კულტურა

ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Fanfan-Tulip", "Notre Dame Cathedral", "Young Caruso" და ა.შ. 1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. ის 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსზე სამჯერ იყო ნომინირებული. მსახიობი ამ ჯილდოს მფლობელი ერთხელ გახდა.   

„ტიტანიკი“ კინოთეატრებში ბრუნდება

ფილმი „ტიტანიკი“ 25 წლის იუბილეზე კინოთეატრებში, 10 თებერვალს დაბრუნდება. ახალი თრეილერი და პოსტერი უკვე გამოქვეყნდა, წერს ჟურნალი People. ჯეიმს კემერონის მიერ 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „ტიტანიკმა“ 11 ოსკარი აიღო. გაიმარჯვა ოქროს გლობუსის 4 ნომინაციასა და გრემის 5 კატეგორიაში როგორც ცნობილია, ფილმში ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეთი ასრულებენ. „ტიტანიკი“ ასახავს რთულ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც განწირულ RMS Titanic-ზე 1912 წელს ვითარდება. „ტიტანიკი“ ეკრანებზე 1997 წელს გამოვიდა. 2012 წელს ეკრანებზე ფილმის 3D ვერსია გამოჩნდა. ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანმა ფილმმა საბოლოოდ $2.2 მილიარდი გამოიმუშავა“, - წერს People.

რომეოსა და ჯულიეტას როლის შემსრულებლები Paramount-ისგან 55 წლის შემდეგ, შიშველი სცენებისთვის $500 მილიონს ითხოვენ

მსახიობები ლეონარდ უაიტინგი და ოლივია ხასი, რომლებმაც რომეო და ჯულიეტა ფრანკო ძეფირელის ამავე სახელწოდების ფილმში განასახიერეს, Paramount-ს შიშველი მოზარდების სურათების გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივიან. Variety-ის ცნობით, გადაღებების დროს ოლივია ხასი 15 წლისა იყო, მისი პარტნიორი კი 16 წლის. ახლა ოლივია ხასი და ლეონარდ უაიტინგი 70 წელს გადაცილებულნი არიან. 30 დეკემბერს, მათ სარჩელი შეიტანეს სანტა-მონიკას უზენაეს სასამართლოში, და Paramount-ი სექსუალურ ექსპლუატაციასა და შიშველი თინეიჯერი ბავშვების  სურათების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ისინი სტუდიისგან, მორალური ზიანისთვის $500 მილიონს ითხოვენ. სარჩელში ნათქვამია, რომ რეჟისორი ფრანკო ძეფირელიმ, (რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა), ორივე მსახიობი დაარწმუნა, რომ ფილმში შიშველი სცენები არ იქნებოდა, მაგრამ გადაღებების ბოლო დღეებში, მსახიობების თქმით, რეჟისორმა განაცახდა, რომ თუ ინტიმურ სცენებში შიშვლები არ გამოჩნდებოდნენ, „სურათი ჩავარდებოდა".  

ქვეყნები, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლია - პირველ ადგილზეა იტალია

ამჟამად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1153 ძეგლია. პირველ ადგილს 58 ძეგლით იტალია იკავებს. 2021 წლის ივლისამდე  პირველ ადგილზე იყვნენ ჩინეთი და იტალია 55-55 ძეგლით, თუმცა მოგვიანებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე, იტალიას კიდევ სამი ძეგლი დაემატა, ჩინეთს, ერთი. წარმოგიდგენთ ქვეყნების სიას, სადაც მოგზაურობისას თქვენს თვალწინ ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლები ცოცხლდება. 1. იტალია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 58 ძეგლით პირველ ადგილს იკავებს რომის იმპერიისა და რენესანსის სამშობლოს აქვს 53 არის კულტურული და 5 ბუნებრივი ძეგლი. გარდა ამ 58 ფიზიკური ადგილისა, იუნესკო აღიარებს იტალიის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილია 14 ტრადიცია, რომელთაგან ზოგიერთი იტალიას ეხება, ზოგი კი სხვა ქვეყნებს...   2. ჩინეთი: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 56 ძეგლით, მეორე ადგილზეა. ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი უნიკალური ძეგლია.   3. გერმანია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მესამე ადგილზეა 51 ძეგლით. განსაცვიფრებელი ძეგლები, პარკები, ქალაქები და სასახლეები გერმანიას თავისი მასშტაბით ეხმარება რომ პირველ სამეულში მოხვდეს.   4. ესპანეთი: 49 ისტორიული ძეგლით მეოთხე ადგილს იკავებს. ესპანეთს აქვს კულტურის დამაჯერებელი ნაზავი და განსაცვიფრებელი ბუნებრივი პეიზაჟების მრავალფეროვანი სპექტრი...   5. საფრანგეთი მეხუთე ადგილზეა 48 ძეგლით იუნესკოს სიაში, საიდანაც 42 კულტურული, 5 ბუნებრივი და ერთი შერეული ძეგლია.   მსოფლიო კულტურულ და ბუნებრივ ღირებულებათა დაცვის შესახებ 1972 წლის კონვენციის ფარგლებში შეიქმნა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.) გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.) ზემო სვანეთი (1996 წ.) კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.) 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები... იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: იტალიას, ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს... უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს.

პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც  ქართული ცეკვის ილეთები იყო გამოყენებული.  

საქართველოს წარმომადგენელმა საბავშვო ევროვიზიაზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა. პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.

პრეზიდენტი: საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა

პრეზიდენტმა ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დღეს ინკლუზიური თეატრის პექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის რეჟისორს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. პრეზიდენტმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა. „დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ [ორბელიანების სასახლეში] არაჩვეულებრივი დასის ,,კონტაქტი“ მოყვანა გადავწყვიტეთ. თეატრი, რომლის პერფორმანსსაც შარშან დავესწარი და აღვფრთოვანდი. ეს, მართლაც, უდიდესი საქმეა, რადგან შშმ პირებს ეძლევათ შემოქმედებაში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ახალგაზრდებს თქვენ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, თვითონ გახდნენ შემოქმედები. კულტურა არის ის, რაც ამის საშუალებას გვაძლევს. მინდა, ამისათვის ამ ახალგაზრდებს, მადლობა გადავუხადო, მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მადლობა მოვახსენო ქალბატონ ირინა კოხრეიძეს - თქვენ უნდა გადმოგცეთ ჯილდო იმ წამოწყებისათვის, რომელიც ყველას გვეამაყება. როცა ჩვენ ვუყურებთ, ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდესი სიამოვნებას, ამისთვის მინდა, რომ ყველას სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს, ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა. თეატრის დამფუძნებლის გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისათვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია. ,,ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, - განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.  

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ

ჟიურიმ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს, „ჩემი ოთახი“ გადაეცა. თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული სია:  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი“, რეჟ. სოსო ბლიაძე, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი მეგობარი ანდრო“, რეჟ. კატალინა ბაქრაძე, (საქართველო) საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რეჟ. თეკლა ასლანიშვილი, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ!“, რეჟ. ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „დრამერი“, რეჟ. კოტე კალანდაძე, (საქართველო) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „ქრისტე ჩიტი“ (ნათლობა იორდანეში), რეჟ. მიხეილ კვინიკაძე, საქართველო აქსელი, რეჟ. ლევან უჩანეიშვილი, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „მაინც ვითამაშებთ“, რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი, (საქართველო) ჟიურის სპეციალური ჯილდო Klondike, რეჟ. მარინა ერ გორბაჩი, (უკრაინა) ადამიანების უფლებები კინოში – ევროკავშირის სპეციალური ჯილდო Plan 75, რეჟ. ჩი ჰაიაკავა, (იაპონია) ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავარ ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცათ რეჟისორებს აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.  

ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

ცნობილ ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ გიორგობისთვის ჩვენება გაიმართა.  ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979) ოთარ იოსელიანი 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს. 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.  

დემნა გვასალია Balenciaga-ს კამპანიის გამო ბოდიშს იხდის

ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.  ფოტოსესიისას ბავშვები გადაიღეს სათამაშო დათუნიებთან ერთად, რომლებსაც BDSM აქსესუარები ეკეთათ. ასევე, ფოტოსესიაზე ჩანდა ღვინის ჭიქები და სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. კრიტიკის შემდეგ მოდის სახლმა კამპანიის ფოტოები წაშალა. „მინდა, პირადად ბოდიში მოვიხადო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. მიუღებელი იყო ბავშვების ჩართვა იმ საგნების დემონსტრირებაში, რომლებსაც მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხანდახან მიყვარს საზოგადოების პროვოცირება ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ არასდროს დამიკავშირებია ისეთ საშინელებასთან, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა. მე ვგმობ ამას. წერტილი. უნდა ვისწავლო ამ სიტუაციიდან, მოვუსმინო და დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიყენო. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც განაწყენებულია კამპანიის ვიზუალით. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მივიღებთ ზომებს არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს აღარ განმეორდეს, არამედ ბავშვების კეთილდღეობაზეც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“,- წერს დემნა გვასალია Instagram-ზე. „რამდენიმე დღეა, Balenciaga მოდის სახლის ირგვლივ კრიტიკა არ ცხრება. ბრენდმა საბავშვო მოდელებითა და საკამათო აქსესუარებით სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რისთვისაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის გამართლებაში ბრალდებები მიიღო“, - წერს მედია.  

Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა

დღეს, 2 დეკემბერს, 19:00-22:00 საათზე ობსკურა ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენას წარმოგიდგენთ, რომელიც ნაჩუქარი ნივთებისგან შეიქმნა. საჩუქრებმა ჯერ თავის სახლში, შემდეგ სახელოსნოში, ბოლოს კი გამოფენისკენ გადაინაცვლა… მაგრამ რა კავშირი აქვს ამას სახელთან „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? დეტალების გასარკვევად „მარკეტერი“ ნესტან აბდუშელიშვილს ესაუბრა. ამ ინტერვიუს Europetime უცვლელად გთავაზობთ. _მოგვიყევით, რა არის გამოფენის Laughter for laughter And Sorrow for lies კონცეფცია?  გამოფენა საგნებზეა, რომლებიც მე დროთა განმავლობაში შევაგროვე. ეს საგნები სხვადასხვა ადამიანის საჩუქრებია — ისინი ჯერ ჩემს სახლში დაგროვდა, შემდეგ კი სახელოსნოში გადაინაცვლა. ამ ნივთებმა იმ ადამიანებზე დამაფიქრა, ვისგანაც მივიღე ისინი, ურთიერთობებზე და ისტორიებზე, რაც მათთან მაკავშირებს… გამოფენის გაკეთება კი სოფო კობიძემ _ _რატომ აირჩიეთ სახელი „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? გამოფენის სახელი შუა საუკუნეების სკანდინავიური პოემიდან არის ამოღებული, რომელიც მარსელ მოსის წიგნ Gift-ში არის ციტირებული, იგი არქაული ცივილიზაციების დროიდან ადამიანებს შორის საჩუქრის ჩუქების თეორიას განსაზღვრავს. პოემის ამ ნაწილში ავტორი მეგობრობაზე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე და ემოციების გაცვლაზე საუბრობს და სწორედ ამაზე არის ჩემი გამოფენა.  _ნესტან, რა ტიპის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე? გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო-ნამუშევრები. ობიექტების ახლო ხედები. ამას ჩემს სახელოსნოში თითქმის ორი წელია ვაკეთებ და მინდოდა რაღაც დროს დასრულებულიყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ გამოფენისთვის ახალი ნამუშევრები გავაკეთე იგივე პრაქტიკიდან, მაგრამ სივრციდან გამომდინარე. კედლების ფაქტურების ნაირსახეობამ უფრო კონკრეტული მიმართულებები მომცა. _როგორც გავიგეთ, როგორც ხელოვანი, ნივთებს თითქოს ფოტოგრაფიის მთავარი პრინციპის, decisive moment-ის საწინააღმდეგოდ აღბეჭდავთ, რატომ იქცევით ასე? Decisive moment კარტიე ბრესონის მიხედვით ჯადოსნურ წამში იდეალური გამოსახულების ჩატევაა. ჩემთვის ეს უფრო სისწრაფესთან და შემთხვევითობასთან ასოცირდება, რაზეც დოკუმენტური ფოტოგრაფია დგას. ამისგან გასათავისუფლებლად დიდი დრო დამჭირდა, განსაკუთრებით სწავლის პერიოდში. ამ ნამუშევრებში კი პირიქით მინდოდა გამოსულიყო, რადგან უფრო გამოგონილ სამყაროსა და შენელებულ დროს მინდოდა შევხებოდი. _გაგვიზიარეთ, როგორია თქვენთვის ნამუშევრების შექმნის პროცესი? შექმნის პროცესი ყველაზე დიდი ადრენალინია, მეტაფიზიკურ დონეზე, არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა… ტექნიკურად კი ძალიან ქაოტურია, ყველაფერი თავზე მაყრია, ყველაფერს ვკარგავ, ერთი იდეიდან სწრაფად გადავდივარ მეორეზე და თან დამაქვს მთელი ასხმა, რაც გადასაღებად მჭირდება. ეს შეიძლება იყოს როგორც კამერა, ისე რაიმე მძიმე ავეჯი, გააჩნია, რას ვიღებ. ბევრს ვმუშაობ და, შესაბამისად, დიდი რაოდენობა მაქვს ნამუშევრების, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ერთი წლის შემდეგ მომეწონოს… შერჩევა კიდევ მუშაობის ცალკე ნაწილია, რომელ ნამუშევრებს გააგრძელებინო სიცოცხლე, ამას კიდევ ცალკე დაფიქრება სჭირდება.  _და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავალში? შემდეგ პროექტს სხვა ფოტოგრაფთან ერთად ვგეგმავ. 50-იანი წლების ექსპერიმენტის გამეორებას ვაპირებთ, დანარჩენს კი მოგვიანებით მოგიყვებით… ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა Laughter for laughter And Sorrow for lies დღეს 19:00-ზე გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ნამუშევრების ნახვას პავლე ინგოროყვას 16 ნომერში შეძლებთ. marketer.ge

ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა

ყვარელში ამერიკული თაროს ახალი სივრცე გაიხსნა. ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  „ყვარლის ამერიკული თარო ახალ სივრცეში გელოდებათ. საქართველოს მასშტაბით სულ 14 ასეთი სივრცე გვაქვს და მათ მსგავსად ყვარელშიც კარი ყველასთვის ღიაა. აქ არის უამრავი რესურსი და ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ნებისმიერი ასაკისა თუ ინტერესის ადამიანისთვის. ინგლისური წიგნები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, განვითარების შესაძლებლობები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები საინტერესო თემებზე, თანამედროვე ტექნოლოგიები და ბევრი სხვა რამ. გელით სააკაძის 2 ნომერში!“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.   

აშშ-ის საელჩომ, დადიანების სასახლის აღსადგენად, $300 ათასი გამოყო

დადიანების სასახლის აღდგენა იწყება. ამ პროცესიის მხარდაჭერის მიზნით, სასახლეში არსებული კოლექციის დასაცავად, ამერიკის საელჩომ $300 000 გამოყო.   „დადიანების სასახლის აღდგენა იწყება! სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.   

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.   ინფორმაციას, მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.  თამარ სხირტლაძე 1929 წელს, ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. ის მონაწილეობდა სპექტალებსა და ფილმებში: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“. თამარ სხირტლაძემ თეატრის სცენაზე 70 წელი გაატარა.  2010 წელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას „წლის პერსონის“ წოდება მიენიჭა. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.  

ზურაბ ლავრელაშვილის წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია

22 ნოემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანის: „მაღვიძარა“, „ქალაქი მტვერში", „განკვართული“ განხილვა გაიმართება. მომხსენებლები არიან ნანა კუცია, ნინო ვახანია, გოჩა კუჭუხიძე.  წიგნი „3 რომანი“ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის პრემიის გამარჯვებულია! „ამ წიგნში თანამედროვე ავტორის - ზურაბ ლავრელაშვილის სამი რომანია თავმოყრილი. „მღვიძარება“ და „ქალაქი მტვერში“ ერთგვარი ურბანული აპოკრიფებია – რომანები, რომლებშიც მთავარ გმირებს შორისაა პატარა ქალაქებიც, თავიანთი სევდით თუ საიდუმლოთი. „მღვიძარება“ პროვინციულ ქალაქში ახალგაზრდა პაციენტის სამკურნალოდ ჩასულ ექიმ-ფსიქიატრზე მოგითხრობთ, „ქალაქი მტვერში“კი დეტექტიური ამბავია, პატარა ქალაქის ანომალიური მოვლენების გამოსაძიებლად დაქირავებული გამომძიებლისა და ადგილობრივთა კონფლიქტების შესახებ. „განკვართული“ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და მითოსური პლასტებით სავსე ტექსტია, რომლის მთავარი გმირიც ყველასთვის ნაცნობი ქართული მითოსის გმირები არიან – თანამედროვე სამყაროში მოხვედრილები და გადარჩენის ზღვარზე მყოფნი.

„ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით“ - რა ეწერა ჟანდარმერიის ბარათში მიხეილ ჯავახიშვილზე

უცოლო, ასე 30-32 წლის, სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტების ყოფილი სტუდენტი, ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, ეშმაკური გამოხედვით, ხმადაბალი საუბრის წესით, პენსნეს ტარების ჩვევით - ასე ახასიათებს ჟანდარმერიის ბარათი ქართველ კლასიკოს მწერალს - მიხეილ ჯავახიშვილს. დღეს მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა. ბარათი მეფის რუსეთის ჟანდარმერიის თბილისის გუბერნიის სამმართველოს 1910 წლის პირველ მაისს, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებისას შეუდგენია. დაკავების მიზეზი სოციალ-ფედერალისტებთან კავშირი იყო. მასში კიდევ სხვა ბევრი საინტერესო დეტალია: სახელი, მამის სახელი: ჯავახოვ (ზედმეტსახელი: ადამაშვილი) მიხეილ საბას ძე. დეტალები, წოდება: გლეხი. სოფელი სიონი, ბორჩალოს მაზრა, თბილისის გუბერნია. დაბადების ადგილი: სოფელი ზემო წერაქვი, ბორჩალოს მაზრა. მშობლები: გარდაცვლილი ოჯახური მდგომარეობა: დასაქორწინებელი სასიყვარულო კავშირი: ოდესელი დორა ადამის ასული რეზნაკი და, ძმა, ნათესავები: სპირიდონ, მელანია, ანასტასია, მარგარიტა. აღმსარებლობა: მართლმადიდებელი სამხედრო სამსახური: 1902 წ. არმიის მეორე რანგის მებრძოლი განათლება: ნიკიტინის მებაღეობა - მევენახეობის სასწავლებელი, იალტა; სორბონისა და ჟენევის უნივერსიტეტები. სამუშაო ადგილი: ჟურნალ „გლეხის“ რედაქტორი, თბილისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი: თბილისი დაპატიმრებული: 1910 წლის 1 მაისს, სოციალ-ფედერალისტების მიმოწერასთან დაკავშირებით ნასამართლობა: 1906 წელს პასუხისგებაში მიცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით (მოწოდება სახელმწიფო წყობის წინააღმდეგ) „გლეხის“ გამო, მაგრამ ემალებოდა მართლმსაჯულებას. დგომა: წელში მოხრილი სიარული: ჩქარი მშობლიური ენა: ქართული ხმა: ხმადაბალი ტენორი ჩვევა: პენსნეს ტარება ასაკი შეხედულების მიხედვით: 30-32 წლის დაბადების დრო და ადგილი: 1880 წ. 8 ნოემბერი აღნაგობა: გამხდარი, საშუალო თმა: შავი, სწორი წვერ-ულვაში: შავი, მოხვეული, თხელი სახე: ფერმკრთალი სახის გამომეტყველება: ეშმაკური ბარათს ახლავს დაკავებულის თითის ანაბეჭდები. ქართველმა კლასიკოსმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა რომანები ავანტიურული „კვაჭი კვაჭანტირაძე“, სოციალური „ჯაყოს ხიზნები“, სათავგადასავლო „გივი შადური“, ისტორიული „არსენა მარაბდელი“, ფილოსოფიური „თეთრი საყელო“. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი, გადაასახლეს.

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს. „ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - წერია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თამარ მაყაშვილმა განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილნი. ამ გამონათქვამის გამო, მსახიობმა ბოდიში მოიხადა.

გარდაიცვალა მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა

შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა, 72 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ბელინდა ვრაითმა გაავრცელა. Deadline-ის ცნობით, მსახიობი შოტლანდიის ქალაქ ლარბერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მკურნალობდა ოსტეოართრიტს, ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს ხრტილს და მიმდებარე ქსოვილს.  

თეა წულუკიანი: არ ვარ მეცნიერი, მაგრამ როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი დაკარგულია

ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება. „ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, როდესაც პრობლემაა, მას ურჩევნია, ყოველთვის ხმამაღლა ისაუბროს. „მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა.  

პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა

პრეზიდენტის განკარგულებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად, კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.  პრეზიდენტის განკარგულებით 9 კაციანი შემადგენლობით საკონკურსო კომისია უკვე დაამტკიცებულია. კომისიამ დღეს, 22 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 22 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის  ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.