ინტერვიუ
ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი აცხადებს, რომ ბულგარეთი დაინტერესებულია, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ამით ელჩი ეხმაურება საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლის განახლების შესახებ დოკუმენტის გაფორმებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული ქმედება უნდა მოჰყვეს. „ბულგარეთს დიდი სურვილი აქვს, განავითაროს ინფრასტრუქტურული კავშირი ევროპასა და აზიას შორის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს ძალიან თანხვედრაშია ჩვენს სურვილთან, გავაძლიეროთ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა საქართველოსთან, ჩვენს მეზობელთან შავი ზღვის გასწვრივ. მსოფლიოს ამ ნაწილის მზარდი მნიშვნელობა, ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, ასევე მოითხოვს ქმედებას ჩვენგან, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტითა და შუა დერეფნით ჩნდება. შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას სწორედ აღნიშნულის ფონზე ვხედავ. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთსა და საქართველოს შორის საბორნე კავშირი 45 წელზე მეტია, არსებობს. საზღვაო ტრანსპორტის ეფექტიან გამოყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. სავაჭრო ნაკადები იქ ელოდება დამუშავებას და საქონლისა და ტვირთის მიწოდებას საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და არც ისე ძვირადღირებული გზით. საბორნე მიმოსვლა ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ იმისთვის, რომ მან მოლოდინი გაამართლოს და მომგებიანი იყოს, გვჭირდება საკმარისი ტვირთი ორივე მიმართულებით - დასავლეთი - აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ-დასავლეთი. შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას უფრო კონკრეტული, და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს. ყველა დაგროვილი და ხელმისაწვდომი გამოცდილება და ცოდნა, მაგ. TRACECA-სგან, ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული. სერვისების კოორდინაცია, ლოგისტიკა და დიგიტალიზაცია, მათი გამარტივება, მოდერნიზაცია და დაჩქარება ხელს შეუწყობს უკეთესი შედეგების მიღწევას და უფრო ფართო გზის გახსნას ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან შემოსული სავაჭრო ნაკადებისთვის ევროკავშირამდე. მარშრუტის გასწვრივ მყოფი ყველა ქვეყანა მიიღებს ამისგან სარგებელს და უნდა მიმართონ საჭირო ძალისხმევას, რათა შესაძლებლობები მათი მოსახლეობისთვის რეალურ სარგებლად აქციონ. ბულგარეთის მხარე მზად არის და მას აქვს სურვილი, წინ წასწიოს ეს თანამშრომლობა საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან,“ განუცხადა Europetime-ს ბულგარეთის ელჩმა. საქართველოსა და ბულგარეთს შორის საბორნე მიმოსვლა აღდგება ინფორმაციისთვის: შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი
უკრაინა ომის მეორე წლისთავის წინ და რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. კიევმა პირველ თებერვალს ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. დასავლეთი ხშირად იმეორებს, რომ პუტინის მიზანი არ შეცვლილა. ამასთან, მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიულმა მიზანმა - აეღო კიევი, მარცხი განიცხადა. ევროპა რუსეთთან „პოტენციური ომისთვის მზადებასა და ევროპული საზოგადოების შემზადების აუცილებლობაზე“ საუბრებს ააქტიურებს. NATO-მ ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო. შექმილ სურათზე Europetime-ს ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ყოფილი დირექტორი, „ევროპული რეფორმების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე იან ბონდი ესაუბრა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის. „გარკვეული გაგებით, თითქმის ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებების მაგიდასთან - თუ, როგორც ნაცისტური გერმანიის შემთხვევაში, რეჟიმი არ შეწყვეტს არსებობას და არავინ დარჩება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოილაპარაკოს. მაგრამ ახლა საერთოდ არ ჩანს იმის ნიშანი, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მზად არის; პირიქით, როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, გააგრძელოს იგივე მიზნისთვის მოქმედება - უკრაინის დამორჩილება, რაც 2022 წლის 24 თებერვალს სურდა. უკრაინა ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.“ ანალიტიკოსი დასავლეთის მიზნებში მეტი მკაფიოობის მომხრეა საიმისოდ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ დაინახოს ომის სტრატეგიული მნიშვნელობა და იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის მიერ იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალის წარმოების შესაბამისად მოქმედებდნენ. „დასავლეთმა გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა უკრაინას რუსეთის ძალებისთვის არაპროპორციული ზიანის მიყენებასა და ომის პერიოდის შემცირებაში დაეხმაროს. ამავდროულად, ის უნდა დარწმუნდეს, რომ სანქციები საკმარისად მკაცრია, რათა სერიოზულად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, რუსეთის შესაძლებლობები თავდაცვის აღჭურვილობის წარმოების თვალსაზრისით,“ ამბობს იან ბონდი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
აშშ-საქართველოს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა; ვაშინგტონის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით; ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საქართველოს უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში, NATO; საქართველოს ეკონომიკა ანაკლიის პორტის გავლით ვაჭრობის განვითარების კონტექსტში, შუა დერეფანი - ამ და სხვა თემებზე Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შეფასებით, აშშ-სა და საქართველოს შორის “ორმხრივი პარტნიორობა კარგია.“ ოფიციალური პირი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარებისა და კეთილდღეობის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, „აშშ აპირებს, გააგრძელოს პარტნიორობა ქართველ ხალხთან და მთავრობასთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.“ „გვინდა, მივულოცოთ ქართველ ხალხს და მთავრობას ევროკომისიის რეკომენდაციის მიღება - ეს არის დიდი სიგნალი და დიდი შესაძლებლობა ყველა ქართველისთვის და ვფიქრობთ, ეს აჩვენებს გზას იმ პარტნიორობის გაგრძელებისკენ, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები 31 წელზე მეტია, საქართველოსთვის ასეთი ძლიერი პარტნიორია. და ვფიქრობთ, ის მღელვარება, რომელიც ქუჩებში ვნახეთ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო, აქაც, ვაშინგტონში გაიზიარა ყველამ, ვისაც საქართველო უყვარს. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და პოლიტიკური პარტიები, ასევე, პარლამენტი და მთავრობა ერთად იმუშავებენ, ნამდვილად გვექნება საინტერესო შესაძლებლობები ჩვენი მომავლისათვის,“ - ამბობს ამერიკელი მაღალჩინოსანი Europetime-თან. აშშ-ის ძალისხმევა საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის ბოლო ცნობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გააგრძელებს რუსეთის მცდელობების გამოაშკარავებას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიული არჩევნების მთელ მსოფლიოში, რამდენად მასშტაბურია ეს საფრთხე საქართველოსთვის და როგორ დაუჭერს მხარს აშშ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფას, ამის პასუხად, ამერიკელი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს „წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი“ საკითხია აშშ-სთვის, რადგან „როდესაც ვსაუბრობთ ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.“ ამერიკელი მაღალჩინოსანი აქვე იმეორებს აშშ-ის პოზიციას, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, რათა “უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი დაკვირვების საჭიროებები.“ „რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. რუსეთი ცდილობს, ძირს გამოუთხაროს დემოკრატიებს შიგნიდან. ამის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, ერთად გადავდგათ საპასუხოდ. რუსეთის ძალისხმევის შესახებ დისკუსიები გვქონდა საქართველოსთანაც,“ - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ვაშინგტონის შეფასებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არჩევნების გრძელვადიან და მოკლევადიან დაკვირვებაზე მუშაობის დაწყებაა, რათა დარწმუნდნენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს ურთიერთობა NATO-სთან, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ალიანსის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით მიღწეული პროგრესი ვაშინგტონის შეფასებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციებმა ცხადყო, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ვაშინგტონის შეფასებითვე, საქართველო არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების მტკიცე პარტნიორი, ეს არის კატეგორია, რომელიც განკუთვნილია ალიანსის უახლოესი პარტნიორებისთვის. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. შეერთებული შტატები აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან, რათა NATO-სთან მისი თავსებადობა გააძლიეროს. „ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს, წინ წასწიონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია NATO-ში გაწევრიანებისთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ NATO არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, ის მრავალი თვალსაზრისით პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს.“ ანაკლიის პორტი შეერთებული შტატები დიდი ხანია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მას ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. შეერთებული შტატები აღიარებს შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს. ვაშინგტონის შეფასებით, შუა დერეფნის განვითარება ცენტრალური აზიიდან კავკასიის გავლით ევროპაში ტვირთის გატანას შეუწყობს ხელს და რეალურად დაეხმარება ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას მთელ რეგიონში. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ პორტის შემდგომი განვითარება მართლაც მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება ეკონომიკური განვითარებისთვის. პორტის განვითარება საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა მნიშვნელოვანია პროექტის გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა, რომელიც ნამდვილად მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, მათ კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებას,“ - მიაჩნიათ ვაშინგტონში. შავი ზღვის რეგიონი და რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში რა როლი და მნიშვნელობა აქვს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მნიშვნელობისა და როლის კიდევ უფრო გაზრდისა და გაძლიერების მიზნით. რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მნიშვნელოვანი კომპონენტია შავი ზღვა. საგულისხმოა, რომ გაცხადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნის გეგმაც. რუსეთის ქმედებების ფონზე, როგორ ხედავს აშშ რეგიონში ზოგადად და მთლიანად ევროპაში, მათ შორის საქართველოში, გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პერსპექტივას, ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავების ეტაპზეა. „ჩვენ ვხედავთ რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ; საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ყველაფერი ნამდვილად მეტყველებს შავი ზღვის რეგიონის კრიტიკულ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ შავი ზღვის რეგიონის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის უფრო ღრმა თანამშრომლობის წახალისებას, შავი ზღვის ფართო რეგიონში რუსეთის მიმდინარე აგრესიის შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა მოიცავს შემდგომ ძალისხმევას ინფორმაციის გაზიარების გაზრდის მიზნით, საერთო ცნობიერების ამაღლებას საზღვაო სფეროსა და მის მიღმა,“ - აღნიშნავს Europetime-თან ინტერვიუში ამერიკელი მაღალჩინოსანი. ამასთან, ვაშინგტონი აფიქსირებს, რომ სურს, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც მჭიდრო სტრატეგიულ პარტნიორთან რეგიონში და როგორც NATO-ს პარტნიორთან მშვიდობისთვის, რადგან აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა განვითარებასა და ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაცვაში, მათ შორის, შავ ზღვაში. ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ასეთი ქმედება იქნება კიდევ ერთი აშკარა დარღვევა იმ ვალდებულებისა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო და რაც გულისხმობს თავისი ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას. ამდენად, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ „რუსეთის ნებისმიერი ასეთი ქმედება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და ძირს გამოუთხრის სტაბილურობას რეგიონში.“ სომხეთი - აზერბაიჯანი ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი - ახალი შესაძლებლობა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე
ცნობილი ყაზახური მედია გამოცემები ,,Elitar.kz'' და kazakh.inform'' აქვეყნებენ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორის მამუკა მურჯიკნელის ინტერვიუს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას ეხება. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ აქტორად განიხილება და მას ამის დასტურად მოჰყავს როგორც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალში, ასევე ის ფაქტი, რომ ტერმინალი აზიურ -ამერიკულ-ქართული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სინერგიით შეიქმნა და ფუნქციონირებს. Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ. ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ რეგიონში უამრავი რამ შეცვალა და კიდევ უფრო გამოკვეთა და მნიშვნელოვანი გახადა სატრანზიტო ქვეყნების როლი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის როლი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის მნიშვნელობა და როლი იყო. მის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაკუთრებით, შუა დერეფნის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს და რომლის მიზანია, გაზარდოს ამ მარშრუტის მიმზიდველობა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის. დერეფანი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ევროპას დაუკავშირებს. შემუშავებულია ხუთწლიანი საგზაო რუკა, რომელშიც ასახულია თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობა 2027 წლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება საქართველოს, კერძოდ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორთან, ბატონ მამუკა მურჯიკნელთან ინტერვიუ. - ბატონო მამუკა, ორიოდე სიტყვით მულტიმოდალურ ტერმინალზე რომ გვითხრათ, ვიცით, რომ ტერმინალის მშენებლობა, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა და დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ტემპების და ზოგადად ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა და მიზნობრიობა,როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, სწორად ჰქონდა დანახული, გაანალიზებული და შეფასებული თქვენს კომპანიას? უპირველესად, მადლობა ინტერვიუსა და ინტერესისთვის. ჩვენმა კომპანია Wondernet Exspress Investment Group-მა ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს უკვე დაასრულა და დღეს ტერმინალი სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. ჩვენი პარტნიორია ამერიკული, უდიდესი ტრეიდული კორპორაცია Trammo. ჩვენ წარმოვადგენთ სიმბიოზს ქართულ-უზბეკურ-ამერიკული ინვესტიციის და ინტერესის, რაც დღეს დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ძირითადი ტვირთი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ამ ეტაპისთვის არის კარბამიდი (შარდოვანა), თუმცა ჩვენი ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა და სტანდარტები გვაძლევს საშუალებას, გავატაროთ სხვა მინერალური სასუქებიც. ტვირთის მიღება ჩვენთან მთლიანად დახურულ სივრცეში ხორციელდება, ისევე როგორც მისი შენახვა და შემდეგ გემებზე გადატვირთვა. ჩვენ გვაქვს საკონვეიერო ლენტური სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთი ვაგონიდან ავტომატურად გადაგვაქვს საწყობში და იქიდან პირდაპირ დახურულ სივრცეში ვტვირთავთ გემზე. - ბატონო მამუკა EBRD გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ამ ფაქტორს და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხამ ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას. ხოლო რამდენიმე თვის წინ, უკვე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში, მან პირადად მოინახულა თქვენი მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში. თუ შეიძლება, ამაზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და კიდევ სამომავლო გეგმებზე. მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ კერძო კომპანია ვართ, პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ვიაზრებთ და გვესმის ჩვენი და ჩვენი მსგავსი კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის. ვგრძნობთ და სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებთ ჩვენს ფუნქციას, ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქ ვგულისხმობ ყველაფერს, როგორც ინფრასტრუქტურის, პერსონალის განვითარება-გადამზადება, ასევე თვითონ ტერმინალის გაფართოვების იდეას. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენს ტერმინალში, ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპატიო იყო ჩვენი კომპანიისთვის. ესეიგი ჩვენი შრომა, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალიბა, შეუმჩნეველი არ რჩება და შუა დერეფანზე საუბრისას ერთ-ერთ ფლაგმანად ჩვენც ნამდვილად მოვიაზრებით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მოცემულობამ რეგიონში, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთანამშრომლობა ახლა, ყაზახეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ კუთხით, ისევე როგორც უზბეკეთი, აზერბაიჯანი - ჩვენს ხალხებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მით უფრო შუა აზიაში ნამუშევარმა ელჩმა, კარგად ვიცი ეს დამოკიდებულება და მიხარია ჩემი დღევანდელი სტატუსით და ახალი შესაძლებლობებით, კვლავ კავშირში რომ შემიძლია ვიყო ჩემთვის მნიშვნელოვან, საინტერესო ქვეყნებთან და ხალხთან, ჩემს ყაზახ, უზბეკ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვახორციელოთ და შევიმუშაოთ ლოგისტიკური კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმები. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხრივ ახალი სარკმელია ლოგისტიკურ ტრასკავკასიურ გზაჯვარედინზე, რომლის სათავეც სწორედ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ყაზახეთში იღებს სტარტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მქონდა პატივი, მემუშავა და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა როგორც ელჩს, ცენტრალურ აზიაში. ამ წლებმა უამრავი კარგი მეგობარი შემძინა ამ ქვეყნებში და ამით განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ასევე ჩვენი კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი, დიპლომატების ოჯახიდანაა, მისი მამა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით უკვე მისი ძმა. ამდენად, ცენტრალური აზია ჩვენთვის გარდა ბიზნესაქმიანობისა, კულტურული, ადამიანური ურთიერთობების, კავშირების ბმაა და ამიტომაც, კიდევ უფრო გვახარებს ჩვენი ურთიერთაახლოებისკენ და ურთიერთანამშრომლობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.
მარკ კლეიტონი: გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი Europetime-თან აცხადებს, რომ სწავლებაში - Agile Spirit, დიდი ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ელჩის შეფასებით, ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა. „გაერთიანებული სამეფო საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით საქართველოს მხარდასაჭერად. ამას ვაკეთებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის, წვრთნებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებთან ჩართულობის გზით. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩატარდა წვრთნები - „Agile Spirit“ (მტკიცე სული) და ჩვენ ვნახეთ, რომ მასში თითქმის 200 ბრიტანელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ეს იყო ყველაზე დიდი კონტინგენტი ამერიკელების შემდეგ. ეს საქართველოს NATO-ში მისწრაფების მხარდაჭერის ნამდვილად ძლიერი და თვალსაჩინო დემონსტრირებაა,“ - განუცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანეთისა და რუმინეთის საელჩოებს NATO-ს საკონტაქტო საელჩოების სტატუსი აქვთ. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის 1919 წელს დამყარდა. 2022 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი. ასევე წაიკითხეთ: NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
რას მოხმარდება შვედეთის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული დახმარება
9 იანვარს Europetime-ს შვედეთის საელჩოში დაუდასტურს, რომ სტოქჰოლმმა საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების გამოყოფა გადაწყვიტა. Europetime-ს შვედეთის საელჩოში ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, შვედეთის მთავრობა საქართველოსთვის 490 000 აშშ დოლარის გამოყოფის გარდა, უკრაინას თავდაცვის სფეროში 4,86 მილიონ აშშ დოლარს, მოლდოვას კი, საქართველოს მსგავსად, 490 000 აშშ დოლარს ჰპირდება. კერძოდ, საქართველოსთვის თანხა გამოიყოფა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. თანხები სხვა საკითხებთან ერთად მოხმარდება პროექტებს კრიზისის მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვის სფეროში ინფორმაციის გაცვლის, ასევე, უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების მიმართულებით.
ვინიკოვი: NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს
Europetime-თან აჯამებს 2023 წელს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი და ალიანსსა და საქართველოს შორის 2024 წლის მიზნებზეც საუბრობს. ალექსანდრე ვინიკოვი ხაზს უსვამს, რომ NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ამასთან, NATO პირობას დებს, რომ მოკავშირეები საქართველოს დახმარებას განაგრძობენ იმ მიზნით, რომ ქვეყანამ მისი უსაფრთხოება და მედეგობა უფრო გააძლიეროს; საჭირო რეფორმების გატარების გზით მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაც „განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის.“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას NATO-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა და საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი.“ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი: 2023 წლის დასასრულს ვუახლოვდებით და სიამოვნებით მინდა, გავიხსენო ამ წლის NATO-საქართველოს ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის არჩევანისადმი, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მოკავშირეები განაგრძობენ საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ გააძლიეროს მისი უსაფრთხოება და მედეგობა, განახორციელოს საკვანძო რეფორმები და საბოლოოდ, NATO-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და არაპროვოცირებული, აგრესიული ომის გაგრძელებით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს ქმნის. ის, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მჭიდროა, თბილისში მაღალი დონის ვიზიტებით, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რამდენიმე ვიზიტითა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები ასევე არაერთხელ ეწვივნენ NATO-ს სათაო ოფის და ასევე დაესწრნენ NATO-ს წლევანდელ სამიტს ვილნიუსში. ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, მათ შორის, გაძლიერებული SNGP-ის (NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი) მეშვეობით, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის დახმარების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ისტორიაში პირველად, საქართველოს სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, NATO-ს ხელმძღვანელობით მიმდინარე საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - ”ზღვის მცველი” ჩაერთო. მომავალ წელს, ჩვენი გუნდი NATO-ს სამეკავშირეო ოფისში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში დაეხმაროს. ახალ წელთან ერთად მინდა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მივულოცო. ჩვენი აზრით, ევროკავშირი და NATO ერთი მონეტის ორი მხარეა. მოვუწოდებ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, გამოიყენონ ევროკავშირის ამ ისტორიული გადაწყვეტილების იმპულსი, რათა NATO-სკენ მიმავალ გზაზე შემდგომ წინსვლას მიაღწიონ.“
დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველომ მის მიერ არჩეულ გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს
Europetime-თან აჯამებს 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი და ქვეყანას 2024 წლისთვის ევროპულ გზაზე წინსვლას უსურვებს. ის ხაზს უსვამს რომ ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი: ვისურვებდი, რომ საქართველო მის მიერ არჩეულ გზაზე წინ წავიდეს, რათა ევროპის ნაწილი გახდეს. გარემოებები რთულია. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რთული გეოგრაფიული მდებარეობით - ევროპის ნაწილი რუსეთის მეზობლად. ეს პრობლემაა. და, კვლავ პრობლემად დარჩება, ვიდრე კრემლში, ხელისუფლებაშია პუტინი, შესაძლებელია - შემდგომშიც. თუმცა საქართველო მაინც დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას შეუძლია, თავის გზას გაჰყვეს. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ეროვნულ მიზნად დაისახა ევროპა და იმედი მაქვს, წარმატებასაც მიაღწევს. ამის დანახვა სასიამოვნო, მათი დახმარება კი, დიდ პატივი იქნებოდა. ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა და ამერიკის მთავრობა ამ შეხედულებას იზიარებს, მაგრამ ბევრი რამ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. ევროკავშირმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მჯერა, რომ ეს იყო ჟესტი ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ახლა ამ გზის გავლა საქართველოზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა რთული გარემოებების მიუხედავად, წარმატებას მიაღწევს.
აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი
ექსკლუზივი აშშ და ევროკავშირი დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ასევე, 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამას საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები მოწმობს. Europetime დაინტერესდა, ბოლოდროინდელი გზავნილებისა და ნაბიჯების გათვალისწინებით, ხომ არ განიხილებოდა ხსენებული საკითხები ვაშინგტონში, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტზე, რომელიც ევროკომისიის დასკვნას უსწრებდა წინ და ერთგვარი საერთო გეგმაც ხომ არ არსებობს იქედან გამომდინარე, რომ “აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან საერთო ღირებულებების დასაცავად.“ სახელმწიფო დეპარტამენტიდან Europetime-სთვის მიწოდებული საპასუხო კომენტარით ირკვევა, რომ აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირის გაფართოების პროცესს. მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავალის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად. შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ. ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, 21 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ამასთან, გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას.“ “ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმები ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს,“ – ნათქვამი იყო განცხადებაში. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება. ET: უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, რა არის NATO-ს მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინასთან მიმართებით. NATO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს საჭირო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავდაცვის ლეგიტიმური უფლების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, NATO-ს ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ უკვე არსებული უპრეცედენტო დახმარება. ეს დახმარება მოიცავს პოლიტიკურ მხარდაჭერას - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე გაძლიერებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიან, ყოვლისმომცველი პაკეტის დამტკიცებას, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, რაც დაეხმარება კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს თავდაცვა და შეკავება რუსეთის წინააღმდეგ და ასევე გაზარდოს ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ეს ასევე ეხმარება უკრაინას, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაზეც ალიანსი შეთანხმდა, რომ მომავალში მოხდება. ამდენად, ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ ამ მხარდაჭერაზე. ET: საქართველოსთან მიმართებით არსებული მხარდამჭერი პაკეტის განახლების შესაძლებლობას რამდენად განიხილავს ალიანსი? ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი. საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება. NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. ET: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით? მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ. ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან
სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ დოკუმენტი კონგრესს წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანგარიში წარდგენილია კონგრესში, მაგრამ ზოგადად, ჩვენ არ განვიხილავთ კონგრესთან ჩვენი კომუნიკაციის დეტალებს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია შავ ზღვას განიხილავს ადგილად, რომელიც იქნება უსაფრთხო, აყვავებული, ურთიერთდაკავშირებული და ტერიტორიული მთლიანობისადმი რაიმე საფრთხეებისგან, ეკონომიკური ზეწოლისა და მავნე ზეგავლენისგან თავისუფალი სივრცე. სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ჩვენს მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს. როგორ ურთიერთობს სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესთან კონსტიტუცია უფლებას აძლევს კონგრესს, რომ ზედამხედველობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, თუმცა კონგრესი ამ პოლიტიკას არ აყალიბებს. სახელმწიფო მდივანი კონგრესთან დეპარტამენტის ურთიერთობში მთავარი წარმომადგენელია. საკანონმდებლო საქმეთა ბიურო მხარს უჭერს სახელმწიფო მდივანს საიმისოდ, რომ ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საკანონმდებლო პროცესში აისახოს. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, სენატორი შაჰინი დაინტერესდა, რა ეტაპზეა სტრატეგიის შემუშავება და როგორ დაეხმარება ის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის. შესაბამისი შეკითხვით მან სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს მიმართა. ბლინკენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია სავარაუდოდ, ივნისისთვის იქნებოდა მზად. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას. ხსენებულ საკითხზე Europetime-თან არაერთხელ ისაუბრეს როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა. ასევე წაიკითხეთ: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი
ლონდონში დაფუძნებული „ევროპული რეფორმების ცენტრის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, იან ბონდი Europetime-ს ესაუბრა კახოვკის ირგვლივ შექმნილ სურათზე. ბრიტანელი დიპლომატი განიხილავს, რა რეალობა შექმნა მომხდარმა როგორც რუსეთის, ისე, უკრაინისთვის. რას იღებს ამით მოსკოვი და რა შედეგებთან გამკლავება მოუწევს კიევს. ლატვიაში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის შეფასებით, თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და ეს ვერ გამართლდება რაიმე „სამხედრო აუცილებლობით“. თუმცა როგორც იან ბონდი აღნიშნავს, მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, „რადგან რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“. „ამ ეტაპზე კაშხლის განადგურების შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია, რადგან ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. BBC-მ გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებიც გვთავაზობენ, რომ წყალმა შესაძლოა, კაშხლის სრულ ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო დინება. ვიცით, რომ რუსები აკონტროლებდნენ კაშხალს ომის დასაწყისიდანვე, ზოგიერთმა რუსულმა წყარომ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ მათ დანაღმული ჰქონდათ კაშხლის ტერიტორია და რომ მათ ახლა უფრო მეტი სარგებლის მიღება შეუძლიათ მისი განადგურებით, ვიდრე უკრაინას. რას იღებს რუსეთი? უპირველეს ყოვლისა, უკრაინას მოუწია ომიდან ყურადღების გადატანა და ხერსონის სამაშველო სამუშაოზე ფოკუსირება. მეორე - უკრაინა ცდილობდა დასაყრდენის შექმნას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე ნოვა კახოვკასა და ქალაქ ხერსონს შორის; ნებისმიერი პოზიციები, რომლებიც უკრაინამ იქ განსაზღვრა, აღარ იარსებებს და დატბორილ რაიონებში ჯარისკაცებს ჯავშანტექნიკით შესვლა გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდებათ. მესამე - სახეზე იქნება გრძელვადიანი ზიანი უკრაინის ეკონომიკისთვის - ბევრად უფრო გრძელვადიანი ზიანი, ვიდრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე წინა თავდასხმებმა მოუტანა მას. უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი სარწყავი წყლის გარეშე დარჩება. როგორი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს კიევს ამ დანაკარგის ზემოქმედების შესამცირებლად, ის მაინც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. თუ რუსებმა განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული - მე ვერ ვიფიქრებ რაიმე „სამხედრო აუცილებლობაზე“, რომელიც ასეთ ქმედებას გაამართლებდა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას მოახდენს ის მშვიდობიან მოსახლეობაზე. მაგრამ მაშინაც კი, თუ კაშხალი ჩამოინგრა მანამდე წარმოებული ბრძოლის დროს მიყენებული დაზიანების გამო, ეს იქნება რუსეთის პასუხისმგებლობა. ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, რაც მოხდა ბოლო 15 თვის განმავლობაში, რუსეთს რომ არ განეხორციელებინა უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეს ტრაგედია ვერასოდეს მოხდებოდა“, - განუცხადა იან ბონდმა Europetime-ს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“ რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიაში ატარებს სამხედრო წვრთნებს, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს
აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰოჰენფელსის სიახლოვეს, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებას (Combined Resolve 18) ატარებს. წვრთნები 21 აპრილს დაიწყო და 23 მაისამდე გასტანს. Combined Resolve არის პერიოდული სწავლება, რომელიც აშშ-ის საბრძოლო ჯგუფის მოსამზადებლად, NATO-ს ინიციატივების (შეკავება, მზადყოფნა, რეაგირება და გაძლიერება) მხარდასაჭერად არის შექმნილი. მოსალოდნელია, რომ წვრთნებში აშშ-დან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან, 4000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოც. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მედიაწარმომადგენელმა Combined Resolve 18-ზე, მაიორმა ჯონ ემბელანმა Europetime-ს განუცხადა, რომ Combined Resolve 18-ში, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) 43 ჯარისკაცი მონაწილეობს. ამასთანავე, გერმანიაში, ჰოჰენფელსის სასწავლო ზონაში, ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თქმითვე, (GDF) საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ოცეული მოქმედებს აშშ-ის არმიის პირველ ბატალიონთან ერთად, მე-4 ქვეით პოლკში (1-4 IN). 1-4 IN-თან ერთად ასევე გადიან სწავლებას ჯარისკაცები კოსოვოდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და გაერთიანებული სამეფოდან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) ოცეული, 1-4 IN-ის შემადგენლობაში, მე-2 ჯავშანტექნიკის პირველი საკავალერიო დივიზიის (2/1 CD) წინააღმდეგ ჩაერთვება წვრთნებში. ჯონ ემბელანის განმარტებით, 2/1 CD არის აშშ-ის არმიის ქვედანაყოფი Fort Hood-დან (შეერთებული შტატების არმიის პოსტი ტეხასში), რომელიც ძალების რეგულარული როტაციის ფარგლებში, ევროპაშია განლაგებული, რათა მხარი დაუჭიროს შეერთებული შტატების ვალდებულებას Atlantic Resolve-ისადმი. წვრთნებისას 2/1 CD-ს შემადგენლობაშია დანაყოფები ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, კოსოვოდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან. ორივე 2/1 CD და 1-4 IN, წვრთნებიოს დროს, შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს ჩაატარებენ. ჯონ ემბელანის თქმით, Combined Resolve 18, საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლება გაიარონ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად დინამიკურ და რეალურ სასწავლო გარემოში, რომელსაც გერმანიაში, ჰოჰენფელსთან, აშშ-ის არმია, გაერთიანებულ მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში უზრუნველყოფს. „ყველა მონაწილე გაივლის წვრთნას ტაქტიკურ უნარებზე, მაგრამ სწავლება ასევე აძლევს მათ უნიკალურ უნარს, ინტეგრირდნენ სხვა ქვეყნებთან, გადაჭრან თავსებადობასთან დაკავშირებული გამოწვევები. თავსებადობა არის ჯარისკაცებისა და სისტემების უნარი, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები ურთიერთქმედებით გამოირჩევიან. Combined Resolve 18 გამოცდის GDF-ს და ყველა სხვა ქვეყანას, რომ გადალახონ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია განსხვავებებთან ლოგისტიკაში, მისიის ბრძანებაში, კომუნიკაციებში, აღჭურვილობაში, ტაქტიკაში, სამხედრო კულტურასა და ენაში. ყველა მონაწილე აფასებს თავის პერსონალს, ტრენინგს და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეასრულებენ ნებისმიერ მისიას, რომელსაც მათი ქვეყანა მოითხოვს“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა Europetime-თან. ამერიკულ არმიაში მაიორის შეფასებით, NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, აშშ მოწოდებულია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება და შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში წვლილი შეიტანოს. „აშშ-ის არმიის მრავალეროვნული წვრთნები, Combined Resolve 18, აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შესაძლებლობებს, თავსებადობას და ხელს უწყობს ნდობას ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და მათ სამხედროებს შორის“, - განაცხადა ჯონ ემბელანმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა მაღალი რისკის ფასად საფრანგეთიდან ჩამოიტანა
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების სასახლეს ცნობილმა მუსიკოსმა ანზორ ერქომაიშვილმა 2016 წელს გადასცა. მან ეს ძვირფასი რელიქვია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაღალი რისკის ფასად, პარიზიდან ჩამოიტანა საქართველოში და საბჭოთა რეჟიმის გამო დიდხანს საიდუმლოდ მალავდა. „ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი, რადგან ყველაფერს ველოდით ანზორ ერქომაიშვილის არქივში, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და ეს აქტი რომ აღმოჩნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი შენაძენი. ეს იყო საბჭოთა პერიოდი, დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო, 80-იანი წლების დასაწყისი და ანზორ ერქომაიშვილისთვის ძალიან დიდი რისკი იქნებოდა მისი ჩამოტანა. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ ეს დოკუმენტი მან შეინახა, საბჭოთა საქართველოში ეს დოკუმენტი შეინახა იმის მოლოდინით, რომ დადგებოდა ოდესღაც მომენტი, როდესაც ეს დოკუმენტი ქართველ ხალხს დასჭირდებოდა, ამ ისტორიაში ეს მომწონს, რომ მან არამხოლოდ წამოიღო, არამედ, შემდეგ შეინახა უკეთესი დროის მოლოდინით და საბედნიეროდ, ეს მომენტი დადგა და დღეს დამოუკიდებლობას ვზეიმობთ“, - აცხადებდა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია Europetime-თან ინტერვიუში. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ეს ეგზემპლიარი ხელოვნების სასახლემ პირველად ეროვნული სასახლის მთავარ დარბაზში 2018 წლის 26 მაისს გამოჰფინა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, გოლოვინის პროსპექტზე, მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ანზორ ერქომაიშვილის არქივი შეიცავდა არამხოლოდ მისი წინაპრების, ქართული მუსიკალური ფოლკლორული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც, რომელიც მანამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ბატონი ანზორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საფრანგეთში მოგზაურობის დროს, ერთ-ერთმა ემიგრანტმა ლევილში გადასცა. მას 30 წლის განმავლობაში გურიაში ინახავდა, რადგან მაშინ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლებოდა. დოკუმენტის ორი ვარიანტი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ემიგრანტების მიერ საქართველოდან წაღებული აქტის ერთ-ერთი პირი, ან საფრანგეთში, ემიგრაციის მიერ შექმნილი. ეს დოკუმენტი ერთი რამით არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო, ძალიან ძვირფასი ყდა აქვს, ოქროს გერბით და გაფორმებული ემალის თვლებით. თქვენ იცით, რომ რამდენიმე დამოუკიდებლობის აქტი არსებობდა, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ან საგანგებოდ ლევილისთვის შექმნილი პირი...როგორც ჩანს, საქართველოდან ნაწილებად, ფრაგმენტებად გაიტანეს. შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვუკეთებდით რესტავრაციას და დღეს ეს დოკუმენტი საქართველოს ხელოვნების ეროვნულ სასახლეში ინახება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური პირი...ეს ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განუცხადა გიორგი კალანდიამ Europetime-ს შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
რამ განაპირობა ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის ზრდა და რუსეთთან შემდგომი დიალოგის მსურველთა რაოდენობის შემცირება
IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია, რუსეთის მიმართ თანამშრომლობის მსურველთა რაოდენობა კი, შემცირებულია, რაზეც ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რიგი ფაქტორები მოქმედებს. Europetime-თან ინტერვიუში, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში ეს არის რუსეთის მიერ წარმოებული არაადამიანური და უსამართლო ომი უკრაინაში, რითაც მოსკოვი საერთაშორისო სამართლის სრულ იგნორირებას ახდენს: „აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ ამ ფაქტორებმა იმოქმედა მოსახლეობაზე. მეორე ფაქტორი, რომელსაც ექსპერტი შენიშნავს, შემდეგია: „ხალხი დაიძაბა, დაფიქრდა, ხედავენ, რომ ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენა იზრდება და ამის გარშემო კიდევ უფრო მეტი დისკუსია, ახსნა-განმარტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადამიანებს უწევთ თავის ცნობიერებაში არჩევანის გაკეთება - ღირს თუ არა რუსეთთან რაღაც ურთიერთობების გაგრძელება თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობებს მიყავს საქართცელო საბოლოო ჯამში რუსეთის დაქვემდებარებისკენ, ასეთი აღარ უნდათ. მე ვფიქრობ, აქედან გამომდინარეობს რუსეთთან თანამშრომლობის შემცირება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერის ზრდას, მკვლევარი ამის დამატებით მიზეზებზეც მიუთითებს. მისი შეფასებით, რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება. „ხალხმა დაინახა, რომ მართლა გამოჩნდა ევროკავშირში გაწევერიანების შესაძლებლობა და იმედიც გაეზარდათ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. მისივე თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა და რუსეთის მხარდაჭერა ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენციებია და რაც უფრო იზდრება პირველის მიმართ მხარდაჭერა, მცირდება ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესი. „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი“, როგორც ფაქტორი“ კახა გოგოლაშვილს მიაჩნია, რომ აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. „ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ. ამასთან, რა თქმა უნდა ამ დისკუსიებმა გამოაჩინა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი და ის რომ, ხელისუფლების განშტორებას „ხალხის ძალას“ რეალურად არ აქვს რაციონალური საფუძველი, თუ რატომ აჟღერებს ევროსკეპტიკურ აზრებს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი. საბოლოო ჯამში, ექსპერტი ფიქრობს, რომ „მოხდა ამ ძალის დისკრედიტაცია, გამოჩნდა, რომ მოქმედებენ საქართველოს საზიანოდ: „არ აქვს მნიშვნელობა, გაცნობიერებულად და გაუცნობიერებლად, ისინი პარლამენტში მუშაობენ და იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ხალხმა რეალურად გააკეთა თავისი არჩევანი, დაინახეს, ვინ რას წარმოადგენს“, - ამბობს მკვლევარი. კვლევის ჩატარების პერიოდი და „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ განხილვა პარლამენტში ნიშანდობლივია, რომ IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა იმ დროს, როცა „უცხოური აგენტების კანონის“ შესახებ კანონპროექტზე დისკუსია გამძაფრებული იყო და საინფორმაციო ბრძოლა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. კახა გოგოლაშვილის თქმით, მოსახლეობა სწორედ მაშინ იყო კონცეტრირებული მიმდინარე პროცესებზე, რამაც სავარაუდოდ, იმოქმედა ხალხის მიერ გაკეთებულ სწორ არჩევანზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. 77% ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. „რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება". ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის. შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან (34% – სრულად, 25% – ნაწილობრივ) 53-მდე (26% – სრულად, 27% – ნაწილბროვი). საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას 13% ემხრობა. ბიზნესის რეგისტრაციის უფლებას - 7%; უძრავი ქონების შეძენის უფლებას - 4%; არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი - 79%. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა სტივ ნიქსმა. კერძოდ, პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: რუსეთის მოქალაქეებს ძლიერ მიესალმება – 4%, როცა წინა წლის სექტემბერში, ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა. IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო.
პოლ გობლი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Eurupetime-თან ინტერვიუში საუბრობს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის კონტრშეტევასა და პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე. ზოგადად, როგორ შეაფასებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას ახლა და ამ კონტექსტში რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო აკრძალვა დაუწესოს ქართველ მოსამართლეებს. პოლ გობლი, ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ Europetime-თან ამბობს, რომ შტატების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, თუმცა არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდად არის. ხსენებული პრობლემების მიუხედავად, აშშ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ კარგ ნიშნულზეა. არასოდეს უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნებს შორის კავშირები უპრობლემოდ და მღელვარების გარეშე წარიმართება. სავიზო აკრძალვები იმის ნიშანია, რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის, მაგრამ არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც სანქციები თითქმის პირველია პოლიტიკის შემქმნელთა „ინსტრუმენტთა საცავში“. თუ არ არსებობს აშკარა ალტერნატიული ნაბიჯი, სანქციები არის სწორი გზა იმის საჩვენებლად, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ შორს წავიდა. ჩემი აზრით, აშშ სათანადოდ განაწყენებულია იმით, რაც ზოგიერთმა ქართველმა მოსამართლემ გააკეთა და სანქციები, როგორც ჩანს, ერთადერთი კარგი გზა იყო ამის საჩვენებლად. არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა. „ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“. სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. არსებული სიგნალებიდან გამომდინარე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ხედავს თუ არა საქართველოსთვის დაბრკოლებას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში? და როგორ შეუძლია ქვეყანას, თავი დააღწიოს მას და გადაჭრას ეს შემაფერხებელი ფაქტორები. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ თბილისმა უფრო მეტი ერთგულება უნდა აჩვენოს ღირებულებების მიმართ. თბილისს ახლა არსებულზე უფრო მეტი ერთგულების დემონსტრირება მოუწევს დასავლური სამართლებრივი ღირებულებების მიმართ, თუ მას სურს, რომ კანდიდატის მიღების რაიმე იმედი ჰქონდეს. უკრაინელები გეგმავენ კონტრშეტევას. ამ ფონზე პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გახმაურდა და აშშ ამბობს, რომ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაზე. ომის კიდევ ერთი ახალი ფაზა - როგორია პროგნოზები მის დასრულებასა და შედეგებზე? - სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თავად ეს ფაქტი (საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა.რედ) კატასტროფულია, ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა. დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი კატასტროფულია, რადგან მას რუსეთი და სხვები იყენებენ დასავლეთისა და მისი პარტნიორების დასასუსტებლად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა და ამიტომ, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მე მინდა ვნახო, რომ ბევრს, ბევრად მეტს ვაკეთებთ. მაგრამ მე რეალისტი ვარ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე საკმარისს გავაკეთებთ. საბედნიეროდ, უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იღებენ სრულ მხარდაჭერას, რასაც იმსახურებენ.
პიტერ სტანო: ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით ძალისხმევას, ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ Europetime-ს განუცხადა. პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. „ჩვენთვის ცნობილია აშშ-ის გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული ოთხი ქართველი პირის შესახებ. საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება, აშშ-ის გადასაწყვეტია და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა ნაწილია იმ 12 პრიორიტეტისა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრა. ველით, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთლიან სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ ჯაჭვში, და საფუძვლიან რეფორმას გაატარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების ძალისხმევას“, - განუცხადა პიტერ სტანომ Europetime-ს. ევროკავშირის სპიკერის თქმით, ამჟამად არ არსებობს ევროკავშირის სანქციების რეჟიმი საქართველოს მიმართ. აშშ-ის სანქციებში მოხსენიებულ ადამიანებთან დაკავშირებით, არც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. მისივე განმარტებით, ევროკავშირს აქვს საკუთარი საკანონმდებლო ჩარჩო სანქციების მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ, ყოველთვის კონსენსუსის საფუძველზე განიხილება და თანხმდება“. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ, რომელიც 10 აპრილს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, განაცხადა, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებაზე პირველი ოფიციალური განმარტება 6 აპრილს გააკეთა. ისაუბრეს, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა უწყება სანქცირების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, აშშ გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ასეთი პირებისთვის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. „ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში”, - განაცხადეს უწყებაში. როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე გადაწყვეტილებას ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ შემდგომი დემოკრატიული მმართველობა. Europetime-ის შეკითხვების საპასუხოდ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 7031 (c) წესის მოქმედებები, რომლის საფუძველზეც 4 ქართველ მოსამართლეს სავიზო აკრძალვა დაუწესდა, ამის ძლიერი სიგნალია. „ზოგადად, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს მიმდინარე სამართალწარმოებაზე. 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031 (c) წესის მოქმედებები ძლიერი სიგნალია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ამერიკა დგას საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ გამჭვირვალობა, კორუფციასთან ბრძოლა და შემდგომი დემოკრატიული მმართველობა“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Europetime-ს. მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში ხელი შეუწყოს. „ჩვენ მზად ვართ, ენდემური (სისტემური, რედ.)კორუფციის დაძლევისა და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობის გზით, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრული ეკონომიკური და დემოკრატიული პოტენციალის რეალიზებაში“, - აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყება. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031 (c) წესის საფუძველზე დაუწესდათ შესაბამისი ზომები. კერძოდ, 7031(c) წესი ითვალისწინებს, რომ უცხოური მთავრობების თანამდებობის პირებს, რომელთა მნიშვნელოვან კორუფციაში ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაში მონაწილეობის შესახებ სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლის უფლება არ ექნებათ. ეს წესი გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. ასევე წაიკითხეთ: უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას? - ამერიკის საელჩო ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
ერთი წელი ომიდან: რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს რომელიმე მისი მეზობელი - მეთიუ ბრაიზა
Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი ზაფხულისთვის წამოიწევს წინ. მანამდე ბრაიზა რუსეთის მხრიდან შეტევის გაზრდას ელის, უკრაინელები კი, მისი შეფასებით, ზაფხულისთვის შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას. „მოგეხსენებათ, რუსეთის მიზნები ომის პირველი წლის განმავლობაში შეიცვალა, თავდაპირველად, მიზანი იყო მოკლევადიანი ომი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, დაეკავებინათ კიევი და დაემხოთ ზელენსკის მთავრობა და ზელენსკის გუნდის ნაცვლად „დაენიშნათ“ მოსკოვისთვის მეგობრული მთავრობა. რუსებს სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ამდენად, რუსეთის სამხედრო შეჭრის გეგმა შეიცვალა, რაც გულისხმობდა უკვე დონბასის ირგვლივ კონტროლის დამყარებას. უკრაინას გასულ წელს ჰქონდა წარმატებული კონტრშეტევები და მოახერხა რუსების უკუგდება როგორც ხარკოვში, ისე ხერსონში. „ახლა რუსეთის მიზანია, მიაღწიოს გარკვეულ სამხედრო წარმატებას ბახმუტში, რასაც ჩემი აზრით, არ ექნება დიდი გავლენა სამხედრო თვალსაზრისით. ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, პოლიტიკურად კი, ბახმუტში რუსეთის გამარჯვება, პრეზიდენტ პუტინს დაეხმარება, თავიდან აიცილოს ომისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო შენელება რუსეთის შიგნით, რუსი ხალხისადმი წარმატების ჩვენებით“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველასთვის, მათ შორის პუტინისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის არმიის შესაძლებლობების ნაკლებობა. „სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე არმია ბრძოლის ველზე დამარცხდა ხარკოვსა და ხერსონში. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა, რომ მისი სამხედრო მეთაურები არამარტო არაკომპეტენტურები, არამედ კორუმპირებულები არიან იმ ფონზე, როცა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გაძლიერებულიყო. ახლა, როგორც ჩანს, მათი სამხედრო შესაძლებლობები იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და, შედეგი არის ის, რომ რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს, რომელიმე მისი მეზობელი“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. დასავლეთის ერთიანობაზე საუბრისაას, ბრაიზა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი: „მე აქ ვსაუბრობ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე და ასევე უკრაინელების ერთიანობაზე, რომელთაც მტკიცედ სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა. თუ დავუბრუნდებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, მაშინ უკრაინელების მხარდაჭერა NATO-ს წევრობისადმი თუ არ ვცდები სადღაც 45%-მდე, ახლა ეს ციფრი გაცილებით დიდია, შესაძლოა, 80%“. ამერიკელი დიპლომატი პუტინის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად, მისი მიზანი უკრაინის განადგურება იყო, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, თავად უკრაინელი ხალხის განადგურებაა. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პერსონალურად პუტინის და მედვედევის მსგავსი ადამიანებისთვის არის ომი ეგზისტენციალისტური საკითხი და არა ზოგადად რუსეთისთვის. „პუტინის შეჭრამ წარმოშვა ყველაზე ძლიერი უკრაინული ნაციონალიზმი, პუტინს სურდა უკრაინის განადგურება, ახლა მას სურს უკრაინის და მისი ხალხის განადგურება. ამის სანაცვლოდ, მან დაინახა ისეთი ძლიერი უკრაინელები, როგორც არასდროს. უკრაინელების ისე სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა, როგორც არასდროს. პუტინმა არასწორად გათვალა და ეგონა, რომ არ მოჰყვებოდა მის შეჭრას ასეთი რეაქცია, როგორც მაგალითად, 2008 წელს, ჯერ საქართველოში და შემდეგ, 2014 წელს, უკრაინაში. პუტინმა ასევე არასწორად გათვალა, როდესაც იფიქრა, რომ გერმანია განსაკუთრებულად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, გერმანია ახლა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პასუხს უჭერს მხარს - ამდენად, დასავლეთი მტკიცედ ერთიანი რჩება, უკრაინისთვის დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია. გერმანია წარსულში ფიქრობდა, რომ მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ რაიმე სახის სამხედრო დახმარებისგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, მას ჰქონდა ძლიერი ბიზნესინტერესები რუსეთთან, ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, რასაც მოწმობს როგორც პრეზიდენტ შტაინმაიერის, ისე კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებები“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. „რაც შეეხება მოვლენების შესაძლო შემდგომ განვითარებას, მე ველოდები, რომ რუსეთი შეეცდება, გააგრძელოს თავისი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა წარმატევას ვერ მიაღწევს, უკრაინელები შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას ზაფხულისთვის და ველი, რომ მიაღწევენ წარმატებას - აქ მე ვგულისხმობ მდინარე დნიპროს მისადგომებიდან რუსული ძალების უკუგდებას და ამ დროს უკრაინელებს „დიდი გადაწყვეტილება“ ექნებათ მისაღები, რადგან ყირიმის საკითხი წამოიწევს და ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე, რომ განაგრძოს ბრძოლა თუ ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, თუმცა მე არ მგონია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები დათანხმდნენ იმას, რომ ბრძოლა შეწყვიტონ, ვიდრე ყირიმი არ არის თავისუფალი“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
ელჩი პეტერ ფიშერი: 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, შესაძლებლობები ახლა თქვენს ხელშია
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ ფიშერთან. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. NATO-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას მხარს ვუჭერთ თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრობა სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ ისინი სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, მოიტანს ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს ET: საქართველოსა და გერმანიას შორის დიალოგი 2018 წელს ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ჩამოყალიბებით გაღრმავდა, რომლის ფარგლებში იმართება სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის. გერმანიას სურს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს, პარალელურად, საფრანგეთის განცხადებით, უსაფრხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე რას გვეტყოდით უფრო მეტს? ელჩი ფიშერი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის. ET: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ალბათ, ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. დიახ, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ET: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე და საფრთხეების გათვალისწინებით, NATO-მ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. როგორია გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით? ელჩი ფიშერი: ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.). ET: საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომლებიც ასევე მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას, რა არის ის სფეროები, სადაც გერმანია ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს? ელჩი ფიშერი: ყველა სფერო მნიშვნელოვანია, თუმცა ორ მიმართულებას გამოვყოფდი. ჩვენი შეთანხმების დიდი ნაწილი განვითარების სფეროში თანამშრომლობას ეხება, რის ფარგლებშიც გერმანია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების გარკვეული მიმართულებებით განვითარებას მხარს უჭერს. თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა პროფესიული სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება. განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, მდგრადი ურბანული განვითარება. თბილისსა და ბათუმში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებისთვის, თითქმის 50 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამა გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის სექტემბერში გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც აქ გერმანული ინსტიტუტების სტატუსს განსაზღვრავს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას უწყობს ხელს. შედეგად, ქართველები სწავლობენ გერმანულს, შესაძლოა, ზოგიერთი გერმანელი სწავლობს ქართულს. ახალგაზრდები მიდიან და ჩამოდიან სასწავლებლად, ერთმანეთის კულტურის შესახებ ბევრს სწავლობენ. არამხოლოდ ბიზნესსაქმიანობა, თავდაცვა, არამედ კულტურაა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების ფარგლებში. ეს მომზადების საუკეთესო გზაა ორივე ჩვენგანისთვის. თქვენ სწავლობთ ჩვენ შესახებ, გვიახლოვდებით და ჩვენ ჩვენი მხრივ, თქვენ შესახებ ვსწავლობთ ბევრს. ET: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის ტემპს როგორ აფასებთ? ელჩი ფიშერი: დადებითად ვაფასებ. მით უფრო, თუ შორი პერსპექტივიდან შეხედავთ, ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და 1992 წელს უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ბევრს მიაღწია. მოგეხსენებათ, გერმანია, პირველი იყო, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამ პერიოდში საქართველო ფუნდამენტურად შეიცვალა, ბევრი რეფორმა გატარდა, რამაც ხელი შეუწყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამრიგად, თუ საერთო სურათს განვიხილავთ, დიდ პროგრესს, მიმართულებას, ქართველების მისწრაფებას ვხედავ... არასდროს მინახავს ქართველი, რომელიც იტყოდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სურს. შეიძლება, არსებობებს ვინმე, თუმცა მე ჯერ არ შევხვედრივარ. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა. რა მოლოდინები აქვს გერმანიას? ელჩი ფიშერი: 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ. ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს.. ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით. ET: გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. არ უხსენებია საქართველო, თუმცა მიუთითა მოლოდინზე, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო და სავიზო პოლიტიკას შეუერთდებიან. საქართველოს შემდგომ მიდგომებს როგორ აფასებთ ამ კუთხით? ელჩი ფიშერი: გერმანიის კანცლერმა გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოსვლის დროს ისაუბრა საქათველოზე. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვიდან თბილისამდე უნდა ისმოდეს; რომ უნდა ვიყოთ ერთად და მომავლის გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გზავნილი იყო. გასულ წელს, გერმანიის კანცლერი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ. ET: საქართველოში ამ კუთხით პრობლემას ხედავთ? ელჩი ფიშერი: მე ვიტყოდი, რომ დიდი გამოწვევას ვერ ვხედავ. საქართველო სანქციების თავიდან აცილების პრევენციისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ET: ალბათ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დიახ, რადგან რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს. ET: ევროკავშირი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ელჩი ფიშერი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ET: ბოლო პერიოდში გააქტიურდა ანაკლიის პორტის საკითხი. ბევრი ითქვა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მხრიდან ინვესტირების პოტენციალზე. ამერიკულ ინვესტიციებთან ერთად, გერმანული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შესაძლებლობაზეც მიუთითეს. როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა და როგორ უყურებს გერმანია ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივას და მნიშვნელობას? ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს. ET: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.
ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება
ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-ის კითხვებს ექსკლუზიურად უპასუხა. მას ვთხოვეთ, შეეფასებინა საქართველოს მთავრობის განცხადება 2023 წელს ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ. ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რომელსაც ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ფარგლებში ეძლევა შესაძლებლობა, გაზარდოს და გამოკვეთოს თავის როლი და ფუნქცია, როგორც დამაკავშირებელმა რგოლმა ევროპა-აზიას შორის. ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში. თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.