Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში, ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი ზაფხულისთვის წამოიწევს წინ. მანამდე ბრაიზა რუსეთის მხრიდან შეტევის გაზრდას ელის, უკრაინელები კი, მისი შეფასებით, ზაფხულისთვის შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას.
„მოგეხსენებათ, რუსეთის მიზნები ომის პირველი წლის განმავლობაში შეიცვალა, თავდაპირველად, მიზანი იყო მოკლევადიანი ომი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, დაეკავებინათ კიევი და დაემხოთ ზელენსკის მთავრობა და ზელენსკის გუნდის ნაცვლად „დაენიშნათ“ მოსკოვისთვის მეგობრული მთავრობა. რუსებს სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.
ამდენად, რუსეთის სამხედრო შეჭრის გეგმა შეიცვალა, რაც გულისხმობდა უკვე დონბასის ირგვლივ კონტროლის დამყარებას. უკრაინას გასულ წელს ჰქონდა წარმატებული კონტრშეტევები და მოახერხა რუსების უკუგდება როგორც ხარკოვში, ისე ხერსონში.
„ახლა რუსეთის მიზანია, მიაღწიოს გარკვეულ სამხედრო წარმატებას ბახმუტში, რასაც ჩემი აზრით, არ ექნება დიდი გავლენა სამხედრო თვალსაზრისით. ბახმუტს არ აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, პოლიტიკურად კი, ბახმუტში რუსეთის გამარჯვება, პრეზიდენტ პუტინს დაეხმარება, თავიდან აიცილოს ომისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო შენელება რუსეთის შიგნით, რუსი ხალხისადმი წარმატების ჩვენებით“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი, რომელიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ნაკლოვანებებზეც მიუთითებს.
მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველასთვის, მათ შორის პუტინისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის არმიის შესაძლებლობების ნაკლებობა.
„სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე არმია ბრძოლის ველზე დამარცხდა ხარკოვსა და ხერსონში. ვფიქრობ, პუტინმა დაინახა, რომ მისი სამხედრო მეთაურები არამარტო არაკომპეტენტურები, არამედ კორუმპირებულები არიან იმ ფონზე, როცა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გაძლიერებულიყო.
- ახლა, როგორც ჩანს, მათი სამხედრო შესაძლებლობები იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და, შედეგი არის ის, რომ რუსეთს ნამდვილად არ შეუძლია, დააშინოს, რომელიმე მისი მეზობელი“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან.
დასავლეთის ერთიანობაზე საუბრისაას, ბრაიზა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დასავლეთის უპრეცედენტოდ ერთიანი პასუხი: „მე აქ ვსაუბრობ ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე და ასევე უკრაინელების ერთიანობაზე, რომელთაც მტკიცედ სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა. თუ დავუბრუნდებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტს, მაშინ უკრაინელების მხარდაჭერა NATO-ს წევრობისადმი თუ არ ვცდები სადღაც 45%-მდე, ახლა ეს ციფრი გაცილებით დიდია, შესაძლოა, 80%“.
ამერიკელი დიპლომატი პუტინის მიზნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად, მისი მიზანი უკრაინის განადგურება იყო, ახლა რუსეთის პრეზიდენტის მიზანი, თავად უკრაინელი ხალხის განადგურებაა. მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ პერსონალურად პუტინის და მედვედევის მსგავსი ადამიანებისთვის არის ომი ეგზისტენციალისტური საკითხი და არა ზოგადად რუსეთისთვის.
„პუტინის შეჭრამ წარმოშვა ყველაზე ძლიერი უკრაინული ნაციონალიზმი, პუტინს სურდა უკრაინის განადგურება, ახლა მას სურს უკრაინის და მისი ხალხის განადგურება. ამის სანაცვლოდ, მან დაინახა ისეთი ძლიერი უკრაინელები, როგორც არასდროს.
უკრაინელების ისე სურთ დასავლეთის ნაწილად ყოფნა, როგორც არასდროს. პუტინმა არასწორად გათვალა და ეგონა, რომ არ მოჰყვებოდა მის შეჭრას ასეთი რეაქცია, როგორც მაგალითად, 2008 წელს, ჯერ საქართველოში და შემდეგ, 2014 წელს, უკრაინაში.
პუტინმა ასევე არასწორად გათვალა, როდესაც იფიქრა, რომ გერმანია განსაკუთრებულად დამოკიდებულია რუსულ გაზზე, გერმანია ახლა უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პასუხს უჭერს მხარს - ამდენად, დასავლეთი მტკიცედ ერთიანი რჩება, უკრაინისთვის დახმარების გაწევისადმი მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია.
გერმანია წარსულში ფიქრობდა, რომ მათ თავი შორს უნდა დაიჭირონ რაიმე სახის სამხედრო დახმარებისგან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მიმართ, მას ჰქონდა ძლიერი ბიზნესინტერესები რუსეთთან, ახლა ეს ყველაფერი დასრულდა, რასაც მოწმობს როგორც პრეზიდენტ შტაინმაიერის, ისე კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებები“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.
„რაც შეეხება მოვლენების შესაძლო შემდგომ განვითარებას, მე ველოდები, რომ რუსეთი შეეცდება, გააგრძელოს თავისი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა წარმატევას ვერ მიაღწევს, უკრაინელები შეძლებენ კონტრშეტევის წარმოებას ზაფხულისთვის და ველი, რომ მიაღწევენ წარმატებას - აქ მე ვგულისხმობ მდინარე დნიპროს მისადგომებიდან რუსული ძალების უკუგდებას და ამ დროს უკრაინელებს „დიდი გადაწყვეტილება“ ექნებათ მისაღები, რადგან ყირიმის საკითხი წამოიწევს და ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა ზეწოლა უკრაინაზე, რომ განაგრძოს ბრძოლა თუ ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, თუმცა მე არ მგონია, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები დათანხმდნენ იმას, რომ ბრძოლა შეწყვიტონ, ვიდრე ყირიმი არ არის თავისუფალი“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
- 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
- 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.
11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.
რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.
ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.