ანალიტიკა
„შავი ზღვის სინერგია“: საქართველო ევროკავშირის ანგარიშში
EXCLUSIVE ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს ეთმობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო გარემოს დაცვას. ამასთან, მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა შავი ზღვის რამდენიმე სანაპირო ქვეყანაში საზღვაო ადმინისტრაციის ეფექტიანობა გაძლიერდეს. ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - შავი და კასპიის ზღვის სანაპირო ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მდგრადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ (BCSEA II), 2022 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. პროექტი ეხება საზღვაო უსაფრთხოებას და შავი ზღვის რეგიონში მხარს უჭერს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას, თურქეთსა და უკრაინას - საერთო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ევროა. „რუსეთის აგრესიული ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ, სცილდება შავი ზღვის რეგიონს და იგრძნობა მთელ მსოფლიოში, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, მათ შორის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, როდესაც რუსეთი მუდმივად უმიზნებს საპორტო ინფრასტრუქტურასა და საწყობებს უკრაინაში. „შავ ზღვაში რუსეთი ხელს უშლის ნაოსნობისა და ფრენის თავისუფლებას, უკრაინის შავი ზღვის პორტების საზღვაო ბლოკადის მცდელობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის პორტში, ოჩამჩირეში რუსეთის მიერ მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებამ უსაფრთხოების რისკები და გამოწვევები შემატა.“ ინფორმაციისთვის, ენერგეტიკული გაერთიანება მოიცავს ევროკავშირს, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს წევრებად, ხოლო თურქეთსა და სომხეთს დამკვირვებლებად.“ ვკითხულობთ დოკუმენტში. მისივე თანახმად, „მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და უკრაინა, ასევე აქტიური პარტნიორები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში - მთავარ დისკუსიებში, რომლებიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება, დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, მწვანე და ციფრულ გადასვლებს, ასევე - გაზრდილ თანამშრომლობას ისეთ რეგიონებთან, როგორიცაა ცენტრალური აზია და დასავლეთ ბალკანეთი. საქართველო „ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იყო „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივაში, მათ შორის, მასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში, როგორიცაა, საერთო საზღვაო დღის წესრიგი და სტრატეგიული კვლევებისა და ინოვაციების ზონის მიმართულება,“ ამბობს Europetime-თან საუბარში ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანო. სტანო ხაზს უსვამს, რომ „შავი ზღვის სინერგია“ არის ევროკავშირის ძირითადი რეგიონული პოლიტიკის ჩარჩო შავი ზღვის რეგიონისთვის და ერთ-ერთი ფუნდამენტური საყრდენი რეგიონში ევროკავშირის ჩართულობისთვის. „ის ხელს უწყობს თანამშრომლობას პოლიტიკის ფართო სპექტრში, მათ შორის, მდგრადი ლურჯი ეკონომიკის, საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების, მეთევზეობისა და აკვაკულტურის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ასევე შავი ზღვის სინერგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ეს რეგიონული აქტივობები ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ ამბობს პიტერ სტანო. ანგარიში Europetime რამდენიმე საკვანძო თემას გთავაზობთ კავშირები ევროკავშირის სხვა პოლიტიკასთან ან სტრატეგიებთან, რომლებიც აქტუალურია შავი ზღვის რეგიონისთვის „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და რეგიონში არსებული სხვა გამოწვევების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობამ დააახლოვა უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო ევროკავშირთან - გრძელდება რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა სფეროებში. EaP კვლავაც იყო ნორმატიული მამოძრავებელი ტრანსფორმაცია პარტნიორებისთვის რეგიონში.“ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა - შავი ზღვის აუზის პროგრამა „2024 წლის იანვარში პროგრამამ დასაფინანსებლად შეარჩია 33 პროექტი, 110-ზე მეტი პარტნიორით. ისინი საქმიანობას უკვე 2024 წლიდან დაიწყებენ. წინადადებების მეორე მოწოდება 2024 წლის მარტში დაიწყო. შავი ზღვის აუზის პროგრამა ევროკავშირის სხვა პრიორიტეტებთან და რეგიონში განხორციელებულ ინიციატივებთან სინერგიით მუშაობს. 11 მილიონი ევრო დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და გააძლიერებს სახელმწიფო ხელისუფლებების შესაძლებლობების განვითარებას, რაც ასევე შეესაბამება უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს. სულ ახლახან, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილებით და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა სულ უფრო სასარგებლო პლატფორმად იქცევა, რათა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნების გაწევრიანების გზას და ხელი შეუწყოს უკეთეს მმართველობას თანამშრომლობის საკითხებში, მათ შორის, შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებათა გაძლიერებით.“ ენერგია და ტრანსპორტი შავი ზღვის ყველა მეზობელი ვალდებულია, სისრულეში მოიყვანოს წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევა 2050 წლისთვის/ ან დაახლოებით 2050 წელს. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები, ისევე როგორც მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შეუერთდნენ გლობალურ დაპირებას, გაასამმაგდეს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე და 2030 წლისთვის მსოფლიო მასშტაბით გაორმაგდება ენერგოეფექტურობა. რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში ოფშორული ქარის ენერგიის დარგში განვითარების პერსპექტივაზე მუშაობენ, როგორც ფიქსირებული, ისე მცურავი ტურბინებით. 16-მდე კომპანია ევროკავშირიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან გაერთიანდა, რათა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშაოს 5 მეგავატი სიმძლავრის მცურავი ქარის ტურბინის დემონსტრატორი, რომელიც შავი ზღვის პირობებზე იქნება ადაპტირებული. მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ხელშეწყობისთვის, კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ბაზრის ინტეგრაციის მიზნით. მწვანე ენერგიის სფეროში პარტნიორობა 2022 წელს დაიწყეს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა, სადაც გაწევრიანების ინტერესებს უფრო მეტი რეგიონული პარტნიორი იჩენს. მიმდინარეობს კვლევა, რუმინეთისა და საქართველოს სანაპიროებს შორის მაღალი ძაბვის გადამცემი წყალქვეშა კაბელის შესაძლო გაყვანის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია ორმხრივი სარგებლისთვის, ასევე სხვადასხვა შესაძლო სავაჭრო მარშრუტებზე რეგიონის მასშტაბით - ისეთი განახლებადი საწვავისთვის, როგორიცაა, წყალბადი. ევროკავშირი მხარს უჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონალურ პროექტებში, როგორიცაა, შავი ზღვის ელექტრო კაბელი. ევროკავშირმა შეიმუშავა მეთანის სფეროს სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს პოლიტიკასა და აქტივობებს, რომლებიც გლობალურ დონეზე Global Methane Pledge-ის მექანიზმის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სომხეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სერბეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი შეუერთდნენ Global Methane Pledge-ს და ამ ქვეყნებმა ყოვლისმომცველი შიდა გეგმა უნდა მიიღონ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი დაპირების მისაღწევად, პოლიტიკიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული, ანგარიშგების მონიტორინგამდე და გადამოწმებამდე, დაშავი ზღვის მიმდებარე დანარჩენ ქვეყნებთან ჩართვა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, რომლებიც წიაღისეულ საწვავს აწარმოებენ. საქართველო და უკრაინა უერთდებიან ამ პარტნიორობას, რომელიც ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთს მოიცავს. ეს პარტნიორობა მხარს უჭერს ინვესტიციებს ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სხვა ერთობლივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, მიზნად ისახავს მკვლევრების ჩართულობის წახალისებას შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. რა არის „შავი ზღვის სინერგია ევროკომისიამ საზოგადოებას 2007 წელს გააცნო თავისი ახალი გეგმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინიციატივაში ხაზგასმულია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ამოცანაა, ერთგვარად შეავსოს უკვე არსებული პროგრამები და შეთანხმებები. "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. პრიორიტეტების ჩამონათვალში შეხვდებით, აგრეთვე, "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების ხელშეწყობას, თუმცა რაიმე კონკრეტულ ინიციატივებს ტყუილად დაუწყებთ ძებნას. ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა. ზემოთ აღნიშნულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა: (i) შავი ზღვის კავშირის პროექტების სწრაფი განხორციელების მნიშვნელობას, რომელიც შექმნილია ევროკავშირის დამატებითი პოლიტიკის მიხედვით; (ii) გააძლიერა და გაამარტივა თანამშრომლობა რეგიონის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკის შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიას უკვე ახორციელებს
EXCLUSIVE Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება. „შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. რა არის შავი ზღვის სტრატეგია? სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. „შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. ეკონომიკური ზონა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები
ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების „ხელშესახები წინსვლისთვის“, აშშ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისთვის პოტენციურ სფეროებს აფასებს
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ეტაპზე, აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის. ვაშინგტონი ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მასშტაბირების საჭიროებაზე მიუთითებს. „ზოგადად, ჩვენ მივესალმებით და ვახალისებთ მრავალმხრივ ძალისხმევას, დასავლეთ ევროპისკენ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული კავშირის მხარდასაჭერად. ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო, მდგრადი და აყვავებული რეგიონის შექმნას. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის “ინვესტორთა ფორუმი, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის საკოორდინაციო პლატფორმა და USAID Trade Central Asia მხოლოდ რამდენიმეა იმ პროგრამებიდან, რომლითაც შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციის მხარდაჭერას აგრძელებს, ცენტრალურ აზიაში ჩვენს პარტნიორებთან კავშირის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით. C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რომელიც ეხმარება რეგიონს, გადაჭრას საერთო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გამოწვევები და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი (ცენტრალურ) აზიელი პარტნიორების ავტონომია და სუვერენიტეტი. 2023 წლის სექტემბერში გამართული C5+1 საპრეზიდენტო სამიტის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა, რომლის მიზანიცაა PGI-ის მეშვეობით, ტრანსკასპიური დერეფნის დაკავშირებადობა, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბირება, ეკონომიკური განვითარების დაჩქარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. PGI-ის მეშვეობით, შეერთებული შტატები ამჟამად აფასებს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების პოტენციურ სფეროებს, სადაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია, პროექტის საკონსულტაციო ტექნიკურ დახმარებაში წვლილის შეტანა, პროექტის მომზადება ან/და დაფინანსება, ტრანსკასპიის დერეფანში სტრატეგიული პროექტების ხელშესახები წინსვლისთვის,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ინფორმაციისთვის, PGI (აშშ) არის კოორდინატორის ოფისი გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების პარტნიორობისთვის (PGI) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აშშ-ის პრეზიდენტის G7+ ფლაგმანურ ინიციატივას სტრატეგიული, ღირებულებებზე ორიენტირებული და მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების განვითარებისთვის დაბალ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთის ელჩი: საბორნე მიმოსვლის ხელშეკრულებას უფრო კონკრეტული და თანამშრომლობის ფარგლებში ქმედება უნდა მოჰყვეს
„რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ორი წელი ომიდან: პუტინმა აღიარა, რომ მიზანს ჯერ ვერ მიაღწია; უკრაინა აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია; ბაიდენის ადმინისტრაცია, კიევის დახმარების საკითხის გარშემო, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ სანქციებს“ აანონსებს. ომის მეორე წლისთავის წინ, პირველ თებერვალს კიევმა ევროკავშირისგან ფინანსური რესურსის მიღების გარანტია მიიღო, როდესაც ბლოკი 50 მილიარდის ევროს მოცულობის პაკეტის მიღებაზე შეთანხმდა. თუმცა რუსეთის სარაკეტო იერიშების ფონზე, კიევი კვლავ აშშ-ის კრიტიკული დახმარების მოლოდინშია. ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია.“ კიევი და მისი მთავარი პარტნიორი - აშშ, რომელმაც ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გაიღო უკრაინისთვის, ახლა რესურსების შეფერხების უარყოფით გავლენებზე უკვე მიუთითებენ. ბრძოლის ველზე მძიმე სურათია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მიიჩნევს, რომ „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს, რადგან მას კატასტროფული მომავალი ექნება“: „რადგან მოსკოვს ნომინალური კონტროლის საზღვრებში 40 მილიონი მტერი ეყოლება,“ ამბობს გობლი Europetime-თან. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, ვიდრე კრემლი არ გააცნობიერებს, რომ ვერ გაიმარჯვებს,“ - მიიჩნევს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. მისი განცხადებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა და მას მიეწოდოს ყველაფერი, რაც სჭირდება. პოლ გობლს, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, არ სჯერა, რომ პუტინი ოდესმე წაგებას აღიარებს. „პუტინი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის მსხვერპლად შეწირვას, რათა ძალაუფლება სიკვდილამდე შეინარჩუნოს,“ ამბობს პოლ გობლი. ბაიდენის ადმინსტრაცია და უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებენ, რომ კონგრესი უკრაინისთვის კრიტიკულ დახმარებას დაამტკიცებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ავდიივკის დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგია. მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა რუსეთის თავდასხმების შეჩერების შესაძლებლობა, ვიდრე საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. „განსაკუთრებით საბრძოლო მასალის საარტილერიო სახეობები, რომლებიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსული ძალებისთვის უკრაინულ თავდაცვით ხაზებამდე მისვლასა და ამ პოზიციების დაპყრობაში შეეშალა ხელი,” - განაცხადა კირბიმ. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ CNN-ის ჟურნალისტ ქრისტიან ამანპურთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინა ავდიივკას არ დაკარგავდა იმ შემთხვევაში თუ კიევი „მიიღებდა ყველა საჭირო საარტილერიო ჭურვს, რომლებიც დაცვისთვის სჭირდება.“ „ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონპროექტის მიღება - ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაცები ფრონტზე გაიგზავნოს, დროა საჭირო. და სანამ ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, პლუს გაითვალისწინეთ ლოგისტიკა, მთელი ეს დრო ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ თავს გაწირავენ ფრონტზე, რუსეთის უფრო დიდი ძალების წინააღმდეგ დაცვაში,“ - განაცხადა კულებამ. აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აღნიშნავს, რომ ახლა თითოეული დღე გადამწყვეტია. „ამ კვირას რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავია. უკრაინის გასვლა ავდიივკიდან აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინებს გადააჭარბეს კიდევ ერთხელ. NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოკავშირეებმა მილიარდობით ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის საჰაერო დაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებისთვის და F-16-ის აღჭურვილობისთვის,” - განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი სამხედროების მიერ ავდეევკის დაკავებას არ ექნება არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობა სიტუაციაზე. „ჩემზე, ისევე, როგორც ყველაზე, შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინის გამძლეობამ, რომელსაც საერთაშორისო მხარდაჭერა უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს უკანასკნელი, მაგრამ არა პირველი, გარკვეულწილად, მცირდება,“ აღნიშნავს პოლ გობლი Europetime-თან. უკრაინაში აშშ-ის ელჩის ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება, მათ შორის, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცდილობს, დააჩქაროს ახალი დაფინანსების დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ არ არსებობს „გეგმა B“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი უარს იტყვის ინიციატივის მხარდაჭერაზე. „ომი ჩიხშია და გარკვეული პერიოდია, ასე გრძელდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტი წინსვლა არცერთ მხარეს არ შეუძლია,“ ამბობს Europetime-თან კლაუს ლარესი - ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, ვუდრო უილსონის საერთაშორისო ცენტრის ანალიტიკოსი, ლარესი ასევე გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ევროპული კვლევების მოწვეული მეცნიერი. ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინს სურს, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების შედეგს ნოემბერში. „შესაძლოა, ტრამპმა უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ დანამდვილებით ეს ჯერ არ ვიცით,“ - აღნიშნავს კლაუს ლარესი. ამერიკელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ შტატების დახმარება სიტუაციას ახლა ალბათ, შეცვლიდა, თუმცა დანამდვილებით, პროგნოზების გაკეთება რთულია. შტატებს უკვე მზად აქვს იმ დახმარების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნას უკრაინისთვის სასწრაფოდ გეგმავს, მას შემდეგ, თუ კონგრესი უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის პაკეტს დაამტკიცებს. 23 თებერვალს, ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ გამაბადგურებელი სანქციები დააანონსა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. რუსთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზეა საუბარი 2024 წლის იანვარში, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშიც, რომელიც რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას ეხება. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. „რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი,“ წერს HRW. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ მარიუპოლში საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ომი დასრულდება მაშინ, როცა მსოფლიო „გააცნობიერებს პუტინის საფრთხეს.“
ჯონ ბასი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს წევრობის ვალდებულებები
Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა 2009, 2010 და 2012 წლების სამიტებზე. 2009 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას არაერთხელ მოგვისმენია თქვენი კომენტარები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორ შეესაბამება თქვენი ადრინდელი ვარაუდები/მოლოდინები ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის დღევანდელ დინამიკასა და პროცესს? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ჯონ ბასს. “დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოში დრო დავყავით ან ვმუშაობდით ქართველებთან, განსაკუთრებით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, როდესაც რუსეთი კვლავ ცდილობდა, ეკარნახა, როგორ უნდა ეცხოვრა მეზობელ ქვეყანას და ჰქონდეს თუ არა ამ ქვეყანას თავისუფალი არჩევანი, თავისი უსაფრთხოების დასაცავად იურთიერთოს, ამ შემთხვევაში NATO-სთან - ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, და განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის ბოლო თვეებში. თუ ვინმე პირდაპირ იკითხავს, თუ როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი - ამაზე პასუხი არის ის, რომ საქართველო გახდება წევრი, როცა მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც თან სდევს წევრობას, მათ შორის, დაიცვას პრინციპები, დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების ჩათვლით, რომ ხალხი თავისუფალია, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნებისკენ. სამწუხაროდ, ბევრი უკუსვლა ვნახეთ,“ - აღნიშნა ბასმა საერთაშორისო და ქართული მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე. „როგორც აშშ-ის ელჩისთვის, რომელიც ბევრს მუშაობდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოფილიყო პირობები, რათა "ქართული ოცნებისთვის" სამართლიანი კონკურენცია ყოფილიყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ღრმად შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ იგივე ჯგუფი ახლა ანადგურებს დემოკრატიული მმართველობისა და საზოგადოების საფუძვლებს. და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის დანახვა, რომ მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ინდივიდის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილებების მძევალია,“ - განაცხადა ჯონ ბასმა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში, საქართველოში ამერიკის ელჩი იყო. ის აშშ-ის სენატმა 2021 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა მენეჯმენტის საკითხებში მდივნის მოადგილედ. სახელმწიფო მდივანმა კი, 2024 წლის 23 მარტს დანიშნა ჯონ ბასი პოლიტიკურ საკითხებში მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ საქართველოს NATO-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს NATO-ს ურთიერთობები საქართველოსთან
„მზარდ რუსულ საფრთხეზე საპასუხოდ პარტნიორებთან თანამშრომლობა“ - სამხრეთ კავკასია NATO-ს ფოკუსში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 19 მარტს თავისი ტურნე სამხრეთ კავკასიაში, ერევანში, სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ეს ამ რანგში სტოლტენბერგის სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტი იყო, რადგან ის NATO-ს გენმდივნის პოსტს წელს დატოვებს. ფოტო - ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტოლტენბერგის ვიზიტზე კომენტირებისას, კრემლმა სამშაბათსვე განაცხადა, რომ ბლოკის მცდელობებმა, „გააფართოოს თავისი ყოფნა ამ ტერიტორიაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს სტაბილურობას.“ კრემლს ხშირად შეახსენებენ, რომ NATO დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია და მისი კარი ღიაა სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის, რომლებიც თავად წყვეტენ, შეუერთდნენ თუ არა NATO-ს. NATO არასოდეს აიძულებს ვინმეს, ალიანსში გაწევრიანდეს. „ჩვენ არ გვსურს ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც მოსკოვი წყვეტს, რა უნდა აკეთონ მისმა მეზობლებმა და რა არა, ეს გავლენის სფეროების სამყაროა და ჩვენ არ გვინდა ამ სამყაროში ცხოვრება,“ ამბობენ ალიანსში. როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა სამდღიანი ვიზიტისას მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ლიდერებთან.“ საგულისხმოა, რომ სტოლტენბერგს სამივე ქვეყანაში ერთი გამოკვეთილი გზავნილი ჰქონდა - მეტი უნდა გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა დღეს, სომხეთში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“ მან გაიმეორა ის, რაც თქვა მათ შორის, თბილისში, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.“ ვიზიტი სომხეთში - „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა NATO-სთვის მნიშვნელოვანია,“ ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სომხეთში ვიზიტს. ეს იყო სტოლტენბერგის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც სომხეთმა NATO-სთან უფრო დაახლოების სურვილი დააფიქსირა. მოსალოდნელია, რომ ერევანი ალიანსის ახალ პროგრამებში ჩაერთვება, თუმცა „გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის.“ აღსანიშნავია, რომ ერევანმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების სურვილიც ღიად დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი რუსეთი მოკავშირედ რჩება, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოსკოვის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და კიევში ჰუმანიტარული დახმარებაც გაგზავნა, რამაც რუსეთის გაბრაზებაც გამოიწვია. ერევანში ვიზიტისას კი, სტოლტენბერგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უკრაინის მიმართ „სოლიდარობის“ გამო შეაქო. ბოლო პერიოდში ერევანი ასევე ხშირად მიუთითებდა, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება შეცდომა იყო. NATO-ს ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ საუბრისას, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე. „ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.” ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის რეფორმების პროგრესზე. „თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი აზერბაიჯანში - “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის“ სტოლტენბერგმა ბაქოში განაცხდა, რომ მოუთმენლად ელის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას. „მშვიდობა ამ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რეგიონის ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისთვის, ჩრდილო ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და ამიტომ, მშვიდობა, სტაბილურობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ აქ, არამედ, უსაფრთხოება - უფრო ფართოდ. „სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან მშვიდობას წლების განმავლობაში კონფლიქტის შემდეგ. მე ვაფასებ იმას, რასაც ამბობთ, რომ თქვენ უფრო ახლოს ხართ სამშვიდობო შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე. და მე შემიძლია, უბრალოდ, მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა სომხეთთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად,“ განმარტა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს გენდმივანმა უკრაინასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან გაწეულ საჭირო მხარდაჭერას. მან თბილისისა და ერევნის მსგავსად, ბაქოშიც გაიმეორა, რომ უკრაინისთვის მეტი დახმარებაა საჭირო. სტოლტენბერგმა რეგიონის ქვეყნებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, როცა უფრო ფართო რეგიონს ვუყურებთ, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა. ეს არის NATO-ს პარტნიორი ქვეყანა და რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოკავშირეები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მიმდინარე ომის შედეგებით და მხარს უჭერენ უკრაინას. მივესალმები იმ საჭირო მხარდაჭერას, რომელსაც აზერბაიჯანიც უწევს უკრაინას. ასევე, როდესაც საქმე ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ეს ძალიან საჭიროა, მაგრამ მეტი მხარდაჭერაა საჭირო, რადგან უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა,“ აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა. აზერბაიჯანში ვიზიტისას მან ენერგოუსაფრთხოებაზეც ისაუბრა. „ენერგეტიკა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანი ავითარებს უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს NATO-ს რამდენიმე მოკავშირესთან და რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში NATO-ს მთავარი მოკავშირეებისთვის არამარტო გაზის, არამედ, მომავალში ელექტროენერგიის მიწოდებაში და, შესაბამისად, თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი საზოგადოებების გამძლეობისთვის,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ვიზიტი საქართველოში - „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - ამ გზავნილით აღწერს ალიანსი სტოლტენბერგის ჩამოსვლას საქართველოში „საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი საქართველოს ნაწილებია,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ცნობით. მან მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და დასძინა, რომ რუსეთის მიერ “არჩევნების“ ორგანიზება საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში, სრულიად უკანონოა. ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს და მათ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს. "რუსეთი აგრძელებს იმპერიული ამბიციებისკენ სწრაფვას. უკრაინაში კი, ვითარება ბრძოლის ველზე მძიმე რჩება,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. „მაგრამ, ჩვენი მხარდაჭერით, უკრაინამ უკან დახია - გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს, ხელახლა გახსნას მარცვლეულის მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისთვის და გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის,“ აღნიშნა NATO-ს გენმდივანმა. ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა განიხილა საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები. ალიანსი აძლიერებს თანამშრომლობას საქართველოსთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა, კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა NATO-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს გზას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიები რუსული ჯარების მიერ არის ოკუპირებული, აპირებს, საბოლოოდ გახდეს NATO-ს წევრი, ხოლო აზერბაიჯანს მჭიდრო კავშირები აქვს NATO-ს წევრ თურქეთთან. სომხეთის შეფასებით კი, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, რეგიონში ვითარებას ცვლის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა თბილისს ვიზიტის დროს გადასცა, რომ რასაც ის აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მჭიდროდ დაკავშირებულია (თანხვედრაშია, შეესაბამება) ძალისხმევასთან, რომ ქვეყანა NATO-ს სრულფასოვანი მოკავშირე გახდეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივნის ტურნეს შეფასება ვთხოვეთ, ამბობს რომ სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში ვიზიტით ხაზი გაუსვა, რომ გლობალურად მზარდია რუსული საფრთხე დასავლეთისთვის და სწორედ მასზე საპასუხო ზომების ირგვლივ პარტნიორების კოორდინაციას ცდილობს სტოლტენბერგი. „მჯერა, რომ ეს იყო ხაზგასმა გლობალურად მზარდი რუსული საფრთხისა დასავლეთისთვის და ასევე ერთგვარი ინფორმირება დასავლეთის მხრიდან საპახუხო ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გახდეს ხილვადი ყველასთვის, ვინც შეიძლება, ამ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, მათ სურთ თანამშრომლობა,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილმა ანალიტიკოსმა პოლ გობლმა.
ევროკავშირი ანგარიშზე მუშაობს, რითაც შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
ექსკლუზივი როგორ თანამშრომლობს ევროკავშირი აშშ-სთან, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის მიმართულებით. ცნობილია, რომ აშშ მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე, რათა შავი ზღვა გახდეს უფრო მჭიდრო ზონა ეკონომიკური ჩართულობისთვის. რა გეგმები აქვს ამ მიმართულებით ევროკავშირს, ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს მიმართა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის კომენტარიდან ირკვევა, რომ ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს. ბლოკი ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებას გეგმავს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ ხედვაზე, შავი ზღვაში პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ. „ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის გავლენას შავი ზღვის რეგიონში - როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ უკრაინის მხარდაჭერაზე, მაგრამ ასევე ვეხმარებით რეგიონს ამ ომის უფრო ფართო შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ ბევრი ფორუმის ფარგლებში, მათ შორის, ევროკავშირი-აშშ უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგის ფორმატში, გაეროს, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში და ა.შ. ევროკავშირი და აშშ იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონში, რათა: (1) გაზარდონ კოორდინაცია პარტნიორებთან; (2) გააღრმაონ ეკონომიკური კავშირები; (3) გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება; (4) მხარი დაუჭირონ დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების ძალისხმევას, მათ შორის, ცრუ ნარატივებთან და რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად პროპაგანდასთან ბრძოლას, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად; (5) მხარი დაუჭირონ პარტნიორებს რეგიონში, რათა გააძლიერონ მათი მედეგობა მზარდი ჰიბრიდული და კიბერ გამოწვევების მიმართ. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დასაჩქარებლად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი გაერო-თურქეთის შუამავლობით წამოწყებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან ცალმხრივად გავიდა. ლიდერებმა აშშ-ევროკავშირის სამიტის შემდეგ, 2023 წლის 20 ოქტომბერს ვაშინგტონში, თავიანთ ერთობლივ განცხადებაში ცალსახად აღნიშნეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ „სოლიდარობის გზების“ მიზნების განხორციელებას, ეფექტიანობის გაზრდისა და ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად. აშშ-ის თანამშრომლობა ევროპელ პარტნიორებთან კონსტანცაში, რუმინეთის უდიდეს საპორტო ქალაქში, შავი ზღვის სანაპიროზე, ამის კარგი მაგალითია. ევროკავშირმა შავ ზღვაში წამოიწყო მრავალფუნქციური საზღვაო ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან ევროკავშირის სააგენტოები სანაპირო დაცვის ფუნქციებით (Frontex - ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო; ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო, ევროპის მეთევზეობის კონტროლის სააგენტო), ზღვისპირა წევრი ქვეყნები და ასევე, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. ამ კონტექსტში, ქართველი ოფიციალური პირები მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა აქტივობაზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა შესაძლებლობების განვითარებას, მათ შორის, საქართველოსთვის, შავი და კასპიის ზღვის I პროექტის და მისი ამჟამინდელი მემკვიდრის, შავი და კასპიის ზღვების II პროექტის მეშვეობით, რომელსაც ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო ახორციელებს. ევროკავშირი მუშაობს „შავი ზღვის სინერგიის“ (ევროკავშირის ინიციატივის - "შავი ზღვის სინერგიის" პრიორიტეტებს შორის არის ისეთი სფეროები, როგორიცაა, ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და სხვა, რედ.) შესრულების მე-4 ანგარიშზე. ეს ძალისხმევა დაგვეხმარება ძირითადი ტენდენციებისა და აღმოჩენების იდენტიფიცირებაში, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის მომავალ შეხედულებებზე, შავ ზღვაში თანამშრომლობის შესახებ. მთავარი საფუძველი აქ არის დაკავშირებადობის, ენერგიის, ციფრული ტრანსფორმაციის, ლურჯი ეკონომიკის, გარემოს დაცვის, მეთევზეობისა და საზღვაო უსაფრთხოების, მედეგობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები,“ ამბობს პიტერ სტანო Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს. „ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
აშშ-ს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის გაძლიერება სურს
აშშ და ევროპა ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან სომხეთის დაახლოების მიზნით, კონკრეტულ გეგმაზე მუშაობენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენმა წარმომადგენელთა პალატაში, მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილ მოსმენაზე, გასული წლის ნოემბერში განაცხადა. ო’ბრაიენმა ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კოორდინაცია. როგორც აღინიშნა, კონკრეტული მოდელის შექმნაზე აშშ და ევროკავშირი ჯერ კიდევ მუშაობენ. ეს საკითხი მათ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან უკვე განიხილეს. ამერიკელმა დიპლომატმა მაშინ სომეხი ხალხის არჩევანსა და მისწრაფებაზე მიუთითა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხეთის მთავრობის ერთგულებამ რეფორმებისა და ურთიერთობების დივერსიფიკაციისადმი, ეს არის ეკონომიკა, პოლიტიკა, ენერგეტიკა და უსაფრთხოება - განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური საზოგადოების ჭრილში. და ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ სომხეთის ხალხის წინაშე, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთულ ვითარებაში, ის არჩევანი, რომელიც მათ ძალიან გაბედულად გააკეთეს, გვაძლევს შესაძლებლობას, დავეხმაროთ მათ უფრო უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფაში,“ - აღნიშნავდა ბლინკენის თანაშემწე. „შეთავაზება, რომელიც შეუძლია, ევროკავშირმა გააკეთოს სავაჭრო პრიორიტეტების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ერთიან ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ამაში,“ – განმარტა ჯეიმს ო’ბრაიენმა. 26 იანვარს თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით“. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. „ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი.“ როგორც ცნობილია, სომხეთი ახალ პარტიორებს უსაფრთხოების სფეროშიც ეძებს. ამ სფეროზე საუბრისას სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ განმარტა, რომ აშშ და ევროპა მუშაობენ დამატებით ზომებზე სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან ამ მხრივ საფრანგეთის მნიშვნელოვან დახმარებას გაუსვა ხაზი. საგულისხმოა სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც. სურენ პაპიკიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვის პროცესში სომხეთმა ახალი პარტნიორები შეიძინა. მან სწორედ საფრანგეთი და ინდოეთი გამოყო. უფრო ადრე კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან ჰქონდეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. გასული წლის 3 სექტემბერს კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. აშშ-NATO-სომხეთი ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ NATO სომხეთისთვის კონკრეტული პროგრამის დასამტკიცებლად ემზადება. „სომხეთისადმი აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის, მე-12 სამშვიდობო ბრიგადის სწავლებას, ინსტიტუციური განვითარებისა და სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების ამაღლების მიზნით დახმარებას მოიცავს,“ - ამბობს საკითხის კომენტირებისას სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ გამოაცხადა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. მან აღნიშნა, რომ სომხეთთან ამბიციურ მიზნებზე მიმდინარეობს მუშაობა და იგეგმება ე.წ. მორგებული მხარდაჭერის დამტკიცება. აშშ ერევნის მისწრაფებას მიესალმა. „სომხეთი NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამის (PfP) დიდი ხნის მონაწილეა და მსახურობდა ამერიკელ და NATO-ს სხვა ჯარებთან ერთად. შეერთებული შტატები ძლიერ PfP პროგრამას მხარს უჭერს და მიესალმება სომხეთის ინტერესს, გააღრმაოს მისი ეს მონაწილეობა,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. პარტნიორობა მშვიდობისათვის NATO-ს და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი პროგრამაა, რომელიც ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გამყარებისაკენ არის მიმართული. ეს პროგრამა 1994 წელს აშშ-ის ინიციატივით შემუშავდა. საქართველო მას 1994 წელს შეუერთდა. PfP მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს, გაამყარონ ურთიერთობები NATO-სთან. პროგრამის მიზანია ერთობლივი დაგეგმვა, სამხედრო წვრთნების ერთობლივი ჩატარება და NATO-ს ჯარებთან ურთიერთქმედება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშვიდობის შენარჩუნება, საძიებო – სამაშველო და ჰუმანიტარული ოპერაციები და სხვა. ყოველივე ეს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება.
რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან
რას ცვლის რეგიონისთვის სომხეთის დაახლოება NATO-სთან, რა სიგნალია ეს რუსეთისთვის, რა მიზანი დაისახა სომხეთმა, ამ თემებზე Europetime-ს საკუთარ მოსაზრებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი უზიარებს. ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სომხეთის გაუმჯობესებული კავშირები დასავლეთთან, დაეხმარება დასავლეთს, რომ აზერბაიჯანზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. „ერევანს სურს უფრო მჭიდრო კავშირები დასავლეთთან საიმისოდ, რომ მას მთლიანად რუსეთის ან შესაძლოა, ირანის თავდაცვაზე დამოკიდებულება არ მოუწიოს. თუ სომხეთი უფრო ახლოს იქნება დასავლეთთან, დასავლეთი თავის მხრივ, აზერბაიჯანის შებოჭვაზე იმუშავებს,“ამბობს პოლ გობლი Europetime-თან.. რას ნიშნავს სომხეთის მისწრაფება საქართველოსთვის, რომელიც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველომ და სომხეთმა 26 იანვარს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც უფრო დიდი ინტერესი ექნება დასავლეთთან მოკავშირეობის,“ - უპასუხა ამერიკელმა ანალიტიკოსმა Europetime-ის შეკითხვას. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება. „ძალიან გამამხნევებელია სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ, დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაგვიახლოვდნენ და სომხეთ სწორედ ამას აკეთებს," – განაცხადა კოლომინამ სომხურ მედიასთან ინტერვიუში. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერევანი სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან არ შეუძლია, ეს თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთთან განახორციელეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. შეგახსენებთ, გასული წლის 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა ამერიკელი მაღალჩინოსნის შემდეგ, სომხეთში ხავიერ კოლომინა ჩავიდა რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთი აღარ შეიძლება, იყოს სომხეთის მთავარი სამხედრო პარტნიორი
USAID ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის გადაწყვეტილებაზე: ვაკვირდებით სიტუაციას
Europetime-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე და მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის ჯონ პენელის პერსონა ნონგრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID/Georgia) განუცხადეს, რომ „სიტუაციას აკვირდებიან.“ USAID მიმდინარე პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას. „USAID გაეცნო ამ განცხადებას. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რაც შეეხება პარტნიორობას საქართველოსთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში პირველად 1992 წელს გააღო თავისი კარი და დაამყარა ძლიერი პარტნიორობა. „საერთო ჯამში, USAID-მა დაახლოებით 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა პროგრამებში, რათა დაეხმაროს საქართველოს ეფექტიანი და ანგარიშვალდებული საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში; გააუმჯობესოს განათლების, ჯანდაცვის სფერო და სხვა საჯარო სერვისები; ეკონომიკა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას დასაქმებულთათვის, ოჯახებისა და თემებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, ეხმარება დემოკრატიულ პროცესებს, რომლის ცენტრშიც მოქალაქეები არიან. USAID ამჟამად ახორციელებს ინვესტიციას განვითარების 40 პროგრამაში, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს უამრავ ძირითად სფეროში - ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განათლება, დემოკრატიული მმართველობა და მრავალი სხვა - ეს ყველაფერი შეესაბამება საქართველოს შიდა პრიორიტეტებს მისი უსაფრთხოების და დემოკრატიის გასაძლიერებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და საიმისოდ, რომ ქვეყანამ ევროპისკენ წინსვლა გააგრძელოს,“ განუცხადეს Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში. „ურთიერთობების აღდგენა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის“ - USAID-ის მიმდინარე პროექტები შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტები აკრძალა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი. არძინბა: ჩვენი კარი დაიხურება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციის, „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ხელმძღვანელი არდა ინალ-იპა ამბობს, ინალ არძინბა თავისი მანდატის შესაბამისი დიპლომატიური საქმიანობით არ არის დაკავებული და, პირიქით, ძირს უთხრის წინა „მინისტრების“ მიღწევებს. „მინისტრ არძინბას ბრძანებები აღარ გვაკვირვებს - მან დიდი ხანია, მიზნად დაისახა, არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არ დაარწმუნოს საერთაშორისო ფონდები, მიმართონ სახსრები აფხაზეთისა და აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად, არამედ, მოწყვიტოს აფხაზეთი გარესამყაროს, გადააქციოს დახურულ ზონად. სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს,” - ამბობს არდა ინალ-იპა. ის მიიჩნევს, რომ არძინბას გადაწყვეტილებები „აფხაზეთის იზოლაციას აღრმავებს.“ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების “ხელმძღვანელად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. უკრაინამ არძინბაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაში შეიყვანეს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, 2017 წელს ინალ არძინბას მე-3 კლასის სრული სახელმწიფო მრჩევლის წოდება მიენიჭა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
რას ცვლის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და რა ხელშესახები სარგებლის მიღება შეუძლია ქვეყანას, ამ საკითხზე Europetime „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. ძირითადი ბენეფიტი როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, უმთავრესია, რომ კანდიდატის სტატუსი არის აუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის შემდეგაც უკვე მოლაპარაკებები იწყება. ეს არის აღიარება იმისა, რომ ქვეყანა მზადაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგეს. ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. „კანდიდატის სტატუსის მიღების ძირითადი მიზანი იყო, რომ საქართველო ახალ რეალობაში აღმოჩენილიყო - ჩვენ ვართ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება შეიცვლება. ისინი საქართველოსთვის ყველანაირი დახმარების გაწევას შეეცდებიან; უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, რათა ქვეყანა ეკონომიკურადაც უფრო სტაბილური გახდეს და პოლიტიკურადაც უფრო მომზადებული იყოს წევრობისთვის,“ ამბობს კახა გოგოლაშვილი პრაქტიკული ინსტრუმენტები და ეკონომიკური თვალსაზრისი ექსპერტის განცხადებით, საქართველო მალე მიიღებს დაფინანსების ახალ ინსტრუმენტში მონაწილეობის შესაძლებლობას - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებული ინსტრუმენტი, რომელშიც უფრო მეტი დაფინანსების შესაძლებლობაა, განსაკუთრებით, სამართლებრივი რეფორმების მიმართულებით. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პროგრამების დაფინანსებები გაიზრდება. ამასთან, ევროპული ფონდები და ბანკები საქმიანობას გაზრდიან. „ინფრასტრუქტურულ პროექტებში უკვე მილიარდებს ხარჯავს ევროკავშირი, შენდება გზები, ხიდები, გვირაბები; დაფინანსების საშუალებები, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები გაიზრდება,“ აღნიშნავს გოგოლაშვილი. ექსპერტის შეფასებით, ხელი შეეწყობა ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „გარდა ამისა, “კანდიდატის სტატუსი ქმნის სტაბილური ქვეყნის იმიჯს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ეს არის ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი საერთაშორისო პოზიციაა ქვეყნისთვის,“ - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ქვეყნის პოლიტიკური პოზიციები ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ყურადღება ყველგან იზრდება. „დღესაც შეგვიძლია, შევამჩნიოთ, როგორ შეიცვლება რეგიონში ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე იგრძნობენ, რომ საქართველო უკვე არის რაღაც დიდი, მძლავრი გაერთიანების ნაწილი და მათი მხრიდან ჩვენ მიმართ ინტერესი და დამოკიდებულება კიდევ უფრო შეიცვლება,“ - აღნინავს ანალიტიკოსი. სიგნალი საერთაშორისო აქტორებისთვის; ქვეყნის უსაფრთხოება ანალიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო აქტორებისთვის სიგნალია, რომ ქვეყანას ევროკავშირისგან ბევრად უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. „კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ აგრესია, დექტრუქციული ქმედებები მარტივად განხორციელებადი არ იქნება ქვეყნებისთვის, რომლებსაც საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები აქვთ. რუსეთისთვის ეს არის ძლიერი გზავნილი რომ: „ეს ქვეყანა არის სრულიად ლეგიტიმურად ჩემი გავლენის სფეროში, რადგანაც ის მომავალი წევრია,“ ამიტომ, კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის, მის ტერიტორიულ მთლიანობას მეტი პატივისცემით უნდა მოეპყრან. ეს გზავნილი ასევე მიუვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს და მათზეც ექნება გარკვეული გავლენა. რა თქმა უნდა, იქ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ სხვა ცნობებიც აღწევს მათთან - ის, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირში გაწევრიანებასთან, რა თქმა უნდა, მათ განწყობებზეც იმოქმედებს,“ - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია
სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. Europetime დაინტერესდა, რა ეტაპზეა შავი ზღვის რეგიონის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სტრატეგია და ხსენებული შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას. შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს. „შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კოორდინაციას მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამ სტრატეგიის წინსვლისა და საერთო მიზნების მისაღწევად. მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, ხორციელდება; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია. ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთელი მთავრობის ხედვასა და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, სამომავლოდ, ჩვენ შეგვიძლია, განვავითაროთ ინიციატივები და მივმართოთ დაფინანსების მოთხოვნას მათი განხორციელების მხარდასაჭერად,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში აქტიურად უძღვებოდა ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე და შავი ზღვის რეგიონის ამ ქვეყნების მიმართ უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე. ის მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ სენატორ შაჰინის და მისი კოლეგების მიერ სენატისთვის წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეგახსენებთ, სენატის შემდეგ, 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაამტკიცა და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა. ავტორიზაციის აქტში საუბარია შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიაზეც. მისი მიხედვით, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნულ უშიშროების საბჭომ უნდა შეიმუშაოს უწყებათაშორისი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისა და შავი ზღვის ქვეყნებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით. სახელმწიფო დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შესახებ ანგარიში კონგრესს წარუდგინა - ექსკლუზივი
აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს
აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშიდობის დამყარება საქართველოს კეთილდღეობისთვისაც კარგია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. „განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის შენება ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Europetime-ს. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭო აგრძელებს ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის, განაცხადა საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 13 დეკემბერს. მიშელი ოქტომბერში აპირებდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის ემასპინძლა ბრიუსელში, თუმცა ალიევმა მოლაპარაკებები გააუქმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ასევე გამოეთიშა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრას, რომელიც 20 ნოემბერს ვაშინგტონში უნდა გამართულიყო. „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, რათა წავხალისოთ სამშვიდობო ხელშეკრულება, ნორმალიზაციის შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ - აღნიშნა მიშელმა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულება კარგია საქართველოსთვისაც. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება, რათა მათი ურთიერთობები მოწესრიგდეს. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს დემარკაციის პროცესს, ეს სამშვიდობო შეთანხმება ასევე შეიძლება, გახდეს კარგი საფუძველი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რეგიონში კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუმენტად გამოვიყენოთ, რაც ასევე კარგია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. ასევე გაეცანით: უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა
ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში - ექსკლუზივი
ექსკლუზივი Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. აშშ ხსენებულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ.
დენიელ ფრიდი საქართველოზე, რუსეთზე, დასავლეთსა და ჩინეთზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დენიელ ფრიდი Europetime-თან განიხილავს სხვა საკითხებთან ერთად საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თემას, ასევე - „პუტინიზმის დამარცხებას“ - თემას, რომელსაც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ. დენიელ ფრიდის განცხადებით, პუტინიზმის დამარცხება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის. „მისი დამარცხება ნიშნავს უკრაინის დახმარებას, დემოკრატიის დახმარებას, კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და მე ვსაუბრობ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის პუტინიზმის დამარცხება ნიშნავს თავისუფალ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც არის ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ზეწოლისგან თავისუფალი,“ - აღნიშნავს დენიელ ფრიდი. რაც შეეხება ჩინეთს, დენიელ ფრიდის შეფასებით, ზოგიერთმა ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ პეკინის დახმარება ისე არ სრულდება, როგორც მაგალითად თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დენიელ ფრიდი აფრიკის ქვეყნების მაგალითზე მიუთითებს. „ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოს სურს, ბევრ ქვეყანასთან დაამყაროს ურთიერთობები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა ესაუბრება ისეთ ქვეყნებსაც, როგორიც არიან ლიეტუვა და ჩეხეთი,“ - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. დენიელ ფრიდი არის ამერიკელი დიპლომატი. მსახურობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში (2005 წლიდან 2009 წლამდე), იყო შეერთებული შტატების ელჩი პოლონეთში 1997 წლიდან 2000 წლამდე; ფრიდმა სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის თებერვალში, ორმოცწლიანი საქმიანობის შემდეგ დატოვა.
გობლი: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის პირობებს ამერიკაც მხარს უჭერს, არსებობს სერიოზული შეშფოთება, რომ რუსეთი გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე
8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო დეკემბერში, ზუსტად 5 კვირაში მიიღებს, მანამდე კი, საქართველომ „საშინაო დავალების“ შესრულება უნდა განაგრძოს. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ასევე, არჩევნების თემა ახალი არ არის, თუმცა სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში“ პირველად არის ნახსენები. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ვაშინგტონში გამართული სამიტი და ვაშინგტონის გზავნილი, რომ აშშ და ევროკავშირი საერთო ღირებულებების დასაცავად ერთად დგანან. 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც იყო საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი. ცნობილია, რომ ევროკავშირის მსგავსად, აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ასევე 2024 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, მით უმეტეს, ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია გლობალური მასშტაბით არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დაანონსა. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2024 წლის კენჭისყრა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. ამ საერთო სურათზე საკუთარ მოსაზრებას Europetime-თან აფიქსირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი. ამერიკელი ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირი იზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომელიც საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში ევროკომისიამ ჩაწერა. „ევროკავშირმა საქართველოს განუსაზღვრა გარკვეული პირობები და მათ უკან სწორედ ევროკავშირი დგას და არა აშშ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს ამ პირობებს. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შეშფოთება არსებობს, რომ რუსეთი და რუსეთის აგენტები გავლენას მოახდენენ (არჩევნების, რედ.) შედეგზე,“ - ამბობს პოლ გობლი. ცნობისთვის, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივ კამპანიას აანონსებს - ექსკლუზივი
ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას ახალი ინიციატივების მეშვეობით იწყებს. Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ უწყებამ 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შტატებმა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, მოსკოვის საპასუხოდ უნდა გადადგას. „ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს. ამ საფრთხის უკეთ გასაგებად, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ ის რუსული ოპერაციები განიხილა, რომლის მიზანიც იყო, შეერყია საზოგადოების ნდობა დემოკრატიული არჩევნების მიმართ. შედეგად, სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ რუსეთის ეს აქტივობა გლობალურ მასშტაბებს იღებს. რუსეთი ცდილობს, დემოკრატიებს შიგნიდან გამოუთხაროს ძირი. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ამ ძალისხმევის შემდგომში გასაგრძელებლად. ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. გავაგრძელებთ მუშაობას დემოკრატიულ ქვეყნებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ქმედებები, მათ შორის ახალი ინიციატივების მეშვეობით - როგორიცაა, ეს მრავალმხრივი გამოაშკარავების კამპანია,“ - უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს შეკითხვას, როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობას ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. შეგახსენებთ, აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესუსტების მიზნით იმუშაონ. მისაღებ ზომებს შორისაა სანქციები, ინფორმაციის გაცვლა და რუსი ჯაშუშების გაძევება. აშშ აღნიშნულ ქვეყნებში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ავალებს, ვაშინგტონიდან მიწოდებული ინფორმაცია მთავრობებს გაუზიარონ. ამერიკის საელჩო: რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, ვმოქმედებთ გამჭვირვალედ - ექსკლუზივი
რა გავლენა ექნება კონგრესის სპიკერის არჩევას უკრაინის დახმარებაზე
პირველ ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად, დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, 3 ოქტომბერს განაცხადა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ. „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოგვიანებით, მოკავშირეებს დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერას.“ აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. „არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, უკრაინის მხარდაჭერას ემხრობა,“ განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, (MAGA (Make America Great Again - ამერიკული პოლიტიკური სლოგანია, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს). საგულისხმოა, რომ 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატას ახალი თავმჯდომარე, 14 კენჭისყრის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. ახლა ახალი სპიკერის არჩევაზე იქნება დამოკიდებული „უკრაინის ბედიც“ - ამბობს მეთიუ ბრაიზა Europetime-თან. მას ბუშის ადმინისტრაციაში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობა. „რა მოხდება, ამის თქმა შეუძლებელია. წარმომადგენელთა პალატის პირველი ამოცანა არის ახალი სპიკერის არჩევა, რადგან სხდომა ვერ ჩატარდება სპიკერის გარეშე. ამიტომ, სპიკერის გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ და ვის აირჩევენ სპიკერად, სწორედ ეს განსაზღვრავს, იქნება თუ არა მეტი დახმარება უკრაინისთვის. ერთი კანდიდატია სენატორი ჯიმ ჯორდანი, ტრამპის მომხრე, ის ეწინააღმდეგება უკრაინის დახმარებას. მან შეიძლება, გაიმარჯვოს და გახდეს შემდეგი სპიკერი და ასეთ შემთხვევაში უკრაინას დახმარება არ ექნება. როგორც იცით, შემდეგ, კონგრესმა უნდა გამოყოს სწორედ ფული პრეზიდენტისთვის, რომ ის გახარჯოს. სხვა კანდიდატი, სტივ სკალიზი ძალიან ემხრობა უკრაინის დახმარების გაგრძელებას და თუ ის გაიმარჯვებს, უკრაინისთვის დახმარება იქნება. ასე რომ, თვალი ადევნეთ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მომავალ არჩევნებს. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აიძულოს კონგრესი, მიიღოს გადაწყვეტილება. თუ უკრაინისთვის მეტი დახმარება არ იქნება, ეს დამღუპველი აღმოჩნდება უკრაინის ომისთვის. დაახლოებით, 2 თვეზე ცოტა მეტი დროისთვის გათვალისწინებული ფული დარჩა, ამიტომ, პრეზიდენტ ბაიდენს ჯერ კიდევ აქვს 5 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, ის უკრაინას თვეში დაახლოებით, 2,7 მილიარდით ეხმარება,“ - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა. Reuters-ის სტატიიდან კი ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას. შეგახსენებთ, კიევში გამორიცხეს, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერაში რაიმე ცვლილება იქნება. კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები გაკვირვებულნი არიან ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებით და პირობა დადეს, რომ ბლოკი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას რუსეთის დასამარცხებლად. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტის გამოვლენის საკითხს. უწყებაში აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება, თუმცა ხაზს უსვამენ აქტოვობების კანონის უზენაესობის შესაბამისად წარმართვის მნიშვნელობას. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს განაცხადი არ წარუდგენიათ. ცნობისთვის, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ანაკლიის პორტის საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი
პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, Europetime გთავაზობთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის, პოლ გობლის შეფასებას. ამერიკელი ანალიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ სომხები ყარაბაღიდან მასობრივად დაიწყებენ გასვლას, რაც რეპუტაციულად აზერბაიჯანს დააზიანებს. რაც შეეხება რუსეთს, გობლის შეფასებით, რუსეთი უკმაყოფილებას გამოხატავს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ მისი სამხედროები, ე.წ. სამშვიდობოები არანაირად არ ჩაერთვებიან პროცესებში. „არსებობს მნიშვნელოვანი რისკი იმისა, რომ სომხების დიდი რაოდენობა დატოვებს ტერიტორიას. ასეთი რამ ნამდვილად დააზარალებს ბაქოს რეპუტაციას. რუსეთი, სავარაუდოდ, დაიჩივლებს, მაგრამ შეეცდება, დარწმუნდეს, რომ არცერთი მისი სამხედრო ე.წ. სამშვიდობო არ იყოს ჩართული (პროცესებში, რედ.),“ - აღნიშნავს პოლ გობლი. ვითარება ყარაბაღში - ბოლო ცნობები და საერთაშორისო გამოხმაურება მან დღეს ამ თემაზე აზერბაიჯანულ მედიასთანაც ისაუბრა. კერძოდ, რაც შეეხება არსებული პრობლემის გადაწყვეტის გზებს, გობლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააგრძელოს საუბარი: „ამ ბოლო დროს სომხეთის ურთიერთობა რუსეთთან და ირანთან არც ისე კარგია. რუსეთი კარგავს თავის პოზიციას სამხრეთ კავკასიაში. ირანს შეუძლია, პრობლემები შექმნას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩაერიოს,“ - აღნიშნა პოლ გობლმა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს განაცხადა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი და ხუთი გარდაცვლილია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება, თუმცა აზუსტებს, რომ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღი სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება რეგიონის გარშემო ათწლეულებია, გრძელდება.