ეკონომიკა
აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების პირველი პარტია გაიგზავნა
აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში ხუთშაბათს, 18 დეკემბერს ბილაჯარის სადგურიდან გაიგზავნა. Report-ის ცნობით, 1220 ტონა AI-95 საავტომობილო ბენზინი, რომელიც 22 ვაგონში ჩაიტვირთა, ხუთშაბათ საღამომდე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) სატვირთო მატარებლით აღსტაფის რაიონში მდებარე ბოიუკ-კესიკის სადგურზე გადაიგზავნება. შემდეგ ტვირთი საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტით სომხეთში გადაიზიდება. აზერბაიჯანული სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერ შაჰინ მუსტაფაევსა და სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს შორის 28 ნოემბერს გაბალაში გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს SOCAR-ის მიერ წარმოებული AI-95 ბენზინის 22 ვაგონი გადაიზიდება. „აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტს მხოლოდ კომერციული ხასიათი აქვს და ბენზინი საერთაშორისო ბაზრის ფასების შესაბამისად გაიყიდება. მინდინარე წლის 5 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა, აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს,“ - წერს აზერბაიჯანული მედია და მიუთითებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს „სამშვიდობო დღის წესრიგი მხოლოდ დეკლარაცია არ არის, არამედ, ის პრაქტიკაშიც ხორციელდება.“ „აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში ასახავს სამშვიდობო პროცესში ეკონომიკური დივიდენდების კონცეფციას და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებისკენ. ეს ასევე ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მომავალში ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას,“ - წერს APA.
საქართველო და სერბეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ
საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებები იწყება - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას სერბეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე მხარეებმა ბელგრადში გამართულ საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაზე იმსჯელეს. ამავე ინფორმაციით, ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების მხრიდან აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. როგორც ერთობლივი განცხადების ტექსტშია აღნიშნული, ის მოიცავს ეკონომიკური პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების ყოვლისმომცველ ერთობლიობას, რომელიც ფარავს საქონლით ვაჭრობას და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებს. „აღნიშნული თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნის ექსპორტიორებისთვის. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ვაჭრობის შემდგომი გაფართოების აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია თანამშრომლობის გააქტიურება ქართველ ექსპორტიორებსა და სერბეთის წამყვან დისტრიბუტორებსა და იმპორტიორებს შორის. ალკოჰოლური სასმელები, ფარმაცევტული პროდუქცია და შესაფუთი მასალები იმ პერსპექტიულ საექსპორტო სექტორებს შორისაა, რომლებშიც ჩვენ ვხედავთ კომერციული კავშირების გაფართოებისა და ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს," - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა
2025 წლის აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის ექსპორტი საშუალოდ, დღეში 551 000 ბარელს შეადგენდა (bpd). აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი დღეში 7%-ით, 34 000 ბარელით გაიზარდა. 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება 3%-ით, 18 000 ბარელით შემცირდა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი სიგრძე 1 768 კმ-ია: 443 კმ აზერბაიჯანში, 249 კმ საქართველოში და 1 076 კმ თურქეთში.
აზერბაიჯანმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დანიაში ნავთობის ექსპორტი განაახლა
აზერბაიჯანმა გასული წლის შემდეგ პირველად განაახლა ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი დანიაში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში აზერბაიჯანმა დანიაში ექსპორტზე გაიტანა 88,200 ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება ბიტუმოვანი ქანებისგან 49.7 მილიონ დოლარს შეადგენს. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ცნობით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან დანიაში ნავთობი ექსპორტზე არ გაუტანიათ.
BP აზერბაიჯანისთვის, საქართველოსა და თურქეთისთვის მილსადენის ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - მედია
BP მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენების ოპერატორის ფუნქციების გადაცემაზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი სამთავრობო უწყებებისთვის. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მოლაპარეკებების შესახებ ინფორმაცია Report-ს BP Azerbaijan-მა დაადასტურა. კომპანიამ აღნიშნა, რომ არსებული მილსადენების მართვის შეთანხმებების თანახმად, ნავთობისა და გაზის მილსადენების ოპერატორის როლი წინასწარ განსაზღვრულია და მისი გადაცემა დაგეგმილია შესაბამის სამთავრობო ან სახელმწიფო ორგანოსთვის, შეთანხმებულ ვადებში. „ამ შეთანხმებების საფუძველზე, 2021 წელს სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერაციები გადაეცა SOCAR-ს როგორც აზერბაიჯანში, ასევე, საქართველოში. ანალოგიურად, ეს შეთანხმებები ითვალისწინებს დასავლეთის ექსპორტის მილსადენის (ბაქო-სუფსა) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორის ფუნქციების გადაცემას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი ორგანოებისთვის წინასწარ შეთანხმებულ ვადებში,“ - განაცხადა BP-მ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ-ზეა გადაჭიმული, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანშია, 249 კმ საქართველოში და 1076 კმ თურქეთში. BTC Co.-ს აქციონერები არიან: BP (30.1%), SOCAR (32.97%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni (5%), TotalEnergies (5%), Itochu (3.4%), Inpex (2.5%), ExxonMobil (2.5%) და ONGC (BTC) Limited (3.1%). ბაქო-სუფსას მილსადენი, რომელიც განკუთვნილია აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ბლოკიდან ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის აპრილში. მილსადენი მოიცავს 837 კმ-ს, მათ შორის 775 კმ ახალ 21 დიუმიან (530 მმ) მილს და 55 კმ რეაბილიტირებულ მონაკვეთებს, რომელთა გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტია (145,000 ბარელი დღეში). ამ მარშრუტზე ოპერაციები შეჩერდა 2022 წლის გაზაფხულზე და ამჟამად აზერბაიჯანული ნავთობის მთელი ექსპორტი BTC მილსადენის მეშვეობით ხორციელდება.
ევროკავშირმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის სტატუსი მიანიჭა
ევროკომისიამ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს საერთო ინტერესის პროექტების (PCI) და ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსი მიანიჭა - ეს 2023 წლის შემდეგ მეორე ასეთი სიაა. შერჩეულ პროექტებს ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად განაცხადის შეტანა შეეძლებათ. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს შავი ზღვის ქვეშ 1000 მეგავატიანი წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის მშენებლობის გეგმებს, რომლის სიგრძე 1195 კილომეტრია. ეს კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში გამომუშავებულ მწვანე ელექტროენერგიას რუმინეთში გადასცემს, ხოლო შემდგომ ტრანსპორტირებას უნგრეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში მოახდენს, რაც გააძლიერებს ევროპის წვდომას კავკასიის რეგიონიდან განახლებად ენერგიაზე. ბულგარეთმაც გამოთქვა ინტერესი პროექტში მონაწილეობის მიმართ. 2024 წლის სექტემბერში, რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა „ტრანსელექტრიკამ“, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, აზერბაიჯანის ენერგოკომპანია „აზერენერჯიმ“ და უნგრეთის ენერგოკომპანია „MVM“-მა შავი ზღვის ქვეშ წყალქვეშა კაბელის გაყვანისთვის ერთობლივი ფირმა შექმნეს.
მარტა კოსი აცხადებს, რომ შუა დერეფნის სატრანზიტო გამტარუნარიანობა, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გასამმაგდება
შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვა 2022 წლიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა და 2030 წლისთვის შესაძლოა, კიდევ სამჯერ გაიზარდოს, თუ სწორი ინვესტიციები განხორციელდება გამტარუნარიანობის გაზრდისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ტაშკენტში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმზე, იტყობინება Trend-ი. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებს დერეფნის გასწვრივ ყველა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობები მოაქვს. „ყველამ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველს გვხდის. ტრანსპორტში, ციფრულ და ენერგეტიკულ კავშირგაბმულობაში ინვესტიციები მეტ ვარიანტს ქმნის და ამცირებს ზეწოლის რისკს. ჩვენ გვჭირდება სანდო, გრძელვადიანი ალტერნატივა ჩრდილოეთ დერეფნისთვის,“ - აღნიშნა კოსმა. 26-27 ნოემბერს, კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის მესამე ეკონომიკურ ფორუმსა და ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა ფორუმში, რომელსაც უზბეკეთის მთავრობა და ევროკავშირი მასპინძლობდნენ. „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საიმედო მარშრუტები გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამარჯვებაა“ - მარტა კოსი
„ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება“ - თურქი მინისტრი
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება. CNN Türk-თან მანვე განაცხადა, რომ „თურქეთი შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. „ამჟამად, ჩვენ არ შეგვიძლია სასურველი მოცულობის ტვირთის გადაზიდვა, თუმცა ყოველდღიურად ვზრდით ამ პოტენციალს ბაქოს, თბილისისა და კასპიის ზღვის გავლით მარშრუტებით. „ზანგეზურის დერეფანი“ კი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გამტარუნარიანობის გაზრდაში,“ - განაცხადა მინისტრმა. ურალოღლუმ აღნიშნა, რომ „ზანგეზურის“ დერეფანი გახდება უმოკლესი მარშრუტი, რომელიც თურქულ სახელმწიფოებსა და შორეულ აღმოსავლეთს დააკავშირებს. „აზერბაიჯანი ნახჭევანიდან სომხეთის საზღვრამდე რკინიგზას აგებს. ჰორადიზიდან ბაქომდე მონაკვეთი უკვე დასრულების პირასაა. ამ მარშრუტზე იმუშავებს როგორც რკინიგზა, ასევე საავტომობილო ტრანსპორტი,“ - აღნიშნა მინისტრმა. „ზანგეზურის დერეფანი“ TRACECA-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია“ - გენერალური მდივანი ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
აზერბაიჯანის გავლით, სომხეთში ყაზახური ხორბლის პირველი პარტია გაიგზავნა
აზერბაიჯანის გავლით ყაზახური მარცვლეულის სომხეთში ტრანსპორტირება ოფიციალურად დაიწყო. Report-ის ცნობით, ყაზახეთიდან ხორბლის 15 ვაგონისგან შემდგარმა ტვირთმა 5 ნოემბერს აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა და საქართველოსკენ მიემართება. იალამა-ბილაჯარი-ჰაჯიგაბული-ბოიუკ კასიკის მარშრუტით გადაზიდული ტვირთი სომხეთის დალარიკის სადგურზე გაიგზავნება რუსეთიდან ჩამოსული 15 ვაგონის შემდეგ. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოიხსნა. აზერბაიჯანული APA-ს ცნობით, 15 სატვირთო ვაგონი, რომელიც რუსული ხორბლით იყო დატვირთული, სომხეთის დალარიკის სადგურზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩავიდა, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთის პირდაპირ გადაზიდვის პირველი შემთხვევა იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო მარშრუტი გახსნას
ყაზახეთმა შესაძლოა, სომხეთის გავლით თურქეთში ახალი სავაჭრო გზა გახსნას. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სომხეთის გავლით ეს ახალი სავაჭრო გზა ყაზახეთს თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მისცემს. „ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებისკენ მივდივართ. ახალი გზა [აზერბაიჯანის] ნახიჩევანში [ანკლავში] შესვლის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ კი, პირდაპირ თურქეთში, მის საზღვაო პორტებში,“ - განაცხადა ყაზახმა ოფიციალურმა პირმა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამჟამად ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება
ყაზახეთიდან აზერბაიჯანამდე კასპიის ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის სამუშაოს დაწყება მომავალი წლის ზაფხულში იგეგმება. ამის შესახებ მედიას აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ სამედინ ასადოვმა განუცხადა. ასადოვის თქმით, პროექტის სრულად დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება. კაბელის გაყვანილობის ზღვის ფსკერის მონაკვეთის მარშრუტის ანალიზი უკვე დასრულებულია და პროექტის განმახორციელებელი კომპანია მალე პროექტის ოპერატორებს სრულ ანგარიშს წარუდგენს. კაბელის წარმოებაც დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ასადოვმა აღნიშნა, რომ კაბელი კასპიის ზღვაზე გადამკვეთი ძირითადი ციფრული დერეფნის მნიშვნელოვან სეგმენტს შექმნის. „როგორც ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო, ჩვენ ვაგრძელებთ პროექტის ოპერატორების მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკომუნიკაციო რგოლი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ცენტრად გარდაქმნაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში,“ - აღნიშნა სამედინ ასადოვმა. აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ
რა შეთანხმება გააფორმა ამერიკამ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
აშშ და ცენტრალური აზიის ქვეყნები „ტრამპის მარშრუტთან“ "შუა დერეფნის" დაკავშირებაზე შეთანხმდნენ. აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან - ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებებს აფორმებს. 6 ნოემბრის საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს. დასავლური მედიის ცნობით, C5+1 ფორმატის ბოლო სამიტი ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა: რეგიონის მდიდარ მინერალურ რესურსებზე წვდომას, სადაც ჩინეთი და რუსეთი დიდი ხანია, გავლენისთვის იბრძვიან. თუმცა ახლა შეერთებული შტატები მკაფიო პოლიტიკის ცვლილებას ადასტურებს იმ რეგიონის მიმართ, რომელიც ტრადიციულად პეკინისა და მოსკოვისკენ იყო მიმართული. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას, ვაუმჯობესებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში და ვაფართოებთ ჩვენს საერთო კავშირებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა ცენტრალური აზიის ლიდერებთან ოფიციალური ვახშმის წინ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ამ ახალი ორიენტაციის ხაზგასმით მან აღნიშნა: „ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კრიტიკული მინერალებია.“ იშვიათ მიწათა ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია მოწინავე წარმოებისა და სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებისთვის, ამჟამად ჩინეთის უპირატესობით კონტროლდება. პეკინს დაახლოებით 44 მილიონი ტონა მარაგი აქვს, რაც მსოფლიოში ცნობილი მარაგის ნახევარზე მეტია. ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტით აღემატება შემდეგი ექვსი ქვეყნის კომბინირებულ მარაგს, რაც პეკინს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორში უდაოდ გლობალურ ლიდერად აქცევს. ამ მიზეზით, ვაშინგტონი მარაგის ალტერნატიულ წყაროებს ეძებს და ცენტრალური აზია პერსპექტიულ პარტნიორად წარმოჩინდა. თეთრ სახლში შეხვედრის დროს რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას ხელი მოეწერა. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით სოციალურ მედიაში ისინი „წარმოუდგენელ სავაჭრო და ეკონომიკურ გარიგებად“ შეაფასა. ამ შეთანხმებების ცენტრალურ ნაწილს უზბეკეთი წარმოადგენს, რომელმაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თითქმის 35 მილიარდი დოლარი და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადოს ამერიკული ეკონომიკის ძირითად სექტორებში, მათ შორის, ავიაციაში, სოფლის მეურნეობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უდიდესი მწარმოებელია; თურქმენეთი ბუნებრივი აირით მდიდარია; უზბეკეთი ასევე ფლობს ოქროს უზარმაზარ მარაგებს. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკები აგრძელებენ ძვირფასი მინერალების ახალი საბადოების აღმოჩენას. თეთრ სახლში გამართული სამიტის დროს, ცენტრალური აზიის ლიდერებმა განსაკუთრებით შეაქეს პრეზიდენტი ტრამპი, რაც ასახავდა ნამდვილ სტრატეგიულ გათვლას და არა უბრალო დიპლომატიას. თითოეული ეს ქვეყანა ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ძლიერი მეზობლების მზარდი გავლენის ფონზე. მათთვის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება წარმოადგენს არამხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობას, არამედ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ „კედელსაც.“ პარალელურად, ყაზახეთმა „აბრაამის შეთანხმებებთან“ შეერთების განზრახვის შესახებ განაცხადა, ესაა დიპლომატიურ ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავებას და აშშ-ის ძალისხმევის მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში. ყაზახეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი „ბუნებრივ და ლოგიკურად“ შეაფასა, ისრაელთან მისი დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით. AFP-მ ეს გადაწყვეტილება რეგიონში აშშ-ის დიპლომატიის მხარდაჭერის სიმბოლურ ჟესტად შეაფასა. C5+1 სამიტები, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას აერთიანებს, 2015 წლიდან იმართება, პირველი შეხვედრა კი, უზბეკეთის დედაქალაქ სამარყანდში გაიმართა. ამ შეხვედრების უმეტესობა ადრე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა. სახელმწიფო მეთაურების პირველი შეხვედრა 2023 წელს შედგა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იგივე ხუთ ლიდერს უმასპინძლა გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ცნობისთვის, ურანის მარაგი განსაკუთრებით კრიტიკულია შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ამჟამად ამ ლითონის დაახლოებით 20%-ს რუსეთიდან იმპორტით იღებს. საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, მოსკოვი ინარჩუნებს ძლიერ გავლენას ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ სექტორში და აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს მთელ რეგიონში. ამასობაში, ჩინეთმა, რომელიც ესაზღვრება ყაზახეთს, ყირგიზეთს და ტაჯიკეთს, გააფართოვა თავისი გავლენა მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გზით. მხოლოდ წელს, რეგიონს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ეწვია, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის ბრძოლა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. პეკინი და ბრიუსელი მხარს უჭერენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის პროექტს, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას კავკასიის გავლით და რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით დააკავშირებს. შეერთებული შტატებისთვის რუსეთი შედარებით მცირე გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე ჩინეთი, რომელთანაც გლობალური კონკურენცია კვლავ მწვავდება. ამ ფონზე, თეთრ სახლში შეხვედრას ცენტრალური აზიის მონაწილეებისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ინგლისურ ენაზე წარმოთქმულ სიტყვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ამჟამინდელი ეპოქა „ახალ ოქროს ხანად“ შეაფასა. მან შეაქო ტრამპის ლიდერობა და განაცხადა, რომ ის შთაგონებულია ძლიერი და დამოუკიდებელი ყაზახეთის ხედვის გატარებისთვის. სამიტის შემდეგ ტრამპი და თოყაევი ერთობლივად მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერას. სამიტის მნიშვნელობას ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც სამიტის წინა დღეს, 5 ნოემბერს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. რუბიომ აღიარა, რომ ვაშინგტონმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უგულებელყო რეგიონი, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი აქვს, შეცვალოს ეს კურსი. მან გამოაცხადა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების გეგმები და დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი ჯექსონ-ვანიკის შესწორების გაუქმების შესახებ, რომელიც ცივი ომის ეპოქის შეზღუდვა იყო სსრკ-სთან და სხვა სოციალისტურ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე. „მიუხედავად იმისა, რომ შესწორება რუსეთზე 2012 წელს აღარ ვრცელდებოდა, ტექნიკურად ის კვლავ ძალაში რჩება უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთისთვის. ვაშინგტონში 6 ნოემბრის სამიტი უაღრესად პროდუქტიული აღმოჩნდა როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მან საფუძველი ჩაუყარა მომავალ თანამშრომლობას მრავალ ფრონტზე: ენერგეტიკა, სამთო მოპოვება, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და ინოვაციები. რადგან დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია ცენტრალური აზიის უზარმაზარი რესურსებისა და სტრატეგიული მარშრუტების გამო მწვავდება, თეთრ სახლში გამართული ეს შეხვედრა შეიძლება, კარგად დაამახსოვრდეთ, როგორც გადამწყვეტი მომენტი - რომელმაც რეგიონი გლობალური გეოპოლიტიკის ცენტრში გადაიტანა და აშშ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ფაზის დასაწყისი აღნიშნა,“ წერს Caspian Post-ი. შეგახსენებთ, აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. ამის თაობაზე შეერთებული შტატებისა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) მთავრობების ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც “C5+1 ქვეყნები”) შეთანხმდნენ “ტრანსკასპირიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს. “[ვაპირებთ] მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი “ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება C5+1 ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ; [ვაპირებთ] ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას; [ვაპირებთ] C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს; [ვაპირებთ] კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. დონალდ ტრამპმა დიპლომატიურ და წიაღისეულის სფეროში გარიგებების შესახებ გამოაცხადა. ყაზახეთმა ამერიკულ კომპანიასთან 1,1 მილიარდი დოლარის შეთანხმება გააფორმა ვოლფრამის მოპოვების სფეროში. სხვა შეთანხმებებს შორის არის Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვა და 17,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციები. გარიგების ფარგლებში ამერიკული კომპანია Cove Kaz Capital Group აქციების 70%-ს შეიძენს ერთობლივ საწარმოში, რომელშიც მისი პარტნიორი იქნება ყაზახეთის სახელმწიფო სამთო-სამადნო კომპანია. გარიგების ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია. აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა გამოაქვეყნა დაინტერესების წერილი, რომლის თანახმადაც ის ამ გარიგებას 900 მილიონი დოლარით დააფინანსებს. სამიტის სხვა შედეგებს შორისაა კიდევ ერთი გარიგება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული და რომელიც შეეხება ამერიკული კომპანია Boeing-ის 37-მდე თვითმფრინავის შეძენას ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ნაციონალური ავიაკომპანიების მიერ. ყაზახეთმა ასევე გამოაცხადა ამერიკულ კომპანიებთან ხელმოწერილი 30-ზე მეტი შეთანხმების შესახებ, რომელთა საერთო ღირებულება 17,2 მილიარდი დოლარია.
ტრამპის გუნდი ყაზახეთში, ვოლფრამის საბადოზე ამერიკული კომპანიის წვდომას მხარს უჭერს - Bloomberg
Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ყაზახეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, გამოუყენებელ ვოლფრამის საბადოზე წვდომა უზრუნველყოს - რაც მიზნად ისახავს კრიტიკული მინერალების სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. საკითხთან დაკავშირებული პირების ცნობით, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი Cove Kaz Capital Group LLC-სა და ყაზახეთის სუვერენულ ფონდ Samruk-Kazyna-ს შორის მოლაპარაკებებს ხელს უწყობს. „ვაშინგტონი გარიგების ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციისა და ექსპორტ-იმპორტის ბანკის მეშვეობით, თუმცა „ადმინისტრაცია არ ცდილობს აქციების შეძენას,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. თუ პროექტი დასრულდება, ვოლფრამის პროექტი ყაზახეთს „მსოფლიო ვოლფრამის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ“ აქცევს. ლითონს პენტაგონი საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკისთვის იყენებს, ჩინეთი კი, გლობალური მიწოდების დაახლოებით 80%-ს აწარმოებს.
მედია: რუსი მილიარდერისთვის ჩამორთმეული იახტა ტრამპის ბიზნესპარტნიორმა შეიძინა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრ სულეიმან კერიმოვის საკუთრებაში არსებული 106-მეტრიანი სუპერიახტა Amadea აშშ-ის ხელისუფლების ბრძანებით, 10 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდა. გემის ახალი მფლობელი დუბაიდან, მილიარდერ ჰუსეინ საჯვანის ოჯახი გახდა. 10 ოქტომბრიდან Amadea-ს მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Beyond Holdings Group-ია, იტყობინება Verstka Equasis მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის მარტამდე Beyond Holdings Group ცნობილი იყო, როგორც AHS Four Company. ახალი კომპანია, რომელმაც Amadea შეიძინა, რეგისტრირებულია დუბაის ბარშა ჰაითსის რაიონში მდებარე Executive Heights-ის საოფისე კომპლექსში, რომელიც Damac Group-ის საკუთრებაა. აბრევიატურა „AHS“, სავარაუდოდ, აბას ჰუსეინ საჯვანის ნიშნავს. შესაბამის პორტალებზე ჩამონათვალში გვხვდება კომპანია სახელწოდებით „AHS Four Company Yacht“, რომელიც 66-მეტრიან იახტა AHS-თან არის დაკავშირებული. ის აბას ჰუსეინ საჯვანის, დეველოპერული კომპანია Damac Properties-ის საბჭოს წევრს და ჰუსეინ საჯვანის შვილს ეკუთვნოდა. ჰუსეინ საჯვანი DAMAC ჯგუფის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი დეველოპერია და სპარსეთის ყურეში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უძრავი ქონების განვითარებაშია სპეციალიზირებული. საჯვანი დიდი ხანია ცნობილია, როგორც დონალდ ტრამპის ახლო თანამოაზრე. ის 2017 წელს ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო და ტრამპმა მას „დიდი კაცი“ და „ოჯახის მეგობარი“ უწოდა. ტრამპის მიერ 2017 წელს წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მან Damac-თან ერთობლივი პროექტიდან 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კომპანიამ დუბაიში Trump International Golf Club გახსნა, ხოლო ტრამპის 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბიზნესმენი კვლავ ეწვია ამერიკას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ Damac-ის გეგმების შესახებ გამოაცხადეს, რაც შეერთებულ შტატებში მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გულისხმობდა. იახტა „ამადეა“ ფიჯიზე 2022 წლის მაისში, შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების გამო ჩამოართვეს კარიმოვს და მოგვიანებით სან დიეგოში გადაიყვანეს. 2025 წლის ივნისში ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ მისი გაყიდვა დაამტკიცა და გემი იმავე შემოდგომაზე აუქციონზე გაიტანეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იახტის ღირებულება 300 მილიონ დოლარამდე შეაფასა, მაგრამ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მისი ღირებულება 230 მილიონ დოლარამდე შეამცირეს. გაყიდვის საბოლოო ფასი არ გახმაურებულა. გერმანული გემთმშენებელი ქარხნის „ლიურსენის“ მიერ აშენებული სუპერიახტა თავისი ფუფუნებით გამოარჩევენ. ბორტზე ექვსი გემბანია, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ორი სპა, კინოთეატრი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ღვინის მარანი და უნიკალური Pleyel-ის როიალი, რომელიც ხელით არის მოხატული და 24-კარატიანი ოქროთი მოჭედილი. იახტის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს რუსი მილიარდერის საყვარელი სპორტული ფეხსაცმლის წყვილის ხელმისაწვდომ ადგილას შენახვა დაევალა. საჯვანი ტრამპის მეორე ბიზნესპარტნიორია, რომელმაც იახტა ყოფილი რუსი მფლობელისგან შეიძინა. ადრე, 74-მეტრიანი იახტა „კაზინო როიალი“, რომელიც ადრე რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უკავშირდებოდა, ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯონ სტალუპიმ შეიძინა. სტალუპი ავტომაგნატი და დონალდ ტრამპის ყოფილი თანამოაზრეა. 1988 წელს სტალუპიმ დონალდ ტრამპთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც, ლიმუზინების გაქირავების კომპანიისთვის მისი სახელის გამოყენების უფლება მოიპოვა.
მილიარდერების საერთო ქონება 10%-ით გაიზარდა
მილიარდერთა აღწერის 2025 წლის უახლესი მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მილიარდერების ჯამურმა ქონებამ 2024 წელს რეკორდულ 13.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 10%-ით მეტია. კვლევითი ფირმა Altrata-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მსოფლიოს ულტრამდიდრებს შორის ქონების ზრდის ზედიზედ მესამე წელია. მილიარდერების საერთო რაოდენობა 3,508-მდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით მეტია. შეერთებულმა შტატებმა წამყვანი პოზიცია 1,135 მილიარდერით - გლობალური რაოდენობის თითქმის ერთი მესამედით შეინარჩუნა, ხოლო ევროპამ პირველად გადააჭარბა 1,000 მილიარდერის ნიშნულს, რასაც ხელი შეუწყო მსხვილი ეკონომიკების ზრდამ. Altrata-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ალსტერმა განაცხადა, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ მილიარდერთა პოპულაცია დინამიური რჩება, რაც ტექნოლოგიების, ბაზრებისა და გეოპოლიტიკის ცვლილებებით არის განპირობებული.
ევროკავშირი შუა დერეფნის შესახებ ახალ წინადადებას წარადგენს
Trend-ის ცნობით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს თავის წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს ახალი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაში, რათა წინ წავიდნენ „დაკავშირებადობის დღის წესრიგის“ რეალიზების მიზნით. ახალ წინადადებას განსახილველად და შემდგომი მუშაობისთვის ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ინვესტორებისა და კავშირგაბმულობის ფორუმზე ტაშკენტში, 27 ნოემბერს წარადგენენ. განცხადება მოჰყვა 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და კავშირის მინისტერიალის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის რესპუბლიკის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის წარმომადგენლები. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი, გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი და საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში კომისარი იოზეფ სიკელა. განხილვები ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მდგრადობას; ფოკუსირებული იყო ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგიონთაშორის კავშირზე. მონაწილეებმა ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე, ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაძლიერების გზები განიხილეს. ტრანსპორტის სფეროში, მოლაპარაკებებისას ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებას და დიალოგის დაწყებას ევროკავშირს, შავი ზღვის ქვეყნებს, თურქეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების გაფართოების მიზნით. თანათავმჯდომარეების დასკვნების თანახმად, მომავალი წინადადება არსებულ პლატფორმებს დაეფუძნება და მასში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და პარტნიორები ჩაერთვებიან.
აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე ერთად იმუშავებენ - ასადოვი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ პორტების, რკინიგზისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განახლებაზე, არსებული შეფერხებების აღმოფხვრაზე, დიგიტალიზაციის გაფართოებასა და დერეფნის საერთო გამტარუნარიანობის გაზრდაზე. „დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონის სრული სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გამოვლენას, სავაჭრო ბრუნვისა და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას,“ - აღნიშნა ასადოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო არამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების, არამედ, რეგიონული კავშირის გასაძლიერებლად ადმინისტრაციული და სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებაზე არიან კონცეტრირებულნი. ასადოვის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.
ამერიკამ ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა
აშშ-მ რუსეთის მსხვილ ნავთობმწარმოებელ კომპანიებს Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა მოუწოდა მოსკოვს, დაუყონებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. მისი განმარტებით, აშშ-ის სანქციები “რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასარულებლად სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია.” აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. დასანქცირებულია "როსნეფტისა" და "ლუკოილის" 34 შვილობილი კომპანიაც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელი სანქციები ზეწოლას ზრდის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე და ამცირებს კრემლის შესაძლებლობას, “მისი ომის მანქანისთვის შემოსავლების მოსაპოვებლად და თავისი დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.” „ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტი პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. სახაზინო დეპარტამენტი მზად არის, შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი. ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა. სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “როსნეფტი” ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგოკომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ბენზინის, ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების აღმოჩენაში, მოპოვებაში, გადამუშავებაში, ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. “ლუკოილი” კი, თავის მხრივ, ჩართულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაში, წარმოებაში, გადამუშავებაში, მარკეტინგსა და გავრცელებაში, როგორც რუსეთში, ასევე, საერთაშორისოდ.
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა. „ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა განმარტა, რომ აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს,“ – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ხსენებულ პროექტში. „ანაკლიის პორტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლითაც საქართველო ცდილობს, რომ მომავალში გაიხედოს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
სომხეთი და თურქეთი გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ
სომხეთი და თურქეთი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გამართავენ, სადაც გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. „გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი შეხვედრა მალე გაიმართება,“ - განაცხადა რუბინიანმა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს. 15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.