანმდევია. „მაერსკ ჩინეთმა“ მიიღო ტვირთი ჩინეთში, უზრუნველყო ყველა საექსპორტო დოკუმენტის მოწესრიგება და მონიტორინგს უწევდა ტვირთს, საბოლოო ჩაბარებამდე. ამასთან, „მაერსკი“ პარტნიორობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური), რათა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის პოტენციალი, შეასრულოს ევროპა-აზიის მაკავშირებელი კარიბჭის როლი, ეფექტურად იყოს ათვისებული აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების და მათ მიმდებარე რეგიონების მიმართულებით წამოსული ტვირთებისთვის სწრაფი საზღვაო-სარკინიგზო მომსახურებების შეთავაზებით. „ეიპიემ ტერმინალსის“ მმართველობაში მყოფი ფოთის მრავალმიზნობრივი საზღვაო ნავსადგური ემსახურება ყველა გლობალური საზღვაო ხაზის საკონტეინერო ტვირთნაკადს, რომელიც მოძრაობს საზღვაო, სარკინიგზო თუ სახმელეთო გზებით. აღნიშნული სერვისით, რომელიც სრულ მარშრუტზე ეფექტური და სწრაფი გადაზიდვების უზრუნველყოფით, ტვირთებს საქართველოს გავლით დააკავშირებს მსოფლიო ლოგისტიკურ ჯაჭვთან, კომპანია მხარს უჭერს აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარების ეროვნულ მიზანს.
ეკონომიკის სამინისტრო 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს
ეკონომიკის მინისტრობის 2021 წელს, 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე თურნავამ აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს პერიოდში, 10 საწარმოს გამოიტანს გასაყიდად. აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში. საპარლამენტო კომიტეტების მიერ წარმოებული მოკვლევების დასკვნების საფუძველზე 2 მიმართულებით მივდივართ ერთი - სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და მათი კორპორატიზაციაა და მათი შემდგომი შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებლები იყვნენ ფინანსურად, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო. ჩვენ ამ ახალი აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. უახლოეს პერიოდში პირველი 10 საწარმო იქნება შეთავაზებული. ეს არ ნიშნავს, რომ წელს ყველა გაიყიდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა წიაღისეულისა და სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების კუთხით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა. "შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესი უფრო აქტიურად, ვიდრე ეს აქამდე იყო. მნიშვნელოვანი რეფორმაა წიაღის რეფორმა, რა დროსაც მოხდება დივერსიფიცირება ლიცენზიის სახეობების, ზედამხედველობის სისტემის დახვეწა, სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირება და აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. 50 საბადოს ახალი პაკეტი ასევე იგეგმება და ვფიქრობთ, რომ იმ საპრივატიზაციო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
უკრაინამ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქს სანქციები დაუწესა
უკრაინამ ვიქტორ მედვედჩუკს, პოლიტიკაში გავლენიან პირს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს და კიევის მთავარი პრორუსული პარტიის ლიდერს. სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ალექსი დანილოვმა, პრეზიდენტის ბრძანებით დაწესებული ზომების შესახებ, 19 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, მედვედჩუკი და შვიდი სხვა სანქცირებული პირი, მათ შორის მედვედჩუკის მეუღლე ოქსანა მარჩენკო და ჯგუფთან ასოცირებული 19 კომპანია, ეჭვმიტანილები არიან ტერორიზმის დაფინანსებაში. სანქცირებული პირებიდან რამდენიმე რუსეთის მოქალაქეა. სანქციებით სამი წლით გაიყინა წყვილის ქონება და მათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება შეეზღუდათ. ”სანქციები დაწესებულია იმ აქტივებზე, რომლებიც ბატონ მედვედჩუკს ეკუთვნის”, - თქვა დანილოვმა. ივან ბაკანოვმა, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა დაზვერვის საფუძველზე, რომ აღნიშნული პირები და კომპანიები აღმოსავლეთის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში მონაწილეობდნენ, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ. ასევე ისინი სამ ადგილობრივ პრორუსულ სატელევიზიო არხის აფინანსებდნენ, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით დაიხურა.
იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება. პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება. „ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ. როგორც Europetime-თან საუბრისას ეკონომიკის საკითხების სპეციალისტმა დემურ გიორხელიძემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, ახალი ინვესტორების მოძიება ხელისუფების პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან პორტის ირგვლივ დიდი რესურსის მქონე ინვესტორები თავისთავად ჩნდებიან, პროექტის გლობალურობიდან გამომდინარე. „ინვესტორების მოძებნა არ არის ხელისუფლების ფუნქცია. ამ დროისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო. ვნახოთ, თუ მთავრობა სწორად მოიქცევა და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა, რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაკეთდება. ანაკლიის პროექტს არ აქვს თანხების მოძიების პრობლემა. ანაკლიის პროექტს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის და პროფესიულ დონეზე ამ გადაწყვეტილების მიღების პრობლემა. ეს არ არის უბრალოდ ქართული პროექტი, ეს არის საქართველოს რესურსის გამოყენება უდიდესი, ფაქტობრივად 21-ე საუკუნის ეკონომიკისათვის“, - აღნიშნავს ანაკლიის პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტი დემურ გიორხელიძე. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე არც ერთი თეთრი არ შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რადგან ეს პროექტი არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს. დემურ გიორხელიძე ანაკლიის პორტის ყოფილი ინვესტორის „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმის“ მთავრობასთან დაპირისპირებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მან პირველივე დღიდან იცოდა, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კონსორციუმის ამერიკელ ინვესტორს, ანაკლიის პორტის ასაშენებელი ფული არ ჰქონდათ. „ერთადერთი რაც ამ პროექტის განვითარებას აფერხებდა იყო ის, რომ პირველი ტენდერის გამოცხადების დროს, მთავრობის მხრიდან სერიოზული მიდგომა არ არსებობდა. მთავარი შეცდომა რამდენიმე წლის წინ დაუშვა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, როცა ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც პროექტი. პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას მიწვევით, პირველივე დღიდან ვიყავი ჩართული ანაკლიის პორტის პროექტში. ყველა დეტალს ვიცნობდი. ტენდერის შედეგების გაგებისთანავე ვთქვი, რომ არც მამუკა ხაზარაძეს და არც ამერიკულ ჯგუფს პორტის ასაშენებლად ფული არ ჰქონდათ. შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი. როდესაც ასეთ გლობალურ პროექტზე სახელმწიფო ტენდერს აცხადებს და ინვესტორს არჩევს, მთავრობა უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა აინტერესებდეს პროექტის რაობა, რესურსის მაქსიმალური ათვისება, სარგებებლობა და არა ნეპოტიზმი, არა ძმაკაცობა და კულუარული გარიგებები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ანაკლიის პორტის მსგავს გლობალურ პროექტებზე, ასეთი მიდგომა ყოველთვის კრახით სრულდება და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. შანსიც არ იყო“, - აღნიშნავს ეკონომიკის საკითხების სპეციალისტი დემურ გიორხელიძე. საქართველოს მთავრობის გადწყვეტილებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, კონსორციუმმა საარბიტრაჟო სასამრთლოში სარჩელის შეტანით უპასუხა. როგორც Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (TBC Holdings and Conti Group) განუცხადეს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან ყველაზე ჭკვიანი ნაბიჯი იქნება, კონსორციუმთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაა. „გარდა იმისა, რომ მთავრობა სერიოზულ ფინანსურ რისკზე დგება, საარბიტრაჟო განხილვის დროს კარგად არის გააზრებული, რომ არც ერთი ლეგიტიმური დეველოპერი, ინვესტორი ან გამსესხებელი არ დაინტერესდება ანაკლიის ახალი და ცალკე პორტის პროექტით”, - განაცხადეს კონსორციუმში, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად, ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილების შეფასებისას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ორი საარბიტრაჟო სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, საწყის ეტაპზეა და მისი განხილვა შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „საბოლოო პოზიტიური შედეგისადმი ჩვენი ნდობა კვლავ ძლიერია. ჩვენ გვსურს ვნახოთ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ამავდროულად, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინვესტორების ინტერესები, რის გამოც დავიწყეთ საარბიტრაჟო განხილვა. ამასთან, ჩვენი პირველი პრიორიტეტი რჩება ამ პროექტის განსახორციელება. შეჩერებული და დაგვიანებული ანაკლიის პორტის პროექტზე პრობლემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მთავრობას. თუმცა, ოცნება ანაკლიის მსოფლიო დონის პორტის აშენების შესახებ და ეკონომიკური სარგებელზე, რაც მას მოჰყვება, შესაძლოა, კვლავ გახდეს რეალობა. საჭიროა მხოლოდ მთავრობის მზაობა, შეაჩეროს ამ პროექტთან დაპირისპირება და მიიღოს აქტიური, პოზიტიური როლი უკვე მიღწეული პროგრესის ჩამოყალიბებაში. “,- განუცხადეს Europetime-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ავტორის სპარტაკ ერაგიას კონსულტანტის დემურ გიორხელიძის თქმით, პროექტის გასაგრძელებლად ამ ეტაპზე ყველა ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს, მთვარია, ხელისუფლებამ ინვესტორის შერჩევისას გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდიანრე მიიღოს. „ანაკლიის პორტი ეს არ არის მხოლოდ პორტი, ანაკლია არის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის სულ ცოტა ოთხი ქვეყნის ინტერესებში. ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი საქართველო. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა. სარკინიგზოს ჩათვლით. მათ შორის აქტაუსა და ბაქოს პორტების ჩათვლით. გარდა ამისა, შავი ზღვის მეშვეობით დუნაის აუზის უზარმაზარი ევროპული ტერიტორია ექცევა ამ ტრასის ინტერესებში და ჩვენ ვიღებთ კლასიკური ოკეანისა და სუეცის არხის მეშვეობით, აზიის და ევროპის დამაკავშირებელ გაცილებით მოკლე გზას. რა თქმა უნდა, არის მეორე გზა, რუსეთზე გამავალი. საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე როცაა საუბარი, ეს არ არის რთული საქმე. ამას დიდი კონსორციუმი თვითონ დააბალანსებს (გლობალურ ორგანიზაციების კონსორციუმი). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, დიდი საერთაშორისო მხარადჭერა აქვს, როგორც აშშ-დან ისე ევროკავშირიდან. კლასიკური ტარნსპორტის გარდა, ამ პროექტში თავს იყრის რამდენიმე სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის პნევმატური მილის გაყვანილობა, რაც ტრანსპორტის ახალი სახეობა და ყველაფერს ცვლის. ანაკლია უნიკალური ადგილია, რომელსაც თან მოჰყვება იქვე, სარკინიგზო, საჰაერო და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. მხოლოდ და მხოლოდ შეცდომებმა შეაფერხა ეს პროექტი. ამ მთავრობას არ ეხება ეს შეცდომები, წინა მთავრობას ვგულისხმობ. (ანაკლის პორტის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა). თუ მთავრობა გაასწორებს ამ შეცდომებს და როგროც სჩანს ასწორებს, პროექტი გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს დემურ გიორხელიძემ. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა ქართულ-ამერიკული კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (TBC Holdings and Conti Group). გამარჯვებულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს. 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.
ნათია თურნავა: განვიხილავთ სასტუმროების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნას
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სასტუმროების და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გახსნას, უახლოეს დღეებში განიხილავენ. როგორც დღეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თურნავამ განაცხადა, ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპზე პირველი პრიორიტეტი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამუშავებაა. მისი თქმით, ზამთრის კურორტებზე შესაძლებელია სასტუმრობის ოპერირების განახლებაზე მსჯელობა, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე. "თუ მკითხავთ პრიორიტეტებს, ჩემი აზრით, პირველი უახლოესი პრიორიტეტი არის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ის ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა მობილობის შეზღუდვას და ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. რესტორნების შიდა სივრცეებთან დაკავშირებით მიდის ძალიან აქტიური მსჯელობა რესტორნებთან, ძალიან კარგად არის ჩართული შრომის ინსპექცია, ჯანდაცვის სამინისტრო, ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდეგი ეს იქნება. ასევე, სასტუმრობში მივედით საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემედეგი ერთ-ერთი ეტაპი, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად. ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია, იწურება ზამთრის კურორტების გახსნის პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეგვიძლია მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე თუკი ეს მოხდება ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით. ვფიქრობ, არ არის ეს რაციონალს მოკლებული. და ერთ-ერთი, რა საკითხსაც დავაყენებ მე განსახილველად იქნება, რამდენად შეგვიძლია ახლა ის დარჩენილი ერთი თვე მაინც რომ გამოვაყენებინოთ სასტუმროებს, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი კონტროლით"-განაცხადა თურნავამ.
ივანე მაჭავარიანი: 2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარს მიაღწევს
"2020-2021 წლებში ჩვენი ეკონომიკის ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა, დღეს პარლემენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის ნეგატიურ გავლენაზე ისაუბრა. „პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას და რა თქმა უნდა გამონაკლისი ვერც ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა. განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენს, თუმცა შემცირდა ექსპორტის და ინვესტიციების მაჩვენებელი. ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გასულ წელს ეკონომიკის შემცირებამ 6%-ს გადააჭარბა. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, თუმცა ჯამურად 2020-2021 წლებში 2019 წელთან შედარებით ჩვენი ეკონომიკა რეალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1%-ით მცირდება. თუ შევადარებთ რა იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის მოცულობა პანდემიის გარეშე და რა იქნება პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მლრდ ლარი დაკარგა. ხოლო 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მლრდ ლარამდე იქნება"-განაცხადა მაჭავარიანმა.
რა რეფორმები იგეგმება ეკონომიკის სამინისტროში
მოგახსენებთ იმ რეფორმების შესახებ, რაც არის დაგეგმილი ჩვენი სამინისტროს მიმართულებით და უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობს. „მოგახსენებთ, რა აქტუალური რეფორმები გვაქვს ახლა ჩვენ დღის წესრიგში, რაც ეკონომიკის სწრაფ აღდგენას მოასწავებს. დავიწყებ სისტემური ეკონომიკური რეფორმებით და ასეთი რეფორმა არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა და უფრო ფართოდ დანახული კაპიტალის ბაზრის რეფორმა არის კომპონენტი ფინანსებზე ხელიმისაწვდომობის ზრდის პოლიტიკის, ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებული რეფორმის. რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ იქითკენ მიმართული რეფორმა რაც საფინანსო ბაზარზე მეტ დივერსიფიკაციას მოიტანს და უფრო დივერსიფიცირებული და განსხვავებული ტიპის ინვესტორებს შემოიყვანს ბაზარზე ჩვენთან, როგორიც არის ინსტიტუციური ტიპის ინვესტორები, როგორიც არის საპენსიო, სადაზღვევო ფონდები და ა.შ. ასევე დივერსიფიცირებული იქნება ჩვენი ეკონომიკის დაფინანსების წყაროები, გარდა ამისა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის რეფორმა მოიცავს უფრო მეტ ხელმისაწვდომობას არა მარტო მსხვილი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსებაზე, მათ შორის კაპიტალზე, სესხზე. კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით ჩვენ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეს არის კანონი სეკურიტიზაციის შესახებ, ეს არის კანონი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ, ეს არის საპენსიო რეფორმის გაგრძელება და თუკი უფრო ფართოდ შევხედავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, აქ კიდევ დამატებით ვმუშაობთ უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, თუ დღეს ძირითადად უძრავი ქონება გვევლინება საბანკო უზრუნველყოფის სახით, კომპანიებს შეუძლიათ მოიზიდონ სასესხო დაფინანსება, მომავალში გირავნობის ბაზა უფრო მეტად გაფართოვდება და მოძრავი ქონებაც გადება უზრუნველყოფის სახეობა. ამ მიმართულებით მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ცქიტიშვილის შემცვლელი დაასახელა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ დრომდე, ირაკლი ქარსელაძე მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
Wizzair: არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან, მარტი საკმადო ადრეა ამისთვის
"ჩვენ კვლავაც არ ვიცით ზუსტი თარიღი, თუ როდის აღვადგენთ ფრენებს საქართველოდან", - განაცხადა Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ "ბიზნეს-ფორმულას" ეთერში. მისი თქმით, ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია დაფრინავს. "ფრენების აღდგენა მეტწილად დამოკიდებულია იმ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც Wizzair-ი დაფრინავს. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მისცემენ ისინი მესამე ქვეყნებს ევროკავშირში მარტივად შესვლის უფლებას. თუმცა, როგორც კი ჩვენ მოთხოვნას დავინახავთ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ქართველი მგზავრები ევროკავშირის მიმართულებით გადავიყვანოთ, ხოლო ევროპელი მგზავრები საქართველოს მიმართულებით, ჩვენ განვაახლებთ ოპერირებას. რაც, ვფიქრობს, საქართველოს ეკონომიკისთვისაც მნიშვნეოვანი იქნება", –ამბობს რადო. Wizzair-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზის დაბრუნება სწორედ შეზღუდვების მოხნასთან არის დაკავშირებული. როგორც ანდრაშ რადომ განაცხადა, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად. "გვინდა, რომ 2021 წელს საქართველოდან ვიფრინოთ, დავაბრუნოთ ბაზა, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის მიღმაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ, ინდივიდუალური ნებართვები მივიღოთ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის საფრენად, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი მიმართულება მოვიძიეთ, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენას შევძლებთ, ამიტომ, ვფიქრობთ, მარტი საკმაოდ ადრეა ფრენების დასაწყებად, ახლა რთულია თარიღებით სპეკულირება, იმედი გამოვთქვათ, რომ ზაფხული კარგი სიახლეების მომტანი იქნება ჩვენთვის" - თქვა ანდრაშ რადომ.
საქსტატი: 2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა 16.5 პროცენტით შემცირდა
2021 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. დოლარს (16.6პროცენტით ნაკლებია). ამის შესახებ ანგარიში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. საქსტატის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში,313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი) დაჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. საიმპორტო სამეულში შედის: ჩინეთი (99.6 მლნ. აშშდოლარი), თურქეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (55.6 მლნ. აშშ დოლარი) 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 76.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი (126.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (114.3 მლნ. აშშ დოლარი) დააზერბაიჯანი (86.2 მლნ. აშშ დოლარი).